გრაფი სეგედი

 

სანამ გადადგომის თანხმობას ველოდებოდი, ხოლო მინისტრი, ჩემთვის დღემდე გაუგებარი მიზეზით, პასუხს მიგვიანებდა, სახელმწიფოში სოციალური ვითარება ერთობ დაიძაბა. ცხრაასიანი წლების რევოლუციის მემატიანეობა ჩემს ამოცანას არ შეადგენს, ამ საგანზე სხვადასხვა თვალსაზრისის ვრცელი ლიტერატურა არსებობს და დილეტანტის რემინისცენციები, ვფიქრობ, ისტორიას კეთილ სამსახურს ვერ გაუწევს. ამიტომ ორიოდ ზოგადი შეხედულებით შემოვისაზღვრები და ამ ჩანაწერების თემას გავყვები.

ყველაფერმა, რაც ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვნახე, განვიცადე და აღვიქვი, ისეთი რწმენა მემიქმნა, რომ სახელმწიფო არის ნელ ცეცხლზე მოთუხთუხე, ვეებერთელა სალაფავიანი ქვაბი და მოქალაქე – ქვაბთან ჭიპლარით მიერთებული არსება. დგება დღე, თავს იჩენს სრულიად გაუგებარი საჭიროება, რომ საკვები მილი ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას და, აი, მაშინ... ატაცებულ–აფოფინებული დარბის ათეული მილიონობით ადამიანი, ყოველ მათგანს თავისი ჭიპლარი უჭირავს და ზოგი ძველ ქვაბთან კვლავ მიერთებას ლამობს, ზოგი ახალს დაეძებს, ზოგი მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებულის პოვნას არის გადაგებული... და ეს ორომტრიალი გრძელდება იქამდე, სანამ ვინმე ძველსავე ქვაბს სხვა საღებავით შეალამაზებს და ახალ სახელს შეარქმევს. მაშინ ჭიპლარები ისევ ტკიპებივით ეკვრიან ქვაბს და “ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე”.

ცხრაასიანი წლების ამბებიდან მე, როგორც თანამდებობის პირსა და ტახტის მსახურს, მთავარ დასკვნად ის შემომრჩა, რომ ხალხს მეტი სიბრძნე, ხოლო ხელისუფლებას მეტი სულგრძელობა მართებდა. სიბრძნეში საპირისპირო ინტერესების შეთანხმებას ვგულისხმობ და სულგრძელობაში – კონსტიტუციურ მონარქიას. რა თქმა უნდა, ასეთი გამოსავალი, ისევე, როგორც ყველაფერი ცისა ქვეშე, დროებითი იქნებოდა, მაგრამ...

და კიდევ ერთი დასკენა, თუ გნეგავთ – აღმოჩენა. ზემოთ ბევრი რამ მაქვს ნათქვამი იმაზე, რომ ასაკმა, სამსახურში თუ მის გარეთ ჩამოყალიბებულმა ვითარებამ, საკუთარ ფსიქიკაში მომხდარმა ძვრებმა უმძაფრესი განცდები მომიტანეს და კრიზისიდან თავის დასაღწევად, – დღესაც უღრმესად ვარ დარწმუნებული, – ერთადერთი სწორი გზა გამოვნახე: თანამდებობიდან გადადგომა, სასამსახურო კარიერის დამთავრება. რაიმე გადაწყვეტილებამდე მისვლა, მისი შესრულება და შედეგების ანალიზი მუდამ ძლიერ საინტერესო პროცესად მიმაჩნდა. პირველი ფაზაა ვითარებაში გარკვევა, ფაქტების შესწავლა, დასკვნის გამოტანა. მეორე ფაზა – ღონისძიება და მისი განხორციელება მესამე – ახალ ვითარებასთან შეგუება და მეოთხე – გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზთა ხელახალი ანალიზი, რასაც შემთხვევათა უმრავლესობაში, რაიმე აღმოჩენა მოსდევს. ჩემი აღმოჩენა იმაში მდგომარეობდა, რომ პირველ ფაზაში, ანუ ვითარებაში გარკვევის, ფაქტების განხილვა–შესწაელის პერიოდში, მხედველობიდან გაშომრჩა ქვეცნობიერება, რომელმაც, თურმე, მთავარი როლი შეასრულა: ჩემს თანამდებობაზე, იმპერიის მაშინდელ სოციალურ, შინაპოლიტიკურ ვითარებაში, უფრო ძლიერი, ულმობელი კაცი იყო საჭირო. ჩემი ლიბერალიზმით, შეხედულებებითა და ყოყმანით ტახტისა და სახელმწიფოსთვის მხოლოდ ზიანის მიყენება შემეძლო. ეს მიზეზი პატაკის გაგზავნის შემდეგღა გავიცნობიერე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, უპირველესად ყოვლისა, ინტუიცია ქმნის საქციელს და მერეღა – სტერეოტიპები თუ ანალიზი.

დიახ, ვიჯექი და ველოდი მინისტრის პასუხს, მაგრამ სანამ თანამდებობა მეჭირა, მოვალეობებიც უნდა აღმესრულებინა. სწორედ ამ პერიოდში მივიღე დირექტივა საპატიმრო ადგილებში მოსალოდნელი ამბოხებების გამო. გვევალებოდა, საგანგებოდ შეგვესწავლა ვითარება, განწყობილებები და სამინისტროსთეის ანგარიში წერილობითი მოხსენების სახით ჩაგვებარებინა. ეს მეტად რთული, პასუხსაგები სამუშაო იყო. თავად მოვკიდე ხელი იმ იმედით, რომ გადადგომის დასტურს მალე მივიღებდი და საკითხის შესწავლას ჩემი შემცვლელი დაასრულებდა. მოხდა ისე, რომ მინისტრმა ჩემი თხოვნა მაშინღა დააკმაყოფილა, როცა სამუშაოც დამთავრებული მქონდა და ვრცელი მოხსენებაც დაწერილი.

ამბოხება თბილისის საგუბერნიო ციხეში ჩემი გადადგომიდან სამი წლის შემდეგ მოხდა. ცხადია, იმ ამბების უშუალო მოწმე არ ვყოფილვარ, სამსახურს ჩამოშორებული კაცი ამბოხეპის მიმართ არც დიდ ინტერესს გამოვიჩენდი, მაგრამ აქციის ერთ–ერთი მოთავე დათა თუთაშხია გახლდათ. ამ გარემოებამ მოვლენის მსვლელობაში ჩამითრია, რა თქმა უნდა, მოთვალთვალის სახით, და გარემოებათა ადრე მიღებულ ცოდნას, შეიძლება ითქვას, სრული ინფორმაცია დაემატა. ამდენად, მაქვს საშუალება, იმ ამბოხებაზე ვიმსჯელო.

რატომ თვლიდნენ რევოლუციონერები საჭიროდ პატიმრების ამბოხებებს? თვით რევოლუციონერები ამას დაკითხვებზე, დაახლოებით ასე ასაბუთებდნენ:

ათას ცხრაას ხუთი წლის ჩვიდმეტი ოქტომბრის მანიფესტით თვითმპყრობელობა რუსეთის იმპერიის ხალხებს პიროვნების ხელშეუხებლობასთან და სინდისის, სიტყვის, კრებების, კავშირების თავისუფლებასთან ერთად, პოლიტპატიმართა ამნისტიასაც შეჰპირდა. უმალვე აღმოჩნდა, რომ მანიფესტით ცარიზმს დროის მოგება სურდა. მანიფესტის პარაგრაფები მხოლოდ იმდენად სრულდებოდა, რამდენადაც ამას თვითმპყრობელობისთვის მოჰქონდა სარგებლობა. ეს ცნობილი ჭეშმარიტებაა.

საკანონმდებლო სათათბიროც წინასწარ იყო დაკოდილი და პოლიტპატიმართა ამნისტიაც. პროფესიული რევოლუციონერების დიდი რაოდენობა სხვადასხვა საბაბით საპყრობილეებში ჩატოვეს, ხოლო მანიფესტის შემდეგ უფრო მეტი გაშმაგებით მიჰყვეს ხელი დაპატიმრებებს.

მანიფესტი გამოქვეყნდა, სათათბიროც აირჩიეს და რევოლუცია არა მარტო გაგრძელდა, არამედ უფრო გაღრმავდა და გამძაფრდა. რატომ? იმიტომ, რომ მასები აღთქმული დაპირებების შეუსრულებლობას ხედავენ. ხალხის გულუბრყვილო ნაწილი მანიფესტის აღსრულებას მოითხოვს. უფრო გამჭრიახი ნაწილი დარწმუნდა, რომ მანიფესტი მხოლოდ ხაფანგია, და ერთადერთ გამოსავალს თვითმპყრობელობის დამხობაში, ცარიზმის მოსპობაში ხედავს. ციხეების ამბოხება საერთო სახალხო მოძრაობის აუცილებელ შემადგენლად არის მიჩნეული. ჩვენ ცარიზმს უნდა დავუმტკიცოთ, რომ რევოლუციას საპყრობილეებითა და მასობრივი რეპრესიებით არამცთუ ვერ ჩაახშობს, არამედ გაამახვილებს კიდეც და რომ თვითმპყრობელობის ერთადერთი ხსნა, ისიც დროებითი, მანიფესტით გათვალისწინებული პირობების მთლიან, სრულ, გადაუდებელ აღსრულებაშია. ამბოხების ერთ–ერთი მიზანი მაგალითის შექმნაშიც მდგომარეობს. ჩვენ სხვა ციხეებიც მოგვბაძავენ. ეს იქნება დარტყმა თვითმპყრობელობის საფუძველთა საფუძველზე – საპყრობილეებზე. ნარმოიდგინეთ იმპერია, პოლიციური სახელმნიფო, რომელიც რეპრესიებითა და სატუსაღოებითაც კი ვეღარ იოკებს აღშფოთებულ მასებს! აქ მას მხოლოდ ის გამოსავალი ექნება, რომ ფარხმალი დაყაროს ან მასობრივ ხოცვა–ჟლეტას მიჰყოს ხელი, რაც მხოლოდ მოაახლოებს მის დაღუპვას.

ამბოხება, მოგეხსენებათ, უკმაყოფილო მასის აქტიური მოქმედებაა. მაშინ ორთაჭალის საპყროგილეში ოთხი ათას შვიდასი პატიმარი იჯდა. ერთი შეხედვით, ეს ფრიად დიდ ძალას წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ აუტანელი პირობები იყო. საკნებში ორას–ორასი, სამას–სამასი კაცი პირდაპირ მოასფალტებულ იატაკზე “რკინის რიგით” იწვა. ტახტები რატომღაც მხოლოდ კარანტინში იყო შემორჩენილი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ პატარა საკანს, სადაც კატორღელები ისხდნენ. სახაზინო კვება არაფრად ვარგოდა და ციხის დიდი გადატვირთვის გამო ადმინისტრაცია გარედან მოტანილი საჭმლის მიღებას, გაჩხრეკასა და საკნებმი ამოტანას ვერ ასწრებდა. ჭირისუფლები იძულებული იყვნენ, დილიდან დაღამებამდე საკვების გადმოსაცემ სარკმელთა რიგში მდგარიყვნენ. ხშირად ვერც ახერხებდნენ გადმოცემას და მოტანილ ამანათიანად შინ ბრუნდებოდნენ. ისიც ხომ მხედველობაშია მისაღები, რომ შინიდან საჭმლის მომტანი არცთუ ყველას ჰყავდა. ამას დაერთო, რომ ციხის უფროსის ბრძანებით, ერთ მშვენიერ დღეს, სართულებისა და საკნების კარები ჩაიკეტა და პატიმრებს მიმოსვლის საშუალება მოესპოთ. აქედან მოყოლებული, საჭირო ოთახშიც კი წინასწარ შედგენილი ცხრილით, მთელი საკანი ერთად გაჰყავდათ და უმალ საკანშივე კეტავდნენ. ეს მარტო დილით და საღამოთი ხდებოდა და ამიტომ საკნებმი ვეებერთელა პარაშები დადგეს. ყოველივე ამან დიდი უკმაყოფილება, დრტვინვა გამოიწვია. გახშირდა ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევები და ზედამხედველებზე გაწევ–გამოწევის მაგალითებიც კი. გამოსვლებზე, გაფიცვებზე, აჯანყებებზე – საერთოდ, რევოლუციის მსვლელობაზე გარედან შესული ამბები – ციხემი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი სალაპარაკო თემა იყო და ესეც აღიზიანებდა ადამიანების ფსიქიკას, გადამწყვეტობით მუხტავდა, საბრძოლო განწყობილებას ქმნიდა. ამას გარდა, საკნებში მრავლად იყვნენ მოხალისე თუ გამოყოფილი აგიტატორები, რომლებიც რევოლუციური იდეების პროპაგანდას ეწეოდნენ და, უნდა ითქვას, ერთობ შედეგიანადაც, იმის მერეც კი, როცა საკნებში ჩაკეტეს და პროპაგანდისტებს ადგილგადანაცვლების საშუალება თითქმის მოესპოთ, სიტყვით მოქმედება ისევე გრძელდებოდა, როგორც მანამდე. მოკლედ რომ მოვჭრათ, ციხეს, პატიმართა მასას, ერთი შეხედვით, მოწოდებისა და მაგალითის მიცემის მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ... ისიც შესაძლებელია, რომ მასა საბრძოლოდ იყოს განწყობილი და აქტიურ მოქმედებამდე კი ვერ მივიდეს. მოქმედებამდე მიუსვლელობას, აქტიური, ხელჩართული წინააღმდეგობის გაუწევლობას მრავალი მიზეზი აქვს და, მათ შორის, ორია უმთავრესი: მასის სოციალური შემადგენლობა და საბაბი!

გავრცელებულია მცდარი აზრი, ვითომ ამბოხებები, აჯანყებები და ფართო მასშტაბის სხვა სახალხო გამოსვლები ვიღაცის მიერ წინასწარ დანიშნულ დღესა და საათზე იწყებოდეს. მე არ ვგულისხმობ სამთავრობო გადატრიალებებს, როცა შეთქმულთ ერთგული სამხედრო ნაწილები ჰყავთ და ოპერაციის დაწყებას ბრძანების მეტი არა უნდა რა. ხალხის ამბოხებაზე ვლაპარაკობ და აქ სულ სხვა რამ არის საჭირო. მასა, როგორი დამუხტულიც უნდა იყოს იგი, ბრბოდ თუ არ იქცა, აქტიურ მოქმედებას ვერ დაიწყეგს. იგი ინერტული, უმჯობეს შემთხვევაში, შესაძლებელი აფეთქების შემცველი რამ არის და საჭიროა მისი ამოქმედება, ბრბოდ ქცევა. ამისთვის კი საბაბია საჭირო! შემდეგ, ბრბოს, თუკი იგი ბრბოდვე რჩება, აუცილებელი დამარცხება, გაფანტვა და კვლავ მორჩილება უწერია. იმისთვის რომ

მისი მოქმედება სერიოზულ აქციაში გადაიზარდოს, საჭიროა მაორგანიზებელი ძალა გარკვეული რევოლუციური მოძღვრებით აღჭურვილი ადამიანების სახით – ძალა, რომელიც მიზანს, ბრძოლის გზებს დაუსახავს, ტაქტიკით შეაიარაღებს ბრბოს. აი, რა ხალხი იყო მაშინ ორთაჭალის ციხემი და რა ფენებისგან

შედგებოდა მისი მოსახლეობა:

ყველაზე მცირერიცხოვანი იყო პროფესიული რევოლუციონერების ფენა. მათი რიცხვი იმ ოთხი ათას შვიდას კაცში ოცდახუთ–ოცდაათს არ აღემატებოდა. აქ მე იმ რევოლუციონერებს ვამბობ, ვისაც ციხე ჰქონდა მისჯილი და არა კატორღა. კატორღელები, აგრეთვე, ოცდახუთი–ოცდაათი კაცი, ცალკე საკანში ისხდნენ და მათში პოლიტიკური, დაახლოებით, ათი თუ იქნებოდა, მეტი არა, მაგრამ ამბოხებაში მონაწილეობის მხრივ ამ გარემოებას არავითარი მნიშენელობა ირ ჰქონდა; კატორღელები ყველანი, განურჩევლად მათი სასჯელის წარმომავლობისა, აქტიურ მონაწილეობას მიიღებდნენ, ამაში დარწმუნებული ვიყავი. ამდენივე უნდა მეგულისხმა, ვინც ციხეში პირველივე გამოსვლების შემდეგ მოხვდა, აქ შეგნებულად, საბოლოოდ დაუკავშირა თავისი მომავალ პოლიტიკურ მოღვაწეობას, რევოლუციას, მერე ამნისტიამ მოუსწრო, გათავისუფლდა და რევოლუციურ მოძრაობაში ხელმეორე მონაწილეობისთვის კვლავ ჩაჯდა.

ეს იყო სხვადასხვა სოციალური ფენებიდან გამოსული ახალგაზრდობა. მუშათა ოჯახებიდან გამოსულთა გვერდით მღვდლისა თუ კაპიტალისტის შვილსაც ნახავდით, მასწავლებლისა და ბანკის მოხელის შვილსაც და ერთი მათგანის მამა კი უბნის ზედამხედველი იყო, – ჟანდარმი! მხედველობამი ვიღებდი იმასაც, რომ თუ რამდენიმე ათას კაციან მასაში გარკვეული ჯგუფი აქტიურ მოქმედებას წამოიწყებდა, მაშინვე გამოჩნდებოდა კიდევ ასიოდე სრულიად მოულოდნელი, თავზეხელაღებული მომხრე. ეს მასის თვისებაა, ასეთი გამოცდილება უკვე გვქონდა. აღვნიშნოთ, რომ დასახელებული ას ორმოცდაათი–ას ოთხმოცი კაცი ავანგარდი იყო, მაგრამ ვისი ავანგარდი?

ხუთასზე მეტი პატიმარი, ანუ მთელი კონტინგენტის ათი–თერთმეტი ჰროცენტი, ციხის “მომსახურებას” შეადგენდა. ადმინისტრაცია მომსახურებას მცირესასჯელიან ან ახლო მომავალში გასათავისუფლებელ პატიმართა რიცხვიდან აკომპლექტებდა. ამ ფენას ეკუთვნოდა ყველა – ციხის კანცელარიაში, საავადმყოფოში თუ საწყობში მომუშავე პატიმრებიდან დაწყებული – მრეცხავებით, დამლაგებლებითა და ასენიზატორებით გათავებული. ეს იყო პრივილეგირებული ფენა, რომელიც ციხის ადმინისტრაციის სულიერი და ფიზიკური ნასუფრალით იკვებებოდა! მის ბრძანებებს, წესებს თუ უკანონო ღონისძიებებს მზადყოფნით ასრულებდა და უახლოეს ხანში “დაწინაურებას” ან გათავისუფლებას ელოდა. ამ ხალხისაგან ამბოხებას მხოლოდ გამცემლობის, მუხთლობისა და მუხანათობის მოლოდინი უნდა ჰქონოდა – სხვა არაფრისა. შესაძლებელი ამბოხების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, მომსახურებასვე მიეკუთენებოდა გულახდილი მონარქისტებისა და არსებული რეჟიმის სხვა აქტიური მომხრეების, აგრეთვე, ხუთას–ექვსასკაციანი ფენაც. ესენი ამბოხებულებს სიამოვნებით დაცხრილავდნენ, თუკი ვაზნასა და იარაღს ანდობდა ვინმე. ერთი ამდენიც ისეთი პატიმარი იყო, ვისაც ორიდან ექვს თვემდე რჩებოდა მოსახდელი ვადა და, – ამბოხებულთა მომხრედ არ მიმიჩნიონ, თანამონაწილეობისათვის ხელმეორედ არ დამსაჯონო, სულ ადვილად შეიძლებოდა, ამბოხებულთა წინააღმდეგ აღემართა ხელი. ამგვარად, პატიმართა საერთო რაოდენობის მესამედისა, შეთქმულთ არამცთუ იმედის ნასახი არ უნდა ჰქონოდათ, არამედ მისი უვნებელყოფაც კი ექნებოდათ საფიქრალი. საერთოდ, ასეთი მესამედი ყველა ციხეს ჰყავდა და ეს მესამედი რომ არა, ვერც ერთი ციხის ადმინისტრაცია ვერ განახორციელებდა თავის დანიშნულებას.

ახლა, ეგრეთ წოდებული, “ვიგინდარები”: ამ ფენაში შედიოდა სამასამდე გამფლანგველი და სხვადასხვა არაპოლიტიკური დანაშაულის ჩამდენი წვრილმანი და საშუალო მოხელე. ესენი მთელ დღეებს იმაზე საუბრებსა და ტკბილ მოგონებებში ატარებდნენ, თუ როგორ უთხრა მას საიდუმლო მრჩეველმა ტრატატატაკოვსკიმ, – უფალო, წესიერად მოიქეციო, ან როგორ დაკარგა გენერალმა ტრალალაკოვიჩმა პენსნე და როგორ მარდად უპოვნა და მიართვა იგი ადიუტანტმა. ციხემდე ამ ფენის სულიერი სარჩო პრივილეგირებული წოდებების შარავანდედთან ლაციცი გახლდათ და ახლაც ყოველ მათგანს სერიოზული იმედი ჰქონდა, რომ ციხიდან გასვლის შემდეგ მიაღწევდა იმას, რასაც ჩაჯდომამდეც სიცოცხლის ოცნებად ატარებდა. ციხეში მათ მელებს ეძახდნენ და მელები, რა თქმა უნდა, ამბოხების დაწყებისთანავე სოროებს მიაშურებდნენ. ვიგინდარებსვე განეკუთვნებოდა კიდევ შვიდასი–რვაასი პატიმარი: ზოგმა მოღალატე ცოლს სახეში თეზაფი შეასხა; სხვამ კარის მეზობელს წერაქვი თუ ძალაყინი დაჰკრა – შენი ღორი ჩემს ბოსტანში რატომ გადმოვიდაო; ვიღაცამ იძალადა ან არასრულწლოვანი გახრწნა; ერთი ისეთიც კი იყო, რომელმაც საკუთარი ბებია გაძარცვის მიზნით ცულით დაჩეხა – ნაძარცვმა შვიდი მანეთი და ორი აბაზი შეადგინა. მაგრამ ამ ფენის დიდ უმრავლესობას, მაინც წვრილმანი ბაცაცები შეადგენდნენ და ყველას ერთად, ვიგინდარებიც ამიტომ ერქვათ. აჯანყებაში გამოუსადეგრობის თვალსაზრისით, ამავე ფენას განეკუთენებოდა სამასამდე ავადმყოფი თუ სიმულიანტი და ასამდე უცხოელი მოქალაქეც. ამგვარად, სათვალავიდან კიდევ ათას ხუთასი კაცი უნდა მოხსნილიყო, როგორც ინერტული, პასიური, უმჯობეს შემთხვევაში, ნეიტრალური სულადობა.

იმ დროს ორთაჭალის ციხეში ათასამდე კანონიერი ქურდი და “შობლა” მოითვლებოდა. ქურდების კასტა მაშინდელ საპყრობილეებში განსაკუთრებულ ფენად იყო მიჩნეული. კასტა–მეთქი, იმიტომ, რომ მათ თავისი დაუწერელი, მაგრამ ერთობ ზუსტად ჩამოყალიბებული კანონები, ზნეობრივი კოდექსი და სამსჯავრო პროცედურა ჰქონდათ. ისინი თავს “ციხიხ ჰატრონებად” თვლიდნენ. ამ პრეტენზიას საფუძვლად ერთი ფრიად დამაჯერებელი მოსაზრება ედო: “ჩემი ცხოვრება ციხეში ჯდომა, დროებით გათავისუფლება და ისევ ციხეში მოსვლაა, ციხე ჩემი სახლია. შენ კი შემთხვევით, დროებით მოსული კაცი, და მაშასადამე, ხტუმარი ხარ!” ეს, ასე ვთქვათ, ლოგიკური წანამძღვარი სრულ პრაქტიკულ რეალიზაციას იღებდა, რადგან ციხეში პირველად მისული კაცი, დაბნეულობასა და უმწეობას იჩენდა, მაშინ, როდესაც ქურდი, ტრადიციისა და მიღებული გამოცდილების გამო, საოცარი ცხოველმოსილებით, სიცოცხლისუნარიანობითა და შეგუების ხერხების მთელი არსენალით იყო აღჭურვილი. აქვე უნდა აღინიმნოს: კანონიერი ქურდის მხრივ რაიმე სახის თანამშრომლობა ციხის ადმინისტრაციასთან ან მის წარმომადგენელთან იმ დროში ისევე გამორიცხული იყო, როგორც პოლიტიკასთან რაიმე სახის მისი ურთიერთობა. ქურდი აპოლიტიკურ, კოსმოპოლიტურ ელემენტს წარმოადგენდა, მისი საქმე იყო ქურდობა – სულერთია, სად და ვისგან. მისი მოვალეობა – კასტის კანონებისა და ზნეობრივი კოდექსის განუხრელი აღსრულება, ყოველთვის, ყველა ვითარებაში და ყველგან! მართალია, რუსეთის იმპერიაში რევოლუციური მოძრაობის გაცხოველებამ და, ამასთან დაკავშირებით, ციხეებში პოლიტპატიმრების მომრავლებამ ქურდების უფლებები რამდენადმე შეკვეცა, მაგრამ მათ აქაც შესაშური მოქნილობა გამოიჩინეს. ქურდებმა პოლიტპატიმრებთან ურთიერთობას საფუძვლად დაუდეს პრინციპი: “არ გერჩი – ნუ მერჩი” და ამ გზით პრეროგატივების დიდი ნაწილი შეინარჩუნეს – მათ შორის, ციხის დანარჩენი ფენების ხარჯზე ჭამა–სმა, ჩაცმა–დახურვა.

ქურდებზე – კმარა. ქურდებთან ერთად “შობლა” ვახსენე. როგორც ყველა კასტას შეეფერება, ქურდებსაც ჰყავდათ თავისი თანამგრძნობები. ეს იყო სისხლის სამართლის დამნაშავეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი და ყოველ მათგანს “კანონიერი ქურდის” წოდების მოპოვება სწყუროდა. ამისთვის მათ დროთა განმავლობაში და შესაბამისი საქციელით უნდა დაემტკიცებინათ, რომ “ქურდის სისხლი” ჰქონდათ და არა გაჭირვებისა და, მით უმეტეს, შემთხვევის ძალით ჩაიდინეს დანაშაული. ისინი რიცხვობრივად რამდენჯერმე აღემატებოდნენ კანონიერ ქურდებს და კასტას მაინც განუსაზღვრელი გავლენა ჰქონდა მათზე. ორი აზრი არ არსებობდა ამაზე, რომ ამბოხების შემთხვევაში ქურდეგი და “შობლა” მტკიცე ნეიტრალიტეტის გზას დაადგებოდნენ, თუმცა, შობლაში აგიტაციის გზით, ამბოხებას საკმაო რაოდენობის აქტიური მომხრეების მოპოვება შეეძლო. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსვლების, დემონსტრაციებისა, თუ საბარიკადო ბრძოლების დროს ქურდები თავის საქმიანობას წყვეტდნენ, ზოგჯერ ყოველგვარ ბოროტმოქმედებათა აღმკვეთი ძალის ფუნქციას ნებაყოფლობით კისრულობდნენ.

ამგვარად, რჩებოდა, დაახლოებით, ხუთასკაციანი მასა, რომელიც, ჩემის აზრით, ამბოხებას მხარში ამოუდგებოდა, ძირითად სიმძიმეს თავის თავზე აიღებდა და მისი საუკეთესო ნაწილი დამრტყმელი ძალის როლსაც შეასრულებდა. ვინ იყო ეს ხალხი? უპირველეს ყოვლისა, მათ დიდ უმრავლესობას უკვე მიღებული ჰქონდა მონაწილეობა არსებული წყობილების მიმართ აქტიური პროტესტის რაიმე ფორმით გამოხატვაში: – მასობრივი გამოსვლებიდან – ერთპიროვნული წინააღმდეგობით დამთავრებული. ამათგან ერთი ნაწილი ამნისტიით გათავისუფლებული და კვლავ დაპატიმრებული იყო. ჰქონდათ სასჯელის დიდი ვადები – ხუთიდან ათ წლამდე, ასაკი – ოციდან ორმოცდაათამდე; ყოველი მათგანისთვის არსებობდა ორად ორი გზა: გრძელი – რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე სრული ბურჟუაზიული დემოკრატიის შექმნა, და მოკლე – იმპერიის ლიკვიდაცია, პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება. ეს მასა, ძირითადად, თავშეკავებული, სერიოზული, უკვე დამდგარი ხასიათის ადამიანებისგან შედგებოდა. თვითონ არ იცოდნენ ზედმეტი ლაპარაკი და არც სხვისი ჭარტალის დიდი დოზებით მოსმენა უყვარდათ.

მიაქციეთ ყურადღება: აფეთქების შემცველი მასა იყო; ბრბოდ ქცეული მასის სტიქიური მოქმედების ორგანიზებულ აჯანყებად გადამქცევი, ტაქტიკით შემაიარაღებელი ძალა იყო; არ იყო კონკრეტული საბაბი, მიზეზი, რომელიც მასას ბრბოდ გადააქცევდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, იყო ფეთქებადი ნივთიერებით სავსე კასრი და არ იყო ნაკერწკალი, ამნთები საბაბი არ იყო და ჩვენს მოვალეოგას შეადგენდა, ეს ნაპერწკალი არ წარმოქმნილიყო.

ჩემი მოხსენების მეორე ნახევარი შეიცავდა პრევენტიული ზომებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კარგად მოსაზრებულ კომპლექსს. საფიქრებელი იყო, რომ შესაძლებელი ამბოხებების პრობლემა ჟანდარმერიის სამმართველოს დაეკისრებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ზომების მიღება საპატიმრო ადგილების უწყებას დაევალა. ამ უწყების ხელმძღვანელთა მუშაობის შეფასებას არ შევუდგები, მხოლოდ ვიტყვი, თუ რა გზას დაადგნენ, და ყველაფერი ნათელი გახდება.

ვითარება, კერძოდ, თბილისის საგუბერნიო, ანუ ორთაჭალის ციხეში, შემდეგნაირად წარიმართა: ერთ მშვენიერ დღეს კორპუსების უფროსებმა თავ–თავისი საბრძანებელი ჩამოიარეს და პატიმრებს ციხის უფროსის, ბატონ კოცის შეთხზული ბულა წაუკითხეს. იგი, დაახლოებით, ასეთი შინაარსისა იყო: ამჟამად რუსეთის იმპერიაში სახალხო ხელისუფლება სუფევს, რაც სახელმწიფო სათათბიროთია განხორციელებული. სახალხო ხელისუფლების საწინააღმდეგო ყოველგვარი აგიტაცია ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს, რასაც მისი უდიდებულესობა, სრულიად რუსეთის იმპერატორი, ვერასდიდებით ვერ დაუშვებს. თუ ვინმე ფიქრობს, ვითომ მანიფესტით შეპირებული სიტყვის თავისუფლება პატიმრებზეც ვრცელდება – გაიხსენოს, რომ მანიფესტი მოქალაქეებისთვის არის გამოშვებული, ხოლო პატიმარს სამოქალაქო უფლებები განაჩენის გამოტანისთანავე აქვს აყრილი. მაშასადამე, პატიმარი მოქალაქე არ არის! ასეთი იყო კოცის ბულის, ასე ვთქვათ, განმარტებითი ნაწილი. ამას მოსდევდა სანქციები ანუ სასჯელი: მეფეზე აუგისთვის – ხუთი დღე–ღამე კარცერში; სახელმწიფო სათათბიროს გალანძღვისთვის – ოთხი დღე–ღამე; მინისტრების, საიდუმლო მრჩევლების, ეკლესიისა თუ უმაღლესი სამღვდელოების სიტყვიერი შეურაცხყოფა სამ დღე–ღამედ ღირდა და ყველაზე იაფი პოლიცია და ციხის ადმინისტრაცია ჯდებოდა – ორი დღე–ღამე. ამაზე ნაკლებდღეღამიან სასჯელს ბულა არ ითვალისწინებდა და კოცის სულგრძელობაც განუმეორებელი იყო. ეს სიახლე სალაპარაკოდ, სამასხროდ და სასაცილოდ ციხეს კარგა ხანს ეყო. დემბინმა ამ ბულაზე პაროდიაც კი დაწერა, ყველა საკანში გაავრცელა და ისე მოხერხდა, რომ პაროდიის ერთი ასლი თვით ბატონ კოცსაც მიართვეს. ლუკა პეტროვიჩ დემბინი რუსი მწერალი იყო, იმ დროს საკმაოდ ცნობილი არა მარტო მახვილი კალმის გამო, არამედ იმითაც, რომ მას წარამარა აპატიმრებდნენ.

ბატონი კოცი თავის თხზულებაში აღთქმულ დაპირებათა შესრულებას ერთობ ენერგიულად შეუდგა. უპირველესად ყოვლისა, დემბინი გააქანეს კარცერმი ორი დღე–ღამით – ციხის ადმინისტრაციის შეურაცხყოფა! შემდეგ კოცმა თითო სართულიდან თითო კაცი გამოაყვანინა და ისინიც კარცერში ჩასვა. ამასთან, თითქოს, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ბულაში აღნიშნული ოთხივე სასჯელი რეალური იყო – ერთს ხუთი დღე–ღამე მისცა, მეორეს – ოთხი, მესამეს – სამი და მეოთხეს – ორი. არავითარი მეცდომა. ოთხივე, ასე ვთქვათ, შტატიანი აგიტატორი იყო და არა ვინმე მოხალისეები, რომლებიც ზოგჯერ უფრო აქტიურადაც კი იქცეოდნენ, ვიდრე დავალებით მომუშავენი, და, ამდენად, კოცის თვალსაზრისით – უფრო დასასჯელნიც. აქედან, – შეთქმულებს, თუკი ასეთნი იმ დროს საერთოდ არსებობდნენ დასკვნა უნდა გამოეტანათ: ერთი ის – კოცი დასახული პოლიტიკის თანმიმდევრულად, მტკიცედ გატარებას აპირებდა, და მეორე – მშვენივრად იყო ინფორმირებული. მან დაჟინებით განაგრძო აგიტატორების დასჯა და, სახელდობრ, დავალებით მომუშავე აგიტატორებისა; არც რევოლუციონერებმა დაიხიეს უკან – მუშაობა გააძლიერეს; არც კოცმა – რეპრესიებს უმატა და ბულის გამოქვეყნების დღიდან თვე–ნახევრის თავზე კორპუსების უფროსებმა თავის მრევლს ციხის უფროსის დანაბარები გადასცეს: ვინც მეორედ და, მით უმეტეს, მესამედ ჩამივარდება ხელში, ისეთ საქმეს დავმართებ, რომ მეფისა და სახელმწიფო სათათბიროს გინებაც სამუდამოდ დაავიწყდება და სირცხვილისგან ცხვირსაც ვეღარსად გამოყოფსო!

ქვეყანაზე ისეთი პრობლემა არ არსებობს, პატიმრებმა რომ სწორი გადაწყვეტა არ გამოუნახონ – ეს ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. მაგრამ ციხის უფროსის ამ მუქარას კარგა ხანს ვერაფერი ეშველა. პატიმრებმა ვერა და ვერ დაადგინეს, რა უნდა ეღონა კოცს ისეთი, რომ იმ მჭევრმეტყველ, საუცხოოდ მომზადებულ გიმნაზიელებს თავისი საქმე მიეტოვებინათ და, ამასთან ერთად სირცხვილისგან ცხვირიც ვერსად გამოეყოთ?!

 

Hosted by uCoz