ნიკანდრო ქილია
მუშნი ზარანდია დიდი ეშმაკი კაცი იყო, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი რომ არ იყო და გულკეთილი რომ იყო, აგერ გეტყვი ამისას.
პატარა
კაცის ამბავი
მოგეხსენება,
ალბათ; დიდი
კაცი
დააშავებს და
პატარას
მოხვდება, შენი
ბრალიაო. ესეც
არ იყოს,
კაცის შვილს,
ხანდახან,
ილია
წინასწარმეტყველი
რომ ვერ მიხვდება
წინასწარ,
ისეთი ამბავი
მოუწევს. ადამიანი
დიდი კაცის
ბრძანებით
რომ შეცდეს სამსახური
უნდა
დაკარგოს და
ოჯახი
მშიერ-მწყურვალი
დაურჩეს? არ
გამოდის
ცხოვრება ასე.
აბა, რა ქნას
პატარა კაცმა?
რა ქნას და,
ისე უნდა
წაიყვანოს
საქმე, რომ თუ
წაიბორძიკა
არ დაეცეს, და
დაცემა თუა,
ადგომაში
თვითონ ის
უნდა
დაეხმაროს,
სარმა ვინც
გამოდო. როგორ
უნდა გააკეთოს
პატარა კაცმა
ეს? როგორ და...
როგორ იყო, საბაჟოს
უფროსობას
თავი რომ
დამანებებინეს
და წელიწადი
რომ
უსამსახუროდ
ვიყავი?! ისევ
იმ ხალხმა
მომცა მერე
პოლიცმეისტრობა,
ვინც საბაჟოს
უფროსობა
ამართვა.
როგორ გავაკეთე
ეს? როგორ და,
უფროსის
პატივისცემა
უნდა იცოდე,
უფროსისთვის
კარგი კაცი
უნდა იყო ყოველთვის,
მარა მარტო ეს
არ კმარა
პატარა უნდა ეშინოდეს
შენი
უფროსებს.
ისეთი რამე
უნდა იცოდე
უფროსის, რომ
გულში შიში
ქონდეს არ
გამთქვას და
არ დამღუპოსო!
ამ საქმეს
თავისი ცოდნა
და მოხერხება
ჭირდება
კიდევ და
მუშნი ზარანდიაზე
რომ დავიწყე
ლაპარაკი,
მისი ამბავი მინდა
გითხრათ
სწორედ.
მომივიდა
ერთხელ
ქაღალდი
თბილისიდან,
დათა თუთაშხია
და მუშნი ზარანდია
მამიდაშვილ-ბიძაშვილი
ყოფილან და გამოიკვლიე,
რა კავშირი
აქვთ
ერთმანეთთან
და ისიც
გამოიკვლიე,
მუშნი
ზარანდია
ხუთი წელი რომ
აქციზში იყო,
რას მუშაობდა
და რას
აკეთებდაო.
გამოუცდელი
კაცი რას
იზამდა?
გამოიკვლევდა,
გაგზავნიდა
პასუხს და
მოისვენებდა.
მეც ასე მოვიქეცი,
მაგრამ არ
მომისვენია;
კარგი კამათელი
რომ მოგივა
ნარდში, იმ
კამათელს ხომ
უნდა კარგი
გამოყენება?..
ისე, გინდ
მოგსვლია და
გინდ არა.
მთავრობისთვის
თავს რომ
იკლავდა მუშნი
ზარანდია და
არც მის
ბიძაშვილ
დათა თუთაშხიასთან
რომ არ ქონდა
საქმე, რის
პოლიცმეისტერი
და რის
ნიკანდრო
ქილია ვიყავი
ეს არ მცოდნოდა!
მაგრამ, რომ
იტყვიან...
სახარე ხბოს
სასკორავში
შეეტყობაო,
ისე ეტყობოდა
მუშნი ზარანდიას,
დიდი კაცობა
მოუწევდა,
ბოლოს და ბოლოს,
და ასეთ კაცს
შიში უნდა
ქონდეს შენი.
ის შიში
გამოგადგება
როდისმე.
მუშნიმ რომ
კონტრაბანდისტებს
ციხეებში
მოუყარა თავი
და მათი
გამოსახსნელი
ასი ათასი
მანეთის
მომტანებიც
რომ მიაყოლა
ზედ, იმ
ხალხში ერთი
ებრაელიც
ერია. მივიდა
მუშნისთან იმ
ებრაელის ორი ძმა,
დიდი ფული
მისთავაზეს,
ჩვენს
სახლიკაცს უშველე
რამეო. არ
გამოართვა
ფული მუშნიმ,
თქვენს ძმას
ისეთი
ბრალდება
აქვს, ციხე
ერთ-ორ წელიწადზე
მეტი არ
მოუწევს და
ნურც თქვენ
გადაყრით
ფულს და ნურც
მე
დამარღვევინებთ
კანონსო, ასე
უთხრა!
წავიდნენ
ებრაელები.
სოხუმში დომენტი
რურუა იყო
ოქრომჭედელი,
იყიდეს
მისგან ბრილიანტის
საყურეები
ხუთ ათას
მანეთად: მუშნიმ
რომ არ იცოდა,
ისე მიუტანეს
მის ცოლს. თხოვეს,
უშველოს
რამე შენმა
ქმარმა ჩვენს
ძმას და ამ
ძღვენის
მოტანა ბატონ
მუშნის
ერთხანს არ
გაუმხილო,
თვარა
ნამეტანი
ეწყინებაო.
გავიგე ეს,
დავიხვიე
ულვაშზე და
გავჩუმდი.
გავიდა ხანი.
მუშნი
ზარანდიას
საქმიანობის მოკვლევის
ბრძანება რომ
მივიღე,
შევამოწმე,
რაც ვიცოდი და
რაც არ
ვიცოდი.
არაფერი არ
დადებია,
სახელს რომ
გაუფუჭებდა,
ისეთი.
დავწერე დასკვნა,
გადავდევი
გვერდზე და
დავიწყე
ებრაელების
მიტანილ
ბრილიანტის
საყურეებში
ფათური; ისე
ვიფათურე, რომ
მუშნი
ზარანდიამ
ქუთაისში გაიგო
ეს ამბავი.
გაიგო და კაი
ხანს იყო
გაბუსუნებული,
ხმას არ
ძრავდა. მერე
ალბათ,
იფიქრა, ასე
არ ივარგებსო,
და მნახა; იცი
შენ, არაფერი უკანონობა
არ მაქვს
ჩადენილი და
არ შეგცდეს რამეო.
რა მინდოდა
მეტი!
მივახვედრე,
ხმის ამომღები
არ ვარ,
მაგრამ
გახსოვდეს, დომენტი
რურუა
ოქრომჭედელი
ცოცხალია, ის
ებრაელები
აგერ არიან,
შენი სულელი
დედაკაცი შინ გიზის
და ის
საყურეებიც
ზანდუკში
უწყვია-მეთქი.
მივახვედრე,
თვარა, თქმით
ასე თქმა არ
ივარგებდა და
არც მითქვამს.
წავედი
თბილისში,
მივართვი
უფროსებს
დასკვნა და
ბრილიანტის
საყურეების
ამბავი
სიტყვით
დავამატე:
ლაპარაკით
ლაპარაკობენ,
მაგრამ
მტკიცება არ
არის და
დასკვნაში
იმიტომ აღარ
შევიტანე-მეთქი...
რა იცის
კაცმა, როგორ
წავა საქმე და
რატომ უნდა მისაყვედუროს
ვინმემ,
იცოდი და არ
თქვიო. თუ გატყდა
საქმე და
გამოირკვა
ამბავი
ჯობია, მე
დამრჩეს
სათქმელად,
ხომ
გეუბნებოდით
და არ
დამიჯერეთ-მეთქი...
რა მითხრეს,
თუ იცი? აჭარლებმა
მუშნი
ზარანდიას
ასი ათასი
მისთავაზეს,
ის არ აიღო და
ხუთ ათას
მანეთიანი
საყურეებისთვის
სულს როგორ
წაიწყმედდაო,
დავეთანხმე,
ასეა,
ალბათ-მეთქი.
ნამეტანი
გახარებული
ვიყავი
რამხელა კაცი
ვიშოვნე-მეთქი!
ვიშოვნე და თუ
წავიფორხილებდი
სადმე და
როდისმე, მიშველიდა
მუშნი
ზარანდია რა
გზა ქონდა
მეტი!.. მარა
სხვანაირად
დატრიალდა ყველაფერი
და მაშინ
ვნახე მუშნი
ზარანდიას გამჭრიახობაც
და კეთილი
კაცობაც.
დამიბარა
მუშნი
ზარანდიამ
ერთ დღეს:
ნიკანდრო
ქილია,
თბილისში
ჩამოდი და
ჩემთან
გამოცხადდიო.
ჩავედი და
ვეახლე. ვინ
გყავს
დაპატიმრებული,
ვინ გიზის
პოლიციაში
სია
ჩამომიწერეო.
ჩამოვუწერე. ექვსი
კაცი მყავდა
მაშინ.
სათითაოდ
გამომკითხა
და
მაამბობინა,
ვინ რისთვის
დავიჭირე და რისი
მქნელი იყო.
მატარია
გვყავდა
დაჭერილი ქათმის
ქურდი და
ბაცაცა-მამაძაღლი.
მან და მასავით
ტურა ხაზავამ
თხა მოიპარეს
წალენჯიხაში.
ორივე იქ
მყავდა,
პოლიციაში,
მაგრამ მუშნიმ,
მაინცდამაინც,
მატარიაო.
კაი, ბატონო
მატარია
იყოს-მეთქი,
მარა რაში
ჭიროდა ის
სულელი კაძახი,
მთლად ბოლოს
მივხვდი.
დათა
თუთაშხია
უნდა დაიჭირო,
მითხრა
ზარანდიამ.
ისე უნდა
გაკეთდეს ეს,
რომ მისი
დაჭერა ორ
დღეს მაინც
ვერ გაიგოს
ვერავინ.
ჩუმად უნდა
გაკეთდეს.
კაცის
შოვნაზე
გელაპარაკე
და ენა თუ არ
შეაჩვიე და თუ
არ
გაუშინაურდი,
არაფერი
ნაშოვნი არაა
ის კაცი.
ებრაელებისგან
მისი
ცოლისთვის მირთმეული
საყურეების
ამბავი რომ
გავიგე, მას
მერე უფრო
უბრალოდ
ვექცეოდი
მუშნი ზარანდიას
და არც მას
აუქნევია
ხელი ჩემთვის.
ნამეტანი
გაგჭირვებია,
მუშნი-ბატონო!
ვთქვი მე და
გავჩუმდი, რას
იტყვის-მეთქი.
არაფერი არ
მითხრა ამაზე.
დავუმატე
მაშინ:
მეფისნაცვლის
ქაღალდი
უშოვნე,
ტყიდან გამოიყვანე
ამდენი
შეძელი! ახლა
ვინ და
რანაირად
შემოგიჩნდა
ისე, რომ
ვეღარ გახდი
ვერაფერს და უნდა
დავიჭიროთ
შენი
ბიძაშვილი
დათა თუთაშხია?!
ჩუმად უნდა
გაკეთდესო?
ხმაურით და
სროლით რომ
შეძლებულიყო
მისი დაჭერა,
ხომ დავიჭერდით
ამდენ ხანს.
სახლში
გამოსულს ისე
ვინ მოიხელთებს
დათა
თუთაშხიას,
ერთი გასროლა
მაინც რომ ვერ
მოასწროს და
ერთი თუ
მოასწრო,
მეორეს და
მესამესაც
მოასწრებს
მაშინ და...
ხელი აწია
მუშნი
ზარანდიამ,
გამაჩერა:
საქმეზე
ვილაპარაკოთ
ახლა! ის
მატარია გაუშვი
შენ. დათა
თუთაშხიას
შავი ხბო
მოიპაროს და მოგიყვანოს
პოლიციაში.
გათავისუფლებას
შეპირდი. თუ
მოიყვანა ხბო,
მართლა
გაუშვი სახლში
და დახურე საქმე.
დიდი ხნით არ
წავა მატარია
ინდოურს მოიპარავს
სადმე, დაიჭერ
ისევ და მაშინ
მოაგონებ
თხასაც.
პეტერბურგიდან
პოლკოვნიკი
სახნოვია
ჩამოსული.
ფოთში
ვიჯდებით მე
და ის. გვაცნობე,
როცა ხბო უკვე
პოლიციაში
გყავდეს.
ზევით სოფლებისკენ
გაგზავნე
ვინმე, თქვას
იქ: მაზრაში
ქურდებისგან
წართმეული
ხბოა და თუა
აქ მისი
პატრონი,
მოვიდეს,
წაიყვანოს-თქვა.
დათა თუთაშხია,
ასე მგონია
მე, მოვა ხბოს
წასაყვანად!
შეუშვი
თავლაში,
გადაუკეტე
კარი და ისევ
აფრინე ფოთში
ჩვენთან კაცი,
აგერ
მყავს-თქო, შეგვატყობინე.
რომ
შეღამდება,
აიყვანე თუთაშხია
შენს
კაბინეტში.
გყავდეს იქ,
სანამდე პოლკოვნიკი
სახნოვი
ჩამოვა
ფოთიდან.
დანარჩენი
მან იცის და
არ შეგეშალოს
რამე, თვარა
გოროდოვოით
ყოფნას ვერ
აგაცდენს
ვერაფერი ძალა
და იღბალი.
ესაა,
ჯერჯერობით,
შენი
დავალება და
საქმე.
დანარჩენი
ჩვენ ვიცით და
ჩვენი საქმეა.
დიდხანს
ვილაპარაკეთ
კიდევ. არ
გამომიშვა, სანამდე
ყველა
წვრილმანი და
ყოველნაირი
შემთხვევა არ
მოვისაუბრეთ,
სანამდე
თუთიყუშივით
არ
გამაზეპირებინა
მთელი ის
ხრიკი და არ დარწმუნდა,
რომ კარგად
მივხვდი,
გავიგე და ვიცი
ყველაფერი.
ჩავჯექი
მატარებელში,
დავბრუნდი
ჩემს
დაწესებულებაში,
მოვაყვანინე
მატარია. ისე
ჩლუნგი არ
მინახავს
ქვეყანაზე
კაცი გავგიჟდი
კინაღამ,
სანამდე
მივახვედრე
საქმეს.
დავამუშავე,
როგორც იქნა
და როგორც
მატარიასთანა
ტუტუცის
დამუშავება
შეიძლება. შავი
ხბო რომ უნდა
მოეყვანა ამა
და ამ
ნახირიდან
იცოდა ეს,
მარა ვისი ხბო
იყო არ ვთქვი
და არ იცოდა.
გავიდა ორი
დღე და
მოიყვანა
მატარიამ
თუთაშხიას
ხბო. შევაგდეთ
თავლაში.
ვაჩუქე
ბაცაცას ხუთმანეთიანი,
წადი-მეთქი.
ტრიალებს
მატარია,
რაღაცის თქმა
უნდა და ვერ
ბედავს.
წადი, ახლა,
თვარა,
ჩაგაბრუნებ
ქვევით და იჯექი
იქ! ისე ვთქვი,
რომ მართალიც
იყო და ხუმრობაც.
შეშინდა
მატარია,
სეტყვასავით
დამაყარა რაღაც
სიტყვები,
მესამედ რომ
თქვა, მარტო
მაშინ მივხვდი,
რასაც
მელაპარაკებოდა:
ერთი შავი ხბო
ვიცი, კიდევ.
მასაც თეთრი
ვაშლი აქვს
მკერდზე.
მოგიყვან იმ
ხბოსაც და
გამოუშვი,
ნიკანდრო-ბატონო,
ჩემი
ამხანაგი,
ხაზავაო!
გავაგდე
მამაძაღლი.
ვაფრინე კაცი
ფოთში, ხბო
აგერ
მყავს-მეთქი,
შევატყობინე
სახნოვს და ზარანდიას.
სულ რომ არ
ველოდი, მეორე
დღესვე მობრძანდა
პოლკოვნიკი
სახნოვი.
გამიკვირდა და
არ მომეწონა
მისი მოსვლა;
თუ
მოვიმწყვდევდი
თავლაში დათა
თუთაშხიას,
მაშინ უნდა
ჩამოსულიყო.
შევბედე და
ვუთხარი ეს.
ქილია, ჭკუითო,
ასე მიპასუხა.
პატარა კაცი
ვიყავი და
მართლა არ იყო
ჩემი საქმე,
პეტერბურგელი
პოლკოვნიკი
როდის
ჩამოვიდოდა
და როდის
წავიდოდა. გავჩუმდი
და
გავაგზავნე
კაცი ზევით
სოფლებში...