კარი მეორე

 

...ოდეს კნინ იქმნა ზნეობა და მიიტაცა სულმოკლებამან უფლება განსჯა-განგებისა საქმეთა, სულგრძელობისა მიერ განსაგებელთაჰრქვეს კაცთა:

ვიეთთაგა მოვიღო ჩემდა რგება ნივთიერი, იგი იყვნენ მოყვასნი ჩემნი!

ვინათგან შემოადგა მოალყე დიდი მეციხოვნეთა რიცხვით მცირეთა – მათ, რომელნი იდგეს ზნეობასა ძველსა ზედა, ეყოთ ზიანი ძნელი და დარჩა წიაღსა შინა კაცთასა სიყვარული იგი, ვითა ბოლქვი უმწეო ნიადაგსა ზედა მწირსა და მოუსავალსა. და იქმნა:

სინდისი – ცნებად გარდასულთა ჟამთა და სიტყვათღა სათრევად ძვირის მეტყველთაგან; ძალა – იარაღად დათრგუნვისათვის სათნოებისა სულსა თვისსა შინა და მიმძლავრებისათვის მოყვასისა; სიკეთე – ნიღბად ავისა განზრახვისა და ქმნისა; დედაკაცი – განმართლებად მეძავეობისა და ბერწობისა; მეგობარი – მალამოდ შიშისათვის წუთისოფლისა და საგნად სხვათა ფარულთა ანგარებათა; ერი – ასპარეზად ნივთთა მოხვეჭისა და ხნულად მიმოთესვისათვის სიცრუვეთა; ვენახი და მინდორი – ადგილად მოყვასისა ნაღვაწის მითვისებისა; პური და საქონელი ყოველი – თავნად აღებისა სარგებელთა და ვახშთა; სოფელი – სივრცედ შურის მიგებისა და სიძულვილისა, რაიცა იქმნა ღმერთად.

იქმნა ყოველი მარტოოდენ, ვითარცა ზემორე ითქვა და დაიხშო ბრწყინვალება მზისა ჭყრტიალისაგან ოქროისა. რწმენა და ზნე ესევითარი განჯდა სიძულვილად ყოველსა ასოსა შიგან და სიღრმეთა სულისასა კაცთა. აღიარა ერმან განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ურჩხული იგი საშინელი. საზრდელი მისი – სული და ხორცი კაცთა. მუცელი მისი – აღუვსებელი მარად. არა იყო იგი არსება ერთი და ნადირი ხორციელი, არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა წახნაგთაგანი ერთი მისი, განძლიერებული აწ.

შვა ამა ვითარებამან სიბრჯგუე გონებისა, რომელმან: დაიდვა პური არსობისა მონობითა საპყრობად კაცთა; არა კმასაყოფელ ექმნა ხარი და დაადგა უღელი შვილსა თვისსა; ააგორა ბორბალი იავარქმნად სხვათა ტომთა; მოიმარჯვა ცავარსკვლავეთისა ცოდნა მორჩილებისათვის ხალხთა; დალახნა წყალნი და ხმელნი მოზიდვად დავლისა და ილეკროთა; განსწავლნა ერნი მომსპოლველისა რწმენისა განსავრცელებლად და ახარა ვაზი სამებრუვეოდ მოდგმათა.

ხედვიდა ერი მას ურჩხულსა განსხეულებულს, ხორცქმნილს და მსახლობელს თვისთა სრა-სასახლეთა შინა გუშაგად მამონისა და ჰმორჩილებდა წესსა დადებულსა მისგან, რამეთუ უჩნდა იგი საწადელ, თუცა

საზრდელი მისი – ხორცი და სული ერისავე.

მაშინ ჰრქვა თუთაშხამან:

– შეიმუსრა სიყვარული, რამეთუ არა აქვნდა მას სატევარი მძლეველი. აღზევდა ურჩხული, რამეთუ ძალთა მორყევნითა წარსტაცა მხნეობა მამრთა და ქმნა გული მათი დედალ!

აღიღო შუბი თუთაშხამან, აღმხედრდა ჰუნესა თეთრსა ზედა და განიზრახა დათრგუნვა ბოროტისა – ძალითა თვისითა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა...

 

Hosted by uCoz