გრაფი სეგედი

 

შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ კაცობრიობას ნამდვილი ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამას “ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია, მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი “გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” – კაცობრიობის უდიდესი ჭირი.

შემჩნეულია, რომ სახელმწიფოს მართვისათვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ კიდეც მიზანს – მართვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს.

მე ბევრი მიფიქრია ასეთთა წარმატების ბუნებასა და მიზეზებზე; მგონი, არ ევცდები, თუ ვიტყვი, რომ ყოველივე ეს, ძირითადად, მანიაკობიდან მოდის: როცა კაცს თავისი უპირატესობა უყოყმანოდ ფანატიკურად სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყველა საქციელი თავხედობამდე გაბედულია. ეს ცნობილია. თავხედობა გოდოლებს მუსრავს, მაგრამ დაპყრობილის შესანარჩუნებლად არ კმარა, – იქ ჭკუა, განზოგადების უნარი, შემოქმედებაა საჭირო, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავიდანვეა გამორიცხული, – ჩვენ ხომ შეზღუდულ კაცებზე გვაქვს საუბარი. ამდენად, გოდოლი შედარებით მალე გადადის ხოლმე სხვის ხელში და ,,კაცობრიობის უდიდესი ჭირი” ქრონიკულ ხასიათს იღებს. საქმე ის არის, რომ თუნდ ერთხელ და თუნდ მოკლე ხნით მაღალ თანამდებობაზე ნამყოფი კაცისა ყველას ეშინია – სხვათა ცოდვები იცის, ესენი იძულებული არიან, წაბორძიკებულს მხარი დაუჭირონ. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვით, ჭკვიანი კაცების ნაკლებობის პრობლემაც ქრონიკულია და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთი შეზღუდულის ადგილზე მეორე შეზღუდულმა მოიკალათოს. ასეთ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებს ცნობილი ცოდვილის შენარჩუნება ურჩევნიათ უცნობი ჭკვიანის დაწინაურებას. ამიტომ შეზღუდულისთვის რომელიმე სავარძლის დაკარგვა მხოლოდ სხვა, ხშირად, უმჯობესის მიღებას ნიშნავს.

ასე გრძელდება იქამდე, სანამ ეს კაცი სოფლად გახიზვნასა და სატაცურის მოყვანას გადაწყვეტდეს ან უმჯობეს სამყაროში გადასახლდებოდეს. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რაღა თქმა უნდა, ერისა და სახელმწიფოს კისერზე გადადის, მთავარია, რომ სანამ ერთი მანიაკის წასვლის ჟამი დაჰკრავდეს, სხვა მანიაკების შემოჭრა–დამკვიდრება ძველებურადვე ხორციელდება. ეს უწყვეტი პროცესია და არა ცალკეული შემთხვევები – ამაში მდგომარეობს “შეზღუდული კაცების პრობლემა”, – შეზღუდული კაცებისა, თორემ გულწრფელი ან გაიძვერა კარიერისტების საქმე სხვაა.

დათა თუთაშხიას ხელმეორედ გააბრაგების შემდეგ ყურადღების ღირსი და მნიშვნელოვანი ბევრი რამ მოხდა. მხედველობაში მაქვს “კილიკიის” გარშემო შექმნილი ვითარება და სხვა ამბები, რაც შეზღუდული კაცების ქმედებისა და მოღვაწეობის დასახასიათებლადაც გამოდგება, იმაში გასარკვევადაც, თუ რას ნიშნავს გამოთქმა “ჭკვიანი კაცი” და, უმთავრესად და პირველ ყოვლისა, იმის სათქმელად, თუ როგორი და რა გავლენა მოახდინა იმ ამბებმა ჩემს შეხედულებებზე, თვალსაზრისზე და შემდგომში – პირად ცხოვრებაზე.

სანამ თხრობას შევუდგებოდე, მცირე რამ მოსაზრება მაქვს სათქმელი. ჩემი ღრმა რწმენით, ზრდადამთავრებული ადამიანი სხვა ადამიანებთან თუ მოვლენებთან ურთიერთობას წინასწარშეთვისებული სტერეოტიპებით ახორციელებს. იგულისხმება საქციელის სტერეოტიპი. განვმარტოთ: სტერეოტიპის აღქმა, შეთვისების პროცესი დაბადებიდანვე იწყება და, ძირითადად, ოცი, ოცდახუთი წლის ასაკისთეის მთავრდება. ამის შემდეგ მიმდინარეობს მათი დახვეწა-რაფინირება, ანუ თვით სტერეოტიპის ქვესტერეოტიპებად დანაწევრება და ეს მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. მაგალითისთვის ვიტყვი: აღქმა–შეთვისების პროცესში შევიძინე სტერეოტიპი – მათხოვარს უნდა ვაჩუქო. შემდგომში ეს სტერეოტიპი დანაწევრდა: როგორ მათხოვარს, რა პირობებში, რამდენი უნდა ვაჩუქო თუ არ ვაჩუქო. ან სიჭაბუკის წლებში შევიძინე სტერეოტიპი – უნდა ეცვას ისე, რომ ჩემმა ჩაცმულობამ არავინ შეაწუხოს. დანაწევრებამ შემაიარაღა ქვესტერეოტიპებით, რომელთა წყალობით ვახერხებდი ამა თუ იმ წრის ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დონის დადგენას და ამის მიხედვით ჩაცმულობის მოწესრიგებას. ყოველივე ამას ხასიათის, ფსიქიკის ცვლილება-განვითარებაც ჰქვია. ჩემი საქციელისა და ქმედების სტერეოტიპების დანაწევრება, ძირითადად, უცხოეთში განსწავლისა და შემდეგ საიდუმლო სამსახურის წლებში მოხდა და ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, დღემდე გრძელდება. ფიგურალურ თქმას თუ გამოვიყენებ, რამდენი მათხოვარიც შემხვედრია, იმდენი ახალი ნაწევრის შეძენა განუცდია მათხოვრებისთვის განკუთვნილ ჩემს სტერეოტიპს; რამდენგან ვყოფილვარ მიპატიჟებული ან საქმეზე მისვლა დამჭირვებია, იმდენჯერ – სტერეოტიპის ძალით და მისგან გამომდინარე – საგანგებოდ მიფიქრია, თუ რისთვის უნდა მიმექცია ყველაზე მეტი ყურადღება ჩაცმულობაში და ეს კი ახალი ქვესტერეოტიპის შემუშავებას ნიშნავდა. ძირითადი კი – თუნდ მხოლოდღა მოთხოვნილების სახით – უცვლელი მრჩებოდა: უნდა ვაჩუქო, ჩაცმულობით არავინ შევაწუხო და ასე შემდეგ. აქვე აღვნიშნავ, სტერეოტიპი, პირველ რიგში, თანდაყოლილი თვისებებისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების პროდუქტია და ყველა სტერეოტიპი ერთად – ის კომპლექსი, რომელიც ქმნის ადამიანის დამოკიდებულებას როგორც გარემოსადმი, ისე საკუთარი შინასამყაროს მიმართ. ამგვარად, თუ სტერეოტიპი ერთ რომელიმე მოვლენასთან ურთიერთობის წინასწარ შემუშავებული ხერხია – დამოკიდებულებას მთელ სამყაროსთან ურთიერთობის პრინციპი შეიძლება ეწოდოს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია, მაგრამ ჩემი მიზანი ჩემს მიერ ჭეშმარიტებად მიჩნეული მდგომარეობის შედეგების განხილვაა და არა თვით მდგომარეობის ლოგიკა. ამიტომ, ნათქვამი საკმარისი მგონია. ახლა კი თხრობას მივყვები.

პოლკოვნიკ სახნოვს, ისევე, როგორც მის თანამოლაშქრეთა უმრავლესობას, პირველივე გოდოლი სხვამ აუღო, ამ სხვამვე დიდი ხნით შეუნარჩუნა ერთხელ ნაბოძები სავარძელი და ჭეშმარიტად კომიკური მაინც ის იყო, რომ სამინისტროს საგანგებო საბჭოშიც შეიყვანა. ადრეც ვთქვით, ეს “სხვა” მისი მაღალაღმატებულება დიდი მთავარი გახლდათ. სახნოვის წინააღმდეგ გადადგმული რაიმე ნაბიჯი უავგუსტესი ოჯახის წინააღმდეგ მოქმედებასთან იყო გათანაბრებული და გასაგებია, რომ ბატონი პოლკოვნიკის შეუვალობა-ხელშეუხებლობაც გარანტირებულად ითვლებოდა, მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის და საიდუმლო ჰოლიციის შეფის ფრიად უარყოფითი დამოკიდებულებისა თავისი ზურგმაგარი ხელქვეითის მიმართ. სახნოვმა მშვენივრად იცოდა, რომ ხსენებული კაცები მას სიამოვნებით გამოემშვიდობებოდნენ. ამიტომ თავის უფროსებს მტრობითვე პასუხობდა და ვინაიდან თავდაცვის საუკეთესო სახე შეტევაა, ჟანდარმთა შეფის პორტფელის ხელში ჩაგდებაზე არა მარტო ოცნებობდა, არამედ ენერგიულ ზომებსაც მიმართაედა ამ მხრივ. ყოველივე ამას იგი თავისი სამსახურებრივი ფიასკოების პარალელურად სჩადიოდა. სწამდა, რომ ძალა აღმართსა ხნავს. იმ დროისთვის, როცა დათა თუთაშხია ხელმეორედ იყო გააბრაგებული, “კილიკიის” პრაქტიკული შედებები, ორიოდ სიტყვით, ასე გამოიყურებოდა: ორ და მეტწევრიანი ბანდებიდან ხუთი მთლიანად შემოვირიგეთ, ოთხი - თითო კაცამდე შეთხელდა; შემორიგებულთა საერთო რაოდენობიდან თოთხმეტი გადმოვიბირეთ და რვა ურჩი ყაჩაღი მათივე ხელით მოვსპეთ; ოთხი თუ ხუთი აბრაგი დაგვრჩა და მათი რიგიც კარს იყო მომდგარი; გამოვლინებულ იქნა ყაჩაღებისა და აბრაგების ორასამდე მფარველი! მათგან თითქმის მეოთხედმა საიდუმლო თანამშრომლობის ხელწერილი დაგვიდო. ამას გარდა, ხელთ გვქონდა ინფორმაციის გავრცელებისა და შეკრების მშვენივრად განშტოებული, კარგად კონსპირირებული ქსელი. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ოპერაციის ხარჯებმა სულ რაღაც რვა თუცხრა ათასი მანეთი შეადგინა – უპრეცედენტოდ მცირე თანხა. ამაში შედიოდა ყველაფერი: ჯამაგირი მივლინებების ფული, ფოსტა–ტელეგრაფი, აგენტურა და სხვა, დავსძენ, რომ ჩვენი ექსპერიმენტი, პოლკოვნიკ სახნოვის დაჟინებისა და გავლენის წყალობით, სულ მალე მთელი იმპერიის პრაქტიკაში დამკვიდრდა. ჩანაფიქრის მიხედვით, ახალი სისტემა ტახტისა და სახელმწიფო ინტერესების სხვადასხვა სფეროს უნდა მომსახურებოდა. იმ დროისთვის ეს გრანდიოზული სიახლე გახლდათ. რამდენადაც ვიცი, მაშინდელი ევროპის სახელმწიფოთა საიდუმლო პოლიციებს ამგვარი სპეციალიზებული სამსახურები არ გააჩნდათ. ყოველივე ამის ერთპიროვნულ ავტორად, ორგანიზატორად და ხელმძღვანელად – სამინისტროში და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კარზეც – პოლკოვნიკი სახნოვი ითვლებოდა და კუდიც ფარშავანგივით დაჰქონდა! ზედმეტია რაიმე განმარტება, თუ როგორი პერსპექტივები ექმნებოდა პოლკოვნიკს თავისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და თანამდებობრივი მიზნების განხორციელებისთვის.

დათა თუთაშხიას გადმობირების თვითნებური ცდის რეზულტატის მიუხედავად, სახნოვი “კილიკიის” კურატორად დარჩა და ჩვენ მას რეგულარულად ვაწვდიდით სათანადო პატაკებს საქმეების მსვლელობის შესახებ. მისგან ასევე რეგულარულად ვიღებდით სხვადასხვა მითითებების შემცველ საპასუხო წერილებს, მაგრამ ის მითითებები ჩვენს მიერ უკეე ჩატარებული ღონისძიებების გადამღერება იყო ახალი და საყურადღებო – არაფერი. პეტერბურგში ჩემი ერთერთი ჩასვლისას შევიტყვე და დავრწმუნდი, რომ სახნოვი ასე მოქმედებდა: მიიღებდა ჩვენს პატაკს, რომელშიც მავანი საქმის დაგვირგვინება ეწერა, აქვე შეადგენდა წერილს ჩვენს სახელზე, მკაცრი მითითებით, რომ დაუყოვნებლივ გადაგვეწყვიტა მავანი საქმე, ანუ ის, რომლის დაგვირგვინება უკვე მოვახსენეთ; შემდეგ თავის წერილს აკითხებდა შეფს ან თვით მინისტრს – თუ საამისო შემთხვევა მიეცემოდა – და ლუქიანი პაკეტი თბილისში მოდიოდა. დავრწმუნდი იმაშიც, რომ პოლკოვნიკი მე და მუშნი ზარანდიას შეძლებისდაგვარად გვიფუჭებდა სამსახურებრივ რეპუტაციას. იქ არავითარი რეაქცია არ გამიმჟღავნებია, მაგრამ თბილისს დაბრუნებისთანავე მუშნი ზარანდიას ვუამბე ყველაფერი და ვკითხე:

– რას იტყვით ამაზე, მუშნი .

– ეგ ხომ მოსალოდნელი იყო, თქვენო ბრწყინვალებავ.

– სანამ მე და თქეენ ამ თანამდებობებზე ვიმყოფებით, სახნოვი გამუდმებით ჩვენი პროტესტის მოლოდინშია, თუ “კილიკიის” ავტორობაზე პრეტენზია განვაცხადეთ, მას მტკიცება, დავა, თავის მართლება დასჭირდება. ეს კი მის წვლილსა და დამსახურებას ეჭვს ქვეშ დააყენებს. არა მგონია, პოლკოვნიკმა “კილიკიის” ავტორობაზე ხელი აიღოს და შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება არ სცადოს. თუ ეს ასეა, მაშინ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, – ვთქვი მე.

დღესაც ისე მგონია, რომ პოლკოვნიკის ხრიკები და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა გააზრებული, შეგნებული რამ არ ყოფილა – ინსტინქტურად, ქვეცნობიერად მოქმედებდა, სხვისი ნაღვაწის მიმთვისებელს შიში ამოძრავებდა, ვაითუ მამხილონ და გამამასხარაონო. ამიტომ გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, როგორმე დაგვერწმუნებინა, რომ ჩვენი მხრიდან ჭეშმარიტი ავტორობის საკითხის წამოჭრა გამორიცხული იყო და ზემოთქმულს დავძინე:

– ვერ დავარწმუნებთ, რომ მაგგვარს არაფერს ვაპირებთ?

ზარანდიამ ჩაიცინა და მითხრა:

– პოლკოვნიკი მხილების იდეფიქსით არის შეპყრობილი, გრაფ. მანდ ფსიქიატრების ჩარევაც კი ვერაფერს გახდება, როგორ ფორმებშიც არ უნდა მივაწოდოთ ეგ აზრი – არ დაიჯერებს, ეშმაკობად, ცბიერებად ჩამოგვართმევს.

– მაშ, რა ქნას კაცმა? – გამეცინა მეც.

– ამჟამად, ჩემი აზრით, არ არსებობს ისეთი სვლა, რომელიც მაგ პერსონაზე იერიშის მიტანად არ ჩაგვეთვალოს! მეორე მხრივ, სახნოვთან გვაქვს საქმე და მისგან, როგორც ბრძანეთ, ყველაფერია მოსალოდნელი, სხვათა შორის – სისულელეც.

– კუნქტატორობას მირჩევთ?

– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ.

– ეგრე იყოს. – გავიფიქრე, რომ მუშნი ზარანდია რაღაც ვითარების მომწიფებას ელოდა. – სხვა გზა, მართლაც, არ ჩანს. ამ საკითხზე ფიქრი კვლავაც საჭიროა, მაგრამ მე გთხოვთ, ჩემთან შეუთანხმებლად ნურაფერს იღონებთ.

– სიტყვას გაძლევთ გრაფ!

საუბარი დამთავრებული იყო, მაგრამ მუშნი ზარანდია შეყოვნდა, რაღაცაზე ფიქრობდა. კარგა ხანს იჯდა. მერე თავი ასწია, თვალი თვალში გამიყარა და მკითხა:

– თქვენ ბრძანეთ, ამაზე ფიქრი კვლავაც საჭიროაო. პოზიცია გავარკვიოთ, გრაფ. რა მიმართულებით უნდა ვიფიქროთ: მხოლოდ იმაზე, რომ სახნოვმა ჩვენს წინააღმდეგ ვეღარაფერი შესძლოს, თუ იმაზეც, რომ პოლკოვნიკს, ვთქვათ, სახელმწიფო წისქვილების ან საროსკიპოების ზედამხედველობა ჩააბარონ?

– არჩევანიცა გვაქვს? – გამეცინა, რადგან დასმული საკითხი ჩვენი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის საზღვრებს, ჩემი აზრით, ძლიერ შორს სცილდებოდა.

– ვითარებაზე ჰკიდია, თქვენო ბრწყინვალებავ.

– თქვენ რას მიიჩნევდით ამოსავალ წერტილად?

– ტახტის, იმპერიის ინტერესებს, როგორც ყოველთვის! შეფის თანამდებობაზე სახნოვის წამოსკუპება ტრაგიკული შეცდომა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია იქნებოდა. ეს ჩემი შეხედულებაა, თქვენო ბრწყინვალებავ, და ნათქვამზე მხოლოდ მე ვაგებ პასუხს.

ფიქრმა წამიღო. მუშნი ზარანდია ჩემს სიტყვას აღარ დალოდებია, თავი დამიკრა და გავიდა.

იმან დამაფიქრა, რომ ჩემი სამსახურის მანძილზე პირველად, უნებლიეთ და სრულიად შეუმჩნევლად აღმოვჩნდი ჩემი ღირსებებისთვის შეუფერებელ ურთიერთობებში და ისიც ჩემს ხელქვეითთან! ჩვენთვის სახნოვი ჯერ ზემდგომი მესვეური იყო და მერეღა ამა თუ იმ ღირსების ან ნაკლის მქონე პირი. მის წინააღმდეგ რაიმე ფარული ქმედება ან განზრახვა პროფესიული ეთიკის დარღვევას ნიშნავდა და ფიცის გატეხას ჰგავდა. სახნოვის მოქმედება გაკიცხვასა და მსჯავრს უდავოდ იმსახურებდა, მაგრამ ამას ჯერ ჩემი ან ვისიმე წერილობითი პატაკი, ერთი სიტყვით, საქმის აღძვრა სჭირდებოდა, შემდეგ, საჩივარში დაყენებული საკითხების შესწავლა და ბოლოს – ხელმძღვანელობის სათანადო გადაწყვეტილება. მომეჩვენა, რომ მუშნი ზარანდიამ სახნოვის წინააღმდეგ აკრძალული ხერხებით განიზრახა ბრძოლა. ჩემს პირდაპირ, გადაუდებელ მოვალეობას შეადგენდა, მომეთხოვა მისგან წერილობითი ახსნა–განმარტება, დამედო სასჯელი და, რაც მოხდა, პატაკით მეცნობებინა შეფისთვის. ასეთი იყო დამკვიდრებული წესი, სხვანაირად არც მქონდა წარმოდგენილი. ახლაც იგივე დავაპირე და რაღაცამ შემაკავა– ამიტომ იყო, გამიელვა, იქნებ უკვე შევყევი ჩემს ხელქვეითს შეთქმულებაში და ქვეცნობიერება საკუთარი დანაშაულის აღიარებას მიკრძალავს–მეთქი. გადავათვალიერე სახნოვ–ზარანდიას წრის ყველა ურთიერთობები, მეხსიერებაში აღვიდგინე ყველა საუბარი: მე იგი სახნოვთან ბრძოლისთვის არ ამიქეზებია, არც რაიმე ბიძგი მიმიცია, მხოლოდ ვთხოვე, ჩვენს უსაფრთხოებაზე ეფიქრა. ეს მარტო ასე იყო და მაინც ვერ ვიგრძენი სურვილი, ზარანდიასთვის კუთვნΉლი მიმეზღო. მაშინ იმაზე დავიწყე ფიქრი, შეეძლო თუ არა მუშნი ზარანდიას, სახნოვის თემაზე ჩვენი ბოლო საუბარი ჩემს წინააღმდეგ გამოეყენებინა? შეეძლო! საკმარისი იყო, შეფისთვის, მინისტრისთვის ან თვით სახნოვისთვის სათანადო შინაარსის პატაკი ჩემზე ადრე მიეწერა და მაშინ იმის მტკიცება მომიხდებოდა, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი, ამ მოსაზრებამ ცოტათი შემაფუცხუნა, კალამიც კი მოვიმარჯვე და არამცთუ წერა ვერ შევძელი, არამედ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ზარანდიას წინააღმდეგ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამდი – არ მსურდა! ეს უკეე კომპრომისი იყო. სამსახურთან, მოვალეობებთან ურთიერთობის ერთ–ერთი სტერეოტიპი საპნის ბუშტივით გასკდა. მე ეს დავინახე და არავითარი ზომები არ მიმიღია. ალბათ, აქ მოხდა პირველი გარდატეხა ჩემს აზროვნებასა და სულიერ ღირებულებათა მიმართ დამოკიდებულებაში!

რატომ?

ამის განსჯასა და ანალიზს დიდხანს არ მოვშვებივარ. სახნოვის არასოდეს მშინებია. ჯერ ჩემი ავტორიტეტი და დამსახურება იყო ხელშეუხებლობის გარანტია და მერე ის, რომ შეძლებული კაცი ვიყავი და სამსახურიდან გადადგომა არაფრად მიღირდა, ზარანდიას გავლენის ქვეშ მოვექეცი? კატეგორიულად ვაცხადებ: იმ კაცს დიდ პატივს ვცემდი, ვაფასებდი, მაგრამ მის მიმართ ფხიზელი, ფრთხილი დამოკიდებულება არასოდეს მომდუნებია. დავრწმუნდი, რომ ხსენებულმა სტერეოტიპმა არსებობა შეწყვიტა...

 

Hosted by uCoz