ვასო გოდერძიშვილი

 

– მეგონა რომელია! ძობა იმის კაცი არ იყო ეთქვა და არ გაეკეთებინა. განა ერთხელ და ორჯერ უთქვამს, – საცა შემხვდება, იქ მოვკლავო. ნასწავლი კაცის ნახვა და თავისი დაობლების მოგონება ერთი იყო. ჯერ იმას მიამბობდა ხოლმე, ყაჩაღებმა ოჯახი როგორ დაურბიეს. მერე იმას იტყოდა, – ეს ამბავი არ დაგვმართოდა, მამაჩემი ქუთაისში გაგზავნას მიპირებდა, გიმნაზიაში უნდა მესწავლა, ეხლა ნამდვილი მხატვარი ვიქნებოდიო. ხატვა ძალიან უყვარდა, ეხერხებოდა კიდეც, ჩემზე უკეთ ეხერხებოდა. ეხლა მხატვარი ვიქნებოდიო, ამას იტყოდა, ცოტა ხნით გაინაბებოდა, თვალებში სისხლი მოაწვებოდა და ბოღმით ჩაილაპარაკებდა ხოლმე:

– ტყის კაცია, სად უნდა ვნახო! – ამის თქმაზე კბილების დაკრაჭუნება იცოდა.

განა არ გამეგებოდა, ვისა გულისხმობდა, მაგრამ მაინც ვეკითხებოდი:

– ვინა, კაცო?. .!

– რამდენჯერ მაქვს ნათქვამი... ერთი გასული კაცია – დათა თუთაშხია.

თურმე, ის თუთაშხია ძობას მამის დუქანში იმ ამბავს შესწრებია და ხელი დაუბანია, – არავისი არა ვიცი რაო. ძობასთვის ყური დაგეგდო, – თუთაშხიას მაშინ ორი სიტყვა ეთქვა, ყაჩაღები დაშოშმინდებოდნენ და არაფერიც არ მოხდებოდაო. არა, თუთაშხიას სახელი დიდი ჰქონდა დავარდნილი, მაგრამ იქ როგორ იყო და როგორ არ იყო – ამისი რა გითხრა. ერთი სიტყვით, ძობა თავისი მამისა და დის სიკვდილში ბრალს უფრო თუთაშხიასა სდებდა, ვიდრე იმ ყაჩაღებს. ესეც არაფერი, თავად მხატვარი აღარ გამოვიდა და ამასაც თუთაშხიას აბრალებდა. ძობას გულის ჯავრი ეს უფრო იყო. სულ იმის ნატვრა ჰქონდა, – ნეტავი სადმე შემახვედრა და მე ვიცოდე და იმანაო. თითქოს ჭკუათმყოფელი კაცი იყო და, – მხატვარი არ გამოვედიო, გიჟივითა ჰქონდა აჩემებული.

შენ ამბობ, ძობა, რახან გამდგარი კაცი იყო, მკვლელობას არ იკისრებდაო. მაშ, კოლა ქათამაძე თუ გამდგარი ქურდი იყო და არავისთან საქმეს არ იჭერდა – რა, დიაკვნად დადგა თუ მეარღნეობა დაიწყო?! ყველანაირ საქმეს ეწეოდა. დაგავიწყდა?.. არა, რა მალ–მალ გეკითხები, – დაგავიწყდა–მეთქი? სხვა რა გახსოვს, რომ ეს გახსოვდეს... ესეც იქით იყოს, ძობასთანა ჯიბრიანი და თავისნათქვამი ქვეყანაზე მეორე აღარ შემხვედრია... ბაქოში ეკატარინკები მოვჭერით და იმ საქმეზე დაგვიჭირეს. ძობა პირველი დღიდანვე მოსდგა, სულ ის იძახა, მე მარტო საღებავები ვიშოვნე, შევაზავე, დავბეჭდე და სხვა არაფერი მიქნია, ბრალი არაფერში მიდევს, უნდა გამიშვათო. არა, მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა, ყალბი ფულის მოჭრა სხვაც კიდევ რამეა?.. მანიფესტმა გვიშველა... თორემა... მერე და, მე შენ გეტყვი, ხელი აუკანკალდებოდა. ძობას, თავის დროზე, კაცის მოკვლაში და ბატკნის დაკვლაში, ორთავეში ერთნაირი გული ჰქონდა – დაუნდობელი იყო... ჩვენთან ერთად ერთი განჯელი კაცი მოჰყავდათ. იმ განჯელმა კაცმა რაღაცა მაწყენინა, – მე მაწყენინა, განა ძობას, – ეხლა რიგიანად აღარ მახსოვს, რა იყო. ასტრახანში ზღვით მიგვიყვანეს. ნავსადგურს მივადექით. ხომალდიდან ბოგირი გადააგდეს, მტკაველის სიგანე სქელი ფიცარი იყო. გადავდიოდით. ძობამ მიიხედ–მოიხედა, განჯელ კაცს წიხლი ჰკრა და წყალში გადაუშვა; ბორკილები ედო რაღას ამოყვინთავდა! დაიხრჩო. ჟანდარმებმა იფიქრეს, – ან უცაბედად გადავარდა, ან თავი განზრახ დაიხრჩოო. ძობას იმ კაცის მოკვლა ხახვივით შერჩა. იღბალი კიდევ ცალკე ჰქოზდა; იღბალია, მაშ, რა არის – გამიგონე, რა გითხრა: კატორღაში კლდეს ვანგრევდით. ზეინკალი გვყავდა – ისიც კატორღელი. ძობა იმ ზეინკალს მუშად მიუყენეს, – მიეშველეო. სამი თუ ოთხი დღე გავიდა, სალესავი ჩარხი გაფუჭდა. რაღაც იყო მოსაშვები და ზეინკალმა ვერ მოუშვა, ის ხელსაწყო ზედ არა ჰქონდა, რომელიც საჭირო იყო, მოსატანად წავიდა. ძობა დარჩა, გაზი აიღო, ქანჩის მოშვება სცადა. ზეინკალი დაბრუნდა. ხედავს, ძობა ჩარხს უჩხიკინებს. არ ვიცი, რატომა და გული მოუვიდა: ძობას გაზი გამოსტაცა, ხელში დიდი ჩაქუჩი მისცა და ასე უთხრა, – აბა, გაზი რა შენი საქმეა, შენი ჭკუა ჩაქუჩს იქით ვერაფერს გასწვდებაო. ძობამ არც აცია, არც აცხელა, ასწია და ის ვეება ჩაქუჩი კეფაში ჩაჰკრა, – აჰა, თუ არ გასწვდაო! ზეინკალი ფეხზევე მოკვდა და მერეღა წიქცა. ამ დროხ იყო, პატრუქებისთვის ცეცხლი მიეცათ დაიძახეს, – მიეფარენითო! მივიმალ–მოვიმალეთ. ლაღუმებმა დაიგრიალეს. აფეთქეპა მორჩა. მივედით, ვნახეთ: ზეინკალი ლოდებში იყო ჩამარხული. ესეც შერჩა ძობას და სხვაც ბევრი რამ. იღბალი ჰქონდა. რა ან გასდიოდა, სველ საქმეებს არც ერიდებოდა: “ბავშვსა ჰკითხეს, რა გატირებსო? გამიდის და ვტირიო”. შენ კიდევ იმას მეუბნები, გამდგარი კაცი სველ საქმეზე არ წავიდოდაო.

ეს ყველაფერი იქით იყოს. რომელი წელი იყო, ეხლა საიდანღა მეხსომება... აი, საქულა–მჭედელმა რიყეში ორი დუქანი რომ გააღო? – ორთავე ერთ გაყოლებაზე... არ მახსოვსო?.. – მოიცა, ერთ რამეს გეტყვი – მოგაგონდება. დუქნები ერთმანეთზე, ესე, ას, ას ოც ნაბიჯზე იქნებოდა. საქულამ აბრები კედელზე კი არ ააკვრევინა – ქეაფენილის გარდიგარდმო გადმოაშვერინა. აბრაზე ერთი მხრიდან ეწერა.. “კუზნეც–საქულ ზდეეს???”, მეორედან: “ზდეს!!!”. სიტყვაზე, მუხრანის ხიდის მხრიდან მოდიხარ, პირველი დუქნის აბრაზე წაიკითხავ: “კუზნეც–საქულ ზდეეს???”. გაივლი და მეორე დუქნის თავზე – “ზდეს!!!”. გინდა მეტეხის მხრიდან წამოსულიყავი, მაინც ისევ ისე წაიკითხავდი. არ გაგონდება?.. აბა, რა ვქნა, ყური მიგდე. მეტეხისკენ რომელი დუქანიც იყო, იმაში ქვრივი გოგო მუშაობდა, მზარეულს ეხმარებოდა, მაროს ეძახდნენ. ეეეჰ, ეშხიანი, ლამაზი ქვრივი იყო! – იმ მაროსა ვყვარობდი და საღამოობით, თუ ამფსონებს არსად გადავყვებოდი, ერთთავად იმ დუქანში ვიჯექი. მე იქ დროს ვატარებდი და ძობა სადღა ჯანდაბას იქნებოდა, გადაბმული ძმაკაცები ვიყავით. არა, ხელობასაც ერთს მივდევდით – ვმხატვრობდით. სამხატვრო საქმე არ იშოვნებოდა – ვკალატოზობდით. ერთხელაც, გაზაფხული დგას. მე და ძობა იმ დუქანში ვსხედვართ. საღამო ხანია. მგონი, რომ ცხრაას შვიდი ან ცხრაას რვა წელი იყო. ვსვამთ, პურსა ვჭამთ, დროს ვატარებთ. მედუდუკეები უკრავენ, ცოლაკა მღერის. მაგარი მომღერალი იყო. იმის სიმღერისთვის საიდან რა ხალხი არ მოდიოდა... იმას ვამბობდი, ბლომად მუშტარია, ერთი მაგიდაღაა ცარიელი, ჩვენს გვერდზე რომელიცა დგას – ისა.

კარებში შუატანისაზე მაღალი კაცი გამოჩნდა. კარგა რიგიანად ეცვა. იდგა, იქაურობას ათვალიერებდა. მერე გამოსწია და ამ ერთ თავისუფალ მაგიდას მიუჯდა. შევხედე და ვიცანი: სანამ შემოვიდოდა დუქნის გასწვრივ რამდენჯერმე აიარ–ჩაიარა. თეალი მაშინ მოვკარი და დამახსომდა. აქეთ მოვიხედე – ძობა იმ კაცს ისეთნაირად შესცქერის, მაშინვე ტანმა მიგრძნო, რამე დავიდარაბა უნდა ატეხილიყო. ამ დროს იმ კაცმაც გამოიხედა, ძობას შეეყარა. ისე მომეჩვენა, რომ შეკრთა, მაგრამ ბევრი არაფერი შესტყობია და რაც შეეტყო, იმასაც მალე მოერია. ეგ იყო და ეგა, სხვაში არაფერში გაყიდულა.

მერე სხვაგან გაიხედა, კიდევ სხვაგან გაიხედა და მსახურს ხელი დაუქნია, – მოდი, მომხედეო.

– რას მიაცივდი, მაგისი გალიბანდი მოგეწონა თუ ჩოხის თარგი?!

ძობამ ჩანგალი აიღო, ხელში ატრიალებს, ფიქრობს, თან თავისთვის რაღაცას ლაპარაკობს, მაგრამ ვერ მეყურება. – ძობას ვეუბნები:

– რასა ბუტბუტებ, კაცო, გამაგებინე, რაღა! – გუმანით უკვე ვიცოდი, აღაცნაირად იყო საქმე.

ძობამ იმ კაცს კიდევ ერთხელ გადახედა და მითხრა:

– ის არის!

– ვინ ისა?

ჩურჩულით თქვა:

– დათა თუთაშხია! – კარგა კი ვეღარა ვცნობ, მაგრამ ჩემმა მზემ, ის არის!

ერთხელ სიზმარი ვნახე, ვითომ თავზე ათუხთუხებული სამოვარი დამაცალეს. გაფუფქულ ვარიასავითა ვარ, მდუღარე წყალი კისერში, გულმკერდში წურწურით ჩამდის და ვერკი გავნძრეულვარ – სწორედ ისეთი რამე დამემართა. ეხლა რათა: რათა და, როცა ამდენი წელიწადი ძველბიჭობაზე და მამაძაღლობაზე ხელი გაქვს აღებული, ლუკმაპურს ხელობითა შოულობ, ცხოვრებას როგორღაც მიათრევ და უცბად ციხის სიმყრალე ცხვირში გეცეშა – უეჭველია, ფინთად გახდები! ჩემგან ძობას ღალატი არ იქნებოდა; ამდენი წლის ძმაკაცობას სანეხვეზე ვერ გადავაგდებდი, ყველაფერში მხარი უნდა ამება. ეს შემოსული კაცი თუ მართლა თუთაშხია იყო, ძობა არ დაიშლიდა – ან ერთი მოკვდებოდა, ან მეორე... ყურებში ბორკილის ჟღარუნი გამიდის, თან იმასა ვფიქრობ: რა ვქნა და როგორ მოვიქცე, როშ ეს შარი ძობასაც ასცდეს და მეცა–მეთქი.

– სულ იმას ამბობდი, გინდა მოხარშული მაჩვენონ, მაინც ვიცნობო...

– ეგრე მეგონა – რამდენი ხანი გავიდა, მიმავიწყდა... კაცო, პატარა ბიჭი ვიყაეი. ვაჰ, ის არის თუ არა?! ის არის – რა!

– რაც შენ ჩემთვის გიამბნია – ეს ის კაცი არ უნდა იყოს. ერთი ნახე ალშვანგის ნოქარსა ჰგავს! – ესე ვთქვი, მაგრამ ერთი მე ვიყავი მირზოევის პრიკაშჩიკი და მეორე ის – ალშვანგის ნოქარი.

– დათა თუთაშხია ცხენის და მაუზერის კაცია... ამ ქალაქურ სამიკიტნოში რა საქმე უნდა ჰქონდეს?! ნახე, თავი რანაირად უჭირავს, მართლა ქალაქელი გეგონება. არადა, ის არის! – მოიცა, შენ ეს კაცი ან აქ, ან სხეაგან სადმე, გინახავს?

კინაღამ ვთქვი, მინახავს რომელია, ბაზრის ძაღლივით ერთთავად აქა გდია–მეთქი!

– არ მინახავს.

ძობა ადგა, სიკა–მიკიტანთან მიეიდა დაბრუნდა და მითხრა:

– ამბობს, ამ დუქანში მაგისი შემოსვლა ეს პირველიაო.

უნდა გენახა, რანაირი გაფაციცებული იყო ძობა. მონადირე არა ვარ, არც ძაღლებისა გამეგება რამე, მაგრამ კვალზე დამდგარი მეძებარი მინახავს და ძობაც სწორედ ისე იყო. სკამზე ვეღარ ისვენებდა, ბორგავდა, ხან იმას ამობდა, – ეხლა თუ წამივიდა, ვეღარასოდეს შევხვდებიო, ხან იმას, – ვნახოთ და, ის არ იყოსო!.. მე ჩემი სადარდებელი მქონდა: დამეშალა ნუ იზამ–მეთქი?.. გამინაპირებდა, უჩემოდ რასა და როგორ მოიმოქმედებდა – სასამართლოზეღა გავიგებდი. ძაან ცუდ დღეში ჩავვარდი, რომ მეტი აღარ იქნება. ისე ვიყავი, ვითომ თავში წისქვილი მედგა – ხან რასა ვფიქრობდი, ხან – რას. აზრმა გამიელვა, ავდგები და ძობას ვეტყვი – ნეტავი შენა, ზიხარ, ლამის დამაღი ჩამოგივიდეს, ის არის თუ არაო? მიდი და ჰკითხე, რამეს ხომ გეტყვის? რასაც გეტყვის, იმაზე შეეტყობა ყველაფერი–მეთქი. გულში რა მქონდა: თუ ეს კაცი მართლა თუთაშხია იყო, მაშინ უეჭველში იმალებოდა და თავის ვინაობას ცოცხალი თავით არ იტყოდა – ეს ერთი. მეორე ისა, რომ ძობასაგანაც გაგონილი მქონდა, – თუთაშხია დიდი ეშმაკი კაციაო, და ძობას თქმაც არ იყო საჭირო, ზედვე ეტყობოდა, რა ხილიც იყო – ისეთებისას აუბ–დაუბამდა, რაშიაც მოინდომებდა, იმაში დაარწმუნებდა. კინაღამ გავბრიყვდი და ვუთხარი, – მიდი–მეთქი... კაცი როცა შეწუხებულია, ათას რამეში შეცდება. ნახე: ძობამ ეჭვი საიდან აიღო, ეს კაცი თუთაშხია არისო? გარეგნობით იცნო, არა? გამოლაპარაკებოდა – შეიძლება, ცოტათი ხმითაც ეცნო...

სანამ ამ გაწამაწიაში ვიყავი, დუქანში ახვრები შემოვიდნენ. სამნი იყვნენ... ვაჰ! კარგია, ქვეყანა იმათ არ დარჩათ. დაიღუპებოდა!.. ისეთი ხალხი იყო, რაც მამა–პაპას ათასი წელიწადი უშენებია – სამ დღეში დაანგრევდნენ. “დედა ნახე, მამა ნახე – შვილი ისე გამონახეო”. ჩარჩებმა, ქორვაჭრებმა ფულები იშოვნეს, ბეზმენები და არშინები გადაყარეს, ვითომ კაცები გახდნენ. თავის ლეკვებს გუვერნანტები და ბონები დაუქირავეს. აქეთ – სწავლა, იქით – პიანინო! ადამიანობა ვიღამ ასწავლოს – ბონამ, დედ–მამამ? ჯერ ერთი, არც ესმით, რომ კაცობა ცალკე სასწავლებელია. მეორე – ეგეთ დედ–მამას ადამიანური თავისთვის რა აქეს, შვილს რა უნდა შესძინოს?.. თხუთმეტი, თექვსმეტი წლისანი ქუჩაში გამოდიოდნენ, მარაქაში ერეოდნენ – დაბადებით როგორი ჯიშიცა ჰქონდათ, იმნაირ საქმესა და საქციელს როგორა ხვეტავდნენ, იცი? აი, როგორც ხარაზმა თავისი დაზგიდან ანდამატით ლურსმნები ახვეტოს – ისე. განა კარგსა სწავლობდნენ? რაც რამე ფინთია – იმასა სწავლობდნენ. ეს იმიტომა, რომ ცუდი სისხლისანი იყვნენ. რიგიანი კაცის შვილი, სიტყვაზე, ხელოსანი კაცისა, თავისი ალალი შრომით პურის მჭამელი კაცისა, რაღა თქმა უნდა, რომ რაც კარგია, იმას აიღებს, ცუდს არ წაეკარება – სისხლი აქვს ეგეთი... როგორები იყვნენ, ასეთებისთვის არც კანონი იყო, არც სამართალი. უმწეოსა ნახავდნენ – გაგიხარია, არაფრისთვის აწყენინებდნენ, წიხლით ჩათელავდნენ. მჯობი გამოუჩნდებოდათ ან თუ თავისი უხეირობით კანონში გაეხვეოდნენ – მამები იქ არა ჰყავდათ? ფული აკლდათ თუ გავლენა და ნაცნობობა!.. ხედავ – მოდის, მოიტყლარჭება, გინდა ასი წლისა იყავი, ერთი გოჯით არ გაგეცლება. ეეჰ, ღმერთს ვენაცვალე ერთი დრო არავის შეარჩინა!

როგორც არი!.. იმას ვამბობდი, – სამი ახვარი შემოვიდა–მეთქი. დგანან გაფხორილები, ადგილს დაეძებენ და ადგილი კი არ არის. თითო ისეთი დედას ბიჭია, შეაყენო – სამოცდაათი, ოთხმოცი თუმნისა მარტო ტანსაცმელი ჩამოვა. ჯიბეშიც კიდევ სხვა იქნება. ეხლა, ახვრები რისთვის მოვიდნენ? სადღაც ჩაუცეცხლიათ და ცოლაკას სიმღერისთვის არიან მოსულები და ვერკი სხდებიან. ეს ამბავია, ტაშიკოლა შემოვიდა, ახვარს ხელი გაუშვირა, მოწყალება სთხოვა. ახვარმა ჯიბიდან რაღაც ამოიღო, ხელში ჩასჩარა, მოუჭირა, მუჭას არ ახსნევინებს. ტაშიკოლა ყვირის, ახვრები სიცილით იხოცებიან. მთელი დუქანი იმათ მაიმუნობას შესცქერის: ზოგი იცინის, ზოგს ვერ გაუგია, საქმე როგორ არის. ტაშიკოლამ გოლოს ახვარს ხელი ძალისძალად გამოსტაცა, დაიქნია, ვითომ დაფუფჩული ჰქონდა და იატაკზე პატარა ბაყაყმა მოადინა ტყაპანი... ძობა ისეთია, დანა დაარტყა – წვეთი სისხლი არ გამოუვა, ამნაირი რამეები ეჯავრებოდა... ძობას კაციც ამ ამბავს შეჰყურებს, არც იცინის, სახეზე არც ის ეტყობა, რომ სწყინდეს რამე. საცოდავ ტაშიკოლას პირი დაუღია და თვალებს აქეთ–იქით აცეცებს. მაშ, სხვას რას იზამს!.. აი, ეგეთები იყვნენ ახვრები: საცა საწყალსა და უმწეოს ნახავდნენ, იმათი მხიარულება და დროს ტარებაც იქ იყო. მაგათი პატრონის დედაც... მეორე ახვარმა ტაშიკოლას კაპიკიანი მისცა, მესამემ პაპიროსი ამოიღო, პირში ჩაუდო, მოაკიდებინა კიდეც. ტაშიკოლამ გაიხარა – პაპიროსი მდიდრების რამე იყო, ძვირი ღირდა, მადლობა თქვა, ახვრებს გაეცალა და სხვა მაგიდებს დაუარა. ცოტა ხანში ძოგას კაცთანაც მივიდა. ამან სკამი გამოუწია, დასვა, საჭმელი მისთავაზა, ღვინო დაუსხა. ტაშიკოლამ თავისი პაპიროსი მაგიდის კიდეზე ჩამოდო, საჭმელ–სასმელს მიაწვა. იქით გავიხედე – ახვრები ძობას კაცსა და ტაშიკოლას ჩუმ-ჩუმად გაგოჰყურებენ, რაღაცის მოლოდინში არიან. ძობას კაციც გაფაციცებული ჩანდა – ხან ახვრებს გახედავდა, ხან თვალებს მაგიდაზე დაატარებდა, ჰაერსა ყნოსავდა, თითქოს რამე იწვოდა და ვერ გაეგო, სუნი საიდან მოდიოდა.

ახვრებში რომელიც უფროსი იყო, იმან შალიკო–მსახური მოიხმო, ყურში რაღაც უთხრა, თვალით ძობას კაცისკენ მიანიშნა და სამმანეთიანი მისცა. შალიკო–მსახურმა ფული გამოართვა, თავი დაუქნია, – კარგიო, აქეთ გამოსწია. სანამ შალიკო მივიდოდა, ძობას კაცმა ტაშიკოლას პაპიროსი ცხვირთან მიიტანა, უსუნა და ახვრებისკენ ჯავრიანი თვალით გაიხედა.

შალიკო–მსახური მოვიდა, ძობას კაცს უთხრა:

– ბატონო–ჩემო! სტუმრები მობრძანდნენ, ადგილები არ გვაქვს და თქვენს მაგიდას თუ დაუთმობთ, აგერ, ა, სამ მანეთს გთავაზობენ... ჩემგან ნუ გეწყინებათ ნურაფერი, მსახური ვარ.

ძობას კაცმა შალიკოს სიტყვებზე ტაშიკოლას მხრჩოლავ პაპიროსს ისევ უსუნა და დინჯად ჩააქრო. როგორ ჩააქრო, იცი? ჯერ თითებით ცეცხლი გააგდებინა, მერე მაგიდაზე დაცემული წვეთი იპოვნა, ნამწვავი იმ წვეთს ციმციმად დაადო, დარწმუნდა, ჩაქრაო, და ჯიბეში ჩაიდო. როცა ამაებს მორჩა, შალიკოსთვის მაშიზღა მოიცალა.

– მარტო რომ ვიყო – სხვაა მაშინ. ორნი ვართ და უნდა დავეკითხო ამ კაცს. წადი, ბიძიკო, და ცოტა ხანში მოდი ისევ.

მსახურმა ულვაშებში ჩაიცინა:

– ამას რა უნდა კითხოთ, ბატონო, ეს მათხოვარია, ტაშიკოლაა. შაური რომ მისცენ მუხრანის ხიდამდე კინტოურის ცეკეით მივა!

ახვრებს მოლოდინი ჰქონდათ, წარბშეკრულები იყურებოდნენ.

– წადი, ბიძიკო. მოდი ისევ და გეტყვი მერე, – გაუმეორა ძობას კაცმა და თავის საქმეს მიჰყვა, შალიკოსთვის ყური აღარ უთხოვეგია.

– აყალმაყალი ატყდეგა, ეს კაცი ხელიდან წამივა, თორემ გინდ თამამშევის შვილები იყვნენ, ამ ახვრების ოთხში ავოყვანას გაყურებინებდი! – ჩაილაპარაკა ძობამ და გადააფურთხა.

ტაშიკოლა ჭამა–სმას მორჩა, ხელები გადაიფშენიტა, წასასვლელად მოემზადა. ძობას კაცმა სათუთუნე მიართვა. მათხოვარმა ნახა, – ჩემი წასვლა არავის ეჩქარებაო, თუთუნი გაახვია, ფეხი ფეხზე გადაიდო, რიგიანად მოიკალათა და გააბოლა.

ძობას კაცის საქციელი, სიმართლეს ვიტყვი, მომეწონა. ვიჯექი, ვფიქრობდი, – ნეტავი მერე რას იზამს, რას მოიმოქმედებს–მეთქი...

დუქანში ზახარ კარპოვიჩი შემოვიდა. ზახარ კარპოვიჩი გახსოვს?.. ასლამაზოვი. არ გახსოვს ელამ კარაპეტას ბიჭი? რანაირ ბეჭედს გინდა, გერბიან ქაღალდს გინდა, რასაც გინდა, იმას გაგიკეთებდა. მოგაგონდა?.. “ზახარ კარპოვიჩი” , იმისმა მზემ!.. კაცად ვინ აგდებდა?! ეგრე იმისთვის შეარქვეს, შორიდან დაგენახა – მინისტრი გეგონებოდა: შლაპა, გალსტუკი, ბუნიკიანი ჯოხი, ფეხზე გამაშები... ახლო ნახავდი, – ყველაფერი დაძენძილ–გაწყალებული ეცვა, იმის ტანისამოსს მეძველმანე უფასოდ არ წაიღებდა. თავის თავს ატყუებდა, რაღა. ჰო, შემოვიდა, დუქანი მოათვალიერა, დახლის ბოლოში დადგა. სამზარეულოს კარი ღია იყო, ვიღაცას ხელი დაუქნია, – გამოდი, საქმე მაქვსო. მარო გამოვიდა, ჩემი ქალი. ზახარ კარპოვიჩმა ყურში რაღაც უთხრა, მიტრიალდა და დუქნიდან გავიდა. მე ეს საქმე არ გამკვირვებია – ჩემი მარო და ზახარ კარპოვიჩი კარის მეზობლები იყვნენ, მაგრამ ძობას კაცმა იმათ ჩურჩულს ისეთნაირი თვალი ესროლა... უნდა გენახა, როგორი.

– ჰა, ძობაჯან, რა კამბეჩივით იბღვირები, განა რა მოხდა? – ისე ვეუბნები, რომ გავამხიარულო და თანაც გუმანი გავუგო. – რასა ფიქრობ, რაზე მოგიწყენია!

– რასა ვფიქრობ? რასა და, ნახე, მარჯვენა ჯიბეში რევოლვერი უდევს. მე რით მივიდე?.. ცარიელა ხელებით მივიდე?!

ცივმა ოფლმა დამასხა. ეს ნათქვამი იმნაირი იყო – ძობა თავის სიტყვას აღარ გადაუხვევდა, თუნდ ეს კაცი თუთაშხია კი არა, გაბრიელ მთავარანგელოზი ყოფილიყო. როცა კაცთან მთელი სიცოცხლე და ათას რამეებში ერთად ხარ, ერთ სიტყვაზე იმისი ყველაფერი დიაკვანივით იცი. ეგრეა... არუთინოვის შვილში გიორგა მათიაშვილმა და ბიჭებმა ოცდაათი ათასი აიღეს და მერე საქმე ისე წავიდა, რომ ყველამ კატორღაში ამოყო თავი. ძობამ ეჭვი, მეთულუხე ჩიხო იყო, იმაზე აიღო, – ამან გასცაო. ვეუბნები, – ვინ გითხრა, საიდან იცი, მაგისი გაცემულები არიან, თუ სხვისი, და რას ერჩი, რათ უნდა მოკლა–მეთქი. ძაღლად ვინ ჩამაგდო, ვისი ტიკი–ტომარა ვიყავი. ორი წელიწადი იმ საქმეს უტრიალა და ერთხელაც გამომიცხადა, – ნაღდად ვიცი, ის ბიჭები მაგისი ჩაყრილები არიანო. ეხლა, როგორ გითხრა, რანაირად ვეხვეწე, ააგდო ქვა და შეუშვირა თავი, – მაგნაირი კაცის სიცოცხლე არ იქნებაო. იპოვნეს მეთულუხე ჩიხო თავგაჩეხილი. ძობას ვერაფერიც ვერ გაუგეს. ესეთ საქმეებში ბედი ჰქონდა–მეთქი, აკი გითხარი. ის მეთულუხე ჩიხო იყო, ავი საქმე სხვას გაუკეთა. ჩვენ გვერდით კაცი იჯდა, იმ კაცის ნახვას ძოვა მთელი სიცოცხლე ნატრობდა, თავისი ოჯახის ამომგდებად მიაჩნდა და გაუშვებდა? არ გაუშვებდა და, ბედი ისეთი რამეა, დღეს გაგიცინებს. ხეალე?..

– რანაირი გულღვარძლიანი კაცი ხარ, ძობა! – სხვა რა უნდა მეთქვა. თავისას მაინც არ დაიშლიდა, მოსახდენი უნდა მომხდარიყო. ეხლა მარტო იმისი ფიქრი მქონდა, რომ საქმე სუფთად გაკეთებულიყო.

სამზარეულოდან მარო გამოეშურა, ძობას კაცთან მივიდა და უთხრა:

– თქვენ რომ ელოდებით, იმ კაცმა შემოგითვალათ, შინა ვარ, მოდითო.

თუთაშხიამ მაროს თავი დაუქნია და სთხოვა, მსახური გამომიგზავნეო.

შალიკო–მსახური მოვიდა.

– მოგვეცი ის სამი მანეთი, რომ გვაძლევდი, და დავცლით ადგილს! – უთხრა ძობას კაცმა.

შალიკომ ფული ამოიღო, გაუწოდა.

– დადე მანდ! – ძობას კაცმა თითით ანიშნა, სადაც უნდა დაედო.

მსახურმა ფული მაგიდაზე დადო.

– რამდენია ჩვენზე?

შალიკომ იანგარიშა, თქვა, რამდენიც იყო.

ძობას კაცმა დანახარჯი გადაიხადა და ტაშიკოლას უთხრა:

– აიღე ეგ ფული. შენია ეგ სამი მანეთი... აიღე და წადი მალე, თვარა წაგართვან, იქნება, ისეთი ხალხი ჩანს ეგ ხალხი.

ტაშიკოლამ ფული ჯიბემი იტუცა და მოუსვა.

ახვრები ნაყიდი ადგილისკენ წამოვიდნენ. ძობას კაცი ჯერაც არ ამდგარიყო – თავზე წამოადგნენ.

– ვითომ რაო, შენმა თავის გახეთქამ, ჩვენი ფული ბარძაყზე გიკმენდა? – თქვა უფროსმა ახვარმა.

ძობას კაცმა ის ხალხი ცივი თვალებით მოიარა წამოდგა და უპასუხა:

– თქვენი აღარ იყო, ჩემი იყო და მივეცი, ვისაც მინდოდა!

ეგ იყო – მიბრუნდა და კარისკენ გაემართა. როცა დუქნიდან გავიდა, ერთმა ახვარმა ძალიან მწარე გინება თქვა და გამოეკიდა. მეორემაც წამოიწია, მაგრამ უფროსი რომელიც იყო, იმან მხარზე ხელი დაადო, დასვა.

– აყალმაყალი არ გინდა! დააქოთაქებს და მოვა.

ძობამ თვალი მიქნა. წამოვდექით, ჩვენც იმ კაცებს მივყევით. კარში გასვლა იყო – გვესმის, ახვარი ძობას კაცს უძახის, – დადექიო!

ძობას კაცი გაჩერდა, მობრუნდა:

– რა გნებავთ, ბატონო!

ახვარმა სილა გააწნა და დააყოლა:

– ეს არის, სხვა არაფერი!

ის ახვარი კაი ვირი იყო და მაგარიცა სთხლიშა.

– კარგია, მეტი თუ არაფერი! – თქვა ძობას კაცმა მიბრუნდა და წავიდა.

– ვაჰ! – ახვარმა და ძობამ ერთადა თქვეს ესა.

ძობას კაცმა თხუთმეტი, ოცი ნაბიჯი გაიარა. ახვარი ხელახლა გამოეკიდა, ისევ დაუყვირა, – დადექიო! იმან ნაბიჯს უკლო. ახვარი უკვე ზედ იყო მისული, ძობას კაცი მოულოდნელად შემოუტრიალდა, მუცელზე რევოლვერი მიაჭირა. ახვარმა რაღაცა ხმა ამოუშვა და ხელები მაღლა წაიღო.

– ჩამოუშვი, არ უთქვამს არავის ხელები მაღლა აწიეო! – ახვარმა ხელები ჩამოუშვა.

– რა გინდა ჩემგან, ბიძიკო? – წყნარად უთხრა ძობას კაცმა. – ყველაფერს ვერ იყიდის კაცი ამ ქვეყანაზე ფულად. ეს მინდოდა, გაგეგო, იმიტომ მივეცი შენი ფული მათხოვარს. ჯერ იქ გამლანძღეთ, მერე დამეწიე და სილა გამარტყი. არ გითხარი არაფერი. ერთი, რომ არ მეცალა შენთვის. მეორე ის, რომ გაპატიე, გამოფხიზლდება და მიხვდება, გლახად რომ იქცევა, ვიფიქრე. არ მეშვები მაინც. კაცმა თუ გაპატია, არ უნდა გეგონოს, ვითომ სუსტია და იმიტომ დაგითმო. ა, უყურე, ჩემს ხელში ხარ და რასაც მინდა, იმას გიზამ. მინდა – გაგლანძღავ, მინდა – გაგლახავ, მინდა – მოგკლავ, მინდა – ამას მოგაწევინებ ბოლომდე, იფუყებს თოფის–წამალი და იმ სიცილს აგერ, ამ ხალხთან ერთად ვიცინებ, შენ და შენს ამხანაგებს თქვენთვის რომ გინდოდათ, – ძობას კაცმა გულის ჯიგიდან ტაშიკოლას პაპიროსის ნამწვავი ამოიღო. – გააღე პირი! მასე... მოუკიდე ცეცხლი!

ახვარმა ისეთი ფაციფუცი ატეხა, იტყოდი, – ცეცხლი ნამესტნიკისათვის უნდაო.

– რასაც მინდა, იმას გიზამ. ჩემი ნებაა ყველაფერი. რატომ, თუ იცი? იმიტომ, ბიძიკო, რომ ძალაა ჩემს ხელში! – გადააგდე მაგ სიბინძურე, გამოიღე პირიდან, რომ გელაპარაკები!.. მასე... რას ვიზამ, თუ იცი? კიდევ გაპატიებ. წადი ახლა, ეცადე, დაივიწყო მასეთები და შენც თუ გაწყენინა ვინმემ, გახსოვდეს, პატიება აჯობებს მაგიერის გადახდას. წადი ახლა!

ძობას კაცი ახვრის წასვლას ელოდა. ახვარი იდგა, აზრზე ვერ მოსულიყო.

– წადი ახლა, რომ გეუბნებიან. – გაუმეორა ძობას კაცმა და თავის გზას გაუდგა.

ახვარმა თავი ჩაღუნა, ნელი ნაბიჯით დუქნისკენ გასნია.

დროგმა ჩამოიარა, იქაურობა ბრაგაბრუგით აიკლო.

– ნახე? – ვთქვი მე. – მაგაზე ცუდი კაცობის თქმა იქნება?

ძობამ თითქოს გამოიღვიძაო, სახეზე ხელები მიისვ–მოისვა, კბილები დააკრაჭუნა და მითხრა:

– ეგ ეხლა ზახარ კარპოვიჩთან მიდის. შორიახლოს მიჰყე. შევიდეს. გარეთ დამელოდე. შინ მივალ, იარაღს წამოვიღებ. თუ გამომასწრო, კიდევ მიჰყევი, გაიგე, სადა დგას. არსად დაგეკარგოს! მიდი.

ძობამ მეტეხისკენ გაჰკრა.

ზახარ კარპოვიჩი ჩუღურეთში იდგა. რომელ სახლში იდგა, იცი? გეო ასლამაზოვის სახლში... მაგასაც მოგაგონებ: ქალაქში ერთი ჭაღარა, წითური კაცი დადიოდა, ზურგზე ერთთავად ტომარა ეკიდა, საცა აგურსა ნახავდა, იმ ტომარაში სდებდა, შინ მიჰქონდა. ლამაზი, მოხდენილი კაცი იყო, მაგრამ ჭკუა აკლდა. მალ–მალე იტყოდა ხოლმე.



გეო ასლამაზოვ,

სახეწითელო, ლამაზო!



შენ გიჟი ეძახე. იმან ეგრე თითო–თითოდ მოგროვებული აგურებით ჩუღურეთში ოროთახიანი სახლი აიშენა. ზახარ კარპოვიჩი გეო ასლამაზოვის ძმისწული იყო. ბიძის სიკვდილის შემდეგ ის სახლი მემკვიდრეობით მიიღო. ერთ ოთახში თავად იდგა, მეორეს აქირავებდა. იმ მეორე ოთახში ჩემი ქვრივი მარო ცხოვრობდა. მაროსთან ყოველ დღემეორე, დღემესამე დავდიოდი, გზაც კარგა ვიცოდი, სახლიცა და ძობას კაცს არხეინად მივდევდი. ძალიან ნელა, ფრთხილად და ეშმაკურად მიდიოდა. ეტყობოდა, იმისიც ეშინოდა, ხომ არავინ ამეკიდაო, და იმისიც – გზა არ ამერიოსო. თვალი შორიდან მეჭირა. როგორც უნდა ევლო – იქ უნდა მისულიყო. ესე გულდაჯერებითა ვარ და, ამასობაში დამეკარგა! ჯერ აქეთ–იქით ვაცეცე თვალები მერე ვივარაუდე, იქნებ წინ წავიდა და სიბნელეში ვერა ვხედავ–მეთქი. ფეხს ავუჩქარე. მაინც არა ჩანდა. ეგრე ძუნძულ–ძუნძულით ზახარ კარპოვიჩის სახლსაც მივადექი, მაგრამ ძობას კაცისა კვალიც არსად იყო. დავაღე პირი და დავდექი. რაღა მექნა!

ცოტა ხანი გავიდა, არ ვიცი, უკან რამ მიმახედა. მივიხედე და ძობას კაცს თვალი მოვკარი. თვალი მოვკარი–მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ნაპერწკალივით გავარდა და გაქრა. კინაღამ იყო, თავში ხელი შემოვიკარი, მივხვდი, – მომატყუა; შემამჩნია, უკან რომ მივდევდი, დამემალა, წინ გამიშვა და თავად გამომყვა. კვალდაკვალ მე მივდევდი და საქმე ისე შემობრუნდტ, რომ ის გამომყვა.

ამ ამბავს კარგი მოფიქრება სჭირდებოდა. ყური მიგდე, რანაირ დღეში ჩავვარდი. ძობას კაცმა ზახარ კარპოვიჩთან მისული და ბრინჯივით დაბნეული მნახა. ახვართან ლაპარაკის დროსაც შემნიშნა. საქულა მჭედლის დუქანში მეცა და ძობაც გვერდზე ვეჯექით. ლაპარაკი არ უნდა, დარწმუნდა, რაღაც ინტერესი გვქონდა, მაგისგან რაღაც გვინდოდა. ეხლა აქ, ზახარ კარპოეიჩის სახლთან ვიდექი – არც იქით მივდიოდი, არც აქეთ ვიძვროდი. ძობას კაცი ამ სახლში შემომსვლელი იყო? ქუდი შეეგდოთ, გამოსატანად შევიდოდა? ესეც იქით იყოს; ორთავემ ვიცოდით, რომ ერთმანეთს ვუთვალთვალებდით. გამოვდევნებოდი? ჯერ საკითხავი ის იყო, ვინ ვის გამოედევნებოდა! დაეწეოდი? იმას იარაღი ჰქონდა, მე ხელცარიელი ვიყავი. მქონოდა კიდეც იარაღი, დავწეოდი კიდეც – რა მეთქვა, რა მინდა–მეთქი?.. გულზე მაინც რაღაცნაირად მსუბუქად ვიყავი. ალბათ, იმიტომ, რომ რახან მიგვიხვდა, წავიდოდა, აგვეცლებოდა, შარს გადავრჩებოდით.

რამდენი ვიფიქრე, იმაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ ამ ჩასვრილი საქმისთვის თავი მიმენებებინა, ზახარ კარპოვიჩთან შევსულიყავი და სანამ ძობა მოვიდოდა, ძობას კაცის ნამდვილი ვინაობა, ძალით იქნებოდა თუ ნებით – გამეგო.

ამაზე მერეც ბევრს ვფიქრობდი ხოლმე და მუდამ იმ აზრამდის მივდიოდი, რომ სწორად გადავწყვიტე. შეიძლება, იმდენი ტვინი არა მქონდეს, რომ უკეთესი რამე მოვიფიქრო, მაგრამ ნაღდია, იმისთანა საქმეში ყველა კაცი ისე მოიქცეოდა.

უკან არც მიმიხედია – დავადე თავი და ზახარ კარპოვიჩის ალაყაფის კრიჭა შევაღე. ერთ–ერთი ფანჯრიდან შუქის ვიწრო ზოლი სცემდა – დარაბა კარგა არ იყო ჩაკეტილი. კარზე მივუკაკუნე თუ არა, ოთახში სინათლე ჩაქრა: დაიმალა ზახარ კარპოვიჩი! რახან დაბარებულ კაცთან დათქმული კაკუნი ვერ იცნო, დამალვა არჩია.

კიდევ დავაკაკუნე.

ხმა ვინ გამცა.

– კარპოვიჩ, გააღე! ვიცი, შინა ხარ. ნუ გეშინია, ვასო ვარ, ვასო! – ხმადაბლა შევძახე.

რაღას იზამდა.

– კტო ტამ?

– გააღე, ვასო ვარ!

– კარები შეგეშალა, ვასოჯან. მაროს კარები – რიადომ, თანაც ჯერ შინ არ იქნება დუქანშია!

– კაცო, გააღე–მეთქი, საქმე მაქვს.

კარპოვიჩმა ეხლაც არ გააღო:

– ვასოჯან, პაჟალსტა, სხვა დროს მოდი, ეხლა ოთახში ასობა მყავს... ქალი, რაღა!

– კარპოვიჩ! – ძალიან გავბრაზდი, რომ მეტი არ იქნება. – თუ გამიღებ, ალალად ვამბობ, საქმე მაქვს, გკითხავ და წავალ. თუ არ გამიღებ, კარს შემოვიტან, მაგ შენი ქალით დავიწყებ და კარპოვიჩით მოვრჩები!

– ნი მაგუ. – თაეისაზე დადგა, მამაძაღლი.

მაშინ წიხლი ავიქნიე, კარის გვერდით ფანჯარა იყო, იმისი შუშა ლაწალუწით ჩამოვიღე.

– ატ–კრივაიუ! – აღარ გატეხო, ატ–კრივაიუ!

ნათქვამი არა ჰქონდა – კარი ღია იყო!

– პრაშუ, ბატონო!

სანამ ოთახში ფეხი შევდგი, კარპოვიჩი უკვე ლამპას ანთებდა. აანთო, გაასწორა და ვითომ წყალდიდობაში დამხრჩვალი შეილი საღ–სალამათი დაუბრუნდი, ისე გაიხარა:

– ვაჰ! ვასოჯან მართლა შენა ხარ?.. კავო ია ვიჟუ. არა, შენა და ძობა ეხლახან დუქანში არ ისხედით? დაჯე, რაღა. ზა მებლიროვკუ – პარდონ!

– აკი ქალი მყავსო! აბა, ასობა?

– ეჰ, ვასოჯან, კლასიჩესკი განათლება მიმიღია – ჩემისთანა კაცი სხვანაირად იტყვის?.. იმას იტყვის, ეხლა არა მცალია, ვ დრუგოი რაზ მოდიო? ეგ არაფერი. სულაც არაფერი. შენ ისა თქვი, ამ შუაღამეზე რა გაგჭირვებია, ჩემ მაგუ სლუჟიტ.

ოთახს თვალი მოვაელე, კარპოეიჩს მივაციედი:

– იმ კაცის სახელი და გვარი თქვი!

– რომელი კაცისა, ვასოჯან?

– რომელიც მაროს პირით დაიბარე და აქ უნდა მოსულიყო!

– ვაი! შტო ზნაჩიტ მოსულიყო... აღარ მოვა?..

– აღარ მოვა!

კარპოვიჩს ფერი წაუვიდა, ხელისგული პირზე აიფარა და გაინაბა.

– ჰა დროზე!

– დამღუპე, ვასოჯან?.. მართლა აღარ მოვა, თუ შუტკაა.

რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩემს სიტყვას თავი ბანისკენ უკრა და რაღაცეების ღერღვას მოჰყვა.

კარპოვიჩისთანა ცბიერი, ეშმაკი ყალთაბანდი მაშინდელ თბილისში მეორე არ იყო. შევატყე, თავის დაძვრენა უნდოდა... არა, ის კაცი რომ ხელიდან წაუვიდა, ამას მართლა ნანობდა. როგორ იყო და როგორ არა, მე იმ კაცის ვინაობა მჭირდებოდა და დაწყებული საქმე ბოლომდის უნდა მიმეყვანა; კედელთან კარპოვიჩის ვერცხლისბუნიკიანი ჯოხი დავინახე, ის ჯოხი მოვიმარჯვე და ვთქვი:

– იტყვი თუ არა!

– ვაჰ! ერთი რომ – არ ვიცი. მეორე ისა, ვიცოდე – მაინც არ გეტყოდი, პრაფესიონალნი ტაინა!

– გაიხადე! – ზეზე წამოვვარდი კარპოვიჩს თავზე ჯოხით წავადექი.

ყალთაბანდი იანერის ბეღურასავით მოიბუზა, მოიკუნტა, ისეთი საბრალო გახდა, რაღა დავმალო და, შემეცოდა კიდეც.

– რა გავიხადო?..

– ყველაფერი გაიხადე!

კარპოვიჩი უმალვე გახდას შეუდგა და თან აილაპარაკა:

– პოლიციუ პაზავუ!.. – შევატყე, პოლიციის ხსენყბაზე ჟრუანტელმა დაუარა.

– პოლიციუ, თორემ, შენმა მზემ, შენი გულისთვის ნახევარ თბილისს ბრატსკის კატორღაში გაისტუმრებენ, მეორე ნახევარს სახრჩობელაზე გაიყვანენ. გაიხადე, მალე!

ყვირილი საჭირო აღარ იყო; ჟილეტი და პერანგი უკვე მკლავზე ეკიდა, ხელები ქამარზე ეჭირა და თვალებში შემომცქეროდა, – შარვალიც გავიხადო თუ იყოსო? ცალი წარბი ავწიე – კარპოვიჩი თვალის დახამხამებაში დედიშობილა დარჩა.

– რას მიპირებ, ვასოჯან?

მაგიდას მკლავი მოვუსეი, ზედ თუკი რამე იყო – ძირს გადმოვყარე.

– დაწე. პირქვე დაწე!

– ვაჰ, ვასოჯან, როზგი რათ გინდა, ბურსაა თუ ბატალიონი? – თქმითა თქვა, მაგრამ მაგიდაზე პირქვე დაემხო და ხელები ისე დაილაგა, როგორც მაიდანში მექისეს დაუწვებიან ხოლმე.

ისეთებისა დავცხე – მატლივით დაიკლაკნა.

– ინკვიზიცია! პრაიზვოლ! – იძახდა კარპოვიჩი და ცრემლები ღაპაღუპით გადმოსდიოდა.

ხუთი დავარტყი, ის ერთადერთი სკამი მივიდგი, ჩამოვჯექი და წყნარად ვკითხე:

– ვინ არის და რისთეის დაიბა ე..

– კაცო, რატო არა გჯერა, გვარ–სახელი არ ვიცი. ქუთაისიდან ბუკოვსკიმ გამომიგზავნა, ცარიელა ზაგრანიჩნი პასპორტი უშოვნე, ბეჭედი უქენი და აქ მე შევამსებ, რა გვარზეც საჭირო იქნებაო. კლიანუს ჩესტიუ! ჩემი საქმე – კნიჟკა ი პეჩატ, მეტი არაფერი!

ამნაირ საქმეებში ეგრეცა ხდება, ვიცოდი, მაგრამ აზრზე მოვედი, რომ ძობას კაცი ხელიდან წაგვივიდა, ბრაზი მომედო, წამოვხტი, ჯოხი ავწიე, კარპოვიჩი წინდაწინ დაიკლაკნა და ამ დროს, პუპლუზ – ძობას კაცმა კარი შემოაღო!

ჯოხი დავუშვი. გავშრი. გავშრებოდი, მაშ რა იქნებოდა! ჯერ ერთი, არ მოველოდი. მერე, რა დასამალია, რაც მე თუთაშხიაზე მქონდა გაგონილი იმისი ნახევარი ყოფილიყო მართალი – მიდი და ნუ გაშრები! ამასაც თავი გავანებოთ, იმდენ რამეში გამოვლილ კაცს კარი ღია უნდა დამრჩენოდა? – ერთი სიტყვით, ტუტუცივით ვიყავი და სულ ის ფიქრი მქონდა, – ნეტავი არ მოსულიყო–მეთქი. კაცო, პირდაპირ საკვირველია, მთელი საღამო ვერაფრით ვერ გამეგო, რა მინდოდა. თუ დავინახავდი, რომ ძობას კაცი ხელიდან წამივიდა, – ბრაზი მახრჩობდა, – ეს რანაირად დამემართა–მეთქი. თუ თვალწინა მყავდა და ვიცოდი, ვერსად წაგვივიდოდა, – ნეტავი დაიკარგოს, თვალით აღარ ვნახო–მეთქი. შიში არასოდეს არა მცოდნია – ელდა ვიცოდი. მაშინაც შიმი არ იყო, ელდა მეცა. იმ ელდამ გადამიარა თუ არა, გავიფიქრე, ეს კაცი აქაურობას ეხლავე თუ არ გაეცალა, საცაა ძობა მოვა და სისხლი დაიღვრება–მეთქი.

ძობას კაცი მოგვიახლოვდა. ხან მე მიყურებდა, ხან პირქვე წაწოლილ ზახარ კარპოვიჩს.

– პრიშოლ. – კარპოვიჩს იმისი მოსვლა ისე გაუხარდა, მეგონა, ახტებოდა და ჩაეხუტებოდა...

მაგიდიდან ისკუპა, ნიფხავ–პერანგი ჩაიცვა, ფეხები შარვალში გაუყარა, თვალის დახამხამებაში ისე იყო, გინდა რაუტზე წამოგყვებოდა... თავისი გამაშებიც კი გაიკეთა. ცირკში ერთი კაცი ვნახე, ბარე ასნაირი ტანისამოსი ხუთ წუთში გამოიცვალა. კარპოვიჩის სიმარდე იმ კაცსაც კი შეშურდებოდა.

– პრიშოლ, გალუბჩიკ. – კარპოვიჩს კუთხეში სკივრი ჰქონდა მიდგმული, იმ სკივრს დაეჯაჯგურა, გამოწევა დაუპირა.

– ვინ ხარ და რაში გჭირდება ჩემი ვინაობა? – მკითხა ძობას კაცმა.

ის “ინკვიზიცია” და “პრაიზვოლი” თავიდან ბოლომდის მოსმენილიცა ჰქონდა და ნახულიც! ერთი წუთით გავფუჭდი მაგრამ თავს დროზე მოვერიე და ვკითხე.

– დათა თუთაშხია ხარ?

ზახარ კარპოვიჩმა ამ გვარ–სახელის გაგონებაზე სკივრს ხელი გაუშვა, ზედ ჩამოჯდა და ძობას კაცს პირდაღებული მიაცივდა.

– კატორღაში თუ ხარ ნამყოფი? – მკითხა ძობას კაცმა.

თავი დავიქნიე, – ნამყოფი ვარ–მეთქი.

– რაზე მოგცეს?

– ყალბი ფულის მოჭრაზე... – ამ კაცმა ხელში ამიყვანა და თავის ნებაზე მატრიალებდა. დავაპირე მეთქვა, – რა შენი საქმეა, ვიყავი კატორღაში თუ არ ვიყავი! თქვი თუთაშხია ხარ თუ არა–მეთქი, და ამის მაგივრად რა ვთქვი, საიდან იცი–მეთქი?

– ბორკილი გაქვს ნათრევი. სიარულში გეტყობა.

მდია და მარტო იმას კი არ უყურა, საით მივდიოდი ან სად მოვედი. ისიც შენიშნა, რომ კატორღაში ნამყოფი ვარ. ეხლა იმასაც შემეკითხებოდა, სად, რა საქმეები მიკეთებია და, ვინ იცის, მათქმევინებდა კიდეც. მერე თავს მატარებელზეც გამაცილებინებდა, ხურჯინებს ვაგონში ამატანინებდა, აბაზს მომცემდა და გამომისტუმრებდა...

– თუთაშხია ვარ. დათა თუთამხია ვარ. რა გინდა მერე.

– ძობა ძიგუა გახსოვს?

– კი მახსოვს. ის იყო, შენ რომ გახლდა?..

– ის იყო.

თუთაშხია დაფიქრდა. მერე თვალი თვალში გამიყარა და თქვა:

– მერე?

– მერე ისა, რომ საცაა შემოვა. შენ მოსაკლავად მოვა... დაუნდობელი კაცია, უკან არ დაიხევს. აბა, რა გითხრა, რომელი დაასწრებთ, მაგრამ სისხლი დაიღვრება, ნაღდია.

კარპოვიჩი სკივრიდან ნაკბენივით წამოვარდა.

– შტო?! ჩემ სახლში უბიისტვა?.. სველ საქმეში გინდათ გამხვიოთ?! პალიციუ პაზავუ, გარადავოი!..

– წყნარად!..

– დაჯე, ფარმაზონობას მოეშვი, შენი...

ზახარ კარპოვიჩი თავის სკივრზე დაეშვა, გაინაბა.

თუთაშხიამ პატარა ხანს იყუჩა და მომიბრუნდა:

– ჩემი მოკვლა უნდა ძობა ძიგუას?.. რატომ?

– ეგ თქვენ ორმა უკეთ იცით.

– რა ვქნა მერე მე, რას მეტყვი, როგორ მოვიქცე?

– გაათავე შენი საქმე და აქედან წადი სანამ მოსულა!

თუთაშხიამ ჩაილაპარაკა..

– ვიფიქრებ მე.

ჯიბიდან სამი ასმანეთიანი ამოიღო, კარპოვიჩს გაუწოდა და უთხრა:

– მო ეცი ის... რისთვისაც დამიბარე.

კარპოვიჩი რისი კარპოვიჩი იქნებოდა, ყოველნაირი საქმიდან თავისი ხეირი არ გამოეტანა; რა უთხრა, არ იტყვი?..

– იმ კაცმა შემოგითვალათ, მარტო კნიჟკა ორმოცი თუმანი მიზისო და ბეჭედიც ათი თუმანი – სულ ორმოცდაათი თუმანი უნდა. ნაკლებში არ იქნებაო! კლიანუს ჩესტიუ. რახან საქმე ცოტა სხვანაირად წავიდა, მე ჩემ კომისიონებზე ხელი ამიღია, არაფერიც არ მინდა. ნი კაპეიკი ბოლშე!

გაწუწკებულმა ჩარჩებმა იციან – საქონელს გაჩვენებენ, მოგირიგდებიან, ფულის მოსატანად წახვალ, დაბრუნდები და გეტყვიან, – ამ საქონლის პატრონმა, მაგ ფასში ვეღარ მოგცემთ, ამდენი და ამდენი უნდაო. საქონლის პატრონი თავად არის, მაგრამ გატყობს, ინტერესში ხარ, მეტი აგძვრეგა. რის კაცი, რომელი კაცი, რომელი კომისიონები და ბეებიო... კარპოვიჩმა დაინახა, – ეჩქარებათ, ოც თუმანზე ლაპარაკს არ დაიწყებენო, და ფანდები დაყარა. გული მომივიდა, მაგრამ დარდი არაფრისა მქონდა, ოღონდ ეს კაცი აქაურობას მალე გასცლოდა, კარპოვიჩს გინდ ასი თუმანი გადაეხდევინებინა.

თუთაშხიამ ჯიბეები ღიმილ–ღიმილით ამოიბრუნა, კიდევ რვა თუმანი მოაგროვა.

– ჰა ესეც, არ მაქვს მეტი, თვარა არ გალაპარაკებდი, მოგცემდი.

– ნი მაგუ, გალუბჩიკ. თორმეტი თუმანი მე დავადო? ნი მაგუ.

კაცო, საქმე წამებზე ეკიდა, ეს კიდევ – ნი მაგუო? ეგეც არ იყოს, გავუგე, კარპოვიჩს რის იმედიცა ჰქონდა. რისი და, ვასოს ამ კაცზე მეტად ეჩქარება, ამოიღებს და მომცემსო! მქონოდა კიდეც – არ მივცემდი. მივცემდი კი არა? ეფიქრობდი, თუთაშხია წავა, დავრჩები და ზახარ კარპოვიჩს იმ ფულს ან სულ წავართმევ, ან ნახევარში ჩავუდგები–მეთქი. უარესის ღირსიც იყო.

– კაი, აბა, იყოს ეს ოცდათვრამეტი თუმანი შენთან. წავალ და მოვიტან კიდევ თორმეტ თუმანს მე. – თუთაშხიამ ფული მაგიდაზე დაყარა, მე მითხრა: – ძობამ დამიცადოს პატარა ხანს, მოვალ უსათუოდ მე, – და კარისკენ გასწია.

თუთაშხიას დაბრუნება და ძობასთან შეყრა მინდოდა?!.. არა და ისეთი კაცი ჩანდა, უეჭველად დაბრუნდებოდა... ვისკუპე, ჯოხს ხელი ვტაცე და სანაშ ვინშე რამის თქმას მოასწრებდა, კარპოვიჩს დავუშინე. თანა ვცემ, თან მუხლებით თავისი სკივრისკენ მიხოხავს. თანა ვცემ, თან თავის სკივრს ეჯაჯგურება. სკივრს სახურავი ახადა, ქაღალდევში გახვეული პასპორტი ამოიღო – მე მაინცა ვცემ. მაგიდაზე დადო – მაშინღა მოვეშვი. იმოდენა ხანი ვცემე – არც დაკლაკნილა, არც კრინტი დაუძრავს, ვითომ ვერცა გრძნობდა. ეს იმიტომ, რომ ნამდვილი შიში ნახა, სიკვდილი დაინახა, არტისტობის იშტა გადაუვარდა.

– რატომ ქენი მასე. მეც შემეძლო ეგ, თუ საჭირო იქნებოდა, – მითხრა თუთაშხიამ.

– კაცო, რატომა ვქენი და აიღე შენი პასპორტი და წადი, რაღა!..

სიტყვა გამიწყდა: თვალებში დავუნახე, არსად არ იყო წამსვლელი. ჭკუამ მითხრა, ამ კაცის წასელა არ იქნებოდა, ეს კაცი ვერავისა და ვერაფერს გაექცეოდა.

თუთაშხიამ მაგიდასთან სკამი მიიდგა, დაჯდა და კარპოვიჩის ნახელავს დაუწყო თვალიერება.

ვისაც გამოუცდია, კვერს დამიკრაეს – გაჭიანურებულმა შიშმა და საფრთხემ გაპარვა იცის. გაპარვა როგორ? ერთი ისეთი საათიც დადგება, რომ ხედავ, სიკვდილია თუ რაც არის, ფეხებში გებლანდება, ერთთავად შენთან ტრიალებს, მაგრამ ამ დროს შენ რაზე ფიქრობ, იცი? რაზე და, ვთქვათ, ბალღობაში კარგი ჯილა კოჭი გქონია და გაგონდება, მტკვარზე საბანაოდ იყავი, ის ჯილა წყალში გადაგივარდა. ან კიდევ, თითებზე იყურები და გიკვირს, ფრჩხილები აყვავებული გქონდა ხოლმე, ეხლა ყვავილები ჩაგიქრა. სად წავიდა?.. სიკვდილია თუ რაც არის, ამ დროს ფეხებში დაგიძვრება, მაგრამ შენთვის უკვე სულერთია, მოვა თუ არ მოვა, მოხდება თუ არ მოხდება... აი, ამნაირ გუნებაზე დავდექი.

მივედი, მეც იმ პასპორტში ჩავიხედე. თუთაშხიამ პასპორტი გამომიწოდა, – შენცა ნახე, ვარგა თუ არაო. კარგი ნახელავი იყო. კარპოვიჩი სუფთად მუშაობდა, ნიჭი ჰქონდა – რაც მართალია, მართალია.

რაღაც გაჭრაჭუნება გავიგონე, მაგრამ იმ გუნებაზე აღარ ვიყავი, რამესთვის ყური მეთხოვებინა. სამაგიეროდ კარპოვიჩი დაფაცურდა, ხან საით მიაწყდა, ხან – საით. მერე სკივრს ისევ აჰხადა თავი...

– ვიღაცა მოდის! ძობაა, ჩემმა მზემ!.. ამაზე რიგიანი ადგილი არსადაც არ იქნება ნასინჯი მაქვს! – კარპოვიჩს შიშისგან ყბა უკანკალებდა.

თუთაშხიამ ახდილ კიდობანს გადახედა, დაინახა, შიგ ეპატიჟებოდნენ, და გაიცინა. პასპორტი უბეში შეინახა. სათუთუნე ამოიღო, ახადა.

ზახარ კარპოვიჩმა არც აცია, არც აცხელა – სკივრში ჩაძვრა და ხუფი ზედ დაიმხო.

თუთაშხია პაპიროსს ახვევდა.

გამეცინა, – ეს რა კაი ხალხში ჩავვარდი–მეთქი, და კარში გავედი. ჭიშკრამდის შუა გზაზე ძობა შემომეყარა.

– სად არის! – ფეთიანივით იყო, არყის სუნი ამოსდიოდა.

ძობა საქმეზე მიმავალი, მოგეკლა, სასმელს არ გაეკარებოდა. გამიკვირდა, – არაყი რაში დასჭირდა–მეთქი. ყველაფერი ვუამგე. ისე ვუამბე, არც დამიკლია რამე და არც მომიმატებია. ის მკელელობა და დავიდარაბა მინდოდა, თუ არ მინდოდა, იმნაირ ძმაკაცობამი ტყუილის უფლება არც ერთს არა გვქონდა, ვერცა ვთქვი. ძობა გულდასმით მისმენდა და როგორც მაძღარმა ქათამმა ანაკმაზიდან ხორბალი ამოკენკოს, ჩემი ნათქვამიდან თითო–ოროლა რამეს ისე კენკავდა და ხმადაბლა იმეორებდა:

– თავად აგედევნა?.. იცოდა, შიგ იყავი და მაინც შემოეიდა... დათა თუთაშხია ვარ, მერე რა გინდაო?.. უთხარი, ძობა შენ მოსაკლავად მოდის, წადი, აქაურობას გაერიდეო, და არ წავიდა?.. ეხლავე მოვალ, იმ თორმეტ თუმანსაც მოვიტანო? – მოვიდოდა, ნაღდია!.. კარპოვიჩმა, – სკივრში ჩაძვერიო? მანდა ზის და მელოდება? არ წავა. მაგის წასვლა არ იქნება!..

სათქმელს მოვრჩი. ძობა იდგა, ფიქრობდა, მალიმალ სახეზე ხელს ისვამდა.

– ამდენი ხნის გულისნადებზე კაცმა ხელი როგორ უნდა აიღოს! – მარტო ეს ჩაილაპარაკა და ისევ ფიქრს მიჰყვა.

მე, რატომღაც, ქუთაისელი ბუკოვსკი მომაგონდა და იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ სწორად მოიქცა, როცა ზახარ კარპოვიჩს თუთაშხიას გვარ–სახელი დაუმალა და სუფთა პასპორტი გააკეთებინა. ზახარ კარპოვიჩი წურბელა იყო, ფულს მარტო საბუთების კეთებაში კი არა შოულობდა... ამ ამბავზე ხუთი, ექვსი წლით ადრე ჩიორაძეს ინჟინრის დიპლომი გაუკეთა. ჩიორაძე არიფი იყო, დიპლომი ზახარ კარპოვიჩს შეავსებინა. მერე იმ “ინჟინერმა” კარგი სამსახური იშოვნა, მოიჯარადრეობა დაიწყო და სახაზინო საქმეებზე გამდიდრდა კიდეც. მაშინ ზახარ კარპოვიჩმა, ძაღლისუბნელი ნიკა და ხარფუხელი არამა იყვნენ – შანტაჟისტეგი, იმათ უთხრა, ჩიორაძეს ყალბი დიპლომი აქვს, მიდით, ფულები წაართვითო. ყალბი დიპლომის წყალობით გაინჟინრებულსა და გამდიდრებულ კაცს სხვა რა გზა ჰქონდა?.. ან უნდა საქმე გაჰხსნოდა და მთავრობაში და დიდკაცობაში გარეულ კაცს ყალთაბანდის სახელი დავარდნოდა, ან შანტაჟისტებისგან ფულით უნდა დაეხსნა თავი. სამასი თუმანი გადაიხადა. კარპოვიჩს, როგორც საქმის მიმცემს, ასი თუმანი ერგებოდა, ესე იყვნენ მორიგებულები. ოცი თუმნის მეტი არ მისცეს, ოთხმოცი თუმანი გადაღუნეს. კარპოვიჩისთვის ოცი თუმანიც ნაჩუქარივით იყო. გაჩუმდა. გინდ არ გაჩუმებულიყო – რას იზამდა. შანტაჟისტებმა, რახან გზა დაისწავლეს, ჩიორაძესთან მალ–მალე მიდიოდნენ ხოლმე. ისიც აძლევდა. ერთხელაც იყო, “ინჟინერმა” ძაღლისუბნელ ნიკას ორი ტყვია ესროლა და მოკლა. ჩიორაძეს არაფერიც არ უქნეს, მთელი თავისი დღე და მოსწრება ფული ნიჩბითა ხვეტა. ეხლაც ცოცხალია, ბინების დალალობას ეწევა. ხალხი ჰყავდა, რას გაიმეტებდნენ. ხარფუხელი არამა დაიჭირეს, კატორღა მისცეს და აღარც დაბრუნებულა...

ვიდექი, ამ საქმის ასავალ–დასავალზე ვფიქრობდი და ამ დროს ზახარ კარპოვიჩის კარი გაიღო, თუთაშხია გარეთ გამოვიდა, დადგა. მთვარე ცაზე ზის, იქაურობას ანათებს, შუადღე გეგონება. თუთაშხია გულხელდაკრეფილი დგას. ძობა მისჩერებია, თვალს ვერ აშორებს. ესე ცოტა ხანმა გაიარა. მერე ძობამ ჯიბიდან რევოლეერი დააძრო, ორი ტყვია ზედიზედ გაისროლა, შეტრიალდა და ეზოდან გავარდა.

დაღმართებში გარბოდა. წყნარი ღამე იყო, ფეხების ტყაპატყუპი კარგა ხანხ მოდიოდა. თუთაშხია ისევ იქ იდგა, ისევ ისე იდგა. დავიძარი, მივედი, შევათვალიერე.

იღლიაში რევოლვერი ჰქონდა გაჩრილი, ტარი გარეთ იყურებოდა.

– ჰაერში გაისროლა ორივე! – მითხრა თუთაშხიამ.

წამოვედი.

სამი თუ ოთხი თვე გავიდა. ერთხელ ხარაჩოზე ვართ გასული, ჭერებსა ვხატავთ. ძობა კარგ გუნებაზეა, მღერის. სხვათაშორის ვკითხე, – როგორ გამოვიდა, რომ არ მოკალი–მეთქი.

– ეგეთი კაცის მოკვლა არ შეიძლებოდა!

– მაშ, რაღად ესროლე?

კარგა ხანს იყო ჩუმად. არ ვიცი, რასა ფიქრობდა. მერე ყალამი საღეგავმი ჩააწო დაბერტყა და მითხრა:

– არც ის იქნებოდა, რომ არ გამესროლა!

სიმღერის იშტა გადაუვარდა, საღამომდის ხმა აღარ ამოუღია.

ერთი კვირის შემდეგ ისევ დუქანში ვისხედით, პურსა ვჭამდით. ერთი ვანუა იყო სოლოლაკელი, მახორკას ეძახდნენ. მოეიდა, ჩვენ სუფრას მოუჯდა. ძობასა სთხოვა, – ერთი–ორი დღით რევოლვერი მათხოვე, მჭირდებაო. ძობამ უარი უთხრა, არანაირი იარაღი აღარა მაქვსო. მახორკამ არ დაიჯერა, მაგრამ რას იზამდა – მიბრუნდა და წავიდა. მართალი გითხრა, მაშინ მეც ისე მეგონა, – თავიდან მოიშორა–მეთქი. არა, იმის მემდეგ ძობამ ბარე ოცდახუთი წელიწადი იცოცხლა, ბოლომდის ძმაკაცებად დავრჩით, მაგრამ იმის ხელში იარაღი არც დამინახია და არც გამიგონია, რომ ჰქონოდა.

აღარასოდეს აღარა ჰქონია.

 

Hosted by uCoz