ყვითელი რვეული

 

დათა თუთაშხიასთან დაშორებიდან თერთმეტი წლის და ნანო თავყელიშვილ-შირერის კალიფორნიაში გადასახლებიდან რვა წლის შემდეგ სამოქალაქო სამართლის ნორმებმა, კერძოდ, სანოტარო საქმისწარმოების წესების სათანადო პუნქტმა, საშუალება მომცა, ჩემს კანტორაში მათ მიერ შესანახად დატოვებული თუ ამავე მიზნით მერე გადმოგზავნილი პაკეტები გამეხსნა. იმ დროისთვის, როგორც ერთი, ისე მეორე კლიენტი უკვე შვიდი და მეტი წლის მანძილზე დუმდა. მოვალე ვიყავი, გავცნობოდი მათი ანაბრის შემადგენლობას და მენახა, ხომ არ შეიცავდა იგი მითითებას, სურვილსა თუ განკარგულებას იმ შემთხვევისთვის, თუკი რაიმე მიზეზის გამო მათი ასეთი მითითება, სურვილი ან განკარგულება დროის ხსენებულ მანძილზე არ გადმომეცემოდა.

თერთმეტი წელიწადი და შვიდი წელიწადი! ეს სრულიად საკმაო დრო იყო იმისთვის, რომ ჩვენი თბილი, გულითადი დამოკიდებულებები მიმვიწყებოდა, ჩემი პროფესიის კაცს ყასაბივით ამეღო დანა და კონვერტები გამეჭრა, მაგრამ! გავაღე სეიფი, გადმოვიღე ჯერ ერთი, მერე მეორე საქაღალდე, მაგიდას მივუჯექი... ხელები ამიკანკალდა, დანა დავდე და ფიქრმა წამიღო.

დიდხანს ვიჯექი ასე. რამდენჯერმე ძალისძალად შევიკავე ყელში მობჯენილი და თვალზე მომდგარი ცრემლები. იმ დღეებზე სხვა დროსაც ბევრი მიფიქრია, განა არა, მაგრამ, ახლა ეს ფიქრი შემაჯამებელი ფიქრი იყო – სინანულით, სევდითა და მწუხარებით აღსავსე მოგონება ადამიანებისა, რომლებმაც ჩემი სიცოცხლის მოკლე, ამასთან, უაღრესად საინტერესო მონაკვეთი შეავსეს და მოწყვეტილი ვარსკვლავებივით მიეფარნენ თვალს. მიეფარნენ და მერე როგორ!

ვახტანგ შალითურმა პორტარტურის ალყის დროს გაათავა თავისი ბოღმით სავსე სიცოცხლე. ყუმბარამ ნაკუწებად აქცია თავზეხელაღებული ოფიცერი. სანდრო კარიძემ მონასტერი ფიქრისა და ფილოსოფოსის შრომისთვის საუკეთესო ადგილად მიიჩნია, სამსახურს თავი მიანება, ბერად აღიკვეცა. ერთხელ ძეგვის სადგურზე დავინახე. თვალი ამარიდა. ელიზბარ კარიჭაშვილი საერთოდ გაქრა. მითხრეს, სოფელში ძველთაძველი სახლი და ერთი გადალაჯება მიწა შემორჩენოდა. დაბრუნებულა, ოჯახს მოჰკიდებია, ყვავილების მოშენებას შესდგომია. გოგიას ყელში ამოუვიდა რესტორატორობა, მძიმე პოლიტიკურ საქმეში გაეხვია. ბორკილი ხელმეორედ დაადეს, ახლა უკვე ხის ფეხზე, და კატორღაში წაიყვანეს. მე მას რეგულარულად ვუგზავნიდი თვეში თხუთმეტ მანეთს, სანამ ცოცხალი იყო. ნანოსი წასვლის დღიდან აღარაფერი მსმენია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთხელ მაინც გამომელაპარაკებოდა. ალბათ, აღარ იყო, თუმცა ნამდვილად ესეც არასოდეს მცოდნია. მარტო დათას ცხოვრების ექო მწვდებოდა ხოლმე ხანგამოშვებით. ცოცხლობდა, დაუნდობლად ებრძოდა თავს და იყო მუდამ მართალი კაცი – ერთადერთი და განუმეორებელი. ცოცხლობდა?. ექვსი, შვიდი თვის წინანდელი ცნობების თანახმად, თორემ მაშინ, როცა პაკეტებს ვხსნიდი, იქნებ, უკვე აღარც ის იყო!

გახსნის შედეგად ჩემს ხელთ აღმოჩნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი და ამ ორი ადამიანის მიწერ-მოწერა. დათას მიერ მიწერილი წერილები ნანოს ცალკე პაკეტში ჰქონდა. ნანოს წერილები სხვა ქაღალდებთან ერთად დათას ერთადერთ ანაბარს შეადგენდა. საბუთებით დაკისრებული ვალდებულებები შემდგომში სრულად და პირნათლად აღვასრულე. მათ საქაღალდეებს ჩემი სანოტარო კანტორის არსებობის უკანასკნელ დღემდე ვინახავდი. მერე არქივის განადგურების საათმაც დაჰკრა; დათას და ნანოს საქაღალდეები ასე, პირდაპირ, დასაწვავად ვერ გავიმეტე, წერილები ჯერ ამ რვეულში გადმოვწერე და მერეღა დავწვი.

“ლაზო, პირისპირ თქმა მინდოდა, მაგრამ ერთთავად ხალხში ვიყავით და ვერ მოვახერხე. ნაწილობრივ იმანაც შემაფერხა, რომ, ვნახოთ და, ასეთ საქმეებში ჩარევას მანდილოსნისთვის შეუფერებლად სთვლიდე?

გუშინდელი დღე ჩემთვის ისევე გადატვირთული იყო განცდებით, როგორც ის, როდესაც პირველად გნახე ოჩამჩირის მიდამოებში. განსაკუთრებულ გარემოებებში შეხვედრა, ალბათ, განგებისგან გვაქვს ხვედრად ბოძებული, თორემ საიდან სადაო?!

წუხელ დიდხანს არ დამეძინა, განვლილ დღეზე ვფიქრობდი. მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რატომ ვფიქრობდი ამდენს და ასე დაჟინებით და იმაზეც, რომ ვიფიქრე თუ არა ამდენი ოჩამჩირის ამბავის ღამეს. ბოლოს დავიღალე, შფოთის შემოტევა გარემოებათა სიმძაფრეს მივაწერე და ჩამეძინა.

მხოლოდ დილამ მომიტანა სიცხადე. თურმე ვწუხდი იმის გამო, რომ გუშინვე არ გამოვნახე საშუალება მეთქვა ის, რაც შენ, ალბათ, უკეთ იცი, მაგრამ მაინც აუცილებელი სათქმელია: როგორ იქცევი!.. ვხედავ, ირაკლის, მართლაც, ლაზი აზნაური არზნევ მუსკია ჰგონიხარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შენი ნამდვილი ვინაობა თუ გაიგო კიდეც, მისგან ავი არაფერი გელის, მაგრამ გუშინ ორთაჭალის ბაღებში, იმდენ ხალხში, ისე ახდილად ყოფნა?! ხომ შეუძლებელია, იქ პოლიციისაგან არავინ ყოფილიყო?.. მე ვიცი, შენი ჩაბარებისთვის ჯილდოა დანიშნული და, ცხადია, თანხა შავი ორდერითაც არის შემაგრებული. ვინმე ნაძირალა ზურგიდან მოგეპარება და გესვრის.

რა გინდა აქ, რაში გჭირდება ყველაფერი ეგ? მართალია, მე მაგის ჩხიბვის უფლება არ გამაჩნია, მაგრამ ბორკილებს ერთი ნაბიჯი გაშორებს, მოეშვი აქაურობას.

ამ ბეჭედს გიგზავნი ხსოვნისთვის და ნიშნად ამაღლებული მეგობრობისა.

ამეთვისტო ჩემი თვალია.

წადი, ლაზო!

ნ.”



“გამიკვირდა ძალიან და გამეცინა, ქალბატონო ნანო, წერილი რომ მივიღე. ჩემს სიცოცხლეში არ მიმიღია წერილი. ვის უნდა მოეწერა ჩემთვის და სად უნდა მოეწერა, ნეტავი. იღბლიანი კაცი ვარ დიდად. სხვაგან რომ მითქვამს ეს, გასცინებიათ, ვინც ჩემი ცხოვრება იცის. იღბალი არ მქონოდა, მაინცდამაინც თქვენ რატომ შეგეყრებოდით ოჩამჩირეში? აქამდე რა მაცოცხლებდა და რა მატარებდა? ხელმეორედ როგორ გნახავდით? დღეს ერთი დიდი სიხარული მარგუნა იღბალმა კიდევ – პირველი წერილი მივიღე და ისიც ამქვეყნად უმშვენიერესი მანდილოსნის ხელით დაწერილი!

არ იცით, ალბათ, რა არის თქვენი წერილი ჩემთვის. არავინ არ იცოდეს, იქნება, ეს!.. ჩემი საქმის კაცი ვერ იბოგინებს, თუ ჰგონია, რომ მოფიქრალი და მზრუნველი ჰყავს ქვეყანაზე ვინმე. კაი ხანია მას მერე, რომ მივხვდი – ჩემზე მე უნდა ვიფიქრო მხოლოდ, და ცის ქვეშ ყველაფერზეც უნდა ვიფიქრო მე. ორივე ტვირთი უნდა ვზიდო ერთდროულად და ერთად. ერთ-ერთის ან ცალ-ცალკე ზიდვა უქმად შრომა არის ყოველთვის. კარგია ეს, მარტოკაციც ვარ და მთელი ქვეყნიერებაც, მაგრამ ასეთ ადამიანს თანდათან და ბოლოს მთლად ავიწყდება, შესაძლებელი თუა, ვინმემ რომ იფიქროს და იზრუნოს მისთვის. მიავიწყდება ეს და მოთხოვნილებაც მიიძინებს ამის – ხავსით დაიფარება, ფერფლი მიეყრება, ჩაკვდება თითქოს. ცხოვრობ ასე – გიჭირს, გილხინს, წუხხარ, მხიარულობ და აღარ იცი, რომ არის ადამიანისთვის ერთი სანუკვარი გრძნობა კიდევ: ის სიხარული, როდესაც გაიგებ, რომ შენზე ფიქრობს ვინმე და შენი ბედი აწუხებს გულწრფელად და უანგაროდ. პატიოსანი თვალივით იშვიათი და ძვირფასი სიხარულია ეს სიხარული. რამდენ პირობას უნდა მოუყაროს თავი მის ასახდენად განგებამ! ამას მხოლოდ რჩეულთათვის აკეთებს, მგონია, უზენაესი. მე ვარ მისი რჩეული, იღბლიანი კაცი და თქვენ ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს იშვიათი სიხარული მაჩუქა.

რისთვის და რად ვარ აქ – გრძელი საწერია, მაგრამ მომავალში მოხერხდეს იქნებ, თქვენსა და ჩემს შორის ეგ საუბარი, ასე მიგრძნობს გული. ნურაფერი შეგაწუხებთ, ქალბატონო ნანო, არ მაქვს ცუდი წინათგრძნობა... ისე არ ჩამითვალოთ, ვითომ, მთლად შემთხვევას მინდობილი კაცი ვიყო, მაგრამ ჩემი წინათგრძნობის მჯერა. როგორ არ მჯეროდეს, ნეტავი, ჯერ საათივით აწყობილი მომცა ბუნებამ და მერე ათასჯერ მაქვს გამოცდილ-შემოწმებული. ნურც იმას გაიფიქრებთ, თითქოს, თავკერძობით ვცხოვრობდე ქვეყანაზე და ჩემს იქით არ მესაქმებოდეს არაფერი და არავინ. სწორედ პირიქით არის ეს. დევნილი კაცისგან დიდხანს და საიმედოდ თავის შენახვას ერთი პირობა აქვს თავისი: ჩემი ავ-კარგი იმ კაცების ავ-კარგიდან გამოდის, ვისთანაც ვარ და ვისითაც ვარ. თუ მინდა, ხიფათი არ შემემთხვევს, ჯერ იმაზე უნდა ვიფიქრო, რომ ჩემს კაცებს ვერ მიუდგეს ეჭვი, კანონი და სასჯელი. მეგობარი თუ გყავს კარგად, შენც მშვენივრად ხარ მაშინ. უბრალო და მარტივი პირობაა ეს. ზევით სხვა სიტყვებითაც დავწერე ამაზე – ორი ტვირთის ერთად ზიდვა ზე რომ მოგახსენებდით. ყველა ღონე მაქვს მიღებული და მენდეთ, ქალბატონო ნანო, რომ ჩემს გვერდით მყოფ ადამიანს არც ერთს არ მოელის ხიფათი.

თქვენი ორმაგად ძვირფასი საჩუქრის მიღება მეუხერხულა დიდად. მე უნდა მომეძღვნა თქვენთვის რაიმე, უწინარეს, მქონდა გულში, მაგრამ ნაადრევად მივიჩნიე ჯერ. ვიღებ თქვენი თვის პატიოსან თვალს, როგორც დედოფლის საჩუქარს, და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, როგორც ერთ-ერთი რაინდი და ქვეშევრდომი თქვენი სამეფოსი.

ამ წერილს ირაკლის კანტორის უკანა კაბინეტში ვწერ და მის შიკრიკს გამოვატან. ერთგული და სანდო კაცი ყოფილა ისიც. ერთადერთი და უმორჩილესი სათხოვარი მაქვს: ჩვენს შეხვედრებში თქვენთვის საშიში არაფერია, მერწმუნეთ და მენდეთ. ნუ მომერიდებით და ნუ მომაკლდებით. უთქვენოდ აღარაფერს ექნება აზრი.

მარად თქვენი თაყვანისმცემელი – დ.თ.”



“შეწუხებული ვიყავი, ქალბატონო ნანო, თქვვნი ნაწყენობით. მითხარით, “უღირსი იყო ამ საღამოს შენი საქციელი, ლაზო. მე შეურაცხყოფილი ვარ”! მერე ეტლიდან ჩამობრძანდით, ცივად გამომეშვიდობეთ და სამუდამოდ წასულივით შეხვედით შინ. კინაღამ წონასწორობამ მიღალატა მაშინ, კინაღამ ჩამოვხტი მეც, რომ ათასი ბოდიშის მოსახდელად და მოტევებისთვის მეხმეთ... მივხვდი დროზე, ამას შეურაცხყოფად მიიღებდით კიდევ. ჩამოვედი, ფეხით დავბრუნდი სასტუმროში, განადგურებული და გულდამწვარი.

ღამე გავათენე ამ წერილის წერაში. ვვედრებ განგებას, იმ ზომის არ აღმოჩნდეს თქვენი წყენა, რომ წაუკითხავად დამიბრუნოთ ეს. ვფიცავ თქვენს სიცოცხლეს და ყველაფერს, თუ რაიმე დაფიცებად მიღირს ამ ქვეყანაზე, რომ მხოლოდ თქვენთვის იყო, რაც იყო იქ. ჩემთვის ერთი გავაკეთე მარტო – გკითხეთ, რატომ ხართ ცუდ გუნებაზე-მეთქი, მიზეზი თუ არ მეცოდინებოდა, ხომ ვერ ვიმართლებდი თავს ასე?.. აღარ მაცალეთ პირისპირ თქმა, ენით უფრო მეხერხება ეს, ვიდრე საწერ-კალმით. ვწვალობ დიდად, მიჭირს აზრის გამოყოლება, გადაწერა მიხდება ბევრჯერ და სრულად მაინც ვერ ვწერ, რასაც ვფიქრობ, იმას.

არ გახსოვდეთ, იქნება, მაგრამ თქვენ გქონდათ ხელი ჩემთვის გაყრილი და ირაკლი განზე იყო ცოტათი. დარბაზში რომ შევედით, მაშინ მთელმა წვეულებამ ჩვენ მოგვაპყრო ყურადღება – თქვენ და მე, განსაკუთრებით. ზოგიერთს იმწუთსვე შევნიშნე ორჭოფული ღიმილი – ქალს თუ კაცს. მიგვიწვიეს და ერთად დაგვსხეს ორივე. ამას ქალბატონი მარიამიც მიემატა – თქვენსას რომ მანდილოსანი გავიცანი, ის. ათი წუთის მერე მისგან ყველამ იცოდა, პირველად რომ არ ვარ თქვენს გვერდში. ერთი ისეთი გადალაპარაკებაც გავიგონე, სინდისს ვფიცავ, ყურები მინდოდა ამეხია ორივესთვის. თქვენ არ გაკადრეთ, ეგ არის.

ხომ უნდა მეღონა რაიმე, რომ დამსწრე საზოგადოებას აზრი შეცვლოდა? ამიტომ იყო, გამეხარდა, როდესაც ირაკლიმ მითხრა, ქალბატონ ელისო წერეთელს სურს შენი გაცნობა, ლაზების ამბავი აინტერესებსო. ბოდიში მოგიხადეთ და მიგატოვეთ მაშინ. ცეკვების დაწყებისას მოხდა ეს.

ახლა ის გავსინჯოთ, ქალბატონო ნანო, მერე რა მოხდა და რა მოიტანა იმან, რაც მოხდა: ლაზმა მიატოვაო, და ბაგრატიონები, დადიანები და გურიელები შემოგეხვივნენ უმალ. თქვენი გულის მონადირებას ცდილობდნენ ის დიდგვაროვანი კაცები. გართობდნენ, ვისაც როგორ შეეძლო, და ერთიმეორეს ეცილებოდა ყველა. დღეს გულდაწყვეტილები არიან, ალბათ, პირველობას რომ ვერ მიაღწია ვერც ერთმა, სხვაზე მეტად რომ ვერ მოგაწონათ თავი. თქვენ რომ იმ წარმოსადეგი და მიმზიდველი ადამიანების წრეში თავი გეჭირათ, კეთილი თვალი მარტო მაგით მიხვდებოდა, როგორი მანდილოსანი ხართ, მაგრამ მჭორავებმა სხვა გამონახეს იმაში; ელისო წერეთელმა ხალხში მკითხა, – ისეთი რა მოუხერხეთ მაგ მშვენიერ ქალს, რომ ეშინია, წესიერად გაუღიმოს მამაკაცსო? დაიწყეს კისკისი. ცივად მივუგე, – სტუმარმასპინძლობის მეტი არაფერი გვაკავშირებს-მეთქი ჩვენ. ადრე, ლაზებზე საუბარში, არშიყობის მაგვარი საქციელი რომ შემომაპარა ელისო წერეთელმა, ჩემი პასუხის მერე გამხნევდა უფრო, მოჯადოებას უმატა ჩემსას. ავყევი მეც, ყველამ დაინახოს, ვიფიქრე, ამ ქალს რომ ვეარშიყები და ქალბატონი ნანო თავყელიშვილი რომ მართლაც მხოლოდ მასპინძელია ჩემი-მეთქი. ეს იყო და ეს. ისევ სუფრასთან მიგვიწვიეს და მთხოვა მან, ერთად დავსხდეთო. წავყევი, მივუჯექი გვერდში და ვიყავი ბოლომდე იქ. ამან მოიტანა ის, გამოსვლისას რომ კაი ხმამაღლა თქვა ვიღაცამ, – წაიყვანენ, მგონია, ჩვენს ელისოს ლაზისტანშიო! ხომ გაიგონეთ ეს, ქალბატონო ნანო, და ჩემი საქციელით თქვენზე ცუდის ფიქრებს რომ გამოეცალა ნიადაგი, ესეც ხომ მართალია?

ეს ყველაფერი ასეა, თითქოს, მაგრამ თავსატეხი ის არის, რომ მხოლოდ ერთი მხრივ არის ასე. მეორე მხრივ, მართლაც “უღირსი იყო ამ საღამოს შენი საქციელი, ლაზო” და, მართლაც, შეურაცხყოფილი დარჩა დედოფალი! მიზეზი ვჩხრიკე ამისი დიდხანს: ვიპოვნე, მგონია, და ცხრამეტი წლის არ ვართ არც ერთი, უნდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება:

ცეცხლი ხართ, ქალბატონო ნანო, და მისი წამოგიზგიზება იყო თქვენი სურვილი – უმშვენიერესი გულის მფლობელად წარსდგომოდა საზოგადოებას ლაზი აზნაური არზნევ მუსკია. სიკეთე ხართ და მადლიერების გრძნობამ გიკარნახათ მანდილოსნური ღირსების გამეტება იმისთვის, რომ კიდევ ერთი ბედნიერი საღამო რგებოდა დათა თუთაშხიას. მე კი, რა ხანია, სიცივემ მარტივი სიხარულის წყურვილი მომისპო. განდეგილი ვარ და ფიცმა აღმიკვეთა, ლოცვა დავამადლო ვინმეს, მოხდილი ვალის საზღაური მივითვისო.

თქვენ ძღვენის ბოძება განიზრახეთ. მე არ მივიღე იგი. დამნაშავე ვარ ამაში და უმჯობესი გზა რომ ვერ გამოვნახე მიზნის აღსასრულებლად – ამაშიც.

მაპატიოს დედოფალმა, სასოება მაქვს მისი კეთილი გულისა და სულგრძელობის.

თქვენი დასჯილი მონა – დ.თ.”



“ეეჰ, ლაზო! ყველაფერი იმის ბრალია, რომ მე ქალი ვარ და შენ მამაკაცი. განსხვავებული ბუნებისანი ვართ. ამიტომ მოხდა, რომ წვეულებაზე შექმნილ ვითარებას სხვადასხვა გასაღები მოვარგეთ.

იცი, რა მწყუროდა იმ საღამოს? რწმენა, რომ დამსწრეთა შორის უპირველესი რაინდი ჩემს გვერდით არის, ჩემთან არის და ეს მასაც სიამოვნებს. შურის აღსაძვრელად როდი მეწადა; განა ვინ იცოდა, რომ დათა თუთაშხია ხარ და არა ვიღაც ლაზი აზნაური. ჩემი პატარა, უბოროტო პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და შენი სიხარულისთვის მჭირდებოდა ეს. ამ ჭიის მოსაკლავად მანდილოსნური ღირსებაც კი გაიწირება. ასეთია ქალის ბუნება.

შენ ჩემი სახელისა და ღირსების სახსნელად აღიძარი. ამით რაინდის რეპუტაციის მოხვეჭა არ განგიზრახავს, ვიცი; ვინ მიხვდებოდა, რომ ჩემგან წასვლა და ელისო წერეთლის გვერდით ყოფნა სიმძიმილი იყო შენთვის. ადამიანური ვალის მოხდის გზით სულივრი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გსურდა. მაგ ჭიის მოსაკლავად ის “მარტივი სიხარული” რაც შენ ჩემთან ყოფნას დაარქვი, ყოველთვის და ადვილად გაიწირება. ასეთია მამაკაცის ბუნება.

ჩემი დედაკაცური ბუნების ხვაშიადი შენთვის ისევე მიუწვდომელი აღმოჩნდა, როგორც ჩემთვის – შენი მამაკაცური ბუნების საქციელი. ორი საწინააღმდეგო საწყისი შეხვდა ერთმანეთს. არის მესამეც, ორივე ბუნების ერთდროულად შემცველი – ღმერთი! ფილოსოფოსები ამბობენ ასე. მე სიკეთე მიმაჩნია ღმერთად, რადგან იგი სიყვარულს და მშვენიერებას გულისხმობს. თუ ადამიანში სიკეთემ თავისი უდახვეწილესი სახით იჩინა თავი... შენ ახლო ხარ ამასთან.

ჭეშმარიტება შენსკენ არის, რადგან შენი საქციელის შედეგი, ზოგადად, დადებითია. ჩემი განზრახვის შედეგი ჯერ საკუთრივ ჩემთვის იქნებოდა დადებითი და მერე მოყვასისთვის. არაფერში არა ხარ დამნაშავე. ის საყვედური “წამოგიზგიზების” ბრალი იყო.

მაპატიე.

გადავიკითხე ეს წერილი. იქნებ ჯობდა, ცხრამეტი წლისანი ვყოფილიყავით?

ნ.



P.S. ირაკლისთვის უკვე მეგობარი ხარ და, მგონი, რომ უხერხულია, არ იცოდეს შენი ნამდვილი ვინაობა, როგორმე რასმე უნდა მივახვედროთ. ალბათ, გადაკრული სიტყვით აჯობებს. თუ თანახმა ხარ, დღეს გოგიას რესტორანში რომ ვიქნებით – მაცნობე, რამეს მოვიგონებ”

“ვიღაც რომ გიყურებს, ქალბატონო ნანო, და უკვირს, თუ შურს რა მშვენიერი ქალი ჩაუგდია ხელში ამ ღვთის გლახასო – დამეთანხმებით, ალბათ, რომ “ღვთის გლახას” კიდეც თუ უხარია შემაცქერლის ასეთი ფიქრი, მაინც მარტივი სიხარულია მისი სიხარული. ამას ვგულისხმობდი და არა ისე, ვითომ, თქვენს გვერდით ყოფნა მიმაჩნდეს მარტივ სიხარულად. ვნანობ დიდად, განმარტება რომ მომიხდა, ჩემი ცუდი მოქართულობის ბრალია ეს.

წუხელის გოგიასთან ვახშმობისას რაც მოხდა, ცოტა თავხედური იყო, მართალია, მაგრამ შალითურისთანა კაცებთან სხვანაირად მოქცეეა არ ვარგა, კისერზე შემოსკუპება იციან მაგათ. მთლად და ბოლომდე არაფერი ეშველებათ, რაც არ უნდა იღონოს კაცმა, ვიცი მე. ეგ არის, წუხანდელისთანა გაკვეთილები შველის ცოტათი – სხვაგან ნაკლებად თავხედი იქნება ვახტანგ შალითური, ნამდვილია ეს. ეტლში რომ მითხარით, – ლაზო, მე ვიცი, ვინც ხარო, – ირაკლი გაფაციცდა. ადრე აღებული ეჭვი მაგ სიტყვებმა უფრო გაუმახვილეს, ვიგრძენი. იმდენად წარმოუდგენელი დამთხვევები ხდება მის გარშემო, რომ თუ მიხვდა კიდეც ყველაფერს, ადვილად ვერ დაიჯერებს მაინც. ხომ არ აჯობებდა, ბოლომდე გვეთქვა ყველაფერი? ვითომ, მისთვის – მეგობრისთვის – გაკეთდა ეგ და უარეს საძებარში და თავსატეხში ჩავაგდეთ ახლა. ჩემი ბრალია ეგეც: მეგონა, გაგრძელდებოდა საუბარი და ვეტყოდი თვითონ. ამ ვარაუდით განიშნეთ თანხმობა რესტორნიდან გამოსვლისას, მაგრამ არ მოხდა ისე, რომ მინდოდა.

რა ვქნათ – გავჩუმდეთ თუ პირდაპირ თქმა ვარჩიოთ?

ჩემს მოსაზრებას გეტყვით ამაზე. საერთოდ, ამ საქმეებში წესი ასეთია: ჯობია, რომ არ იცოდეს არაფერი. მე თუ ჩავუვარდი ხელში პოლიციას – ირაკლიმ არ იცის, ვინ ვარ, ჩემს თანამონაწილედ არაფერ უკანონობაში არ ყოფილა და ბრალს ვერაფერში დასდებენ მას. თუ ეცოდინება, ვინ ვარ და როგორმე ათქმევინეს ეს, მაშინ ჩვენს შორის დადებულ ხელშეკრულებას ძალა ეკარგება და მეტი უსიამოვნება გადახდება, ვიდრე პირველ შემთხვევაში. საბოლოოდ ყურებზე ხახვს ვერ დააჭრის ვერავინ – ასეა ეს. მაგ რამ... იფიქრეთ თქვენც, ქალბატონო ნანო, და როგორც იტყვით, ისე მოვიქცეთ.

თექვსმეტის ვიყავი, ჩემით ცხოვრებას რომ მივყევი. ჩვიდმეტისას პირველი მარცვალი ჩამივარდა გულში და თვრამეტი წლის ასაკიდან დაწყებული ისე მეჩვენება, რომ ყველა ქალი ყველა მამაკაცთან ყველანაირ ურთიერთობაში იჩაგრება. მის წყურვილს და ვნებას ათასნაირი შიში ახლავს გამუდმებით. ეს აწვალებს სწორედ. ყველაზე უფრო იმით იჩაგრება ქალი, რომ ეშინია, ვინმემ არ გადაიბიროს ჩემი მამაკაცი ან თვითონ არ მიმატოვოს სხვა მიზეზითო. კაცებსაც ჭირთ იგივე. მაგრამ ნაკლებად და ნაკლებს. ეს რწმენა რომ გამიჯდა, მას მერე ქალთან ურთიერთობა გამიძნელდა. სულ ის ფიქრი მქონდა,– ვაითუ ერთგულება არ გამყვეს ბოლომდე ან რამე დავინახოთ ერთმანეთში ისეთი, გული რომ აგვიცრუვდეს ან ერთს ან მეორეს და ხომ უნდა იდარდოს და იტანჯოს-მეთქი მერე. სიყვარულის წერილი არ გამიგზავნია სიცოცხლეში არავისთვის. ჩვენმა მიწერ-მოწერამ მოიტანა და დავფიქრდი, ცხრამეტი წლისას რომ მენახეთ, მოგწერდით თუ არა და როგორს მოგწერდით წერილს. თურმე ასეთი იქნებოდა ის:

“ბედისწერაა ჩვენი შეხვედრა და სიყვარული, ნანო, განგებისგან ბოძებული იღბალია და ვერ წავუვალთ ვერსაით. ათასი მიზეზი არსებობდეს იქნება, წყურვილზე ამთავითვე ხელის აღებას რომ გვაიძულებდეს – ისეთი, მაგრამ არაფერი არ არის ეგ, როცა განგებამ ვალად დაგვდო – ერთმანეთის ვიყოთ. ამხსნან, თუ გნებავს, ეს ვალი დღესვე – რა არის, მერე: თვითონ დავიდებ ისევ, ვერ შემომბედავს გული უშენობას, სანუკვარო. ერთიც იცოდე, ზეცის ნაჩუქარზე უარის თქმა არ შეგვრჩება არც შენ და არც მე. არც ერთი ღმერთი არ გვაპატიებს ამას, რამდენიც იწამეს ჩვენმა წინაპრებმა უწინ და მერე.

სიყვარულს ბედნიერება და სიხარული მხოლოდ მამაცებისთვის მოაქვს, მორევში უყოყმანოდ გადაშვებისთვის. მხდალის ტრფიალი შიშით და ანგარებით არის თანხლებული მუდამ, რა ღირსი არის და ვინ გაიმეტებს მისთვის ბედნიერებას! არ შედრკე, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ნანო, არ შეყოყმანდე, გულს წამოყევი; ნუ იფიქრებ, თუ სად მიგიყვანს ან რას მოიმკი. მაინც ერთად ყოფნაა ჩვენი ბედი, ასეა ეს, და მხდალის ხვედრს ნუ ირგუნებ შენით, სიხარულს შიშზე ნუ გაცვლი, სანატრელო. მოვდივარ შენთან, რომ გემთხვიო. ისევ თუ მეტყვი არაო, მაშინ მოგიტაცებ, ცხრა მთას გადაგატარებ.

სამარემდე მეყვარები და სამარის იქითაც, როგორც არავის ჰყვარებია დასაბამიდან.”

ხედავთ, ქალბატონო ნანო, ის შიში მე თქვენშიც ვიგულისხმე, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ბრძანეთ, – ვძლიეო ამას. იქვე და იმავე საუბარში ისიც ბრძანეთ, – ჩემს ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია, სრულიად და ყოველმხრივ თავისუფალი ვარო. შიშის დაძლევას დავიჯერებდი კიდევ, მაგრამ თქვენი თავისუფალი საქციელი ვერ დავიჯერე. ეგ იმისთვის ბრძანეთ, მგონია, რომ ბრიყვი ვეტროვის ეჭვის უსაფუძვლობაში დავრწმუნებულიყავით ირაკლი და მე. ის ადამიანი არ ხართ, რაც იქ იტვირთეთ, ხატზე შემიძლია დავიფიცო ეს.

მაპატიეთ, ასე ახლოს მოსვლა რომ შეგბედეთ და უმორჩილესად გთხოვთ, ამ წერილს ლიზღიერებაში ნუ ჩამომართმევთ.

მარად თქვენი – დ.თ.”



“შენ წუხელაც ჩამოაგდე სიტყვა ქალის სიყვარულის მხლებელზე – შიშზე. ვიცი, იმედი გქონდა, საუბარში შემოგყვებოდი. ვერა. ეს ლაპარაკი მხოლოდ ჩვენს შორის და პირისპირ უნდა მოხდეს.

ახლა “სიყვარულის წერილზე” უნდა გიპასუხო: ჩემი სათქმელისთვისაც ჯობია და ვალის გადახდასაც ვსინჯავ: იმ რამდენიმე პწკარით ისეთი სიხარული მომანიჭე, როგორიც მხოლოდ ქალიშვილობაში ან ოცნებაში შემეძლო განმეცადა და ვცდილობ, მეათედი მაინც დაგიბრუნო.

ბედნიერი ხარ, რომ ძალგიძს, ცხრამეტი წლისად გარდაისახო და იქიდან მესაუბრო სიყვარულზე, იმითაც ბედნიერი ხარ, რომ ახლაც ჭაბუკის გული გაქვს, და იმითაც, რომ ასეთი იქნები, სანამ ხარ. მე მაგ თვალით ვერ დაგინახავ, იმ გულუბრყვილო სიყვარულს ვერ გაკადრებ, მაშინდელი ენით საუბარს ვერ გაგიბედავ, უსათნოესო კაცო. ოცდათოთხმეტისას მიყვარხარ, ოცდათოთხმეტისა გწერ.

იმის საბაბი არ მომიცია, რომ ჩემს სიყვარულში შიში გეგრძნო. განა პირველსაეე დღეს უფიქროდ და უყოყმანოდ არ დაგიახლოვდი . ვერ მატყობ, რომ ბედნიერიცა ვარ, მიხარია კიდეც, გულისთქმას მოვდევ და არც არაფერი მენაღვლება? მანიშნე, მწყურიხარ-თქო, და მოვალ, განუყოფლად შენია, თუკი რამ მაბადია. ბედნიერებისთვის მე ის სიამაყე მეყოფა, რომ გეკუთვნოდი. მე ჯერ შენი სული დავინახე და სიყვარული მერე დაიწყო. სადაც გული მიმიყვანს, იქ მივალ, ოღონდ ამით შენს ბედნიერებას მცირედი მაინც შეემატოს. შენთვის მიყვარხარ, გესმის? სხვანაირად ხომ მამაცის სიყვარული კი არა, მხდალის ტრფიალი იქნებოდა! მე ყველაფრისთვის მზად ვარ, გეძახი კიდეც და მაინც... ვფიქრობ, რომ არ მოხვალ. დაგიგვიანე, ორი დღე ვწერე. ერთია, როცა ლაპარაკობ, სხვაა, თუ წერ – ქაღალდს მსჯელობის სიზუსტე და შეუვალობა უყვარს. ამას კი დრო უნდა. მე დროც დიდი მოვანდომე და, ალბათ, სიზუსტესა და შეუვალობაშიც შევცოდე.

შენი ნ.”



“მეტისმეტად გაგვირთულდა ყველაფერი, ქალბატონო ნანო, მაგრამ უამისობაც რომ არ შეიძლება, ის არის საქმე. დაბრკოლებები დაუხვედრა სიყვარულს ფიქრმა. ჭაბუკობაში არ იქნებოდა ასე და კიდევ კარგი: ამდენი განსჯა, სიმართლის ძებნა და ყოყმანი კაცთა მოდგმას ადამ და ევას სიცოცხლეშივე მოაშთობდა და მოუღებდა ბოლოს.

მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია მე. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ, თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე. ბევრს ვფიქრობ ამის გარშემო და ვხედავ, თქვენოდენა რომ არ ვარ და თქვენც ხედავთ ამას. მაშინ ისე გამოდის, რომ თქვენი თანაგრძნობა და მზადყოფნა – საჩუქარი ან სამაგიეროა. უწინ ცოტა სხვაფრად მეგონა, მაგრამ თქვენი გაცნობის და დაახლოების მერე ისე ვხედავ, რომ წარსულში სიკეთის თესვად რაც მიმაჩნდა, ვალის მოხდა ყოფილა ის, თურმე. ვალის დაბრუნებაში მხოლოდ მადლობა ეკუთვნოდეს, იქნება, დამბრუნებელს. ერთხელ მოგწერეთ მე, – ჩემს ლოცვას ვერ დავამადლი ვერავის და გადახდილი ვალის საზღაურსაც ვერ მივითვისებ-მეთქი. ერთი ეს არის, ხელს რომ მიშლის, მოვიდე.

კიდევ მოგახსენებთ ახლა, აქაოდა, ის კაცი ვარ მე, ვინც ბატონ შირერს ცხოვრების მეგობარი ნაძირალა სარჩიმელიას შეურაცხყოფას გადაურჩინა შემთხვევით – ის კაცი ხომ არ უნდა ვიყო, ნეტავი, ბატონ შირერს ცოლს რომ შეუცდენს და ღალატს აიძულებს?! მესმის, რომ ასე ფიქრი მეტისმეტია, მაგრამ ჩემი ხასიათი ვიცი მე, სინდისი დამქენჯნის ურცხვი გასამრჯელოსთვის და ესეც თავისებური დაბრკოლებაა ჩემთვის.

ქალბატონო ნანო, იმდენად მიყვარხართ, ისე არის ჩემი სული და გონება სავსე თქვენი არსებით, რომ მეშინია ამ სიყვარულის უკვე. ასეთმა გრძნობამ პირველ ხორციელ სიახლოვეში ხან თოფისწამალივით თვალის დახამხამებაში აფეთქება და მცირედი კვამლი იცის და ხან ნედლი თხმელასავით უცეცხლო ბჟუტვა და გულის გამაწყალებელი ბოლვა. მოსვლა რა არის – მოვალ, მაგრამ ჩემი ბედუკუღმართობით ის მოსვლა ერთადერთი თუ აღმოჩნდა და ისიც უვარგისი, მაშინ რას გიტოვებთ მოსაგონრად ან რა მიმაქვს საოცნებოდ?!

ან რა ღირსი არის თქვენი სიყვარულისა მამაკაცი, ვისაც ეძახიან და ის კი დაბრკოლებებზე და მიზეზებზე ფიქრობს, მაგრამ რა ვქნა, რომ არ ვარ ცხრამეტი წლის, უძვირფასესო ადამიანო, და რომ ფიქრი უღელივით მარგუნა განგებამ.

მაგრამ არის ერთი ბიძგი, ქალბატონო ნანო, რომელმაც არ იცის დაბრკოლება და მიზეზი. ვგრძნობ, რომ მიახლოვდება ის და მაშინ მართალი ვიქნები ღმერთისა და კაცების წინაშე, თუნდაც არ გსურდეთ ჩემი მოსვლა და მიუხედავად ყველაფრისა ცისა ქვეშ!..

გეამბორებით – დ.თ.”

 

Hosted by uCoz