თიყვა ძაძუა

 

– ვიცნობდი რას ქვია! ცალი თვალი გაფუჭებული რომ მაქვს, დათა თუთაშხიას გულისთვის მაქვს, თითქმის. თვალი არ დამკარგვოდა, რა გამაჩერებდა მნათედ. ისეთი ხელობა მქონდა, წავიდოდი სამუშაოდ და ორმოცი-ორმოცდაათი თუმანი მომქონდა ოჯახში. ამ ოდა-სახლს რომ უყურებ, წაბლია სუფთად, იმ ფულებით არის აშენებული და ჯიჯიხიას საყანე მიწებიც იმ ფულით ვიყიდე მაშინ. კასრის ფიცარს ვთლიდი, ორ კაპიკს იძლეოდნენ ცალში, ძალიან მაგარი საშოვარი იყო და ხელობადაც კაი სასიამოვნო; მიადგები უშველებელ წიფელს – კენწერო მზემდე წვდება, სწორია ლარივით და სუფთა, სადამდეც თვალი აგიწვდება, ნუჟრის ნასახი არ უჩანს არსად. თუ ხარ შეჩვეული, წიფლის ხის ხასიათი თუ გესმის – შეატყობ უცებ, დასკდება ადვილად, თუ ძარღვს დაიყოლიებს და გაგაწვალებს. ეს კია, ნაფოტი უნდა გამოუღო მაინც. ასე, მტკაველი, მტკაველ-ნახევარი უნდა ქონდეს სიგრძე ნაფოტს და სამი-ოთხი თითის დადება სისქე. დახეთქავ ნაჯახით; გაჩვენებს მაშინ, ვარგა თუ არ ვარგა საკასრედ. მარტო კაცი ვერ დაამუშავებ კასრის ფიცარს, ამხანაგი გჭირია, ან მუშა, ბირდაბირი უნდა გაგიწიოს ვინმემ. ამხანაგი ჯობია, კაი მუყაითი ამხანაგი.

ავიღე მოსავალი იმ შემოდგომაზე, გასაყიდი გავყიდე, სარჩო დავაბინავე და წავედი ყუბანში სამუშაოდ – სტანიცა არის ერთი, მთებშია, ბარაკაევკა ქვია. ბარაკაევკას აქეთ, ჩვენსკენ, დიდი წიფლის ტყეებია და იმ ტყეებში კასრის ფიცარი კეთდება – ცის და ქვეყნის, უთვალავი! პატარ-პატარა დაბებია იქ, ტყის მუშების დაბები. ათასი რჯულის ხალხია იმ დაბებში. ვიცნობდი ძველებს ყველას. ყოველ წელიწადს მივდიოდი და მეცნობებოდა, აბა რა იქნებოდა! ათისთავებს ჩემი მისვლა უხაროდათ ძალიან: ხელობა კარგი ვიცოდი და იმიტომ... მივედი, ვიპოვნე ამხანაგი, კაზაკი იყო ერთი, კრავეცი გვარად, კარგზე კარგი ხელოსანი და კიდევ უკეთესი კაცად კაცი. ვიმუშავეთ ერთი თვე. შეხვდა სახადი საწყალს და მოკვდა. იმ წელიწადს დიდი სახადი იყო იქ, ბევრი ხალხი წაიღო სენმა. ნამეტნავად, მოსული ხალხი დაიხოცა, თვარა, იქაურებს სახლებიც უკეთესი აქვთ, სახნავ-სათესიც არ აკლიათ, საქონელი ყავთ თავისი. მაძღრად, სუფთად მაცხოვრებელს სახადი იმდენად ვერ მიუდგება. ასეა ეს.

დავრჩი მარტო. ხალხი შეთხელდა და მუშაც არ იშოვნებოდა. ადგილობრივი კაცი მუშად არ დაგიდგება და არც ამხანაგად უნდიხარ; მთელი ოჯახით გადის სამუშაოზე, ტყეს ბალახივით თიბავენ და ხვეტენ ფულებს. მუშად აყვანა იქით უნდა მას შენი.

იმსიშორეს მისული უკან ხომ არ წამოვიდოდი და დავიწყე ჯახირი მარტომ. გავწვალდი, გავბეზრდი კაცი. ხელის ჩაქნევა მქონდა გულში. მივატოვებ და წავალ, ვფიქრობდი მე, და ამ დროს მოვიდა ტყეში დათა თუთაშხია. ფერდობზე უცხო კაცი რომ ამოდიოდა, დავინახე, მაგრამ შორიდან კი არა, ახლოს რომ მოვიდა, მაშინაც ძლივს ვიცანი. სად იყო დათა თუთაშხიას წელში გამოყვანილი შავი ჩოხები და ჯიშიანი კვიცები! ფეხით მობანდალებდა, ექვსშაურიანი ნათრევი წუღები ეცვა. ვაი, შენს დათას, ვიფიქრე მე, ახლოს რომ მოვიდა და გამიცინა.

– რა გაქვს სასაცილო, რა დაგმართნია ეგ?! – ვუთხარი მე

– ისე მაქვს საქმე, პატარა ხანს სადმე უნდა შევაფარო თავი, – მითხრა.

ერთი კია: ძველმანი ეცვა, თუ რა იყო, იმ ჩანჩურა და შეუხედავ ხალხში ბატონიშვილივით გამოჩნდა. ტანი აკლდა თუ ფეხი! ქალებმა ხომ მთლად თვალები დაივსეს მისი ცქერით.

რას იქმს კაცი! მივიყვანე ათისთავთან, აგერ, ამხანაგი მომივიდა-მეთქი. დავიწყეთ მუშაობა. კასრის ფიცრის გათლისა დათას არაფერი ესმოდა, მაგრამ ნაჯახის ხმარება კაი იცოდა, ადვილად ისწავლა ყველაფერი და მუყაითი კაცი რომ იყო, ის არის მთავარი.

პირველ დღეს ხის წაქცევა არ დაგვჭირვებია, მქონდა წაქცეული ხე და იმის დაჭრა დავიწყეთ. შორიახლოს პოკლონსკი და მისი ვაჟიშვილი ჭრიდნენ ხეს მაგრამ რანაირი იყო ის ხე თუ იცი! შემოწვდომა სამ-ოთხ კაცს რომ გაუჭირდებოდა, ისეთი. მეორე დღე თავდებოდა, რომ ჭრიდნენ და დათას სულ იქით ქონდა თვალი – ხან სისქეს უთვალიერებდა და ხან სიმაღლეს. ხის წაქცევა დათას არ უნახავს-თქვა – უნახავს, მაგრამ ის ხეები სულ სხვა ხეებია, მათი წაქცევა სხვა წაქცევაა სულ და მიტომ ქონდა დათას ცნობისმოყვარეობა. დაიყვანეს პოკლონსკებმა, როგორც იქნა, ის უშველებელი წიფელი. გაიტკაცუნა ხემ. გაიგონა დათამ ტკაცანი, შემატოვა ხელში ბირდაბირი და მიაშტერდა წიფელს. დაიძრა ხე, დაენარცხა მიწაზე. შევხედე დათას: ხერხვის დროს რომ იყო მუხლებზე, ზის ისევ ისე, კაცის ფერი არ ადევს, ოფლი ნამივით აყრია სახეზე და, გეფიცები მაღალ ღმერთს, წამოხტომაზე და გაქცევაზეა. თუ არ გაიქცეოდა, არ მეგონა. დიდხანს იყო ასე. მერე მკლავით მოიწმინდა ოფლი, მოტრიალდა და მოკიდა ისევ ბირდაბირს ხელი.

მეგონა, შეეჩვია უკვე და აღარ გაიკვირვებს ხის წაქცევას-მეთქი, მაგრამ ერთი საოცრება დაჩემდა: ამოვარჩევდით ხეს, მივადგებოდით წყვილი ცულით, მკლავის სიმსხო ნაფოტს ხოშკაკალივით ვაყრევინებდით. იმაზე რომ მივიდოდა საქმე, აგერ-აგერ უნდა წაიქცეს ხე, დაანებებდა თავს, გადგებოდა განზე და უყურებდა, როგორ დაწვებოდა ის დევივით წიფელი. არა მართლაა კაი საყურებელი: მეხივით გაიღებს ტკაცანს, თითქოს ხერხემალში გადატყდაო. ზეზეა ჯერ კიდევ, ერთს შემოტრიალდება ადგილზე და მერე გადაქანდება დასაწოლად. მიდის და ლეწავს ყველაფერს, რაც დახვდება გზა-გზა. ფოთოლი ქშინავს: ტოტებს ლიწინ-ლიწინი გააქვს – იმტვრევა ტოტები და იმიტომ. ისეთი ხმა გამოდის, ამირანი რომ კვდებოდეს და სიკვდილის წინ ამოიოხროს. დაასკდება მიწას – შეინძრევა ნიადაგი, დაიზანზარებს ყველაფერი. თვითონ ხე ბუყუნს გამოიღებს, – კაი მაგარ ვაჟკაცს მუშტი რომ შემოუკრავს მკერდში, იმისთანა ბუყუნს, ოღონდ ათასჯერ უფრო დიდს, და მიჩუმდება ყველაფერი – დავყრუვდიო, იფიქრებ. გდია ხე საცოდავად. იმწამსვე ჩაკიდებენ თავს ფოთლები. სიჩუმეა ისეთი, წყვდიადში გეგონება თავი დიდი სიჩუმეა, ძალიან!

ამის ყურება უყვარდა დათას. ახლოს თუ ჭრიდნენ ხეს სხვები, მიანებებდა თავს სამუშაოს და წავიდოდა საყურებლად. რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის:

– თიყვა, ძმაო, კისერი მომჭერი, თუ გინდა, და ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი. ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი.

ასეთების თქმა უყვარდა დათა თუთაშხიას და რომ იტყოდა, ჯეროდა თავისი ნათქვამის მერე.

გადავუხვიე სათქმელს. დავბერდი და მავიწყდება სალაპარაკო. გაიარა ცოტა ხანმა, მოვიდა დაბაში ერთი ნასალდათარი კაცი თავისი ცოლით. ის ცოლი თან დასდევდა, თურმე, სანამდე მისი სალდათი ქმარი სამსახურს იხდიდა. უშვილოები იყვნენ და ლოგინი რომ ლოგინია, ისიც არ ქონდათ, ისე მოვიდნენ. რატომ მაინცდამაინც იქ მოიყვანა ღმერთმა თუ ეშმაკმა, რა ვიცი, რას გაიგებ კაცის ასავალ-დასავალს, მარტო ის სალდათი ხომ არ მოსულა ასე. რამდენიც იყო იქ მაცხოვრებელი, ყველა ასე შიშვლიკანა მოვიდა და მერე გაიჩინეს სარჩო-საბადებელი და მოიკიდეს ფეხი. კითხა ათისთავმა, ტყის ჭრა თუ იციო. არაო, სალდათმა, ტრამალის კაცი ვარ, ცულით შეშას თუ დავჩეხავ, თვარა ტყის მუშაობისა არ გამეგებაო. მაინც მიიღო სამუშაოდ ათისთავმა, მუშახელი აკლდა. მე და დათას გვთხოვა, ატარეთ ტყეში, მუშად გამოიყენეთ და ასწავლეთ კასრის ფიცრის გათლაო. დაიქცეს ის დღე, იქიდან დაიწყო ყველაფერი უბედურება და რა დაიწყო, აგერ ვიტყვი დალაგებით.

სალდათს და მის ცოლს ბუდარა და ბუდარიხა ერქვათ. რა ერის და რა რჯულის იყვნენ, კაცმა არ იცის. რუსულს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისეთი რუსული იმ ერთხელ გავიგონე მე. ბუდარას ორივე თვალი მთელი ქონდა და მაინც ნამეტანი გლახად ხედავდა, სალდათობაში მოკლებია სინათლე. კარგი მუშა იყო ორივე. ბუდარიხა დედაკაცი იყო, მაგრამ თავის ბუდარაზე უკეთესად თუ არა, უარესად არ მუშაობდა. დათამ მათ ჯაფას ორი დღე უყურა და მითხრა, დღეში ათ შაურად ცოდონი არიან, თითო მანეთი ვაძლიოთო. მუშის ფასი მაშინ იქ ორი აბაზი იყო, ჩვენ ათ შაურს ვაძლევდით და ახლა კიდევ მანეთი რატომ უნდა მიგვეცა! დაიჟინა დათამ და რას ვიზამდი, თხუთმეტ შაურზე დამიყოლია მაინც. გაუხარდათ და უფრო უკეთესად დაიწყო მუშაობა ორივემ. ვასწავლეთ ნელ-ნელა ხის ამორჩევა, მისი წაქცევა, მისი დაჭრა, დახეთქვა, გათლა და დალაგება. მალე ისწავლეს, მონდომებით მოეკიდნენ საქმეს და იმიტომ. არა, მაინც რანაირი მუყაითები იყვნენ, ღმერთო შენი სახელის ჭირიმე: ტყეში ქინქლა იცის იმდენი, თუ დამპალ კუნძს არ წაუკიდე და არ ახრჩოლე, სადაც მუშაობა გიხდება, იქ, ერთ საათში შემოგაცლის ის ქინქლა ხორცს და ძვალს დაგიტოვებს მარტო. ბუდარას და ბუდარიხას არაფერი დამპალი კუნძი და მისი ხრჩოლება არ ჭირდებოდათ, არაფერი ქინქლა მათთვის არ არსებობდა... წაღუნავდნენ თავს დილაუთენია და დაღამებამდე დასვენება არ იცოდა არცერთმა. ეს არაფერი კიდევ, როგორი თავაზიანი და კაი გაზრდილი იყო ორივე! პირზე სულ ღიმილი და მოკრძალებული სიტყვა-პასუხი ქონდათ და უბატონოდ ქათამს არ გაცემდნენ ხმას. სალამი იცოდნენ – ორად იკეცებოდნენ, დღე იქნებოდა თუ ღამე, და ლოცულობდნენ იმდენს, დაყუდებულ ბერს შეშურდებოდა მათი ღვთისმოსაობა.

ერთხელ, სხვათა შორის, ვთქვი, დოქში წყალი მოგვძველებია-მეთქი. გაიგონა ბუდარამ, გამომტაცა ხელიდან ჭურჭელი, დაეშვა ფერდობზე. ვეძახე და ვემუდარე, – ნუ იზამ-მეთქი. ვინ გაიგონა! ერთი ვერსი წყლამდე იყო ჩაფრიალებული დაღმართი და ერთი ვერსი აქეთ, აღმართში სასიარულო. ამოარბენინა. დაგვალევინა, არ წყურებია მას თვითონ.

სიყვნენ ჩვენთან ერთი თვე, ისწავლეს ხელობა და დაიწყეს მუშაობა თავისთვის, ცალკე. ჩვენთან რომ იყვნენ, ქოხის აშენებას მაშინვე მოკიდეს ხელი. ვასწავლიდით, როგორ უნდოდა, და კიდეც ვეშველებოდით მე და დათა; ვუკეთებდით, რაც თვითონ ვერ მოდევდათ ხელში – კოჭი, ჩალანგარი, კარი და რა ვიცი, კიდევ რა. ჩვენთან რომ იყვნენ, იმ ერთ თვეში გააკეთეს ოთხი თუმანი ფული. გაძღნენ, საცოდავები. პატარა კიდეც ჩაიცვეს და დაიხურეს ტყის კვალობაზე. ქოხის კედლები ამოყვანილი ქონდათ უკვე, მიანებეს ქოხს თავი და ბოსლის აშენება გამოიწყეს. გამოიწყეს და ორ კვირაში ბოსელი ამოიყვანეს, ხუთი ძროხა რომ თავის ნაშენით მოთავსდებოდა, ისეთი. ესენი აქ გასამდიდრებლად და დასასახლებლად მოსულან, ვიფიქრე მე. დათას ისე უხაროდა ცოლ-ქმრის შრომა და მოცადეობა, თითქოს მისთვის შენდებოდა ის ქოხი და ის ბოსელი.

კაი, ბატონო! ერთხელ, შუადღე იქნებოდა, ასე. ვსხედვართ მე და დათა ტყეში, ვისვენებთ, ვჭამთ რაღაცას. მოვიდნენ ბუდარა და ბუდარიხა. დავიწვიეთ. ვთქვით ამ მთის, იმ მთის. ბუდარიხა გველაპარაკება, არ ვიცით ხელობა ისე კარგად ჯერ, რომ ჩქარა ვიმუშაოთ და ბევრი ფიცარი გავთალოთ, დღეში თითო მანეთს გამოვდივართ

და ხარჯი რამდენი გვაქვს, ხომ იცით კარგადო. ქოხი დასამთავრებელი გვაქვს, ლოგინები და ოჯახში ათასი სხვა რამე გვჭირდება. ძროხაც გვინდა და ფული არ გვყოფნისო. თხუთმეტი მანეთი გვასესხეთ, ამკვირია ძროხას ვიყიდით და, გინდათ, გიმუშავებთ იმ ფულს და გინდათ, ფულად დაგიბრუნებთო. სიტყვის თქმა არ მაცალა დათამ, მისცა თხუთმეტი მანეთი ბუდარიხას და უთხრა, – თქვენისთანა გამრჯელი ადამიანებისთვის ყველაფერი ალალია, იყიდეთ ძროხა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთო. თქვეს ცოლ-ქმარმა ასი მადლობა, ისხდნენ კიდევ და წავიდნენ თავისი ქოხისკენ.

არ მომეწონა, სიმართლეს ვიტყვი, არც მათი მოსვლა და არც დათასგან ფულის სესხება. არ დამნანებია, ღმერთია მოწამე, მაგრამ არ მესიამოვნა და ვუთხარი დათას ეს. მაინც, რატომ არ გესიამოვნაო, მკითხა დათამ. არ ვიცი, ვუთხარი მე, წინათგრძნობა მაქვს ცუდი და მერე გამოჩნდება, მართალი რომ ვარ-მეთქი. კვირას ბუდარა და ბუდარიხა ღამიანად გავიდნენ დაბიდან, ბარაკაევკაში ბაზრისთვის ადრიანად რომ მიესწროთ. გაიგო ყველამ, დიდმა და პატარამ, მუდმივად მაცხოვრებელმა თუ დროებით ჩამოსულმა, ძროხის საყიდლად წავიდნენო. დილითვე დავინახე, დაბაში რაღაც შეიცვალა, უფრო სხვანაირად იყო ყველაფერი, თითქოს. მამაკაცები დაფიქრებული იყვნენ, ქალები ქვეშ-ქვეშ იყურებოდნენ გაჯავრებულებივით. რა ამბავია, ვიფიქრე მე. ამას იქაურებზე ვლაპარაკობ, თვარა, მოსულები წავიდ-წამოვიდნენ საითღაც მეტი წილი და ვინც დაბაში დარჩა, იყო ისე, როგორც სხვა დროს მინახავს.

ის ჩვენი დაბა ბექობზე იდგა და სალაყბო ადგილიდან ფერდობზე იყო გადასახედი. იმ ფერდობით გზა ამოდიოდა. ბარაკაევკიდან მომავალი მგზავრი ამ გზაზე უნდა ამოსულიყო, სხვაფრად ვერ მოვიდოდა დაბაში. შუადღე კაი ხნის გადასული იქნებოდა. დავინახე, იქაურ მოსახლეებს ყველას, ოჯახის მთელი შემადგენლობით, სალაყბოზე მოეყარათ თავი და გადაჰყურებდნენ გზას. ჩუმად იყვნენ, ხანდახან ვინმე თუ იტყოდა კანტიკუნტად რამეს, თვარა გზას თვალს არ აშორებდნენ, ისხდნენ ასე, ჭოტებივით, ვითომ მიცვალებული უნდა მოესვენებინათ იქიდან. კი მივხვდი, რა მოლოდინიც ტრიალებდა, მაგრამ მაინც მივაყურე მათ გადალაპარაკება-გადმოლაპარაკებას და დავრწმუნდი სწორედ რომ მივხვედრილვარ: ბუდარების და მათი ძროხის მოსვლას ელოდნენ. გლეხი კაცისთვის საკვირველი არ არის, მეზობელი რომ საქონელს იყიდის, იმ საქონლის ნახვა მოუნდეს, მაგრამ მამაცხონებულებს, ხუთზე ნაკლები ძროხა არც ერთს არ ყავდა; ახლა მათი ნაშენი, აქეთ ღორები, იქით კრუხ-წიწილი და ბატი, და ბუდარების ერთი ძროხა მოლოდინად რომ უღირდათ, ამან გამაკვირვა ძალიან. ეს ხალხი, თავის დროზე, შიშველი და მშიერი მოვიდა აქ, მაგრამ ახლა ნამეტანი მდიდარი იყო ყველა. ნაკაფი ტყეები ქონდათ ამოძირკვული, კარტოფილს თესდნენ ზედ უამრავს. კარტოფილის მოსავალი იცის იქ, უკეთესს ნუ იტყვი. ერთნაირი ჯიშია, იისფერი კანი აქვს, სულ წვრილი ბოლქვი მუშტისხელაა და კომბოსტოსხელაც მინახავს. ერთ ტომარა სათესლეს, ერთიმეორეზე, ოცდახუთი ტომარა მოსავალი მოყავს. ხუთასი და ექვსასი ტომარა კარტოფილი ყველა ოჯახს მოუდის. ყიდიან. გაზაფხულის პირზე ყიდიან, რომ გაძვირდება, მაშინ. პურის და სიმინდის ყანები ცალკე აქვთ, ტყის დამუშავებიდან შემოსავალი – ცალკე. მთავრობა იმ ტყე-ღრეში და გადასაკარგავში არ არის და გადასახადის ასაკრეფად კაცი არ მოდის. მდიდრები არიან, ნამეტანი მდიდრები! ბუდარას ძროხის ასე გაფაციცებული და მუშტმოღერებული მოლოდინი რა იყო, ვერ გავიგე ვერაფრით. ვუთხარი დათას, ასე და ასეა-მეთქი. რაღაცას ჩხირკედელაობდა ნაჯახით. მიანება თავი, წამოვედით და დავსხედით ჩვენც იმ სალაყბოზე.

სადაცაა უნდა გამოჩენილიყო ბუდარა ბუდარიხიან-ძროხიანად, მაგრამ იგვიანებდა. ეს ხალხი კრინტს არ ძრავდა არც ერთი და გაგიჟებას კი იყო ყველა.

– ყაჩაღები დაუხვდნენ, ალბათ, და წაართვეს ძროხა! – თქვა ერთმა ისეთი ხარხარი ატყდა, ვითომ უსაშველოდ სასაცილო ეთქვას რამე. გაუხარდა ამის მთქმელს, ოხუნჯობა მომიწონესო, და კიდევ თქვა:

– დახოცეს ყაჩაღებმა, ალბათ, ბუდარა და ბუდარიხა!

ისევ ახარხარდა ხალხი.

აღარ მოიშალა ასეთების ლაპარაკი იმ კაცმა და იცინოდნენ სხვები, სანამდე დაიღლებოდნენ. დაიღალნენ და გაჩუმდნენ უწინდებურად. იმ კაცმა კიდევ სცადა მასხრობა, მაგრამ რომ აღარ აყვა აღარავინ, გაჩუმდა ისიც. ნახევარი საათი ისე გავიდა, ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი.

გამოჩნდა, როგორც იქნა, ბუდარა, ეგერ, შორს. ახლოვდებიან თანდათან. ყუბანზეც მსხვილფეხა საქონლისთვის რქებში იციან თოკის წაბმა და წინ გამოძღოლა. მოდის წინ ბუდარა, უჭირავს ხელში თოკი, მოყავს ძროხა. უკან ბუდარიხა მოდევს წკეპლით ხელში.

მოახლოვდნენ.

– თხა უყიდიათ, თხა! – დაიძახა ვიღაცამ.

ხალხმა ჩუმად ჩაიხითხითა, ხარხარს მოერიდნენ, ბუდარიხამ არ დაგვინახოსო. თხა არ იყო ის, ძროხა იყო, კაი ჯიშის მთის ძროხა. არ იცოდნენ, უბედურებმა, იმ ძროხის ამბავი. მათი ძროხებივით ბევრ რძეს ვერ მოიწველიდა, მაგრამ რასაც მოიწველიდა, ის რძე მეტ ერბოს დაიყენებდა, ვიდრე მათი ბათმანი. არ იცოდნენ ეს და უხაროდათ, პატარა ძროხა პატარას მოიწველისო.

ფერდობს ამოყვნენ და რომ მოაწიეს, ასე, ოც ნაბიჯზე, დაიჩურჩულა ვიღაცამ:

– უკუდო ძროხა უყიდიათ, შეხედე!

კუდი მართლა წაკვნეტილი ქონდა ბოლოში იმ ძროხას, მტკაველზე თუ ცოტა მეტი. ტყიან ადგილში ძროხას რაც მეტი გრძელი კუდი ექნება, მით უკეთესია, ბუზს და ქინქლას უკეთ მოიგერიებს. კუდმოკლე ძროხა გაწვალდება, ბუზი შეაწუხებს. გაწვალებული და შეწუხებული საქონელი წველაში იკლებს. წაკვნეტილი კუდი რომ დაინახეს, იმწამსვე დამშვიდდა და დაწყნარდა ყველა: უარესია ბუდარების ძროხა ჩვენს ძროხებზეო!

დაიშალა ხალხი, წავიდნენ სახლებში და თავის გზაზე.

– ასეთი უგუნური და ბოროტი ხალხი თუ გინახავს სადმე! – მითხრა დათამ. – რა უხარიათ, ნეტავი? რამდენი მეტი მდიდარი მეზობელი ეყოლებათ, უკეთესი არ არის მაგათთვის? გაგიჭირდება რამე, მიხვალ შეძლებულ მეზობელთან, დაგეხმარება და გაგიმართავს ხელს. ეს რა ხალხია, არ მესმის მე!

იმ ხალხის ამბავი დათამ მართლა არ იცოდა. მე ვიცოდი. დაჭმული ყავდათ ერთმანეთი, შურით აღარ იყო არც ერთი, ღატაკი რომ გამდიდრდება, ასე იცის. ის დაბები გამდიდრებული ღატაკების დაბებია. ცუდი ხალხია ნამეტანი, თვარა, მიგდე ყური და აგერ ნახავ, რაც გამოვიდა ბუდარებიდან და მათი ძროხიდან. შენს მტერს!

დააბეს თავისი კუდმოკვნეტილი ძროხა ცოლ-ქმარმა ჩიქვანის სასახლისხელა ბოსელში, დაუწყეს წველა და რა მოხდა, თუ იცი? რა მოხდა და, იმ დაბაში ისეთი მეწველი ძროხა არ გამოდგა მეორე. არ ჯეროდა არავის, ჩვენს ძროხებზე მეტს და უკეთესს ეს კუდწაკვნეტილი თხა როგორ მოიწველისო, მაგრამ კაი მამაძაღლი დედაკაცი ყოფილა ბუდარიხაც; იშოვნა სადღაც შუშის ჭურჭელი, შეიტანდა ბოსელში ცარიელს, გამოიტანდა იქიდან სავსეს, ჩამოატარებდა თავისი ქოხისკენ საქვეყნოდ, იცოდა, ფანჯრებიდან ცალი თვალით რომ უჭვრიტინებდნენ გულგახეთქილი მეზრბლები და ისე გამოივლიდა, ვითომ ქილა რძე კი არა, დადიანების მემკვიდრე მოყავდა საძიძოდ. გადარია ეშმაკმა დედაკაცმა მთელი დაბა.

გავიდა კიდევ პატარა ხანი. დაიწყო გაშრობა ბუდარების ძროხამ. გაშრა ერთ კვირაში. იყო მშრალად თვე, თუ ნაკლები, და გაიპარა ერთ დღეს ნახირიდან. ბუდარების ძროხა გაიპარაო, გაიგო დაბამ და უარესად გადაირია დიდიან-პატარიანად ყველა: სულ ერთი თვე ცოდნია ამ თხას გაშრობა, მეტი არა, და ახლა უკვე ხბოც ეყოლება მოგებული სადმე, მყუდრო ადგილასო. იცის ზოგმა საქონელმა ხბოს მოსაგებად გაპარვა. დაძებნეს ერთხელ თავისი ძროხა ცოლ-ქმარმა – ვერ იპოვნეს. მე და დათაც წავედით საძებნელად, მოვიარეთ ყველა ხევი და კუნჭული – სად არის ძროხა! შეღამებული იყო უკვე, დაბაში ვბრუნდებოდით და ამასობაში შემოგვესმა დედაკაცის მოთქმა. ავედით იმ ზარის და ტირილის ხმაზე. რას ვხედავთ: გდია ბუდარების ძროხა ყელგამოჭრილი, უწევს გვერდით მარგილით თავგაჩეჩქვილი რუხი ბოჩოლა. ბუდარიხას გაუწეწია თმა, დგას მუხლებზე და ტირის, შულაიას ქალების კაი დატირება რომ გაგიგონია, იმაზე უკეთესაღ. შვიდი-რვა კაცი დგას გარშემო, ისინი, ბუდარების ძროხის მოკლე კუდი რომ უხაროდათ. დაუკრეფიათ გულ-ხელი და ისეთი სახეები აქვთ, ვითომ ამსიმძიმე სადარდებელი არც მათ და არც მათ მამა-პაპას არ შეხვედრია არასდროს...

– შეხედე ამ მამაძაღლებს რა საქმე უქნიათ, თიყვა, ძმაო! – გადმომჩურჩულა დათამ. – ამ ცოდვის ჩამდენი ამათშია რომელიღაცა, მომკალი თუ გინდა.

გაჯავრებული იყო დათა უზომოდ, ლოყები უცახცახებდა სულ. წამოავლო მოულოდნელად ხელი მარგილს, დაერია იმ დადარდიანებულ ხალხს და ვინ საით გაიქცა, ვერც ერთს ვერ შევასწარი თვალი. გაშველება რომ ვიფიქრე, მარგილი უკვე გადაგდებული ქონდა დათას, ისე უცბად მოხდა ყველაფერი.

ათისთავმა ბარაკაევკაში კაცი აფრინა. ამოვიდა მეორე დღეს ულვაშებგაბზეკილი ბოქაული, სკირდა ქონდა იმ ბოქაულს გვარი. ნახა ის საცოდაობა, მიიკითხ-მოიკითხა ხალხში, როგორ იყო ამბავიო. ჩუმად უჩივლეს ნაცემებმა დათას, მაგრამ იძუნწეს, ფული ვერ გაიმეტეს ბოქაულისთვის მისაცემად. ხუთი მანეთი მივართვი სკირდას. მაამბობინა, მარგილის ტრიალი როგორც მოხდა. მოკვდა სიცილით, – კაი უქნია, ცოტა მოგხვედრიათო, გამოუცხადა ხალხს, გამოთვრა არაყით და წავიდა, საიდანაც იყო მოსული, იქით. დამრჩნენ ხლისტები ნაცემიც და ხახამშრალებიც. ხლისტებიო, რომ ვამბობ, ასე ეძახიან მათ, სარწმუნოება აქვთ ასეთი და იმიტომ დაარქვეს ასე. იმას მერე ვიტყვი, რანაირიც იყო მათი სარწმუნოება. გავიდა სამი დღე, ნაცემი ხლისტები რაღაც მალულად და ჩუმ-ჩუმად დაიარებიან სამუშაოდ. შევნიშნე, გაცეცხლებით, მაგარი გაცეცხლებული იყო დათა იმ მარგილს რომ ატრიალებდა, მაგრამ მაინცდამაინც გამეტებით არ დაურტყამს არავისთვის, იქ ვიყავი და ვხედავდი ყველაფერს.

გამინაპირა ერთმა, დამიწყო გამოკითხვა, შენი ამხანაგი რას ფიქრობს და რა გუნებაზე არისო. მივხვდი მაშინვე: რომ დააბეზღეს ბოქაულთან დათა, ამის შინებიათ, დაგვხოცავს სათითაოდო. დათა რას ფიქრობდა და, ნანობდა, რატომ გავლახე ის კაცები, დამნაშავე ეგებ მათში არც იყო ვინმეო, მაგრამ ასე ხომ არ ვეტყოდი ხლისტებს. ჯერჯერობით გზად ნუ შეეფეთებით, მოერიდეთ, რამე საშინელება არ დაგმართოთ-მეთქი. აბა რა ვქნათ, როდემდის ვიმალოთ, იქნება არც გვიპირებს რამეს, მაგრამ ესეც ხომ უნდა ვიცოდეთო. ხვალ მოდი, გაგიგებ ყველაფერს-მეთქი. მოვიდა მეორე დღეს, – გვიშველე რამე, ღმერთი გადაგიხდის მაგიერსო. ღმერთი არ ვიცი მე, ხუთი მანეთი შემიგროვეთ და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. წავიდა, უთხრა სხვებს ეს ამბავი. კითხეს თავის ქრისტეს... იმ ხლისტებს საკუთარი ქრისტე ყავდათ იქ, ცოცხალი ქრისტე, მათსავით კასრის ფიცრის მუშა იყო ისიც. მიეცით ეგ ხუთი მანეთი და დააშოშმინეთო, ქრისტემ. მომიტანეს და მომცეს. ჩავიდე ჯიბეში, დავიბრუნე ბოქაულისთვის მიცემული ფული და დავრთე ნება – თამამად იარეთ სამუშაოზე, მე ვარ პასუხისმგებელი-მეთქი.

ბუდარები თავის ზარალს გლოვობდნენ. იგლოვებდნენ, აბა რა, მაგრამ აქეთ დათას კრიჭა რომ ვერ გაუხსნა ვერაფერმა, ის თქვი შენ. ასეთი მოწყენა და ჯავრი თუ შეეძლო, არ ვიცოდი მანამდე. იყო ასე დარდიანი და მოღუშული.

ერთ დღეს უცებ გამხიარულდა დათა. გამეხარდა, გუნება რომ დაუბრუნდა, მაგრამ ისიც მითხრა გულმა, რაღაც საკვირველს რომ აპირებდა. ვკითხე. არაფერი არ უთქვამს შაბათამდე. შაბათს საქვეყნოდ თქვა, – ბუდარებს ფული ვასესხე, ბარაკაევკაში ერთად მივდივართ, ძროხები და ცხენი უნდა ვიყიდოთო.

– რატომ შვრები მაგას-მეთქი, – ვკითხე.

– შემიძლია და მიტომ, რატომ არ უნდა ვშვრებოდე, ნეტავი! – მითხრა დათამ.

გადავიქნიე თავი და გავჩუმდი.

ღამიანად წავიდნენ ერთად სამივენი. საღამოს დაბრუნდნენ. ორი ძროხა ამოიყვანეს თან, თავისი ბოჩოლებით, და კაი მშვენიერი ცხენი. დათას არ შეცდებოდა ამორჩევა. კაცი არ გამოჩენილა სალაყბოზე მათ შესახვედრად. შინიდან ცხვირი არ გამოუყვია არავის, ფარდების იქით იყვნენ ჩასაფრებული და იქიდან უჭვრიტინებდნენ ამბავს.

იქირავეს ბუდარებმა მუშები, ამოძირკვეს საკარტოფილედ და საყანედ კაი ძალი მიწა. იყიდეს სათესლე, მოხნეს და დაფარცხეს. დაამთავრეს ქოხი, იყიდეს საჭირო ნივთები, ღორები და ფრინველებიც გაიჩინეს.

ვეღარ მომითმინა გულმა ვკითხე ერთ დღეს დათას: – რამდენი მიეცი ბუდარებს, ასე რომ აივსნენ და აშენდნენ-მეთქი.

შემომხედა დათამ, მიყურა პატარა ხანს, ისევ მიუშვა ფიცარზე ნაჯახი და მერე მითხრა:

– შენ რა გაგიფუჭდა, თიყვა, ისინი თუ აივსნენ და აშენდნენ?

– რა უნდა გამიფუჭდეს, მაგრამ შენ რომ გაგიჭირდეს, თუ გგონია, ბუდარები და მისთანები გადაგყვებიან ზედ?!

– მე არ გამიჭირდება ისე, მაგენის დახმარება რომ დამჭირდეს, – მომიბრუნდა დათა. – ქონებას გაიჩენენ, შეძლებული კაცისთვის სიკეთე ადვილი საქნელია. სხვა შეხვდებათ ვინმე გაჭირვებული და როგორც მე დავეხმარე მაგათ, ისე დაეხმარებიან მაგენიც იმ გაჭირვებულს. ჩემი გასაჭირი თუ დადგა, მეფისნაცვლის ნათლული რომ ვიყო, ის ვერ მიშველის.

– დავინახავთ მაგასაც! – გავიცინე მე. – ყველას დასანახად და შესაშურებლად რომ გამოქონდა ბოსლიდან მონაწველი რძით სავსე ჭურჭელი, იმაში შევატყვე, რაც ხალხია მაგენი... აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია. რამდენი მიეცი მაინც?

– სამასი მანეთი. თვითონ მივეცი. ვასესხე. ვაჩუქებდი, მაგრამ ქონება შენით ნაშოვნი უნდა. ნაჩუქარი უყუათოა, არ გაგიჩერდება კაცს.

გაზაფხულდა და წამოვედი აქეთ. მოვუარე ყანას და საქონელს. დავბრუნდი ისევ დაბაში, სამუშაოდ. ძალიან ცუდ გუნებაზე დამხვდა დათა და ვერც ვათქმევინე ვერაფერი, რა აწუხებდა.

დადგა შემოდგომა, აიღო დაბის ხალხმა მოსავალი. ბუდარამ და ბუდარიხამ ქვეყნის პური და კარტოფილი დააბინავეს, ქვეყნის ერბო და ყველი შეინახეს, ათფუთიანი ტახი დაკლეს. დათას ვალიც გაისტუმრეს, მაგრამ ის თავაზიანი, ზრდილობიანი და კეთილი ბუდარები სადღა იყვნენ, თავიდან რომ იყვნენ ისეთი! ბუდარა-ბრუციანმა თვალში უკეთესად გამოიხედა. ბუდარიხამ ტყეში მუშაობას თავი დაანება, შინ დაჯდა, საქსოვი და სხვა ხელსაქმე დაიჭირა ხელში, – ოჯახს მოვლა უნდაო. ბუდარამ, ღმერთმა იცის საიდან, ერთი კოჭლი მოიყვანა მუშად. იმ კოჭლს ჭკუაც კაი გვარიანად აკლდა, იღრიჭებოდა სულ და თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცას. ამუშავებდნენ გათენებიდან დაღამებამდე, აბაზს აძლევდნენ დღეში, წელი მოწყვეტაზე ქონდა, საცოდავს. არა, ზედმეტი არ იყო ის კოჭლი, სოფელს ერთი სულელი ჭირდება უეჭველად, მაგრამ იმდენ შრომაში აბაზი უღმერთობა იყო და ცოდვა. უთხრა დათამ ბუდარას ეს. ბუდარამ, – სულელს მეტი არ ჭირდებაო.

ტყიდან რომ ბრუნდებოდა ბუდარა, ის ღირდა ნახვად: მოდის დიდბატონივით წინ თვითონ, მოდევს უკან სევა-სულელი ძუნძულ-ძუნძულით და მოაქვს ბუდარას მთელი ხელსაწყო თან - ცულები, რანდები, კომბალი, ხერხი, სოლები და უროები, გადასდის ხვითქი. ხელსაწყოს ტყეში ვტოვებდით ყველა. შევინახავდით სადმე, წვიმას რომ

არ გაეფუჭებინა, ისე. კაცს არ ახსოვს, ხელი ეხლოს ვინმეს. მომპარავენო, ოთხ-ხუთ ვერსს ატარებინებდა იქით-აქეთ, აკლდა ვითომ უამისოდ ჯაფა და ჭაპანწყვეტა სევას!

ადრეც მქონდა შემჩნეული, მაგრამ, არ დავფიცავ, მეჩვენება-მეთქი, ვფიქრობდი ჩემთვის: ბუდარიხა დათაზე თვალებს რომ აცეცებდა, იმაზე ვამბობ და მოგახსენებ. ახლა, რომ მოძღა და მოსუქდა, შეტევაზე გადმოვიდა, პირდაპირ. არ აქცევდა დათა ყურადღებას და ამაზე მთლად გადაირია ქალი, აღარ იცოდა, რა ექნა, დაურეცხავი არ დაუტოვებია ჭინჭი და დაულაგებელი კუნჭული. ისე, კი იყო ვალდებული, ერეცხა და ეკერებინა ჩვენთვის, ჩვენით აშენდნენ და აივსნენ, მაგრამ ეს ფაციფუცი იმის რომ არ იყო და სხვა რაღაც უნდოდა ბუდარიხას, ეტყობოდა ყველაფერში. არ მომწონდა ჯერ მისი საქციელი. მერე ვიფიქრე, დათას რა დაუშავდება ამით, რას წააგებს-მეთქი. ხლისტები ისე იყვნენ ერთმანეთში, ვითომ ყველა ცოლ-ქმარი ყოფილიყო. მათი სარწმუნოებით, სხვა ხლისტის ცოლთან წოლა ცოდვა კი არა, მტრედების ღუღუნად ითვლებოდა. ამის შემყურე ბუდარიხა გადაირეოდა, აბა რა იქნებოდა! ვუთხარი დათას, ქალებზე ნაკლებობაა მაინც, ხლისტები მართლმორწმუნეებთან საქმეს არ იჭერენ, ხომ ნახე ეს, და ბუდარიხას ნამდვილად არა უშავს, ნუ გააწვალე მაგ ქალი, აუსრულე გულის ნადები რა გიჭირს-მეთქი! არ მიიკარა დათამ ბუდარიხა. მე ეს საქმე ვიკისრო, ისე გამოვა, თითქოს იმისთვის დავეხმარე მაგენს, რომ მერე საწადელი ამესრულებინაო. იტრიალა ბუდარიხამ ერთხანს კიდევ, გადაუწყდა იმედი და აღარ დაადგა ჩვენსას ფეხი. მოგვიწია ისევ ღელეზე ჩვენი საცვალის ჭყლეტამ და საცოდაობამ.

სანამდე არაფერი ებადათ ბუდარებს, პირიდან ლუკმას იცლიდნენ და სხვას უყოფდნენ. გამდიდრდნენ – ბუდარა წეკოს არ მოაწევინებდა არავის და ბუდარიხა კვერცხს – ბარაკაევკაში რომ ღირდა ათი ერთი შაური – ტყეში ორ შაურნაკლებ საკუთარ დედას არ მიცემდა. ჩემთვის და დათასთვის ხომ გაწყვიტეს ყველაფერი: რამე რომ დაგვჭირვებოდა და გვეთხოვა, არ მოგვცემდნენ – ენანებოდათ, და არც მოგვყიდდნენ – დათას ფულით იყვნენ აშენებული და ერთ ჩარექა რძეში ფულის გამორთმევა რცხვენოდათ. უარს გვეუბნებოდნენ, არ გვაქვსო!

ბუდარიხამ არყის ქვაბი გაიჩინა. ხდიდა არაყს და ყიდდა. სევა-სულელს ტყიდან შეშის ზიდვით ზურგი ქონდა გადატყავებული, მაგრამ მათი არაყი უფულოდ გემოთი არ გაუსინჯავს. მაგიერში, ბუდარიხა ბრაგას რომ დააყენებდა და გადაწურავდა, ბაზალუყი მთლად სევასი იყო. ჭამდა, საცოდავი, ბაზალუყს, დადიოდა გამოლენჩებული და მუცელი წყალმანკიანივით ქონდა გაბერილი.

მიუხოხდნენ ხლისტები ბუდარებს, დაუწყეს ქადაგება – ჩვენი სარწმუნოება მიიღეთო. ბუდარიხა დაიყოლიეს მალე, – დალევა არ შეიძლება არყის, თვარა, ისე ხადე და ყიდე, რამდენიც გენებოსო. გახლისტდა და კურო არ მოკლებია მას მერე, მაგრამ ბუდარამ არ ქნა არაფრის დიდებით. მართალია, ცოლი გაუხლისტდა და ბუდარამ, როგორც მართლმადიდებელმა, მის ლოგინში წოლის უფლება დაკარგა და არც უნდოდა, მაინცდამაინც, ეს საქმე, მაგრამ თვითონაც რომ მიეღო მათი სარწმუნოება, თამბაქოს წევას და არყის სმას უნდა ჩამოშორებოდა და ამას ვერ შეელია. რა იცოდა, უბედურმა, რა დღე მოელოდა, თვარა მოკლავდა ცოლს და არ შეუშვებდა იმ სარწმუნოებაში ცოცხალი თავით.

რა მოელოდა და, აიშვა თავი ბუდარიხამ. მოიარა ყველა ხლისტის ლოგინი, რამდენიც იყო დაბაში. უფლება ხომ ქონდა, მაგრამ არც არავისი პატივისცემა არ დაიკლო – მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია. იქით ხლისტები სკდებოდნენ გულზე, ბუდარას რომ ვერაფერი დააკლეს და რომ ვერ გადაიბირეს, მტრად გადაეკიდნენ, მოსაკლავად არ დაინდობდნენ, მაგრამ იცოდნენ, ჩვენი ნაამაგარი რომ იყო ბუდარა, დათასი ეშინოდათ ნამეტანი და ვერ უბედავდნენ ვერაფერს. ცემდა ბუდარა ბუდარიხას ყოველდღე, სხვა კაცებთან ნუ მიდიხარო. არ იშლიდა ბუდარიხა, ასეთი სარწმუნოება მაქვს, ეს საქმე რომ არ გავწიო, საიქიოს წარვწყმდებიო. ქალს საბაბი მიეცი და დააოკებ მერე?!

უყურა დათამ ამ ბინძურ ამბავს, უყურა და მეუბნება ერთ დღეს:

– თიყვა, ძმაო, ადლობელი ვარ შენი, რომ მიმიღე და შემიკედლე. გადაგიხდი პატივისცემას, თუ მაცალა ღმერთმა, მაგრამ ვეღარ გავჩერდები აქ, არ შემიძლია ამ ხალხის ყურება, ცოდვას დავიდებ ნამდვილად – ღვთის შვილებია მაინც. მოვიცდი პატარას კიდევ, სანამდე ამხანაგს იპოვნიდე ან მუშას გაიჩენდე, და წავალ მერე.

ვარწმუნე, დარჩი, რა გესაქმება ამ ხალხის-მეთქი, მაგრამ არ მოიშალა და ახლა ვფიქრობ, არ ვიყავი მართალი, დარჩენას რომ ველაპარაკებოდი: დათა თუთაშხია ისეთი კაცი იყო, უმსგავსობას ვერ მოითმენდა, ჩაერეოდა უსათუოდ და იმ გაფუჭებული ხალხის ცხოვრებაში ჩარევა საქმეს შორს წაიყვანდა ძალიან.

შეღამებული იყო, ერთხელ, ძილს ვაპირებდით. ატყდა დაბაში ყვირილი და დავიდარაბა. გადავიხედე ფანჯარაში, მისდგომოდა ბუდარა ხალიუტკინის ქოხს კეტით ხელში, უბაგუნებდა კარებს და უყვიროდა თავის ბუდარიხას, გამოეთრიე მანდედანო! არ გამოვიდა ბუდარიხა. ხლისტები კარში გამოფენილიყვნენ დიდიან-პატარიანად, სეირს უყურებდნენ. იცოცხლე, მათ ხელები ექავებოდათ და ფეხი ეწეოდათ ბუდარას საცემრად, მაგრამ ცალი თვალი აქეთ ეჭირათ, ჩვენკენ, და სკდებოდნენ ჯავრით. შეამტვრია კარი ბუდარამ, შევარდა ქოხში. ხალიუტკინი თავპირისმტვრევით გამოვარდა იქიდან, იყვირა, მიშველეთო! ცემა ბუდარამ ჯერ, როგორც მოეხასიათა, თავის ცოლს, და უთხრა მერე, – შინ წამოდი ახლავეო. არ ქნა ბუდარიხამ, – სანამ ღვთის ნებას არ ავასრულებ, არ წამოვალო. მაშინ კეტი დასცხო ბუდარამ. ცემს ბუდარა, იკლაკნება ხვლიკივით ბუდარიხა და არ მიდის შინ. გარეთ ერთი ჩოჩქოლი და გაქცევა-გამოქცევაა. რომ დაიღალა ბუდარა ცოლის ცემით, კიდევ უთხრა, – არც ახლა წამოხვალო? სულ არ წამოვალ, აღარ მინდა შენი ცოლობა, ხალიუტკინთან ვრჩებიო. დაუდასტურა გარედან ხალიუტკინმა: იყავი მანდ, არ წაყვე, ეგ უღმერთო და ჭირიანი რაში გჭირდებაო. გაშრა ბუდარა, იფიქრა, ტკბილი სიტყვით ვეტყვი, ეგება დამიჯეროს და წამომყვესო. იქამდე მივიდა საქმე, თვალცრემლიანმა დაუწყო ხვეწნა, მაგრამ ბუდარიხა თავისაზე დადგა, არ ქნა არასგზით. რომ აღარ გაჭრა აღარაფერმა, უთხრა ბუდარამ, წავალ, მოვიყვან დათას და რაღაცას არ წამოხვალ, იმასაც დავინახავო და შენ რაღაცას შეიკედლებ და არ გამოუშვებ, – ხალიუტკინს გამოსძახა შიგნიდან, – იმასაც დავინახავო!

დაადო თავი ბუდარამ და წამოვიდა ჩვენი ბინისკენ, ნელი ნაბიჯით მოდიოდა, ფიქრობდა, ეგება დამიძახოს ბუდარიხამ, დათას ნუ მოიყვან, მოვდივარო. არა კაცმა არ დაუძახა! დაბა მთლად კარში იყო გამოფენილი. ხლისტები მოგროვილიყვნენ ერთად და ქონდათ დიდი ჩურჩული და შეთქმულება! ვიფიქრე ეცემიან ახლავე ბუდარას, გაპტყვნიან, გამოშიგნავენ და ნასუქი დედალივით კურტუმის ქონს ამოუბრუნებენ-მეთქი, მაგრამ ხელი არ უხლია არავის: ჩვენს ბინაში ჭრაქი ბჟუტავდა, ხედავდნენ, ორივე რომ ღია ფანჯარაში ვიყურებოდით, და ვერ გაბედეს ვერაფერი.

შემოვიდა ბუდარა ჩვენსას. სველ კატას გავდა, საცოდავი. გრძნობდა, ალბათ, რომ არ მოესვლებოდა, ჩაქინდრა თავი და გაჩერდა შუა ოთახში.

მოიჩოჩეს ხლისტებმა ჩვენი ფანჯრისკენ. ზოგიერთმა ისე ახლოს მობედა, რომ ლაპარაკსაც გაიგონებდა პირწმინდად. მიჩუმდა ყველაფერი. ბინაში შემოპარული, სადღაც კუნჭულში მიმალული ჭრიჭინას ხმა ისმოდა მხოლოდ.

– მიშველე რამე დათა! დამჩაგრეს ხლისტებმა, ცოლი შემიცდინეს... დავალებული ვარ შენგან, ვერ დაგიფასე პატივისცემა... უთხარი, წამოვიდეს შინ. შენს მეტს არავის დაუჯერებს! – წაილუღლუღა ბუდარამ, როგორც იქნა, და გაჩუმდა ისევ.

გარედან ხლისტების აჩურჩულება მოისმა და მიწყდა ისიც.

იდგა დათა თუთაშხია გაჩუმებული, მიწაში იყურებოდა.

– წადი, – ვუთხარი მე, – ცოდვაა ეს მამაძაღლი. ეგებ დაგიჯეროს იმ დედაკაცმა, მართლა.

– რას არის, რომ ლაპარაკობ თიყვა! – გამიწყრა დათა. – კახპა დედაკაცების საქმეში ჩარევა რა ვაჟკაცის საქმეა?! მე კარგი მინდოდა ამათთვის და წახდნენ, პირიქით. შევცდი ერთხელ და რომ შევცდე კიდევ არ ივარგებს!

კახპა დედაკაცების საქმეში არ ჩავერევიო! ფოთში კახპას რომ აწყენინეს მეზღვაურებმა და გამოესარჩლა, – ვინ იყო, აბა. დათას ნეკი მოაკვნიტეს მაშინ, სანახევროდ.

ისევ ჩურჩული მოისმა გარედან, უფრო ხმამაღალი და უფრო გაბედული. ბუდარაც მიხვდა დათას ნათქვამს, დაჯდა იატაკზე და შესტირა დათას, – არ წავალ, სანამ ცოლს სახლში არ მიმიგვრიო.

მივიდა დათა, ააყენა ზეზე, – მამაკაცი ხარ, მაგას რას კადრულობო.

ეხვეწა ბუდარა. ლამის მუხლები დაუკოცნა, მაგრამ არ ქნა დათამ არასგზით. ფანჯარაში რომ გავიხედე, ხლისტები ზედ იყვნენ მომდგარი და ძალიან უხაროდათ, დათა რომ უარს ეუბნებოდა ბუდარას.

– წადი ახლა და მოუარე შენს საქმეს. არ წამოვალ მე! – წყალი გადაუწურა დათამ.

ხლისტებმა შვებით ამოისუნთქეს, მოცილდნენ ფანჯარას, შორიახლოს მოიყარეს თავი, აჩურჩულდნენ და ახითხითდნენ. ხელი რომ აიღო დათამ ბუდარების მოსარჩლეობაზე, ის უხაროდათ.

– რახან არ გინდა, მიშველო მე თვითონ წავალ! – დაიძახა უცებ ბუდარამ და გასწია ხალიუტკინის ქოხისკენ სალდათური ნაბიჯით.

რომ გაუსწორდა ბუდარა ხლისტების ბრბოს – მოხვდა ზურგში. მოხვედრა იყო და, მიესიენ ხლისტები ტურებივით, დაუშინეს ბუდარას კეტები, წიხლი თუ მუშტი, დააწყებინეს კივილი დასაკლავი ღორივით.

გავვარდი ბინიდან, მივირბინე, დავიწყე გაშველება. იმ სისხლმოწყურებულ ცხოველებს რას დავაოკებდი მარტოკაცი! სიმართლეს ვიტყვი, ჩემთვის ხელი არ დაუკარებია არავის, მაგრამ სიბნელეში, – ვისი იყო, ახლაც არ ვიცი, – კეტი მეტაკა თვალში, წამომიგდო კაკალი.

ვიყვირე მე უბედურმა, აბა, რას ვიზამდი!

ჩემი ყვირილი იყო და, გამოიჭრა დათა ლომივით, – ნუ გეშინია, თიყვა, აგერ ვარო! გაიგონეს ხლისტებმა დათას ღრიალი და გაიფანტა ყველა. დათამ რომ მოირბინა, ფერდებდაბეგვილი ბუდარა იკლაკნებოდა მიწაზე და მე ვიძახდი ვაის. მეტი აღარავინ იყო იქ.

დაინახა დათამ, რაც დამმართეს იმ უღმერთოებმა, გადაირია მთლად, მაგრამ რა შეეძლო ნუგეშის მეტი.

აღარ შეიძლებოდა მოცდა, შეკაზმა დათამ ცხენები. წავიყოლეთ თან ცხენების უკან მომყვანი კაცი, გავუდექით გზას ლაზარეთისკენ. მეორე დღის საღამო იყო, ლაზარეთს რომ მივაწიეთ. დიდი ტკივილი და ტანჯვა გადავიტანე მაშინ.

მომიარა დათამ, არ მომშორებია გვერდიდან, გამომაცილა შინისკენ. გათავდა ჩვენი კასრის ფიცრის ოსტატობა.

– არ გამოვიდა სიკეთე ბუდარების ხელიდან! – ისე გულდაწყვეტით მითხრა დათამ გამომშვიდობებისას, კაცს ეგონებოდა, ჩემი თვალის დაკარგვაზე უფრო ბუდარების უხეირობა წყინდა.

ასე დასრულდა ის ამბავი.

მას მერეც ბევრჯერ მინახავს დათა თუთაშხია. ცუდ საქმეებს ლაპარაკობდნენ დათასას, მაგრამ არ მჯერა მე ისინი არც ერთი, არ იყო დათა გლახა საქმის მქნელი კაცი.

 

Hosted by uCoz