გრაფი სეგედი

 

როგორც იტყვიან, ღრეობა დამთავრებული იყო და ზარხოშის გამონელების, ანგარიშგების დრო დამიდგა. თვით პოლკოვნიკი სახნოვი და მისი ხვედრი მეორე რიგის საკითხად მიმაჩნდა, იმ ზომით აღარც ზარანდიას როლი და პოზიცია მაინტერესებდა, როგორც საქმის მსვლელობის პროცესში იყო. ახლა უკვე ვცდილობდი გამომეტანა საბოლოო, ნათელი და მკაფიო დასკვნა – რა სულიერი ზარალი განვიცადე და განვიცადე თუ არა, საერთოდ, ვიდექი თუ არა ჩემი პრინციპების სიმაღლეზე ბოლო წლებში, თუ იაფიან ოლეოგრაფიებზე დახატულ თაგვთამმუსვრელად ვიქეცი. თავში სრული ქაოსი მქონდა, ერთი რამ მისაღები, სამართლიანი აზრისთვის ვერაფრით მიმეგნო და ვგრძნობდი, რომ დიდი გარდატეხის ჟამი მიახლოვდებოდა.

ასეთ სულიერ ვითარებას, თითქოს, დაუყოვნებლივ უნდა გამოეწვია ზარანდიასთან საუბარი, დამოკიდებულებათა გარკვევა, ფაქტებისა და მოვლენებისთვის ნამდვილი სახელების დადგენა–დარქმევა, მაგრამ ამ გზაზეც აღმოჩნდა სპეციფიკური დაბრკოლებები. ჯერ ის, რომ, როცა ორმა ადამიანმა ამა და ამ თემაზე საუბარს ერთხელ გვერდი აუარა – მომავლისთვის გადადო, მესამედ, ვითომ უადგილოდ ჩათვალა, დაბოლოს, თვითდინება არჩია, მაშინ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ის საუბარი მით მძიმე, საჩოთირო და შეუძლებელი ხდება. სტუდენტობაში ერთმა ამხანაგმა უმნიშვნელო თანხა მთხოვა სესხად. დანიშნულ დროს ვერ დამიბრუნა. მერე თავს მარიდებდა და ვალიც აღარასდროს დაუბრუნებია – სიტყვის გატეხისა, ვალის ასე დაგვიანებით დაბრუნებისა რცხვენოდა. ეს მაგალითი ზემოთქმულის ასახსნელად, ვგონებ, ივარგებს. მეორე: ზარანდიასთან საუბარს შეიძლება ზოგი ისეთი უსიამოვნო რამ დაედასტურებინა, რაც ჩემს ცნობიერებაში მხოლოდ ჰიპოთეზის სახეს ატარებდა და, ამდენად, არც ისე მაწვალებდა, როგორც უკვე გამოტანილი დასკვნა, კონსტატირებული ფაქტი დამტანჯავდა. აქ უკვე ქვეცნობიერება მამუხრუჭებდა. ერთ დღეს ეს ყველაფერი ნათლად ვიგრძენი, საშინლად აღვშფოთდი – ჩემი თავი მხდალი, დამყაყებული, უსუსური დავინახე, მაშინვე ყველა საქმე გადავდე და ზარანდიას ვუხმე. იგი პეტერბურგიდან ორი თუ სამი დღის დაბრუნებული იყო. მოვიდა, დაჯდა. გრძნობდა, რისთვისაც ვუხმე; ამანაც შემაყოვნა მაგრამ თავს მოვერიე და ვთქვი:

– მუშნი, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სალაპარაკო გვაქვს. მე თქვენგან სრულ გულწრფელობასა და პირდაპირობას ველი. ამ საუბრის შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ძალიან ბევრი!

– გისმენთ, თქვენო ბრწყინვალებავ, მზად ვარ.

დავფიქრდი, როგორ დავიწყო–მეთქი, და მომეჩვენა, რომ ყველაფერი ცხადია და სალაპარაკოც აღარა იყო რა.

ამ მოსაზრებამ ღიმილი მომგვარა. ზარანდიას მომლოდინე იერი ჰქონდა. ძალიან გამიჭირდა საკითხის დასმა. ამაში საუბრის თემის ზუსტად ჩამოყალიბებას არ ვგულისხმობ. მოვლენათა რთული ხლართიდან მთავარის გამოყოფა ვერ მომეხერხებინა. ალბათ, ისიც მიქმნიდა დაბრკოლებას, რომ მეშინოდა, სულიერ გასაჭირს, უილაჯობას არ დამგვანებოდა ჩემი პირველი ფრაზა.

– მე მინდა, გავეცნო თქვენს შეხედულებას იმაზე, თუ რამდენად სწორად ვიმოქმედეთ პოლკოვნიკ სახნოვის მიმართ!

ზარანდიამ პასუხი დააყოვნა, ფიქრობდა.

რაზე უნდა ეფიქრა? ამ კითხვაზე მას, რა თქმა უნდა, დეტალებში დაზუსტებული პასუხი იმთავითვე უნდა ჰქონოდა – სხვაფრივ იგი სახნოვის წინააღმდეგ მოქმედებას არ შეუდგებოდა, ეს ზარანდიასთან ურთიერთობების გამოცდილებით ვიცოდი.

– თქვენო ბრწყინვალებავ, მე მინდა დავაზუსტო, რას გავცე პასუხი: როგორია ჩემი შეხედულება იმ, ან ისეთ “მოქმედებაზე” ზოგადად, თუ მოქმედებაზე, კერძოდ, სახნოვის შემთხვევაში?

ძალიან გულიანად გამეცინა, რადგან ზარანდიას შეყოვნებისა და დაფიქრების მიზეზს მივხვდი.

– მუშნი, ადამიანებთან ურთიერთობის ზოგიერთი ხერხი თქვენი ფსიქიკის განუყოფელ, აუცილებელ კომპონენტად იქცა. რაღაც მექანიზმი ჩაგერთვებათ ხოლმე, მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა. თქვენი ეგ კონტრშეკითხვა ქვეცნობიერი იყო და მიზნად ისახავდა საუბარში ინიციატივა თავიდანვე, დაუყოვნებლივ ჩაგეგდოთ ხელში. ამჯერად საუბარი მე უნდა წავიყვანო. მიპასუხეთ დასმულ კითხვაზე და რაც შეიძლება, მოკლედ.

– იქნებ, მართალიც ბრძანდებით, მაგაზე არ მიფიქრია. მაგრამ არ მგონია, ეგ თვისება უარყოფითი იყოს. ახლა, პასუხი თქვენს კითხვაზე: ვიმოქმედე მე და არა ჩვენ თქვენო ბრწყინვალებავ!

– მე არ შეგიშალეთ ხელი, არ შეგაჩერეთ, თუმც კი მთავარი ვიცოდი და მეორეხარისხოვანს ვგრძნობდი. ვიმოქმედეთ ჩვენ და არა მარტო თქვენ. განაგრძეთ.

– არსებობს მეორე პასუხიც: სახნოვი მოქმედებდა და არა ჩვენ.

– ნუ ვიქნებით სირაქლემები, თავს ქვიშაში ნუ წავყოფთ, მუშნი! მივიღოთ და სადავოდ ნუღარ გავხდით დებულებას, რომ ორივემ ვიმოქმედეთ.

– თქვენ უარჰყოფთ ვერსიას, რომელიც, ცალკე შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცალკე შეფმა მიიღეს, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება?

– მიიღეს თქვენგან და, ამასთან იმიტომ, რომ სხვა ვერსია მათ ხელს არ აძლევს!

– კეთილი და პატიოსანი! მაშინ იმის დასადგენად, სწორი იყო თუ არა ჩვენი მოქმედება, ჯერ ის აღვნიშნოთ, თუ საიდან გამოვდივართ: სახელმწიფოს და ტახტის ინტერესებიდან, ხომ?

– დიახ. მაგრამ ერთია – სწორი ამოსავალი პოზიცია და მეორეა, თუ რამდენად სწორია ესა თუ ის მოქმედება, თუნდ უსწორესი პოზიციიდანაც კი.

– იმ პოზიციიდან, საიდანაც უნდა გამოვდიოდეთ და ყველა შემთხვევაში გამოვდივართ კიდეც, სახნოვის მიმართ ჩვენი მოქმედება მიზანშეწონილად და სწორად მიმაჩნია! – მტკიცედ თქვა ზარანდიამ და უფრო მტკიცედ დასძინა: – ყოვლად დაუშვებელი იყო მის ხელში მართვის სახელმწიფოებრივად დიდმნიშვნელოვანი სადავეების ჩაგდება. შეზღუდული პიროვნება! ეს თქვენი გამოთქმაა და მე სავსებით ვიზიარებ მაგ კონცეფციას. ერთადერთი არგუმენტი, გრაფ, რომელიც შეიძლება, გამოგეძებნოთ, ის არის, რომ სხვა, მიღებული, დაკანონებული ხერხებისთვის უნდა მიგვემართა. ეგ არის, სასურველი შედეგის მისაღებად, სახელდობრ, როგორ და რა უნდა გვეღონა – არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის და ვერც გვეცოდინება. რატომ? სხვა გზები არ არსებობდა, იმიტომ. მე, რა თქმა უნდა, რეალურ გზებზე მოგახსენებთ და არა სათუო ღონისძიებებზე, თუ სანახევრო ზომებზე, რაიც სახნოვის მდგომარეობას განამტკიცებდა და არა ჩვენსას. ის, რაც მოვიმოქმედეთ, სახელმწიფოს სჭირდებოდა, გრაფ, და მერე – მე და თქვენ.

– ჩვენ სისაძაგლეები, მუხანათობები, პროვოკაციები გამოვიყენეთ, ბატონო ზარანდია! – სიტყვა გამიწყდა, რადგან აქ უკვე მუშნი ზარანდიას აუვარდა სიცილი. – რატომ იცინით, მართალი არ ვარ?..

– როგორ არა, თქვენო ბრწყინვალებავ, ჭეშმარიტებას ბრძანებთ, ჭეშმარიტებას, მაგრამ... ეს გამოთქმა მეპატიოს, სხვა სავარძელში გადაბრძანება ინებეთ და მაგას იქიდან ლაპარაკობთ! თქვენი ნათქვამი ჭეშმარიტებაა ზოგადკაცობრიო ზნეობის თვალსაზრისით. აკი გკითხეთ, როგორ პასუხს თხოულობთ–მეთქი, – ზოგადს თუ კონკრეტულად სახნოვთან მიმართებაში? Quod licet lovi, non licet Bovi! (რაც შეჰფერoს იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს. (ლათ)). ზოგადკაცობრიული სამართლიანობისა და ზნეობრივი ნორმების დაურღვევლად თანამედროვე სახელმწიფოს კეთილდღეობა გამორიცხულია. მეორე მხრივ, ადამიანთა უმრავლესობამ ხსენებული სამართლიანობა და ზნეობრივი ნორმები თუ არ დაიცვა – სახელმწიფო კი არა, თვით სიცოცხლეც მოისპობა. ცბიერება და ბოროტება, იმპერიის შემთხვევაში, სახელმწიფოს ის იარაღია, რომლითაც მან საზოგადოებას სამართლიანობისა და სიკეთის ნორმები უნდა აღასრულებინოს. მიაქციეთ ყურადღება, გრაფ, მე ვამბობ უ ნ დ ა ა ღ ა ს რ უ ლ ე ბ ი ნ ო ს–მეთქი.

– ეგ მაკიაველიზმია, ბატონო ზარანდია!

– დიახ, მაკიაველიზმია! ის ბრძენი და კეთილი ადამიანი ბევრს ბოროტ კაცად იმიტომ მიაჩნია, რომ მან გულახდილად, საქვეყნოდ თქვა ის, რასაც სხვები, სიკეთის ნიღაბს ამოფარებულნი, ვერაგულად და აკანკალებული ხელებით აკეთებენ. ის, როგორც თქვენ ბრძანეთ, სისაძაგლეები, მუხანათობები, პროვოკაციები, რაც სახნოვის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

– მაშ, სახელმწიფო თქვენც ბოროტ საწყისად მიგაჩნიათ?

– იმპერია! მაგრამ კაცობრიობა დაუცხრომლად მუშაობს იმაზე რომ სახელმწიფო ნამდვილი სიკეთის წყაროდ აქციოს.

– თქვენ და თქვენი ბიძაშვილის მეგობრებს ერთნაირი შეხედულებები გქონიათ, მუშნი!

– იმ განსხვავებით, თქვენო ბრწყინეალებავ, რომ მათი ნება თუ იქნებოდა, იმპერიას დღესვე მოსპობდნენ. მე – ლოდინს ვამჯობინებ.

საუბარი შეწყდა. პირველად და ცხადად დავინახე, რომ სახელმწიფოს დანგრევის მსოფლიო–ისტორიული სული გაღვივების ინტენსიურ პროცესს განიცდიდა. მოვლენების ცენტრში ვიდექი და ვიცოდი, რომ მსოფლიოში გასაოცრად იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც ყველა და ყოველგვარ საზოგადოებრივ წინააღმდეგობათა პანაცეად ნგრევას მიიჩნევდა. იგულისხმებოდა არა პრუდონისა და ბაკუნინის რეცეპტურა სახელმწიფოს ინსტიტუტის გაუქმების შესახებ, არამედ იმპერიის დანგრევა ახალი სახელმწიფოს შექმნის მიზნით. განსაკუთრებით საყურადღებო ის იყო, რომ ზემოხსენებულმა სულმა ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა, რაც ერთობ სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვდა. რა იყო ეს? იმ წმინდად და მხოლოდ რუსული სულის გამოვლინების მოსამზადებელი პერიოდი, როცა ვიღაც გარეწარი უნდა გამოცხადებულიყო, ეთქვა – დიმიტრი მეფე ვარო, და რუსეთის მიწა–წყალს შფოთი და არეულობა დაუფლებოდა? ან ახალი ემელკა პუგაჩოვი იტყოდა, – პეტრე III გოლდშტინელი ბატონიშვილი გავცოცხლდიო, და მილიონიანი ბრბოები ცელებითა და სამთითებით ზარბაზნებზე მიიტანდნენ იერიშს? იქნებ, თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა, სრულიად უცნობი რამ მზადდებოდა? თუ იმპერია საერთოდ და, კერძოდ, ჩვენი იმპერია ბოროტების აქტიურ საწყისად იქცა, მაშინ მე – მისი ერთგული მსახური – ბოროტების განხორციელებას ვანდომებდი ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიასა და ნიჭს. მეორე მხრივ, ჩემს ხელში გამოვლილ პოლიტიკურ პატიმართა დიდი უმრავლესობა, უდავოდ, პატიოსანი, პირუთვნელი და უანგარო ადამიანებისგან შედგებოდა. სწორედ ესენი ესწრაფოდნენ იმპერქიის დანგრევას და არა ვიღაც ნაძირალები!

სად იყო ამ ვითარებაში პატიოსანი კაცის, ერთგული მამულიშვილის ადგილი? როგორი იყო ამოსავალი კონცეფცია? რომელი ზნეობრივი პლატფორმიდან უნდა მომეხდინა აბსტრაგირება? დღე დღეს მისდევდა, თვე – თვეს და მე აკვიატებული ჰანგივით ვიმეორებდი ყველა მოსაზრებას, რაც კი ამის თაობაზე წამეკითხა, მსმენოდა თუ ნანახიდან გამომეტანა. ერთხელ დალაქის სავარძელში მთვლემარეს მეწვია აზრი, რომ საუკეთესო გამოსავალი სამსახურიდან გადადგომასა და მოვლენათა გარედან ჭვრეტაში იყო. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ სანამ განზე არ გავდგებოდი, ვერც მართებულ დასკვნებს მივაგნებდი, ვერც ღირსეული და მიზანშეწონილი ადგილის პოვნას მოვახერხებდი. ეს აზრი ფსიქიკაში ლურსმანივით ჩამერჭო და გადადგომის ყოველი გაფიქრება იმ ლურსმანს ჩაქუჩივით ურტყამდა. ბოლოს ის დღეც გათენდა, როცა გადადგომა გადაწყვეტილი მქონდა და აღარც დამიყოვნებია. ათას ცხრაას ოთხი წლის ადრე გაზაფხულზე მინისტრს გადადგომის პატაკი მივართვი და პასუხის მოლოდინში ბუსავით გავინაბე. ვითარების ლოგიკა მკარნახობდა, რომ ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებდნენ და, აი რატომ: დიდმა მთავარმა, თურმე, დაუფარავი საყვედურის ტონით ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრს, – ჩემი ნათლული ასე ადვილად როგორ გაიმეტეთო; მინისტრს უთქვამს, – სხვა გამოსავალი არ იყო, მაგრამ შევეცდები, არც მის მტრებს შევარჩინო რამეო. თუკი გადავდგებოდი, მინისტრს საშუალება მიეცემოდა დიდი მთავრისთვის ეთქვა: თქვენი ნათლულის დაბრუნება, მართალია, ვერ ხერხდება, მაგრამ დაპირება შევასრულე, გრაფი სეგედი სამსახურიდან გადადგაო.

ვერც სამსახურიდან გასვლის გადაწყვეტილებამ მომიტანა სიმშვიდე, ჩემს საფიქრალს ახალი საღელავიც დაემატა. გამიშვებდნენ თუ არა? მზადყოფნით თუ სინანულით? ღირსეულად თუ ვაშლის ნაღრღენივით გადამაგდებდნენ? ჩემი ხნის კაცს ცხოვრებისეული გამოცდილებით, ასაკობრივი სიბრძნით უნდა მეხელმძღვანელა, მაგრამ, არ დავმალავ, სული მიცმუტავდა. ფრიად გავრცელებული და, თითქმის, საყოველთაო თვისებაა, რომ ადამიანს თუ გულზე რაიმე სადარდებელი აწევს, მაშინ თავის საწუხარზე სხვებთან საუბრის მოთხოვნილებაც აწვალებს – უპირატესად ჭკვიან, საქმეში ჩახედულ კაცებთან საუბრისა. ჩემს წრეში ამ თემაზე თანამოსაუბრე არავინ მყავდა, თუ ზარანდიას არ მივიღებთ მხედველობაში, და, ღმერთმა ხომ იცის, იმ საწუხარზე სჯა–ბაასის როგორი ჭიაც მეჯდა; ვიხელთებდი თუ არა განმარტოებას – ფიქრი დამრევდა ხელს, უნებლიეთ მეხსიერებაში ვიქექებოდი, ისეთ კაცს დავეძებდი, რომელთანაც ორიოდ სიტყვის თქმა და მოსმენა შეიძლებოდა. ერთი ასეთი დაფიქრების დროს სანდრო კარიძის ფიგურა ამოტივტივდა. ლანდს ხელი ავუქნიე, უცნობ კაცთან ესოდენ საკუთარ ტკივილებზე რამ უნდა მასაუბროს–მეთქი, მაგრამ იქვე გაეიფიქრე, რომ ისეთ ადამიანთან, როგორადაც მე სანდრო კარიძე მყავდა წარმოდგენილი, სიამოვნებით გავატარებდი, ვთქვათ, ერთ ან ორ საღამოს. გავიდა ცოტა ხანი, ლანდი კვლავ გამომეცხადა, ისევ უკუვაგდე მასთან ურთიერთობის აღდგენის იდეა და აქ უნებლიეთ დავიწყე იმის გახსენება, თუ სად არიან ან რას აკეთებენ დათა თუთაშხიას და ქალბატონ ნანოს გარშემო ერთ დროს შემოკრებილი ადამიანები. ყველა სათითაოდ მოვიგონე. გამოირკვა, რომ ჩემს საფიქრალს არც ერთი მათგანი არ სჭირდებოდა და, მაინც, ანაზდად, ჩემთვისვე მოულოდნელად თანაშემწეს ვუხმე, სანდრო კარიძის ადგილსამყოფლის დადგენა ვუბრძანე; უკვე გადიოდა და მივაძახე, – მისი დოსიეც მომიტანეთ–მეთქი.

ერთი საათის შემდეგ ვიცოდი, რომ სანდრო კარიძე – თავის ერისა და დროის ერთ–ერთი უგანათლებულესი კაცი – ყოველდღიურ ამაოებას გასცლოდა და შიომღვიმის მონასტერში აღკვეცილიყო. იქ მას სრულიად არაფერი ევალებოდა. პირიქით, მიჩენილი ჰყავდა მორჩილი, რომელიც მისი პირადი მდივნის როლს ასრულებდა და სამეურნეო სამსახურსაც უწევდა. სანდრო კარიძეს თავის ბიბლიოთეკა მონასტერში გადაეტანა – კითხულობდა, წერდა. რას წერდა? ესეც ცნობილი იყო: სოციალურ–პოლიტიკური ხასიათის ტრაქტატებს და არა თეოლოგიურ ესეებს იმაზე, თუ ნემსის ყუნწში ერთდროულად რამდენი ეშმაკი გაეტეოდა აი, მისი ტრაქტატების სათაურებიც:

“ადამიანი, მისი დანიშნულება”, “ისტორია და ზნეობა”, “პიროვნება, ერი, კაცობრიობა”, “მოქალაქე და სახელმწიფო”, “პოლიტიკოსები და ხალხები” და სხვა. დოსიე შეიცავდა ჩვენი აგენტის დასკვნასაც: “ბ–ნი კარიძის ნაწერები ძირს უთხრის ქრისტიანულ სარწმუნოებას და არსებული წყობილების წინააღმდეგ არის მიმართული”. იყო ყოველივე ამაში ღიმილის მომგვრელი რაღაც, ვინაიდან, დოსიეს მიხედვით, თავისი მოქალაქეობრივი ცხოვრება სანდრო კარიძეს უკიდურესი მონარქისტობით დაუწყია. რას იქმს კაცი, აქაც იგივე მომხდარა: Mutantur tempora et nos mutantur in ilis. (დრონი ცვალებადობენ და, მათთან ერთად ჩვენც ვიცვლებით (ლათ.))

უკვე წაკითხული ხომ საინტერესო იყო, მაგრამ სანდრო კარიძის ურთიერთობების თაობაზე შეკრებილ ინფორმაციას როცა გავეცანი – სუნთქვა შემეკრა! რამდენიმე აგენტურული დასმენის ერთად გაანალიზების შედეგად ასეთი რამ გამოდიოდა: კარიძესთან ოთხჯერ იყო ნამყოფი კაცი, რომლის გარეგნობა, საქციელი, მეგრული კილო და აღწერილობის სხვა დეტალები უზუსტესად ხატავდა ბატონ დათა თუთაშხიას... ან ბატონ მუშნი ზარანდიას!..

დასწყევლოს ღმერთმა, ეს სპირიტიზმს ჰგავდა იმ განსხვავებით, რომ სული სააქაოდან, სინამდვილიდან გამოვიწვიე. მე რომ სანდრო კარიძეს ვნახავდი, ეს, თითქოს, იქვე და მაშინვე გადავწყვიტე, მაგრამ ჯერ ყოყმანმა და შემდეგ თვით შეხვედრის ხერხების შერჩევა–დაგეგმვამ კარგა ხანი მოითხოვა. შეხვედრას შემთხვევის ხასიათი უნდა ჰქონოდა. ამისთვის სანდრო კარიძის დღის წესრიგი იყო შესასწავლი, ანუ მონასტრიდან გამოსვლების მიმდევრობა, მისვლის ადგილები და სხვაც ბევრი რამ. ამ მზადებას ერთი თავისებურებაც ჰქონდა – კარიძესთან ჩემი შეხვედრა ზარანდიას არ უნდა სცოდნოდა, ყოველ შემთხვევაში, შეხვედრამდე მაინც. ეს ასე აიხსნებოდა: ერთი, რომ პირადი მოტივები მამოძრავებდა და ზარანდიას, ანუ სამსახურს, ამაში არაფერი ესაქმებოდა; მეორე: ის ეჭვის აღმძვრელი კაცი რომელიც კარიძესთან ოთხგზის იყო, თუ დათა თუთაშხია აღმოჩნდებოდა, მე, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი, ისიც მენახა, მაგრამ სასაუბროდ და არა სამსახურებრივ მოვალეობათა აღსასრულებლად. ესე იგი, ზარანდიას ჩარევა ჩემთვის არც აქ იყო სასურველი. ვერც იმას გამოვრიცხავდი, რომ კარიძესთან მარტო თუთაშხია როდი დადიოდა. იქნებ ზარანდიაც?! ხომ შეიძლებოდა, აგენტს ერთ და იგივე პირად მიეჩნია ტყუპებივით დამგვანებული ბიძაშვილ–მამიდაშვილი, მით უმეტეს, რომ კარიძესთან არც თუთაშხია მივიდოდა ორ–ორი მაუზრით და არც ზარანდია – ეპოლეტებით; დაახლოებით ერთნაირად იქნებოდნენ ჩაცმული.

დიდი სიფრთხილე და გამჭრიახობა მმართებდა კიდევ იმიტომ, რომ კარიძეზე მიჩენილ აგენტს შეეძლო, თავისი გადამბირებლისთვის ჩემი მისვლის ფაქტიც ეცნობებინა. პირველი შეხვედრა მონასტრის გარეთ, სადმე გზაზე ან რკინიგზის სადგურზე უნდა მომხდარიყო და სასურველი იყო – პირისპირ, ისე, რომ კარიძის მორჩილიც კი არ დაგვსწრებოდა. ერთი სიტყვით, გეგმის მონახაზი უკვე მქონდა და მოქმედება, ცხადია, იმით დავიწყე, რომ გავიგე, სახელდობრ, ვისთვის მუშაობდა კარიძეზე მიჩენილი აგენტი.

ზარანდიასთვის!

ყველაფერი ყირამალა დადგა. გავიფიქრე, რომ ზარანდიას ფიგურა, აი, უკვე რამდენი წელიწადია, აჩრდილივით მდევდა და შეეძლო, შიზოიდური მოვლენები აღეძრა ჩემს ფსიქიკაში. ეგ არის, მაგარი ნერვები მქონდა და ვთვლიდი, რომ ცხოვრება სწორედ მოულოდნელობებისგან შედგება.

ასე იყო თუ ისე, იმის მეტი არა მრჩებოდა რა, რომ ან განზრახვაზე ხელი ამეღო, ან ზარანდიას შესაძლებლობებით მესარგებლა. ამ არჩევანსაც კარგა ხანი მოვანდომე. ბოლოს, გადავწყვიტე, ჯერ თვით ზარანდიას გამოვლაპარაკებოდი და როცა პირისპირ დავრჩით, ვკითხე:

– მუშნი, სად არის ცენზურის ყოფილი მოხელე, ბატონ დათა თუთაშხიას მეგობარი – სანდრო კარიძე?

– შიომღვიმის მონასტერში, თქვენო ბრწყინვალებამ, ბერად შედგა. – ღიმილით მითხრა ზარანდიამ.

– მეც ასე ვიცი. როგორ გგონიათ, რამ გამოიწვია ეგ მეტამორფოზა?.. ამბობენ, სისხლითა და ხორცით ერისკაციაო.

– ყველაფერი ცნობილია, გრაფ, კარიძესთან ორი აგენტი მუშაობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ასე რომ, ცნობების შემოწმების საშუალებაც კი გვაქვს. პოლიტიკურ ტრაქტატებს წერს და ქრისტიანული სარწმუნოების რეფორმაციის თეორიულ საფუძვლებს ქმნის. ყოველ შემთხვევაში, ასე უწოდებს ჩვენი ერთ–ერთი აგენტი კარიძის საქმიანობასა და ნაწერებს. მონასტერსაც, ალბათ, ამისთვის მიაშურა, მაგრამ, მგონი, ოჯახურ განხეთქილებასაც უნდა ეთამაშა გარკვეული როლი. ბერებს კარიძე არ უყვართ, ზურგს უკან წურბელასა და მუქთამჭამელს ეძახიან. სამაგიეროდ, წინამძღვარი მფარველობს, თანამოაზრეები არიან, ყოველმხრივ უწყობს ხელს.

– რატომ დაინტერესდით კარიძეთი?

– შტაბსკაპიტანი ლიამინი დაინტერესდა. სურდა გაეგო, რას აკეთებს კარიძე მონასტერში. მკითხა, იქ აგენტი ხომ არ გყავსო. არ მყავდა, მაგრამ მე უფრო მიმიწვდებოდა ხელი და გავიჩინე კიდეც, ჯერ ერთი აგენტი და მერე – მეორე. ლიამინისთვის საინტერესო საკითხის მოკვლევაში კი შემთხვევით ისიც დადგინდა, რომ კარიძეს დათა თუთაშხიასთან კავშირი არ გაუწყვეტია.

– თქვენ დარწმუნებული ხართ, მუშნი, რომ ის ოთხჯერ მისული კაცი დათა თუთაშხიაა?

ზარანდიამ გაიცინა და მითხრა:

– ოთხგზის ნამყოფობას დოსიე შეიცავს, თქვენო ბრწყინვალებავ, ისე კი... ისე, იქამდეც დადიოდა, სანამ ჩვენმა აგენტებმა მუშაობა დაიწყეს. დოსიეში ხსენებული ოთხი მოსვლიდან ორი დათა თუთაშხიასია და ორი ჩემი. პირველად იმისთვის მივედი, რომ სანდრო კარიძეს გავსაუბრებოდი და დათა თუთაშხიასთან შუამავლობა მეთხოვა. მეორედ მივედი, რომ გამეგო, თანახმა იყო თუ არა შეხვედრაზე დათა თუთაშხია.

– თანახმაა?

– არა, თქვენო ბრწყინვალებავ.

– რატომ?

– რაც უნდა მელაპარაკო, ვიციო, და თუ შენი ნახვა მომენატრა, გიპოვი როგორმეო! – ზარანდიამ გადაიხარხარა.

– მე კარიძის ნახვა და მასთან საუბარი მაინტერესებს.

მუშნი ზარანდია დაფიქრდა ისევ გაიცინა და მითხრა:

– შევუთვლი, გრაფ. დათანხმდება. ოღონდ ერთი პირობით, მეც წამიყვანეთ.

– სიამოვნებით! – უყოყმანოდ დავყევი.

ის შეხვედრა სხალტბაში მოხდა და შემდგომში ჩვენი დაახლოება გამოიწვია. უკვე პირველი შეხვედრის დროს გადამდგარი ვიყავი. მერე არმაზში აგარაკი ვიყიდე, უმეტესად იქ ვცხოვრობდი. არმაზიდან შიომღვიმის მონასტრამდე შვიდი, რვა ვერსია და ამ გარემოებამ მე და სანდრო კარიძე უფრო დაგვაახლოვა. თვე არ გავიდოდა, რომ ერთმანეთს რამდენჯერმე არ შევხვედროდით. ჯერ – პირველი შეხვედრა.

სხალტბა შიომღვიმის ქარაფებს ზემოდან არის. პირობისამებრ, მამასახლისთან მივედით. ოროთახიანი პატარა სახლი ედგა.

– მასპინძელო! – დაიძახა ზარანდიამ

მამასახლისის ეზოს საკმაოდ მაღალი ტყრუშული ერტყა, მაგრამ უნაგირის სიმაღლიდან ყველაფერი ჩანდა. ბაღის ბოლოში, მხარმარჯვნივ, ტოტებგაბარდულ–გადახლართული, სწორედ ქოლგასავით გაშლილი პანტა იდგა. პანტის ძირში სკამ–მაგიდა იყო გამართული. ორნი ისხდნენ: ერთი თავად მამასახლისი გახლდათ – ზარანდიას ძახილზე უმალ ჭიშკრისკენ გამოსწია. მეორე ბერი იყო, სანდრო კარიძის მეტი ვინ იქნებოდა.

მამასახლისი ქარცი კაცი აღმოჩნდა, მოჭუტული თვალებით იყურებოდა, თეთრ წამწამებს აფახურებდა. ჩამოვხტით, ეზოში შევედით. ცხენები მამასახლისის ბიჭმა წაიყვანა. თვით მასპინძელი პანტისკენ გაგვიძღვა. კაი ასი ნაბიჯი იყო გასავლელი.

ერთმანეთს ერისკაცურად მივესალმეთ. სანდრო კარიძეს მცირედი მღელვარება ემჩნეოდა. ალბათ, ჩემი ნახვის გამო. ასეთი თანამდებობის პირის სტუმრობას, თავისთავად ცხადია, მის გუნება–განწყობილებაში გარკვეული აღრევა უნდა გამოეწვია. დავსხედით. პატარა ხანს სიჩუმე იყო, უხერხული და მოუხეშავი. ჯერ მამასახლისი დაფაცურდა – ღვინო დაგვისხა, საჭმელები შემოგვთავაზა, არ მოგვეშვა, სანამ დანა–ჩანგალი არ ავიღეთ. მერე სანდრო კარიძემ ფერდობებზე აბიბინებულ ყანებს გახედა, მოსავალზე დაიწყო ლაპარაკი. დაწვრილებით უბნობდა. ესმოდა, რომ სიცარიელეს შევსება ესაჭიროებოდა.

კარიძე ლაპარაკობდა. გამიელვა, – კარგი იქნებოდა, შემთხვევით დათა თუთაშხიაც რომ მოსულიყო–მეთქი, ბიძაშვილ–მამიდაშვილის... არა, სახელდობრ, მუშნი ზარანდიას და დათა თუთაშხიას შეხვედრა მაინტერესებდა, პირდაპირ, ცნობისმოყვარეობა მკლავდა. ერთხელ უკვე ვთქვი, ზარანდიას თავდადებული სიყვარულით უყვარდა დათა თუთაშხია, ალალ ძმად თვლიდა და ტრაგიკულად განიცდიდა მის ახირებულ ცხოვრებას–მეთქი. ეს ის გამოვლინება იყო, რითაც ზარანდიას არსებაში ჩვეულებრივი ადამიანი ხორციელდებოდა, მაგრამ იქვე განცალკევებულად ცოცხლობდა, დამოუკიდებლად მოქმედებდა საკუთარი რწმენებიდან გამომდინარე ვალდებულების, პასუხისმგებლობის გრძნობა, მავანი ადამიანის მიმართ დაგუბებული სიძულვილი და ღვარძლი კი არა – როგორიღაც კონკრეტული დემონი, რომელსაც “სხვარიგად არ ძალედვა”. იგი გასაოცარი დაჟინებით, აზარტითა და სამკვდროდ ებრძოდა დათა თუთაშხიას... არა! ფენომენს რომელიც დათა თუთაშხიას სახით არსებობდა. ადამიანური და დემონური ეს ორი საწყისი პარალელურად მოქმედებდა და სულის გაორებას კი არ ქმნიდა, არამედ მუშნი ზარანდიას ერთობ თავისებური ნატურის მთლიანობის შედეგი იყო.

მამასახლისმა საქმე მოიმიზეზა, ბოდიში მოგვიხადა და წავიდა. სანდრო კარიძემ ან ყველაფერი თქვა, მოსავალზე თუკი რამ გაეგებოდა, ან მიიჩნია, რომ ახლა სხვისთვის უნდა მიეცა ლაპარაკის საშუალება, და დადუმდა. ჩვენც ვდუმდით. მერე ვიგრძენი, რაღაც უნდა მეთქვა და ვთქვი:

– ამ ტყეებში ნადირი თუ იცის?

– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, თოფის ხმა ხშირად ისმის, ნადირობენ, – მაცნობა კარიძემ.

ზარანდიამ ტყეებს გახედა გაიცინა და თქვა:

– სულ ადვილი შესაძლებელია, რომ დათა თუთაშხია მანდ სადმე ხეზეა გასული და დურბინდით გვზვერავს...

მეც გამეცინა, მაგრამ კარიძის მოღუშული სახე, ზარანდიაზე მიბჯენილი გულმოსული თვალები შევნიშნე და უნებლიეთ გავფაციცდი.

– თუ ხუმრობით ბრძანეთ, ბატონო ზარანდია, – მიმართა კარიძემ, – შევნიშნავ, უადგილო ხუმრობაა. თუ სერიოზულად არის ნათქვამი – მკრეხელობაა!

ჩანს, არც მე და არც მუშნი ზარანდია არ ვიყავით მზად იმისათვის, რომ სანდრო კარიძე მკაცრი სულიერი მამის როლში მოგვვლენოდა, და დავიბენით.

– დათა თუთაშხია იმდენად გამჭრიახი და ფხიზელი კაცია, რომ შეუძლებელია, ჩვენს დროში – ამ პიროვნული და საყოველთაო სულმოკლეობის პირობებში, – საერთოდ, ვინმეს და, სახელდობრ, თქვენ, გულწრფელად გენდობოდეთ, – დასძინა კარიძემ და ეს, ცხადია, ჩვენ ორს გვეხებოდა. – ამასთან, იმდენად სულგრძელიც არის, რომ, სახელდობრ, თქვენდამი უნდობლობის გამჟღავნებას თავის თავსაც კი არ აკადრებს გამჟღავნებას–მეთქი!

– უნდა გაცნობოთ, ბატონო სანდრო, – მივმართე მე, – რომ ჩვენ ორივენი ზუსტად მაგ აზრისანი ვართ.

სიჩუმე ჩამოვარდა, საკმაოდ უხერხული და ხანგრძლივი. დაძაბულობის განმუხტვა იყო საჭირო და კარიძეს მივმართე:

– თემას ოდნავ გადავუხვევ და შეგეკითხებით: ჩვენს დროში, ანუ, როგორც თქვენ ბრძანეთ, პიროვნული და საყოველთაო სულმოკლეობის პირობებში, დათა თუთაშხიას კეთილშობილება და სულგრძელობა ანაქრონიზმად არ მიგაჩნიათ?

– ჰმ, ანაქრონიზმად? – ჩაიქირქილა კარიძემ, ერთხანს ჩუმად იყო და მკითხა: – რას იტყვით გრაფ, ნოეს დროს ბოთლი და საცობი არსებობდა?

ვერ მივხვდი, რისთვის დამისვა ეს საოცარი კითხვა და გაცინებით ვუშველე თავს.

მუშნიმ შემაშველა:

– ღვინო ნოეს დროსაც იყო, ბატონო სანდრო. ცხადია, საცობიანი ჭურჭლეულიც იქნებოდა.

– იქნებოდა, მართალია... – თავისთვის დაადასტურა კარიძემ. – მაშინ, აი, როგორ მოხდებოდა ეს საქმე: კიდობანში თავისუფალი ადგილი რომ აღარ აღმოაჩნდა, ნოემ დათა თუთაშხია დააპატარავა, ბოთლში ჩასვა, საცობი დაუცო და წყალში გადააგდო, რომ წარღვნის შემდეგ სადმე გარიყულიყო და ხელმეორე ცხოვრება დაეწყო. ღმერთმა ნოეს ხელით კაცობრიული სულგრძელობა, მაღალი ზნეობა გადაარჩინა!

– თქვენ, ბატონო სანდრო, ღმერთისაგან განსხვავებით, ფრიად აღმატებული აზრი გქონიათ ნოეს დროინდელი საზოგადოების ზნეობრივ დონეზე, – სიცილით შენიშნა მუშნი ზარანდიამ. – წერილ არს, წარღვნა კაცთა უკეთურობისა გამო მოუვლინა ღმერთმა დედამიწას!

– დათა თუთაშხია ნოეს დროინდელი ზნეობის დონეზე რომ მდგარიყო, ღმერთი მას დანარჩენი კაცობრიობის ხვედრს მიაგებდა. იგი მაშინაც ანაქრონიზმს წარმოადგენდა, მაგრამ მარადის საჭიროს და აუცილებელს.

– თქვენ იმის თქმა გსურთ, რომ ყველაფერი წარმავალია და მხოლოდ მაღალი ზნეობაა მარადისი? – ვკითხე კარიძეს.

– დიახ, მიუხედავად იმისა, აღზევებულია ზნეობა, თუ იმდენად დათრგუნვილი, როცა თითო–ოროლა პიროვნების კუთვნილებასღა შეადგენს – იგი მაინც მარად არის. სხვა დანარჩენი – ხან არის! ხან არა. რამდენჯერაც უნდა გაირყვნას და დაეცეს კაცთა მოდგმა, რამდენჯერაც უნდა გაიმეტონ მოსაშთობად ღმერთებმა იგი, იმდენჯერ გადაარჩენს განგება დათა თუთაშხიას, როგორც კვეთსა და მაწვნის დედას. თქვენი პრაქტიკაც ხომ არ ადასტურებს ჩემს მოსაზრებას? იმას ვგულისხმობ, რომ დღემდე ვერაფრით მოგიხელთებიათ.

– თქვენ მისტიკოსი ყოფილხართ, ბატონო სანდრო. – შევნიშნე მე. – ამჟამად მთელი მსოფლიო ახალ წარღვნაზე ლაპარაკობს! სულის კაწკაწით ელის გლობალურ კატაკლიზმებს. გამოდის, რომ დათა თუთაშხიას ხელმეორედ ჩააბრუნებენ ბოთლში?

ვიხუმრე, მაგრამ ჩემი ხუმრობა იმის მინიშნებასაც შეიცავდა, რომ სანდრო კარიძის ნაწერებში არსებული რევოლუციის წინასწარმეტყველება ჩვენთვის ცნობილი იყო.

– წარღვნა კარზეა მომდგარი. ამაში ძველის განადგურება და ახლის წარმოქმნა იგულისხმება, – მითხრა კარიძემ. – რაიმე სახით ნოეც იქნება და კიდობანიც, როგორც ანალოგიური მოვლენების აუცილებელი თანმხლები. არც დათა თუთაშხია დარჩება ბოთლშიჩაუსმელი, ესეც აუცილებელი ატრიბუტია.

– ბატონო სანდრო, მაგ თემაზე დათასთან თუ გისაუბრიათ? – ჰკითხა ზარანდიამ.

– მრავალგზის, როგორც სიტყვას მოყოლილ სალაპარაკოზე. რატომ გაინტერესებთ?

– იმიტომ, რომ ნოე ვარ! ცალ ხელში ბოთლი მიჭირავს მეორეში – საცობი. აგერ, მესამე წელიწადია დავდევ საკუთარ ბიძაშვილს, ვცდილობ, დაპატარავებაზე და ბოთლში ჩაჯდომაზე დავიყოლიო.

ჯერჯერობით არაფერი გამოდის.

სანდრო კარიძემ პატარა ხნის ფიქრის შემდეგ სერიოზული ტონით თქვა:

– ვიცი მე ეგ. იქნებ, მართლაც, ნოე ხართ?!

ბოთლისა და საცობის თემა ამოიწურა. კარგა ხანს უმნიშვნელო დიალოგი გვქონდა – ამ მთისა და იმ მთის. ტრაპეზს მოვრჩით, ბაღვენახი და მარან–საწნახელიც დავათვალიერეთ, ისევ მაგიდას მივუსხედით და სანდრო კარიძემ წამოიწყო:

– აი, თქვენო ბრწყინვალებავ, ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი ბრძანდებით...

– აღარ ვარ, ბატონო სანდრო... უკეთ რომ ვთქვათ, ერთი კვირის ან ათი დღის შემდეგ აღარ ვიქნები! – სიტყვა ჩამოვართვი.

ზარანდიაცა და კარიძეც, თითქმის, პირდაღებულები შემომცქეროდნენ.

– ამ თვე–ნახევრის წინ გადადგომა მოვითხოვე, გუშინწინ დასტური მივიღე. ჩამოვლენ, ბრძანებას ჩამოიტანენ, ახალ მესვეურს მოიყვანენ. საქმეებს გადავაბარებ და თავისუფალი კაცი ვარ, – განვმარტე მე. – კმარა!

– შეუძლებელია! – ამოღერღა ზარანდიამ. – მინისტრი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო... ჩემი ყურით მოვისმინე.

– ალბათ, დიდმა მთავარმა დამიჭირა მხარი, – ღიმილით მივუგე.

– ააა! – აღმოხდა ზარანდიას, ფიქრებს მიეცა და კარგა ხანს აღარ ამოუღია ხმა.

კარიძემ განცვიფრებას თავი დააღწია, შეიშმუშნა და დაწყებული საუბარი განაგრძო:

– აი, თქვენო ბრწყინვალებავ, რუსი მამულიშვილი, დახვეწილი ინტელიგენტი, ტახტისა და არსებული წყობილების უერთგულესი ქვეშევრდომი ბრძანდებით... მოაზროვნე, მოფიქრალი კაცი. ძალიან მაინტერესებს... რა ვიცი, იქნებ უხერხულიც იყოს...

– ბრძანეთ, ბრძანეთ.

კარიძე შეყოვნდა. ალბათ, კითხვის ჩამოყალიბებას მოანდომა დრო.

– რის აღმოცენებას ისურვებდით რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე? – ისე მკითხა, ვითომ, თავზე ხელი აიღო.

გამეცინა: მე ხომ ჯერ კიდევ ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი ვიყავი?!

– სრულიად რუსეთის სახელმწიფოს აღმოცენებას!

– მძიმე პრობლემაა, მაგრამ, პირადად მე, მგონია, რომ სწორედ ეგრეც მოხდება.

– პოლიტიკურ მიმდინარეობათა უმრავლესობა ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას, იმპერიის დანაწევრებას ითვალისწინებს.

– ის პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, რომელიც რუსეთის იმპერიის ხალხებისთვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭების გზით შეინარჩუნებს სახელმწიფოს მთლიანობას. – აღნიშნა კარიძემ.

– თვითგამორკვევის უფლება ეროვნულ დამოუკიდებლობას ნიშნავს, ხოლო რუსეთის იმპერიის ხალხთა ეროვნული დამოუკიდებლობა – იმპერიის დაშლას შემადგენელ ნაწილებად. ასეთ ვითარებაში სრულიად რუსეთის მთლიანი სახელმწიფოსთვის მხოლოდ ოცნებაში რჩება ადგილი.

– არა! – კარიძემ თავისი ბანჯგვლიანი თავ–პირი გაბრაზებულივით გაიქნ–გამოიქნია. – ამა თუ იმ ერისთვის დამოუკიდებლობა საჭიროა იმდენად, რამდენადაც მისი ეროვნული, მოქალაქეობრივი და კულტურულ–ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა საჭირო და აუცილებელი. ახლა, წარმოვიდგინოთ პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალი სრულიად რუსეთის სახელმწიფოს დროშის ქვეშ რუსეთის იმპერიის ჩაგრული ხალხებისთვის მათი ეროვნული, მოქალაქეობრივი და კულტურულ–ვკონომიკური ინტერესების სრული დაკმაყოფილების გარანტიებს შექმნის. ვიღას და რაღად ენდომება დამოუკიდებლობა?

– თქვენ, ბატონო სანდრო, არ გნებავთ, ანგარიში გაუწიოთ რუსეთის იმპერიის ხალხებში ფესვგადგმულ სეპარატისტულ, ცენტრიდანულ განწყობილეგებს. ეს ობიექტურად არსებობს.

– ეგ განწყობილებები ეროვნული ბურჟუაზიისა და გაკოტრებული არისტოკრატიის კუთვნილებაა და არა მასებისა, რომელთაც ისტორიულმა ვითარებამ, განვითარების მსვლელობამ გადამწყვეტი ძალის როლი არგუნა. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე ჰკიდია, შეძლებს თუ არა რუსეთის პოლიტიკური აზროვნება ხალხთა თანაარსებობის ისეთი მოდუსის შემოთავაზეგას, როდესაც განთავისუფლებული ერები სახელმწიფოს მთლიანობის შენარჩუნებას ამჯობინებენ!

– გეგულებათ დღევანდელ რუსეთმი ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სახელმწიფოს მთლიანობის შენარჩუნება ძალედვას?

– თქვენ, გრაფ, Index librorum prohibitorum (აკრძალული წიგნების ნუსხა (ლათ.))–ში შეტანილი ლიტერატურით არ სარგებლობთ?

– ვსარგებლობ. სამსახურებრივად მოვალე ვარ. ყველაფერს ვიცნობ... ფუნდამენტურად არა, რა თქმა უნდა.

– სოციალ–დემოკრატების, უფრო ზუსტად – ბოლშევიკების პროგრამაც იცით?

– ულიანოვის ფრთას გულისხმობთ?

– დიახ.

– ბოლშევიკების პოლიტიკური დოქტრინები... ისინი მზად არ არიან ამ პრობლემის გადაჭრისთვის. – ვთქვი მე.

– ჭეშმარიტებას ბრძანებთ, ჯერჯერობით არ არიან მზად, მაგრამ მანდეთ მიდიან. მათ კიდევ ათი წელიწადი ან რაღაც, დაახლოებით, ამდენი დრო აქვთ, მაგრამ არა უმეტესი. მთავარი აქ ის გახლავთ, რომ მხოლოდ ამ პარტიას ესმის: სრულიად რუსეთის ახალი მთლიანი სახელმწიფოს შექმნა რუსეთის იმპერიის ხალხთა ეროვნული, მოქალაქეობრივი და კულტურულ–ეკონომიკური მოთხოვნილებების მაქსიმალურად შესაძლებელ დაკმაყოფილებაზე გადის. სხვაგვარად ეს მიზანი განუხორციელებელი დარჩება.

– პოლიტიკოსები დაპირებებს არასოდეს იშურებდნენ, – ხმა ამოიღო მუშნი ზარანდიამ.

– ბოლშევიკი ხართ? – სიცილით ვკითხე კარიძეს.

– არა. – ისევ გაბრაზებულივით გაიქნია ბანჯგვლიანი თავ–პირი კარიძემ.

– საერთოდ უპარტიო ხართ თუ ჩემსავით ერთკაციანი პარტიის ერთადერთი წევრი? – თითქოს სერიოზულად ჰკითხა მუშნიმ.

კარიძემ ეჭვით გადმოხედა, ხომ არ მამასხარავებსო, და მიუგო:

– პარტია კონკრეტულობაა!

– ზოგადი მოძღვრება გაქვთ? – მუშნი ზარანდიამ ინტონაციით გაამჟღავნა, რომ ხუმრობის გუნებაზე დადგა.

– შეხედულებების სისტემა, მომავალი მოძღვრების საფუძვლები! – კვლავინდებური სერიოზულობით მიუგო სანდრო კარიძემ.

– დევიზი?

– არ მესმის. – მომიბრუნდა კარიძე.

– სოციალ–დემოკრატების დევიზია – “ხალხი”. პირობითად ვამბობ. თქვენი შეხედულებების დევიზი როგორიღაა?

– “ერი!” – მეც პირობითად ვამბობ.

– რა განსხვავებაა – ხალხი, ერი?

– მაგ თემაზე სასაუბროდ მზად არ ვარ. თქვენის ნებართვით, ეგ როდისმე მერე იყოს, თუკი მერე შეხვედრაც გვიწერია.

ბინდი დაიძრა და სანდრო კარიძემ, ალბათ, ამაზე მიგვითითა. ისიც შესაძლებელია, რომ დაიღალა ან მუშნი ზარანდიას ხუმრობა ლაზღანდარობად მიიღო და ეწყინა. ასე იყო თუ ისე, კიდევ თხუთმეტიოდე წუთი უქმ ლაპარაკში გავატარეთ და დავიშალეთ. მინდოდა, პაემანი დამენიშნა, მაგრამ რაღაცამ შემიშალა ხელი – იქნებ იმან, რომ იმდღევანდელ საუბარს ჩვენი საამისო დაახლოება არ მოუტანია.

 

Hosted by uCoz