გრაფი სეგედი

 

არმაზის აგარაკის შეკეთება–მოწყობას ბარე სამი თვე მოუნდა. ცხრაას ოთხი წლის შემოდგომაზეღა შევსახლდი. ეს იყო ჩემი სიცოცხლის მეორე ნახევრის საუკეთესო, მე ვიტყოდი, ვარდისფერი მონაკვეთი. ვკითხულობდი, ვწერდი, ვნადირობდი, ვთევზაობდი, ვფიქრობდი. თვეში ორჯერ ან სამჯერ სტუმრები მყავდა ხოლმე. საკუთარი ეტლი გავიჩინე, თბილისის ბინა ზამთარში საცხოვრებლად და სხვა საჭიროებებისთვის მქონდა. იმ დროს ეკუთვნის ჩემი ცხოვრების ყველაზე ღრმა და სერიოზული რომანი. ამავე პერიოდში გადავწყვიტე და განვახორციელე კიდეც რუსეთის მამულების ლიკვიდაცია. ახალმა გარემომ ადვილად გამომინელა საფიქრალ–სადარდებელიცა და სამსახურში ყოფნის მრავალწლოვანი ჩვეულებაც. გამიჩნდა ახალი ნაცნობ–მეგობრების წრე, ურთიერთობები, გატაცებები. ერთი სიტყვით, ოცდაათი წლით გავახალგაზრდავდი და, დარწმუნებული ვარ, ჩემი ოთხმოცდაათი წლის ასაკამდე მოღწევა არმაზში გატარებული ჩვიდმეტი წლითაც აიხსნება.

იმავე შემოდგომაზე სანდრო კარიძე მცხეთაში შემხვდა. არ დავმალავ, ვეძებდი იმ შეხვედრას, თვალყური მეჭირა, ვიცოდი, შეხვედრა, ბოლოს და ბოლს, მოხდებოდა. ვუამბე, რომ არმაზში სახლ–კარი შევიძინე, და ვთხოვე, მწვევოდა. არ დაუყოვნებია, მოვიდა. თანდათან, არამცთუ დავახლოვდით – ერთმანეთთან ურთიერთობის მძაფრი მოთხოვნილებაც კი გაგვიჩნდა. ვიმედოვნებ, დაყვედრებაში არ ჩამომერთმევა, არც იმაში, თითქოს, წარსული სამსახურიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის შერბილება მსურდეს: სანდრო კარიძე მე ჩემი ყოფილი ურთიერთობებისა და შენარჩუნებული გავლენის წყალობით, ორჯერ გამოვიყვანე სატუსაღოდან – ცხრაას შვიდი წლის ადრე შემოდგომით, რევოლუციასთან დაკავშირებული ამბების გამო აყვანილი, და მერე კიდევ ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძმასავით შემიყვარდა ის საკმაოდ ახირებული, მძიმე ხასიათის ადამიანი და მიუხედავად ხსენებული ნაკლისა, იგი მეტი სიყვარულის ღირსი იყო.

ცხადია, ინტერესს მოკლებულია ჩვენი ურთიერთობების დაწერილებითი აღწერა. მოვიყვან მხოლოდ ორ–სამ საუბარს, ისეთს, ამ ჩანაწერებთან რომ შინაგანი კავშირი აქვს და კიდევ ერთი მიზეზის გამო: მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან საზოგადოებაში ფეხი მოიკიდა მოფილოსოფოსო–მოპოლიტიკოსო ტიპმა. ამ ხალხში ყველა წოდებისა და კლასის წარმომადგენელს შეხვდებოდით. იყვნენ უჭკვიანესნი და ტუტუცებიც; ფრიად განათლებულებიც და უბირნიც; ფანატიკოსებიც და ფეხის ხმას აყოლილნიც; ინდივიდუალობანიც და ორიგინალობის პრეტენზიის მქონენიც. ჩემი ღრმა რწმენით, მათ ბევრი გააკეთეს რევოლუციისთვის. გააკეთეს იმით, რომ ხალხში დაუღალავად ავრცელებდნენ, თუმც სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, მაგრამ საბოლოო ჯამში, რევოლუციის გარდუვალობის შემცველ

შეხედულებებს. ასეთი ადამიანები მრავლად მინახავს, როგორც სამსახურის წლებში, ისე გადადგომის შემდეგ. სანდრო კარიძე თითქმის ამ ადამიანთა ყველა დადებით თვისებას აერთიანებდა – ერთობ სერიოზული განათლებიდან და სიბრძნიდან მოყოლებული, გულუბრყვილობამდე და პატიოსნებამდე. ჩემს ჩანაწერებში მისი და, მაშასადამე, ამ სოციალური ტიპის გამოტოვება ცოდვის დადება იქნებოდა. სანდრო კარიძის ჩემთან სტუმრობის დასაწყისშივე იყო – სხალტბაში შეწყვეტილი საუბარი მომაგონდა და ვკითხე:

– თქვენ მაშინ დამთავრება არ ინებეთ, ბატონო სანდრო... გახსოვთ, “ხალხსა” და “ერს” შორის განსხვავებაზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი?

– ააა, მახსოვს, როგორ არა, ძალიან დიდი განსხვავებაა! სრულიად სხვადასხვა ცნებებია. თქვენ წარმოიდგინეთ, წინააღმდეგობრივიც კი. “ერი” არის გარკვეული ეთნიკური ორგანიზმი მთელი მისი არსებობის მანძილზე, “ხალხი” არის “ერი” დღეს. ერი – ერთობ ხანგრძლივი, მდგრადი ფენომენია. ხალხი – დღესდღეობითი, მსწრაფლწარმავალი რამ. აქ შედარებისთვის ხისა და მისი მწვანე საბურვლის, კალაპოტისა და წყლის მიმართება გამოდგებოდა.

– წინააღმდეგობა?

– “ერსა” და “ხალხს” შორის?

– დიახ.

– ხალხი ხელებია და სტომაქი, ერი – მაღალი ზნეობა და შორსმჭვრეტელობა. ხალხი სულიერსა და ნივთიერ ღირებულებებს ქმნის და ვინაიდან მოთხოვნილება ყოველთეის სჭარბობს შექმნილს, მას აქვს დაუოკებელი მისწრაფება, მთლიანად შთანთქას არა მარტო ის, რაც თვითონ შექმნა, არამედ ისიც, რაც მანამდეა შექმნილი და შთანთქმას გადარჩენილი. ერი ცალკეულ პიროვნებებში თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებული ის მარადისი სულია, რომელიც ნებაყოფლობით კისრულობს მთელი ეთნიკური ორგანიზმის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგეგლობას. ერი დამაოკებელი, მომწესრიგებელი საწყისია, სულიერ და ნივთიერ საუნჯეთა დამგროვებელი, მცველი. გახსოვთ? – “ცხოვრება სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა – ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა”. ერის ცნებასა და ზნეობის ცნებას შორის ტოლობის ნიშანი ზის.

– გამოდის, რომ ხალხი ის არის, ვინც ქვის სამტეხლოებში გროშის ფასად და იძულებით მუშაობს კათედრალების ასაგებად საჭირო ლოდების მოსაპოვებლად, ხოლო ერი – ვინც ხალხს ამას აიძულებს?

– მთლად ეგრე არა. ჩემი აზრით, როგორც იძულებულთა შორის, ისე მაიძულებლებში არიან ადამიანები, რომლებსაც ერისა არაფერი სცხიათ, ისინი ქვეყანას მხოლოდღა საძოვრად იყენებენ. არიან ისეთებიც, ვინც მეტნაკლებად ორთავე საწყისს აერთიანებს, მაგრამ ერს, ანუ უკვდავების, მარადისობის განმახორციელებელ ძირითად ძალას ის ადამიანები წარმოადგენენ...

– ... ვინც ქვეყანას აძლევს ყველაფერს, თუკი რამ გააჩნია, – სიტყვა ჩამოვართვი, – და იღებს მისგან მხოლოდ იმდენს, რამდენიც არსებობისთვის, ანუ ყველაფრის მისაცემად სჭირია, არა?

– უზუსტესი ფორმულაა, – სიხარულით დამიდასტურა კარიძემ. – ეგ უმაღლესი ზნეობისა და სიკეთის განსაზღვრებაა, გრაფ, და მაგ ფორმით პირველად თქვენგან მესმის. სწორედ მაგას ინახავს ხოლმე ბოთლში ფანტასტიკური ნოე საკაცობრიო კატაკლიზმების წინ. მაგიტომ ვუწოდებთ ერს პიროვნებებში თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებულ მარადის სულს. ერსა და ხალხს შორის არსებული ძირითადი წინააღმდეგობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ერი ინტერნაციონალური, საკაცობრიო სათავეა, რადგან კათედრალები და მანუსკრიპტები, ფრესკები და მონუმენტები, საბოლოო ჯამში, ინტერნაციონალურ, საკაცობრიო საუნჯეს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ხალხი თავკერძული, პირადმომხვეჭელური სათავეა: მისი მოთხოვნილებების დიდი უმრავლესობა მხოლოდ მისი და სადღეისოა და არა საზოგადოებისა თუ აწმყოსი, კაცობრიობისა თუ მომავლის.

ერთობ მოხერხებულად გამოიყვანა სანდრო კარიძემ ყოველივე ეს, მაგრამ მის მსჯელობაში წინააღმდეგობებიც იყო, მაშინ ვიგრძენი. შემდგომში ბევრი ვიფიქრე და, მგონი, მივაგენი კიდეც ხარვეზებს. ჩემი მოსაზრებები და შენიშვნები ნაშრომად ვაქციე, წავაკითხე, არც ერთი დებულება არ მიიღო, კინაღამ წაევიჩხუბეთ. თვისება ჰქონდა: თუკი ერთხელ რაიმეს იწამებდა და ჭეშმარიტებად ჩათვლიდა – მორჩა, ზედ დააკვდებოდა, არავითარი კომპრომისი ან დათმობა!

ერთ დღეს – ეს მისი პირველი დაპატიმრების წინახანებში იყო, – სიტყვამ მოიტანა და ვკითხე:

– სანდრო, ვიცი, ბევრს კითხულობ, წერ და ღრმა ინტერესები გაქვს. როგორია შენი ამოსავალი კონცეფცია, რომელი ზნეობრივი პლატფორმიდან ახდენ აბსტრაჰირებას?

– ადგილს ეძებ? – დაუყოვნებლივ და, თუ არ ვცდები, ცინიკურად მითხრა.

– არ მესმის.

– პლატფორმას. ძველი აღარ გტკმაყოფილებს?

– ამ წუთში მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემს კითხვას უპასუხე, თუ შეგიძლია!

გულის მოსვლასავით რაღაც შემატყო, დადუმდა, იფიქრა და თქვა:

– ყველა შემთხვევაში, ყოველთვის გამოვდივარ იქიდან, რომ კაცობრიობამ ადამიანის ზნეობრივი გაუმჯობესების რაიმე საშუალება უნდა გამონახოს, თორემ კანიბალიზმამდე მივა, კაცისავე ხორცს საკვებად გაიხდის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი ცთომილის უკანასკნელ homo sapiens–ს რომელიმე ნადირი არ გამოიყენებს ხორცად. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ იმპერიების მოსპობის გზით, საჭიროა რევოლუცია!

ეიცოდი, რომ სანდრო კარიძეს რევოლუციის გარდუვალობა სწამდა. ისიც ცნობილი იყო, რომ თანაუგრძნობდა და მის მხარეზე იდგა. ახლა იმაშიც დავრწმუნდი, რომ რევოლუცია კაცობრიობის სახსნელად უნდოდა.

– მე შენი ნაშრომების მხოლოდ სათაურები ვიცი და მგონია, რომ ისინი რევოლუციას ემსახურებიან...

– რევოლუცია ხვალინდელი დღეა, მე ზეგინდელ დღეზე ვმუშაობ, – შემისწორა სანდრო კარიძემ.

– საინტერესოა! – სახელდობრ, რა პრობლემებზე მუშაობ?

– ზნეობრივი პროგრესის პრობლემებზე, მართვას დამორჩილებული ზნეობრიეი რევოლუციის თეორიულ საფუძვლებზე.

– უფრო დაწვრილებით?

კარიძემ წვერში შეიცურა თითები, სახე მიიფხან–მოიფხანა:

– შენ, დიმიტრიჩ, სამართლის მაგისტრი ხარ, არა?

– ვარ, – მივუგე და გტმეცინა.

– რას იცინი?

– ადამიანის იღბლის უკუღმართობაზე ვიცინი. მოსკოვის ან პეტერპურგის უნივერსიტეტის პროფესორობას ვაპირებდი – ჟანდარმერიის გადამდგარი გენერალი და სიბარიტი ვარ. სასაცილო არ არის?

კარიძემ გაიღიმა, მგონი, დამშვიდება დამიპირა, მაგრაშ გადაიფიქრა და დაწყებულ საუბარს მიჰყვა:

– შეგიძლია თუ არა, ყველა დროისა და ერის საიმპერიო კანონების ზოგადი განსაზღერება მითხრა?

– შემიძლია, – დავფიქრდი, ჩამოვაყალიბე და ვთქვი: – პირველ რიგში, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების საშუალებაა; შემდეგ – მმართველი უმცირესობის უფლება–მოვალეობათა სამართლებრივი სტატუსი და ბოლოს, ინერტული თუ უკმაყოფილო უმრავლესობის მორჩილებაში ყოლის იარაღი. გაკმაყოფილებს?

– კეთილი და პატიოსანი. ახლა: შეიძლება თუ არა იმპერიის დამოკიდებულება, როგორც საკუთარ მოქალაქესთან, ისე სხვა სახელმწიფოებთან, განისაზღვროს ფორმულით: “გჭამ იმიტომ, რომ შენ არ შემჭამო, და იმიტომაც გჭამ, რომ ორგანიზმი გასუქებას მთხოვს!”

– ეგრე იყოს, – სიცილით დავთანხმდი.

– როგორ თუ – ეგრე იყოს? თუ სხვანაირად არის – თქვი!

– ეგრეა, ეგრე, განაგრძე!

– ახლა რასაც ვიტყვი, ამაზე შენ ერთხელ უკვე დამეთანხმე, დიმიტრიჩ, და ამიტომ ცნობილი ჭეშმარიტების სახით ვიტყვი: ზემოხსენებული ჭამა–ყლაპვა კეთილსახიერი, კაცობრიულად სამართლიანი მიზნებით არის შენიღბული, ქრისტიანულ ჰუმანიზმზე აგებულ დემაგოგიას ეყრდნობა და კარგად აკინძული “რუსეთის იმპერიის კანონთა კრებულის” საშუალებით ხორციელდება.

– უფრო მართალი იქნებოდა, ჯავრით რომ არ იყოს ნათქვამი... მერე?

– ეს ჯავრი არ არის, მსჯელობის მანერაა. მართალია, არცთუ საუკეთესო, მაგრამ, მოგეხსენება, ამითაც იოლას გაედივარ. ახლა, კიდევ შეკითხვა: როგორია ერთი მხრივ, რელიგიისა და კანონის და, მეორე მხრივ, პიროვნების და, მაშასადამე, საზოგადოების ურთიერთზემოქმედების შედეგები? რა თქმა უნდა, დღეს არსებულ პირობებში, ჩვენს სინამდვილეში.

– მე, ჩემო სანდრო, მორწმუნე კაცი ვარ, მკრეხელობას ვერიდები. მოდი, შენ რელიგიისა და პიროვნების ურთიერთზემოქმედების შედეგებისა თქვი და მე – კანონსა და პიროვნებაზე ვიტყვი. ეს შენთვისაც ხელსაყრელია: ინტონაციას მომაწოდებ უნებლიეთ ჩემს სათქმელს შენი ნათქვამის რიტმში ვიტყვი.

– კაცო, მე სულაც ბერი ვარ, სულაც ბერი ვარ... – ჩააბულბულა კარიძემ.

– შენ ერეტიკოსი ხარ! წესით, მსხვილ–მსხვილ მუგუზლებზე უნდა იწვე და შიშხინი გაგიდიოდეს. შენი ბოლო მაინც ჯოჯოხეთი და კუპრია. თქვი, რასა კარგავ?!

– მართლა რასა ვკარგავ, რა!.. რელიგია ცდილობს, ადამიანი ქრისტიანული ზნეობის ჩარჩოში გამოამწყვდიოს, ამ გზით მის მორჩილებას მიაღწიოს და, ცხადია, წინააღმდეგობას აწყდება, სხვათა შორის, იმიტომაც, რომ თვით მქადაგებელნი და მერჯულენი უფართოესი პროფილის ცოდვილნი არიან. რელიგია ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ დოგმატურია. ადამიანი – გაცილებით უძლური, მაგრამ შეგუების დიდი უნარით აღჭურვილი და მოქნილი. ამასთან ერთად, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რაიმე სწამდეს. მერჯულეთა ფარისევლობის ვითარებაში ერთადერთი სარწმუნებელი პირადი კეთილდღეობაა, რაც მხოლოდ თავგამოდებულ მორწმუნეთათვის არის სანქციონირებული. აქვდან იწყება იმ მეთოდების შემუშავება და რაფინირება, რომელთა წყალობით ადამიანი ქრისტეს მოძღვრების უმტკიცესი მრწმენელის სახელს იმკვიდრებს და, ამით, მამონის სამსახურს იადვილებს. ამგვარად, იმპერიის პირობებში რელიგიისა და ადამიანის ურთიერთზემოქმედება იძლევა, ერთი მხრივ, გამწარებულ, მოძულე მოქალაქეს, რომელიც მხოლოდ რევოლუციაში ხედავს ხსნას და ხდება კიდეც მისი მებრძოლი და, მეორე მხრიე, გამოფიტულ, დაუძლურებულ, ფორმალობამდე დაყვანილ კულტს. იზიარებ თუ არა, გრაფ, ზემოთქმულს, როგორც ჩვენი სინამდვილის ძირითად ნიშანს?

– ნაწილობრივ. მგონი, რომ ფერებს მეტისმეტად ამუქებ.

– ძალიან კარგი, ჟანდარმერიის ერთი გადამდგარი გენერლისაგან მაგდენი დასტური უფრო ღირებულია, ვიდრე ასი ფანატიკოსის აღტაცებული კივილი. ეხლა შენი თქვი.

– შენებურად ვილტაპარაკო?

– სხვანაირად სიმართლე არ გამოგივა.

– კაი, ბატონო! კანონი ძალადობს ადამიანზე და წინააღმდეგობას აწყდება. კანონი ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ მოუქნელია; ადამიანი გაცილებით უძლური, მაგრამ მოქნილია და მის ხელთ ყოველთვის არის კანონის გვერდის ავლის, მისი ნაწილობრივი აღსრულების, თუ საერთოდ, შეუსრულებლობის, საშუალებები და ხერხები. კანონი იბრძვის, რომ ადამიანმა თავისი ინტერესები იმპერიის ინტერესებით შემოფარგლოს. ადამიანი ცდილობს, კანონები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს და, უპირველესად ყოვლისა, მათი გვერდის ავლის გზით. ბრძოლა უთანასწოროა და სუსტი მხარე, ანუ ადამიანი, იძულებულია, ზნეობრივ კომპრომისებზე წავიდეს, გამოიყენოს ყველა საშუალება, რაც კი კანონის მოგერიებაში, არსებობის შენარჩუნებაში დაეხმარება. – შევჩერდი, რომ დასკვნაც მიმემსგავსებინა: – ამგვარად, იმპერიის პირობებში კანონისა და ადამიანის ურთიერთზემოქმედება იძლევა, ერთი მხრივ, გამწარებულ მოქალაქეს, რომელიც მხოლოდ რევოლუციაში ხედავს ხსნას და ხდება კიდეც მისი მებრძოლი და, მეორე მხრივ, დაუძლურებულ, ფორმალობამდე დაყვანილ სამართლებრივ პროცედურას.

– ბრავისიმო, გრაფ. – დაიძახა გახარებულმა კარიძემ. – მაგრამ მიაქციე ყურადღება, როგორი ხარისხის ზნეობრივი კრიტერიუმებით აღჭურვილ მემკვიდრეობას უტოვებს იმპერია იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც უნდა ჯერ შექმნას და შემდეგ კი მართოს ახალი სახელმწიფო. დღეს სოციალური რევოლუციის მომხრე ყველა პოლიტიკურ მიმდინარეობას ესმის, რომ გამარჯვებისთანავე საქმე ექნება ერთობ რთულ, ძნელად მოსავლელ ზნეობრივ მასალასთან და, სამწუხაროდ, ყოველ მათგანს იმის იმედი აქვს, რომ საკმარისია, შეიცვალოს სოციალური პირობები, საზოგადოებრივი ყოფიერება და ადამიანის ზნეობა თავისით გაუმჯობესდება. მე ამას არ ვეთანხმები და ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო. ეს არის და ეს.

ერთხელ, მტკვრის პირას, ძეგვის ნაჩქრებთან ვიჯექი, მსხვილი ანკესი მქონდა გადაგდებული. შიომღვიმის მხრიდან ბორანი წამოვიდა. დურბინდით გავხედე, მგზავრებში ჩემი სანდრო ვიცანი. თუ არა ვცდები, ეს მისი მეორე პატიმრობის შემდგომ ხანებში იყო. ბორნიდან გადმოვიდა, გზას მცხეთისკენ გამოჰყვა. ადვილი შესაძლებელი იყო, ჩემთან, არმაზში მოდიოდა. ანკესს თავი მივანებე, გზაზე გავედი. მართლაც ისე აღმოჩნდა, – მარტოობა ყელში ამომივიდა, შენთან მოვდიოდიო, მითხრა.

– წაეიდეთ, ვისამხროთ, ვიმუსაიფოთ, – მივთავაზე.

არ დამყვა, – აქ გვირჩევნიაო.

წყლის პირას ვისხედით. ღრუბლიანი ამინდი იყო, ცოტა ციოდა კიდეც. სანდრო კარიძეს თავის სიცოცხლეში, თურმე, ერთი პატარა ღორჯოც კი არ დაეჭირა, ამ საქმისა არაფერი ესმოდა და არც ჩემი თევზაობისადმი გამოუმჟღავნებია რაიმე ინტერესი. მოწყენილი, უგუნებო მეჩვენა და გამოველაპარაკე:

– რასა წერ, სანდრო, რაზე მუშაობ?

ხელი ჩაიქნია, არ მიპასუხა.

– მაინც? – ჩავაცივდი მე.

– ერთ საკითხში გავიხლართე... სამი დღეა, პწკარი ვერ დავწერე, ლამის გულზე გავსკდე.

ახლაღა მივხვდი, ჩემსკენ რამ წამოაჩანჩალა. ასეთი გახლართვები მანამდეც ჰქონია. კრიზისს იმით აღწევდა თავს, რომ იმ საკითხზე ვისთანმე წამოინყებდა საუბარს და კამათში უცაბედად წააწყდებოდა ხოლმე საჭირო გადაწყვეტას.

– აბა, მიამბე, იქნებ მსჯელობამ მოჰფინოს ნათელი?

– სტუმარმასპინძლობის პრობლემაა.

– პურმარილზე გადახვედი?

– არა. აი, მისმინე. ეგვიპტელები, ასურელები, ხეთები, ურარტუელები, ელინები, რომაელები, ბიზანტიელები და, ვინ მოსთელის კიდევ, რამდენი ისტორიულად მდგრადი, ხანგრძლივი ეთნიკური ორგანიზმი – ხომ მოევლინნენ კაცობრიობას, როგორც უზარმაზარი იმპერიებისა და კულტურების შემქმნელნი და მპყრობელი ერები?

– მოევლინნენ. მერე?

– მერე, სად არიან დღეს? ეგვიპტელთა ნაშიერი აღარსად რამე ჩანს; ხეთები დაიკარგნენ; ასურელები – სადღაც ჩავიკითხე , მსოფლიოში სამასი ოჯახიღაა; ელინთა მოდგმის ბერძენს სანთლით ვეღარ იპოვნის კაცი; რომაელები – ერთი ბებერი აღმოუჩენიათ, თურმე ქალაქ–ქალაქ უპირებენ ტარებას; ბიზანტიელები ქვიშაში წასული წყალივით გაიპარნენ. ხედავ, რა ხდება?

– ყველა ერის ისტორიული ბედია ეგ.

– არა. დღეს, ჩვენს სინამდვილეში არიან ერები, რომლებიც იყვნენ ასურელების თუ ურარტუელების დროსაც, ელინთა ეპოქაშიც, რომაელთა იმპერიასაც ებრძოდნენ, ბიზანტიის ბატონობის დროსაც იყვნენ და, საფიქრებელია, კიდევ არაერთ სტუმარს გააცილებენ მარადისობაში.

– ვინა?

– ებრაელები, სომხები, იბერები, ეთიოპები, ბოლგარები, უნგრელები...

– ეგენიც წავლენ, სანდრო,

– არაფერში ეტყობა. ამ ერებმა კრიზისი გადაიტანეს და აღმავლობის გზაზე დგანან. სხვათა შორის, ციკლური კრიზისი და აღმავლობა მათი ისტორიული მახასიათებელია. ჩვენი ცთომილი სასტუმროს ჰგავს, არიან დიასახლისები და მდგმურები, მასპინძლები და სტუმრები.

– სადავოა შენი დებულება.

– დებულება კი არა – ჰიპოთეზა. მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ პერსპექტიული ჰიპოთეზაა.

სიჩუმე ჩამოვარდა. კარგა მოზრდილი ციმორი ამოვიყვანე. ანკესი ხელახლა გადავაგდე და ერთი მიგნება მეწვია: სანდროს მიერ ჩამოთვლილი იმპერიების არსებობა, ძირითადად, ხუთასი წლის ფარგლებში იყო გამომწყვდეული – ეგვიპტეს ძველი და ახალი სამეფოები, ხეთების იმპერია, ასურეთი, რომაელთა იმპერია – სახელდობრ იმპერიას ვგულისხმობ. მხოლოდ ბიზანტია იყო გამონაკლისი – ათას წელზე მეტხანს იარსება. ეს აზრი კარიძეს გავუზიარე. დამიდასტურა და თარიღებიც ჩამომითვალა.

– ახსნაა საპოვნელი, თორემ ეგ ჰიპოთეზადვე დარჩება.

– ორივე მოვლენისთეის საკუთარი ნიშანი არსებობს. გადაშენებული ერებისთვის: მეზობელი თუ შორეული ხალხების დაპყრობა, საკუთარ ორგანიზმზე მიკოწიწება და განუწყვეტელი ბრძოლა მათი მორჩილებაში ყოლისთვის. გადარჩენილი ერებისთვის: საკუთარი მიწა–წყლის ეკონომიკური შესაძლებლობებით დაკმაყოფილება, სულიერი კულტურის ავტონომია, გამუდმებული ბრძოლა განთავისუფლებისთვის და დაპყრობითი ომების უარყოფა! მაგრამ ეს მხოლოდ ნიშნებია. საჭიროა მიზეზები და სწორედ მანდ ვარ გახლართული. ჯერჯერობით მხოლოდ ერთს მივაგენი და ისიც არა მაქვს ბოლომდე დამუშავებული. სინათლის შეტანაა საჭირო, მკვიდრი დამაჯერებლობის მინიჭება.

– თქვი.

– დაუსრულებელი სახით?

– მერე რა?

– გადარჩენილი ერები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისთვის, სულიერი საუნჯის გადასარჩენად იბრძოდნენ და ეს ბრძოლა მათთვის წრთობის პროცესს წარმოადგენდა, ცხოველმოსილების სტიმულატორი იყო. მპყრობელი ერების შემთხვევაში სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე: პყრობას, დაოკებას, წინააღმდეგობის ჩახშობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასი ხალხის პყრობას – ასჯერ მეტი ძალისხმევა. უსაზღვრო და ამოუწურავი მზისა ქვეშე არაფერია. მპყრობელი ერის ენერგიასაც აქვს თავისი საზღვარი. იღლება, იფიტება, ცხოველმოსილება უდუნდება. ჯერ პყრობის უნარს კარგავს, შემდეგ თავდაცვისას, მერე სხვა ერებში ითქვიფება და ბოლოს არსებობასაც წყვეტს.

– მანდ შეუსაბამობა იმაშია, რომ ორივე იბრძვის, ორივეს სჭირდება ძალისხმევა და ეს კი ერთს აწრთობს და მეორეს ღუპავს, – შევნიშნე მე.

– აკი გითხარი, სინათლის შეტანა, დამაჯერებლობის მინიჭებაა–მეთქი საჭირო. მაგას ეშველება. ეგ არაფერია. საჭიროა, ისტორიულ მასალაზე გაანალიზდეს დაპყრობითი და თავდაცვითი ომების სულიერი შედეგები და ყველაფერი თავის ადგილზე დაჯდება, მაგრამ ერთი რაიმე მიზეზით არაფერი ხდება. სხვა მიზეზების აღმოჩენაა საჭირო, რომ ჰიპოთეზა დადასტურდეს. ვერ მიმიგნია, დასწყევლოს

ღმერთმა, – სანდრო კარიძე ისევ მოიღუშა.

– იცი, რას გეტყვი?.. – ვთქვი მე – თუ რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის თარიღად მეთხუთმეტე საუკუნის დასასრულს მივიღებთ, მეოცე საუკუნეში ჩვენი იმპერია, შენი ჰიპოთეზის თანახმად, უნდა დაინგრეს. თუმცა, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ბიზანტიის იმპერიასავით ათას წელიწადზე მეტს იარსებებს.

– ბიზანტიის იმპერიამ სხვებზე ორჯერ მეტი იმიტომ იარსება, რომ გარკვეული რელიგიური სამყაროს ხელმძღვანელის ფუნქცია ჰქონდა. მისი დამხობის შემდეგ ეს ფუნქცია რუსეთმა იკისრა და ამით სათანადო სიცოცხლის გარანტიაც შეიქმნა, მაგრამ რუსეთის იმპერია მაინც მეოცე საუკუნის პირველსავე მეოთხედში დაემხობა. ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს, სხვა დროს იყოს.

– დაემხობა და სამ–ოთხ საუკუნეში რუსი ერიც აღიგვება პირისაგან მიწისა? – სიცილით ვკითხე.

– არა. ერმა, ანუ ცალკეულ პიროვნებებსა თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებულმა მარადისმა სულმა რუსეთში ხელმეორედ იფეთქა, ამჯერად პოლიტიკური პარტიის სახით. მოგაგონებ, პირველად ეს მეთხუთმეტე საუკუნეში იყო. ახლა რუსეთის სოციალ–დემოკრატთა პარტია კაცობრიობის ისტორიაში პირველ სოციალისტურ რევოლუციას მოახდენს, დროთა განმავლობაში სათანადო იდეოლოგიური სამყაროს ხელმძღვანელის როლს იკისრებს და როგორც სახელმწიფოს, ისე ერს ზემოთ აღნიშნული ხანგრძლივობის სიცოცხლე გარანტირებული აქვს. არის მეორე გარემოებაც, სოციალ–დემოკრატები რუსეთის იმპერიას დაანგრევენ და თავისუფალ, თანასწორუფლებიან, სოციალისტურ ერთა ნებაყოფლობით კავშირს შექმნიან. ეს რუსი ერისთვის სხვა ხალხების საპყრობად ძალისხმევის, გამუდმებული შეტევითი ომების საჭიროებას გამორიცხავს და, მაშასადამე, ქანცის გაწყვეტა, გამოფიტვა და გადაშენებაც თავიდან არის აცილებული. დარწმუნებული არა ვარ, რომ ამ პარტიის ლიდერებს ასეთი რამ გაცნობიერებული ჰქონდეთ, გენიალური კაცის ინტუიტურ ნამუშევარს უფრო ჰგავს. რუსეთის პოლიტიკურ აზროვნებას პირველაღმომჩენობის დაფნა ეკუთვნის.

– პატენტი აიღონ. ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები, ესპანელები, იაპონელები მაგ პანაცეას სიამოვნებით იყიდიან. შენ გადაშენება ხომ მათთვისაც გაქვს გათვალისწინებული – მპყრობელი ერები არიან.

– რუსო მამულიშვილებო! – გამოაცხადა სანდრო კარიძემ. – დროულად შეიძინეთ ბილეთები, თორემ ათ–თხუთმეტ წელიწადში მატარებელი გავა, აქვე დარჩებით და რაღას ეტყვით თქვენს სინდისს, სამშობლოს და ჩამომავლობას?!

– ეგ მატარებელი ბაბილონიდან ბაბილონში მიდის, სანდრო!

– ბაბილონში?.. ბაბილოვანი... ბაბილოვანის გოდოლი... – კარიძეს ენა დაება, გაფითრდა კიდეც. კარგა ხანს იყო გარინდებული და მერეღა ალუღლუღდა: – გოდოლის ღმერთებამდე ატყორცნის ცდა ენების აღრევა! საოცარი სიმბოლო უბრწყინვალესი სახე!.. მეორე მიზეზიც ნაპოენია... დიახ, დიახ, მეორე მიზეზი! მეორე მიზეზი!

სანდრო კარიძემ ათას ცხრაას ჩვიდშეტი წლის თებერვლის რევოლუციის ამბავი გაიგო, ძეგვში მოვიდა, რატომღაც უზომოდ დათვრა. მედუქნისა და დამსწრეთა ნაამბობის თანახმად, თურმე, ხან ცრემლები სდიოდა და ხან ხარხარებდა. ბუნებით მოლაპარაკე კაცი იყო – იმ რამდენიმე საათის მანძილზე თითქმის არაფერი უთქვამს. მერე დაცხრა, თვალები მილულა და, ასე მჯდომარე, დუქანშივე გარდაიცვალა.

დაკრძალულია შიომღვიმის მონასტრის ეზოში.

 

Hosted by uCoz