დიმიტრი კოდაშვილი

 

სრულიად ახალგაზრდა კაცმა, უწმინდესი და უმართებულესი სინოდის წარგზავნით, კავკასიონის ფერდობებს მიკრულ სოფელში დავიწყე ღმრთის მსახურება. იმ სოფელში მეგრელი მეჯოგეები ცხოვრობენ და ლუწი ჰქვია.

იქაური მკვიდრნი რწმენასა შინა სიმტკიცეს ნაკლულ არიან. იმძლავრა ეშმაკმა და ჩემი მსახურების პირველსავე წელიწადს ლუწში საზარელი ცოდვა დატრიალდა: თოდუების ოჯახი – დედა და ოთხი ვაჟიშვილი – ერთ ღამეს ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ დოროთე თოდუა, ოჯახის მამა. დოროთე მთებში ჯოგს აძოვებდა. ბოქაულმა მაცნობა, რომ იმ ბოროტების ჩამდენი, ღმერთისა და მეფის ურჩი, აბრაგი და მკვლელი, დათა თუთაშხია იყო. ყაჩაღი მრევლის წინაშე დავწყევლე და შევაჩვენე.

ლუწის ზემოთ საძოვრებიანი მთები და მეჯოგეების კარვებია. მეჯოგეთა კარვები ხშირად აბრაგების თავშესაფარიც არის. დათა თუთაშხია კარვებში ყოველ ზაფხულს ადიოდა, გზადაგზა ლუწში ვინმესთან სტუმრობდა. როდესაც ცნობილი გახდა, რომ თოდუები დათა თუთაშხიამ ამოწყვიტა, მრევლში ჩოჩქოლი და მითქმა–მოთქმა ატყდა. იასონ ქარჩავამ, სოფლის თავკაცთაგანმა, აბრაგს ხალხის სახელით განუცხადა, ნუღარც ვისმე გვესტუმრები და ნუღარც ჩვენს სოფელზე გამოივლიო. თუთაშხიამ მიზეზი მშვიდად მოისმინა, კადნიერად თქვა, მე მაგისთანების ჩამდენი არა ვარო, და თავის გზაზე გასწია. სტუმრად აღარავისთან მისულა, მაგრამ სოფელზე სიარულს არ იშლიდა და, ვითომც არაფერიაო, გზად შემოყრილ გამვლელ–გამომვლელს, ჩემს გარდა, ყველას ესალმებოდა. სალამზე ზოგს წლების მანძილზე არ უპასუხია – დათა თუთაშხია მოკვეთილი იყო და მთავრობამაც ასე იცოდა.

მოძულებით მოიძულეს, მაგრამ ზოგიერთს გული ეთანაღრებოდა, ბოქაულის სიტყვა რა დასაჯერებელია, ვაითუ მართალი არ არის და ცოდვა ტყუილად შევწამეთო. ზურგს უკან მე მკიცხავდნენ. იმასაც მოვკარი ყური, რომ თუთაშხიას ჩემგან შეჩვენება გაეგო, შიში მქონდა, არაფერი დამმართოს–მეთქი.

დოროთე თოდუა მაგარი ბერიკაცი იყო, მაგრამ დარდმა და ცრემლმა მოტეხა. მალე იმდენად მოხუცდა, რომ ჯოგის მოვლა–პატრონობა ძალიან გაუჭირდა. ყოველ შემოდგომაზე ამბობდა, ჯოგს ბარში ჩავიყვან და გავყიდიო.

მეწველი თხა მყავდა, ერთთავად თავის ნებაზე დაეხეტებოდა. ერთ საღამოს შინ აღარ მობრუნდა. არც დილით გამოჩნდა. შუადღემდე ველოდე და საძებნელად წავედი.

ხევის გამოღმა ბილიკს მივყვებოდი. გაღმა, გზაზე, სამი მგზავრი დავინახე. დოროთე თოდუა მაშინვე ვიცანი; ზურგზე გუდა ეკიდა და დინჯად მოაბიჯებდა. ადრე გაზაფხული იდგა, იმ დროს ჯოგებს ჭალებიდან მთაში მოერეკებიან და დოროთე კი ცარიელი მოდიოდა.

ჯოგი გაუყიდია–მეთქი, გავიფიქრე და მის თანამგზავრებს დავაკვირდი. ერთს შავი ჩოხა ეცვა, იარაღი ჰქონდა ასხმული. უნაგირზე ნაბადგადადებული ლაფშა წინ მოუძღოდა. დათა თუთაშხია ვიცანი და ის გამიკვირდა, რომ დოროთე თოდუასთან ერთად მოდიოდა, თორემ გათავხედებული რომ იყო და არაფრისა ეშინოდა, ეს ისეც ვიცოდი. მეორე აქაურს არ ჰგავდა. თუთაშხიას დანახვა არ მიამა. არ შემომეყაროს, ჯობია, გავეცალო–მეთქი.

ბილიკმა მარჯვნივ გადაუხვია– ჩემი თხა ამ ხევში მეგულებოდა და მეც გადავუხვიე. ხევი ციცაბო, ძნელი ასასვლელი იყო; დაღმართებს შევუდექი. ხევის ათავებას კარგა ხანი მოვანდომე, ძალზე დავიღალე და თხა კი არსად ჩანდა. თხემზე უზარმაზარი რცხილა იდგა, სამი ვაჟკაცი ვერ შემოსწვდებოდა. სუროთი იყო რცხილა გაბარდული. იმ ხიდან, ჩემი ვარაუდით, ბუჩქნარიანი ფერდობები თვალსაწიერამდის გამოჩნდებოდა და თეთრი თხა ადვილი დასანახი იქნებოდა.

რცხილაზე ავედი, ფერდობები რიგიანად დავათვალიერე. არაფერი ჩანდა. ვიჯექი, ვისვენებდი, ბუჩქნარსა ვჩხიბავდი.

ცხენის ფლოქვის ხმა მომესმა.

მარჯვნივ, ათიოდე ნაბიჯზე, ძალზე ღრმა, ვიწრო და მშრალი ხრამი იყო. ქვევიდან მომავალი ბილიკი ხრამთან წყდებოდა. ხრამზე საცალფეხო მორი იყო გადებული. ხრამს აქეთ ისევ იწყებოდა ბილიკი და ტყე–ტყე ლუწისკენ მიიკლაკნებოდა.

ერიჰაა! – გავიფიქრე მე – ალბათ, შეისვენეს სადმე, თორემ, რაც მე იმ კლდე–ღრეში ვიხეტიალე, ესენი უკვე ლუწს იქით უნდა ყოფილიყვნენ გასული.

რცხილიდან ჩამოსვლა დავიწყე, ჩავხტი, აქაურობას გავერიდო–მეთქი, მაგრამ გვიანღა იყო და სუროში მივიმალე.

ჯერ დათა თუთაშხიას ლაფშა გამოჩნდა. საცალფეხოდ გადებულ მორთან დადგა, პატრონს მიხედა. თუთაშხია თავჩაღუნული მოაბიჯებდა. უკან დოროთე თოდუა კომბალს მოაბაკუნებდა. ბოლოში

უცნობი მოდიოდა. ოცდახუთი–ექვსი წლისა იქნებოდა. დაბალი, სქელი კაცი იყო.

ცხენმა პატრონს უყურა, ნიშანი ვერაფერი მიიღო, მორი ფეხაკრეფით გადმოიარა და ხრამს გამოღმა ხეების ჩრდილში ბალახის წიწკნას შეუდგა.

დათა თუთაშხია მორს მოადგა, გაჩერდა, თანამგზავრებს დაელოდა. დოროთე თოდუამ ზურგიდან გუდა მოიხსნა, თუთაშხიას მიაწოდა. აბრაგმა გამოართვა, მორი გადმოიარა, გუდა მიწაზე დადო. ქისა ამოიღო, ჩიბუხი გატენა. სანამ თუთაშხია აბედს კვესავდა, დოროთემ მორზე ფეხი შემოდგა, მაგრამ შეყოყმანდა, გადმოსვლა ვერ გაბედა ბერიკაცმა. მაშინ მორზე უცნობი შემოვიდა, მოხუცს ხელი

გაუწოდა, გადმოდი, ნუ გეშინიაო. მოხუცმა ხელი არ მისცა, კომბალი გამოუშვირა და დაიძრნენ. უცნობი ნელ–ნელა მოიწევდა – მოხუცი კომბალს მოსდევდა. უცნობმა მორი გადმოიარა, შუამდე მოსულ მოხუცს კომბალი გამოჰგლიჯა, მკერდში ატაკა.

დოროთე თოდუა ხრამში გადაიჩეხა. ქვებზე დავარდნილი სხეულის ყრუ ჩახანმა მოაწია.

თუთაშხია უმალ იქით მიბრუნდა.

მუხლებზე დაჩოქილი უცნობი ხრამში იყურებოდა. თუთაშხიამ ნაბიჯი წასდგა, სიღრმეში ჩაიხედა.

უცნობმა წამოიწია, თვალები მიაცეც–მოაცეცა და დოროთე თოდუას გუდას დააცხრა. ფაციფუცით გახსნა, მიწაზე წამოაპირქვავა, ვაცის ბუშტის ქისა იპოვნა, თასმით შეკრულ ნასკვს კბილები მიაშველა და წვალებით გახსნა.

ქისაში ფული იყო, ბევრი ფული.

თუთაშხიამ ფული რომ დაინახა, რაღაც ხმა აღმოხდა, ვერა გავიგე რა, გაკვირვებისა იყო, თუ სიხარულისა.

– ხომ ხედავ, რამდენია აქ?! – უცნობი ერთიანად ცახცახებდა, ფულები ხელიდან ხელში გადაჰქონდა, წონას უსინჯავდა. შემთხვევით თუთაშხიას თვალებს შეეფეთა და გაინაბა.

უცნობი მუხლებზე იდგა, ყბა ჩამოვარდნოდა, აბრაგს ფინია ძაღლივით აჰყურებდა. აბრაგი ხმას არ იღებდა, დასცქეროდა. მერე კბილებში გაჩრილი ჩიბუხი მოქაჩა, ბოლი გამოუშვა. უცნობმა აბრაგს თვალი აარიდა, ფულის გაყოფას შეუდგა. თვლა არ იცოდა, ორად ჰყოფდა.. ფულებს მარჯვნივ და მარცხნივ ალაგებდა.

– ნახევარი შენ ნახევარი მე... ბევრია აქ! – მოკრძალებით უთხრა უცნობმა თუთაშხიას და ისევ მის თვალებს შეეფეთა.

შეეფეთა და გაშრა.

– გავიყოთ... – უცნობი დაბნეული, წამხდარი იყო. – შენ დათა არ ხარ?.. დათა თუთაშხია. ხოლუა ვარ მე ხოლუა!

აბრაგმა კარგა ხნის შემდეგღა ჰკითხა, საიდან იცი, თუთაშხია რომ ვარო.

ხოლუა უარესად დაიბნა, ენა ჩაუვარდა.

აბრაგი პასუხს ელოდა.

ხოლუამ თითი ხრამისკენ გაიშვირა:

– მან. გზაზე დაგინახეთ და თქვა: აგერ, დათა თუთაშხიაო.–– საცოდავიო, ესეც თქვა.

სიჩუმე ჩამოვარდა.

აბრაგმა ხმადაბლა უთხრა, ფული ქისაში ჩააბრუნე, ძირს დადეო.

ხოლუა გაშეშდა, თავზარი დაეცა, შეყოვნდა.

თუთაშხიამ გაუმეორა.

– ჩემია!.. – წამოიძახა ხოლუამ, – სულ ჩემია! ნახევარს გაძლევ, დათა თუთაშხია რომ ხარ, იმიტომ. მეტი რა გინდა შენ?! სულ გინდა წაიღო, ხომ....

აბრაგს ხმა არ დაუძრავს. არც განძრეულა. ხოლუას სიტყვა გაუწყდა, ფული უხალისოდ, ძალისძალად მოაქუჩა, ქისაში ჩატენა, გამონასკვა და გაინაბა.

თუთაშხიამ რაღაც დაიღრინა, სიტყვები ვერ გავარჩიე.

ხოლუამ ქისა მიწაზე დადო, აბრაგს თვალებში ახედა და უმალვე გუდის ჩალაგებას შეუდგა.

ჩაალაგა, ყელი გამოუნასკვა.

– თქვენი იყოს, დათა–ბატონო, მაგრამ ამდენი დღეა, ამას რომ დავდევ მე, ხომ მერგება წილი...

თუთაშხიამ ბოლი გამოუშვა და უბრძანა, ჩადი, ცხედარი ამოიტანეო.

ხოლუა უყოყმანოდ მიტრიალდა, ხრამის ნაპირს გაჰყვა – ჩასასვლელს ეძებდა. ათი–თხუთმეტი ნაბიჯი გაიარა. მაშინ აბრაგმა იარაღი იშიშვლა, კვალში მიჰყვა.

ლაფშამ თვალი პატრონს გააყოლა და ბალახობა განაგრძო.

მარტო რომ დავრჩი, გონს მაშინღა მოვეგე: სერს გადაღმა ბავშვები ბატებს აძოვებდნენ! ხიდან ამოვხოხდი, გავიქეცი, კოკოჩიას ბიჭს ვუამბე, ვიღაც ხოლუამ დოროთე ხრამში გადაჩეხა, გუდიდან ქისა წაუღო და დათა თუთაშხიამ კი ხოლუას წაართვა ის ფული–მეთქი. რა ვიცი, რა გაიგო იმ ბავშვმა და რა არა.

უკანვე გამოვბრუნდი, უფრო მოხერხებული ადგილი შევარჩიე, ბუჩქებში ჩავწექი.

დათა თუთაშხია დიდხანს იდგა ხრამის პირას, ხოლუას თვალს არ აშორებდა. მოწყვეტილი ქვების ჩახანი ისმოდა. ერთი ორჯერ ავაზაკ ხოლუას უშვერი ლანძღვაც გავიგონე. ხოლუამ დოროთე თოდუას დასახიჩრებული გვამი ზურგით ამოიტანა. ქლოშინებდა, თან თუთაშხიას შესციცინებდა თვალებში.

აბრაგმა ნიშანი მისცა, ხოლუამ ცხედარი მიწაზე დაასვენა, ხელი გულზე მიიდო. ფეხზე ძლივსღა იდგა.

გუდა და ქისა აქ მოიტანეო, – ჩაულაპარაკა თუთაშხიამ.

ხოლუა ბარბაცით გაიქცა. გუდაც მიიტანა და ქისაც.

ქისა კბილებით დაიჭირე და გუდა კისერზე ჩამოიკიდეო. ხოლუა შეყოვნდა, მაგრამ მეორედ აღარ ათქმევინა; ქისას კბილები სჭიდა, გუდა ზურგზე წამოიგდო.

თუთაშხიამ მოაგონა, მე კისერზე გითხარიო.

ხოლუას გაუკვირდა, მაგრამ ესეც შეუსრულა და აბრაგს შეხედა, ახლა რაღას მიბრძანებო.

– აიკიდე ზურგზე! – დათა თუთაშხიამ ცხედარზე მიანიშნა.

ხოლუა გაშეშდა.

– არ ავიკიდებ... მომკალი, თუ გინდა – არ ავიკიდებ! მკვდრების მეშინია მე. იქიდან ამოვიტანე, ხომ?.. არ მინდა. გულის მანკი მაქვს, გულის მანკი, ვერ ხედავ?! – ქლოშინით, ნაწყვეტ–ნაწყვეტად ამბობდა.

ორი ტყვია ზედიზედ გავარდა. ერთმა ყურთან გამიწივლა, მეორემ ცხვირ–პირში მიწა შემომაყარა. სანამ გაქცევას დავაპირებდი, შიშმა მანამდე დამცა დამბლა. როცა თუთაშხიამ იარაღი ბუდეში ჩააბრუნა, პირჯვარი გადავისახე და ღმერთს თაყვანი ვეცი, რომ სიკვდილს გადამარჩინა.

გაფითრებულმა, ერთიანად აცახცახებულმა ხოლუამ ჯერ იღლიაში გახვრეტილი ახალუხი მოისინჯა ხელით, მერე – ლაჯებში ტყვიისგან გაგლეჯილი შარვალი. ხელზე დაიხედა – სისხლი არ იყო და გიჟივით გაიცინა.

– როგორც მიბრძანებ, დათა–ბატონო... აბა, რა! – ხოლუამ ცხედარი ზურგზე აიკიდა და ბილიკს გაჰყვა.

თუთაშხიამ ხვნეშით მიმავალ ხოლუას კარგა ხანს უყურა. მერე ხმადაბლა დაუსტვინა – ცხენს აცნობა, მივდივართო.

წელში მოხრილი ხოლუა მძიმე ნაბიჯით მიდიოდა. კისერზე ჩამოკიდებული გუდა მუხლებში ეგლანდებოდა, კბილეგში გაჩრილი ქისა სუნთქვას უშლიდა. დოროთე თოდუა ხოლუას ზურგზე პირაღმა იწვა, წუღიანი ფეხები მიწაზე დასთრევდა, მკლავები ჩვრებივით ეკიდა. ათიოდ ნაბიჯის მოშორებით. დათა თუთაშხია მოდიოდა და უნაგირზე ნაბადგადაგდებული ლაფშა პატრონს ნალების ყრუ ბაგუნით მოსდევდა.

ხოლუამ მთვრალი კაცივით, ბარბაცით ჩამიარა. ცოტა ხნის შემდეგ თუთაშხიაც გამისწორდა.

ხოლუა მიტრიალდა:

– რა გინდა ჩემგან, დათა–ბატონო, სანამდე უნდა ვატარო...

– სანამდე სული გედგმება! – გველივით დაუსისინა დათა თუთაშხიამ და გამცდა.

ხოლუას აღარაფერი უთქვამს, წაფრატუნდა. ბექობთან მოსახვევი იყო – თვალს მიეფარნენ.

მე უბედური ძეძვებში პირქვე ვეგდე და ვფიქრობდი, ეს რა ღმრთის რისხვასა და ეშმაკის მძვინვარებას შევესწარი–მეთქი! ბიჭი რომ სოფელში ვაფრინე და ის გაცოფებული მეჯოგეები თუთაშხიასა და ხოლუას რომ წააწყდებიან, მაშინ რაღაც უბედურება დატრიალდება–მეთქი!

ანაფორა ავიკეცე და ხევ–ხევ აღმართებს სირბილით ავყევი. სანამ თხემზე ავედი, აღარც ანაფორა შემრჩა, აღარც შარვალი და კანჭნაკუთალიც ჯაგებს შევახიე. ავაღწიე და ისევ ბუჩქებში ჩავწექი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამრეცებში ნარბენს არაქათი მქონდა გამოცლილი, და მეორეც იმიტომ, რომ ლუწის გზა იმ ხევში იდო, ავაზაკებს აქ უნდა ამოევლოთ.

სული მოვითქვი, გზას გადავხედე, აღმართში ჯერ არავინ ჩანდა, მაგრამ დახეთ საოცრებას, წინ, სულ ახლოს, ოთხი ჩასაფრებული მეჯოგე დავინახე; თოფები გზისკენ გადაეშვირათ და ელოდნენ. გავეხმაურე. დაფეთებულებმა თოფები მომიშვირეს, კინაღამ გული წამივიდა.

სხაპასხუპით ვუამბე, რაც მოხდა და როგორც მოხდა. კიდევ ზოგ რამეს მეკითხებოდნენ და ვერაფერს მივახვედრე. ვერც ვეუბნებოდი რასმე ნამდვილს, არც მე მესმოდა, რა ხდებოდა. ამ ქაქანში ვიყავით და აღმართში ცხედარაკიდებული ხოლუა გამოჩნდა. წინანდებურად კი არ მობარბაცებდა – თავგამოდებით მორბოდა. დათა თუთაშხია ცხენზე იჯდა, ხოლუას კვალდაკვალ მოსდევდა, ლამის ზედ შესდგომოდა და დროდადრო დაჰყვიროდა, ჩქარა იარეო!

ხოლუას, ეტყობა, ძალ–ღონე გამოელია და სირბილს უკლო, თუთაშხიამ მათრახი გადაუჭირა და დასძახა, თავს ნუ იკატუნებო!

მორბოდა ცოდვილი ავაზაკი, ცხედარს მოარბენინებდა.

თითქმის გაგვისწორდნენ. ჩვენ ერთმანეთს შევცქეროდით. რაიმე უნდა გვეღონა, მაგრამ მაღალი ღმერთი აზრს არაფერს გვაშველებდა. მოულოდნელად თოფი გავარდა – ჩვენი მხრიდან გავარდა; ხოლუამ ხელი გულზე იტაცა და გატკეპნილ გზაზე პირქვე დაემხო. იასონ ქარჩავამ გუძა ჯონჯოლიას – ჩვენი სოფლის მედუქნეს – თავში თოფის კონდახი ჩასცხო და თუთაშხიამაც უნაგირიდანვე კვამლზე ისროლა, ტყვიამ ბუჩქებში გაიწუილა. დათა თუთაშხიამ უნაგირიდან ისკუპა, ცხენს ამოეფარა, თოფი დაგვიმიზნა. ჩოჩიები, ორთავე ძმა, სასწაულებრივ გაქრნენ, თვალიც კი ვერ შევასწარი. ღმერთს ცოდვების მოტევება შევსთხოვე და ჩემ წილ სიკვდილს მორჩილად დავუწყე ლოდინი.

იასონ ქარჩავა ზეზე წამოიჭრა აბრაგს გასძახა:

– არ გვესროლო, დათა!.. ჯონჯოლიამ გესროლა, აგერ გდია, ძაღლის ნაშობი!

სიჩუმე ჩამოვარდა.

როდის–როდის თავი ავწიე, ქვემოთკენ გადავიხედე.

თუთაშხია გზაზე იდგა. მარცხენა ხელზე სისხლი ჰქონდა. მარჯვენაში ხელსახოცი ეჭირა, ჭრილობის შეხვევას აპირებდა.

– გამოდით გზაზე! ვინ ხართ მანდ... ჯონჯოლია, გამოდი შენც! – ხმამაღლა თქვა თუთაშხიამ და ხელის შეხვევას შეუდგა.

ჯონჯოლიას ადგომა არც უფიქრია, სანამ იასონ ქარჩავამ წიხლი არ ჩაჰკრა.

გავედით ყველა.

დათა თუთაშხიამ პირქვე მწოლიარე ხოლუას და დოროთე თოდუას გვამს დახედა.

– რატომ მესროლე, ჯონჯოლია, მითხარი ახლავე მართალი, თუ გინდა, ეს სისხლი რომ გაპატიო!

მედუქნემ თვალები მიწაში წაიღო, თავი ჩაქინდრა.

ხოლუა ისევ ისე იწვა. მომაგონდა, თუთაშხიას რომ უთხრა, გულის მანკი მაქვსო, და ისიც, სანამ პირქვე დაეცემოდა, ხელი გულზე რომ იტაცა.

მივედი, მაჯა გავუსინჯე, მკერდზე ყური დავადე. მკვდარი იყო.

თბილი ანაორთქლი ასდიოდა, დოროთე თოდუას ქისა ისევ კბილებში ჰქონდა. ლოცვა წავიბუტბუტე და ცხედარს გავეცალე.

თუთაშხიამ ჯონჯოლიას გაუმეორა:

– რას მერჩოდი!.. თქვი ახლავე, რატომ ქენი ეს!

ჯონჯოლია მოთქმით ატირდა:

– მაპატიე, დათა–ბატონო, გავბრიყვდი... შვილებს ნუ დამიობლებ... სიმართლის თქმა ჯობია... დავხარბდი...

დათა თუთაშხია გაფითრდა.

– ის ხუთი ათასი, ჩემი მოკვლისთვის რომ დააწესეს, უკან წაიღო მთავრობამ. – გვითხრა დათა თუთაშხიამ და განზე გადგა.

აბრაგი ხან ხოლუას გვამს შესცქეროდა, ხან მედუქნეს.

დიდხანს იფიქრა.

ბოლოს მე შემომაჩერდა, თვალი თვალში გამიყარა. კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩემს სიტყვებს ელოდა.

რა უნდა მეთქვა?

– მკვდარია, ცოდვილი... ალბათ, გული გაუსკდა, – ესღა მოვახერხე. ხოლუას ვგულისხმობდი.

აბრაგმა დამბაჩა იშიშვლა, ჯონჯოლიას დაუმიზნა... შუაში ჩავუდექი და მაღალ ღმერთს შევევედრე:

– უფალო, დააცხრე სული კვლად აღმდგარი კაცისა და დაუოკე წყრომა გულისა, რამეთუ დაშთება სიკვდილისგან ერთი ჯონჯოლიასი ხუთი ჯონჯოლია ობოლი, ღატაკი, მიუსაფარი და ავბედობისა გამო დაადგებიან ხუთნივ გზასა მრუდსა, ცოდვილსა და საძაგელს!..

– თვითონ თუ დასცალდა, დიმიტრი–მღვდელო, ჯონჯოლიას თავისი შვილების გაზრდა, მამაზე უკეთესი რატომ გამოვა რომელიმე, ნეტავი?! მისი შვილების ბედი და მომავალი თუ გალაპარაკებს, მაშინ აქეთ უნდა მეხვეწებოდე, მოკალი ეს ღორის შვილიო.

ფეხებში ჩავუვარდი აბრაგს და კვლავ ზეცას შევღაღადე:

– ღმერთო ჩვენო, შენ განუხსენ თვალი გონებისა და განუღე კარი ჭეშმარიტებისა მონასა შენსა, თუთაშხიას დათას, რათა აღარ შეგცოდოს. შთააგონე მას, რომ ბოროტების აღმოფხვრა და აღმოშანთვა ბოროტებითვე არ არის გონიერი და მართებული, რადგან ავსა საქმეს, თუნდაც სიკეთის სახელით ჩადენილს, სხვა უამრავი ჭირი მოაქვს, რომელნი უსასრულო და დამღუპველ არიან...

შემისმინა უფალმა ჩვენმა, აბრაგს თავის განზრახვაზე ხელი ააღებინა. იარაღი ბუდეში ჩააბრუნა.

– ჯონჯოლია! – თქვა თუთაშხიამ. – ხოლუას, შენ რომ ჩაიდინე, იმაზე უარესი არ უქნია, იცოდე! კი ხარ მოსაკლავი, მაგრამ ჩემი ხელით არ შეიძლება შენი სიკვდილი: იტყვიან, მას რომ ესროლა, მიტომ მოკლა თუთაშხიამო. მე რომ მესროლე, ამისთვის კი არ ხარ მოსაკლავი – ფულის გულისთვის კაცის მოკვლა რომ შეგიძლია, ამისთვის ხარ სიკვდილის ღირსი და დაიხსომე ჩემი სიტყვა, შენი სიხარბე და დაუნდობლობა მალე მოგიღებს ბოლოს!

თუთაშხია ცხენზე შეჯდა და აღმართში წავიდა.

დოროთე თოდუა გულაღმა იწვა, ღია თვალებში ბოღმა და მრისხანება ედო. მკვიდრად შეკრული მუშტები ბინდშეპარული ცისთვის მიეღერებინა.

ცალ ხელში ქვა ჰქონდა.

 

Hosted by uCoz