ლ. დ. შვანგირაძის 1885 წლის 27 მარტი.

 

თანახმად თქვენი ბრძანებისა, მოვაწყე თვალთვალი ფოთის სამხედრო ლაზარეთში მკურნალობისთვის მყოფი გადამდგარი ოფიცრის, . . ანდრიევსკის სანახავად მისულ პირებზე, ლაზარეთის პერსონალთან ურთიერთობაში მყოფ პირებზე და შემდეგ გარდაცვლილი პორუჩიკის სამარეზე მიმსვლელებზეც.

მოგახსენებთ, რომ ბ-ნ ანდრიევსკის გარდაცვალებამდე არ შემოსულა რაიმე ცნობა ბოროტმოქმედ დათა თუთაშხიას ან მისი კაცის ფოთში, კერძოდ, ლაზარეთში გამოჩენის შესახებ. დაკრძალვის შემდეგ მეცხრე დღეს, ანუ მიმდინარე წლის 26 მარტს, დილის თერთმეტ საათზე, ლაზარეთის დარაჯთან – ნასალდათარ ს. ტაბაღუასთან – მივიდა მისი თანამესუფრე და მასავით ლოთი ნავსადგურის მტვირთავი ი.ბიბილეიშვილი, გაუბა საუბარი და, სხვათა შორის, დაინტერესდა ბ-ნ ანდრიევსკის ჯანმრთელობით. როცა ბიბილეიშვილმა პორუჩიკის გარდაცვალება შეიტყო, დაკრძალვის ადგილი იკითხა. ტაბაღუამ სამარის ადგილი დაწვრილებით აუწერა. ბიბილეიშვილმა კიდევ ცოტა ხანს დაჰყო და წავიდა, ხოლო ტაბაღუამ ამ შეხვედრის შესახებ დაუყოვნებლივ მაცნობა.

ამ ბოლო დროს ფოთის დუქნებში დ.თუთაშხიას სახელი ხშირად იხსენიება და შესაძლებელი გახდა იმ პირთა აღრიცხვაზე აყვანა, ვინც თუთაშხიას ნაცნობობას ან ამხანაგ-მეგობრობას კისრულობს. ასეთთა რიცხვში იყო ხსენებული ბიბილეიშვილიც.

ტაბაღუას ცნობის შემდეგ დაუყოვნებლივ გავეცი ბიბილეიშვილზე თვალთვალის ბრძანება და მოვაწყე ორი საფარი სამხედრო სასაფლაოზე. ბიბილეიშვილზე თვალთვალმა შედეგი ვერ მოიტანა. როგორც ახლა გახდა ცხადი, თუთაშხიამ მასთან შეხვედრა მოასწრო იქამდე, სანამ თვალთვალის დაწყება მოხერხდებოდა. ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბიბილეიშვილი გადაჭრით უარყოფს როგორც თუთაშხიასთან შეხვედრის ფაქტს, ისე მასთან ნაცნობობას საერთოდ, მაგრამ ტყუის: თუთაშხიას მისვლა სასაფლაოზე და ბ-ნ ანდრიევსკის სამარის ადვილად მიგნება ბიბილეიშვილის მიერ მიწოდებული ცნობით მოხდა.

ბოროტმოქმედი თუთაშხია სამხედრო სასაფლაოს მიდამოში შეღამებისას გამოჩნდა. მოდიოდა და იქაურობას მალულად ათვალიერებდა. ერთ მხარეს საფარში ისხდნენ ფელდფებელი ივანიცკი და პოლიციელი შარია. მეორე მხარეს – ვახმისტრი სტროპილინი და გოროდოვოი მახათაძე. მე და უბნის პოლიციელი თურნავა მოშორებით ჩირგვებში ვიწექით და თვალს ვადევნებდით ოპერაციის მსვლელობას.

თუთაშხიამ ვერც ერთი საფარი ვერ შენიშნა, პირდაპირ ბ-ნ ანდრიევსკის სამარისკენ გასწია. საფლავის ბორცვთან მხოლოდ ერთი წამით შეჩერდა. ჩანს, ადგილის დასახსომებლად იყო მოსული, - სტროპილინმა დაუყვირა, ხელები მაღლაო, წამოდგა, ბოროტმოქმედი მიზანში ამოიღო. ასევე მოიქცა მახათაძეც. მაშინ თუთაშხიას ზურგს უკან ფელდფებელმა ივანიცკიმ ჰაერში გაისროლა და პოლიციელ შარიასთან ერთად თუთაშხიას შესაპყრობად გაემართა. ბოროტმოქმედი ჩაწვა, ორი მაუზერი მოიმარჯვა: იგი სტროპილინის და მახათაძის მხრიდან სამარის ბორცვით აღმოჩნდა დაცული. ამიტომ მათთვის ყურადღება არ მიუქცევია – მიზანში ივანიცკი და შარია ამოიღო. ივანიცკიმ მეორე იარაღიდან ესროლა, მაგრამ დააცდინა. მოპირდაპირე მხრიდან სროლა ატყდა. შარიამ იყვირა და კოჭლობით გაიქცა. ამას ორმხრივი სროლა მოჰყვა: თუთაშხია სამარის ბორცვებს შორის მიხოხავდა და ისროდა. ივანიცკი მძიმედ დაიჭრა: მე და უბნის პოლიციელი თურნავა დროულად გავეშურეთ თუთაშხიასთვის გზის გადასაჭრელად, მაგრამ სტროპილინისა და მახათაძის შაშხანების ცეცხლის არეში მოვხვდით და, რა თქმა უნდა, ჩავწექით: თუთაშხიამ არეულობით ისარგებლა და მიიმალა.

მოგახსენებთ კიდევ ერთ დეტალს: პოლიციელი შარია ირწმუნება, რომ ჭრილობა გოროდოვოი მახათაძის მიერ ნასროლი ტყვიით მიიღო და არა თუთაშხიას მაუზერიდან ნასროლით. ამის შემოწმება შეუძლებელია, რადგან შარიას ჭრილობაში ტყვია არ ჩარჩენილა. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ შარიას თუთაშხიამ მიაყენა ჭრილობა. რაც შეეხება ფელდფებელ ივანიცკის – მისი ჭრილობიდან მაუზერის ტყვიაა ამოღებული.

ბოროტმოქმედ დ. თუთაშხიას ძებნა, მისი შესაძლებელი მისვლის ადგილების თვალთვალი გრძელდება.

 

Hosted by uCoz