რობერტ პავლეს ძე ხაპლანი

 

– როგორც ჩანს, საქართველოს საარქივო სამმართველოს თავისი შენობის ვესტიბიულში გამოკრული აქვს პლაკატი ჩემი ფიზიონომიითა და წარწერით, რომ მე მართლაც ვიმსახურე კავკასიის ჟანდარმერიის საიდუმლო აგენტად რვა თვის მანძილზე. შესაძლოა, პლაკატი კი არა, შვეიცრის მაგიდაზე რაიმე დავთარი უდევთ და ჩემი ნამსახურობა იმ დავთარში წითელი მელნით არის შეტანილი. დიახ, ვიმსახურე და ეს ფაქტი აღნიშნული მაქვს ყველა ჩემს მიერ შევსებულ ანკეტასა და ავტობიოგრაფიაში. ამას წინათ ჰელმინთოლოგების მსოფლიო კონგრესზე გახლდით კოსტა–რიკაში. ანკეტაში ჩავწერე, რომ რვა თვე საიდუმლო აგენტად ვიმსახურე. მითხრეს, – ეს ამოშალეო. არაფრით არ დავთანხმდი. საქმე წასვლა–არწასვლამდე მივიდა. მაინც არ ამოვშალე. დიახ! ხსენებული დავთარი თუ მართლაც არსებობს, კარგი იქნებოდა, ისიც ჩაეწერათ, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტიდან რევოლუციური მოღვაწეობისთვის გამრიცხეს, რომ პირველ მსოფლიო ომამდე ორჯერ ვიყავი დაპატიმრებული და სამი წელიწადი ორენბურგშიც გახლდით გადასახლებული. არც იმის ჩაწერა იქნებოდა ზედმეტი, რომ აკადემიის წევრ–კორესპონდენტი ვარ და ჩემს ნაშრომებს მსოფლიოს ყველა ჰელმინთოლოგი იცნობს. თქვენ ჰელმინთოლოგიისა იცით რამე?.. კეთილი და პატიოსანი. ახლა ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ჟანდარმერიაში ნამსახურობის საკითხზე ჩემთან ბევრჯერ მოსულან და მომავალშიც ველი ვიზიტებს, თუმცა, მართალი გითხრათ, დათა თუთაშხიასთან ჩემი ურთიერთობების გამოსაძიებლად ჯერ არავინ ყოფილა, თქვენ პირველი ბრძანდებით. დიახ, იყვნენ და კიდევაც მოვლენ–მეთქი, მოგახსენებთ. რაკიღა ასეა, მობილიზაციური მზადყოფნით უნდა დაგხვდეთ ხოლმე. დავიწყოთ გენეალოგიიდან. აი, ჩემი გვარტომობის ნუსხა. დედა: მამით – სამადაშვილი, დედით – თაფლიანიძე... და ზემოთ ყველა ქართველები იყვნენ. აქ იმდენად საინტერესო არაფერია. აი მამა! მამაჩემი მამით ყაფლანიშვილი იყო, დედით – ფარლაღაშვილი და მამაჩემის დედის შტოშიც ყველა ქართველია. მიაქციეთ ყურადღება, მამაჩემი ყაფლანიანცად წერია, მამაჩემის მამა – ყაფლანიშვილად, ხოლო მისი მამა, ანუ პაპაჩემის მამა, – ისევ ყაფლანიანცად არის აღნიშნული და მის ზემოთ, ყველა ყაფლანიანცები არიან. უდავოდ სომხები ყოფილან, მაგრამ პაპაჩემს ქართველობა, ყაფლანიშვილობა უსურვებია. მისგან განსხვავებით, მამაჩემს – სომხობა, ყაფლანიანცობა და მეც ამ გვარზე დამწერეს. ვინაიდან მე, როგორც ეთნიკური ფენომენი, სამ მეოთხედზე ქართველი ვარ, ყაფლანიშვილობა გადავწყვიტე და საიდუმლო აგენტად ყოფნის დროს და მერეც ამ გვარზე ვიწერებოდი. რუსეთში სასწავლებლად ჩამოვედი და მივხვდი, რომ ახალ გარემოში ჩემი ამ სიგრძე და, ამასთან, ძნელად გამოსათქმელი გვარი ვერაფერი შვილი იყო. დავირქვი ყაფლანი, რაც რუსულად გამოითქმის: კაპლანი ამ გვარზე ვიყავი, სანამ ის ფანატიკოსი დედაკაცი რევოლვერს გაისროდა. გაისროლა და მას აქეთ ვარ რობერტ პავლეს ძე ხაპლანი, თუმცა ერთობ ხშირად მიხდება განვმარტო, რომ იტალიელი არა ვარ და ხაპლანსა და კაპლანს შორისაც არის არსებითი განსხვავება. ამ მხრივ თუ კიდევ რაიმე გაინტერესებთ, შემიძლია, ჩემი გვარტომობის ნუსხის ფოტოპირი გაგატანოთ. უფრო დაწვრილებითი ცნობებისთვის მიმართეთ ჰერალდიკისა და გენეალოგიის სამმართველოს ლონდონში – ბეისუოტერ–სტრიტ 9, შეიძლება აღმოაჩნდეთ რაიმე დამატებითი მასალა. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას მოსკოვის უნივერსიტეტში შესვლის დღიდან დღეის

დღემდე – ინებეთ, მანდ ყველაფერი ამომწურავად წერია. წაიღეთ, თქვენი იყოს, გამრავლებული მაქვს. ახლა ჟანდარმერია!

მამაჩემი პავლე ყაფლანიანცი პროფესიით თერძი იყო, თავისი საკუთარი – მიაქციეთ ყურადღება – საკუთარი სახელოსნო ჰქონდა თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ადელხანოვის მაღაზიის გვერდით. ეხლა რომ მოდების ატელიე ჰქვია, ისეთი ყაიდის რამ იყო. ჰყავდა როგორც ევროპული, ისე აზიური და სამხედრო ტანსაცმლის საუკეთესო სპეციალისტები. თბილისის ელიტა და ბომონდი – მთლიანად მამაჩემის მუშტარი იყო. დავამთავრე თუ არა კლასიკური გიმნაზია, სამხედრო ვალდებულებამ მიწია. მამაჩემი წინააღმდეგი იყო, რომ მისი ერთადერთი ვაჟი იაპონიის ომში დაღუპულიყო, და ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადა, – დროებით ჟანდარმერიაში მოგაწყეო. მართლაც, დროებითი აღმოჩნდა. ვიმსახურე, გამოვედი და მას შემდეგ სამხედრო ვალდებულებისა აღარაფერი ვიცი, ჰელმინთოლოგი ვარ. რას წარმოადგენდა ჩემი სამსახური: თვალყურის დევნებას ძველი პროფესიაა, ძალიან ძველი. აი, დათა თუთაშხიასთან მივედით. სამი რევოლუციის შემსწრე და მონაწილე ვარ – ცხრაას ხუთის, თებერვლის და ოქტომბრის. დაჟინებით ვიტყვი, რევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ყველა, მთელი საზოგადოება, კაცი და ქალი, ბებერი და ბავშვი, მომხრე და მოწინააღმდეგე – თუ ყველა რევოლუციაზე ლაპარაკობს. ასე იყო სამივე რევოლუციის წინ, ყოველ ადამიანს თავში ბჟუილი ჰქონდა ატეხილი სიტყვისგან – “რევოლუცია”. სწორედ იმ პერიოდში ვიმსახურე. საკვირველი ის არის! რომ თვითონ მე, რა თქმა უნდა, რევოლუციის მომხრე ვიყავი და ჟანდარმერიაში კი ამოვყავი თავი. სხვა დრო იყო, მამის სურვილს კანონზე მეტი ძალა ჰქონდა, წინააღმდეგობას ვერ გავწევდი.

ერთი სიტყვით, მივიღე დავალება და წავედი სამტრედიაში. წასვლის წინა ინსტრუქტაჟის თანახმად, იქიდან მატარებლით თბილისს ერთი მამაკაცი უნდა წამოსულიყო. გვარ–სახელი არ მითხრეს, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს კაცი დათა თუთაშხია იყო. თვალყური უნდა მჭეროდა, – ვის შეხვდებოდა სადგურზე და მატარებელში, რას ეტყოდნენ ან რას იტყოდა. თუთაშხიას თბილისში მისი ძმა, ჩემზე ცოტათი უმცროსი ახალგაზრდა კაცი უნდა დახვედროდა. თუ ძმები ერთად წავიდოდნენ, ჩემი მისია ამოწურულად ითვლებოდა. თუ დათა თუთაშხია სადგურიდან საითმე გაუხვევდა – თვალყური უნდა განმეგრძო. ყოველივე ამასთან ერთად, მე იგი უნდა მეხსნა შესაძლებელი დაპატიმრებისგან, რისთვისაც სათანადო საბუთი ჩამაბარეს.

სამტრედიაში ბიძა მყავდა. ერთი დღე იმ ოჯახში გავატარე. ხორაგით სავსე კალათი გამომატანეს და ტომსიკით საგზალიც. ხორაგი და საგზალი ოპერაციის აუცილებელი კომპონენტი იყო, სტუმრად ნამყოფის შთაბეჭდილება უნდა მომეხდინა. ჩემმა უფროსებმა იცოდნენ, სამტრედიაში რომ ბიძა მყავდა. – რამეს გამოატანენო, გაითვალისწინეს, და სახელდობრ მე, ალბათ, ამ ნიშნითაც შემარჩიეს. სადგურში გამოვედი, დათქმულ ადგილას გავჩერდი. ხედვითი მეხსიერება ეხლაც კარგი მაქვს და მაშინ ხომ მქონდა და მქონდა. დათა თუთაშხია თუ სადმე გაიჭაჭანებდა, უეჭველად უნდა მეცნო, რადგან ჩემმა უფროსმა ერთი ვიღაც მაღალი ჩინის მესვეური დამანახვა. – ეს კაცი დაიხსომე, ორი წვეთი წყალივით ჰგვანან ესა და შენი თვალყურის პირი ერთმანეთსაო. ვიცანი. გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ვიცანი. არ მეცნო კიდეც, დათქმულ ადგილას ვიდექი, იქაური აგენტი მოვიდა, საცნობი მითხრა და მანიშნა – აგერ, ის კაცია, ჩამიბარებიაო. თუთაშხიამ ჩამიარა და სადგურის რესტორანში შევიდა. სექტემბრის ნახევარი იყო, მართალია, ზაფხულივით თბილოდა, მაგრამ თუთაშხიას მაინც ხალვათად ეცვა. თავზე ფაყუ, მაუდის შარვალ–ხალათი, პაჭიჭები და წუღა–მესტი. იღლიაში რაღაც გახვეული ჰქონდა. შევიდა, დაჯდა, საჭმელი მოითხოვა და მე სადგურის უფროსის ოთახს მივაშურე. ისე იყო მოფიქრებული, რომ მე და დათა თუთაშხიას გვერდიგვერდ უნდა გვემგზავრა, თუკი მოხერხდებოდა, რა თქმა უნდა.

სადგურის უფროსთან კალათებიანად შევედი და, აი, მაგალითიც იმისა, რომ მაშინ ყველას და ყველგან რევოლუციის ბჟუილი ჰქონდა ატეხილი, დამპალ წყობილებას ჰელმინთები ჰყავდა. უფროსი საწერ მაგიდასთან იჯდა, კარის ჭრიალზე გამომხედა და ვითომ არც არავინ შესულიყო ზურგს უკან ღია კარში ვიღაცას გადაულაპარაკა:

– გაიგე, ბართლომე, რა უქნიათ, მამაძაღლებს, ამათ? გოუტანიათ მახათაზე ზარბაზნები და, თუ არ მოიშალეთ მიტინგები და მისთანები, მაგ თქვენ თბილისშივე ამოგჟუჟავთ მატლებივითო!

– ნამეტანი გოუჭირდა თვითმპყრობელობას, ნამეტანი. – მოისმა უკანა ოთახიდან. – ლენინს უთქვამს, თვითმპყრობელობა, მეფე და ბურჟუაზია თავისით არაკაცს არაფერს დოუთმობს, ძალით უნდა წაართვა წასართმევი, მარქსმა თქვა ასეო. არ დათმობს და ვნახავ რუსთ–ხელმწიფეს კედელთან მიყუდებულს. ასე არ ქნეს ფრანგებმა?!

– კი, მარა, ამ სახელმწიფო სათათბიროს რომ ლაპარაკობენ...

– სახელმწიფო სათათბირო ქიმერაა! – ჩამოვართვი სიტყვა სადგურის უფროსს. – სახელმწიფო სათათბიროში მეფე და მისი დამქაშები თავის ხალხს შეიყვანენ.

ამას რომ ვამბობდი, სადგურის უფროსს საიდუმლო აგენტის წიგნაკი დავანახვე. სათქმელი ჯერ დამთავრებულიც არა მქონდა, რომ უფროსს ქაღალდისფერი დაედო.

– არც მასე იქნება მაგ საქმე, ბიძიკო, ვინ და რომელი ხარ, ვერ გიცანი, – მოისმა უკანა ოთახიდან. – მარა სახელმწიფო სათათბირო...

– მართალს ამბობს ეს კაცი, მართალს! – გამომესარჩლა სადგურის უფროსი, უმალვე მიხვდა, რომ ჟანდარმის წინაშე ბოლშევიკების პოზიცია დაადასტურა და ახლა ნიკაპი აუცახცახდა.

გავუღიმე, ხელი ჩავიქნიე, – არაფერია–მეთქი, და ჩურჩულით ავუხსენი, რაც მესაჭიროებოდა. იმწამსვე ადგა, გამომყვა. სანამ კარი ჯახანს გაიღებდა, უკანა ოთახიდან განუწყვეტლად ისმოდა მოსაზრებები და შეხედულებები, რომელთა გამო მაშინ, იმ სიტუაციაში, ენისეიზე თუ ლენაზე გამგზავრება დიდ იღბლიანობად ჩაითვლებოდა.

ბილეთების საქმე ადვილად მოგვარდა. პლაცკარტიანი ვაგონის მეჩვიდმეტე ადგილი მე ავიღე, მეცხრამეტე ადგილის ბილეთი სადგურის უფროსმა გვერდზე გადმოდო და სალაროში დარჩა, სანამ დათა თუთაშხია მოვიდოდა. მოვიდა, თბილისის ბილეთი მოითხოვა, მეცხრამეტე ადგილი მისცეს. მე ჯერ დეპეშა გავგზავნე, ამა და ამ ვაგონით მოვდივარ–მეთქი, და მერე ისევ თვალყური განვაგრძე. დათა თუთაშხია მოსაცდელ დარბაზში შესულიყო, განმარტოებით იჯდა, მაგრამ ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ მის გვერდით ვიღაცამ მოიკალათა. ცოტა ხნის მერე ირგვლივ უკვე მგზავრების მოზრდილი ჯგუფი იჯდა და, რაღა თქმა უნდა, რევოლუციაზე ლაპარაკი გახურდა. საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ, მაგრამ მოშორებით ვიყავი, რიგიანად არ მეყურებოდა. წავიღე ჩემი კალათები და მეც იმათ მივუჯექი.

– რაო მერე, ის სანებლიძე თუ ვიღაც რომ მოსულა თქვენს სოფელში, არ თქვა, ქარხნები მუშებს და მიწა–გლეხებსო?

– რავა არ იტყოდა, მაგას არ ლაპარაკობენ სულ?!

– თქვა, აბა, არ თქვა? მიდით და დაისაკუთრეთ თავადაზნაურობის მამულებიო!.. რა მიწები აქვს ნამაშევში ქაიხოსრო წულუკიძეს, ხო ხო ხო!

– მიდით და დაისაკუთრეთ, თქვენც.

– მართალია, მართალი, მიდით და დაისაკუთრეთ.

– ჯერ მუშებმა ქნან თავისი.

– რატომ, ჯერ მუშებმა, შე კაცო?!

– რატომ და, დასაკარგი არაფერი აბადიათ მათ. მე რომ მივიდე და წულუკიძის მიწებს დავეპატრონო, რა ვიცი, შებრუნდეს ეგებ და, რაცხა ექვსი ქცევა საყანე მაქვს, წამართმევენ იმასაც.

– გევიგოთ, რუსეთში რაფრა მოიქცევა გლეხობა და ისე ვქნათ ჩვენც.

– ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, ნათქვამია.

– მთელი სიცოცხლე ითმენ, შე კაცო, და ქე გატყვია, რაცხა მოგებაში ხარ.

– ახლა, რაფრაა ამათი საქმე, თუ იცი? ნამაშევის მიწები ქე უნდათ, აპა არა?! მარა, ვინმე რომ მიართმევდეს თავისით, ე, ის იქნება ნამეტანი კაი, ხა, ხა, ხა!

– გლეხები მოახდენთ რევოლუციას, მეტი არ იქნა თქვენი მტერი!

დათა თუთაშხია ამ ლაპარაკს გულდასმით უსმენდა, მაგრამ არ ჩარეულა, ხმა არ დაუძრავს. მხოლოდ ერთხელ გაიღიმა, როცა ვიღაცამ ბრძანა:

– გვითხრან, ბატონო, რამდენს მომცემენ ნამაშევის მიწებიდან და თუ დამიჯდა ჭკუაში, მივალ და წოუკიდებ ცეცხლს ქაიხოსრო წულუკიძის სახლ–კარს. გლეხი კაცი ვარ მე, დღევანდელი კვერცხი მირჩეენია ხვალინდელ ქათამს!

– ის საკუთარი კვერცხი რომ გაქვს, იმიტომ არ ვარგიხარ რევოლუციისთვის, – ვთქვი და ამ დროს ორი ზარიც ჩამოჰკრეს, მატარებელი გამოვიდაო.

ხალხი წამოიშალა, ბაქანზე გავედით.

ნახევარი საათის შემდეგ დათა თუთაშხია და მე ერთმანეთის პირდაპირ ვისხედით. ვაგონი რევოლუციაზე, გამოსვლებზე, თბილისისა და რუსეთის, ნამდვილსა თუ მოგონილ ამბებს ლაპარაკობდა.

– სიტყვის თავისუფლებაზე, რაო, სიტყვის თავისუფლებაზე? – ჩვენგან მეორე თუ მესამე განყოფილებაში იკითხა ვიღაცამ ხმამაღლა და ატყდა ალიაქოთი;

– რა გაქვს სათქმელი, ნეტავი, და თუ გაქვს, რას გაჩუმებულხარ, შე კაცო!

– რა აქვს სათქმელი და, თუ არ მოეწონება კაცს რამე, უნდა ქონდეს იმის უფლება, რომ თქვას და გაუგონონ მთავრობის კაცებმა. შეხედულებები მართავენ ქვეყნიერებას, შეხედულებები!

– სად ნახავ ისეთ მთავრობას, რომ იტყვი და გაგიგონებს?!

– აუუუ! სად წავიდა ის კაცი?! საფრანგეთის რევოლუციაში წავიდა, საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციაში, შეხედულებები მართავენო, კაცო!

– თავისუფლება თუ იქნა, მთავრობაში ისეთ კაცებს ავირჩევთ, რომ გაგვიგონონ და ჩვენს გასაჭირზე იზრუნონ. აბა?!

– შენ რომ კაცს აირჩევ და სახელმწიფო სათათბიროში რომ გამოიჭიმება, აღარ იქნება ის კაცი შენი. ექნება სიტყვის თავისუფლება, მარა შენს გასაჭირზე არ ილაპარაკებს ის, თავის თავს მიხედავს, თავის თავს!

– აგერ, ჩამოყალიბდება სახელმწიფო სათათბირო და მოგვცემენ თავისუფლებას, აბა, რას იზამენ, კაცმა რომ თქვას!

– კი, ხონჩით მოგართმევენ ხონჩით!

– თავისუფლებას ბრძოლით უნდა მოპოვება. ვიღაცის მოცემული თავისუფლების იმედი ნუ ექნება ნურავის! – დავიძახე მე და დათა თუთაშხიას შევეკითხე: – ასე არ არის?

მხრები ოდნავ აიჩეჩა, პატარა ხანს იფიქრა და მითხრა:

– თავისუფლება, ბიძიკო, თვითონ უნდა მიცეს ადამიანმა თავის თავს.

– როგორ ეგ? – გამოელაპარაკა მეზობელი.

– სხვას ნუ შეაწუხებ, ერს ზარალს ნუ მიაყენებ და ისე, იყავი, როგორც გინდოდეს და იცხოვრე, როგორც მოგეხასიათოს. – მიუგო დათა თუთაშხიამ.

– ყველა მასე რომ იქცეოდეს!.. ვინ მიცა მაგის შეგნება ხალხს?! – ჩაერია მეორე მეზობელი.

– აბა, მთავრობა მოგვცა ისეთი, მანდეთ რომ იყოს მიმართული და ხალხიც გაიყოლიოს მანდეთ, ყველა... ვნახავდით მაშინ, ექნებოდა თუ არა შეგნება ხალხს! – გვერდის ადგილიდან თქვა ვიღაცამ.

– მაგას სხვა სოციალური გარემო სჭირდება, – გადაველაპარაკე თუთაშხიას.

– კი ჭირდება, მართალია ეგ, – უყოყმანოდ დამიდასტურა.

– მთავრობაში! ბატონო, მემამულეები და ბურჟუაზიაა მოკალათებული. ღარიბი და ღატაკი რაში ეპიტნავება მას, – მოისმა ტიხრს იქიდან.

დათა თუთაშხიას ზემოდან ვიღაც იწვა, მანამდე კრინტი არ დაუძრავს. ამის გაგონებაზე გადმობრუნდა და გასძახა:

– მაშ, ვინ გინდა მთავრობაში! ჰა? – კახურ კილოზე გასძახა.

– ვინ მინდა და, ღარიბებისგან უნდა შედგებოდეს მთავრობა! მუშურ–გლეხური უნდა იყოს.

– ის ღარიბი იზრუნებს სხვა ღარიბისთვისა, არა?

– იზრუნებს, აპა, არ იზრუნებს?!

– შე კაი კაცო, მდიდრები არიან, აქვთ კიდეცა და თავზეც გადასდით, შეუძლიათ და არ კი ზრუნავენ. ღარიბსა თავისთვის არაფერი აბადია და რითი და რანაირად იზრუნებს, ჰა?.. თუ იშოვნა რამე იმ შე–

ნმა ღარიბმა მთავრობის კაცმა, წაიღებს და შინ მიიტანს, შინა, შინაა! მოკლე ხანში გამდიდრდება და რაზეც დაგიკიდებს, ზეით აიხედამ და ნახამ. – გადაბრუნდა კახელი და იმისი ხმა აღარავის გაუგონია.

– ამხანაგებო, ასეა თუ ისე, საშინელი აღსასრული ჯობს გაუთავებელ საშინელებას. ცარიზმი უნდა დაემხოს!

– მაგ კია მასე, მარა!...

– სწორია სწორი.

– დაემხობა, აპა, არ დაემხაობა?!

– მაშა, გიცხონდებათ თქვენ! კი, აბა, დაემხობა! თავისით დაემხობა, თავისით. დეიძინებს ამეღამ და აღა გამოიღვიძებს ხვალ!

ხალხმა გული იჯერა, ვაგონი მიწყნარდა, მშვიდ საუბარზე გადავიდა. გადმოვიღე საგზლიანი ტომსიკა, გავშალე საჭმელ–სასმელი, მივიპატიჟე დათა თუთაშხია. კიდევ ორი მგზავრი დაგვეწვია და ზესტაფონამდე სულ რევოლუციური სადღეგრძელოები ვილაპარაკეთ – იმ ორმა მგზავრმა და მე, თორემ დათა სიტყვაძუნწი კაცი აღმოჩნდა. თავის დამოკიდებულებას ჩვენი აზრების მიმართ მხოლოდ ღიმილითა და ჟესტით გამოხატავდა ხოლმე და ერთსაც და მეორესაც მუდამ ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა. ვერ გაიგებდი, თანახმა იყო თუ წინააღმდეგი. პროკოფი ჩილაჩავად გამეცნო და მხოლოდ ერთხელ ჩაგვერია საუბარში როცა საიდანღაც მოისმა:

– ხალხებს თავისუფლება სწყურიათ. რუსეთის იმპერია საპყრობილეა. ციხე შიგნიდან უნდა აფეთქდეს!

დათამაც გაიგონა ეს წამოძახება და გვითხრა:

– ეგერ, იმ კაცს შეხედეთ.

გასასვლელში, ჩვენს საწოლ მერხებთან, ერთი ვეება, დონდროხა კაცი იდგა. ტანსაცმელი თავის ზომაზე გაცილებით პატარა, ტანზე შემოტმასნილი ეცვა, შარვლის ტოტები და ხალათის სახელოები ერთობ მოკლე ჰქონდა. ბარძაყზე უხეიროდ გაკერილი ნარღვევი ეტყობოდა, შიგნიდან მოძალებული სისქის ნარღვევი.

– მაგ დღეშია გლეხობა, რობერტ–ბიძიკო. თვითონ – გაიზარდა, მადა და მოთხოვნილება მოემატა, მარა უფლებები, სარჩო და საბადებელი, წინათ რომ ქონდა, იმდენი აქვს ისევ. თავისუფლებაო, რომ ეუბნებიან – გლეხი თავისუფლებაში მიწას გულისხმობს. რევოლუცია და გადატრიალება მისთვის საწებელი და მისაჭმელია, არაფერი სხვა. ახლა, საქმე ის არის, ეგერ იმ კაცს მისი ზომის შარვალ–ხალათი რომ მიცეს ვინმემ, როგორც კაცი და როგორც ადამიანი უკეთესი თუ გახდება იმით? ესაა საკითხავი. დავწვავდი მეც იმ ქაიხოსრო წულუკიძის სახლ–კარს, ვიცოდე ოღონდ, რომ უკეთესი გახდება ვინმე ამით.

ზესტაფონს რომ გავცდით, ღამის სამი საათი იყო. დავწექით და დავიძინეთ. ჭაჭის არაყი გვქონდა ნასვამი. გვიან გამოვიღვიძეთ. მატარებელი, თურმე! დიდი დაგვიანებით მიდიოდა. ძლივსღა მოვასწარით პირის დაბანა, რომ თბილისის სადგურში ამოვყავით თავი. შემადგენლობა გაჩერდა და ჯარისკაცების მჭიდრო ალყაში აღმოჩნდა. გადაცმული თუ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები ჩამოსულებს აჩერებდნენ, საბუთებს თხოვდნენ. ზოგს უშვებდნენ, საეჭვოდ მიჩნეულებi განზე გაჰყავდათ, ჯგუფად აგროვებდნენ.

დათა თუთაშხიას თავისი კაცი დაუხვდა – უმცროსი ძმა, მე ჩემი – შემცვლელი აგენტი. ურთიერთობები უმალ გავარკვიეთ. ვინიცობაა დათა თუთაშხია ძმას არ წაჰყვებოდა და საითმე დაადებდა თავს, ისევ მე უნდა გავყოლოდი, როგორც ნაცნობი. თუ თავიდან მომიშორებდა, მაშინ მესამე აგენტი გააგრძელებდა თვალთვალს, იქვე იყო, ხალხში გარეული. მაგრამ ყველაფერი ისე დატრიალდა, რომ იმ ამბავის არც ერთ მონაწილეს აღარ აღმოგვაჩნდა არჩევანი.

დათა თუთაშხია და მე ვაგონიდან ერთად ჩამოვხტით. შემცვლელი აგენტი იქვე მომეგება, შინაურული გამარჯვება მითხრა, კალათი და ტომსიკა გამომართვა. ის იყო, დათა თუთაშხია და აგენტი ერთმანეთს გავაცანი, – ეს ჩემი თანამგზავრი და ეს ჩემი ბიძა–მეთქი, ვთქვი და ამ დროს თუთაშხიას ძმაც მოვიდა. შუა ტანის გიმნაზისტი იყო, ალბათ, მერვეკლასელი. თუთაშხიამაც გაგვაცნო თავისი ძმა. დროა, დავიძრათ, ქალაქში გასასვლელისკენ გავწიოთ. თუთაშხია კი დგას, იქაურობას ძალიან გულდასმით ათვალიერებს,

– რა ხდება, ნეტავი, აქ? – იკითხა მან.

– ძაღლები თარეშობენ, – თქვა ჩემმა “ბიძამ”.

– ყველგან ასეა, დიდი არეულობაა ქალაქში, – დაადასტურა “ბიძაჩემის” ნათქვამი თუთაშხიას უმცროსმა ძმამ. – მომეცი მაგ ფუთა, მე წამოვიღებ, – იმ რაღაც გახვეულზე უთხრა, თუთაშხიას რომ იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი.

– იყოს აქ, – მიუგო დათა თუთაშხიამ. – ძალიან საინტერესოა აქაურობა, – დააყოლა და სწორედ ამ დროს ორი აყლაყუდა პოლიციელი მოგვადგა.

– მოგვყევით! – გვიბრძანა ერთ–ერთმა და სრული დარწმუნებული იმაSი, რომ მის წინადადებას ულაპარაკოდ შევასრულებდით, ზურგიც კი იბრუნა.

“ბიძაჩემი” აყაყანდა, – რა გინდათ, რა დაგიშავეთო. პოლიციელები თავისაზე დადგნენ, ხელების გადაგრეხვა და ძალით წაყვანა დაუპირეს.

“ბიძაჩემს” თუთაშხიას ძმა გამოექომაგა, შუაში ჩაუვარდა. ამაზე ჯარისკაცები მოცვივდნენ. დათა თუთაშხიას ნიდაყვზე ხელი მოვუცაცუნე და თვალებით ვანიშნე, – თავი გავარდიოთ–მეთქი. იმწამსვე დამყვა. ზურგი ვიბრუნეთ, მოპირდაპირე მხარეს წავედით. შემადგენლობას ალყა ერტყა, უკვე ვთქვი, გასვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. არც ვაციე, არც ვაცხელე – დაცლილ ვაგონში ავედი და დათა თუთაშხიაც ამომყვა.

ერთობ საინტერესო ვითარება ჩამოყალიბდა. მე და “ბიძაჩემი” ინსტრუქტაჟის თანახმად ვმოქმედებდით და ჩვენი საქციელი სავსებით გამართლებული იყო. თუთაშხიას უმცროსი ძმა ინსტინქტურად, უნებლიეთ ჩაერია საქმეში. თვით თუთაშხიამ, ბუნებრივია, თავის გარიდება არჩია, მაგრამ როცა უმცროსი ძმა უფროსს ესარჩლება – უფროსიც ხომ უნდა გამოსარჩლებოდა უმცროსს, მით უმეტეს, რომ ხელებგადაგრეხილი ჩვენს თვალწინ წაათრიეს ჯარისკაცებმა! ამ მიგნებამ რაღაც ეჭვი შემომიჩინა. მართალია, მაშინვე გავიფიქრე, – ამ კაცს რომ პოლიციასთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეს, მაშინ არც თვალთვალს დაუნიშნავდნენ და რა გასაკვირია, რომ ასე მოიქცა–მეთქი, მაგრამ ის დაეჭვება ვერც ამ მოსაზრებამ მომაშორა.

– რას უზამენ ახლა მაგათ? – თუთაშხია დაკავებულებს გულისხმობდა.

– ეგენი ვიღაცას ეძებენ, შეიძლება, რამდენიმე კაცსაც, – მივუგე მე. – საეჭვოებს და ვინც წინააღმდეგობა გაუწია, პოლიციაში წაიყვანენ. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული – ზოგიერთი, შეიძლება, გაასამართლონ კიდეც.

დათა თუთაშხიამ გაიცინა:

– ბიძაშენს და ჩემ ძმას ვერაფერს დააკლებენ მაგენი, ასე მგონია მე. აგერ გამოჩნდება.

ფანჯარაში ვიჭვრიტებოდით. ანაზდად თავით ფეხამდე ჟრუანტელმა დამიარა. სულ ადვილად შეიძლებოდა, რომ ჩვენი საიდუმლოება გამჟღავნებულიყო და ასეც მოხდა. დაკავებულთა ალყაშემორტყმული ჯგუფიდან ჯარისკაცებს ორ–ორი კაცი გამოჰყავდათ, ჩხრეკდნენ, საბუთებს უსინჯავდნენ. შემდეგ უმრავლესობას უშვებდნენ და სხვები კი განზე გაჰყავდათ, სხვა დატოვებულებთან ერთად პირდაპირ ქვაფენილზე სხამდნენ. ჩვენი მესამე აგენტი შორიახლო ტრიალებდა. მივხვდი, ჩვენ გვეძებდა. იმ დავიდარაბაში როგორღაც გამორჩენოდა, რომ ვაგონს შევაფარეთ თავი. ამ მხრივ სადარდებელი არაფერი უნდა ჰქონოდა, რადგან ასე იყო თუ ისე, თვალთვალის პირთან, ანუ დათა თუთაშხიასთან ერთად ხომ აგენტიც გაქრა – მე, მაგრამ, ალბათ, ჩვენი ასავალ–დასავალი მაინც აინტერესებდა და წარამარა აქეთ–იქით აცეცებდა თვალებს. ამასთან, მას მეორე საზრუნავიც ჰქონდა: “ბიძაჩემი” და დათა თუთაშხიას ძმა მახეში იყვნენ გაბმული, მათი გამოხსნა იყო საჭირო. მოქმედების პირველი საფეხური მან სწორად ჩაატარა – იდგა და ელოდა, თუ რას იზამდნენ პოლიციელები. ხომ შეიძლებოდა, ორივენი გაეშვათ? მაშინ ოპერაციის წამყვან ოფიცერთან მისვლა, ვინაობის გამხელა და, ამდენად, კონსპირაციის წესების დარღვევაც აღარ დასჭირდებოდა. კაცმა რომ თქვას, აგენტმა თავისი მოქმედების მეორე საფეხურიც სწორად ჩაატარა, მაგრამ რა იცოდა, რომ დათა თუთაშხია ყველაფერს დაინახავდა.

ჯარისკაცებმა «ბიძაჩემი» და თუთაშხიას ძმა ერთად გამოიყვანეს, უმალ იცნეს – ესენი იყვნენ, წინააღმდეგობა რომ გაგვიწიესო. ხელები მიუსვ–მოუსვეს, იარაღი არ აღმოაჩნდათ და მაინც კონდახების ცემით შეაგდეს გადარჩეულ–დატოვებულთა ჯგუფში. მესამე აგენტმა კიდევ ცოტა ხანს მოიცადა, ოპერაციის წამყვან ოფიცერთან მივიდა, საბუთი აჩვენა და ლაპარაკი დაუწყო – ცხადია, მდგომარეობა აუხსნა. შემდეგ ოფიცერმა “ბიძაჩემი” გამოიყვანა, საბუთი გაუსინჯა. ილაპარაკეს და დათა თუთაშხიას ძმასაც დაუძახეს. ოფიცერმა რაღაც ჰკითხა, ბიძამ უპასუხა და სამთავენი ერთად წავიდნენ ქალაქში გასასვლელისკენ.

დათა თუთაშხიამ ხმამაღლა გაიცინა, რაღაცნაირად თვალი თვალში გამიყარა. მე იხტიბარი არ გავიტეხე და ვთქვი:

– ის კაცი, ალბათ ბიძაჩემის ნაცნობი იყო!

– კი, მასეა! – დამიდასტურა დათა თუთაშხიამ.

პირისპირ ვისხედით, ფანჯარაში ვიჭვრიტებოდით, იმ ალიაქოთის დამთავრებას ველოდით. მე ჩემსას ვფიქრობდი, ის – თავისას და ორთავე, დაახლოებით, ერთსა და იმავეზე. ჩემი საფიქრალი ის იყო, რომ გარემოებამ მამხილა, მაგრამ ეს არასგზით არ უნდა დამედასტურებინა, თუ კიდეც შეეცდებოდა დათა თუთაშხია ამას. იმაზეც ვფიქრობდი, რომ პოლიცია საცაა თავის დავიდარაბას მორჩებოდა და მაშინ როგორღა მოვქცეულიყავი? დავხსნოდი? ამის უფლება არ მქონდა. სიმართლე მეთქვა და თუთაშხიასთან ვყოფილიყავი, სანამ სადმე მივიდოდა? სიმართლის თქმის უფლება არ მქონდა. რაც იქ მაშინ მამაჩემს ჩემი ლანძღვა–გინება ერგო! ჟანდარმერიის მხილებულ აგენტს დათა თუთაშხიას შიში უნდა მწვევოდა. საკვირველია, მაგრამ ამდაგვარს არაფერს ვგრძნობდი. საიდანღაც ვიცოდი, რომ ეს კაცი არაფერს დამიშავებდა. ახლა ის ფიქრი შემიჩნდა – დათა თუთაშხია რას ფიქრობს, როგორ მოიქცევა–მეთქი, და ამ დროს ჩვენი შემადგენლობა დაძრეს, მალაკნების ბაზრისკენ წააჩანჩალეს. გარემოცვა უკვე იხსნებოდა, მაგრამ მაინც კარგი იყო, რომ ჯარისკაცებს გავცდით.

ჩვენი ვაგონი მაზუთის შესახვევს გაუსწორდა და შემადგენლობა დადგა. იქაურობა მოვათვალიერეთ, საეჭვო და მოსარიდალი არაფერი ჩანდა. ჩამოვხტით.

– ეხლა როგორა ვქნათ, პროკოფ–ბიძია?.. – ვკითხე და როდესაც ჩემმა თანამგზავრმა შეკითხვის თვალით შემომხედა! დავძინე: – გზა საითა გაქვთ, თვითონ გააგნებთ, თუ წამოგყვეთ?

დათა თუთაშხიამ საათი ამოიღო, დახედა. შეინახა, დაფიქრდა, ისევ შემომხედა და მითხრა:

– ქალაქში მინდა გავლა, უნდა ვნახო, რა ხდება და რა როგორ არის აქ. თუ გეჩქარება, წადი, ბიძიკო, შენ. გავაგნებ თვითონ.

– არსაით არ მეჩქარება.

– აბა, თუ არ გეჩქარება, ვიყოთ ერთად პატარა ხანს. ისე ვხედავ საქმეს, რომ ვჭირდებით ერთმანეთს. ხომ ასეა? – ეშმაკური ღიმილით მითხრა დათა თუთაშხიამ და უკვე სრულიად ცხადი გახდა, რომ ჩემი კონსპირაცია სავსებით და უიმედოდ ჩაიფუშა.

– აგერ, იმ კედელზე რომ გადავძვრეთ, უკვე ქალაქში ვიქნებით, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, – ვთქვი მე.

– გადავძვრეთ, მაშინ.

იქვე გადახტომა არ ივარგებდა, ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ჩერქეზიშვილის ქუჩისა და მაზუთის შესახვევის კუთხეში კაზაკები ან პოლიციის პატრული მდგარიყო და მაშინვე გვტაცებდნენ ხელს. ცოტა ზემოთ, ჩუღურეთისკენ, სახლებსა და კედელს შორის ვიწრო, გრძელი გასავალი მეგულებოდა, ის გასავალი კედელს იქით წამომდგარი სახლების ეზოებიც იყო. იქ მივედით.

– აქ გადავძვრეთ პროკოფი–ბატონო, მოფარებულია, – მივთავაზე.

– აქ იყოს, – დამეთანხმა დათა თუთაშხია მიაყურა და თქვა: – რაღაც ამბავია კედელს იქით!

მეც მივაყურე.

მართლაც, ჩუმი, ხმადაბალი ჟრიამული ისმოდა.

კაი ორმოცი წლისა იქნებოდა დათა თუთაშხია მაშინ, მაგრამ ისე სხარტად ავიდა გალავანზე, რომ შემშურდა. ავიდა, გადაიხედა. ერთხანს ათვალიერა იქაურობა. მერე ხელი ჩამომაწოდა და მეც ამიყვანა. ასამდე კაცი იყო მოქუჩებული. ჯგუფებად იდგნენ, საუბრობდნენ, კამათობდნენ. ჩერქეზიშვილის ქუჩიდან ახალ–ახალი ხალხი შემოდიოდა. აგრაგნილი ტრანსპარანტები ჰქონდათ, ზოგს კედელზე მიეყუდებინა, ზოგს იღლიაში ამოეჩარა.

გალავანზე ჩამოვსხედით. ძირს, ცოტა მარცხნივ, რამდენიმე კაცი იდგა. ერთმა მათგანმა – ქერა იყო, ოცდაათისა იქნებოდა, – ჯიბის საათი ამოიღო, დახედა, თავი გადაიქნია და თქვა, – ხალხს ვთხოვოთ, ახლო მოვიდნენო. სხვები იმავ წამს ხალხში გაერივნენ, – აქეთ წამოდითო. მოგროვდნენ. ქერამ დაბალი ხმით აცნობა, რომ გოლოვინის პროსპექტზე სობოროში თავს იყრიდნენ შავრაზმელები, ძირითადად, “მიხეილ მთავარანგელოზლები”. ისინი თორმეტ საათზე უნდა გამოსულიყვნენ და მანიფესტაცია მოეწყოთ. წინ სამღვდელოება გამოუძღვებოდა. პოლიციისა და მონარქისტების ჩანაფიქრით, ეს უნდა ყოფილიყო თბილისისა და მთელი კავკასიის მოსახლეობის სოლიდარობის გამოხატვა მეფის რეჟიმის მიმართ.

– ასე ძალიან თუ უყვართ მეფე და მისი სატრაპები, – დაიძახა ვიღაცამ, – იყოლიონ, ვინ უშლის, მარა ჩვენ, დაგვანებონ თავი, ჩვენ და ნამეტანი კარგად მოეწყვება საქმე...

– გაჩერდი მანდ, დაანებე სისულელეების ლაპარაკს თავი! – შეუძახეს აქეთ–იქიდან.

– სისულელე კი არა, პროვოკაციაა, რუსეთის მუშათა კლასს ემიჯნება. ეგ ლოზუნგია, გამთიშველი ლოზუნგი!

– ყურადღება, ამხანაგებო, განვაგრძობ!.. – დაიძახა ქერამ და ხალხს აცნობა, რომ ნაძალადევის, ისნის, ნავთლუღის, ორთაჭალის, დიდუბის, მთაწმინდის – მთელი თბილისის – მუშათა კლასისა და რევოლუციურად განწყობილი სხვა ფენების წარმომადგენლებს ალექსანდრეს ბაღში უნდა მოეყარათ თავი.

– გაგვიშვებენ, ვითომ?

– კი, ეტლით მიგიყვანენ ეტლით!

– გავარღვევთ და გავალთ!

– ალექსანდრეს ბაღსაც ალყას შემოარტყამენ.

– შემოარტყან, შემოარტყან!..

– ყურადღება, ამხანაგებო, დრო ცოტაღაა, განვაგრძობ, – ისევ ძლივს დააწყნარა ხალხი ორატორმა. – ჩვენ ყველა ერთად გავალთ ალექსანდრეს ბაღიდან დემონსტრაციით და კიდევ ერთხელ დავანახვებთ თვითმპყრობელობას რომ მისი აღსასრული დადგა! ცხადია, შავრაზმელები პოლიციისა და ჯარის დახმარებით გაფანტვას დაგვიპირებენ. ცარიზმს და მის დასაყრდენს – რელიგიის ბანგით გაბრუებულ, არყით გამოლეშილ მკვლელებს უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთის იმპერიის რევოლუციური მუშათა კლასი, გლეხობა, ყველა ჩაგრული ერი მჭიდროდ არის დარაზმული და მისი დამარცხება შეუძლებელია! ამხანაგებო, რევოლუციამ მტკიცედ იცის, რაც სურს, და ჩვენ უნდა გავიტანოთ ჩაგრული მასების მისწრაფებათა მკაფიოდ გამომხატველი ლოზუნგები...

– ლოზუნგები ვნახოთ ლოზუნგები! – იყვირა ვიღაცამ.

– ლოზუნგებს რა ნახვა უნდა!

– უნდა, ბატონო უნდა! ზოგი ისეთი ლოზუნგია, რომ პირდაპირ სახრჩობელაზე გაგიყვანენ...

აი, აქ, რომ იტყვიან, აირია მონასტერიო, სწორედ ის მოხდა. უმრავლესობამ სიფრთხილის გრძნობა დაკარგა, კაზაკებსა და პოლიციაზე აღარავინ ფიქრობდა. ჯგუფებად დაიყვნენ, ერთმანეთს თავის შეხედულებებს ყვირილით უმტკიცებდნენ, ზოგმა გაწევ–გამოწევაც კი სცადა. ქერა ორატორი და კიდევ რამდენიმე კაცი ხალხს ამშვიდებდნენ, წესრიგის დამყარებას ცდილობდნენ, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, სანამ ერთმა, უკვე კარგა მოხუცებულმა კაცმა, მოულოდნელი პაუზით არ ისარგებლა:

– ამხანაგებო სად არის თქვენი რევოლუციური შეგნება! – დაიძახა მან რეაქციას აღარ დაელოდა და წინადადება შეიტანა: – ჩვენ კიდევ მთელი საათი გვაქვს. თუ აუცილებლად მიგაჩნიათ, მაშინ გამოვთქვათ აზრი, მაგრამ წესიერად და ორგანიზებულად. ხუთი ორატორი, რეგლამენტი – ხუთი წუთი თითოს. თანახმა ხართ?

– კარგია! – დაიძახეს აქეთ–იქიდან.

ქერა ორატორმა ქეჩო მოიფხანა, გაიღიმა თავი გააქიცი ა და თქვა:

– ერთი პირობით: ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, თუ ვის რა ლოზუნგები მიგვაქვს. წყნარად, არავითარი ყვირილი და ხმამაღალი რეპლიკები. ვისა აქვს სიტყვა?

სანამ პირველი ორატორი აივნის კიბეზე ადგილს დაიკავებდა, დათა თუთაშხია სიცილით გადმომელაპარაკა:

– ერთმანეთს რომ ეჩხუბებიან ესენი, იმდენი ჩხუბი ხელმწიფეს და მის წყობილებას რომ უქნან, ჩვენში კი არა და, დედამიწაზე არ დარჩეს, იქნება, მეფეების სახსენებელი...

– ჩვენ მოვიტანეთ, ამხანაგებო, ტრანსპარანტი: “პური მიწა და რვასაათიანი სამუშაო დღე!” – განაცხადა “ტრიბუნაზე” გასულმა.

– კი! გაშლი თუ არა მაგ ტრანსპარატს, იმ წუთში მოგართმევენ შემწვარ–მოხრაკულს!

– ვეღარ მოიშალეს ამათ პურ–მარილის მათხოვრობა!

– ხმელა პური რაღა სათხოვნელია, შე კაი კაცო! ღვინოც მიაწერეთ, ბარემა. რვასაათიანი სამუშაო დღის შემდეგ ბლომად დრო დაგრჩებათ ჭამეთ, დალიეთ და წამოწექით მეფისგან ნაბოძებ მიწაზედა!

ის მოხუცებული კაცი, რომელმაც აზრის გამოთქმის წინადადება წამოაყენა, ახლა ორატორს გვერდში ამოუდგა, ხელი ასწია, სმენა იყოსო და თქვა:

– აქ სასაცილო არაფერია! პური განაგებს ქვეყნიერებას!

მაგრამ უმალ შეაწყვეტინეს:

– ამხანაგო, ეგ რევოლუციის პირველ საფეხურზე, საწყის პოზიციებზე დაბრუნებას ნიშნავს!

– რევოლუცია უნდა გაღრმავდეს განვითარდეს!

– სთხოვონ კაცო! ეგება აძლევს პურსა მეფეი, რა იცით თქვენა?

– მეფეს უნდა გამოვგლიჯოთ უფლებამოსილი სახელმწიფო სათათბირო, რომელიც, მშრომელი მასების შხარდაჭერით, რუსეთში დემოკრატიულ წყობილებას დაამყარებს. “გაუმარჯოს სრულიად რუსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას!” – აი, ჩვენი ლოზუნგი. – დაიყვირა ერთმა, უზომოდ მძლავრი იოგების პატრონმა.

– ფეოდალური მონარქიის ხახას ბურჟუაზიული დემოკრატიის სტომაქზე სცვლით? – ხმამაღლა იკითხა “პურის, მიწისა და რვასაათიანი სამუშაო დღის” ლოზუნგით გამოსულმა.

– შენ გაჩერდი თუ ძმა ხარ! თქვენი ადგილი ხიდის ყურშია და არა ბარიკადებზე. ჩამოჯექით და იმათხოვრეთ! – შეუძახეს საიდანღაც.

– რეგლამენტი რეგლამენტი! – გაისმა ხალხში. კიბეზე მესამე ორატორი ავიდა და განაცხადა:

– “თვითგამორკვევისა და ეროვნული დამოუკიდებლობის უფლება!” – ეს არის ჩეენი ლოზუნგი, ამით მივდივართ გოლოვინის პროსპექტზე!

– ჩვენი ეკონომიკური ჩამორჩენილობის პირობებში ეროვნული დამოუკიდებლობა?! – შეედავა მძლავრი იოგების პატრონი, რომელმაც “სრულიად რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის” შექმნა მოითხოვა. – ჩვენ საკუთარი ბურჟუაზიაც კი არ გვყავს, არამცთუ დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი, კარგად განვითარებული ეკონომიკა!

– კმარა, კმარა!

– რეგლამენტი!

– ვისა გაქვთ კიდევ ლოზუნგები?! – გამოაცხადა ქერამ.

მთელი ამ მიტინგისა თუ შეკრების მანძილზე – უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი კედელზე შემოსკუპებიდან მოყოლებული – შუაში, მაგრამ განცალკევებულად იდგა რვა, ათკაციანი ჯგუფი. იდგა და ჩუმად იყო, გულდასმით ადევნებდა თვალს ყველასა და ყველაფერს. როცა ქერამ “ტრიბუნა” დაცალა და გამოაცხადა, – კიდევ ვის რა გაქვთ სათქმელიო, ამ ჯგუფს ერთი კაცი გამოეყო, კიბეზე გავიდა და დინჯად თქვა:

– “საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება!” “გაუმარჯოს პროლეტარიატის დიქტატურას!” “ყველა – ბარიკადებზე!” მხოლოდ ამ ლოზუნგებს შეუძლია მოუტანოს გამარჯვება ჩაგრულ ხალხებსა და ექსპლოატირებულ კლასებს! მე დავამთავრე.

– ლოზუნგები სწორია, მაგრამ რუსეთი ჯერ არ არის მზად საყოველთაო და ერთდროული მოქმედებისთვის. პროლეტარიატისა და სხვა რევოლუციური კლასების ცალკეული რაზმების შეუთანხმებელ გამოსვლებს მეფის სატრაპები ადვილად ახშობენ. თქვენ, ამხანაგებო, ფაქტიურად უაზრო, გაუმართლებელი სისხლის ღვრისკენ მოუწოდებთ მასებს!..

– დღეს დაღვრილი სისხლი მომავალ ბრძოლებში გამარჯვების საწინდარია!

– სამართლიანი საქმისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვი დაღვრილი სისხლი უქმად არასოდეს ჩაივლის!

– მაგ იმედით იყავით.

– ვერ გამიგია, მშვიდობიან დემონსტრაციაზე მივდივართ, თუ სასაკლაოზე?!

– ასე ხელცარიელი და ლოზუნგების ამარა საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება ვინ თქვა და სად გაგიგონიათ, ნეტავი!

– ჩირგვებში გარბიხართ რენეგატებო?!

– ვინ არის რენეგატი?.. თქვენ პროვოკაციაზე უბიძგებთ ხალხს!

ისეთი ყაყანი ატყდა, რომ ერთმანეთისა აღარავის აღარაფერი ესმოდა და დაძაბულობამ იმ დონეს მიაღწია, როცა გამშველებელს ყველა მოდავე მხარე თავის მოსისხლე მტრად თვლის. დათა თუთაშხია ჩემკენ გადმოიხარა, ყურში ჩამძახა:

– კაცო, მე ვიცი მათი ლოზუნგები ყველასი ზეპირად და ამათ ერთმანეთის არ იციან, ნეტავი?.. ახლა, რა აჩხუბებთ, თუ იცი? იმდენი მაგარი ამათში არც ერთი არ არის, ჯერჯერობით, სხვებს რომ გაუძღვეს. ერკემალი არ ყავთ. ერკემალი ყველაფერშია საჭირო. ისე, კარგია ეს. იჩხუბებენ, დაჭამენ ერთმანეთს, ამ ჭიდაობაში გაძლიერდება, ვიღაცა იქნება და როცა იქნება, და მაშინ უკეთ წავა მათი საქმე!

– ჩვენ ვტოვებთ აქაურობას! – გამოაცხადა მძლავრი იოგების პატრონმა, ჩერქე იშვილის ქუჩისკენ გასწია და ათი, თორმეტი კაცი მიჰყვა.

– ნუ დავაკავებთ, წავიდნენ!

– ვენც მივდივართ, ამხანაგებო, მომყევით! – დაიძახა მოხუცმაც, ვინც აზრის გამოთქმის წინადადება შემოიტანა და პირველი ორატორის გამოსარჩლებისას თქვა: “პური განაგებს ქვეყნიერებასო”.

მოხუცსაც ოცამდე კაცი გაჰყვა.

სწორედ ამ აყალმაყალსა და ღრიალში სრულიად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: რკინიგზის ლიანდაგების მხრიდან დათა თუთაშხიას ისე მაგრად გადაუჭირეს ზურგზე მათრახი, რომ შეჰყვირა კიდეც, შეჰყვირებდა, მაშ, რას იზამდა, მარტო ტყლაშანი ღირდა ერთ რამედ! მეორედაც შემოუქნიეს მაგრამ ჩაასწრო, ძირს ჩახტა. მიხედვაღა მოვასწარი, ოთხი ცხენოსანი კაცი დავინახე და თუთაშხიას მივბაძე. ის იყო, მიწას ფეხი დავაკარე, ჩერქეზიშვილის ქუჩის მხრიდან სტვენა მოისმა, დაიძახეს – კაზაკებიო! ჯგუფები რომლებმაც მიტინგი დატოვეს, უკვე ქუჩას იყვნენ მიტანებული, რომ ისევ პირი იბრუნეს, უკანვე გამოიქცნენ. კიდევ რამდენიმე წამის შემდეგ მაზუთის შესახვევშიც შემოცვივდნენ კაზაკები – ხუთი მხედარი, და მათრახები აამოქმედეს. მერე რაც მოხდა, უფრო დაწვრილებით აღწერის ღირსია.

მაზუთის შესახვევს, თბილისელი კაცი ხართ და მოგეხსენებათ, შესახვევი ჰქვია და ნამდვილად კი ჩიხია – რკინიგზის ლიანდაგების მაღალ კედელთან წყდება. კაზაკებმა ჩერქეზიშვილის ქუჩიდან შესახვევში რომ შემოაჭენეს და წასასვლელად გამზადებული ჯგუფები წინ გამოირეკეს, სადემონსტრაციოდ მოსული ხალხი ცნობისმოყვარეობითა თუ წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ეზოდან შესახვევში გამოცვივდა, მაგრამ ცხენების მოწოლის შედეგად სხვებთან ერთად კედელს მიაწყდა. ზოგი კედელზეც გავიდა, მაგრამ ლიანდაგებზეც რომ კაზაკები დაინახეს, ჩემი და დათა თუთაშხიასი არ იყოს, ისევ ძირს ჩამოხტნენ. კაზაკების რკალის გარღვევასა და ჩერქეზიშვილის ქუჩისკენ გასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან იქიდან, ასე ვთქვათ, მეორე ეშელონის სახით ქვეითი პოლიციელები მოიწევდნენ. ერთი თუ ორი წუთის მანძილზე ძლიერ მძიმე და, თითქოს, გამოუვალი ვითარება იყო. კედელზე მირეკილ–მიქუჩებული ხალხის თავ–პირსა, მხრებსა და ზურგებზე კაზაკების მათრახებს გაუდიოდა ტყლაშატყლუში. მე და დათა თუთაშხიასაც კარგებისა გვერგო, იმდენად კარგებისა, რომ დათა თუთაშხიას ტკივილისგან სახეც კი გადაებრიცა და იღლიაში ამოდებულ ფუთაზე იტაცა ხელი. რა დროის ფიქრი, თვალყური და მოსაზრება იყო, მაგრამ მაინც მენიშნა და ადრე აღებული ეჭვიც დამიდასტურდა, რომ ფუთაში იარაღი ჰქონდა. არ უხმარია. ჩვენი მხრიდან ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო, კაზაკები კურდღლებივით ამოგვჟუჟავდნენ. ასე იყო თუ ისე, იმ უმძიმესი ერთი თუ ორი წუთის შემდეგ მოხდა ის, რაც გადაულახავი ჯებირით დაგუბებულ ღვარცოფს ემართება – სადღაც სხვაგან, განზე გაარღვევს დაბრკოლებას, ახალ კალაპოტს გაიკვალავს და გავა. ზემოთაც ვთქვი, რკინიგზის გალავანსა და სახლებს შორის ვიწრო გასავალი იყო

მეთქი – იგივე ერთიმეორეზე მიყოლებული ვიწრო ეზოები – რომელთაგან უახლოესში კაზაკების გამოჩენამდე დემონსტრაციაზე მიმავალი ხალხის ბჭობა–კამათი მიმდინარეობდა. როგორღაც მოხერხდა, ხალხი ისევ იმ გასავალს მიაწყდა, განაპირა კაზაკსა და მის ცხენს გვერდი აუქცია, ეზოში გაიჭრა და ერთ მთლიან ნაკადად, ძუნძულით, შემობრუნებებით, ქვების სროლით გაემართა ჩუღურეთისკენ. ჩვენც იქ აღმოვჩნდით, ნაკადის, დაახლოებით, ბოლო რიგებში. ჩვენც სხვებთან ერთად მივძუნძულებდით და მეც სხვებივით ვესროდი კაზაკებს დიდი გაჭირვებით ნაპოვნ ქვებს. ის ჯგუფები, ვინც დემონსტრაციაზე უარი თქვა და წასვლა დააპირა, ახლა ნაკადის თავში გარბოდნენ. მიაწიეს თუ არა ჩერქეზიშვილის ქუჩაზე გამსვლელ პირველსავე ჩასახვევს, იქით წასვლა დააპირეს, მაგრამ ქუჩა ჯარისკაცებს შეეკრათ და ისევ პირდაპირ გაქცევა ამჯობინეს – სხვა გზა არც იყო, კვლავინდებურად რკინიგზის გალავანს მიჰყვნენ. ნაკადს ბოლოდან ის ჯგუფი ჰკრავდა, რომელმაც საყოველთაო შეიარაღებული აჯანყებისა და ბარიკადებზე გასვლის ლოზუნგები წამოაყენა და, სიმართლეს ვიტყვი, უიარაღო, ხელცარიელი ხალხის კვალობაზე საკმაოდ ყოჩაღადაც ირჯებოდნენ. ისინი რომ არა, კაზაკები ცხენის ჩლიქით ჩაგვთელავდნენ. ერთი სიტყვით, გავრბივართ და, როგორღაც იყო, დათა თუთაშხიას მხარდამხარ აღმოვჩნდი. მიძუნძულებდა, სიცილს ძლივს იკავებდა დამინახა და მითხრა:

– კარგად გავრბივართ, რობერტ–ბიძიკო, ძალიან კარგად, არა, როგორი აყოლიება ცოდნია ამ საქმეს, თუ უყურებ შენ?!

– რომ აღარც გვეშვებიან, მამაძაღლები! – ვთქვი მე – როდემდის უნდა გვდიონ?!

– ურია წყალს მიქონდა – გზაც იქით ქონდაო, ნათქვამია, – ისევ სიცილით გადმომძახა დათა თუთაშხიამ. – თუ გავუძელით და ათი წუთი ასე ვირბინეთ კიდევ, ალექსანდრეს ბაღში ამოვყოფთ თავს.

მართლაც რაღაცნაირად გამოდიოდა: რაც მეტს მივრბოდით, მით უფრო ვუახლოვდებოდით ადგილს, საითაც დემონსტრანტებს ბრძოლითა და დიდი დანაკარგებით უნდა ევლოთ. ჯარისკაცებსა და პოლიციას ყველა გზა შეკრული ჰქონდა, გარდა იმ ქუჩისა, რომელსაც ვორონცოვის მოედნისკენ, ანუ ალექსანდრეს ბაღისკენ მივყავდით.

გალავანი ჩათავდა, რკინიგზის მხრიდან მოიერიშე კაზაკებმა თავი მოიკლეს – მარცხნივ, სვანეთის უბნისკენ არავინ აუშვეს. მოგვდევდნენ და მათრახებითა გვცემდნენ. ზემო ჩუღურეთამდე სულ ამ დღეში ვიყავით. იქ ვორონცოვის მოედნისკენ დაქანებული ერთი ქუჩა შეუკრავი აღმოჩნდა. მეწინავეებმა ჩაუხვიეს, უკანა ხალხიც მივყევით და, აკი მექოთნეების ქუჩაზე ამოვყავით თავი. კაზაკები ძველებურადვე გვაწვებოდნენ. კონკის ლიანდაგი გადავჭერით, ვორონცოვის მოედანი ქარივით გადავიქროლეთ, ხიდიც გადავიარეთ და მადათოვის კუნძულზე არიერგარდმა დაიძახა, – დადგნენ, აღარ მოგვდევენო!

მივიხედე. კაზაკები ხიდის გაღმა იდგნენ, გამოგვცქეროდნენ. ალექსანდრეს ბაღს გავხედე, ზღვა ხალხი იყო წითელი დროშებით, ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით. ჩანს, კაზაკებმა ის რამდენიმე ათასკაციანი მასა დაინახეს და შედრკნენ. არც არავის ბრძანება გაუცია, არც ვისმე ხმა დაუძრავს, გაშალა ჩვენმა ხალხმა თავისი ტრანსპარანტები – პურიდან მოყოღიებული – ბარიკადებზე გასვლის მოწოდებით გათავებული, ყველა – და, მაზუთის შესახვევიდან კისრისტეხით და მათრახების ცემით მორეკილები – ზუსტად დანიშნულ დროს ალექსანდრეს ბაღში თავმოყრილ ხალხს შეერივნენ.

დათა თუთაშხია და მე აფთიაქის წინ ვიდექით, სულს ვითქვამდით. ახლომახლო პოლიციისა და კაზაკების ჭაჭანება არსად იყო. სადემონსტრაციოდ მოსულმა ხალხმა ალექსანდრეს ბაღის ზემო ნაწილისკენ აიწია და ქუჩა ისეთი მშვიდი იყო, როგორც ადრიან დილით, მეეზოვეების გამოსვლამდე.

– წავიდეთ და ვნახოთ ჩვენც, რა მოხდება ზევით, ჰა? – თქვა დათა თუთაშხიამ – გოლოვინის პროსპექტზე ავიდეთ!

ძალიან ნელა მივდიოდით. რამდენჯერმე ავუჩქარე ნაბიჯს, მაგრამ ისევ ვუკელი, რადგან დათა თუთაშხია სიარულის ნელ ტემპს რაღაც ხაზგასმით მთავაზობდა და სიდინჯეზე მიყოლიებდა. მე ისევ ძუნძულისა და კაზაკების ცხენების თქარათქურით ვიყავი შეპყრობილი, ის ტემპი ჯერაც არ გამომნელებოდა და ბარიატინსკის დაცარიელებული, უხალისო, ჩამკვდარი ქუჩა გულზე ლოდივით მაწვებოდა. დათა თუთაშხია ფეხს ითრევდა. მე ერთი სული მქონდა, მენახა, ზევით რა მოხდებოდა და ვთქვი:

– ჩქარა ვიაროთ, პროკოფი–ბატონო.

– არ უნდა ვიაროთ ჩქარა.

– რატომ?..

– რატომ და, ყველა რომ ჩქარობს და ჩოჩქოლია შენს გარშემო, თუ აყევი შენც, ვერ გაიგებ, რა ხდება. ცხენზე რომ ზიხარ და მიაჭენებ, ცხენის ყურებს ხედავ მხოლოდ. რომ ჩამოხვალ, მაშინ ყველაფერს ხედავ ცხენისას, ხომ ასეა?

– ეგრეა. – დავადასტურე და ოციოდე ნაბიჯიც არ გვქონდა გავლილი, რომ მართლაც სიმშვიდე ვიგრძენი. აზრი ისევ იმას დაუბრუნდა, თუ როგორ მოგვიყვანა პოლიციამ ალექსანდრეს ბაღში და გაოცებითა ვთქვი:

– ეს რა საკვირველი რამე მოხდა! არა, საიდან გამოიცანი, პროკოფი–ბატონო, ალექსანდრეს ბაღში ამოგვაყოფინებენ თავსაო?!

– არ გამომიცნია, სამასხროდ ვთქვი, მაგრამ ისე გამოვიდა სწორედ და ამაზე არის, რომ ვფიქრობ ახლა.

– მგონი რომ განზრახ მოგერეკეს! რაღაც დიდი მუხანათობა აქვთ მომზადებული, ჰა? – მართლა ასეთი აზრისა ვიყავი.

დათა თუთაშხიამ იყუჩა და თქვა:

– არ ჰგავს განზრახ გაკეთებულს... ან რა მნიშვნელობა აქვს, რობერტ–ბიძიკო, მაგას. იმ ზომამდეა დამპალი ეს ქვეყანა, რომ რასაც იღონებს, ყველაფერი მის წინააღმდეგ მოტრიალდეს უნდა. მითხარი, თუ კაცი ხარ, მეფისნაცვალი ხარ, ვითომ, და რას იზამდი აქ, ახლა... ამას ვგულისხმობ, აგერ–აგერ შეტაკება რომ არის მოსალოდნელი?

– ცხადია, რასაც იზამს მეფისნაცვალი. მიაშველებს პოლიციასა და ჯარს, დაარბევენ შავრაზმელები დემონსტრანტებს. დაჭრილიც ბლომად იქნება, მოკლულიც, დაპატიმრებული და გაციმბირებულიც...

– რა გამოვა საბოლოოდ მანდედან?

– რა ვიცი...

– მე გეტყვი, რაც გამოვა. ხალხი მეტ სიძულვილს ჩაიდებს გულში მთავრობისას, უფრო გაეშმაკდება და მომავალში უკეთესი ჭკუით მიუდგება თავის საქმეს. მეფე და მისი მთავრობა დარჩება წაგებული საბოლოოდ. ახლა, უკუღმა ვთქვათ და ხალხმა დაარბია შავრაზმელები და პოლიცია. გული მიეცემა ხალხს, ჩვენს ხელში ყოფილა გამარჯვების საქმეო. ხალხს თუ გული მიეცა, ძლევამოსილების რწმენა თუ გაუჩნდა, წინ ვეღარაფერი დაუდგება მერე. ამ შემთხვევაშიც მეფეა წაგებული. კაი, ბატონო. ახლა, მეფე ხარ, ვითომ, შენ, დაატყვე საქმეს, ძალით რომ ვერ ხდები ვერაფერს, და რას იზამ, ნეტავი?

– დავუარსებ სახელმწიფო სათათბიროს, დადგნენ! ირჩიონ და ილაყბონ!

– თვითონ თუ აირჩია ხალხმა იმ სათათბიროს, თუ რაცხა მაიმუნობა იქნება, იმის წევრები – ილაპარაკებენ ის კაცები იქ და წელიწადიც არ მოუნდება ხალხში სიმართლის გავრცელებას. რას შვრები მერე, მეფე რომ ხარ, გაშიშვლებული და ნიღაბჩამოგლეჯილი მეფე? არც ეს ივარგებს, თუ ატყობ შენ.

– ავდგები და... სულაც არაფერს დავუარსებ...

– არ დაუარსებ და ამ ხალხს ვერ მოუხერხებ ვერაფერს და დაწყნარებას გადაყვე იქნება ზედ. ისიც დავუშვათ, რომ აჯობა მთავრობამ გამოსვლებს და აჯანყებებს. რაი, მერე? გაითვალისწინებენ პოლიტიკოსები შეცდომებს. გაინაბება ხალხი ერთხანს. უპოვის მერე შესაფერ დროს, დაცხებს ისევ და მოგჭამა ჭირი მეფემ და იმპერიამ. მომაკვდავს, რობერტ,ბიძიკო, აღსარების და სანთლების მეტი არ

შველის არაფერი!

ბარიატინსკის ქუჩა თითქმის ათავებული გვქონდა, პროსპექტზე უნდა გავსულიყავით. დამაინტერესა, დათა თუთაშხია ამაზე რას მეტყოდა:

– შენ რას იზამდი, პროკოფი–ბატონო, როგორ მოიქცეოდი?

– მეფის ადგილზე? მივატოვებდი ტახტს, თუ მოვერეოდი საკუთარ თავს. წავიდოდი, საზღვარგარეთ ვიცხოვრებდი სადმე... მაგრამ ოხუნჯობაა ეს.

– ხალხის ადგილზე?

– ხალხი რასაც შვრება – იმას! დაველოდებოდი.

– ვის.

– ერკემალს, დანარჩენ ერკემლებს რომ აჯობებდა, ისეთს. ყველაზე სამართლიანს და ყველაზე მეტს ვინც შემპირდებოდა, ისეთს.

– მერე? იმ ერკემალს გაყვები?

– ხალხი გაყვება. ყოველთვის მიყვება ხალხი.

– შენ თუ გაჰყვებოდი, ბატონო პროკოფი, მე ეს მაინტერესებს.

– გავყვებოდი, მაგრამ ორი პირობა აქვს ამას, – უნდა დავრწმუნდე, რომ ის კაცი, ვინც ძველს გადააგდებს, იმასვე რომ არ გააკეთებს ისევ, ახლა რაც არის. ხალხი ქათმის ხორცია და საცივად არ ივარგა, მაგრამ ჩახოხბილად იქნება ნამეტანი კარგი დედას გეფიცებიო! მე თუ მკითხავს ვინმე, ძნელია ძალიან მთლად ახლის გაკეთება და საჭირო თუა, ისიც საკითხავია. ახლა, მეორე და მთავარი. გახსოვს, ალბათ: შეხედულებები განაგებენ ქვეყნიერებასო, მატარებელში თქვა ვიღაცამ და მაზუთის შესახვევში სხვამ: – პური განაგებს ქვეყნიერებასო. მე თუ მკითხავს ვინმე, ჯერჯერობით ისეა საქმე, რომ შური და სიხარბე განაგებს ქვეყნიერებას. ცუდები ვართ, ჯერ კიდევ, ადამიანები, და იმიტომ არის ასე. დამარწმუნოს ვინმემ, რომ ძველს გადავაგდებთ, ახალს ავაშენებთ და ის ახალი ადამიანს გააუკეთესებსო – გავყვები და გამოვადგები, მგონია, სხვა რომ გამოადგება, ისე ან უკეთესად.

გოლოვინის პროსპექტზე ხალხმრავლობა იყო. ჩანდა, მოსახლეობასაც გაეგო, მანიფესტაცია იქნებაო, ზოგი სეირნობდა, ზოგი იდგა და საუბრობდა. ყოველ ათ, თხუთმეტ ნაბიჯზე პოლიციელები დაიზლაზნებოდნენ, კაზაკების ცხენების თქარათქური აყრუებდა იქაურობას.

სასტუმროსთან ვიდექით. ვიღაცამ დაიძახა, – გამოვიდნენო! დათა თუთამხიამ საათი ამოიღო, დახედა, ხალხს თვალიერება დაუწყო, თითქოს ვიღაცას ეძებდა.

ჯერ სამღვდელოება გამოჩნდა. წინ მიხეილ მთავარანგელოზის ვეებერთელა ხატი მოჰქონდათ. მერე ნიკოლოზ I პორტრეტი, შემდეგ დროშები და ყოველივე ამას ზღვა ხალხი მოჰყვებოდა. მარცხნივ გამოუხვიეს, ოპერისკენ. ალექსანდრეს ბაღს გაუსწორდნენ, მაგრამ სადემონსტრაციოდ თავმოყრილ ხალხს არც ხმა დაუძრავს, არც ფეხი გადმოუდგამს ბაღიდან. იდგნენ, რაღაცას ელოდნენ.

მანიფესტაციას ორთავ მხრიდან ძეწკვად გადაბმული კაზაკების რიგები მოჰყვებოდა. მძიმე, ნელი ნაბიჯით მოემართებოდნენ და “Áîæå öàğÿ õğàíè!”-ს მღეროდნენ. ამათაცა ჰქონდათ ლოზუნგები და ტრანსპარანტები: “Çà öàğÿ è îòå÷åñòâî”, “Äîëîé áóíòîâùèêîâ”, “Âåğà, íàäåæäà, ëşáîâü” და სხვა ასეთები. ზოგი მანიფესტანტი ცოლ–შვილით გამოსულიყო, ბავშვები მხრებზე შემოესვათ. ბარე, სამი ათასი კაცი იქნებოდა.

გაგვისწორდნენ. დათა თუთაშხიამ მითხრა:

– სიმყრალეს თუ გრძნობ, სუნს!

საკმევლის, მოუნელებელი არყისა და ცხენის ოფლის სიმყრალე დადგა. მანიფესტაციის სათავეში კათედრალური ტაძრის პატრონიკეზე გამოწვრთნილი გუნდი მღეროდა და საკმაოდ კარგადაც, მაგრამ შუაწელში და ბოლოში, ჯერ იყო, გუნდის გალობა ცუდად ისმოდა, მერე, უმრავლესობას ან ხმა არ უვარგოდა, ან სმენა და, ერთი სიტყვით, ისეთი ღრიანცელი იდგა, იფიქრებდით, ხელახალი წარღვნა იწყება და ეს ამოდენა ბრბო სიკვდილის შიშსა ღრიალებსო. გუნდი სიმღერას მორჩა, შუა რიგებში გარმონი აჭვიტინდა, ქალებმა ცეკვა–თამაში წამოიწყეს, მაგრამ სათავე ისევ მღეროდა და მოცეკვავეებს ბრძანება მოუვიდათ – შეწყვიტეთო!

შეწყვიტეს და ისევ აღრიალდნენ.

მანიფესტაცია სასტუმროს გასცდა. კაზაკების ბოლო ცხენებმა ჩვენს ცხვირწინ ბლომად ჩონჩორიკი გადმოაფრქვიეს და ალექსანდრეს ბაღიდან დემონსტრანტებიც დაიძრნენ. რატომღაც მეგონა, რომ ესენიც ოპერისკენ გასწევდნენ. არა, გამოვიდნენ. გაშალეს ტრანსპარანტები, მარცხნივ გაუხვიეს, მეფისნაცვლის სასახლისკენ აიღეს გეზი. მოულოდნელი ვითარება შეიქმნა. შავრაზმელები თავისი ბადრაგითურთ ზევით მიდიოდნენ, დემონსტრანტები – მოპირდაპირე მხარეს. კაცმა რომ თქვას, ყველაფერი სწორად წარიმართა: მანიფესტანტებ ქალაქის მოსახლეობის წინაშე სურდათ თავისი გრძნობების გამოხატვა, დემონსტრანტებს – წყობილების უმაღლესი წარმომადგენლის, ანუ მეფისნაცვლის წინაშე. ჩემი არ იყოს, ამგვარ შემოტრიალებას, ალბათ, არც შავრაზმელები მოელოდნენ. მანიფესტაცია გაჩერდა, პირით დემონსტრანტებისკენ შემობრუნდა. ალექსანდრეს ბაღიდან კი ხალხი უწყვეტ, მძლავრ ნაკადად გამოდიოდა.

ჩვენს გვერდით ახალგაზრდა ქალ–ვაჟი იდგა. ვაჟი ქართველი იყო, გოგო – რუსი, ჩვენსავით სეირს უყურებდნენ.

– ერთი ამათ შეხედე, ამათ! – თქვა ვაჟმა სიცილით.

მანიფესტაციის სათავიდან ანაფორააკაპიწებული მღვდლები ქოშინით მოცვივდნენ, ხელისგულები თეძოებზე შემოილაგეს და განცვიფრებული სიფათებით მიაშტერდნენ ბაღიდან გამომავალი დემონსტრანტების ბოლო ჯგუფებს. მანიფესტაცია სრულიად დაბნეული იყო და არც რაიმე განკარგულება ისმოდა.

– საით ანტიქრისტენო! – დაიძახა ერთ–ერთმა მღვდელმა.

იმავ წამს გაისმა:

– Áåé èõ! – და მანიფესტაცია ადგილს მოწყდა, დემონსტრანტებისკენ გამოქანდა.

მღვდლებმა ხალხის შეკავება სცადეს, მაგრამ უკანიდან მოწოლილმა მასამ წინა რიგები ღვდლებიანად წააქცია, ფეხით ჩათელა და გაშმაგებით ეკვეთა დემონსტრაციის არიერგარდს.

ნამდვილი ომი ატყდა. დემონსტრანტებს ქვები და კეტები აღმოაჩნდათ. პირველივე ბათქის შედეგად კარგა ბლომა შავრაზმელებს დაუსკდა თავ–პირი, მაგრამ ის გამოსროლილი ქვები ახლა ავრაზმელებმა აკრიფეს და არანაკლებ ეფექტურად გამოიყენეს. საარტილერიო მომზადება გათავდა, მხარეები ხელჩართულზე გადავიდნენ. დიდი დაკადაკა იყო სასტიკი! კაზაკები, ჯარი და პოლიცია საქმეში ჯერჯერობით არ ერეოდა, რადგან დემონსტრანტები, მართალია, ბრძოლით, მაგრამ მაინც ხომ უკან იხევდნენ – მეფისნაცვლის სასახლისკენ. ეს, რატომღაც, გამარჯვებად შავრაზმელებს ეთვლებოდათ და “წესრიგის დამცველნი” ასეთი ვითარებით კმაყოფილი იყვნენ. დემონსტრანტებმა მიზანს მიაღწიეს – მეფისნაცვლის სასახლის წინ გაჩერდნენ, თავისი ტრანსპარანტები მეფის ნაცვალს მიაშვირეს, ორიოდე წუთს ასე იდგნენ და ამ დროს უთვალავი შაშხანა ერთდროულად გავარდა... იმავ წამს ერმოლოვის ქუჩიდან, სასახლის ეზოდან და ერევნის მოედნის მხრიდან ცხენოსანი თუ ქვეითი ჯარის მთელი პოლკი გამოცვივდა და დემონსტრანტებს ეტაკა. გაჭირვება მაჩვენე – გაქცევას გაჩვენებო, ნათქვამია... ესეც ნუ იქნება. მეფისნაცვლის სასახლის საიერიშოდ იქ არავინ მისულა სადემონსტრაციოდ მივიდა ხალხი: დემონსტრაცია უკვე ჩატარებული იყო, და იქამდის ხომ არ იდგებოდნენ, სანამ ნიკოლოზი პეტერბურგიდან ტახტის დატოვების დეპეშას გამოგზავნიდა?! დემონსტრაციის თავკაცებმა დაიძახეს, – ვისაც საით შეგეძლოთო! ოციოდ წამში სასახლის წინა მოედანი ცარიელი იყო. ვინც მოასწრო, ლომბარდისკენ ჩაუხვია და მოუსვა. ზოგმა კალოუბანთან უგვერდა და სალდათის ბაზრისკენ დაეშვა. ძირითადმა მასამ ისევ ალექსანდრეს ბაღისკენ აიღო გეზი, მაგრამ გეზის აღებაც არის და გეზის აღებაც: ის იმოდენა ხალხი უზარმაზარი ზვავივით მოწყდა, არიერგარდთან მორკინალ “მთავარანგელოზლებს” ეკვეთა. ვინც ჩაითელა – ჩაითელა, ვინც არა – უკან დახევას შეუდგა და დემონსტრანტების ძირითადმა მასამ წყალვარდნილივით ჩაიტანა გრიალი ალექსანდრეს ბაღში. გოლოვინის პროსპექტზე ერთი წუთის შემდეგ სეირის საყურებლად გამოსული ხალხისა და შავრაზმელების გარდა აღარავინ იყო, პოლიციას, ჯარსა და კაზაკებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. აქაც იგივე მოხდა, რაც აქამდე ორჯერ უკვე იყო. დემონსტრაციის ჩასაშლელად მოწოდებულმა ძალამ სწორედ მათ სასარგებლოდ იმოქმედა – დემონსტრაცია ჩატარდა. ხალხი სამშვიდობოს თითქმის უდანაკარგოდ გავიდა და შავრაზმელები კი გამარჯვებას ზეიმობდნენ – კუდით ქვა ვასროლინეთო, არ დაშლილან, იქვე ტრიალებდნენ, ძლევამოსილი ფიზიონომიები ჰქონდათ, ჯგუფ–ჯგუფად, ჩასუნთქულები დადიოდნენ და მოსეირნეებსა თუ გამვლელ–გამომვლელს შარსა სდებდნენ, – დემონსტრაციის მონაწილე ხარო! იყო ერთი თავის მართლება და უშვერი სიტყვის ბორიალი.

ჩვენს გვერდით, ახლოს, ქალ–ვაჟი იდგა–მეთქი, ადრეცა ვთქვი...

– ერთი შეხედეო! – ანაფორააკაპიწებულ მღვდლებზე თავის გოგონას რომ მიანიშნა, ხომ გახსოვთ?.. იმ ქალ–ვაჟთან სამი “მთავარანგელოზელი” მიიჭრა, – რას დაყუდებულხართო!

– რა თქვენი საქმეა, სად დავდგებით და საით წავალთ?! – დამცინავი ღიმილით, რუსულადვე მიუგო ვაჟმა.

ერთ–ერთმა მომხდურმა – არც აცია, არც აცხელა – ვაჟს გაუქანა და სახეში სთხლიშა. ვაჟი წაბარბაცდა, მაგრამ იმავ წამს დაუბრუნა სამაგიერო. გაწევ–გამოწევა ატყდა. ვიღაცეები ჩაუვარდნენ გასაშველებლად, ორმა შავრაზმელმა საიდანღაც შაშხანის ხიშტები დააძრო. ხიშტებს მოკლე ტარები ჰქონდათ მირგებული. იმ შავრაზმელს, რომელმაც ვაჟს გაარტყა, ჩანს, სამანიფესტაციოდ ცოლიც ჰყავდა გამოყვანილი. ის დედაკაცი ვაჟის გოგოს მიეპარა, სილა გააწნა. გოგო რუსულად მოთქმას მოჰყვა, თავის ვაჟს მკლავზე ჩამოეკიდა, – აქაურობას გავშორდეთო. ვაჟი დაჰყვა, გამშველებლების მოსარჩლეობით ისარგებლეს, ზევითკენ წავიდნენ. შავრაზმელები მაინც იწევდნენ. მაშინ ქალ–ვაჟმა უახლოეს სადარბაზოს შეაფარა თავი და მალე გამშველებლებმაც მონახეს გზა. უხიშტო შავრაზმელი თავისმა დედაკაცმა წაიყვანა. თითქოს, ყველაფერი მორჩა. ხიშტიანი შავრაზმელები ჩვენგან ათიოდე ნაბიჯზე იდგნენ, ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, ისე ეტყობოდათ, რომ ესენიც თავის გზას უნდა გასდგომოდნენ და გაუდგნენ კიდეც, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა.

ვიდექი, საითღაც ვიყურებოდი. დათა თუთაშხიამ მკლავი გამკრა:

– იქ შევიდნენ ისინიც, – მითხრა ხმადაბლა.

– ვინ? სად?

– ის ხიშტიანები. სადაც ქალ–ვაჟი შევიდა, იქ.

– ჰა? – რაღაცამ შემაფიქრიანა.

– გამოლეშილებია და გულზე არიან მოსული მაგენი... – დათა დაიძრა და მეც მივყევი.

სადარბაზოში შევდიოდით, იმ დროს ვიღაცამ დაიყვირა:

– დათა.

დათა თუთაშხია უკვე სადარბაზოში იყო. არ ვიცი, ვერ გაიგონა, თუ ჩემი თანდასწრებით ძახილზე პასუხს მოერიდა – არ გაჩერებულა. ზღურბლზე შევჩერდი, ხმაზე გავიხედე.

– დათა, დათა! – დაიძახა ისევ მამაკაცმა, რომელსაც გვერდით

ტანადი გიმნაზიელი მოსდევდა და ხელით მანიშნა, მანდ რომ კაცი შევიდა, იმას ვეძახიო.

ბრგე კაცი იყო, ასე, ოცდათხუთმეტისა თუ მეტის. ნელა მოდიოდა, კოჭლობით, ხისფეხიანივით.

– პროკოფი–ბატონო, ვიღაც გეძახის!..

დათა თუთაშხია წამით შედგა, მომხედა, დამაკვირდა და თქვა:

– ვინ დამიძახებს აქ, ვის ვიცნობ მე?! მოვალ ახლავე. – გზა განაგრძო და ეც უნებლიეთ მივყევი.

გრძელი, ბნელი დერეფანი იყო. მერე მარცხნივ კიბეები ჩადიოდა. კიდევ ერთი მოკლე დერეფანიც და აივანზე გავედით. ოთხივ მხრიდან შენობებით შეჭოსალტული ეზოდან ეს აივანი მეორე სართულისა იყო. ჩვენს ქვეშ, მარცხნივ, კედლის ძირში ვეებერთელა სანაგვე ყუთი იდგა. ახლაც არ ვიცი, ნაგავი როგორ გაჰქონდათ, ალაყაფი არსად ჩანდა. სანაგვე ყუთზე ის ორი ხიშტიანი შავრაზმელი იდგა და

ნაგავს გაშმაგებით ხიშტავდა.

– Ñòîé, íè ñ ìåñòà, ñóêèíû äåòè! – დაიყვირა დათამ იღლიაში ამოჩრილ ფუთას თითი რაღაცნაირად გამოჰკრა და მის ხელში ახალთახალმა ნაგანმა გაიბრჭყვიალა.

ხიშტიანებმა ისკუპეს, გაქცევა დააპირეს, მაგრამ დათა თუთაშხიამ ორი ტყვია ზედიზედ ისროლა.

მე, საერთოდ, გაფიქრება ვერაფრისა მოვასწარი – შავრაზმელები ორთავენი ძირს ეყარნენ და დათა თუთაშხიას რკინის კიბეებზე ჩაჰქონდა რიალი. მეც დავეშვი, არც ამისთვის დამიყოლებია აზრი პირველი სართულის აივანზე ჩასულმა, რატომღაც, სანაგვეში ჩავიხედე. ეს, ალბათ, ქვეცნობიერებაში შემორჩენილი იმპულსი იყო ჯერ ხომ არ ვიცოდი, რატომ ხიშტავდნენ შავრაზმელები ნაგავს ისე

თავგამოდებით? ჩავიხედე და უნებლიეთ რაღაც დავიღრიალე, სიტყვა არ ყოფილა, ხმა აღმომხდა, საშინელი ხმა!

სანაგვე ყუთში მოკუნტული, სისხლში ამოსვრილი ქალ–ვაჟი იწვა, ორთავე პირქვე და ოდნავ გვერდულად – ერთმანეთისგან შორიშორ.

ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი გაოგნება. ის კი ვიცი, იმ საზარელ სურათს უმალ მოვწყვიტე თვალი და სიარული განვაგრძე. ეზოში ჩავედი, დათას სიახლოვეს, მის პირდაპირ დავდექი, მიწაზე გაშოტილ შავრაზმელებს დავაჩერდი.

ერთი ფეხში იყო დაჭრილი, მეორე – დუნდულში. ეს იქიდან ვიცი, რომ დათა თუთაშხიამ თავად მოუძებნა ჭრილობები. ცოტა ხანს იდგა, ჩემსავით დასცქეროდა თავის ნამოქმედარს. მერე ცივი, გაბზარული ხმით უთხრა მწოლიარეებს:

– Êòî èç âàñ æèòü õî÷åò?!

დაჭრილები განაბული იწვნენ, თვალებში ამოგვცქეროდნენ.

– Îäèí èç âàñ îñòàíåòñÿ æèòü. Êòî õî÷åò æèòü?!

ფეხში დაჭრილს აზროვნების უნარი სავსებით ჰქონდა დაკარგული, ვერც ენით თქვა რამე და ვერც თვალებით. მეორეს, ალბათ, თავდაცვის ინსტინქტი აუმოძრავდა, გაცოცდა, დათა თუთაშხიას ფეხზე მკლავები შემოჰხვია, აქვითინდა. ტიროდა და ფეხებს უკოცნიდა.

დათა თუთაშხიამ ფეხი გამოითავისუფლა.

– Âñòàíü, ñêîòèíà!

შავრაზმელმა ხიშტი დაიშველია, წამოდგა.

დათა თუთაშხიამ ფეხით მეორე შავრაზმელის მარცხენა ბეჭი აჩვენა და თავის აქნევით ანიშნა, – ამ ადგილას ჩაჰკარი ეგ ხიშტიო!

ზეზე მდგომი შავრაზმელი გაშრა, თვალები ააფახურა.

– Äàâàé áûñòğåé! – შეუძახა დათამ და ფეხებთან კიდევ წყვილი ტყვია მიახალა.

მსხვერპლი პირქვე ემხო, თვალები აივნებისკენ ჰქონდა, მაგრამ როცა მისმა თანამებრძოლმა ხიშტი შემართა, მწოლიარე ელვის სისწრაფით პირაღმა ამოტრიალდა...

ხიშტი მკერდზე დააცხრა, გული გაიარა, ვადამდე ჩავიდა და მიწას მიალურსმა სხეული.

– Òåïåğü èäè, æèâè! – ხაზგასმით, თითქმის დამარცვლულად ჩაილაპარაკა დათა თუთაშხიამ.

მკვლელს ვერაფერი გაეგო – უშვებდნენ, თუ დასცინოდნენ.

– Èäè, ãîâîğş... Æèâè!

მკვლელი მიტრიალდა, ორიოდ ნაბიჯი გადადგა, დუნდულზე ხელი მოივლო. წამით შეჩერდა. ისევ გადადგა ნაბიჯი და საიდანღაც გამოსროლილმა ტყვიამ თავის ქალა კოლოფის სახურავივით ახადა.

შიგ შუა შუბლში მოხვედროდა. ქალამ საოცარი ხმა გაიღო, ვერაფერს ვერ შევადარებ, არ ვიცი, მსგავს ხმას რა გამოიღებს ხოლმე.

აივნისკენ ავიხედე.

ის კოჭლი, ხისფეხა კაცი იდგა და ტანმაღალი გიმნაზიელი რევოლვერს კიტელის შიდა ჯიბეში იდებდა.

დათა თუთაშხიამ კარგპ ხანს უყურა აივანზე გადმომდგარ მსროლელს, მერე რევოლვერი ჯიბეში ჩაიდო, სანაგვეში ჩაიხედა.

– გამოვა ვინმე, ამოასვენებენ საცოდავებს, ამათ, – ჩაილაპარაკა და კიბეებისკენ გაემართა.

– დათა თუთაშხია ნელი ნაბიჯით, თავჩაქინდრული მიდიოდა.

მეორე სართულის აივანზე ავედით. ხისფეხიანი და გიმნაზიელი იქ აღარ დაგვხვდნენ, დერეფანში შესულიყვნენ, იქ გველოდებოდნენ.

ხისფეხიანი ზურგით კედელს მინდობოდა, იატაკს ჩაჰყურებდა, ცალი ხელით პატარა ულვაშს იწვალებდა. გიმნაზიელი დიდი ცისფერი თვალებით გვიცქეროდა. მისი იერი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობასა და განცვიფრებას გამოხატავდა.

ერთმანეთისთვის სალამი არ მიუციათ, ალბათ, არ იყო საამისო განწყობილება.

– ამდენი სისხლი?! – ამოიოხრა დათა თუთაშხიამ, იყუჩა და უფრო ხმამაღლა ბოღმითა თქვა: – არ მინდა ასეთ ქეეყანაში ცხოვრება, ყელში ამოვიდა უკვე...

– ხედავ, რამდენნი ვართ?.. აღარავის აღარუნდა, – მიუგო ხისფეხამ.

დათა თუთაშხიამ მოგვიანებით უთხრა:

– კი, ბევრი ხართ, ვიცი მე!.. არ უნდა გესროლა, ევლო ქვეყანაზე!

– მე არ მისვრია, ამან დამასწრო, – ხისფეხამ გიმნაზიელზე მიანიშნა... – შემაგვიანდა... ამ აყალმაყალში.

– დროზე კი არა და... აქეთ თუ გამოვწევდი საერთოდ, არ მეგონა, – თქვა დათა თუთაშხიამ ჭაბუკს თვალი შეავლო და ხისფეხას უთხრა:

– შენს ნასროლს გავდა ის.

– გავდა.

დავიძარით. დერეფანი გავიარეთ, დიდ კიბეებს შევუდექით.

– გადაწყვიტე? – ჰკითხა ხისფეხამ დათა თუთაშხიას.

თუთაშხია გაჩერდა იყუჩა და მიუგო:

– კი, გადავწყვიტე.

უკვე ავათავეთ კიბეები, სადარბაზოში უნდა გავსულიყავით და დათა თუთაშხია ისევ შეჩერდა, ხისფეხას დაუწყო ყურება. ეს იყო უსიტყვო შეკითხვა. ხისფეხამ მიუგო:

– თუ შენიშნე, მე კაი ხუთი წელია აღარ გამომითქვამს ჩემი შეხედულება მაგაზე, სიჩუმეს ვარჩევდი ხოლმე ახლა გაგიმეორებ: სწორი გადაწყვეტილებაა!

ხისფეხა გაჩუმდა და, ჩანს, თქმა აღარაფრისა უნდოდა. მაშინ დათა თუთაშხიამ უთხრა:

– მაშინ ისიც თქვი, რატომ მიგაჩნია სწორად ეს გადაწყვეტილება, დამავიწყდა, რას მელაპარაკებოდი.

ხისფეხამ ქეჩო მოიქექა ოდნავ გაიღიმა და მიუგო:

– კაი, გაგიმეორებ. შენ ადამიანებს აკვირდვბი, ცალ–ცალკე პიროვნებებს აღიქვამ. ხედავ, რომ არ ვარგა კაცი და ამიტომ ხალხზეც აგიცრუვდა გული. მაპატიე, მაგრამ შენ ერთი, მთავარი რამ არ იცი. ადამიანი, პიროვნება, თითქმის ყოველთვის ტყუის, ხალხი, ერი – ყოველთვის მართალია. ხალხი უნდა გაიცნო და უეჭველად შეგიყვარდება. მაშინ პიროვნებასაც სხვა თვალით შეხედავ. კაცი საზიზღარი კი არ არის – საცოდავი და საბრალოა. ხალხი უნდა ნახო, ხალხში ცხოვრებაა აუცილებელი შენთვის, რომ ადამიანი შეგიყვარდეს.

– მაშინ ბაზარში წავალ, ბევრი ხალხია ბაზარში მუდამ.

– ბაზარი ადამიანების დაპირისპირების, ურთიერთშერკინების ადგილია. იგი ადამიანებს თიშავს. ის ადგილი კი, სადაც შენ მიდიხარ, მოწინააღმდეგეებსაც კი აკავშირებს და იქაური ცხოვრება მუშტად შეკრული ხალხის ბრძოლაა ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. იქ უნდა ნახო, რა არის სიტყვა “ხალხი”. – ხისფეხა ანაზდად უხერხულობამ დაამუხრუჭა. დავინახე, რომ რაღაცის შერცხვა, ალბათ, უნებლიეთ აღებული მენტორული, ნოტაციური ტონისა.

ცოტა ხანს სიჩუმე იყო.

– რა არ მელაპარაკეს! მიზეზი აღარ დარჩა, მგონია, იმის სამტკიცებელი, რომ უნდა ჩავჯდე, მაგრამ შენ რაც მითხარი, ეგ არ უთქვამს არც ერთს არასდროს და შენ რომ გქონდა ნათქვამი, დამავიწყდა, თითქოს. კაი, ბატონო! მივუმატებ მაგასაც და წავალ, სადაც მივდიოდი, – ხუმრობის ტონით თქვა დათა თუთაშხიამ, ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო, ხისფეხას გადასცა. მეორე ჯიბიდან – მუჭით ვაზნები – ესეც ხელში ჩაუჩხრიალა. გიმნაზიელს შეხედა, დააკვირდა და უთხრა: – თქვენ გააკეთოთ, იქნება, ჩვენ რომ ვერ შევძელით, ის... წავიდეთ, რობერტ–ბიძიკო. ერთსა და იმავე ადგილას მივდივართ ორივე.

დათამ ორთავეს ხელი ჩამოართვა და ისევ პროსპექტზე გავედით.

– საით მიდიხარ, პროკოფი–ბატონო? – ვკითხე.

– ჟანდარმერიის სამმართველოში. ზევით უნდა იყოს, მგონია, მთაწმინდის უბანში, – თქვა დათა თუთაშხიამ და პროსპექტის მოპირდაპირე ქვაფენილისკენ გასწია.

ჟანდარმერიის სამმართველომდე აღმართ–აღმართ ათიოდ წუთის სავალი იყო. ხმა არც ერთს არ დაგვიძრავს. დათა წინ მიდიოდა, მე კვალში მივდევდი, როგორც კვიცი – ფაშატს. ბოლომდე ასე ვდიე. სადარბაზოსთან მომიბრუნდა, ეშმაკურად გამიღიმა.

– კაი, აბა. წავალ მე, მშვიდობით იყავი!

ხელი არ ჩამოურთმევია, შევიდა და კარისკაცს რაღაც უთხრა. გარედან ვადევნებდი თვალს. ორი, სამი წუთიც არ იყო გასული, რომ ის დიდი თანამდებობის კაცი ჩამოვიდა, რომელიც სამტრედიაში წასვლის წინ დამანახვეს, – აი, ამის გარეგნობა დაიხსომე, ერთმანეთს წყლის წვეთებივითა ჰგვანანო.

იმ კაცმა მკლავი გაუყარა და წაიყვანა.

მართლაც, საოცრად ჰგვანდნენ ერთმანეთს.

მას აქეთ აღარ მინახავს დათა თუთაშხია.

მეც შევედი და ჩემს უფროსს გამოვეცხადე, პატაკი და მოხსენება დავაპირე, არ დამაცადა. მითხრა, – წადი, დაისვენე და ხვალ დილის ათ საათზე გამოცხადდიო.

წავედი, დავისვენე, – იმ დღის შთაბეჭდილებების გადამუშავებას დასვენება თუ შეიძლება დაერქვას, – და დილით დანიშნულ დროს მივედი. არც ახლა დამაცადა ჩემმა უფროსმა. ვიღაცას დაურეკა, საითღაც წამიყვანა, სხვა განყოფილებაში. მითხრა, ზარანდიასთან მივდივართ, იმას მოახსენეო.

ზარანდია, როგორც გვარი, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო. გარეგნობით ვერ ვცნობდი, რომელია. სამტრედიაში წასვლის წინ რომ უფროსი დამანახვეს, ის ადრეც შენიშნული მყავდა, მახსოვდა, მაგრამ იმისა არა გამეგებოდა რა, თუ ეს კაცი იყო ზარანდია. ჩემმა უფროსმა უცხო კაბინეტში შემიყვანა და, სავარძელში რომ კაცი დავინახე, აი, მაშინღა გავაერთიანე დახსომებული გარეგნობა და ცნობილი გვარი. დაბრძანდითო, მითხრა. ჩამოვჯექი. ჩემი უფროსიც დაჯდა. ზარანდიამ შეხედა და – თქვენ თავისუფალი ხართო!

წავიდა ჩემი უფროსი კუდამოძუებული.

ჯერ ყველაფერი თავიდან ბოლომდე დაწვრილებით მაამბობინა, მერე ოჯახის, გვარისა და წინაპრების ამბავი გამომკითხა. შემდეგ იმის გამორკვევას მიჰყო ხელი, თუ ჟანდარმერიაში რა გზებით მოვხვდი. როცა გამოარკვია, რომ მოწოდებამ კი არა, სამხედრო ვალდებულებიდან თავის დაღწევის სურვილმა მიმიყვანა, პირდაპირ მკითხა, – სამსახურის დატოვება ხომ არ გინდაო. მინდა–მეთქი. მერე რა საქმეს მოჰკიდებ ხელსაო. სწავლა უნდა განვაგრძო, მოსკოვის უნივერსიტეტში მინდა შესვლა–მეთქი. ეს იდეა ძალიან მომიწონა. მითხრა, ხვალ მამაშენი მომიყვანეო, და გამიშვა. რა თქმა უნდა, მივხვდი, თავიდან მიშორებდა, მაგრამ გზაც იქითა მქონდა და ამით ზარანდიამ კარგად ისარგებლა. სამი დღის შემდეგ თავისუფალი ვიყავი.

კიდევ ერთი კვირა და მატარებელი მოსკოვისკენ მიმაქროლებდა. ახლა უკვე ბევრი დრო მქონდა, რიგიანად გადამევლო თვალი შვიდი თვისა და ოცდასამი დღის მანძილზე ჟანდარმერიაში ჩემი სამსახურისთვის. შეკითხვები თუ აღარა გაქვთ, მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

 

Hosted by uCoz