ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი - დაიბადა 1921 წ. საშუალო განათლება მიიღო თბილისში. 1941 წ. სწავლა დაიწყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

         1943 წ. დააპატიმრეს სსრკ საწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნდა 1943 წ. იყო დოკუმენტური ფილმების სტუდიის „მემატიანის“ დირექტორი (1983-1980 წ.წ), საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-95, 1995-99 წ.წ), 1999 წლიდან სცემს გაზეთს „განახლებული ივერია“. პირველი მოთხრობა „რატომ არ დამაცადე“ გამოქვეყნდა 1960 წ. ჟურნალ მნათობში, მოთხრობების პირველი კრებული „გზა“ – 1962 წ. ავტორია მოთხრობებისა: „ჩემი მეჯღანე ბიძია“ (1963 წ.), „ხარის აღსარება“ (1964 წ.), ნოველისა „გიორგი ბურდული“ (1965 წ.), მოთხრობების კრებულისა „ძია შოთას ბადია“ (1965 წ.), არაკების კრებულისა - „თაფლის წვეთი“ (1968 წ.). გამოქვეყნებული აქვს კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები. საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „დათა თუთაშხიამ“ (დაიწერა 1964-72 წ.წ). რომანის მიხედვით ავტორისავე სცენარით გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი (1978 წ. რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე და გ. გაბესკირია). 1981 წ. როგორც ამ ფილმის სცენარის ავტორს ფილმის დამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრკ-ს სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში. 1995 წ. გამოქვეყნდა მწერლის ახალი რომანი „გორა მბორგალი“. შემდეგ რომანი „გიორგი ბრწყინვალე“.

         ჭაბუა ამირეჯიბი გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოვებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 29 ენაზე.

 

Hosted by uCoz