ბეგლარ გვალია

 

– “ბოჩოლია” ხბოს დაარქვეს მაგათ და იმ ხბოს ამბავი თვითონ დათასგან ვიცი. მახსოვს ყველაფერი. ათჯერ და მეტჯერ სხვისთვის მაქვს მოყოლილი და კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში. ბოჩოლიას ამბავს ასე მიამბობდა დათა:

“აბრაგობა ისეთი საქმეა, ბეგლარ-ბატონო, ჭკუა თუ აქვს დაყოლილი კაცს, ეშმაკობას, რომ არ უნდოდეს, აბრაგობაში ისწავლის მაინც. ჩემი მდევრები, მართალი გითხრა, სულელები არიან და ჭკვიანურს რომ ვერ იგონებენ ვერაფერს, მიტომ ვერ მიჭერენ. სანამდე ყუბანში გადავიდოდი, იქამდე ვისწავლე მათი ხრიკები. სულელი კაცების ხრიკები იყო ის ხრიკები. იმიტომ ვისწავლე ადვილად, თვარა, ერთი ჭკვიანი ჩაერია საქმეში და მას მერე რამდენჯერმე მოვტყუვდი პატარა ბიჭივით. იმ ერთის მეტი მაგათში არავინ არ ღირს არაფრად. აბრაგებს კი არა, ინდაურებს უნდა დევდნენ მაგენი. ეს ერთი ვიღაცაა, მართლა კაცია და ჩემი გაფუჭება მისი ხელით იქნება – ვიცი მე ეს. თუ გავიგე როდისმე, ვინაა ის კაცი აღთქმა მაქვს დადებული: ძღვენი უნდა მივართვა, დიდი ძღვენი... კარგზე კარგი ცხენი იქნება, ალბათ, ან სხვა რამ კიდევ: მასეთ კაცს დაფასება ჭირია, ასე მწამს მე.

ბოჩოლიას ამბავს გეტყვი ახლა. თუთაშხიების ჯოგი ყველამ იცის სამეგრელოში. სამეგრელოში კი არა და, ნოვოროსიისკიდან ბათუმამდე იცოდა ყველამ; ნამატს საცოდავი მამაჩემი ხან სად ყიდდა და ხან სად, ჯიში მომრავლდეს და ქვეყანას მოედოსო. მიტომ იცოდნენ ყველგან. შავი ჯოგი გვყავდა და მარჯვენა ფერდზე თეთრი დიდი ვაშლი ქონდა ყველას. ხარები გამოდიოდა ჩვენი ჯოგიდან მისთანა – უკეთესს ვერ იტყვის კაცი. გახედავ, მოდის ხუთი წლის ხარი; ტანად კვარაცხელიების ორი ხარის ტოლია და მკლავის სიგრძე რქების წვერები ერთმანეთს ორი მკლავით არის დაცილებული. ზოგი იტყვის, გამწევ ხარს კისერი სქელი და მოკლე უნდა ქონდეს და თავი დახრილიო. მუხლი არ ექნება მაგარი, მოკლე ფეხი თუ არ აქვს და წვივი სქელიო. არ არის მართალი ეს. ნამდვილ ხარს კისერი სქელი კი უნდა, მაგრამ მოკლე თუ აქვს – უღელი გაუფუჭებს მალე. გრძელი კისერია კაი. მაღალი ფეხი რომ აქვს, გრძელი ნაბიჯი იცის მაშინ. თავი ირემივით უნდა ქონდეს მოღერებული. ხარი თავმომწონე და ამაყია კარგი. მეფესავით უნდა მოდიოდეს – დინჯად, ლამაზად, და იცოდე მაშინ, ნამდვილი კაი ხარია. ერთია კიდევ – ძველმა კაცებმა იციან ეს, ახლებმა არ იციან: ცისფერი და დიდი თვალები თუ აქვს – დღეგრძელი ხარია, სხვა ხარზე მეტს ექვს, შვიდ წელიწადს იმუშავებს საცოდავმა მამაჩემმა იცოდა თქმა: ქართველები ნოეს ჩამომავლები ვართ და ნოემ კიდობანში ხარი რომ ჩასვა და ორმოცი დღე წარღვნა რომ იყო, ის ხარი ცის და წყლის მეტს ვერ ხედავდა ვერაფერს, თვალები გაუცისფერდა და იმ ხარის ჯიშია ჩვენი ჯოგიო...”

აქამდე რომ იტყოდა დათა თავის ჯოგისას, გაჩერდებოდა, იფიქრებდა ერთხანს, მერე ჩიბუხის დატენვას მოკიდებდა ხელს და დაიწყებდა ისევ:

“მამა რომ დაგვიტორეს და დაგვიგლიჯეს დათვებმა, ბუღიან-ნაშენიანად ექვსას ორმოცი სული იყო ჩვენი ჯოგი. სანამდე გავიგეთ, ჩვენს თავზე რა უბედურება დატრიალებულიყო და სანამდე ბიძაჩემმა მიცვალებულს ააკითხა, კაი ხანი გავიდა. მივიდა ბიძაჩემი მაგალი ზარანდია მთაში, მოაგროვა მიფანტულ-მოფანტული და დაპარული ჯოგი. რას მოაგროვებდა, ნეტარი კაცია, საწყალი; ქურდი, პატიოსანი და პირუტყვი ერთნაირად ეცოდება ყველა. ხმამაღალ სიტყვას ვერ წამოაცდენინებს და ავს ვერ ათქმევინებს ვერაფერს კაცი. დიაკვანია დღესაც, მაგრამ მის სიცოცხლეში კაპიკი არ იცის მრევლის. ასეთი ადამიანი რას მოაგროვებდა, მოუყარა თავი რაღაც სამას თუ სამას ორმოცდაათ სულს. შავდიებს მიცა სამეოთხედოდ. მეოთხედი ჩვენი და სამი მეოთხედი მათი უნდა ყოფილიყო ნამატი. ბავშვი ვიყავი მაშინ. დედა რომ კაი ხნის მიცვალებული გვყავდა და მე და ჩემს დას, ელეს, მამიდაჩემი თამარი და მისი ქმარი მაგალი ზარანდია რომ გვზრდიდნენ თავის საკუთარ შვილებთან ერთად და თავის საკუთარ შვილებზე უკეთ – იცი შენ ეს. მაშინ რას გავხდებოდი, მაგრამ შევსრულდი ჩვიდმეტი წლის და მივაკითხე ჩემს ჯოგს. ჩამაბარეს შავდიებმა იმდენი სული, რამდენიც ბიძაჩემისგან ჩაიბარეს, მაგრამ ხბო, მოზვერი და დეკეული იყო მთელი ჯოგი; ხარი და ძროხა თავის წილად წაიყვანეს შავდიებმა. რას ვიზამდი. მივყევი საქმეს, კარგად მოვაშენე ისევ, მაგრამ მიწია აბრაგობამ და დარჩა ჯოგი უპატრონოდ. ელე, ჩემი და, მთლად ბავშვი და გამოუცდელი იყო მაშინ. სანამდე საქართველოში ვტრიალებდი, რა უჭირდა საქონელს, – ძოვდა, მრავლდებოდა და ისევ სამეოთხედოდ ყავდათ ხაცაციებს. აქ რომ ვეგულებოდი, უვლიდნენ კარგად, პატრონის მეოთხედსაც პატიოსნად უხდიდნენ ელეს. გადავიკარგე მერე. ოთხი წელიწადი არ გავკარებივარ ჩვენს მიწა-წყალს. ხაცაციებმა იფიქრეს, – მოკლეს სადმე დათა თუთაშხიაო. ხომ იცი კაცის ამბავი – ხარბი ვართ და გაუმაძღარი; წასძლიათ სულმა, გამიფლანგეს საქონელი. რომ დავბრუნდი, სადღა იყო ჯოგი! ყავდა ელეს ბოსელში ერთი სპილოსავით ბუღა და ერთადერთი ძროხა საწველად, ეს იყო და ეს. გამოჩენა იყო ჩემი – მომიგზავნეს ხაცაციებმა შუაკაცები. იფიცეს, იტირეს, – ჭირი გაუჩნდა ჯოგს, გაგვიწყდა და რა ვქნათ აწიო. ვიცოდი ხალხისგან, არაფერი ჭირი არ გასჩენია საქონელს და ახალქალაქელ მალაკნებს რომ მიყიდეს ხაცაციებმა ჩემი ჯოგი, მაგრამ არ მეცალა ამ საქმეზე გასადევნებლად. გამოვართვი ხაცაციებს ათასი თუმანი და მივანებე თავი. ასე იყო ეს”...

ამ ადგილზეც გაჩერება იცოდა დათამ. გაიღიმებდა პატარას...

როგორ გაიღიმებდა, თუ იცი? კაცს უწინ ჩადენილ სათაკილო საქციელის მოგონებაზე ღიმილი რომ წვევია, გინახავს, ალბათ, ასე იცოდა გაღიმება დათამაც და მერე იტყოდა დანარჩენს:

“ჩემმა მამიდაშვილმა, მუშნი ზარანდიამ, პატიების ქაღალდი რომ გამომიწყო მეფისნაცვლისგან, ავიღე ხელი აბრაგობაზე, მოვედი ჩემს სახლში. ერთი თვის მერე იმ დღეის სწორს მოიგო საფურე ხბო ძროხამ – ულამაზესს რომ ვერ ნახავდი, ისეთი ხბო. ელე სიხარულით აღარ იყო; მშვიდობის, სიკეთის და გახარების ნიშანი მოგვცა ღმერთმა, საფურე ხბო რომ მოიგო ძროხამო. ისევ მოგვიშენდება ჯოგი და ისევ მამა-პაპის მადლი და დოვლათი დაგვიტრიალდება ოჯახშიო. მარტვილში წავიდა, წირვა გამოაყვანინა, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, ათი თუმანი შეწირა მონასტერს. დაბრუნდა იქედან და სანამდე კარგად არ გაზაფხულდა, ლოგინში არ იწვენდა იმ ხბოს, თვარა სხვაფრად, თბილ ოთახში ყოფნა და დიდი პატივი არ დაუკლია. ბოჩოლია დაარქვა სახელად. დედა არ გამიგონია და არ მინახავს შვილის მომვლელი, ელე რომ იმ ხბოს უვლიდა. ქალია, ვფიქრობდი მე, და შვილებისთვის რომ განგებამ წუხილის და ამაგის ღონე მიცა, შვილები არ ყავს და ამ ხბოზე გამოიღო ყველაფერი-მეთქი.

უკაცო ოჯახის ამბავი მოგეხსენება და მივყევი სამუშაოს. იქეთ სახნავი, აქით საბარავი. ეგერ ღობე, ეგერ ჭიშკარი, ბაღი, ვენახი... საქმეს რა გამოლევს ოჯახში! მარტოკაცი ვიყავი, მაგრამ ჯაფა ყველაფერს ერევა და კარგად გავართვი თავი საქმეს. ისე ჩანდა, რომ შემოდგომაზე ჭირნახული სამი და ოთხი ოჯახის საკმარი უნდა მომსვლოდა. არ დავდიოდი არსად, დღეობები, ქორწილები, ნათლობები და ასეთები არ იყო ჩემთვის, ვერ ვეგუებოდი ხალხს”.

მართლა არ დადიოდა დათა არსად. კაცმა რომ თქვას, მიზეზიც ქონდა ამის: დათა თუთაშხია დაბადებით ისეთი კაცი იყო მას რომ ესმოდა, იმ სიმართლის გულისთვის ხიფათს არ დაერიდებოდა და თავს არ დაიზოგავდა. მიტომ იყო, ხალხს რომ უყვარდა, მაგრამ ერთ დღეს შეუქცია ზურგი ყველაფერს: გული მოუვიდა, ყველა ძე-ხორციელი ჩემისთანა და ჩემზე უკეთესი რატომ არ არისო! მისი მამობილი მაგალი არანდია და თვითონ დათა თუთაშხია რომ იყვნენ, ყველა კაცი ისეთი თუ იქნა, რა უჭირს მაშინ მაღლა ღმერთს და ძირს ერს! არ გამოდის ასე. გასაბრაზებელი და გასადგომი რა ქონდა დათა თუთაშხიას, არ ვიცი მე. თავისი დღე და მოსწრება არამკითხესავით ეჩრებოდა ყველას საქმეში. მტერიც ბევრი გაიჩინა ამით. მართალია, ის მტრები ცუდი და გლახა კაცები იყვნენ, მაგრამ უარესია ეს – კარგი კაცის მტრობის იმდენი ნუ შეგეშინდება, ცუდი კაცის მტრობის გეშინოდეს უფრო. აიყარა ხალხზე და მის გასაჭირზე გული დათამ; სამურზაყანოსკენ მიმავალი კაცი ფოთისკენ რომ შებრუნდეს, ისე შებრუნდა დათაც. სანამდე მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია მთავრობასთან შეარიგებდა, კაი ხანს როგორი იყო დათა თუთაშხია, თუ იცი?.. მართალია, თვითონ არავის და არაფერს არ დაუშავებდა, მაგრამ მის გვერდით წმიდა გიორგისთვის ყელი რომ გამოეჭრათ, თითს არ გაანძრევდა არასგზით. ეს ქვეყანა ისეა დაწესებული, რომ შენ თუ არ გინდივარ, არც მე მინდიხარ მაშინ! ნახა ხალხმა, დათა თუთაშხიამ ფეხებზე რომ დაიკიდა ყველა უსამართლობა და ადამიანის გასაჭირი. მაშინ თვითონ ხალხმაც აიყარა გული დათაზე. ვინც ერთგული და ჭირში ხელის შემწყობი კაცები ყავდა, შემოეფანტა და შემოეკარგა ყველა. ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა და გააფთრდა დათა, მაგრამ რას იზამდა, როცა არ ესმოდა, თვითონ რომ იყო დამნაშავე. ამას დაემატა კიდევ: ის პატაშიძეები ქილიები და მისთანები, უჭკუო კაცები იყვნენ ყველა, მაგრამ მაინც მიხვდნენ, აბრაგის სიმაგრე რაშია, და დაიწყეს თავისი კაცების პირით დათა თუთაშხიაზე ათასი უბედური და პილწი ხმების დაყრა. ხალხმა დაიჯერა ყველაფერი. დაიჯერა კი არა, ჭორს ჭორი დაუმატა და ისეთი ამბები შეთხზა, დათა თუთაშხიას მის სიცოცხლეში გულში და გონებაში რომ არ ქონია. ეს მიტომ გააკეთა მთავრობამ, რომ ხალხი დაკარგოდა დათა თუთაშხიას საბოლოოდ და ისევ გააბრაგებაზე აღარ ეფიქრა. მიტომ იყო, რომ არ დაიარებოდა არსად და სამუშაოს რომ აკვდებოდა ზედ... რა ადგილზე გავჩერდი, რას ლაპარაკობდა დათა?..

“სექტემბრის ბოლოა, ასე, რვა თვე სრულდება, შერიგებული რომ ვარ მთავრობასთან. დაბრუნდა სოფლის ნახირი და არ მოვიდა ეზოში ჩვენი ბოჩოლია. გაიქცა ელე, – სადმე შერჩებოდა ღობისძირა ბალახსო. ვერ იპოვნა, წავედი მე. ვნახე მენახირეები, ვკითხე ხბო. წყალზე რომ წავიყვანეთ ამ დილას ნახირი, მაშინვე აღარ იყო თქვენი ხბო და ვიფიქრეთ, სოფელში თუ დაბრუნდაო.

ვიცი, სამზადში თმებჩამოშლილი ზის ჩემი ელე და მოთქვამს თავის ბოჩოლიას. საწყალმა, დედაჩვენი ვერ იტირა – ახალი მიტოვებული ქონდა ძუძუ; მამაჩვენი ვერ იტირა –შვიდი წლის იყო. ქალი უტირლად ვერ იქნება და არ გაჩერდება! არ შეიძლება ვიფიქრე, ჩემი ხელცარიელი დაბრუნება. კაი ხუთი, ექვსი ვერსის სიშორეს არ დამიტოვებია ხევი, ტყე და ბუჩქნარი. მთვარიანი ღამე იყო, ღამითაც ვეძებე; არაფერი! მივბრუნდი შინ; ელეს, არც ჭადი დაუცხვია, არც ძროხა მოუწველავს – ტირის, იპოტნის ლოყებს და იგლეჯს თმებს.

– რას შვრები, შე ქალო! – გავჯავრდი მე. – ჯოგი დავკარგეთ, იმაზე არ დაგიწევია ასეთი ამბავი. ხბოა ერთი – სხვა ხომ არაფერი... უეჭველად მოპარული ან ნადირის შეჭმული რატომ გგონია, მაინც? წავალ დილით ადრე და მოგიყვან შენს ბოჩოლიას!

ვერ გავხდი ვერაფერს, არ იქნა ელეს დამშვიდება და დაწყნარება. შეიკეტა კარი თავის ოთახში; დილამდე წმიდა გიორგის ხატის წინ იდგა მუხლებზე დამხობილი და ტიროდა სულ. მომკლა მისმა ცოდვამ და რა დამაძინებდა. მზე კაი ამოწვერილი იყო უკვე და ელე თავისას ამბობდა ისევ:

– ილორიში წმინდა გიორგი, დიდ ღორონთი, სქან სახელი ხვამელი, ღორონთ თუთაშხა, სქან სახელი ხვამელი, ქოურგებე სქან ტიბინი ჩქიმ დათას, დო გინომტე გაჭირვებაში, ღორონთ თუთაშხა!.. – და ასეთები სულ.

ჩავიცვი ტანზე, ჩავიდე გუდაში საგზალი, მოვეფერე ელეს, – ნახავ, თუ არ მოგიყვან ილორის წმინდა გიორგის და თუთაშხა ღმერთისგან ნიშნად გამოგზავნილ ბოჩოლიას-მეთქი, და წავედი. გეტყვი სიმართლეს, იმედიანად წავედი, შუადღემდის ვაპირებდი პოვნას და მოყვანას, მაგრამ დაღამდა და მაინც ვერ მოვნახე.

აღარ გავაგრძელებ დიდად – მოპარული იყო ხბო. ექვსი, შვიდი თვის საქონელს ბოჩოლა და ხბო აღარ ქვია, დეკეულად შეიძლება, ჩაითვალოს უკვე. ამხელას კი დაფატრავს ნადირი, მაგრამ ზურგზე წამოგდებას და შორს წაღებას – უკაცრავად ვარ, ვერ მოერევა. კაი ღონიერი მგელი, თვალს რომ მიაფაროს, ისეთ მანძილზე გაათრევს წვალებით. გაათრევს, დაუწყებს ჭამას, გაძღება. მერე ან დაფლავს, ან მიატოვებს ისე. იმდენ ძებნაში დამარცხებული საქონლის კვალი რომ ვერ ვნახე – მოპარული იყო და მორჩა ეს. არა, მოპარვა ვინ გამიბედა, ნეტავი ვის ქონდა რკინის გული და ორი თავი! რასაც ხალხი ჩემზე ლაპარაკობს, იმის გამკეთებელი არ ვარ; არც ვაჟკაცობა მქონია იმდენი და არც გლახა კაცობა, სხვა საქმეა ეს, მაგრამ, რაც სახელი მქონდა, რაც ხალხს ვეგონე, ვეღარ უნდა გაებედა ვინმეს ჩემი საქონლის მოპარვა...

ელე თავის ოთახში ლოცულობდა და ტიროდა. იქით, ჩემს ოთახში, მე ვფიქრობდი, ლამის გამისკდა თავი და გადმომეღვარა ტვინი: სანაშენოდ თუ მოიპარა ვინმემ? გამოყოფდა როდისმე თავს თუთაშხიების ჯიშის საქონელი, იცოდა, მომპარავმა ეს და ვერ გაბედავდა. კაი და, იმ ჯიშის ბუღაც ხომ იყო საშოვნელი – ჩვენსას უნდა მოეყვანა თავისი ძროხა იმ კაცს. არ გამოდიოდა ასე. ისეთმა ბაცაცამ თუ მოიპარა რომელიმემ, რომ არ იცოდა, ჩემი თუ იყო?.. მაგრამ მოპარულ ბოჩოლიას გზა-გზა ვერ ატარებდა, უგზოზე უნდა წაეყვანა. საით და როგორ წაიყვანა იმ ოხერმა, კვალი რომ ვერ ვნახე ვერსად! დავანებოთ თავი ამას.

სოფლის თავში ერთი პატარა საყანე მქონდა, ღომი იცოდა კარგი იმ მიწამ და დავთესეთ ღომი. იქ ვართ მე და ელე, დავყურებთ მოსავალს, აღება როდის უნდა, ამას ვლაპარაკობთ. ორი დღეა მას მერე, რაც ჩვენი ბოჩოლია მოიპარეს. ჩამოიარეს ამ დროს ტყიდან ქალებმა, ფიჩხი აქვთ მხარზე გადებული.

– დილა მშვიდობისა, დათა-ბატონო!

– მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა!

– ბოქაულმა აქით სოფლები რომ კაცი გამოგზავნა, რაც თქვა იმ კაცმა, იცით, ალბათ?

– რა თქვა იმ კაცმა? – დამასწრო ელემ.

– რა თქვა და, პოლიციას ნაპარავი ბოჩოლა წაურთმევია ქურდისთვის თურმე; ამ სოფლებში ვინმეს თუ დაეკარგა, მოვიდეს, გამოიცნოს და მისი თუა – წაიყვანოსო.

– რა თქვა ბოქაულის კაცმა, რა ფერის და რამხელა არის ქურდისთვის წართმეული ბოჩოლაო? – კითხა ისევ ელემ.

რას არ იტყვის ქალი!

– არ უთქვამს, ელე, მაგ... – უთხრა მეზობლის ქალმა და კაი ხანი იკაკანეს, იტყოდა თუ არ იტყოდა ბოქაულის კაცი მონაპარი ხბოს ნიშნებს.

წავიდნენ ფიჩხიანი ქალები და აიკვიატა ელემ:

– ჩვენი ბოჩოლია იქნება, ნამდვილად!

წამოვედით შინისკენ. რა უნდა, ვფიქრობდი მე, ჩვენს ბოჩოლიას პოლიციაში? არ მომასვენა ამ ფიქრმა. რაც მეტი ვიფიქრე, უფრო დავრწმუნდი, რომ ეშმაკობა და მამაძაღლობა არაფერი არ იყო ამაში; ჩემს მისატყუებლად და დასაჭერად თუ მოიპარეს ბოჩოლია?.. დაჭერა თუ უნდათ ჩემი, მოვლენ და დამიჭერენ. სტრაჟა აკლიათ, სალდათები თუ კაზაკი ყავთ ცოტა?! მეფისნაცვლის მოცემული პატიების ქაღალდი აგე მაქვს. ჯერ კავკასიის განმგებელი არ გადავა სიტყვას და მერე გენერალი სეგედი არ გამიკეთებს ასეთ საქმეს. ათასნაირად გავზომე და ავწონე ყველაფერი. საეჭვო ვერ ვნახე რამე, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, – ხომ შეიძლებოდა, რამენაირად ისე ყოფილიყო საქმე, მე რომ ვერ ვხვდებოდი! ასე გადავწყვიტე: ჩემს ბოჩოლიას პოლიციაში არ ესაქმება არაფერი, სხვისი საქონელია ის საქონელი და ნამდვილად ჩემიც თუა, მაინც არ წავალ არასგზით! ვერც წამიყვანდა ვერაფერი ძალა, სანამდე ვაჟკაცი ვიყავი, მაგრამ ქალი რომ შემოგიჩნდება და ისიც შენი საკუთარი და, მთელი სიცოცხლე შენზე ლოცვას რომ გადაყვა და შენი გულისთვის დაღვრილ ცრემლს ჭურებში რომ ვერ ჩატევს – აღარ ხარ მერე ვაჟკაცი, ნამდვილია ეს. შემომიჩნდა ელე მაგრამ როგორ შემომიჩნდა! – წადი და წადი, მომკალი თუ გინდა, ჩვენი ბოჩოლიაა პოლიციაში, ვიცი მეო. მისი დაკარგვა ოჯახის ხელახლა დანგრევა იქნება, უეჭველია ესო. ასეთი ჯიშის არის, ისეთი მეწველი დადგება, ჯოგის დედაა და სხვა მისთანები გაუთავებლად. რას არ შევპირდი: არ მომწონს მაინც ჩვენი ჯოგის საქონელი. გადაჯიშდა უკვე, სხვა გავიჩინოთ, ის აჯობებს, ათს ერთად ვიყიდი კაი ჯიშის ბოჩოლებს-მეთქი. ეს რომ არასგზით არ ქნა, მაშინ ახალქალაქში გადასვლას და ხაცაციებისგან გაყიდული ჩვენი ჯოგის ნაშენის გადმოყვანას შევპირდი. არც ეს ქნა, – ჩემი ბოჩოლია მინდა და არ გამაგონო არაფერიო! წავიკიდეთ ამაზე, აღარ გავეცით იმ საღამოს ერთმანეთს ხმა. ავდექი დილით – სად არის ჩემი ელე! მოვიკითხე მეზობლებში; ბოჩოლიას მოსაყვანად წავიდა ამ დილასო, მითხრეს. ერთი კი გამიელვა, არაფერი უჭირს, იაროს ორმოცი ვერსი იქით და ორმოცი ვერსი აქეთ-მეთქი. ჭკუის სასწავლებლად კაი იყო, მაგრამ შემეცოდა ქალი. შევკაზმე ცხენი, კაი შორს წასულს დავეწიე, დიდი ხვეწნით და მუდარით დავაბრუნე და წავედი მაზრაში თვითონ. მიხაროდა, საწყალ ელეს რომ არ მოუხდა იმ გლახა კაცებში სიარული, ბოჩოლიას ძებნა და გამოცნობა. გზა-გზა არაფერ ხიფათზე არ მიფიქრია. ცხენი კარგი მყავდა. მაზრის პოლიციას რომ მივადექი საღამო სად იყო ჯერ! ჩამოვხტი, მივაბი ცხენი ხეზე, შევედი ეზოში. დიდი ეზო აქვს იმ პოლიციას, ოთხივე მხრიდან ღობე და შენობებია შემორტყმული. პოლიცმეისტერის კაბინეტი მეორე სართულზე იყო. მივედი აივანთან და დავიძახე:

– ნიკანდრო ქილია, გამოდი ერთ წუთს, საქმე მაქვს შენთან!

გადმოდგა მოაჯირზე პოლიცმეისტერი ნიკანდრო ქილია:

– გამარჯობა შენი დათა თუთაშხია! რა გაგჭირვებია ასეთი, ამსიშორეს რომ მომაკითხე, ხომ არ დაგჩაგრა და დაგჯაბნა ვინმემ? – იცინოდა მამაძაღლი.

– გაგიმარჯოს, ნიკანდრო... ამბობენ, ნაპარავი ბოჩოლა გყავთ აქ და ჩემი ხომ არ არის ამის გასაგებად მოვედი!

კინაღამ მოკვდა სიცილით ქილია, სამეგრელოში შენ მოგპარეს რამეო?!

– მომპარეს! – გავიცინე მეც.

დაშოშმინდა ქილია და მკითხა:

– როდის მოგპარეს?

– მეოთხე დღეა დღეს.

– გაბისონია, მოდი აქ!.. როდის წავართვით ის ხბო?

გამოეშტრინგა გაბისონია თავის უფროსს და, მესამე დღეა დღესო, უთხრა.

– რა ფერის არის შენი ბოჩოლა?

– ნიკანდრო ქილია, ეშმაკობ რაღაცას! ის ხბო ნანახი გყავს, გატყობ. ნანახი რომ გყავს, მაშინ ისიც კარგად იცი, ვისი ჯოგის ნაშენია. დაგავიწყდა, თუთაშხიების საქონელი შავი რომ არის და თეთრი დიდი ვაშლი რომ აქვს მარჯვენა ფერდზე?.. მეშვიდე თვეშია ჩემი ხბო, თვალები ცისფერი აქვს.

– შე კაცო, ნანახი რომ მყავს, მიტომ გეკითხები სწორედ, – თქვა ქილიამ და გაბისონიას უთხრა: – ამისია მაგ ხბო, ასე მგონია მე, რას იტყვი შენ?

– დათა-ბატონმა რომ ბრძანა, ისეთია ის ხბო! – დაუდასტურა გაბისონიამ.

– კაი, აბა, დათა-ბატონო. მიდი მაგერ, თავლის კუთხეშია დაბმული და თუა შენი – წაიყვანე. საკვები არ მოკლებია აქ შენს ხბოს და სასმელი. გალახული თუ იქნას, მომპარავის ბრალია. სად და როგორ ატარა – ვინ იცის. მშვიდობით და ჭკუით იყავი, აბა!

მოვათვალიერე იქაურობა. საეჭვო ვერ ვნახე ვერაფერი. ჩაფარი თვლემდა საკუჭნაოსთან და მეჯინიბე დაბორიალობდა ეზოში. შევაღე თავლის კარი. ჩვენი ბოჩოლია იყო ნამდვილად. მიცნო საცოდავმა და დაიბღავლა. ცხენის მოსართავით ყავდათ დაბმული. მივედი, მოვეხვიე ყელზე. სინდისს ვფიცავ, ცრემლით აევსო ცისფერი თვალები ბოჩოლიას. ავხსენი თასმა, თოკი არ მქონდა წამოღებული. რა ვიცოდი, მართლა თუ ვიპოვიდი ბოჩოლიას. ესეც არ იყოს, აღელვებული ვიყავი დილით და თოკის დარდი არ მქონდა. შემოვიხსენი ქამარი, მოვაბი ბოჩოლიას ყელზე და წავედი კარისკენ, სულ კუნტრუშით და ფრუტუნით მომყვებოდა. მივაწექი კარს, არ გაიღო. კიდევ მივაწექი, არც ახლა გაიღო და მივხვდი, დაკეტილი რომ იყო. გული მომივიდა, მხარი მივარტყი, მაგრამ გარედან უშველებელი ურდული ქონდა და კარიც სქელი და მაგარი იყო.

– რაო, დათა თუთაშხია, არ იღება მაგ ოხერი, ხომ? – გავიგონე ვიღაც მყრალი კაძახის ხმა. – არაფერია, მოითმინე ერთხანს.

– გააღე ახლავე, შე ცინგლიანო, ვიღაც ტუტუცი ხარ მანდ!.. სახუმროდ არ ვარ მოსული მე!

– არავინ არ გეხუმრება, დათა თუთაშხია, რომ იცოდე შენ, – გასიებული ცხვირპირი შემოყო სარკმელში ნიკანდრო ქილიამ. – დაკავებული ხარ და დაწყნარდი ახლა!

– აგერ მაქვს მეფისნაცვალის ქაღალდი, შე ციგანო მამაძაღლო და, მუშნი ზარანდია ცალკე მოგივლის კიდევ!

– მუშნი ზარანდია ახლა პროკლამაციებს დადევს და შორსაა აქიდან. მეფისნაცვლის ქაღალდს დააფურთხე, მიიწეპე გავაზე და გქონდეს იქ. თბილისში ახალი მეფისნაცვალი რომ დაჯდა და სხვის გაცემულ ქაღალდებზე პასუხს რომ არ აგებს, არ იცი, ალბათ, შენ.

– ნამუსი მამაშენეს არ ქონია, პაპაშენს, შენს გვარში წარღვნას აქით არავის და შენ ვინ მოგაოხრებდა, შე საცოდავო, შენ! – დავუყვირე ქილიას.

– ამ საჯინიბოდან რვა ცხენი რომ წაიყვანე, დათა თუთაშხია, იქედან ექვსი იყო ხაზინის და ორი – ჩემი საკუთარი. შენი რჯულის, მიწა-წყლის და სისხლის კაცს ცხენებს რომ პარავდი, ვისი ნამუსით იყო ის? მამაშენის, პაპაშენის და წარღვნის მერე შენი წინაპრების ნამუსით იყო, ხომ?

– ასე ტუტუცებს სად გპოულობენ, თქვე უბედურებო, თქვენ! პატაშიძე და შენ ღვიძლი ძმები და ერთნაირი სულელები ხართ, სახარებაზე დავიფიცებ ამას. რას არის, რომ ყბედობ, ნეტავი! – ელაპარაკე ახლა ამ რეგვენს, მე რომ არ წამიყვანია ის ცხენები.

თითმერიამ გამოიყვანა და მაჩუქა. იცოდა, კაჯაია ბულავას ვალი რომ მქონდა გადასახდელი – ფოთში მევახშე იყო ერთი. მოკვდა კაი ხანია. გაყიდვით, მართალია ეს, მე გავყიდე.

პატარა ხანს მერე გააღეს კარი და შემოვიდნენ ფეხაკრეფით. რვანი იყვნენ, მაუზრები ჰქონდათ ყველას. მარტო კაცი ვიყავი, ჩემი ბოჩოლიას კისერზე გამობმული ქამრის მეტი არ მქონდა ხელში არაფერი, მაგრამ ერთი რომ დამეფხუკუნებია, ნახევარს გული წაუვიდოდა შიშით, ნამდვილად ვიცი ეს, მიქნია სხვა დროს.

– აწიე ხელები მაღლა! – დამიყვირა კარში გაკვეტებულმა ქილიამ.

– ხელებს კი არადა, ფეხებსაც აგიწევ კიდევ! მოიტანეთ მაგ ბორკილი, დამადეთ და გაათავეთ მაიმუნობა დროზე. ჩქარა ქენით აწი!

ბავშვებივით დაფაცურდნენ, სირბილით მოიტანეს ბორკილი, დამადვეს და გაიკეტეს კარი.

ღამემდე საჯინიბოში ვყავდი. დაღამდა, გამიყვანეს ჩუმად. ხმაურს რომ ძალიან ერიდებოდნენ, ისე ამიყვანეს ნიკანდრო ქილიას კაბინეტში. სანამდე კიბეებს ავივლიდი, იქამდე მივხვდი, ჩემი დაჭერის და იქ ყოფნის ამბავს რომ მალავდნენ და არავისთვის გაგებინება რომ არ უნდოდათ. იმასაც მივხვდი, რომ ქილიასთანა ტუტუცის მოგონილი არ იყო ბოჩოლიას ხრიკი და რაღაც დიდი ეშმაკობა რომ ტრიალებდა ჩემს თავს, მაგრამ ისიც მაშინვე მითხრა გულმა, მათი ხელიდან დაძვრომას რომ მოვახერხებდი. მოხერხდა, თუ გახსოვს, კარგად მოხერხდა, ბოჩოლიაც რომ წამოვიყვანე, ისე. ასე იყო ეს ამბავი და დღემდე არ ვიცი, ვის მოაპარვინეს ჩემი ბოჩოლია”.

პოლიციაში რა მოხდა, როგორ შეძლო იქედან წამოსვლა – ამაზე არ უყვარდა დათას ლაპარაკი. რამდენი წელიწადი იაბრაგა კიდევ, არ მახსოვს ახლა. ამ მეორე აბრაგობაში მიამბო დათამ ბოჩოლიას ამბავი პირველად და მერეც ვაამბობინე ორჯერ თუ სამჯერ.

 

Hosted by uCoz