გრაფი სეგედი

 

ზარანდიას სიაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი ხომ ჰაჯი–სეიდსა და მის კანტორას ენიჭებოდა. იგი ირწმუნებოდა, პანისლამისტების დამკრედიტებელი სწორედ ჰაჯი–სეიდი არისო, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ამის მამტკიცებელი საბუთი ხელთ ისევე არაფერი ჰქონდა, როგორც, საერთოდ, ამ საქმეში სხვა რამ საბუთი. ზარანდიამ მუშაობა იმით დაიწყო, რომ ისკანდერ–ეფენდი იუნუს–ოღლუზე შეაჩერა გულისყური. არ დავმალავ, პირადად მე და სხვა ჩემს მოადგილეებს თვით ისკანდერ–ეფენდი მიგვაჩნდა საეჭვო პირად. ზარანდიამ კი ჰაჯი–სეიდის საიდუმლოებებში ჩასახედად სწორედ მისი გამოყენება განიზრახა. ამისთვის მასთან დაახლოება, მისი გადმობირება იყო საჭირო. თავის მსხვერპლს ზარანდიამ ცოტა ხანს უთვალთვალა, საჭირო ცნობები შეკრიბა და ერთ დღეს საჩაიეში მარტო მჯდომი მოიხელთა.

– სალამი, ისკანდერ–ეფენდი! მიცნობთ, ვინ ვარ?

დამხვდურმა შემოსწრებული გულდასმით დაათვალიერა და მიუგო:

– მგონი, ოტენის აფთიაქის პროვიზორი ბრძანდებით... სოლოლაკის ქუჩაზე, ოტენის აფთიაქში მსახურობთ, არა? თუ ვცდები, მაშინ ბოდიშს ვიხდი... მინახიხართ, მაგრამ თქვენი ვინაობა და საქმიანობა არ ვიცი.

ზარანდიამ თავისი სადარბაზო ბარათი გაუწოდა.

– მანდ ის არ წერია, რომ კონტრდაზვერვის უფროსი ვარ.

ნაქართველარმა რაღაცნაირად გაიღიმა, სადარბაზო ბარათი დაათვალიერა და დაუბრუნა.

ზარანდიამ ყურადღებით მოსმენა სთხოვა, გულახდილად აუხსნა, რით იყო გამოწვეული მისი მოსვლა და რა სურდა ჰაჯი–სეიდის მდივან–მოლარისგან. ისიც აცნობა, რომ საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელობას სწორედ ისკანდერ–ეფენდი იუნუს–ოღლუ მიაჩნდა თურქების რეზიდენტად, ხოლო თვით ზარანდიას კი ამ მცდარი შეხედულების გაქარწყლება სურდა და რომ ეს მხოლოდ ისკანდერ–ეფენდისავე დახმარებით იყო შესაძლებელი.

– ისე მგონია, ისკანდერ–ეფენდი, – დასძინა ზარანდიამ, – რომ თქვენი მოწოდება და ვალი – სამსახურია და არა ერთგულება. ერთგულება არც ჰაჯი–სეიდისა გმართებთ და არც იმ მრავალრიცხოვანი პატრონებისა, რომლებიც წარსულში გყავდათ ან მომავალში გეყოლებათ. ეგ ჩვენთვის უფრო გმართებთ, რადგან თქვენს დღევანდელ პატრონს, სულერთია, დანაშაულში ვამხელთ და მაშინ თქვენც მისი ხვედრის გაზიარება მოგიწევთ– დიდი არაფერი, უმნიშვნელო დახმარება გვჭირდება, მაგრამ პასუხის გადადება ხელს არ მოგვცემს. აი... – ზარანდიამ უბიდან წინასწარ შეთხზული ხელწერილი ამოიღო, ისკანდერ–ეფენდის დაუდო და ქიმიური ფანქარიც მიართვა, – ან ამაზე მოგვიწერთ ხელს და შიგ აღნიშნულ დახმარებას აღმოგვიჩენთ, ან აქედანვე ციხეში წამოხვალთ, ყველაფერს უთქვენოდ მოვახერხებთ და შედეგის გამო ალლაჰს დაემდურეთსს!

ისკანდერ–ეფენდიმ ხელწერილი მშვიდად ჩაიკითხა, იფიქრა და ჩაილაპარაკა:

– “დულკერნაინ ხელახლა გაუდგა გზასა”...

– რა ბრძანეთ?

– ყურანის მეთვრამეტე სურიდან არის. – ისკანდერ–ეფენდიმ კიდევ იყუჩა და დასძინა: – ბეირუთი და დამასკო! ათენიც კარგი ქალაქია, არც იქ მიცხოვრია, მაგრამ მაინც დამასკო ჯობს... აბდურაჰმან, მოართვი ბატონ... – ზარანდიამ თვალები დაუბრიალა. ისკანდერ–ეფენდიმ თანამოსაუბრის გვარი იოგებში ჩაიხშო. – მოართვი ბატონს მაგარი ჩაი, აბდურაჰმან!.. მიირთმევთ?

ზარანდიამ თავი დაიქნია.

სიჩუმე გაგრძელდა. ჩაი მოიტანეს, ზარანდიამ ლამბაქზე გადმოისხა და ინტერესით ჰკითხა:

– დამასკო?.. რომში გიცხოვრიათ.

– არ მიცხოვრია.

– რომი ულამაზესი ქალაქია, მშვენიერი გოგონებით სავსე და, უნდა მოგახსენოთ, რომ იტალიაში სადიზმის საწინააღმდეგო კანონი ჯერჯერობით არ არსებობს. იქ კაცი გვჭირდება. ენა კარგად იცით – სენიორ მასარისთან ხომ იტალიურზე საუბრობთ ხოლმე!.. ჩინებულად გამოვა.

– “ნათესავი მოვალს და ნათესავი წარვალს და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე... აღმოხდების მზე და დახდების მზე და ადგილადვე თვისდა მიიზიდავს...” – ისევ თავისთვის ჩაილაპარაკა ისკანდერ–ეფენდიმ.

– რა ბრძანეთ?

– ბიბლიიდან არის, ეკლესიასტეს სიტყვებია! – მიუგო მან. – არ მახსოვს, ბატონო ზარანდია, რომელიმე ქალაქში ჩემი ცხოვრება და სამსახური სხვანაირად დამთავრებულიყოს. აი! ასე ხდება მუდამ, – ისკანდერ–ეფენდიმ ხელწერილზე დაათითა. – ნეტავი, რატომ მოდიხართ მაინცდამაინც ჩემთან და თანაც ყველგან და უსათუოდ მოდიხართ. განა რას ვაშავებ? არაფერს, სრულიად არაფერს!

– ჩვენს დროში სწორედ ეგ არის საეჭვო.

– რომ არაფერს ვაშავებ?

– დიახ.

– დამასკო...

– მაგაზე ლაპარაკი, ისკანდერ–ეფენდი, ამის შემდეგ იყოს! – ზარანდიამაც ხელწერილზე დაათითა.

– რა თქმა უნდა... მაგრამ ხელწერილი არც ერთ ქალაქში არ დამიდვია. არც აქ დავდებ! რით შემიძლია გემსახუროთ?

– უცხო ქვეყნების რომელ ქალაქებში და რომელ ბანკებში აქეს გახსნილი მიმდინარე ანგარიშები ჰაჯი–სეიდს?

– მხოლოდ სტამბოლში. სტინესის ბანკი, ანგარიში #1014, – უმალ მიუგო ისკანდერ–ეფენდიმ და აქედან მოყოლებული – საჩაიეშიც და მერეც – მხოლოდ სიმართლე ილაპარაკა.

ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ზარანდიას ესოდენ გაბედული ნაბიჯი პროფესიონალიზმის შეურაცხყოფა და ავანტიურიზმი იყო, რაც თეორიულად სწორი შეფასება იქნებოდა, მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს, რომ გადმობირებათა უმრავლესობა, ყველა დროსა და ქვეყანაში, სახელდობრ, ზემომოყვანილი, ან მსგავსი უხეში ხერხებით ხორციელდებოდა. წინააღმდეგ ზოგი დეტექტივის შეხედულებისა, გადმოსაბირებელ პირთა მეტი ნაწილი საიდუმლო პოლიციასთან და კანონთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდება და საკმარისია ხოლმე, გადმომბირებელმა ამ გამწვავებაზე რამდენადმე კატეგორიულად მიუთითოს, რომ დაბრკოლებები ისპობა. ზარანდიას და ისკანდერ–ეფენდი იუნუს–ოღლუს საუბარში მოულოდნელი არაფერი იყო, გარდა ჩემი მოადგილის მიერ სახელდახელოდ მოგონილი სადიზმის ვერსიისა. ასეთი ცნობები ჩეენ არ გვქონია, ვერც რასმე ამდაგვარს დავამტკიცებდით, მაგრამ ისკანდერ–ეფენდიმ იფიქრა, რომ გადმობირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შურის საძიებლად ორ, სამ მეძავს ისეთს უეჭველად მივუყვანდით, რომლებიც პირზე დაადგებოდნენ, სადისტი ხარო, და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ასე ხდება ხოლმე თითქმის ყველა ანალოგიურ შემთხვევაში.

ისკანდერ–ეფენდის მეშვეობით დადგინდა, რომ სტამბოლელ ანტიკვარს, გვარად ჩოყურსო–ბეის, სტინესის ბანკში ჰაჯი–სეიდის ანგარიშზე წელიწადში ოთხჯერ შეჰქონდა თანხა თურქული ლირებით. ყოველი შენატანი კურსით რუსულ ორ ათასს უდრიდა. ბანკი, არსებული წესისამებრ, თავის თბილისელ კლიენტს საშემოსავლო ორდერს უგზავნიდა და ჰაჯი–სეიდისთვის ცნობილი ხდებოდა, რომ ფული შეტანილი იყო. ისკანდერ–ეფენდიმ ვერ გვითხრა, თუ ვის უგზავნიდა ჰაჯი–სეიდი ამ ფულს, მაგრამ დაგვისახელა ვინმე ყარა–ისმაილი – ჰაჯი–სეიდის ფირმისთვის დაღესტანში ლითონის ჭურჭლის შემსყიდველი პირი, რომელსაც სალაროდან სამ თვეში ერთხელ ორასი ოქროს თუმნიანი გაჰქონდა იმ თანხის ზევით, რაც საქონლის შესასყიდად ეძლეოდა ანგარიშქვეშ. ყარა–ისმაილი თემირხანშურაში ცხოვრობდა. ცხადი იყო, მისი მიტანილი კვალის მეშვეობით უნდა აღმოგვეჩინა დაღესტანში მცხოვრები რეზიდენტები.

ერთხელ მუშნი ზარანდიამ კავკასიური გუბერნიების პოლიციათა ხელმძღვანელი მოხელეების თათბირზე თავის გამოსვლაში ასეთ დებულებას მიმართა: ყველა დროისა და ხალხის პოლიცია, თუ მისი ფუნქციების შემსრულებელი სხვა რამ ადმინისტრაცია, წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს იმისთვის ნავარაუდევ სტრუქტურას, რომ მმართველ დაწესებულებებს ყოველი ცალკეული მოქალაქის ცხოვრების, საქმიანობისა და შეხედულებების გარშემო, შეძლებისდაგვარად, ვრცელი ინფორმაცია უნდა მოეპოვებოდეთ. არსებობს კიბე შინაგან საქმეთა მინისტრიდან უბნის ზედამხედველამდე და უამისოდ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იბოგინებდა. როცა ჩვენ ვხედავთ და მოწმენი ვართ იმისა, რომ მავანი წყობილება დგას და მას უახლოეს ხანებში დამხობა არ ემუქრება – ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა კმაყოფილია თავისი წყობილებით, იგი მოქმედი კანონებისა და თავისი პოლიციის მხარეზეა და, მაშასადამე, საჭირო ინფორმაციაც პოტენციურად არსებობს – მხოლოდ უნდა შეგვეძლოს, ვიცოდეთ მისი მოპოვებაო. ეს დებულება პარადოქსად ჟღერს და სწორედ ამაშია მისი სიძლიერე: პარადოქსი მოაზროვნე კაცს ანალიზზე უბიძგებს; ანალიზი კი უეჭეელად მიიყვანს დასკვნამდე, რომ საქმე პარადოქსთან კი არა, ჭეშმარიტებასთან აქვს. მუშნი ზარანდიას სამსახურმა ჩემ თვალწინ გაიარა და ვიცი, რომ იგი ყველა შემთხვევაში ზემომოყვანილი პრინციპით ხელმძღვანელობდა. მას არც დაღესტანში მიუმართავს სხვა გზებისთვის; ჩავიდა, იქაურ პოლიციას ცნობები შეაკრებინა, თუ სად, ვისთან დაიარებოდა ყარა–ისმაილი და მათგან ვინ იყო მიჩნეული საეჭვო პირად. ასეთი ინფორმაცია თითქმის მზამზარეული იდო – საკითხს ამ კუთხიდან დანახვა და აღნუსხვაღა სჭირდებოდა. ზარანდიამ მასალები შეისწავლა, სიაში ექვსი კაცის გვარ–სახელთან წერტილები დასვა, ოთხი ამათგანი რეზიდენტიაო – თქვა, შემდგომი მუშაობისა და ძირითადი ოპერაციის ჩატარების ზუსტი გეგმა დატოვა და თბილისს დაბრუნდა.

ამ საქმეში გასამარჯვებლად მუშნი ზარანდიას მეორე დასაყრდენიც ჰქონდა. ცნობილია, რომ თურქებს სახელმწიფოებრიობისა და სამსტოვრო საქმის ათასწლოვანი გამოცდილება აქვთ და, ამასთან ერთად, საკმაოდ ყაირათიანებიც არიან. აქედან გამომდინარე, ჯერ არის და, ფულს ვისმე თუ გამოუგზავნიდნენ, დანიშნულ პირთა გზავნილების უკლებლივ მისვლის რაიმე დასტურსაც უეჭველად მოითხოვდნენ. მეორეა და, ამ დასტურის მიღებაში სხვა კაცებს არასგზით არ ჩარევდნენ, ეს საიდუმლოებაში ჩახედულ პირთა გამრავლება და, საბოლოო ჯამში, საქმის გამჟღავნება იქნებოდა. ჩვენს შემთხვევაში, თუ თურქები თავის რეზიდენტებამდე ფულის უკლებლივ მიღწევის დასტურს საერთოდ თხოულობდნენ და ასეთ დასტურს რაიმე სახით იღებდნენ კიდეც, მიღების გზა მხოლოდ ერთი იყო: ყარა–ისმაილი – ჰაჯი–სეიდი–ჩოყურსო–ბეი – თურქეთის სამსტოვრო. ისკანდერ–ეფენდიმ ამის გარშემო ვერაფერი მოგვაწოდა, ეს კვანძი მის თვალს მიფარებული იყო და ზარანდიაც არცთუ მძიმედ განიცდიდა ამას. იგი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ რეზიდენტობის დასტური ისევ ყარა–ისმაილის ჯიბეებში აღმოჩნდებოდა.

დრომ მოაწია, ყარა–ისმაილი ჩამოვიდა. ისკანდერ–ეფენდიმ ჰაჯი–სეიდის მითითებით სალაროდან ორასი ცალი ოქროს თუმნიანი გასცა და ჩვენ ეს ერთი საათის შემდეგ ვიცოდით.

მაგრამ ყარა–ისმაილის მიერ ფულის მიღებას, თავისთავად, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა – ხელმოსაკიდი არაფერი იყო. მიიღო? მერე რა, რომ მიიღო? აკი ზემოთაც ვთქვი, ფულის მიმტან–მომტანი შიკრიკები ხელშიც კი ჩაგვიგდია, მაგრამ ამას ჩვენთვის საჭირო შედეგი არ მოუტანია–მეთქი. საჭირო იყო, მიმღებთათვის დაგვემტკიცებინა, რომ ფული, სახელდობრ, თურქებისგან და, სახელდობრ, ძირგამომთხრელი მუშაობისთვის ეძლეოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული შედეგი მხოლოდღა ინფორმაციად რჩებოდა. ამოცანა ნათელი იყო: უნდა მოგვეპოვებინა დანაშაულის მამტკიცებელი საბუთები, აღიარებები, ჩვენებები! როგორ რა გზით? ამ კითხვას წლების მანძილზე ვერავინ მოუარა. ზარანდიამ გადაწყვიტა ეს პრობლემა, მაგრამ თუ როგორ და რა ხერხით – ამის შესახებ ჩემს მეტმა იქამდე არავინ იცოდა, სანამ შედეგი არ იქნა მიღებული; შედეგმა გაამხილა ხერხი. მე აქ და ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყარა–ისმაილის მიერ ჰაჯი–სეიდის მდივან–მოლარისგან მიღებული ორასი ცალი ოქროს თუმნიანი ყველა ყალბი იყო!

ზარანდიამ ყარა–ისმაილს კაცები აადევნა და, რა თქმა უნდა, დაღესტნის საიდუმლო პოლიციას ტელეგრაფით აცნობა ოპერაციის დასაწყისი. თვითონ, დაღესტანში გამოძახებამდე, თბილისში დარჩა. ავსტრიული შპიონაჟის ირგვლივ სამუშაო ჰქონდა.

– როგორ სქემას ელით? – ვკითხე ზარანდიას ამ საკითხზე ერთ–ერთი საუბრის დროს.

– პრიმიტიულს, გრაფ.

– რატომ?

– როცა ჯაშუში წლების მანძილზე თავის საქმეს აკეთებს და კონტრდაზვერვის ყურადღება ერთხელაც არ უგრძვნია, როგორი ფრთხილიც უნდა იყოს იგი, ნებივრდება, გულისყური უდუნდება და კონსპირაციის ელემენტარულ ნორმებსაც კი ღალატობს. მანდ სწორედ ამ მოვლენასთან გვექნება საქმე.

– ღმერთმა ინებოს, მაგრამ მე მაინც ის მაინტერესებს, თუ როგორ სქემას ელით.

– სამხედრო ხასიათის ინფორმაციას ქალბატონი დე ლამიე პორუჩიკ სტარინ–კოვალსკისგან უნდა იღებდეს. ეს ახალგაზრდა კაცი ერთთავად ოფიცრების ცოლებში ტრიალებს, ჭორებს ისმენს, მოსმენის პროცესში ნაამბობს ცინიკური კომენტარებით ჰკაზმავს და ჭორის შემდეგი გავრცელების მოდელს, როგორც იტყვიან, დახლთანვე ჰქმნის. ნიჭიერი მოლაყბეა, როცა ვინმეს დასცინის, კილვის ობიექტის ბიოგრაფიას, ხასიათის თავისებურებებს, ჩვევებსა და გატაცებებს ჟონგლიორივით ათამაშებს. დაინტერესებული პირისთვის საკმარისია, ყური უგდოს, მერე, თუ საჭირო შეიქნა, ორიოდ შენიღბული კითხვა დაუსვას და ანკეტა მზად არის. სტარინ–კოვალსკი მადმუაზელ დე ლამიეს კეთილგანწყობილებითა და საფულეთი იმთავითვე სარგებლობდა, მაგრამ ეს თავისი ხორციელი და ინტელექტუალური მომსახურების ჰონორარად მიაჩნდა. ასე ჩაიგდეს ხელში ავსტრიელებმა საანკეტო მონაცემები. ამას, უნდა ვიფიქროთ, მოჰყვა ის, რომ მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიემ სტარინ–კოვალსკი ჩადენილი სამშობლოს ღალატის ფაქტის წინაშე დააყენა და ანკესი გადააყლაპა. დანარჩენი დახურდავებას აღარ საჭიროებს. გამოსარკვევია ისიც, თუ რა როლს თამაშობს საარტილერიო ცნობების გაჟონვაში პოლკოვნიკი გლებიჩი მგონი, ორში ერთია: ან პოლკოვნიკს მოუბლაგვდა სიფხიზლე, ან სტარინ–კოვალსკიმ მის სეიფს გასაღები მოარგო. გლებიჩი ფიცისა და სატევრის კაცია. სამშობლოს ღალატი აქ გამორიცხულია! ასევეა კულაგინის შემთხვევაშიც, მაგრამ კულაგინი ფანატიკოსია, მანიაკია და ამიტომ თვლის, რომ თუ სათანადო უმაღლეს დაწესებულებებს წელიწადში ორჯერ მაინც შინაპოლიტიკური მიმოხილვები არ მიართვა – იმპერია დაინგრევა. ამას დავუმატოთ ის მოხსენებები, კულაგინი სამსახურებრივ მოვალეობათა გამო რომ სთხზავს და დავინახავთ საწერ მაგიდას, რომელზეც მუდმივად დევს უცხოური დაზვერვებისთვის საინტერესო დოკუმენტი. მისი ცოლი, ლარისა კულაგინა, ქალბატონ დე ლამიეს აქტიური მუშტარი და მეგოგარია. დასადგენია, პოლიტიკური მიმოხილვა ფულად აქვს გაყიდული კულაგინას, საწმერთულებში აქვს გადაცვლილი, თუ ქალბატონმა დე ლამიემ როგორღაც დრო იხელთა და ბატონ კულაგინის მაგიდასთან ფოტომოყვარულობის ჟინი მოიკლა?.. რაც შეეხება ჰაჯი–სეიდს – იგი რთული ფიგურაა, ორმაგ, იქნებ, სამმაგ თამაშსაც ეწევა. გაითვალისწინეთ, გრაფ, რომ ამ კაცის აგენტები საქონლის შესასყიდად მთელ კავკასიაში დაძრწიან და საჭიროების შემთხვევაში უმდიდრესი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ. მეორე მხრივ! ჰაჯი–სეიდთან ხშირად ჩამოდიან შუამავლები ევროპიდან, საქონელი მიაქვთ. რომელიმე მათგანის ხელით ნაჯაშუშარის გადაგზავნა ან იქიდან დირექტივების მიღება ძლიერ მოხერხებული რამ არის, როგორც ჟანეტ დე ლამიესთვის, ისე თვით ჰაჯი–სეიდისთვისაც, გრაფ. რაღაც ამგვარი რომ ხდება, ეს უკვე დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს. დასასრულ, არც ის არის გამორიცხული, რომ ჰაჯი–სეიდი და ქალბატონი დე ლამიე მოპოვებული ინფორმაციის ერთმანეთში ყიდვა–გაყიდვას აწარმოებენ. ეს, მოგეხსენებათ, საკმაოდ გავრცელებული ფორმაა სხვადასხვა სახელმწიფოს ჯაშუშებს შორის კომერციული ურთიერთობისა. თვით ჟანეტ დე ლამიეზე არსებობს ერთი საინტერესო ცნობა: იგი სამი–ოთხი წლის მანძილზე ათენში პატარა სასტუმროს დიასახლისი იყო, მაგრამ იქ ერქვა მადმუაზელ ზიზი ჟერმენ...

– ეგ საიდან იცით?

– ჩვენმა აგენტმა ეს ცნობა სტამბოლში ერთი გალოთებული ბერძნისგან ოც თურქულ ლირად იყიდა. აი, ასეთი სქემის მოლოდინი მაქვს და ახალი გარემოებების გამოჩენასაც ვიმედოვნებ.

– დაგწყევლოთ ღმერთმა, დამანებეთ თავი! – სიცილი ამივარდა ზარანდია გავიდა, თავისი მრავალრიცხოვანი საქმეები და დაღესტნიდან მისაღები გამოძახების მოლოდინი განაგრძო.

დაღესტნიდან მოსული გამოძახება კი, გეგმის მიხედვით, ასეთი ხასიათის ცნობით უნდა ყოფილიყო თანხლებული: რეზიდენტების ოჯახებში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ყალბი ფული, მათი მფლობელები დაპატიმრებული არიან და სხვადასხვა ქალაქების სატუსაღოებში სხედან ისე, რომ არც ერთმანეთისა იციან რამე და არც რეზიდენტების ჭირისუფლებმა იციან თავისი პატიმრების ადგილსამყოფელი. ყარა–ისმაილი ვოიაჟის შემდეგ თემირხანშურიდან ნახევარი საათის სავალზე საგულდაგულოდ არის გაჩხრეკილი და აყვანილში ისე, რომ ესეც არავინ იცის დაპატიმრებულისა და დამპატიმრებელთა გარდა.

დიახ, იჯდა და ელოდა, მაგრამ ერთ დღეს, როგორც იტყვიან, რაღაც შეუჩნდა. თითქმის ყველა შემთხვევასა და ვითარებაში მშვიდმა, მოთმინების დაკარგვა იწყო, აწრიალდა. შევამჩნიე, მოუთმენლობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც პოლკოვნიკ სახნოვის უახლოეს ხანებში თბილისს ჩამოსვლა გახდა ცნობილი. მაგრამ, როგორც მალე გამოირკვა, იმ ორ საღელავს მესამეც დამატებოდა. ეს შტორმი დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდა და დამთავრდა იმით, რომ მოვიდა და მითხრა:

– გრაფ, მირჩიეთ, რა ვქნა: მამასთან უნდა ვიყო სოფელში. დათა თუთაშხია, მგონი, პაემანზე მთანხმდება, მაგრამ არავინ იცის, როდის მოგვადგება სახნოვი და ჩემი ყოფნა თბილისში აუცილებელია. მთაეარი კი მაინც ის არის, რომ დაღესტანშიც უნდა წავიდე...

– დაღესტნიდან რაიმე ცნობა მიიღეთ?

– არა.

– მაშ, რისთვის მიდიხართ?

ზარანდიამ ხელი გაასავსავა, მხრები აიჩეჩა, გაიღიმა და თქვა:

– არ ვიცი!..

იმწამსვე დავიჯერე და ახლაც დანამდვილებით ვიცი, რომ მისი ახირება სულიერი იმპულსი იყო, მაგრამ დროებითი წამოფეთება კი არა – დაჟინებული შინაგანი მოთხოვნა, დაღესტანში ყოფნის გარდუვალი საჭიროების ქვეცნობიერი სიგნალი.

– იმედი გაქვთ, რომ დათა თუთაშხიას დაიყოლიებთ?

– ერთობ უღიმღამო, გრაფ, მაგრამ – ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია.

– მეთოდი?.. რა ფორმებში უნდა მიაწოდოთ ჩვენი წინადადება?

– მხოლოდ სიმართლე და გულახდილობა, თქვენო ბრწყინვალებავ. არ მოტყუვდება. არც გვეკადრება სიცრუე, რა საჭიროა!

გამეცინა, თავი დავიქნიე, რადგან წამოწყებისა არაფერი მჯეროდა.

– მეც რომ თათბირების ჩასატარებლად მივდივარ?.. – ვთქვი ცოტა ხნის მერე.

– ვიცი, თქვენო ბრწყინვალებავ.

– რაღა გაეწყობა... წადით, მაგრამ...

მინდოდა მეთქვა, ბოლო ხანებში მღელვარებას გამჩნევთ და არაფერში აჩქარდეთ–მეთქი. თავი შევიკავე, მუშნი ზარანდიასთვის ასეთი რჩევა–დარიგება საჭირო არ იყო.

შეყოყმანების მიზეზს მიმიხვდა, ღიმილით მითხრა:

– დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, გრაფ. გაკეთდება ყველაფერი, რის გაკეთებაც საჭიროა და შესაძლებელი.

მეორე დღეს ბაქოს გავემგზავრე. კიდევ ორი დღის მერე ზარანდიამ სამეგრელოსკენ გასწია, ოჯახი და თავისი და მოინახულა. იქიდან წამოსულუმა მცხეთაშივე ჩრდილოეთისკენ აუხვია, თბილისს არ მოსულა, ისე გადავიდა დაღესტანში.

ორკვირიანი მგზავრობა მელოდა. ვეჭვობდი, ეს დრო, იქნება, არც კი მეყოს–მეთქი – სამ ქალაქში მქონდა დანიშნული თათბირი, მაგრამ საქმე ისე დატრიალდა, რომ ყველაფერს ადრე მოვრჩი და წასვლიდან მეათე დღეს თბილისს მოვედი. ზარანდია ჯერ არ დაბრუნებულიყო.

 

Hosted by uCoz