ვანო ნათოფრიშვილი

 

– ეგა მე ყეელაფერი ჩემი თვალითა ვნახე! შენთვის როგორც უთქვამთ, ეგრე არ იყო. როგორ იყო და... ჩემზე ადრე არავის დაუნახია. ჯერ მე დავინახე, ბაღებზე გამორბოდნენ. წინ სპარაპეტა მოდიოდა, უკან მეგრელი მოსდევდა – ისა, დათაი.

ეხლა როგორ დავინახე. ყაზარმებს ზემოდან, გორაკზე, აგურხანა იდგა, ეხლაცა დგას. სპარსელისა იყო. მაშინ იმ სპარსელთან დარაჯად ვიყავ, აგურხანას ვუდექი. ჰოოდე, და ვნახე, რომა გამორბიან. კვირა დღე იყო. დილითვე თვალი მოვკარი, სალდათმა ყაზარმებთან ორი პატიმარი მიიყვანა, შეშას მიუყენა: ხერხავდნენ, აპობდნენ და შეჰქონდათ. ბაღებში რომ დავინახე, მაშინვე მივხედი, – გამოჰპარვიან და გარბიან–მეთქი. თოფი მხარზე მქონდა. იმათთვის მესროლნა – არ ივარგებდა: რა იცის კაცმა, იქნება ძმები ჰყავთ ან ნათესავები... რა ჩემი საქმე იყო, მე აგურხანას ვუდექი. არ მესროლა – არ ივარგებდა, გამაქანებდნენ და თავს მეტეხის ციხეში ამომაყოფინებდნენ, – მიმრბოლავი პატიმრები ნახე თოფი გქონდა და არა იღონე რაო! ავდექი და ჰაერში გავისროლე, კიდევ გავტენე და კიდევ გავისროლე; ორი თოფი გაქცევის ნიშანია. ისე გამოვიყვანე, რომა არც მიმრბოლავ პატიმრებს ვესროლე და არც თავი ავიყრუე, ვახმისტრის გასაგონად დავცალე – დასდგომოდა და ედევნა... არც მწვადი დავწვი და არც შამფური, მაშა!

პირველი დავცალე – იმ სალდათმა, რომელიცა თვლემდა და ვისაც გამოეპარნენ – გამოიღვიძა და იმანაც ორი დაცალა. ყაზარმიდან ვახმისტრი გამოვარდა. ერთი კი დაიყვირა და კიდეე სამი სალდტთი, მეძაღლე და ძაღლი გამოცვიედნენ, აგრე უცბათა, კაცოო! ვერ წაუვლენ–მეთქი, ამის გაფიქრება მოვასწარი და თავისი ვახმისტრით გამართული სალდათები უკვე თავქვეში გარბოდნენ. ძაღლმა კვალი კუნძებთანვე აიღო და მიჰყვა. ისე ძალუმად მიდიოდა, ლამის თასმა გაეწყვიტა. ერთი სიტყვით, კვალზე სირბილით მისდევდნენ, მაგრამა სანამ ესენი წყალს მიადგნენ, სპარაპეტა და თუთაშხია, ცოტა აკლდათ, შუა მტკვარში იყვნენ.

ვახმისტრი, როგორც მირბოდა, არც გაჩერებულა, წყალში შეტოპა ლაჯებამდისინ შევიდა; ჩექმები დაუმძიმდა და მაშინღა შედგა. მამაცხონებული, რასა ფიქრობდა, სადამდის უნდა ევლო!.. ცოტა ხანი აგრე იდგა. მერე ისევ ხმელზე გამოტოპა, სალდათებს დაუყვირა, – ესროლეთო! სალდათებმა ჩაიმუხლეს და ერთი ისეთი ბაგაბუგი ატეხეს, რომაა!..

გაქცეულებმა ჩაყვინთეს. ჩაყეინთეს და ესენიც მოეშვნენ სროლასა. სპარაპეტამ ამოყვინთა, ვახმისტრს გამოსძახა, – აღარ მესროლოთ, ვბრუნდებიო! ქალაქელ ქურდსა რა ჭკუა ესწავლება, რა. სალდათებისკენ გამოსჭრა და აღარც ესროლეს. ისე კი, იმ სპარაპეტას დარდი ნაკლებათა ჰქონდათ, თვალი წყალზე ეჭირათ, თუთაშხიას ეძებდნენ.

ვახმისტრმა სპარაპეტას გასძახა, მეგრელი რაღა იქნაო. ქურდი მიბრუნდა და დაიყვირა: – დათაა!.. გამო, მე მომკლავენო!

დათა არსად იყო, სპარაპეტამ ისევ ნაპირისკენ გამოსწია, მაგრამა წყალს ქვევით მიჰქონდა და სალდათებიც ნაპირ–ნაპირ წაფრატუნდნენ; ცალი თვალი სპარაპეტაზე ჰქონდათ! თან თუთაშხიას გამოჩენას ელოდნენ. ერთი კი გავიფიქრე, – უთუოდ ტყვია მოხვდა და მოკვდა ან დაიჭრა და დაიხრჩო–მეთქი. გინახავს?! ამოყვინთა და მერე სადა – გაღმა ნაპირს აღარაფერი უკლდა! ვახმისტრმაც დაინახა, ნაბიჯს უმატა და ისევ დაიძახა, – ესროლეთო. ისევ სროლა აუტეხეს, ეჰე–ჰე–ჰეე, რა ამბავი ატყდა, კაცოო!..

მტკეარი ადიდებული მოდიოდა, თუთაშხია შორს იყო, ერთიც არ მოხვდა ისევ ჩაყვინთა და მორჩა!

ამაობაში სპარაპეტა წყალს კიდევ ქვევით ჩაეტანა. სალდათები ისევ დაიძრნენ, სპარაპეტას დასახვედრად გასწიეს. მარტო მეძაღლე ჩამორჩა – ძაღლი აღარ მისდევდა და იმიტომა. მეძაღლე ქვევით ეწეოდა, ძაღლი ზევითკენ იწევდა. ძალს ძაღლი და ძალს მეძაღლე. მერე მეძაღლე გაწყრა, წიხლი დაუშინა. რაღას იზამდა ძაღლი, დაჰყვა და ძუნძულით წავიდნენ.

სპარაპეტა ფეხზე დადგა, ხელები მაღლა ასწია, გამოტოპა. მკერდში კონდახი დაჰკრეს, წააქციეს, პირქვე დააწვინეს. ვახმისტრმა – მეძაღლეცა და ძაღლიც სპარაპეტას დაუყენა, სხვები თან გაიყოლა და ისევ ნაპირს ჩაჰყვნენ. იმ აგურხანას უჩემოდ რა მოუვიდოდა და სპარსელიც რაღა ეხლა მოვიდოდა?.. დავადე თავი და ნაპირზე ჩავედი, მეც იმ სალდათებში გავერიე.

“ვირს რომ ზურგი აჰქავდება! მეწისქვილეს მიადგებაო”, – მეც ისე მომივიდა. ეხლა ნახე შენა: გავერიე და სალდათებიც აყაყანდნენ: დათა თუთაშხია, გაღმა ნაპირზე ბექობი იყო, იმაზე იდგა ჯიშიანი მამალივითა, დოინჯშემოყრილი იდგა. მერე უბეში ხელი ჩაიყო, სვანური ქუდი ეხურა ხოლმე, ის ქუდი ამოიღო, გაწურა და დაიხურა.

დაიხურა და ცას აჰხედა.

ღრუბლიანი იყო, ცრიდა.

გამიკეირდა, – რაღას უდგას–მეთქი. სალდათებმა ისევ დაუშინეს. დათა თუთაშხია მიტრიალდა, შიმალში შევიდა. წყნარად, დინჯად მიდიოდა, თითქოს ტყვიას არა და ქოქოლას აყრიანო.

წავიდა!

ამათ რაც ვაზნა ჰქონდათ, ერთიანად დაწვეს და ვერ კი მოარტყეს. წავიდა და წავიდა!

ვახმისტრი მომიტრიალდა, თვალები გადმომიკარკლა და დამიყვირა – შე სვოლოჩო, ჰაერში რას ისროდი, ამათთვის გესროლნაო!

ვაშე სკავაროდიე–მეთქი...

ახ სკავაროდიეო?! – ერთი ისეთი სილა გამაწნა, მე და ჩემმა ღმერთმა, აგურხანაში ვყოფილიყავ, იქ გავიგონებდი. გამაწნა და დააყოლა – რაზ სკავარადაო! ახლა მეორე ლოყაში გამაწნა და დააყოლა, – დვა სკავარადაო! ხელები სახეზე ავიფარე, იქნება, შევეცოდო და მომეშვას–მეთქი. შევეცოდე მაშ, რა იყო! – მუცელში წიხლი ჩამცხო, სანამ წყალში ტყაპანს მოვადენდი, – ტრი სკავარადაო, დამაყოლა და სპარაპეტასკენ გასწია.

აგურხანაში აველ, სამოსლის გაშრობას მივყავ ხელი...

მაგარ ხიფათს გადავრჩი. ძალიან ჭკუა ვიხმარე, რომა მეტი აღარ შეიძლებოდა, თორემა!..

როგორც გიამბე, სწორედ ეგრე იყო. ჩემზე უკეთ ეგ ამბავი არავინ იცის, იქ ვიყავი.

 

Hosted by uCoz