გრაფი სეგედი
... როდესაც
დამნაშავე
პასუხისგებას
თავს არიდებს,
თვით ეს
პროცესი სხვა,
ახალ
დანაშაულებებს
ქმნის.
მართლმსაჯულების
წინაშე მით
უფრო
გადაჭრით
დგება
ბოროტმოქმედის
შეპყრობის
საჭიროება,
რაც უფრო
იზრდება მის
მიერ ჩადენილ
დანაშაულთა
რიცხვი.
აბრაგის ცხოვრება,
არშიყი ქალის
ცხოვრების
დარად, შედგება
იმისგან, რაც
მან ჩაიდინა
და სამძებრო
დაწესებულებებისთვის
ცნობილი
გახდა; იმისგან,
რაც მას არ
ჩაუდენია და
მიეწერა; და
იმისგან, რაც
მან ჩაიდინა
და გაგებით კი
ვერავინ ვერაფერი
გაუგო. აქედან
გამომდინარე,
თუთაშხიას დოსიე
სწრაფად
გაიზარდა და
იმდენად
წინააღმდეგობრივი,
ზოგჯერ
საეჭვო
ხასიათის
ცნობებით
შეივსო, რომ
სამსახურებრივი
მოვალეობის გარდა,
პროფესიული
ცნობისმოყვარეობაც
გვამოძრავებდა,
ნამდვილად
გაგვეგო, რა
ჩაიდინა და რა
არ ჩაუდენია
თუთაშხიას.
პირადად მე
უაღრესად
მაინტერესებდა
მასთან
პირისპირ
შეხვედრა,
საუბარი, მის
ფსიქიკაში
ჩახედვა.
აბრაგობის
პირველი ოთხი
წლის
მანძილზე
თუთაშხია,
თითქმის დანამდვილებით
შეიძლება
ითქვას,
საქართველოს
ფარგლებს არ
გასცილებია.
ეს გარემოება
საშუალებას
გვაძლევდა,
ასე თუ ისე,
უწყვეტი თვალ-ყური
გვედევნებინა
მისთვის და
იმედი
გვქონდა, რომ
დღეს თუ ხვალ
გაებმებოდა
ჩვენს მიერ
დაგებულ რომელიმე
მახეში.
თუთაშხიას,
ეტყობა,
ეხალისებოდა
პოლიციასთან
და
ჟანდარმერიასთან
ამგვარ
დამოკიდებულებაში
ყოფნა, რაც,
იქნებ, იმითაც
აიხსნებოდეს,
რომ ხალხში
ყოველი მისი
პატარა
წარმატებაც
კი დიდ
გამოხმაურებას
პოულობდა,
ამაღლებდა
მის
ავტორიტეტს,
აკმაყოფილებდა
მის
პატივმოყვარეობას.
არსებობს
გარდუვალი
კანონზომიერება.
აბრაგის
ხვედრი, ბოლოს
და ბოლოს,
სახრჩობელა,
მდევრის
ტყვია ან გამცემის
ხანჯალი თუ
საწამლავია,
მაგრამ თუთაშხია,
ჩანს,
განგების
რჩეული იყო და
მისი ბედისწერა
ჯერჯერობით
კანონზომიერებებს
არ ემორჩილებოდა.
ზემოხსენებული
ოთხი წლის მანძილზე
სამძებრო
დაწესებულებებმა
ოცამდე ისეთი
კაცის
გადმობირება
შეძლეს, ვისაც
თუთაშხია
ენდობოდა და
სტუმრობდა.
დასაშვებია,
რომ ამ ოციდან
ათმა მას
მოსალოდნელი
საფრთხე
გაუმხილა, მაგრამ
დანარჩენ ათს
თუთაშხიამ
ალღო უდავოდ თვითონ
აუღო და აღარ
გაჰკარებია.
ამავე ხნის განმავლობაში
ჩვენთვის
მრავალგზის
გახდა ზუსტად ცნობილი,
თუ სად და
როდის უნდა
მისულიყო იგი.
აქედან
ხუთჯერ თუ
შვიდჯერ
თუთაშხია
დანიშნულ
ადგილზე სულ
არ მისულა და
პოლიციის
გაძლიერებული
რაზმი მას
ამაოდ ელოდა.
ერთხელ ისიც მოხდა,
რომ საიმედოდ
შემორტყმული
ალყიდან გაიპარა,
პოლიციისავე
საჯინიბოდან
რვა ცხენი
წაიყვანა და,
როგორც
შემდგომში
გამოირკვა,
ოზურგეთში
გაყიდა. ისეთი
შემთხვევაც
იყო, რომ თურმე,
ამაოდ
შემორტყმულ
ალყაში
რაღაცნაირად
შეიპარა,
მასპინძელთან
ივახშმა და
კვლავ გაიპარა.
ეს რამდენიმე
მაგალითი
იმისთვის
მომყავს, რომ
ჩემს
ხანგრძლივ
პრაქტიკაში
ერთადერთი
შემთხვევა
იყო, როცა
აბრაგი
გაუგებარი
თავგამოდებით
ეხუმრებოდა
და
ეთამაშებოდა –
სახრჩობელას
თუ არა,
კატორღას
მაინც.
ათას რვაას
ოთხმოცდაცხრა
წელს
თუთაშხია უკვალოდ
გაქრა. ამის
გამო ხალხში
ათასნაირი ხმა
დაირხა,
მაგრამ
სარწმუნო –
არც ერთი.
ვფიქრობ,
მეტისმეტად
სუსტ, მისი
ღირსებებისთვის
სათაკილო
მოწინააღმდეგეებად
მიგვიჩნია,
თამაში
მობეზრდა...