ალექსი სნეგირი

 

მეტეხის ხიდი გადმოვიარეთ, ორთაჭალისკენ გავუხვიეთ. იმ უცნობ პატიმარს ავხედ–დავხედე. პატარა ტანისა იყო, ასე, ოცის, ოცდაერთისა იქნებოდა და ძალიან გაჭიმული მობრძანდებოდა. დამაინტერესა, – ნეტავი, რა ჯურის კაცი უნდა იყოს–მეთქი. თომას გვერდში იყო, ვანიშნე, გამასლაათებოდა. კარში უცნობ ადამიანს გამოკითხვა რომ დაუწყო, – ვინა ხარ და რა კაცი ხარო, უზრდელობაში ჩამოგერთმევა. ციხეში პირიქით არის – ამ პროცესს გამასლაათება ჰქვია და ყურადღების, თანაგრძნობის ნიშანია. ამდენად, ისიც ჩვეულებრივი რამ არის, თუ გკითხეს, – რა ჩაიდინე, რისთვისა ზიხარო.

– რა კაცი ხარ? – გადაელაპარაკა თომა ჩვენს გაჭაჭულ თანამგზავრს.

– კაცი ვარ! – სასხვათაშორისოდ მიუგო მან.

ციხის ენაზე ეს იმას ნიშნავდა, – “კანონიყრი ქურდი” ვარო!

– რაზე ზიხარ?

– რაზეც, – ცივად მოუჭრა.

– რამდენი გაქვს? – სასჯელი იგულისხმებოდა,

– რამდენიც არის! – რა შენი საქმეაო.

– მერამდენე ჯდომაა?

– მერამდენეც არის! – მიუგო ბიჭმა და გულმოსული თვალი ესროლა.

– რა გქვია? – განზრახ აღარ მოეშვა თომა.

– პოქტიას მეძახიან! – თავი აღარ უნდა დამანებოო?

– სახელია თუ მეტსახელი?

– რაც არის! – ლაპარაკს მოვრჩითო.

– ამას გოროდოვოის ბიჭის მტრედები ეყოლება მოპარული, – ჩურჩულით დამიდასტურა მიხვედრა თომამ.

პოქტიას ყველა პასუხის შინაარსი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც კანონიერი ქურდისა იქნებოდა, მაგრამ ინტონაციაში გაიყიდა – ქედმაღლად, უტიფრად დაიჭირა თავი, ქურდი კი ასეთ შემთხვევაში ზრდილობიანია, შემპარავია და, როგორც ჩანს, პოქტიასთვის ციხის საქციელის მსწავლებელს საქმის ეს მხარე მხედველობიდან გამორჩენოდა. თვით პოქტია დარწმუნებული იყო, რომ თავის “არისტოკრატულ” წარმოშობაში სავსებით დაგვაჯერა და ისევ ისე იჭაჭებოდა. ერთი სიტყვით, ციხეში ადვილად და სხვის ხარჯზე ცხოვრების საფუძვლებს აქედანვე იქმნიდა ბიჭი. ამას რაც მოჰყვა, ახლავე მოგახსენებთ.

ორთაჭალის ციხემ “დაგვამუშავა” – ადმინისტრაციის ენაზე ასე ერქვა პატიმრის მიღების პროცედურას, რაც, ძირითადად, გაჩხრეკასა და მოყვანილთა დავთარში გრაფეგის შევსებას ნიშნავდა, და კარანტინისკენ წაგვიყეანეს.

დაიჩხრიალეს კლიტეებმა და ურდულებმა. გაიღო კარი – საკნის სიმყრალე და ხორხოცი ცხვირ–პირში წიხლივით გვეძგერა. ზედამხედველმა დაიძახა:

– ტარასტა, ტრი ჩალავეკ, მეტეხიი! – და ზურგს უკან კარი ჩაიკეტა.

ეს იყო უზომოდ გრძელი, ვიწრო, ბნელი და ნოტიო საკანი მთავარი კორპუსის ნახევარსარდაფში. მიუჩვეველი თვალი მხოლოდ ლანდებს არჩევდა, ლანდები კი იმდენი იყო, რომ იქაურობა ერთ მთლიან, მოფუთფუთე ფანტასტიკურ ორგანიზმს უფრო ჰგავდა, ვიდრე მრავალი ადამიანისგან შემდგარ მასას.

– ადგილი არ არის, ბატონო, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა! რომ ტენიან და ტენიან, სად ტენიან, ნეტავი?! მოეწყვეთ მანდ, არ არის ადგილები! – იმ აურზაურში ძლივს მოისმა “ტარასტას” ხმა საკნის ჩაბნელებული სიღრმიდან.

– მოდი აქ. – გასძახა თომამ მამასახლისს.

თვალი სიბნელეს მიეჩვია. მხარმარცხნივ უხუფო, პირთამდე სავსე პარაშა იდგა და მისგან უკვე ერთ ნაბიჯზე იატაკი არ ჩანდა – ხალხი იწვა. აქვე, პირდაპირ, მწოლიარე ხალხში იდგა პატარა მაგიდა, პატიმრები დომინოს თამაშობდნენ. საკანს მთელ სიგრძეზე გასდევდა ორსართულიანი ტახტი და ტახტს ზემოდან, სამ ადგილას, გისოსიან სარკმლებში ცოტაოდენი სინათლე შემოდიოდა. მარჯვნივ! ზემო სართულზე, პატიმრების ჯგუფი მოკალათებულიყო, ერთ–ერთი რაღაცას ყვებოდა, სხვები დროდადრო ხმამაღლა იცინოდნენ. სულ ბოლოში, სარკმელთან, რამდენიმე კაცი ქაღალდს თამაშობდა. უკეთ ვთქვათ, ორნი თამაშობდნენ, სხვები მაყურებლები იყვნენ.

– მოვედი. რომელი ხარ?! – თქვა მამასახლისმა.

– ჩვენ დასაგები არაფერი გვაქვს, იატაკზე ვერ დავწვებით. ტახტზე მისწი–მოსწიე ხალხი, – უთხრა თომამ.

– ახლავე, ბატონო... საწოლებს მოგართმევთ, ქვეშაგებს, თეთრეულს, სამოვარს!!!

– მოკეტე! – შეაწყვეტინა თომამ – ორი ადგილი ზემოთ! დროზე!

მამასახლისი მიხვდა, რომ ხუმრობა და ქილიკობა აღარ გამოადგებოდა, მაგრამ კარანტინი, მართლაც, უსაშველოდ იყო გადატვირთული. ვინ იცის, ეს მერამდენედ უნდა მიეწ–მოეწია ხალხი და ან თუ კიდევ დარჩა მისაწევ–მოსაწევი ვინმე? მამასახლისმა ტონი შეიცვალა მაგრამ ჭიჭყინს უმატა:

– წადით, ბატონო, და სადაც ნემსის ჩასაგდები ადგილი იპოვოთ, შეგარგოთ ღმერთმა. რავა, მე ის კი არ ვარ... რა ქვია იმას?..

ჩვენი არ იყოს, არც პოქტიას აწუხებდა ბარგიბარხანა. იქაურობას გაეცალა, ტახტის გასწვრივ დატოვებულ ბილიკზე ბოლთის ცემას შეუდგა. სწრაფად დადიოდა, ხელები გავაზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ეს ილეთი კარგად გამოუდიოდა, სწორედ ისე იქცეოდა, როგორც არაერთგზის ნაციხარმა კაცებმა იციან.

შევამჩნიე, ამ შეხლა–შემოხლას შორიახლოდან ერთი ახალგაზრდა კაცი გულდასმით უსმენდა. მერე მოგვიახლოვდა, თომას დააკვირდა და წავიდა.

სანამ ჩემი ძმაკაცი მამასახლისთან კამათში დროს ატარებდა, მე საკნის თვალიერება–შესწავლით ვიყავი გართული. ჩვენს პირდაპირ, ტახტის ზემო სართულზე, ერთი კაცი პერანგის ამხანაგის ამარა იჯდა, თავისი შარვალი ხელში ეჭირა და საგულდაგულო დაკვირვების მერეღა დავრწმუნდი, რომ მკბენარს კი არ ხილავდა, ღილს იკერებდა. გავიფიქრე კიდეც, – მამაცხონებული, ამ სიბნელეში, ნეტავი, რას ხედავს–მეთქი. იქვე ფეხმორთხმით იჯდა თეთრწვერულვაშა კაცი, გიშრის კრიალოსანს აჩხაკუნებდა და ღილის დაკერების პროცესს დასცქეროდა. ბებერი კი არა, ნაადრევად გაჭაღარავებული იყო. ვიგრძენი, ეს კაცი სადღაც მენახა, საიდანღაც ვიცნობდი. ვიგრძენი და, თითქმის, დავრწმუნდი კიდეც, მაგრამ გამოცნაურების დრო არ იყო, უნდა როგორმე დავბინავებულიყავით.

ის ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა, რომელიც თომას აკვირდებოდა; ყაყანში, როგორღაც დრო იხელთა, თომას ჰკითხა:

– თქვენ თომა კომოდოვი ხართ!

თომამ ახალგაზრდას ახედ–დახედა და მიუგო:

– დიახ!

– წამოდით აქეთ. მე შალვა თუხარელი ვარ.

მამასახლისმა თვალები დაჭყიტა. ჩვენ უკვე ვიღაცეებს ვალაჯებდით, ბილიკისკენ მივიწევდით როცა “ტარასტამ” მოგვაძახა:

– კომოდოვი კაცო! მერე, ვერ თქვი დროზე?!

პოლიტიკურები მარცხენა კუთხეში, ფანჯარასთან, ზემო სართულზე მოკალათებულიყვნენ. ხუთ კაცს ოთხი ლოგინი ჰქონდა, შედარებით ხალვათად იწვნენ და ჩვენ ორივენი, შეიძლება ითქვას, თავისუფლად შეგვიკედლეს.

ციხეში, და ისიც, რევოლუციის მსვლელობის დროს, სალაპარაკოს რა გამოლევდა! ახალი თუ ძველი ამბების მოყოლასა და განსჯაში მთელი საათი გავიდა. პოქტია ისევ ისე დაიარებოდა. მისი საქციელის შინაარსი და მიზანი ის გახლდათ, რომ მამასახლისს თავისით უნდა მიეპყრო ყურადღება კაცისთვის, რომელიც არც რამეს თხოულობს, არც “რკინის რიგში” იკავებს ადგილს და ნერვოზულ, სწრაფ ბოლთას სცემს. “რკინის რიგი” ნიმნავს, რომ კაცს მხოლოდ ერთი მტკაველი ეკუთვნის იატაკზე, აქ წოლაც მხოლოდ გვერდზეა შესაძლებელი. ძილის დროს ყოველი გადაბრუნება მეზობლების გაღვიძება–შეწუხებას იწვევდა – ერთი ღრენა და ჯაჯღანი ატყდებოდა ხოლმე. ამიტომ ღამით, გვერდის შენაცვლება მამასახლისის განკარგულებით, მთელი “რკინის რიგისთვის” ერთდროულად ხდებოდა: ყველა ერთად გადაბრუნდებოდა და ყველა ერთად განაგრძობდა ძილსა თუ თვლემას...

პოქტიაზე ვლაპარაკობდი. მან ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ საკნის მამასახლისს კანონიერ ქურდად მიეჩნია და ადგილი მიეთავაზებინა, მაგრამ მამასახლისი “დამპალი”, ანუ ციხის ცხოვრების თავისებურებებში კარგად გარკვეული კაცი აღმოჩნდა, პოქტიას სიყალბე მყისვე იყნოსა და აღარც რაიმე ყურადღება მიუქცევია, – ივლის, დაიღლება და პარაშასთანაც მყუდროდ მოეწყობაო! როცა ბოლთის მეთოდმა არ გაუმართლა, პოქტიამ, როგორც ციხეებში ნათრევ კაცს შეეფერებოდა, სხვა ხერხს მიმართა – ადგილის წართმევის ხერხს. საამისოდ პოქტიამ ის კაცი შეარჩია, რომელიც ცოტა ხნის წინ შარვალზე ღილს იკერებდა. არჩევანი ფორმალურად სწორი იყო. კაცი ზის, შარვალზე ღილს თავისი ხელით იკერებს, ესე იგი, ქურდი არ არის, – დაასკვნა პოქტიამ და ამაში თითქმის მართალიც იყო, რადგან ციხეში ქურდს ლაქია და მომვლელი არ მოაკლდებოდა. ის კაცი არც ტანსაცმლით ჰგავდა ცოტად თუ ბევრად “გამოსულს”. გახუნებული ხალათი, ღდინგაცლილ სალდათურ მძიმე ჩექმებში ჩატანებული შარვალი, მოკუნტული ზის, ფიქრობს.

რაღაცნაირად დაემთხვა, რომ როცა საუბარს მოვრჩით, ძირს ჩავედი, – გავიარ–გამოვიარო, მუხლებში გავიშალო–მეთქი. მოსიარულე რამდენიმე იყო. მეც მწკრივს ავედევნე და გავყევი. ცოტა ხნის შემდეგ პოქტია თავის მსხვერპლთან გაჩერდა, ბილიკი ჩაიკეტა, მოსიარულეები უნებლიეთ შეჩერდნენ. ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ვიდექი, ჰოქტიას მევცქეროდი, – ვნახოთ, რა მოხდება–მეთქი.

– ჩამო, ბიძა! – მთელი თავისი მრისხანებისა და ფეხმოუცვლელობის უნარი ჩააყოლა პოქტიამ იმ ორ სიტყვას.

“ბიძა” არც განძრეულა, არც წარბი შეუხრია, არც შესტყობია, თუ გაიგონა რამე. მარტო თეთრწვერულვაშამ მოიხედა, ჰოქტიას თვალი სხვათაშორის შეავლო და ისევ მიატრიალა თავი.

იმწამსვე ვიცანი – დათა თუთაშხია! კინაღამ შევყვირე, მაგრამ ვერ მოვასწარი... “ბიძამ” მუხლი გაშალა, სალდათური ჩექმის ცხვირი პოქტიას შიგ სიფათში აძგერა, წამიერი გარინდეგა საკმარისი აღმოჩნდა, რომ დარტყმა განმეორებულიყო. პოქტია შეტორტმანდა, ცხვირიდან თქრიალით წამოსკდა სისხლი.

დათა თუთაშხია აუმღვრევლად არაკუნებდა კრიალოსანს, თვალებს დინჯად დაატარებდა: ხან პოქტიას უყურებდა ხან – ეგზეკუტორს, ხან დამსწრეთა რეაქციას აკვირდებოდა.

დომინოს ქვებს მაგიდაზე ჭახაჭუხი გაუდიოდათ.

– ზედ დაგვდის კაცო! – დაიძახა იატაკზე მწოლიარეთაგან ერთ–ერთმა და სისხლის წვეთებს გაერიდა.

– პარაშასთან მიდი... წამო, კაცო, აქეთ წამო!..

ხალხი გაიწ–გამოიწია, გზა დაუგდეს. პოქტია პარაშასთან მივიდა, ცხვირის მოვლას მიჰყო ხელი.

– ხარჩოჯან, ეგრე გამეტებით არ იქნება ჩემმა მზემ! – ვიღაცამ დაიძახა და ამ მეტსახელით მივხვდი, ვინც იყო ეს კაცი.. პროფესიით ყვავილების ვაჭარი, მოწოდებით – აქტიური მამათმავალი, რაც პერიოდულად იწვევდა მის მობრძანებას ორთაჭალაში.

– ჰა, ბალი ორი შაურიაო?! – შეუღრინა პასუხად ხარჩომ, წვივები შეიკეცა და პოქტიას ვიზიტამდე დაწყებული ფიქრი განაგრძო.

შივასავით იჯდა, ჰგავდა კიდეც.

ბოლთის მწკრივი დაიძრა, მეც მივყევი. რატომღაც ეჭვი მეწვია, – იქნებ ვცდები, ეს თეთრწვერულვაშა კაცი დათა თუთაშხია არ არის, კიდევ უნდა დავაკვირდე–მეთქი.

პოქტია, სანამ სისხლის დენამ უკლო, პარაშაზე იყო დახრილი, მერე იქვე, მართალია, შეძლებისდაგვარად მოშორებით, მაგრამ მაინც პარაშის სიახლოვეს ჩაჯდა, თავი ზურგისკენ გადაიგდო და გაინაბა.

პარაშასთან ჩაჯდა! ეს იმას ნიშნავდა, რომ პოქტია ქურდის უფლებებზე პრეტენზიას აღარასოდეს განაცხადებდა და, თეორიულად ასე საფუძვლიანად მომზადებული, მალე თავადაც მიხვდებოდა, რომ ციხეში ცხოვრების, სიცოცხლის შენარჩუნების სხვა რამ გზა უნდა ეძებნა.

ერთი–ორჯერ კიდევ დავბოლთე და ჩემიანებთან ავედი. ანდრო ჭანეიშვილს შევეკითხე, ის თეთრწვერა კაცი ვინ არის–მეთქი.

– დათა თუთაშხიაა. გაგიგონია?

გამეცინა.

გამოირკვა, რომ დათას ხუთად ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი. ვადას აქ, ორთაჭალაში იხდიდა. ერთი თვის წინათ, რატომღაც და რაღაცისთვის, ჟანდარმერიის საპყრობილეში გადაეყვანათ და ცხრა თუ ათი დღის შემდეგ ისევ ორთაჭალაში მოეყვანათ. მთელი ციხე იცნობდა და მეგობრებიც ჰყავდა.

– როგორ უჭირავს თავი? – ვიკითხე მე.

– არის თავისთვის.

ჩემი ახალი მეგობრები დაინტერესდნენ და საქმე მაინც არაფერი იყო, დათა თუთაშხიასთან შეხვედრებისა და ურთიერთობების მოყოლას შევუდექი.

პოქტია თავჩაქინდრული იჯდა, ხელს წარამარა ცხვირზე ივლებდა. ძალიან მიუსაფარი და საცოდავი იერი ჰქონდა, მაგრამ ის ორი წიხლი იმასთან შედარებით მაინც არაფერი იყო, რაც ციხეში ზომიერად ითვლებოდა და რაც იმ დროისთვის უკვე არაერთხელ მქონდა ნანახი. სხვა პოქტიებს მსგავსი შეცდომა “ნახევარი სიცოცხლის” ფასად უჯდებოდათ. ასეთი ტერმინიც კი იყო ხმარებაში: “Ξςνςό οξλζθηνθ”.

დათაზე ლაპარაკს მოვრჩით. ისევ ძირს ჩავედი. ვფიქრობდი, ერთი–ორჯერ კიდევ ამევლ–ჩამევლო და თვითონ თუ ვერ მიცნობდა, მე გამოვმცნაურებოდი.

– მოდი აქ, ბიჭო! – დაუძახა ხარჩომ პოქტიას.

პოქტია ისევ ისე იჯდა, თავი არ აუღია – არ იცოდა, თუ მას ეძახდნენ.

– მოდი–მეთქი, შენ გეუბნები!.. მაახედეთ! – გაიმეორა ხარჩომ.

მეზობელმა პოქტიას იდაყვი წაჰკრა, – შენ გეუბნებიანო!

პოქტია ერთხანს მილურსმულივით იყო, ტახტის ზემოთა სართულს წარბებს ქვეშიდან აჰყურებდა. მერე წამოდგა, მწოლიარეებს გადაალაჯა, ხარჩოსთან მივიდა, მაგრამ იმ ვარაუდით დადგა, რომ გამოქნეული წიხლი ვეღარ მისწვდომოდა.

– ამო დაჯე! – წყნარად, შერიგების კილოზე უთხრა ხარჩომ.

პოქტია შეყოყმანდა, მაგრამ ავიდა.

დათა თუთაშხიამ ნაცემს ცხვირ–პირი გულმოდგინედ დაუთვალიერა და განზე გაიხედა.

პოქტიამ ცალი ფეხი შეიკეცა, მეორე – ტახტიდან ძირს გადაიშვირა და თავის ეგზეკუტორს გაჯავრებული თვალები მიაპყრო.

– ეხლა, რა გითხრა! – მშვიდად მამასავით მიმართა ხარჩომ. – ეგ რამე ვინც გასწავლა, არ გითხრა, “ბიძა” თუ არ ჩამოვიდა, მერე რა უნდა ქნაო?

პოქტია გაფაციცებით შესცქეროდა, ხმას არ იღებდა.

– ჰოოო, აი! – არ უთქვამს, რაღა. მე გეტყვი, შეიძლება, რო გამოგადგეს...

ხარჩო ძირს ჩახტა, ანაზდად თანამოსაუბრის ფეხს ეცა... პოქტია იმავ წამს ადგილს მოწყდა, ჰაერში კამარა შეჰკრა, დომინოს მოთამაშეებს თავზე გადაევლო და პარაშასთან მოადინა ბრაგვანი.

– ვაჰ! – აღმოხდა ერთ–ერთ მოთამაშეს. – ნახე?!

– დასვი, კაცო, რა დროს ეგენია!..

– ვაჰ, არა, ნახე?

– დასვი, დასვი!

– არა... ნახე, რა იყო?!

– მიდი, დასვი–მეთქი ჰა!

მოთამაშემ დომინოს ბოლოები მოათვალიერა, თავის ქვებს ჩახედა და დასვა.

ხარჩო ტახტზე ავიდა.

– ჰოო, აი, ეგ დავიწყნია, რაღა! – თქვა, როცა წვივები ისევ შეიკეცა და რიგიანად მოიკალათა.

აქ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. დათა თუთაშხია უკან გაჩოჩდა, ბეჭები კედელს მიაყრდნო, ხარჩოს თეძოებს ორივე ფეხი ერთდროულად აძგერა ხარჩომ, რა თქმა უნდა, პოქტიას ტრაექტორია

გაიმეორა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ უკანალით შიგ დომინოში ჩაჯდა. მაგიდა მორყეული იყო, იმოდენა სიმძიმის დანარცხებას ვერ გაუძლო, ნაწილებად დაიშალა. ხარჩომ ზეზე დადგომისა და წონასწორობის შენარჩუნების ცდისას პარაშა ხელჰყო, უკეთ ვთქვათ, ფეხჰყო და საკმაოდ შედეგიანადაც, ირგვლივ მწოლიარენი თუ მსხდომნი მყისვე, თვალის დახამხამებაში, დენნაკრავებივით წამოცვივდნენ და ისეთი ალიაქოთი ატყდა, როგორსაც ციხეშიც კი იშვიათად შეხვდება კაცი.

სახელდობრ, რა რას მოჰყვა, ამის აღქმა–დადგენა შეუძლებელი იყო, არც ვცდილვარ. ცემა–ტყეპის, ღრიანცელის, ნეკნეპის მტერევის რამოდენიმე კერამ ერთდროულად იფეთქა და თვალის დახამხამებაში თითქმის მთელი საკანი ჩაითრია. დომინოს მოთამაშეთაგან ორი იქვე, იატაკზე მწოლიარე ხალხს დაასკდა. აქ ხელჩართული ბრძოლა, უმთავრესად, სახელდახელოდ წაძრობილი ჩექმებით, მძიმე ფეხსაცმელებითა და კალოშებით წარიმართა. ფეხყოფის შედეგად წამოვარდნილი “რკინის რიგი” ხარჩოს ეტაკა. ბარე ათი კაცი ერთდროულად უბაგუნებდა: ვინ – მუშტით, ვინ – წიხლით, ერთს წყლის კასრის ვეება ხუფი ეჭირა და ჩარტყმა კი ვერაფრით მოეხერხებინა, სხვები უშლიდნენ ხელს. ბოლოს, როგორც იქნა, უყელა, მოუქნია, მაგრამ ხარჩოს მაგივრად სხვას დასცხო და ჩხუბის ახალი კერაც მყისვე წარმოიშვა. პოქტია ხარჩოზე მისეულ ზედახორას უტრიალებდა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი გაბზეკილი ჰქონდა, შესაფერ პოზიციას ეძებდა, რომ თავის ეგზეკუტორისთვის შიგ თვალში ეტაკებინა. გამომრჩა მეთქვა, დაკა–დაკა დაიწყო თუ არა – ტახტზე ავხტი, თორემ ლაპარაკი ზედმეტია, მეც ძალიან კარგებისა მომხვდებოდა, ზემოდან ბრძოლის ველი საუკეთესოდ ჩანდა. მტკიცედ შემიძლია ვთქვა, ყველაზე ნაკლებად კურკალა, ანუ დომინოს მესამე მოთამაშე დაზარალდა. იატაკზე მწოლიარეებმა იგი ერთხანს აბურთავეს, მერე ხელებსა და ფეხებში ჩააფრინდნენ, ტომარასავით გააქან–გამოაქანეს და ტახტზე ამოისროლეს. კურკალა ჩემსა და დათა თუთაშხიას შორის დაებერტყა. მისდა ბედად, ვარდნის დროს დიდად არავინ დაუზიანებია, ამიტომ ტახტზე მჯდომთაგან ორიოდ მუჯლუგუნის მეტი არც არაფერი მოხვედრია. არც თავად ცდილა, მუჯლუგუნების სამაგიერო მიეზღო, და ასე იაფად და მექანიკურად მაყურებელთა პარტიაში ჩაირიცხა. კურკალამ რომ დაინახა, აღარავინ რასმე მერჩისო, სასწრაფოდ წამოჯდა და ამის შემდეგ მთელი იმ ომის მანძილზე სულ ერთი და იგივე იძახა:

– ვააა, ე რა ხდება, კაცო!.. – ამას იტყოდა, დაბეგვილ ადგილებზე ხელებს წაივლებდა, დააყოლებდა: – უჰ უჰ, ვაი, ვაი, ვაი! – და თავიდან იწყებდა. – ვააა, ე რა ხდება, კაცო!..

სხვათა შორის, არც თვით მოჩხუბრებსა და მაყურებლებს ესმოდათ, თუ რა ხდებოდა. სათავე სად იყო, ხარჩოს მეტმა არავინ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, საყოველთაო ჩხუბის იმ წუთში, რომელსაც ახლა ვყვები, ასე ჩანდა.

დიახ, ხარჩო–მეთქი, და ხარჩოს იმ მომენტში მძიმე საშიშროება ელოდა. ეს ეპიზოდი თავიდან, სახელდობრ, როგორ დაიწყო, არ დამინახავს, ომის სხვა უბანს შევცქეროდი. ხარჩოსკენ მაშინ გავიხედე,

როცა კურკალამ გიჟივით დაიძახა:

– ვააა... იმას ნახე, ხარჩოს ნახე... არა, დარდაკასაც ნახე, ვააა, ე რა ხდება, კაცო!..

რა ხდებოდა და, ხარჩო ერთობ შილიფად იყო. იქვე, დარდაკა – ხარჩოს კოლეგა, ერთობ ვერაგული განზრახვის სისრულეში მოყვანას ცდილობდა.

დათა თუთაშხია კვლავინდებურად მუხლებშეკეცილი იჯდა, რაღაც საგანგებო ყურადღებით დაჰყურებდა იმ ულმობელ, უაზროდ თავაწყვეტილ, გადარეულ სამყაროს. მის იერში ცნობისმოყვარეობა

უფრო სჭვივოდა, ვიდრე გაოცება ან პირველმიზეზობის სინანული. მომეჩვენა, რომ იგი ყველაფერს ერთად უყურებდა, როგორც ორკესტრს უსმენენ ხოლმე და სრულიად არ აინტერესებდა ამა თუ იმ ეპიზოდის შინაარსი ან სიმძაფრის დონე.

თქმა რად უნდა, ისეც ადვილი წარმოსადგენია, საკანში როგორი ღრიანცელი იდგა, მაგრამ სწორედ ჩემს ფეხთით ერთი ისეთი შეკივლება გაისმა, რომ უნებლიეთ ძირს ჩავიხედე, დაკივლების ავტორი ვერ დავადგინე, საზარელი ზედახორა იყო, ოცამდე კაცი ერთ დიდ გორგლად ჩახვეულიყო და ვინ ვისა სცემდა, – ვერავინ ვერაფერს გაუგებდა. ჩემი ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, დომინოს მეოთხე მოთამაშემ მიიპყრო. კანონიერი ქურდი ბრძანდებოდა, მეტსახელი ტამბია ჰქონდა. ის ტამბია ზედახორას დასტრიალებდა, ცდილობდა, ერთმანეთში გადახლართული სხეულების ქვეშიდან დალეწილი მაგიდის რომელიმე ფეხი გამოეღო. რამდენჯერმე ხელიც კი მოავლო, მაგრამ სხვები ზედ იწვნენ და ვერაფერს ხდებოდა. ამ დროს სასმელი წყლის კასრის ხუფი დარდაკას ჩასცხეს თავში, დაარეტიანეს, წაქცევა არ დააცადეს, პირდაპირ პარაშამი ჩასვეს. მართალია, დარდაკა გონს უმალვე მოეგო, პარაშიდან ამოვიდა, მაგრამ ცხადია, გადატანილი ფათერაკის შემდეგ ხარჩო პროფესიულ შეურაცხყოფას გადარჩა!

ტამბიამ, როგორც იქნა, მაგიდის ფეხის გამოღება მოახერხა. ვიფიქრე, – ახლა ამ მუხის კეტს დაატრიალებს და, ვაი იმის ბრალი, ვისაც მოხვდება–მეთქი. მაგრამ ნურას უკაცრავად, არავისთვის უთავაზებია. ტახტს გასწვრივ ჩაჰყვა, დათას ათიოდ ნაბიჯით გასცდა, ჯერ მაგიდის ფეხი ამოაგდო ზემოთ, მერე თავადაც ამოვიდა და კეტით შეიარაღებული ჩვენკენ დაიძრა. გამიელვა, – ქვემოთ მოჩხუბრებს ზემოდან დაუწყებს კეტით ცემას–მეთქი მაგრამ სულ სხვა რამ მოხდა: ტამბიამ კეტი

მართლაც ისე შემართა, ვითომ ძირს ერთ–ერთი მოჩხუბრის დამარცხება ჰქონდა განზრახული და უკანასკნელ წამში დათა თუთაშხიას დასცხო! თავში მოხვედრება უნდოდა, მაგრამ ტანმა უგრძნო დათას, თუ თვალმა, არ ვიცი – რაღაცნაირად წაიხარა, კეტი მის ბეჭებზე დასხლტა და ტახტს დააცხრა. ხმის ამოღება ვერც კი მოვასწარი – ტამბია განიარაღებული გახლდათ. გაქცევის მიზნით, პირდაპირ მოჩხუბრებში გადაშვებას აპირებდა, რომ დათას მოქნეულმა კეტმა მოუსწრო. ტამბია ტახტის კიდეზე სველი ჩვარივით დაეცა და ძირს მერეღა გადავარდა.

– ვააა! ამას ნახე .. ტამბიტს ნახე... ქურდებსა სცემენ!!! ე, რა ხდება, კაცო!.. ქურდებსა სცემენ... – დაიძახა კურკალამ.

ამ წამოძახებამ მაგიურად იმოქმედა, რადგან მაშინდელ ციხეში ქურდი ხელშეუხებელი იყო, ქურდის მცემელს სიკვდილი თუ არა, “ნახევარი სიცოცხლის” წართმევა მაინც ჰქონდა განაღდებული. რა თქმა უნდა, ყოველ მოჩხუბართაგანს ესმოდა, რომ მისი მოწინააღმდეგე თუ მსხვერპლი, შეუძლებელია, კანონიერი ქურდი ყოფილიყო – ისინი ასეთ საქმეში მონაწილეობას საერთოდ არასოდეს მიიღებდნენ და ამ კერძო მემთხვევაშიც ზემო ტახტზე ერთად მოქუჩებულები გადმოჰყურებდნენ სანახაობას, მოკლე კომენტარებით ამკობდნენ ომის მსვლელობას, მაგრამ, – ქურდებსა სცემენო, და იმაში დარწმუნება, რომ ქურდთან არ აქვს საქმე, მაინც ყველასთვის საჭირო იყო, ამიტომ ჩხუბის ტემპი იმ წამოძახილისთანავე დავარდა – მხოლოდ ორი–სამი წამით დავარდა – და ისევ ახალი ძალით იფეთქა.

– სადა სცემენ?! – დაიძახა სპარაპეტამ.

– ვისა სცემენ?! – ყურები სცქვიტეს სხვა ქურდებმა.

– ტამბიას ნახეთ ტამბიას! – ბაიყუშმა, ბაიყუშმა! – დაიძახა კურკალამ. დააყოლა: – ვააა! ე რა ხდება, კაცო! – და გაფრინდა კიდეც: დათას კეტმა ნიჩბით ახვეტილი ნეხვივით გადააგდო ტახტიდან.

ბაიყუში, თურმე, დათა თუთაშხიასთვის შერქმეული სახელი იყო და ქურდების ბრბო პირდაპირ ჩვენკენ გამოქანდა. ფიქრის დრო აღარ მქონდა, ზეზე წამოვიჭერი. გადავეღობე. იმავ წამს წამაქციეს, ზედ გადამიარეს. დათას ეტაკნენ. დათას კეტი ეჭირა, სამი თუ ოთხი ქურდი თვალის დახამხამებაში გამოიყვანა მწყობრიდან, სხვები შედრკნენ, კვეთება წამით შეწყდა.

– ეგ კეტი აქ მომე! – უბრძანა სპარაპეტამ დათას.

– მოდი, ბიძიკო, და წაიღე!

– ჰა, ბაიყუშ! – მოვალთ, კეტსაც წავიღებთ და ჯანსაც! დააგდე, რო გეუბნებიან!

– მე არ მიხლია ხელი თქვენთვის პირველს. მან დამარტყა ჯერ, ეგერ რომ გდია. ტამბია რომ ქვია, ის...

– პირველი მეორე არვიცი! კეტი დააგდე, თორე მოვედით და ეგ არის...

– ჰა, ბაიყუშჯან, დააგდე, ვერა ხედამ რამდენი ვართ?!

– ძალა ერთობაშიაო, ხო იძახიან, არა?.. აი, ერთობა შენ ჩვენი ნახე... ეგ მაგათ ჩვენგან ისწავლეს, ჩემმა მზემ და შენმა მზემ, ჩვენგან!.. – აცნობა სპარაპეტამ.

– წაიღეთ ახლა ის თქვენი ტამბია, ბოვშვებო, და წადით მშვიდობით! – უთხრა დათა თუთაშხიამ.

– არ იძლევა, ნახე?

– გიჟია, რაღა!..

დათა თუთაშხიამ უმალ იგრძნო, ქურდების შემტევი სული გატეხილი იყო და აღარც დაუყოვნებია – თავად ეკვეთა. კიდევ ორი თუ სამი კაცი იქვე წააქცია, სხვები ძირს პანტაპუნტით გადაცვივდნენ, მაგრამ ზურგიდან წამოპარულებმა დათას საბანი გადააფარეს თავზე, წააქციეს და ცემა დაუწყეს. ძირს გადაყრილი ქურდები, მათ შორის – თავდახეთქილებიც კი, ყველანი თვალის დახამხამებაში ამოცვივდნენ, წაქცეულ დათას დააცხრნენ, როგორც სვავები ლეშს, და ყველამ ერთდროულად, დაუნდობლად დასცხეს – რითაც და როგორც შეეძლოთ. ალბათ, გასაგებია, რომ ვაშველებდი და პოლიტიკურებმაც ყველამ მოირბინა, გაშველებაში ჩაებნენ, მაგრამ მხოლოდ გაშველებაში, რადგან პოლიტიკურებსა და ქურდებს შორის ერთი უთქმელი პირობა არსებობდა – ერთმანეთს არ ვერჩოდით, და ეს პირობა რუსეთის იმპერიის ყველა საპყრობილეში, ყველანაირ ვითარებაში მოქმედებდა. დათა პოლიტპატიმარი არ იყო. ამდენად, მხოლოდ გაშველების უფლება გვქონდა. მართალია, ჩვენ რომ არა, იმ გაცოფებულ ნაძირალებს დათა თუთაშხია იქნებ სიკვდილის პირამდეც მიეყვანათ, მაგრამ მთავარი მაინც თვით დათამ შეძლო.. ერთი, რომ კეტი ბოლომდე ხელთა პქონდა, ვერაფრით წაართვეს და, მეორე – მომხდურებს, ძალიან მოხერხებულად, დიდი ოსტატობითა და საქმის ცოდნით იგერიებდა. თვლაზე თუ მიდგა, ქურდების ერთ დარტყმაზე დათას სამი დარტყმა მოდიოდა. ეგ არის, ქურდები ოცამდე იყვნენ და დათა კი მარტოხელა იცავდა თავს, თუ გამშველებლებს არ მივიღებთ მხედველობაში... ქურდებისა და დათას ომის დროს საკანმი რა ხდებოდა, დაწვრილებით ამისას ვერაფერს ვიტყვი, სხვებისთვის არ მეცალა. ერთი კია – ჩხუბში მონაწილეთა რაოდენობამაც იმატა, ტემპმაც და გაშმაგებამაც. ძნელი სათქმელია, სადამდე მივიდოდა საქმე, საკნის კარი რომ არ გაღებულიყო და ზედამხედველს არ დაეძახა.

– ტარასტა, აბეეედ!

ბალანდა მოგვიტანეს!

ვფიცავ სინდისს, დაუყოვნებლივ და იმწამსვე, მყისვე და ერთბაშად დამთავრდა ყველაფერი. ქურდებისა და დათას ბრძოლაც კი დამთავრდა, რადგან ზედამხედველს იქით ამანათების დამტარებლის მსუქანი სიფათი გამოჩნდა და ამას კიდევ ერთი დაძახება მოჰყვა.

– პერედაჩები მოვიდა, ტარასტააა!

ქურდებმა ყურები ცქვიტეს, დათას დაეხსნენ. სპარაპეტამ თქვა:

– შეეშვით, გიჟიაო, და თავისი კუთხისკენ გაიკრიფნენ. საკანი დაცხრა. ახლაღა გავიგონე, რომ მთელი ციხე, უკლებლივ ყველა კორპუსი და საკანი ღრიალებდა:

– ქურდებსა სცემენ!!!

ეს ღრიალი სხვა ქურდების ორგანიზებული იყო – რა თქმა უნდა, სოლიდარობის, მხარდაჭერის, კოლეგების ხელმყოფთა დაშინება–დაშოშმინების მიზნით, და დადუმდა თუ არა ჩვენი საკანი! ის ერთობლივი ღრიალიც შეწყდა.

– უჰ! გათავდა, მგონია, კაცო?! – საკნის “ტარასტამ” ტახტის ქვეშიდან გამოყო თავი, მიიხედ–მოიხედა. დარწმუნდა, რომ მართლაც ყველაფერი დამთავრებული იყო, გამოძვრა, ტანისამოსი ჩამოიბერტყა, თანაშემწეებს თავი მოუყარა და მათი თანხლებით კარისკენ გამოსწია.

საცაა, ამანათებიც უნდა შემოეტანათ. ქურდები თავის “კუთვნილ წილს” ტიტანური სიმშვიდით ელოდნენ.

დათა თუთაშხია წამოდგა, მოწესრიგდა. ცხვირსახოცი ამოიღო, დასისხლიანებული თავ–პირი შეიწმინდა, უცაბედად შემომხედა, მიცნო და ძალიან გადამდები ხარხარი აუვარდა.

ბალანდის დარიგებას შეუდგნენ. საკანი თიხის ჯამებისა და ხის კოვზების ბორიალმა მოიცვა. კასრებთან რიგი დამწკრივდა. ხმას არავინ იღებდა. ახლახან ნაჩხუბრები ხანგრძლივი უსაქმობითა და მოწყენილობით გულგაწვრილებულებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ერთიანად დაბეგვილ მოწინააღმდეგეებს. ხანდახან თუ იტყოდა ვინმე:

– კარგად ამოურიე და ისე დამისხიო! – ეგ იყო.

მე და დათა ვისხედით, ვსაუბრობდით. ძალიან ნაცემი იყო, მაგრამ მაინც ისე ეჭირა თავი, ვითომ არც ეჩხუბოს, არც ეცემოთ და არც არაფერი სტკენოდეს.

საკანი ბალანდის ხვრეპას შეუდგა. ფელდშერი მოვიდა – ბიკენტი იალქანიძე, დაშავებულების მკურნალობა გაახურა. მერე ვიღაცას გასძახა, – მე აქ მარტო ვერაფერს გავხდებიო, და ცოტა ხანში მეორე ფელდშერიც მობრძანდა.

წყლები და ტილოები შემოიტანეს, იატაკის რეცხვას მიჰყვეს ხელი. სიბინძურეში ამოთხვრილებმა პარაშა დასაცლელად წაიღეს, იქიდან ზედამხედველებს აბანოში უნდა წაეყვანათ.

ამანათების მიღება–ჩაბარება დაიწყო.

“შობლებმა” ბალანდა შეყლაპეს, ფანჯრებს აეკვრნენ და ჩვენს საკანში მომხდარის გამო ზემო სართულებისათვის ზუსტი ანგარიშის ჩაბარებას შეუდგნენ.

– ვააა.. ე რა მოხდა, კაცო!!! – თავისას გაიძახოდა კურკალა.

ხარჩო დაბრუნდა. თავი შეხვეული ჰქონდა, სახეზე ბარე ათგან ეკრა სალბუნი და მხოლოდ თვალი მოუჩანდა. ცალი მკლავი კისერზე შებმულ ჩვარში ჰქონდა გაყრილი, მეორეთი შარვალი ეჭირა, – არ ჩამვარდესო, გაწამაწიაში ახლახან დაკერებული ღილები ასწყვეტოდა. ზემოთ ამოსვლა დააპირა. ერთიანად დალეწილი იყო, ვერც ფეხი დაიმორჩილა და ვერც ხელი.

– ხარჩო–ბატონო, – მიმართა დათა თუთაშხიამ, – რომ ამოძვრე, ვეღარ ჩახვალ მაინც, მოსაქმება მოგინდეს, იქნება, და პარაშას არ მოგიტანენ აქ, იცი შენ ეს. ერთია კიდევ – გაუპატიურებული მამათმავალი არ მჭირდება გვერდში... არ დამიწყო, ახლა, ვბორგავდი, ის საქმე არ ყოფილაო და მისთანები. ა, შენ შენი ბარგი, სხვაგან მოძებნე ადგილი, თუ კაცი ხარ.

ამის თქმა იყო, დათამ ხარჩოს ყურთბალიში და მყრალი საბანი აგორგლა – მუთაქის ტოლა გამოვიდა, მერე ყელზე ხელის ჩამოსაკიდებლად შებმული ჩვარი გაუწია, შიგ ანაგორგლი შეუჩარა და მე მომიბრუნდა:

– თქვენთან ერთად მოიყვანეს ის ბიჭი, ამან რომ გადააგდო... ეგერ რომ ზის. რა ქვია, თუ იცი?

– პოქტია მქვიანო, – ვაცნობე მე.

– რას არ გამოიგონებს ეს ხალხი.. პოქტია, მოდი აქ, ბიძიკო! – დაუყვირა დათამ.

ბიჭი მოვიდა, ღიმილით ამოგვხედა.

– ამოდი და დაწექი აქ! გათავისუფლდა ადგილი.

პოქტია უკვე ჭკუანასწავლი იყო, წარბი შეჰკრა, დათას ეჭვიანი მზერა ესროლა.

– ამოდი ბიძიკო, ამოდი! – გაუმეორა დათამ.

პოქტია დარწმუნდა, საშიშროება რომ არაფერი იყო, და მარდად ამოვიდა.

– გაშალე ეს ჩემი ნაბადი, ორნი რომ მოვთავსდეთ, ისე, და მოგიტანენ, ალბათ, ლოგინს მერე და მერე. არაფერი ქურდი არ ხარ შენ და აზნაურობის მაძიებლობას დაანებე თავი.

პოქტიამ გაიცინა, შიშველ ფიცრებზე წამოწვა.

– კვიმსაძე არი, კვიმსაძე?! – დაიძახა ამანათების დამტარებელმა.

– არის, არის, – დაუდასტურა მამასახლისმა და პოლიტპატიმრებს გასძახა: – კლასიონ ამანათია შენი აქ... კვიმსაძეეე!

– კლასიონ ბიჭიევიჩ! აგერ ვარ, მოვდივარ!

კლასიონი ორმოციოდე წლის კაცი იყო. თვრამეტი წლის ასაკის შემდეგ თხუთმეტი წელიწადი ციხეებსა და გადასახლებებში ჰქონდა გატარებული. დანარჩენი დრო, როგორც თვითონ ამბობდა, ხელახლა ჩასაჯდომად ემზადებოდა. მას იცნობდა რუსეთის იმპერიის არალეგალური სამყაროს თითქმის ყოველი ცნობილი წარმომადგენელი, მაგრამ ვერავინ იტყოდა, თუ რომელ პარტიას ეკუთვნოდა კლასიონი, რა პოლიტიკური მრწამსი ჰქონდა ან რა სურდა, გარდა იმისა, რომ ცარიზმი ყოველ მიზეზს გარეშე განადგურებულიყო. სასაცილო, მაგრამ საჭირო კაცი – ასე უწოდებდნენ კლასიონ კვიმსაძეს და ეს დახასიათეგა საოცრად სწორი გახლდათ. იყო მის ბიოგრაფიაში ასეთი მომენტი: ერთ–ერთი გაცხარებული კამათის დროს, როცა ვეღარაფერი გაუგეს, თუ რომელ პოლიტიკურ მოძღვრებას იზიარებდა პირდაპირ ჰკითხეს:

– თქვენი პლატფორმა, ამხანაგო კლასიონ?

– რიონი, ბატონო! – კლასიონი ქუთაისელი მღვდლის შვილი იყო.

სწორედ იმ ქუთაისელი მღვდლის – მოხუცი ბიჭია კვიმსაძის – შემოგზავნილი გახლდათ ის ამანათი. უზარმაზარი რამ იყო, კლასიონმა მარტო მოხარშული დედლები მიითვალა თორმეტი.

– კლასიონ–ბატონო, მაგ თორმეტ დედალში ერთი ნამდვილად მამაჩემის შეწირულია მამაშენის ეკლესიისათვის, – გაემასხრა ვიღაც ქუთაისელი.

– შენ რომ დაგიჭირეს, მას მერე სად ყავს ქათამი შენს ოჯახს, ბიჭო? – შეუბრუნა კლასიონმა. – ჰა, შენ ერთი დედალი, გაუგზავნე, ყავდეთ, სანამდე გაგიშვებდნენ და საკუთარი დაუბრუნდებოდეთ შინ. ჰა, შენ ხაჭაპური და, აგერ, შოთიც წაიღე ერთი.

კლასიონ კვიმსაძემ ხორაგი მოიტანა, დაახარისხა, დაანაწილა, ჩვენთვის იმდენი დაიტოვა, რაც არ გაგვიფუჭდებოდა, და მისაკითხავების დაგზავნას შეუდგა. ამასობაში ანდრო ჭანეიშვილმა სუფრა გააწყო.

– ალექსი, წამოიყეანე დათა და მოდით, ვჭამოთ, კაცო, აღარ მოგშივდათ?! – დაგვიძახა შალვა თუხარელმა.

– გადაიშალე ნაბადი და დაწექი ისე, – უთხრა დათა თუთაშხიამ პოქტიას, როცა წასასვლელად გავწიეთ.

მივედით, ტახტზე გაშლილ პურ–მარილს შემოვუსხედით. კლასიონი ერთი ჩოჩქოლ–ჩოჩქოლით გზავნიდა მისაკითხავებს და ყოველ გზავნილებას სიტყვიერ ტექსტს მიაყოლებდა.

– ა, წაუღე ეს ქურდებს, სისხლი გაშრა მაგათი, რაფრა ჩამცხო რომელიღაცამ იმ გაშველება–გამოშველებამი, კუკუზნაკი მტკივა, გავგიჟდე ლამის... წაუღე და უთხარი: წილი არ გეგონოთ, კლასიონ კვიმსაძისაგან არაფერი წილი არ გეკუთვნით, მოსაკითხავია ეს–თქვა... მეტი არ იქნა ჩვენი მტერი და იქამდე არაფერი ეტკინოს მამაჩემ ბიჭია კვიმსაძეს... “უუფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე,

უფალო შეგვიწყალე” – მამას გამოაჯავრა შვილმა, – წაუღე და, მოსაკითხავია, წილი არ გეგონოთ, თქვე ტილიანებო–თქვა, არ დაგავიწყდეს ეს...

– ძალიან კოხტად გამოგდის, კლასიონ, შენგან კაი მღვდელი დადგებოდა, – გაემასხრა შალვა თუხარელი.

– მეფეს რომ უნდა, მღვდლებად გამოზარდოს, ისინი დაუნგრევენ სწორედ მიწიერ სასუფეველს, თვარა, ვნახავთ მაგასაც!.. – კლასიონმა ხელები გადაიფშვნიტა, ჭადი გატეხა და ჭამას შევუდექით.

– ასეთი ხაჭაპურები იცის საცოდავმა ელემ, ჩემმა დამ, – თქვა დათა თუთაშხიამ, პატარა ხანს იფიქრა და დასძინა. – რამდენი ხანია ვზივარ და ერთხელ არ მოსულა აქ, რაღაც არის მის თავს, ნამდვილია ეს.

– ამ ერთ კვირაში ორჯერ გადმოგცეს და ვის მოაქვს, გყავს ვინმე თბილისში? – ჰკითხა შალვა თუხარელმა.

– რძალია. ჩემი ბიძაშვილის, მუშნი ზარანდიას, ცოლი.

– არ იდარდო, ღმერთი მოწყალეა, დათა–ბატონო, – გაამხნევა კლასიონმა.

– კლასიონ, ქერა ზანგი გინახავს შენა? – მიამიტად ჰკითხა შალვა თუხარელმა.

– ნახავ მეფის და მისი სატრაპების ხელში რამეს! – დაუყოვნებლივ და სრულიად სერიოზულად მიუგო კლასიონმა, ერთხანს იფიქრა და თქვა: – რავა, არის, საერთოდ, ქერა ზანგები, თუუ.

ხარხარი ატყდა, კლასიონს შერცხვა, რომ წამოეგო, და მისაფუჩეჩებლად დათას შეემასხრა:

– შენ მაინც რა გაცინებს, ვიცოდე ერთი! სიკვდილს რომ გადარჩი, ის გიხარია, ხომ?.. დედა, რა ურტყეს და რას გაუძლო ამ კაცმა, არ იტყვით?!

– ასე, მართლაც, არ ვუცემივარ არავის და არასოდეს. – სიცილითვე დაუკრა კვერი დათა თუთაშხიამ. – ძალიან ბევრნი იყვნენ ოხრები!

– შენი ხასიათის პატრონს, უარესი მოგიწევს და ხშირად მოგიწევს, ძამიკო, – დასძინა კლასიონმა.

– რა ხასიათი მაქვს ასეთი, ნეტავი?

– რაც სახელი შეგარქვეს, ის ხასიათი გაქვს, სწორედ! მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, – არ უსწავლებიათ პატარაობისას შენთვის ეს ანდაზა, დავით–ბატონო?.. მარტო არ უნდა იყო, ვინმეს მხარეზე უნდა იყო, თვარა, ნაბეგვი იქნები სულ “სე ლა ვი” და რას იზამ! – დაუფრანგულა კლასიონმა.

– აქ ექვსნი ვართ. ადვილი შესაძლებელია, ბრძოლის სხვადასხვანაირი მეთოდების მომხრენი ვიყოთ, – პირველად გამოელაპარაკა დათას თომა კომოდოვი – მაგრამ ერთი რამ ექვსივეს გვაერთებს: ხალხის უმჯობესი მომავლისათვის ბრძოლის წყურვილი, რომელ პოლიტიკურ მოძღვრებასაც უნდა იზიარებდეს ყოველი ჩვენგანი. საბოლოო მიზანი მაინც ერთნაირი გვაქვს. ეს გვაერთებს, ამით ვართ ძლიერები!..

– ნამეტანი ძლიერები ვართ ნამეტანი! – სიტყვა ჩამოართვა კლასიონმა. – ძლიერები!.. გაჩერდი, თუ კაცი ხარ. ისე ერთობით ვართ და ისე ძლიერები ვართ, რომ ერთი ძღინკიანი მეფე ვერ ჩამოვაგდეთ, არ დაადგა საშველი და მაგ კი არა, აქეთ გამოგვალპო ციხეებში!.. ე, ერთობით ვინ არის, – კლასიონმა ქურდებისკენ გაიშვირა ხელი.

– მაგენი! – – თქვა დითამ, – მაგათი ერთობა იქიდან მოდის, რომ ყოველ მათგანს ცალ–ცალკე თავის გატანა და კაი ცხოვრება უნდა. საკუთარი კეთილდღეობისთვის ერთობაა ქურდების ერთობა. სხვისი კეთილდღეობისთვის ერთობა სხვაა კიდევ და ცოდნა უნდა ამას. ამის უცოდინარი კაცებით რომაა სავსე რევოლუციური მოძრაობა, მიტომ არის ის ერთობა ფუყე და უსუსური და მიტომ არის, ამდენ ხანს რომ ვერ იმარჯვებს!

– დიდი მცოდნე კაცი ყოფილხარ, რა ხანია გატყობ, დათა–ბატონო, და რომ გვასწავლიდე, ცარიზმს რა მოვუხერხოთ, კაის იზამ, ნამეტანი, – წაექილიკა კლასიონ კვიმსაძე.

ბავშვობიდან ვიცოდი, დათა თუთაშხია დასაცინი კაცი არ იყო, და მეუხერხულა. ისიც დავინახე, რომ კლასიონს არც სხვებმა მოუწონეს საქციელი. თვით კლასიონიც რამდენადმე შემცბარი იყო, მაგრამ მგონი, იმიტომ, რომ სამასხროდ ნათქვამმა მოსალოდნელი რეაქცია არ მოუტანა. მხოლოდ დათაზე ვერ იმოქმედა კლასიონის უშნო ოხუნჯობამ.

– დიდი მცოდნის რა გითხრა და, ვერც იმისას მოგახსენებ, ცარიზმს როგორ უნდა მოევლოს, მაგრამ, დავიყვან აგერ, ამ ბარკალს და ვიტყვი, რაც ვიცი!..

– ქურდების ერთობის გცოდნია, ბატონო; სხვისი კეთილდღეობისთვის ერთობის ამბავი – კიდევ უფრო მშვენივრად; შენ მარტო რომ ხარ, სხვები რომ ერთობით არიან და ამით რომ დაგირეჯგვეს გვერდები და თავ–პირი – ამასაც შენი პირით ამბობ!.. მიდი ვინმესთან, გააკეთე შენც, რასაც ისინი გააკეთებენ, და ვეღარ გაგიბედავს ვერაკაცი ვერაფერს და ვეღარც გიბაგუნებენ წაღშა–უკუღმა... – კლასიონ კვიმსაძეს ამ ადგილას გაუწყდა სიტყვა, რადგან დათა თუთაშხიამ წამახული მარგილივით მიაბჯინა თვალები. ლუკმა გადაყლაპა და მიუგო:

– შენ მაგისთვის მიეკედლე, მგონია, რევოლუციას და მეც მასე მოვიქცე, თუ?!

უხერხულობამ დაგვადუმა და კლასიონიც, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ წესიერ კაცს უღირსად ელაპარაკებოდა.

– თუ ხალხის მომავალზე უანგაროდ მოფიქრალი კაცები ხართ თქვენ, – სიჩუმე დაარღვია დათა თუთაშხიამ, – თქვენი მიზანი ის თუა, რომ ადამიანი იმაზე უკეთესი შეიქნას, ახლა რომ არის, მაშინ კაი ხნის მოსული ვარ თქვენთან მე, კაი ხნის!

პატარა ხანს ისევ სიჩუმე იყო.

– გაწყენიე, დათა თუთაშხია, ჩემი ხუმრობით, და ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ კაცი ხარ, – ღიმილით უთხრა კლასიონ კვიმსაძემ.

– არაფერი არ მწყენია მე.

– შეუძლებელია, არ გწყენოდა, გადავაჭარბე... პატარაზე.

– მაგაზე ნუ იფიქრებ და ნუ შეწუხდები. მართლა არ მწყენია, ვფიცავ სინდისს! – გაუმეორა დათამ.

კლასიონ კვიმსაძე გაინაბა, დათას დააკვირდა და ცოტა ხნის მერე უთხრა:

– აბა, ის უნდა მითხრა მაშინ, რატომ არ გწყენია.

– მაგ თუ გითხარი, კლასიონ, მაშინ შენ დარჩები ნაწყენი და დავანებოთ თავი ამ ლაპარაკს.

დათაშ შოთის ნახევარზე მოხარშული დედლის მოზრდილი ნაჭერი, ყველი და ორი კვერცხი დააწყო, ვიღაცას დაუძახა, პოქტიასთან გაატანა. კლასიონი მხარ–თეძოზე იწვა, ალბათ, იმაზე ფიქრობდა, თუ რა იგულისხმა დათა თუთაშხიამ თავის ნათქვამში.

– კლასიონ–ბატონო, შენ რომ ჩემს მოსვლას და თქვენთან ერთობას ამბობ, მომიწევს მაგის გაკეთება მე, მაგრამ როდის, თუ იცი? – ლაპარაკის თემა შეცვალა დათა თუთაშხიამ.

– როდის, მაინც?

– ამ უაზრო ჩხუბს და უბედურებას ხომ უყურეთ თქვენ და ხომ დაინახეთ, რა ძალა და ილაჯი დევს ხალხში! დროით და წყობილებით გაუბედურებული და ცხოველის დონემდე დაყვანილი ხალხია ეს

ხალხი. იქაც ასეა, სწორედ, – დათამ ფანჯრისკენ გაიშვირა ხელი. – მდინარეს წისქვილი როგორ უნდა დავატრიალებინო – ვიცი ეგ მე; ამ ხალხის ძალა და ილაჯი, ასე უაზროდ რომ იხარჯება, მათივე სასარგებლოდ რომ დაიხარჯოს, ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ამას ვისწავლი ჯერ და მოვალ მაშინ – დათამ იყუჩა და დასძინა: – თქვენ თუ იცით ამ საქმის რამე, მოვალ და ვისწავლი თქვენგან.

– ჯერჯერობით არ ვიცით, დათა! – თომა კომოდოვი ჩაერია საუბარში. – ეგ რომ გვცოდნოდა, არც ამდენ შეცდომას დავუშვებდით და რევოლუცია, იქნებ, უკვე გამარჯვებულიც ყოფილიყო... ვაკვირდებით, ვსწავლობთ, ვისწავლით! ერთობა მაგაშიც საჭიროა...

– მეტი არ იქნა ჩვენი მტერი ჩვენ ვერაფერი ვისწავლოთ! – ბოღმით ჩაილაპარაკა კლასიონმა და ძირს ჩავიდა.

ჩვენი შემდგომი საუბარი ისე წარიმართა, რომ მომხდარი ჩხუბის გაანალიზებასა და პატიმართა ამბოხების შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ დიდხანს. დათა თუთაშხია აქტიურად იყო განწყობილი, ჩანდა, თავადაც ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ამაზე.

კლასიონ კეიმსაძეს ქვემოთ ხალხი მოეგროვებინა, დიდი აზარტით უხსნიდა განსხვავებას თეატრალურ ჟანრებს შორის. დაახლოებით ასეთ განმარტებას აძლევდა:

– ა, კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: გოგოს უყვარს ბიჭი და ბიჭს უყვარს გოგო. უყვართ ერთმანეთი და რა გინდა, რომ ქნა? ცდილობს ეს ბიჭი, რამენაირად ლოგინამდე მიიტყუოს გოგო და აგერ–აგერ ქეც მიიტყუებს, ისე ეტყობა საქმეს. რცხვენია გოგოს და რაცხა ასეთები კიდევ. მოდის ახლა მესამე – მუზმუზელა და ოხერი ვიღაც, შეუჩნდება ამ გოგოს, არ აძლევს საშველს. იმდენს იზამს, რომ დაიყოლიებს, წაიყვანს და რა ქნას მაშინ შეყვარებულმა ბიჭმა? რას იზამს – მიტრიალდება და წავა სხვა გოგოს საძებრად! ა ესაა დრამა. ახლა ტრაგედია: იმ მიტოვებულმა ბიჭმა თავი თუ მოიკლა, ე, ისაა ტრაგედია, და კომედია რაა, თუ იცით? რაა და, დღეს რომ თქვენ ჩხუბი ქენით და არც ერთმა რომ არ იცოდით, რატომ ჩხუბობდით – ე, ისაა კომედია!..

ამ დროს საკნის კარი გაიღო. ჯერ აბანოში წაყვანილი ხალხი შემოიხვეტა – ბარე, ოცდახუთი კაცი, მერე ციხის უფროსი და მისი თანმხლები პირები შემობრძანდნენ. მამასახლისი მაშინვე იქ გაჩნდა და

საკანი გაინაბა.

კოცი – ციხის უფროსი, შუაში იდგა. აქეთ–იქით ორ–ორი ჟანდარმი ჰყავდა. ზურგს უკან, კარებში – ზედამხედველები. ციხის უფროსს მარტო გვარი კი არ ჰქონდა ორიგინალური – თავადაც საკმაოდ

საკვირველი კაცი იყო. მისი ხმა არავის გაეგონა და ლაპარაკი საერთოდ თუ შეეძლო, ამაზე დარწმუნებით ვერავინ რასმე იტყოდა. ამ შემთხვევაშიც ისე განვითარდა საქმე, რომ კოცს ხმა არ დაუძრავს. უფროსმა ზედამხედველმა რაღაც წაუჩურჩულა. კოცმა თავი დაიქნია – სულ ოდნავ დაიქნია, შეიძლება ითქვას, არც დაუქნევია.

– პოქტია რომელია! – დაიძახა უფროსმა ზედამხედველმა, პოქტია წამოიწია, – მე ვარო.

– გამოდი!

გავიდა. უფროსმა სამი თითი აიშვირა – კარცერში, სამი დღე–ღამით. კორპუსის უფროსმა პოქტიას თვალი შეავლო, პანღური ამოსცხო და დერეფანში გააგდო. უფროსმა ზედამხედველმა ციხის უფროსს ისევ წასჩურჩულა. ამან თავი დაიქნია.

– ხარჩო გამოდი!

ხარჩომაც სამი თითი და პანღური მიიღო, დერეფანში გალასლასდა.

– ჩემი ჯერია, ახლა... აქ ყოფნას კარცერი ჯობია, ჰაერი მაინც არის საკმარისი იქ, – ჩაილაპარაკა დათამ და, მართლაც, თუთაშხია დაიძახეს.

დათა მივიდა და დადგა. ციხის უფროსმა ერთხანს თვალებში უყურა, მერე ხელი აიქნია, – წადი, თავისუფალი ხარო, და კორპუსის უფროსს ანიშნა, – შემდეგიო.

ტამბიას, დარდაკას, თქვენ წარმოიდგინეთ, კურკალასა და სპარაპეტასაც კი, ქურდების “პაპას”, ყველას სამი თითი, თითო პანღური და დერეფანში გაყვანა ერგო. ამის შემდეგ უფროს ზედამხედველს, ჩანს, გადასაჩურჩულებელი აღარაფერი გააჩნდა და მაშინ კოცი პირადად შეუდგა საქმეს. საკანმი შემოვიდა, სასიარულოდ დატოვებულ ბილიკს მარჯვნივ ბოლომდე ჩაჰყვა, მერე ზურგი იბრუნა, საკნის მეორე ბოლოში გავიდა და როცა ისევ კართან მიბრძანდა, კიდევ თხუთმეტი კაცი უკვე დერეფანში იყო პანღურის ცემით გაგდებული. რა მიზეზით დააბრუნა დათა თუთაშხია, ან რის მიხედვით არჩევდა დასასჯელებს, ამის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ნამდვილია, რომ ხმა არავის დაუძრავს. თითს დაუქნევდა, – ჩამოდიო, გადიო! ან ადექი და წადიო, და იმ ერთ დაქნეულ თითს კიდევ ორ თითს უმატებდა. ეს იყო და ეს. დაწუწუნებაც კი არავის მოსვლია აზრად. ბოლოს ციხის უფროსი საკნის მამასახლისს მიუბრუნდა, ხუთივე თითი ცხვირწინ აუბზიკა და ძალიან თავაზიანად, დაახლოებით ისე, როგორც ხელგაშლილმა მასპინძელმა სასურველი სტუმარი – დერეფნისაკენ გაიპატიჟა.

– ესაა საქმე? – ტახტის ქვემოდან ცხვირი არ გამომიყვია... ამდენს ვწვალობ... ესაა საქმე? – აწუწუნდა “ტარასტა” და დაიძრა.

კორპუსის უფროსმა მამასახლისსაც მიაყოლა პანღური, მაგრამ მე ისე მგონია, ნათქვამის გამო მოხვდა, თორემ კოცის გულღია, ზრდილობიანი მიპატიჟების შემდეგ პანღური მოსალოდნელი აღარ იყო, თუ ციხისა რამე გამეგება.

კარი ჩაიკეტა.

კიდევ ერთი კვირა ან ათი დღე გაგრძელდა კარანტინი, წესისამებრ, პირველი პატიმრის შემოყვანიდან ოცდაერთი დღის თავზე დაიშალა და საკნებს მივაშურეთ.

 

Hosted by uCoz