ვარდისფერი რვეული

 

პირველი დღეებისა თუ ერთი კვირის მანძილზე არზნევ მუსკიასთან და ნანოსთან ურთიერთობის ყოველ ეპიზოდს ცალ-ცალკე ნაჭრებად აღვიქვამდი, ყოველი მათგანი ჩემი მიმდინარე ცხოვრების ერთ-ერთი დამოუკიდებელი მონაკვეთი იყო – სულიერი კმაყოფილების, ფიქრის, სიხარულის მომგვრელი მონაკვეთი.

ერთ დილას ყველაფერი – არზნევ მუსკიას დანახვის წუთს აქეთ წუხანდლამდე, როცა მის სასტუმროში გვიან ღამით ძილმა თვალები მიმილულა – ყველაფერი ერთად, აღმოჩენასავით, გამოცხადებასავით დამატყდა თავს, როგორც ათასი იდუმალების შემცველი მთლიანობა. ეს ფიქრს, განზოგადებას, დასკვნების გამოტანას მთხოვდა და არ მასვენებდა. მოვლენათა ამ გამთლიანებაში გადამწყვეტი როლი ნანოსთან სტუმრობებმა შეასრულა: ეჭვები, მიხვედრები კითხვებად აქცია. ვინ არის არზნევ მუსკია და რას ეძებს იგი? ვინ არის ქალბატონი ნანო თავყელიშვილი-შირერისა? რა ხდება ან ხდება თუ არა რამე ამ ქალსა და ლაზს შორის? რატომ ვარ ასე მძაფრად დაინტერესებული იმით, თუ რა სახის ურთიერთობები აქვთ მათ? ვინა ვარ მე თითოეულისთვის და ორივესთვის ერთად?..

მართალია, მალე მოვიდა დრო, როცა არც ერთი ამ კითხვათაგანი ჩემთვის და კიდევ რამდენიმე ადამიანისთვის საიდუმლოებას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ ვინც შეძლებს, თავი ჩემს ადგილზე წარმოიდგინოს, იმისთვის ცხადი შეიქნება, თუ როგორ მაწუხებდა და მღრღნიდა მაშინ ყოველივე ეს.

კიდევ ერთი რამ მოხდა: ხალხში, საზოგადოებაში ტრიალი სამთავეს მოგვბეზრდა. დადგა დღე და გულმა აღარსაით გაგვიწია, ელიზბარ კარიჭაშვილისა და გოგიას მეტი არავინ გვაინტერესებდა. ესენი, თითქოს, რაღაც სიცარიელეს გვივსებდნენ, ჩვენს ყოფას თავისი სხვადასხვანაირობით ამდიდრებდნენ.

წინა ღამეს სამორინეში ვიყავით. იქ შევთანხმდით, რომ ხვალ ჩემს ბინაში მოვიყრიდით თავს. ლაზი ელარჯს მოამზადებდა და ელიზბარი – ლულა-ქაბაბს. დილით არზნევის სასტუმროდან კანტორაში წავედი, ორიოდ საათი დავყავი და შინისკენ გავწიე. დათქმულ დროს ელიზბარმა და გოგიამ ლაზი მოიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ ნანოც მოვიდა. ნანო და გოგია სასტუმრო ოთახში დარჩნენ, წუხანდელი თამაშის პერიპეტიებს იგონებდნენ და ერთობ მხიარულად გრძნობდნენ თავს. მსახურმა ეზოში მაყალის გაფიცხებას მიჰყო ხელი. ლაზი და ელიზბარი სამზარეულოში საქმიანობდნენ. მეც იქა ვტრიალებდი. რამდენჯერმე დამითხოვეს, – ხელს ნუ გვიშლი, წადი, ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცითო, მაგრამ თავი ვერ დავანებე. ბოლოს ცული და დასაკეპი ხორცი მარგუნეს. ამასთან დაკავშირებით ელიზბარს მეწისქვილის კარზე მიმდგარი სახედრის ანდაზა მოაგონდა და მუშაობას შევუდექი.

ეს ამბავია, – სადარბაზოდან ზარის წკრიალი მოისმა. ხელები ხორცის წვენში მქონდა ამოვლებული, ჩემი მსახურის წინსაფარი მეკეთა, გასვლა-გაგებება არ შემეძლო. არც გოგიას შეწუხება ჩავთვალე შესაძლებლად, ცალფეხი კაცი იყო და ნანოს გავძახე, – გაუღე, ალბათ, კლიენტია ვინმე და უთხარი, დღეს ვერ მივიღებ, ხვალ კანტორაში მნახოს-მეთქი.

ნანო სადარბაზოში გავიდა, ცოტა ხანს მერე სამზარეულოში შემოიხედა და მითხრა:

– არ მიდის, კლიენტი არა ვარ, სტუმარი ვარო.

– სტუმარი ვარო?.. გვარი არ უთქვამს?

– არა. მაღალ-მაღალი, ტანთხელი, ორმოცდაათი-ორმოცდათხუთმეტი წლის კაცია. რუსია და არც რუსსა ჰგავს.

– შემოიპატიჟე?

– ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი! მისაღებში ზის.

– მიდი, გაეგებე, ეგ ხორცი უკვე მზად არი, – მითხრა ელიზბარმა.

– მაშ, რას ვიზამ, მაგრამ დღეს არავის ველოდი...

ხელები გადავიბანე, მოვწესრიგდი, მისაღებისკენ გავწიე. სასტუმრო ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, გოგიამ მანიშნა, მომიახლოვდიო. მივედი. ნანოც შემოგვიერთდა. გოგიას რამდენადმე დაბნეული, შეფიქრიანებული იერი ჰქონდა. მისაღებისკენ მანიშნა და ჩურჩულით მკითხა:

– ასე ახლოს იცნობ მაგას, რომ დაუპატიჟებლად გესტუმროს.

– ვისა... ვინ არის?

– თუ არ ვცდები... კავკასიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი გრაფი სეგედი! – უფრო დაბლა წაგვჩურჩულა გოგიამ.

წამიერი დუმილი ამოვარდა.

– მე მაგას... მე მაგას, საერთოდ, არ ვიცნობ. არა, ნაცნობობა არა გვაქვს, თორემ ისე, რა თქმა უნდა, გარეგნობით ვიცი, რომელიც არის... – მივუგე და მისაღებისკენ დავიძარი.

გოგიამ მკლავში ხელი წამავლო, გამაჩერა ტუჩებზე თითი მიიდო:

– სამზარეულოდან გასასვლელი არის?

– არის... აივანზე და მერე კიბეებით – ეზოში. რად გინდა?

– გაართო, ეგებ, ცოტა ხანს. უცბად არ შემოიყვანო... ისე კი, რომ მოიშორებდე აჯობებდა! – მითხრა გოგიამ და სამზარეულოსკენ გასწია.

– რაშია საქმე?! – ვკითხე ნანოს.

– მერე, მერე! წავიდეთ, – დაიჩურჩულა ნანომ და ხმამაღლა, სტუმრის გასაგონად დაიძახა: – აქეთ, ირაკლი, სტუმარი მისაღებში გელოდება.

ელდა ჩავიხშე, თავს დავეუფლდე, სახეზე კლიენტების მიღება-გაცილებაში წლობით შემუშავებული მსუბუქი ღიმილი დავიდე და გავედი.

გოგია არ შემცდარა. სავარძლიდან, მართლაც, გრაფი სეგედი, კავკასიის ჟანდარმთა მრისხანე შეფი წამოიმართა და თავაზიანად მომახსენა თავისი ვინაობა.

ევროპული ტანსაცმელი ეცვა. მაღალი კაცი იყო. ღრმა, ჭკვიანი თვალები და ოდნავ ეშმაკური, მაგრამ სანდომიანი ღიმილი ჰქონდა.

მკრთალი, ნატიფი პირის კანი არისტოკრატულ მოდგმასა და მყუდრო კაბინეტებში გატარებულ ცხოვრებას მოწმობდა.

– დიდად მოხარული ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ... ვერ წარმოიდგენთ, რა კარგ დროს ინებეთ მობრძანება! იცნობდეთ, გეთაყვა, ქალბატონი ნანო ფარნაოზის ასული თავყელიშვილი-შირერისა... სულ მალე მზად იქნება ღმერთების შესაფერი საჭმელ-სასმელი, წარმოგიდგენთ ჩემს უახლოეს მეგობრებს და თქვენს სტუმრობას ლუკულუსის ღრეობით აღვნიშნავთ! ნება მიბოძეთ, გემსახუროთ. – პალტოში წავწვდი, სრული დარწმუნებული ვიყავი, ბოდიშს მომიხდიდა, ვერ დავრჩებიო.

– ნუ შეწუხდებით, თავადო, მე მხოლოდ გრაფი ვარ, უნგრელი გრაფის ჩამომავალი. ამას საგანგებოდ ვუსვამ ხაზს: უნგრეთში ხუთ მოსახლეზე თითო გრაფი მოდის. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. – ღიმილით თქვა სეგედიმ და პალტო თვითონ გაიხადა.

– საქართველოში ორ მოსახლეზე თითო თავადია, გრაფ. ჩვენ გჯობივართ! – მივუგე მე, რომ გრაფის თანხმობით გამოწვეული დაბნეულობა მიმეჩქმალა.

მისმა ბრწყინვალებამ მიიხედ-მოიხედა, საკიდარი ვერსად შენიშნა და პალტო, უნებლიეთ, ისევ მე გამომიწოდა.

გავედი და დავკიდე.

– თავადო, რაც შემომთავაზეთ, სწორედ იმის სათხოვნელად გეახელით! – განაცხადა სეგედიმ, როცა დავბრუნდი.

– რის სათხოვნელად, თქვენო ბრწყინვალებავ.

– თქვენს მეგობრულ სუფრაზე დასწრება მინდოდა. უცხო კაცისგან ეს, ალბათ, უცნაური მოსასმენია, მაგრამ გაძლევთ პატიოსან სიტყვას, არაფრით შევზღუდო თქვენი დროსტარება და ჩემმა დასწრებამ, იქნებ, თავისებური ელფერიც კი მისცეს თქვენს ლხინს.

გრაფი ცდილობდა, რომ სადა, ძალდაუტანებელი ყოფილიყო, მაგრამ ღელავდა და მის საქციელს ერთ რომელიღაც მომენტში უსიამოვნო სითამამემ დაჰკრა.

– რა თქმა უნდა, რას ბრძანებთ, რა სათქმელია... – მივუგე მე და ელდა მეცა, – ვაითუ, მოულოდნელობით გამოწვეული შეცბუნება სიყალბეში ჩამომერთვას-მეთქი.

გრაფი ღიმილით შემოგვყვა სასტუმრო ოთახში, ღიმილითვე ჩაეშვა მითავაზებულ სავარძელში.

– მსმენია, თქვენო ბრწყინვალებავ, ჩინებულად უკრავთ ფორტეპიანოზე, – უთხრა ნანომ და მე პროგრამით გათვალისწინებული საუბრის დასაწყისი ვიგრძენი: ხომ დავაპირეთ, რომ უნდა გაგვერთო და შეგვეყოვნებინა!

ეგ არის, გრაფმაც იგრძნო რაღაც და ნანო მიუგო:

– თქვენ, ქალბატონო, ჩემსავით ღელავთ. დარწმუნებული ვარ, ეს გაუთვალისწინებელი ვიზიტი სხვებსაც ააფორიაქებს. ერთობ მშვიდობიანმა, მაგრამ საკმაოდ რთულმა საჭიროებამ მომიყვანა და მიზანი მიუღწეველი დამრჩება, თუ ამ ბინაში სიმშვიდემ და გულახდილობამ არ დაისადგურა. დახმარება უნდა გთხოვოთ, სახელდობრ, თქვენ უნდა გთხოვოთ, ერთადერთ ქალს ხუთი მამაკაცის საზოგადოებაში: სძლიეთ თავს და მომეპყარით, როგორც ძველსა და კეთილგანწყობილ ნაცნობს. ეს თქვენც დაგამშვიდებთ და მეც. ჩვე ორივე ერთად, ჩვენი სიმშვიდით – სხვებს, – გრაფმა გაიცინა და დასძინა: – მალე დარწმუნდებით, რომ საუკეთესო განზრახვამ მომიყვანა.

ნანომ სტუმრის სიტყვები გაიკვირვა, ალბათ, უნდოდა, ეთქვა, სრულიადაც არ ვღელავო, მაგრამ აღარ დავაცადე:

– ხუთიოდე წუთით დაგტოვებთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ბოდიშს ვიხდი! სამზარეულოს უნდა მივხედო, სულ მალე დავბრუნდები, – ვთ1ვი და გავედი.

ვერ გამეგო, რა ხდებოდა, მაგრამ მოსალოდნელ პიკანტურ სიტუაციას თუ საშიშროებას ნათლად ვგრძნობდი. ალბათ, ამან შემიყვანა საძინებელ ოთახში და ფანჯრიდან ქუჩაში გადამახედა. ჩემს სადარბაზოსთან ორი ეტლი იდგა. ერთი ნანოსი იყო, მეორეში ვიღაც ქუდჩამოფხატული კაცი თვლემდა. სეგედის კაცი იქნება-მეთქი, გავიფიქრე, სხვა რამ მნიშვნელოვანი თუ საეჭვო ვერაფერი შევნიშნე.

სამზარეულოში გავედი. არზნევ მუსკია მოთუხთუხე ქვაბს დასცქეროდა. გოგია და ელიზბარი განაბულები იდგნენ, ფიქრობდნენ.

ჩემმა გამოჩენამ, თითქოს, სამივე ააფორიაქა, მდრტვინავ სიჩუმეს უხერხულობაც მოემატა.

– გამაგებინეთ, რაშია საქმე, – ვთქვი მე.

– ჩვენც მაგაზე ვიტეხთ თავს! – მითხრა გოგიამ.

– რამ მოიყვანა, რა მინდაო? – იკითხა ელიზბარმა.

გადავეცი, რაც იყო და როგორც იყო.

– არაფერი არ არის მაგ, – თქვა ლაზმა. – გაიგო, ალბათ, ელარჯი რომ გვექნება, და საჭმელად მოვიდა კაცი. რაა მერე?.. შენი ლულა-ქაბაბის საჭმელად არ არის მოსული მაგ! – ელიზბარ კარიჭაშვილს გადაულაპარაკა ლაზმა.

– ელარჯზე მოსულს უფრო გავს, – დაუდასტურა გოგიამ.

დავრწმუნდი, რომ ის ლაპარაკი, საიდანაც ვითარებაში გარკვევა შეიძლებოდა, აქ უკვე დასრულებული იყო, და მოულოდნელად გული მომივიდა:

– თუ თქვენი ნალაპარაკევის ჩემთან გამეორება არ შეიძლება, მაშინ რა აზრამდეც მიხვედით, მარტო ისა თქვით!

– არაფერ აზრამდე არ მივსულვართ ჯერ, – მაცნობა ლაზმა.

– სამზარეულოდან ეზოში გასასვლელი კარი ვისთვის იკითხე, – მივმართე გოგიას.

– იმისთვის ვიკითხე, ვისთვისაც შეიძლება, მოსული იყოს ეგ კაცი!

– რომელი შეთქმულები ჩვენა ვართ, შე კაი კაცო. განა, რომელი ჩვენგანი უნდა მიაჩნდეს მაგ კაცს იმდენად მნიშვნელოვან დამნაშავედ, რომ პირადად გვეახლოს?! – ვღელავდი და როცა ვთქვი, მერე შევნიშნე, რიტორიკული ინტონაციით ვთქვი. დავაპირე, ხუმრობაში გადამეყვანა, რომ შეშინებული კაცის შთაბეჭდილება არ მომეხდინა, მაგრამ თანამოსაუბრეების იერმა დამამუხრუჭა.

ლაზი კვლავინდებურად ქვაბს დასტრიალებდა, გოგია იატაკს დაჰყურებდა. ელიზბარი დაკეპილ, უკვე შეზავებულ ხორცს შამფურებზე ტმასნიდა, თითები და ხელები ოდნავ უკანკალებდა. ვიგრძენი, რომ ყოველ მათგანს ჰქონდა სათქმელი და ჩუმად კი იყვნენ, ერთიმეორეს ელოდებოდნენ. სიჩუმემ, იქნებ, სულ ოციოდე წამს გასტანა, მაგრამ მე იგი უსასრულობად, სულის ამომრთმევ უძრაობად მომაწვა და თავდაცვის ინსტინქტმა გარდუვალი კატასტროფის წინათგრძნობა აღმიძრა. ახლა შემიძლია, თავისუფლად ვაღიარო – ეს იყო წამიერი პანიკა, თავგზააბნევა, სულის წამოძაგძაგება. თითქოს ვიღაცამ ჩემი უღრუბლო ცხოვრება, კეთილდღეობა, წარსული, აწმყო და მომავალი ფაიფურის ლანგარივით დასცა და ნამსხვრევებად აქცია. ვერ ვიტყვი, რას იზამდა ნებისყოფა, მაგრამ ის სულმოკლეობა, რომელმაც ერთიანად მომიცვა და შემიპყრო, მზად იყო, ეყვირა: “თქვენ ყველამ ერთად, რაღაც საშინელი ჩაიდინეთ და მეც საფრთხეში გამაბით. მე არა ვარ თქვენი თანამზრახველი, არ მინდა საშიშროება და რისკი! ბოლოს და ბოლოს რა დააშავა არსებულმა წესწყობილებამ, რატომ უნდა ვხედავდეთ მხოლოდ ავს და გვავიწყდებოდეს სიკეთე?! არ მინდა, წადით აქედან ახლავე და წაიყვანეთ ეს საზიზღარი გველი, რომელიც თქვენის გამოისობით შემოიკლაკნა ჩემს ბინაში, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს მომავალში!..”

– მე ვიყო, იქნება, ის კაცი, ირაკლი! – სიჩუმე დაარღვია ლაზმა

– ჰა?.. რომელი კაცი? – ვკითხე უნებლიეთ და მეგონა, რომ სხვამ ჰკითხა.

– ვისთვისაც შეიძლება, მოსული იყოს ეგ სტუმარი!

სრულიად არ გამკვირვებია, ერთი წამითაც არ შევმცბარვარ და, ალბათ, იმიტომ, რომ ითქვა ის, რაც ჩემმა ქვეცნობიერებამ არზნევ მუსკიასთან პირველი შეხვედრისთანავე დაადგინა. ჩვენი ურთიერთობა სულ ოციოდე დღით განისაზღვრებოდა, მაგრამ რამდენიმე წამში წლების გამოცდილებად იქცა, ლაზის სულიერი პორტრეტი უაღრესი სიცხადით წარმომიდგა და დამრჩა ერთადერთი გრძნობა, რომ ამ კაცს ზნეობრივი დანაშაულის ჩადენა არ შეეძლო. იმავ წამს მივხვდი, რომ გოგიას, ელიზბარს და ნანოს ჩემს წინაშე ცოდვა არაფერი მიუძღოდათ და იმასაც, რომ ადამიანური სამართლიანობა ყველა შემთხვევაში არზნევ მუსკიას მხარეზე უნდა ყოფილიყო, ხოლო ჩემი ადგილი კი იქ, სადაც ეს სამართლიანობაა. მყისვე ვიგრძენი ჩემი აღშფოთების უსუსურობა, სიმდაბლე, და სირცხვილმა ჟრუანტელად დამიარა. გონებამ დაუყოვნებლივ მიკარნახა, რომ ამ ვითარებაში სულ სხვა რამ იყო საჭირო. სიტუაცია ჩარევას, მოქმედებას, პოზიციის აღნიშვნას საჭიროებდა, და მშვიდად ვთქვი:

– არზნევ, შენ უნდა მოიქცე ისე, როგორც შენთვის იქნება უმჯობესი. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!

– ისე უნდა მოვიქცე, ირაკლი, ძმაო, როგორც ყველასთვის იქნება უმჯობესი. მე მარტო არ ვარ აქ! – მტკიცედ თქვა ლაზმა, მადლიერი თვალები შემომანათა და დასძინა: – არსად არ წავალ მე! გააფიცხებს მსახური მაყალს და აიღებს შამფურებს. სტუმართან გავიდეთ ჩვენ.

გაოგნებულებივით შევცქეროდით.

– ასე უნდა აჯობოს მგონია! – დაადასტურა ლაზმა თავისი გადაწყვეტილება, ქვაბი გადმოდგა, ონკანთან მივიდა, ხელები გადაიბანა, ჩოხის კალთები ჩაუშვა და მითხრა:

– შეგვიძეხი ირაკლი, სახლის პატრონი და მასპინძელი ხარ შენ!

ხმა აღარავის ამოგვიღია, დავიძარით.

გრაფი ჩვენი შესვლისთანავე ადგა, თვალი მოგვავლო. სათითაოდ წარვუდგინე ჩემი სტუმრები. არაფერი საყურადღებო – თავაზიანი ურთიერთმისალმებები, ამგვარ შემთხვევებისთვის საჭირო ღიმილი და ტრადიციული: “დიდად სასიამოვნოა!”

– დასხედით, ბატონებო... სანამ მსახური გვაცნობებდეს, რომ სუფრა მზად არის! – მივმართე სტუმრებს და სავარძლები მივუმარჯვე.

გრაფი თავისსავე სავარძელში ჩაეშვა, ლაზს მიაჩერდა. ოცი წლის უნახავ ნაცნობს უყურებენ ხოლმე ასე.

– კაი გამოვიდა ელარჯი, ქალბატონო ნანო. მე რომ შეგპირდით, ისეთი, თითქმის, – უთხრა ლაზმა.

– ასეთი საოცარი მსგავსება მხოლოდ ტყუპებისა მინახავს! – თქვა გრაფმა ქართულად, ლაზს თვალი მოაშორა, იდაყვი სამკლავეზე ჩამოდო, თავი დახარა და იატაკზე გაფენილ ხალიჩას დააცქერდა.

– თქვენო ბრწყინვალებავ, როგორი სუფთა ქართული გცოდნიათ! გასაოცარია, ღმერთმანი, – სიტყვა ბანზე აუგდო ნანომ.

გრაფი, მართლაც, კარგად ნასწავლ ქართულს ლაპარაკობდა. ჩანს, პრაქტიკაც მდიდარი ჰქონდა და ერთადერთი ნაკლი მისი ქართულისა ის იყო, რომ ხორხისმიერ ბგერებს ვერ გამოთქვამდა.

– ვინ ვის მიამსგავსეთ, გრაფ, ვის გულისხმობდით? – ვკითხე რუსულად და ამის შემდეგ ქართულად აღარავის გვილაპარაკია ლაზის გარდა. – ეს ხან რუსულს ხმარობდა და ხან ქართულს.

ქათინაურისთვის სეგედიმ ნანოს მადლობა გადაუხადა, მე მომიბრუნდა, ცოტა დააყოვნა და პატარა უხერხულობის გრძნობით, მორცხვი ღიმილით მითხრა:

– მუშნი ზარანდიას და დათა თუთაშხიას ვგულისხმობდი, ბატონო ირაკლი. – გრაფი წამით დადუმდა, ალბათ, ჩემს რეაქციას დაელოდა და როცა მოსალოდნელი ეფექტი ვერ შენიშნა, განაგრძო: – იქნებ, საოცარი არც იყოს, ბიძაშვილ-მამიდაშვილი ერთმანეთს რომ ჰგავდნენ, მაგრამ ტყუპებივით?.. პირველი – ჩემი ერთ-ერთი მოადგილეა, მეორე – არზნევ მუსკიად წოდებული თქვენი კლიენტი და მეგობარი.

ის ბოლო ნახევარი საათი იმდენი მოულოდნელობით იყო დატვირთული, რომ ჩემს ფსიქიკას რეაქციის უნარი სრულიად მიჩლუნგებული ჰქონდა და არც გამკვირვებია რამე. საერთოდ, იქ, იმ წუთსვე, ცხადლივ და თვალწინ, რომელიმე ჩვენგანი შინაურ ცხოველად რომ გადაქცეულიყო, ვერც ეს მეტამორფოზა გამომიყვანდა სრული შინაგანი გარინდებისა და უძრაობის მდგომარეობიდან.

სტუმრები შევათვალიერე.

დათა თუთაშხიად ქცეული არზნევ მუსკია გიშრის კრიალოსანს აკაკუნებდა. ისეთი სახე ჰქონდა, ვითომ ბავშვობის დროინდელი ონავრობა რამ მოაგონდა და ღიმილი მოჰგვარაო. ნანოს მეტისმეტი მღელვარებისგან შუბლზე, ღაწვისთავებზე ოფლის წვეთები გამოსხდომოდა, მარაოს იქნევდა და სუნთქვა უჭირდა. ელიზბარ კარიჭაშვილი მიხვდა, რომ გაფითრდა, და ლოყებს ხელისგულებით ისრესდა. გოგია მშვიდი ჩანდა, დამსწრეთა თვალიერებაში იყო გართული ჩემსავით.

– მართალია ეგ, – სიჩუმე დაარღვია თუთაშხიამ. ნელა ლაპარაკობდა, ყოველი წყვილი მძივის ჩამარცვლას თითო, ორ-ორ სიტყვას აყოლებდა. – ტყუპებივით ვართ. მამაჩემი და მუშნის დედა – ჩემი მამიდა, ესე იგი, – ტყუპის ცალები იყვნენ. იქამდე ვგავართ ერთმანეთს, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ, პატაშიძეა ერთი, პოლიცმაისტერი – ის რომ არ შესწრებოდა, ჩემს მაგიერ მუშნის დაიჭერდნენ. აქციზში მსახურობდა მაშინ ის.

გრაფმა ჩაიცინა:

– მსმენია ეგ ამბავი.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ვიჯექი და მეგონა, რომ ეს შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩემი მოწყობილი იყო, ყველაფერი წინასწარ ვიცოდი და ახლა დოინჯშემოყრილი ველოდებოდი კვანძის გახსნას.

– მე თქვენი სტუმარი ვარ, ქალბატონო და ბატონებო, – თქვა სეგედიმ. – ამიტომ გთხოვთ, რასაც ვიკითხავ ან ვიტყვი, მხოლოდ ჩვეულებრივ საუბრად ჩამითვალოთ. – ნათლად ჩანდა, გრაფი ცდილობდა, თავს დაუფლებოდა. – ბატონო თუთაშხია, დარწმუნებული ვარ, დამსწრეთაგან ერთმა მაინც გირჩიათ თავის გარიდება. სამზარეულოს აქვს ეზოში გასასვლელი კარი. რატომ არ ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით?

დათა თუთაშხიამ რამდენიმე წყვილი მძივი ჩაარაკუნა და მიუგო:

– თქვენ, ჩვენო ბატონო, როგორ გგონიათ ეგ?

– სიმართლე მოგახსენოთ, არ მესმის. თუ კეთილინებებთ... მადლიერი დაგრჩებით დიდად.

– ვიტყვი, აბა. – თქვა თუთაშხიამ, აზრი მოიკრიბა და დაიწყო: – არ შეიძლებოდა ჩემი წასვლა. ბატონ ირაკლისთან არის და, ხელშეკრულებით ვარ დაკავშირებული, როგორც კლიენტი ვექილთან. ბატონმა ელიზბარმა სულ არაფერი არ იცის ჩემზე, მისთვისაც ლაზი აზნაური არზნევ მუსკია ვარ მე. ბატონმა გოგიმ და ქალბატონმა ნანომ, მართალია, იციან, დათა თუთაშხია რომ ვარ, მაგრამ ერთმანეთს რომ ვხვდებით ჩვენ ხუთნი, ამ ხნის მანძილზე კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაგვიდენია რომელიმეს და რაიმე ბრალდების წაყენებაც ვერ მოხერხდება მათთვის; ერთი შეიძლება დაბრალდეს მაგათ – დაუსმენლობა, მაგრამ ტყუილივით მოკლე ფეხი ექნება, მგონია, მაგ ბრალდებას: დაუსმენლობა, მოგეხსენებათ, ის არის, კაცმა თუ რომელიმე ჩადენილი დანაშაული იცის და კანონს დაუმალავს და ან ის, აგერ რომ მზადდება დანაშაული და არ აცნობებს პოლიციას. რომ წავსულიყავი, ამ ხალხის შეწუხების საბაბი მოგეცემოდათ თქვენ. არ მქონდა უფლება, პოლიციაში სასიარულოდ შემექნა მათი საქმე. ახლა, აქ რომ ვზივარ მე, ეს ხალხიც სუფთაა კანონის წინაშე და მეც სუფთა ვარ ჩემი სინდისის და ჩემი მეგობრის წინაშე. ეს ერთი, თქვენო ბრწყინვალებავ, მეორე: თვე-ნახევარია თითქმის, თბილისში რომ ვარ. მალვა და თავის მორიდება აზრად არ მომსვლია ამ ხანში. მესამე დღეს-მეთქი, არ ვიტყვი, მაგრამ მეოცე დღეს ჟანდარმერიამ ხომ უეჭველად იცოდა, აქ რომ ვარ, დათა თუთაშხია! ჩემი დაჭერა ყველგან შეიძლებოდა ადვილად, წუხელის შეიძლებოდა, სამორინეში რომ ვიყავით, მაშინ, და ყველგან, სადაც დაჭერას მოინდომებდა დამჭერი. კაი და, როდის იყო, თქვენხელა თანამდებობის კაცები ვინმეს დასაჭერად თვითონ რომ დადიოდნენ! თქვენი აქ მობრძანება ჩემს დასაჭერად მობრძანება რატო უნდა მგონებოდა, ვითომ? ვთქვათ, და სულ სხვა საქმეზე ხართ მოსული და არც ჟანდარმერიამ იცის თბილისში ყოფნა ჩემი; რატომ უნდა მეშინოდეს თქვენთან შეხვედრის, ნეტავი? პირადი ნაცნობობა გვქონია როდისმე, გინახივართ და გარეგნობა იცით ჩემი, თუ რა არის კიდევ? მესამეც არის: ვიფიქროთ, თითქოს, რაც ვთქვი, ყველაფერი მცდებოდეს მე და იმიტომ მობრძანდით, რომ ჩვენი ეს თავმოყრა ძალიან მოხერხებულია კანონისთვის – მე ცალკე ჩამიგდებთ ხელში და ამ ხალხს ცალკე ამხილებთ ჩემთვის ხელის შეწყობაში. ერთი გასროლით ორი კურდღელი რომ კვდება, ისე გამოდის ეს. საქმე ის არის, რომ სამზარეულოს კარიდან გასვლით იქნება თუ ბინაში დარჩენით – შეიარაღებული ხალხის ხელიდან გასხლტომამ და გაქცევამ უნდა მომიწიოს მე. ათი ასეთი შემთხვევიდან შვიდი ჩემია და სამი თქვენი. არ წავედი და უეჭველად თქვენი სამი რატომ უნდა გამართლდეს, მაინცდამაინც?.. – თუთაშხიამ ჟანდარმთა შეფს თვალი თვალში გაუყარა შეჰღიმა და დაასრულა: – მართალი მოგახსენოთ, რომ მომთავაზეს და არ წავედი, ახლა რაც ვილაპარაკე, მაშინ არ ვიცოდი ეს. იმ წუთში გულმა მითხრა, არ ქნაო. მერე და მერე მოვიფიქრე, სწორად მოვქცეულვარ, თურმე.

– ჯერჯერობით ათ შემთხვევაში ათივე თქვენია, ბატონო თუთაშხია, მაგრამ ხომ შეიძლება... მე, რატომღაც უფრო ფრთხილი მეგონეთ.

– ასეთი ხელობაა ეს, თქვენო ბრწყინვალებავ, – მიუგო თუთაშხიამ. – ათიდან სამი თუ არ მიიჩნია თავისად, ამის ილაჯი თუ არ აქვს კაცს, არ უნდა მოკიდოს ხელი მაშინ ამ საქმეს.

– ახლა რომ შემოცვივდნენ პოლიციელები? – ჰკითხა გრაფმა.

თუთაშხიამ შესცინა. თავი დახარა. კვლავინდებური სიმშვიდითა და კრიალოსნის რაკუნით უთხრა:

– არავინ არ უნდა შემოვიდეს, მგონია, აქ. ეგ რომ ყოფილიყო მოსალოდნელი, აგერ არ ვიჯდებოდი ახლა... რაც არ მომხდარა, იმაზე ნუ ვილაპარაკებთ, თქვენო ბრწყინვალებავ. ასე წინასწარ არასოდეს არაფერი მცოდნია მე, თორემ სიამოვნებით მოგახსენებდით მაგასაც.

სასადილოდან მსახურმა შემოაღო კარი, ყველაფერი მზად არისო, მანიშნა და წავიდა.

მიწვევა-მიპატიჟებამ მოსალოდნელი დუმილი ჟრიამულით და ქუსლების ბაკუნით შეცვალა. გავედით. სუფრას შემოვუსხედით.

ელიზბარ კარიჭაშვილი მსწრაფლ გამოცოცხლდა, სასმელ-საჭმლის მიმთავაზებლისა და მიმრთმევის როლში მოგვევლინა. მოსამხრებული იყო, მადა ყველას აღმოგვაჩნდა. მიუწვდომელი ხალისით, შეიძლება ითქვას, გააფთრებით შევუტიეთ სუფრას. შუსტოვის უძველესი კონიაკი მქონდა, – ჩამოვასხი, სტუმრებს შეხვედრისა მივთავაზე. დავლიეთ. ნანომაც კი გადაჰკრა ერთი ყლუპი და ისევ საჭმელს მივდექით. ასე უსაუბროდ გაიარა კარგა ხანმა და, ალბათ, ყოველ ჩვენგანს აწუხებდა სურვილი, რომ ვინმეს ლაპარაკი წამოეწყო.

კიდევ დავლიეთ და ელიზბარმა განაცხადა, – ელარჯი მშვენიერი მისატანებელი ყოფილა კონიაკზეო. ყველა მზადყოფნით დავეთანხმეთ. გრაფიც, მაგრამ საუბარმა თავი ვერ მოიყარა, ბურთი და მოედანი დანა-ჩანგლის მორიდებულ ხმაურს ეპყრა.

კედლის საათმა ჩამოჰკრა. ნანომ, თითქოს ამას ელოდაო, სეგედის ღიმილით ჰკითხა:

– გრაფ, მხოლოდ მესამე ჭიქის შემდეგ უნდა გაგვანდოთ თქვენი სტუმრობის ჭეშმარიტი მიზანი?.. ასე გაქვთ განზრახული?

– მესამე ჭიქის შემდეგ? - გრაფმა გაიცინა. – არა, ქალბატონო, ახლავე ჯობია, თორემ მერე ენა აღარ დამემორჩილება, გონებაც მიმტყუნებს. ის მაფერხებს, რომ ვერ გადამიწყვეტია, საიდან შემოვუარო, როგორ დავაღწიო თავი ერთ სირთულეს, სახამუშო მომენტს...

– იქნებ,შეერთებული ძალებით მოვერიოთ? – იკითხა კარიჭაშვილმა.

– ჩვენთან ყველაფერი ადვილია, გრაფ. – დაურთო ნანომ.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. სეგედი ფიქრობდა.

– მაგ საქმეს მესამე ჭიქამ მართლაც უნდა უშველოს. აბა, ვნახოთ! – ჩამოვასხი, სადღეგრძელო ვთქვი, მაგრამ სეგედიმ ჭიქა მხოლოდ ტუჩთან მიიტანა და დადგა.

– კავკასიის მეფისნაცვალმა, ბატონებო, გარკვეული სახეობის ბოროტმოქმედთა კერძო ამნისტიის პირადი უფლება მიიღო, – მოგვმართა სეგედიმ და სუფრა მყისვე გაინაბა. – ამნისტია ხორციელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულთა პატიებისა და დამნაშავის შემორიგების გზით. მისი უდიდებულესობის ამ ბრძანებულებას რამდენიმე შენიშვნა ახლავს მათ შორის: ადამიანი, რომელიც მეფისნაცვლისგან მიტევების გუჯარს მიიღებს, თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის ნაკლებ საშიში უნდა იყოს, ვიდრე დევნილის მდგომარეობაშია. უკეთ რომ ვთქვათ, მისი საშიშობა რუსეთის იმპერიის რიგითი, “მშვიდობიანი” ქვეშევრდომის საშიშროებას არ უნდა აღემატებოდეს არის ასეთი პირობაც: კერძო ამნისტიისთვის წარდგენას ახორციელებს კავკასიის ჟანდარმთა სამმართველო და, სახე-

ლდობრ, მისი უფროსი.

გრაფი შეყოვნდა, დატოვებული კონიაკი გადაჰკრა, ლუკმა მიაყოლა.

სულ ცოტა ხანს სუნთქვაც კი არავისი ისმოდა. სტუმრის სიტყვები აღქმას, გადამუშავებას საჭიროებდა. როდესაც ბოლომდე მივხვდით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გრაფის ნათქვამი ჩვენი მეგობრისთვის და, ამდენად, ჩვენთვისაც, განწყობილება სინდიყის სვეტივით ავარდა ყველამ რაღაც საქმე და საკეთებელი იპოვნა: ზოგმა დანა-ჩანგალი აამოქმედა, ზოგმა პაპიროსი მისთავაზა მეორეს. ზოგმა ცეცხლი... ხმას მაინც არავინ სძრავდა, რადგან, ცხადი იყო, სიჩუმეს იმ მნიშვნელოვანის დაკონკრეტება უნდა მოჰყოლოდა.

– კავკასიის მეფისნაცვალს მე უნდა პატიებისთვის წარვუდგინო ან არ უნდა წარვუდგინო სისხლის სამართლის დამნაშავე დათა თუთაშხია და მოვალე ვარ, არ შევცდე ჩემს გადაწყვეტილებაში. ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებლად და, ამასთან, ზედმიწევნით ზუსტად უნდა ვიცოდე, ვინ არის და რას წარმოადგენს ბატონი დათა თუთაშხია, ახლა უფრო საშიშია სახელმწიფოსთვის, თუ მაშინ უფრო საშიში იქნება, როცა უბეში პატიების საბუთი ედება.

გრაფი კვლავ დადუმდა და დრო ვიხელთე:

– თქვენო ბრწყინვალებავ, ბატონი დათა თუთაშხია ჩემი კლიენტია და ერთდროულად ჩემი ახალშეძენილი მეგობარიც. თქვენი სურვილის დაკმაყოფილება, ჩანს, მისი დაკითხვის, მასთან საუბრის გზით არის შესაძლებელი. აძლევთ თუ არა ბატონ თუთაშხიას თავისი ვექილის გამოყენების უფლებას? მე მზად ვარ, შევასრულო ჩემი მოვალეობა!

სტუმარმა თავი ენერგიულად გაიქნია:

– მაგით ბევრი ვერაფერი გამოირკვევა. მე იმისთვის გეახელით, რომ პირადად გავიცნო ბატონი დათა თუთაშხია, ვისაუბრო მასთან ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, შინაურ ვითარებაში და ჩემს მიერ ადრე გამოტანილი დასკვნები შევამოწმო. ამას გარდა, მსურს, შევაჯერო ჩემი შეხედულებები მის პიროვნებაზე თქვენს წარმოდგენებთან – თქვენ ხომ მისი ახლობლები ბრძანდებით და ბევრი რამ ისეთი იცით ბატონი დათა თუთაშხიასი, რაც ოფიციალური დაწესებულებისთვის მუდამ უცნობი რჩება. ეს არის, ქალბატონო ნანო, ჩემი დაუპატიჟებელი სტუმრობის ჭეშმარიტი მიზანი!

ვიცოდი, რომ ჟანდარმთა შეფობა გრაფისთვის სინეკურა კი არა, დასაბამითვე დათქმული, განგებით მინიჭებული მოწოდება იყო. ამიტომ მისი სურვილი, ჩემი აზრით, რაიმე ქვეტექსტს, უხილავ და ძნელად მისაგნებ განზრახვას უსათუოდ შეიცავდა.

– თქვენო ბრწყინვალებავ, მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, – ვისარგებლე პაუზით. – რამდენადაც მესმის, თქვენი უპირველესი მიზანია, მიაღწიოთ ყოველი ჩვენგანის სრულ ძალდაუტანებლობასა და გულწრფელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საუბარი და ურთიერთობა ფარსად, ცბიერების აუქციონად გადაიქცევა...

– სწორი ბრძანებაა, – დამიდასტურა გრაფმა. – თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ ყოველივე ამას მართებული ფორმა და ინტონაცია შევძინოთ?

– მოტივები, დამაჯერებელი მოტივები, თქვენო ბრწყინვალებავ. ისეთი მოტივები, რომელთა მეშვეობით თქვენდამი სრული კეთილგანწყობისა და ნდობის სტიმული მოგვეცემა.

– უფრო ნათლად?

– მე მგონი, უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო დასკვნების მისაღებად, სახელდობრ, აი, ასეთი ხერხი და არა ჩვეულებრივი დაკითხვა, ვთქვათ, დაპატიმრების შემდეგ!

გრაფი ჭამას შეუდგა და კარგა ხანს იყო ჩუმად. აღძრული კითხვა, ეტყობა, ყველას დაუჯდა ჭკუაში. ჩემი მეგობრები გაფაციცებით ელოდნენ მისი ბრწყინვალების პასუხს.

– ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, ერთი სირთულის წინაშე ვდგავარ-მეთქი, – გრაფმა ტუჩებზე ხელსახოცი მიისვ-მოისვა, დაკეცა, მაგიდაზე დადო და განაგრძო: – ჩემი მოსვლის საერთო ძირითადი მიზანი უკვე ნათქვამია და განმეორებას აღარ საჭიროებს. ახლა მე უნდა დავამტკიცო, რომ ამ მიზნის განხორციელება მხოლოდ აქ, ამ თქვენს შეკრებაზე მოსვლით შემეძლო და, რომ ყველა სხვა ხერხი სასურველ შედეგს ვერ მომიტანდა, უვარგისი იქნებოდა. სწორედ ეს არის რთული, რადგან მთავარი, ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტის მოყვანას სამსახურებრივი ვალდებულება მიკრძალავს იქამდე, სანამ აქედან წასვლას დავაპირებდე, მაგრამ, როგორც იტყვიან, ღმერთი მოწყალეა... სხვათა შორის, – ღიმილით ჩაუმატა გრაფმა, – ჩემი თანამდებობის წყალობით, უფრო ხშირად მე მარწმუნებენ ხოლმე რაიმეში, ვიდრე მე – სხვებს.

გამიელვა, რომ, ჩვენი მხრივ, უზრდელობა იყო სტუმრის ასე ჩაკირკიტებული გამოკითხვა – რა გინდა, რისთვის მოხვედიო. ბოდიშის მოხდა და თავის მართლება დავაპირე, მაგრამ სეგედიმ დამასწრო:

– ვიხუმრე, თავადო. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, და საუბარი განვაგრძოთ... მას შემდეგ, რაც დაისახა აბრაგ დათა თუთაშხიას კანდიდატურა კერძო ამნისტიისთვის, მისი ძებნა და დევნა ავტომატურად შეწყდა. ეს ოთხი, ხუთი თვის ამბავია. ამ ხნის მანძილზე ჩვენ მასთან კონტაქტის დამყარებას ვცდილობდით, რათა, ჯერ დაგვედგინა, დასაშვებია თუ არა მისი შეწყნარება, და შემდეგ, თუკი დასაშვები აღმოჩნდებოდა – მიგვეცა შემორიგების წინადადება. კონტაქტი ვერ მოხერხდა, ვერ მივაგენით, სად იყო...

– ალბათ, სხვა კანდიდატებიც არანაკლებ ძნელი მისაგნები იქნებიან, თქვენო ბრწყინვალებავ, და ოფიციალურ პირთან შეხვედრაზეც, ხაფანგის შიშით,ბევრი არავინ დათანხმდება, – ვთქვი მე.

– რა თქმა უნდა, მაგრამ სხვებთან შეხვედრა საჭიროებას არ წარმოადგენს ჩვენთვის, ყველა საფუძვლიანად გვყავს შესწავლილი. ბატონი დათა თუთაშხია ამ მხრივ გამონაკლისია... დიახ... ამ ორი კვირის წინათ კონტრდაზვერვის სამსახურმა თურქეთის მოქალაქის, არზნევ მუსკიას პერსონაში აბრაგი დათა თუთაშხია დაადგინა: ხელისუფლებას კი ამნისტირების პროგრამა აქვს დასახული, შემორიგების პოლიტიკას ახორციელებს. მართალია, ამჟამად თუთაშხია თითქოს ადვილი ასაყვანია, მაგრამ არ ავიყვანთ, რადგან დაპატიმრება დასახული პოლიტიკის ნაადრევად შეცვლას ნიშნავს, რაც საერთოდ და ყოველთვის ზიანის მეტს არაფერს იძლევა. თქვენ იტყვით, – თხუთმეტი, თექვსმეტი წელიწადია ვერ მოიხელთეთ, აგერ, მისი დაპატიმრების ჩინებული შესაძლებლობა გეძლევათ და პროგრამა რაღა შუაშიაო. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია; წარსულშიც გვქონია ასეთი და, წარმოიდგინეთ, ამაზე ნაღდი შესაძლებლობა თუთაშხიას ხელში ჩასაგდებად, მაგრამ განზრახვა სისრულეში მოუყვანელი დარჩენილა. იგივე ფინალი არც ახლაა გამორიცხული და აუტკივარი თავი რატომ ავიტკიოთ აი, მოვედი: შეიძლება? შემოვირიგებთ. არ შეიძლება? დავრწმუნდებით ამაში და აყვანას მერეღა ვცდით. მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა? – სეგედიმ ეს მე მკითხა.

– დიახ... უკეთ რომ ვთქვათ, საკითხის ერთ-ერთი გადაწყვეტაა. მანდ კიდევ რაღაც უნდა იყოს, ესე იგი, სხვა მიზეზიც... მიზეზებიც თუ არა.

– არის, ბატონო ირაკლი, სხვა მიზეზებიც არის. ამ მაგიდის გარშემო მსხდომთაგან ჟანდარმერიასთან თუ საიდუმლო პოლიციასთან გარკვეული ურთიერთობა უკლებლივ ყველას ჰქონია. ამიტომ, ვფიქრობ, ადვილად გაიცემა სწორი პასუხი კითხვაზე: რა არის დაკითხვისა და გამოძიების პროცესი?

გრაფი დადუმდა და იმის მოლოდინში, თუ რომელი ჩვენგანი მოისურვებდა პასუხს, თვალით ჩამოგვიარა.

– გაუგებარია, გრაფ, – ღიმილით თქვა ელიზბარ კარიჭაშვილმა.

– უკლებლივ ყველასაო, ბრძანეთ... ლაზის, გოგიას და ჩემს მიმართ სწორი ბრძანდებით, ირაკლის და გრაფ სეგედის მიმართაც – იურისტები ხართ და თუნდაც ამიტომ. ნანოს სად და რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდა საიდუმლო პოლიციასთან?

გრაფმა გაიღიმა.

– მქონია, უცხოეთში მქონია, – თქვა ნანომ. – ვიცი, რაც არის დაკითხვა და გამოძიება.

ამ დასტურმა პატარა დაბნეულობა და სიჩუმე მოიტანა, მაგრამ გოგია სეგედის კითხვას დაუბრუნდა:

– დაკითხვა, თქვენო ბრწყინვალებავ, ორი ადამიანის ბრძოლაა. ორივე მხარე იბრძვის, იქნებ როგორმე მოვახერხო, რომ საკითხი ჩემებურად გაშუქდესო.

– ჭეშმარიტებაა. ჩემი ღრმა რწმენით, დაკითხვა და გამოძიება, პირველ რიგში, საქმის ვითარების დადგენას იძლევა და მერეღა – ისიც ნაწილობრივ და ზერელედ – დასაკითხი პირის ფსიქიკისა და ბუნების ცოდნას. ბატონ დათა თუთაშხიას საქმეები იმ ზომით, რა ზომითაც ეს მისი შემორიგება-შემოურიგებლობის საკითხისთვის არის საჭირო, სავსებით შესწავლილი გვაქვს. გვჭირდება, ვიმეორებ, მისი ფსიქიკისა და ბუნების ცოდნა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ დაკითხვა ამას ვერ მომცემდა. ეს ჩემი მოსვლის კიდევ ერთი მოტივია. არის ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც – ბატონ მუშნი ზარანდიას სურვილი; უფლება არ მქონდა, ანგარიში არ გამეწია მისთვის. დასასრულ, თქვენს წრეში, თქვენის თანდასწრებით ბატონ დათა თუთაშხიასთან შეხვედრა, ვიმედოვნებდი, საუბრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, შეხედულებათა დაპირისპირებისა და შეჯერების სახეს მიიღებდა. ბატონი დათა თუთაშხია პირადად, სამსახურს გარეშეც, მაინტერესებს. ხომ არიან ნუმიზმატები, ფილატელისტები, მხატვრობა-ქანდაკების კოლექციონერები? მეც მაქვს ჩემი ტრფიალი: ადამიანის ბუნება საინტერესო პიროვნებები, თუ გნებავთ, საქციელის ფილოსოფია!..– გრაფი დადუმდა, ისევ თვალებით ჩამოგვიარა და დასძინა: – მოვიყვანე, რაც მქონდა. მეტი არაფერი მაბადია... უფლებამოსილი პირი ვარ და წინასწარ გაძლევთ კეთილშობილი კაცის სიტყვას: იმ შემთხვევაში, თუ ჩემი აქ ყოფნის შედეგად უარყოფით დასკვნას მივიღებ, ბატონი დათა თუთაშხია გარანტირებულია ერთი კვირის ხელშეუხებლობით, ხოლო თუ დასკვნა დადებითი აღმოჩნდება, მას უახლოეს ხანში ჩაბარდება პატიების გუჯარი. მე ბევრი არაფერი მინდა; შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ეპიზოდს ბატონ დათა თუთაშხიას კანონგარეშე ცხოვრებიდან. განვსაჯოთ, შევაფასოთ იგი და გავცეთ პასუხი ჩემთვის საინტერესო კითხვას. ჩვენი პასუხი უნდა იყოს: “არ იქნება უფრო საშიში” ან “უფრო საშიში იქნება”. რა აზრისა ხართ ამაზე?

ყველაფერი შეჯამდა და ისეთი მიმართულება მიიღო, რომ, ერთი შეხედვით, უკეთესს ვერც მოიოცნებებდა კაცი; აქ, ჩემს ბინაში შეიქმნა ვითარება, როდესაც ჩვენი მეგობრის წარსულის პატიება და მისი საზოგადოებაში დაბრუნება, ფაქტიურად, ჩვენს ხელთ აღმოჩნდა. საჭირო იყო უმრავლესობას ეთქვა: “არ იქნება უფრო საშიში”. თუ ასეთი დასკვნის გამოტანა შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, გრაფის პატიოსანი სიტყვა ურყევ პირობას ჰქმნიდა, რომ დათა თუთაშხია აქაურობას თავს უხიფათოდ გაარიდებდა და, ამგვარად, ჭადრაკის ფიგურები საწყის განლაგებას მიიღებდნენ, ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა. ეს კი, რა თქმა უნდა, ბორკილებსა და ტრაგიკულ დასასრულს გაცილებით ჯობდა. გასაგებია, რომ გრაფის კითხვებზე პასუხის გაცემაში თაოსნობა მე უნდა მეკისრა, როგორც იურისტს, ამგვარ საქმეებში სხვა დამსწრეებზე უფრო გამოცდილ პირსა და ბოლოს, როგორც მასპინძელს. არც დამიყოვნებია, სათქმელი მყისვე მოვიფიქრე და ვთქვი:

– ჩემი აზრით, ბატონებო, საჭიროა, ჯერ ყოველმა ჩვენგანმა გამოთქვას თავისი დამოკიდებულება მისი ბრწყინვალების წინადადების მიმართ. ამით ჩვენ შევამზადებთ საფუძველს, რათა ბატონმა დათა თუთაშხიამ გამოთქვას აზრი, სურს თუ არა ასეთი პროცედურის მონაწილე იყოს. მაშ ასე ვაცხადებ: მე თანახმა ვარ!.. ნანო, შენ რას გვეტყვი?

– თანახმა ვარ! შევეცდები, ვიყო მიუკერძოებელი და მართალი, – დაუყოვნებლივ თქვა ნანომ.

– გოგი, სიტყვა შენზეა.

– კი ვარ თანახმა, რა ლაპარაკი უნდა მაგას, მარა მიუკერძოებელი ვერ ვიქნები, ალბათ: დათა თუთაშხიას ახლოს ვიცნობ და მისი რაც ვიცი, ყველაფერი წესიერ ადამიანობად მაქვს მიჩნეული. მიუკერძოებელი დასკვნის გამოტანისთვის რანაირად გამოვდგები, როცა წინასწარ ყველაფერში ვარ მიკერძოებული?! რა უფლება მაქვს, თქვენს პატიოსნებას და კეთილ განზრახვას ცალმხრივი აზრით შევუერთდე. ესეც არ იყოს, ვნახოთ და, ის ერთ-ერთი შემთხვევა, გრაფმა რომ უნდა მოიყვანოს, სწორედ უარყოფითი დასკვნისთვის ვარგოდეს, რა ვქნათ მაშინ? – გოგიამ მხრები აიჩეჩა, ხელები გაასავსავა.

– წინასწარ ხართ დარწმუნებული, ბატონო გიორგი, რომ დათა თუთაშხია ახალ უფლებრივ მდგომარეობაში “უფრო საშიში არ იქნება?” მერედა რა? შემთხვევა, რომელსაც მე განსასჯელად წარმოვადგენ, როგორი ხასიათისაც უნდა იყოს იგი, უეჭველად შეიცავს თქვენი წინასწარი შეხედულების მამტკიცებელ ან უარმყოფელ წვრილმან-მსხვილმანს. თქვენ საშუალება მოგეცემათ, არა მარტო სიმართლე ბრძანოთ, არამედ თქვენი წინასწარი შეხედულების საფუძვლიანობა-სისწორეც შეამოწმოთ. ჩემი მხრივ, ბატონებო, ვფიცავ, რომ ვიქნები მიუკერძოებელი და მხოლოდ მიუკერძოებელი, როგორც განსჯაში, ისე განსასჯელი გარემოების შერჩევასა და მოყვანაში.

– თანახმა ვარ, – განაცხადა ელიზბარ კარიჭაშვილმა.

– მეც თანახმა ვარ, – ხელი ჩაიქნია გოგიამ.

– მაშინ, ბატონებო, სიტყვა დათა თუთაშხიაზეა. გვაძლევთ თუ არა უფლებას, ვიყოთ თქვენი წარსულის მსაჯულები და თანახმა ხართ თუ არა, რომ გრაფის წინადადება აღსრულდეს? – ვკითხე მე.

დათა თუთაშხიამ ღიმილით შეგვათვალიერა, ორი-სამი წყვილი მძივი ჩაარაკუნა და გვითხრა:

– ვარ თანახმა.

გრაფი ადგა, ბოდიში მოგვიხადა, სადარბაზოსკენ გასწია. გავყევი და წინააღმდეგობა არ გაუმჟღავნებია. ქუჩაში გასვლა უნდოდა. კარი გავუღე, ზღურბლზე დავრჩი. გრაფი თავის ეტლთან მივიდა, იქ მჯდომ კაცს რაღაც უთხრა და ამობრუნდა. ეტლი დაიძრა, კაცმა თვალი მესროლა. მომეჩვენა, რომ ეს კაცი დათა თუთაშხია იყო. მართლაც ტყუპის ცალივით ჰგავდა მუშნი ზარანდია თავის ბიძაშვილს!

სუფრას დავუბრუნდით.

– დავიწყოთ? – იკითხა გრაფმა, პასუხს აღარ დალოდებია და განაგრძო: – მე უკვე მოგახსენეთ რომ ბატონ დათა თუთაშხიას საქმეში არსებული მასალა ზედმიწევნით ვიცი. მრავალი შემთხვევიდან აქ განსასჯელად ისეთი შევარჩიე, რომელიც მოკლეა, შედარებით მარტივიც და, ამასთან, ისეთიც, რომ ჩვენთვის საინტერესო დასკვნის გამოტანას აადვილებს. მოვიყვან, გაეცანით მის არსს და განხილვას შევუდგეთ. აი, ის შემთხვევაც:

ბატონი დათა თუთა ხია ერთ ღამეს მივიდა ვინმე ზარნავასთან, რომლის მასპინძლობით იშვიათად სარგებლობდა. ეს ზარნავა ნავსადგურში მტვირთავად მუშაობდა, პატარა ფული დააგროვა, სოფელში მიწის ნაკვეთი იყიდა, იქვე დასახლდა, მაგრამ ნავსადგურთან კავშირი ამის მერეც არ გაუწყვეტია – უფრო მუშა იყო, ვიდრე სოფლის მეურნე. ზარნავამ რამდენიმე დღით ადრე იცოდა, რომ მასთან დათა თუთაშხია უნდა მისულიყო, მაგრამ, სახელდობრ, როდის ეწვეოდა სტუმარი, – რომელ დღეს და რა დროს – არ იცოდა. ბატონ თუთაშხიას მისვლის შემდეგ, სულ თხუთმეტი წუთი იქნებოდა გასული, რომ ზარნავასთან მოულოდნელად სხვებიც მივიდნენ – სამი კაცი. მათ თან მოიტანეს დაშლილი სასტამბავი მანქანა, შრიფტის ფუთები და ცოტა ქაღალდი; ყოველივე ეს მათ პოლიციის მოსალოდნელ დაცემას გამოარიდეს. ზარნავასთან მიტანა სახელდახელოდ მოფიქრებული ნაბიჯი იყო. სხვა, უფრო საიმედო ადგილი იმ ადამიანებს არ გააჩნდათ. ზარნავამ მოსულები სამზადში შეიპატიჟა. ბატონი თუთაშხიაც სამზადში გახლდათ, იყო ოროთახიანი ხუხულაც, მაგრამ იქ ზარნავას ცოლ-შვილს ეძინა. მასპინძელმა სტუმრებს მოტანილი ტვირთი მიამალ-მოამალვინა, ვახშამი მიართვა. ვახშმის დროს ბატონ თუთაშხიას საყურადღებოდ რამოდენიმეჯერ ითქვა, ახლა კი წასვლის დროაო; სტუმრებს, რატომღაც სურდათ, რომ ბატონი თუთაშხია მათზე ადრე წასულიყო. ბატონმა თუთაშხიამ თავი წაიყრუა და, პირიქით, თვითონ დაელოდა მოულოდნელი სტუმრების წასვლას. როცა ურთიერთლოდინი გაგრძელდა, სტუმრებმა თუთაშხიას პირდაპირ უთხრეს, – ჯერ თქვენ წადით და მერე ჩვენო. ბატონმა თუთაშხიამ უარი განაცხადა, თქვენზე ადრე არ გავალო. ჰკითხეს, რათაო მან თავისი უარი შემდეგნაირად ახსნა:

,,მე აქ ისე შემოვედი, რომ არავის შევუმჩნევივარ. თუ კიდეც ვინმე ჩასაფრებული მელოდებოდა, მან არც ახლა იცის, რომ მოვედი და აქ ვარ. წასვლა, რა თქმა უნდა, შემიძლია და სწორედ ისე წავალ, როგორც მოვედი, ანუ ის შესაძლებელი ჩასაფრებული კაცები გასვლას ისევე ვერ გაიგებენ ჩემსას, როგორც მოსვლისა არაფერი იციან. ამასთან ერთად, გამორიცხული არ არის, რომ თქვენ ვინმე კვალდაკვალ მოგყვათ, ან სადმე ნათქვამი გაქვთ, ზარნავასთან მივდივართო. ვთქვათ, მე თქვენზე ადრე წავედი და ჩემს შემდეგ გასულებს რამე ხიფათი შეგემთხვათ! ვის დაბრალდება? ვინ იცოდა თქვენი აქ ყოფნა? რა თქმა უნდა, იმანაც, ვინც ამ სახლიდან თქვენზე ადრე წავიდა! რატომ უნდა ვათქმევინო ვინმეს, – მაგ გაცემაში დათა თუთაშხიას ხელი ურევიაო?! ჩემზე უამისოდაც ათას რაღაცას ლაპარაკობენ, – ისეთს, რაც არ გამიკეთებია. წადით თქვენ თქვენ გზაზე და მე წავალ თუ აღდგომამდე აქ დავრჩები – ჩემი საქმეა!”

ლოგიკა და კონსპირაციის წესი ბატონ დათა თუთაშხიას მხარეზე იყო. სტუმრებმა გუდა-ნაბადი აიკრეს, ღამე მშვიდობისა თქვეს და წავიდნენ. ერთი წუთის შემდეგ გახურებული სროლა ატყდა. ბატონმა თუთაშხიამ მასპინძელს ჰკითხა, – წინასწარ თუ იცოდი, ეგენი რომ გესტუმრებოდნენო? ზარნავამ მიუგო, არ ვიცოდიო, და მართალიც იყო, არ იცოდა. ბაგაბუგი კარგა ხანს გაგრძელდა. სროლა რომ შეწყდა, ზარნავამ თუთაშხიას თოფს დაავლო ხელი, ეზოსკენ გაიწია, – წასულებს უნდა მივეშველოო. ბატონმა თუთაშხიამ მასპინძელს თოფი წაართვა, სახლი დატოვა და მას შემდეგ იქაურობას აღარ გაჰკარებია. სროლის შედეგად იმ სამიდან ორი მოკვდა, ერთი გაიქცა. გარემომცველთაგან ერთი მოკვდა, ერთი დაიჭრა. რამდენიმე დღის შემდეგ ზარნავასთან მიტანილი ტვირთი პოლიციამ წაიღო. თვით ზარნავამ სამი თვე პატიმრობაში დაჰყო და შინ დაბრუნდა. ასე გამოიყურება შემთხვევა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით. ბატონო თუთაშხია, რამდენად შეეფერება სიმართლეს ჩემი ნაამბობი?

– მასე იყო თქვენო ბრწყინვალებავ, სწორედ მასე იყო ეგ! – სინანულით დაუდასტურა დათა თუთაშხიამ.

სეგედიმ თვალი შემოგვავლო და გვკითხა:

– თანახმა ხართ თუ არა, რომ მოყვანილი შემთხვევა საანალიზოდ გამოვიყენოთ?..

დავთანხმდით, მაგრამ მე წინადადება შევიტანე, რომ დათა თუთაშხიას, თუ საჭირო შეიქმნებოდა, მნიშვნელოვანი დეტალები განემარტა.

– არ გამოვა უმაგისოდ არაფერი, – თქვა დათა თუთაშხიამ.

– თავისთავად ცხადია, – დაუდასტურა გრაფმა. – ვის რა შეკითხვა გაქვთ, ბატონებო, ბრძანეთ.

არავინ არაფერს ეკითხებოდა. ვიგრძენი, ყველას ერთი რამის შიში გვქონდა: გრაფის ჭეშმარიტი მიზანი, მიუხედავად მოყვანილი მოტივებისა, მაინც ბუნდოვანი იყო და უალაგო შეკითხვით მისი ფარული განზრახვისთვის უნებლიე სამსახურის გაწევაც შეიძლებოდა.

სიჩუმე გაგრძელდა. ისევ გრაფმა მოგვცა მაგალითი:

– ბატონო თუთაშხია, როგორ მოხდა, რომ ზარნავამ თქვენი მისვლა წინასწარ იცოდა? გამოცდილი და ჭკვიანი მდევარი მაგგვარ შეცდომებს, მოგეხსენებათ, არ პატიობს.

– სწორი ბრძანებაა, თქვენო ბრწყინვალებავ. მაგ ყოველთვის შეცდომაა – წინასწარ შეტყობინება, მოვალო, მაგრამ ზოგჯერ გვერდს ვერ აუვლის კაცი ამას. ზარნავას ნახვა აუცილებელი იყო ჩემთვის და მისვლა თუ იქნებოდა, ნაღდზე უნდა ყოფილიყო, უეჭველად შინ რომ დამხვედროდა – ისე. კაცს რომ შეიპირებ, ამ სამ დღეში მოგაკითხავ და მელოდეო – ან დანიშნულ დროზე ადრე უნდა მიხვიდე, ან დანიშნულ დროზე გვიან. ის შეცდომა ამით სწორდება ცოტათი. მართალია, საშიშროება რჩება მაინც, მაგრამ ათიდან შვიდი რომ ვთქვით, იმის ფარგლებშია ეგ. თვითონ ბრძანეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ყველაზე დაფარულ და საიდუმლო საქმეებშიც კი, ყოველთვის თუ ხერხდება, რომ მომლოდინემ არ იცოდეს, როდის მივა მასთან შეპირებული კაცი?

– სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ვერ ხერხდება, – მიუგო გრაფმა.

– მასე იყო მაშინაც, ვერ მოხერხდა სხვაფრივ. დანიშნულ დროზე ადრე ორი დღე ვუთვალთვალე ზარნავას სახლს და მიდამოს. დანიშნული დროის მერე – კიდევ დილიდან საღამომდე; საეჭვო ვერ ვნახე ვერაფერი და მივედი, თვარა რას მივიდოდი ისე! მოვტყუვდი მაინც, მაგრამ ეს ცალკეა სათქმელი.

– ის რით აიხსნება, ზარნავამ რომ პოლიციასთან შებმა დააპირა და შენ კი თოფი წაართვი? – ვკითხე დათა თუთაშხიას. ჩემს მიზანს შეადგენდა, რაც შეიძლება, მეტი მტკიცებები გამოემზეურებინა იმისა, რომ დათა თუთაშხია ხელისუფლების წარმომადგენლებთან მტრულ ურთიერთობას ყველა შემთხვევაში ერიდებოდა.

– რთულია ეგ. კარგად უნდა დამიგდოთ ყური ყველამ, – დათამ პაპიროსს ცეცხლი მისცა. – პოლიციასთან შებმა არ დაუპირებია, პოლიციასთან მისვლა უნდოდა მას. სათქმელი ქონდა: თქვენ რომ დახოცეთ, სხვა ხალხია ეს ხალხი და თუთაშხია ეგერ ზის უთოფოდ ჩემს სამზადშიო. საფარი და ალყა მათზე არ ყოფილა, ჩემზე იყო ის. იმ სამი კაცის არც მოსვლა იცოდა პოლიციამ და არც ვინაობა. მე და ჩემი ამხანაგები ვეგონეთ მათ...

სეგედიმ გულიანად გაიცინა. დათა თუთაშხია დადუმდა, გრაფს მიაცქერდა, მაგრამ იმ სიცილში არც დასტური იყო დათას მოსაზრებისა და არც უარყოფა.

– მაგ დასკვნამდე რამ მიგიყვანა? – ჰკითხა ნანომ.

– სროლა რომ ატყდა, ათზე ნაკლები არ იყო თოფი იქ. სამი – ზარნავასგან წასულების იყო, შვიდი ან რვა – სხვისი. ვიფიქროთ ჯერ, რომ ამ კაცებმა თავისი სტამბა რომ წამოიღეს, კვალდაკვალ ერთი და, თუ გნებავთ, ორი კაცი წამოყვა პოლიციის მათ. დაინახეს გამოდევნებულმა კაცებმა, ზარნავასთან რომ მივიდა სტამბა. ვთქვათ, ერთი მათგანი პოლიციის მოსაყვანად გაიქცა და მეორე დარჩა – ვინიცობაა არ მოხერხდეს ზარნავასთვის მიბარება იმ სტამბის და სხვაგან წაიღონ კიდევ, გაყვებოდა მაშინ ის დარჩენილი კაცი და ნახავდა, სადაც მიიტანდნენ. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სტამბის მომტანები სულ საათ-ნახევარს დარჩნენ ზარნავასთან და იქ წასულ კაცს პოლიციამდე სავალი რომ სამი საათი ქონდა და პოლიციას ზარნავამდე კიდევ სამი რომ ჭირდებოდა, როგორ არის ეს საქმე, ნეტავი? ადევნებული კაცის წყალობით ალყა ვერ მოხდებოდა იქ, ცხადია ეს. კაი, ბატონო. ახლა გავსინჯოთ, ვითომ, წამოვიდნენ ის კაცები, წამოიღეს სტამბა, მაგრამ პოლიციამ იცოდა, სადაც მიაქვთ, შემოარტყეს ზარნავას სახლ-კარს ალყა წინასწარ, თავის კაცებიანად შემოუშვეს სტამბა და რომ გავიდნენ მომტანები, მაშინ აუტეხეს სროლა. არც ეს არის შესაძლებელი; სანამდე ზარნავასთან შევიდოდი, ვთქვი უკვე, ჯერ იყო და, მთელი დღე ვზვერე მიდამო, სოფელი და სახლი. მერე იყო და, ერთი საათი მის ბოსტანში ვიყავი წამოწოლილი, ყურები მეძებარივით მქონდა. არავითარი ალყა არ მზადდებოდა იქ, დავრწმუნდი ამაში და მერე შევედი. შევედი და თხუთმეტ წუთში ის კაცები მოვიდნენ. რომ შემოდიოდნენ, არ იყო ალყა იქ, მერე მოხდა ეს და წინასწარ არაფერი არ იცოდა პოლიციამ იმ კაცების. ახლა, თქვენი აზრი მინდა გავიგო: ვისთვის იყო ალყა იქ?

– იქნებ, ორი კაცი კი არა, რვა კაცი გამოყვათ თავიდანვე? – თქვა გოგიამ.

– როგორ, შე კაი კაცო, იმსიგრძე გზაზე რვა შეიარაღებულმა ცხენოსანმა მოგდიოს და ღამის სიჩუმეში შენ ვერაფერი გაიგო ამისი?

– მიუგო დათა თუთაშხიამ.

– შეუძლებელია. – თქვა გრაფმა.

ამ საკითხის გარშემო კარგა ხანს ვიმსჯელეთ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ ალყა სტამბის მიმტანებისთვის არ შემოურტყამთ. ამ მოსაზრებას გრაფიც დაეთანხმა. ეს კი დასკვნის სისწორეს ნიშნავდა, – კავკასიის ჟანდარმთა უფროსზე უკეთ განა ვის უნდა სცოდნოდა რა იყო და როგორ იყო!

– კარგი, მაგრამ ახლა იმის დასაბუთებაა საჭირო, რომ ალყა, სახელდობრ, შენ შემოგარტყეს, – თქვა კარიჭაშვილმა.

– ვიტყვი მაგასაც. დაგვალევიე, ირაკლი, თვარა, ფხიზელს ამდენი ლაპარაკის თავი ვინ მომცა მე! შამპანურზე გადავედით. დათა თუთაშხიამ ჭიქა ბოლომდე დაიყვანა და განაგრძო:

– იმ სამი კაცის ზარნავასთან მისვლა პოლიციამ რომ არ იცოდა, ამაში შევთანხმდით. თვითონ ზარნავასთვის და მისი ცოლ-შვილისთვის ალყის შემორტყმა არავის არ ჭირდებოდა არაფრად, ესეც ხომ ასეა! სხვა ვინ იყო იქ ჩემს მეტი კიდევ, ვისთვის მოვიდა ალყა, ამით დავიწყოთ და ახლა სხვას მოგახსენებთ მე. ზარნავასთვის შეთვლილი რომ მქონდა, იმ დღეზე ორი დღით ადრე, ღამე ჩიჩუების მოურავთან მთიბავები მოვიდნენ, ბატონებო, რვა კაცი. წამოიყვანა მოურავმა დილით და დააყენა სამუშაოზე რვავე. ჩიჩუების არის სათიბები იქ. თიბავდნენ ისინი და მთიდან დავყურებდი მე. თიბეს ის დღე, წავიდნენ, დაიძინეს და მეორე დილით უთენია დაადგნენ საქმეს ისევ. თიბეს ის დღეც და ისევ მოურავისას გაათენეს ღამე. მუშაობდნენ ასე. მთიბავები კი არა, ჩაფრები იყვნენ ის კაცები, მაგრამ ღამე მივიდნენ მოურავთან, ცხენები მის თავლაში დამალეს, შიგ არ შემიხედავს მე და რა ვიცოდი. იარაღი სათიბზე არ მოქონდათ, შარვალ-ხალათი მათხოვრის ეცვათ და საეჭვო რა იყო იქ? მთიბავებია და მერე რა? არ ყოფილა, თურმე, საქმე, მე რომ მეგონა ისე, შემიყვანა ზარნავამ სამზადში, გავიდა თვითონ, დაუძახა მეზობელს აქედან, ხვალ დილით ტყეში ვერ წამოვალ მეო, და შემოვიდა ისევ. სტამბა რომ მოიტანეს, ტყეში წასვლაზე უარნათქვამი მეზობელი მაშინ შორს იყო უკვე, ჩაფრებთან გარბოდა გამწარებული, – არიქათ, ზარნავასთან თუთაშხია არის მოსულიო. სტამბიანი კაცების მოსვლის არაფერი იცოდა მან. მოვიდნენ ჩაფრები, ზარნავას სამზადს შემოერტყნენ. შემოვარდნას აპირებდნენ შიგ და მაშინ მოხდა, სტამბის კაცები რომ გავიდნენ გარეთ. ზარნავას მეზობელმა ნიშანი მიიტანა მათთან, თვარა, არ იცოდა და არც უთქვამს მათთვის იქ, – თუთაშხია მარტოა და არავინ ახლავსო. შველა თუ უნდოდა მამაძაღლ ზარნავას იმ სტამბის კაცების, სროლა რომ იყო, მაშინ გაშველებოდა მათ! რომ შეწყდა სროლა, გაიფიქრა ზარნავამ, – ეშმაკია დათა თუთაშხია, მიმიხვდება გაცემას და მომკლავსო. შიშმა მოაგონებია ის უვარგისი ხრიკი, ჩემს თოფს რომ დაავლო ხელი და გარბოდა. არ გაუვიდა, ეგ არის. ასე იყო ეს და არც ბატონი სეგედი დაფიცავს, მგონია, ჩემზე რომ იყო ის ხალხი მოყვანილი იქ.

– ვადასტურებ! – თქვა გრაფმა, დაფიქრდა და სიცილი დაიწყო.

ჩვენც ვიცინოდით. ჩვენი სიცილი სიხარულის სიცილი იყო. ნაამბობი ისე აღვიქვით, ვითომ, აი, ეს არის ახლა, ჩვენი მეგობარი თავისი გამჭრიახობისა და იღბლის წყალობით ნაღდ სიკვდილს გადაურჩა, ხოლო გრაფმა თავისი მხიარულების მიზეზი, მგონი, უაღრესად ზუსტად გამოხატა სადღეგრძელოთი:

– ბრავო, ბატონო თუთაშხია. თქვენს სადღეგრძელოს ვსვამ, გაგიმარჯოთ და კვლავაც ხელი მოგიმართოთ ღმერთმა. ვიცი, ვინც ხართ, მაგრამ ჩემს მოლოდინს მაინც გადააჭარბეთ! ამ საუბარს ჩემი პეტერბურგელი უფროსები რომ ესწრებოდნენ, ყველა საყვედურისთვის მოიხდიდნენ ბოდიშს, რომელიც კი ჩემთვის გამოუთქვამთ თქვენს საქმესთან დაკავშირებით!

მთელ საათს გასტანა ჟანდარმერიისა და დათა თუთაშხიას დელიკატურ ურთიერთობათა ამ ეპიზოდზე საუბარმა, სიცილ-ხარხარმა, დეტალების გამეორებამ და პერიპეტიების დაზუსტებამ.

– ბატონებო, – თქვა გრაფმა, როცა საუბარსა და ღვინის სმას ღრეობად ქცევის პირი გამოუჩნდა, – გაქვთ თუ არა კიდევ რაიმე შეკითხვა?

ხალხი თანდათან დაცხრა, დამშვიდდა, ისევ დუმილმა მოიცვა სუფრა.

– ვფიქრობ, რომ ყველაფერი ცხადია. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც მოყვანილ შემთხვევას ეხება, – ვთქვი მე.

მაშინ გრაფმა შამპანური მოსვა და თქვა:

– შევუდგეთ დასკვნას! მაშ, ასე, ყოველმა ჩვენგანმა უნდა წარმოთქვას: “იქნება უფრო საშიში” ან “არ იქნება უფრო საშიში” და მოიყვანოს თავისი შეხედულების მტკიცება.

კვერი დავუკარით.

– ვინ იქნება პირველი?

– დავიწყებ, – ვთქვი, როცა დავინახე, რომ ყველა მე შემომცქეროდა.

მოყვანილი შემთხვევა, დათა თუთაშხიას საქციელი იმ ვითარებაში, ფართო შესაძლებლობებს ჰქმნიდა იმის მტკიცებისათვის, რომ ჩემს მარწმუნებელს – ამჟამად განსასჯელ პირს – დამნაშავეობისკენ, ზნეობრივი და სამართლებრივი ნორმების დარღვევისკენ საერთოდ არ ჰქონდა მიდრეკილება. იგი მშვიდობიან და მორჩილ კაცად გამოიყურებოდა დევნილის მდგომარეობაშიც კი, და, ცხადია, ასეთივე უნდა ყოფილიყო პატიების შემდეგაც.

– მიაქციეთ ყურადღება იმას, ბატონებო, – ვამბობდი მე, – რომ დათა თუთაშხიამ თავისი ქმედებით გზა მოუჭრა კანონისა და წესრიგის დამცველებზე განზრახულ თავდასხმას – თოფი წაართვა ზარნავას! მართალია, ბოროტგანმზრახველს, თურმე, სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ იმ წუთში თუთაშხიას, და თვით ეშმაკსაც კი, შეუძლებელია, ბოლომდე გაცნობიერებული ჰქონოდა თოფმოღერებული მასპინძლის ჭეშმარიტი სურვილი. სტუმრის ქმედება მხოლოდ იქით იყო მიმართული, რომ ახალი საშიშროებისგან ეხსნა მართლწესრიგი და მისი წარმომადგენლები...

ნათელია, რომ ეს მტკიცება დემაგოგიის მოზრდილ ულუფას შეიცავდა, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოყვანილი. იმდროინდელ საადვოკატო პრაქტიკაში მსგავს მტკიცებებს მოწინააღმდეგეთა შემაყოყმანებელი, მათი შეხედულებების შემარყეველი ფუნქცია ჰქონდა განკუთვნილი და ასეთი იერიშის შემდეგ წამოყენებულ მხოლოდ ერთ ნამდვილ მტკიცებასაც კი ადვილად შეეძლო დაცვისთვის სასურველი შედეგის მოტანა. ნამდვილი, სრულფასოვანი მტკიცებაც სახეზე იყო:

– თოფის წართმევის ემდეგ, ზარნავას მორალურ-ფსიქიკური შოკის აღქმის შემდეგ, ბატონ დათა თუთაშხიას ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩენია, რომ მის წინაშე, პირისპირ და მარტოდმარტო იდგა ტიპიური გამცემი. ეს იყო კაცი, რომელმაც დევნილი გაყიდა, გაყიდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და იმ სისხლიანი, უჭუჭყიანესი ფულით ნაყიდი პური თავისი შვილებისთვის უნდა ეჭმია. დარწმუნებული ვარ, ვინც უნდა ყოფილიყო ბატონ თუთაშხიას ადგილზე, ზარნავას იქვე მოსპობდა. მოსპობდა შეგნებულად, მშვიდად და სრული გარანტიით, რომ ქვეყანაზე არავის ეცოდინებოდა, ვინ მოკლა გამცემი. დაუკვირდით, არც გამოძიებას და არც სამართლოს არავითარი მტკიცება არ ექნებოდა იმისა, რომ ბატონი თუთაშხია საერთოდ იყო ზარნავასთან, არამც თუ იყო და მოკლა კიდეც. ასეთი ჩვენებები ან იმ ერთ გაქცეულ კაცს უნდა მიეცა, ან თვით მკვლელს. პირველი – ემიგრაციაში იმყოფება და მსჯავრისთვის ხელმიუწვდომელია. მეორისთვის საამისო ჭკუა, კარგად მოგეხსენებათ, თავსაყრელად მიუცია ბუნებას. ბატონ დათა თუთაშხიას აზრადაც არ მოსვლია შურისძიება, კუთვნილის მიზღვა. იგი მიტრიალდა და წავიდა! ვერ ვხედავ ვითარებას, რომელშიც ნაპატიები დათა თუთაშხია უფრო საშიში იქნება დევნილ თუთაშხიაზე. მე მოვრჩი.

ჩანს, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა, სათქმელი უკვე ყველას უტრიალებდა ენაზე, მაგრამ მანდილოსანი გვერია, მისი რიგი იყო. ნანოზე ადრე მე მხოლოდ იმისთვის ვილაპარაკე, რომ დანარჩენ მონაწილეთა მსჯელობისა და აზრისთვის საჭირო გეზი მიმეცა.

ნანო მიხვდა, რომ მის სიტყვებს ველოდით, და თქვა:

– თქვენის ნებართვით, ჯერჯერობით თავს შევიკავებ, სხვების მოსმენა მინდა... მერე ვიტყვი.

– მაშინ ჩემი ჯერი იყოს! – დაიძახა ელიზბარ კარიჭაშვილმა. – ეს ჩემი დასკვნაც იქნება და სადღეგრძელოც.

სუფრა მიჩუმდა.

– კაცთა მოდგმის გარკვეულ ნაწილს განგება ახლის, კეთილის, მშვენიერის შექმნის ჟინს ანიჭებს და ეს ადამიანები შეადგენენ კაცობრიობის ნაღებს! ბატონ დათა თუთაშხიას სულ ერთი თვეა, რაც ვიცნობ. ვერც ამ ხნის მანძილზე, ვერც განსასჯელად მოყვანილ შემთხვევაში ვერ ვხედავ მის ისეთ ნაბიჯს, რომელიც დიდი ნიჭის გამოვლინების ნიმუში არ იყოს. ეს კაცი თავით ფეხამდე, სულით ხორცამდე მძებნელი და შემქმნელი პიროვნებაა. ამასთან, მისი მოქმედების სარბიელი უმძიმესი და ურთულესია ყველა სარბიელთაგან. მე შემიძლია, დაგიმტკიცოთ, რომ ბატონი დათა თუთაშხია სწორედ კაცობრიობის ნაღების შემადგენელი ნაწილია და აი, რატომ: ადამიანის ძირითადი მოწოდება, დანიშნულება – ბრძოლა მგონია, ბატონებო, – შეგნებული, გათვითცნობიერებული ბრძოლა. ბრძოლის სხვებზე მძაფრი უნარი ახლის, კეთილის, მშვენიერის შემქმნელს სჭირდება და აქვს კიდეც. ეგ არის, ვინ რას ირჩევს შესალეწავ და ასაღებ ციხედ! ერთნი მეტოქეს, თავისზე ნიჭიერს, თუ პატივმოყვარეობის ხელმყოფს ებრძვიან, ამაში ხარჯავენ მხნეობას, ნიჭს, სხვა სულიერ ძალებს. სამწუხაროდ, ეს შემოქმედთაგან დიდი და უმდარესი ნაწილია. მეორეებს ბრძოლის ღირსად ერთადერთი ციხესიმაგრე მიუჩნევიათ – საკუთარი არსება! ესენი დაუნდობლად, უკომპრომისოდ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან თავის თავს, რომ რაც შეიძლება მეტი გამოსძალონ საკუთარ შესაძლებლობებს. ეს არის შემოქმედთა უამაღლებულესი ნაწილი! პირველთა ბრძოლის მონაგარი, საბოლოო ჯამში, ნივთიერი ქონებაა. მეორეთა ბრძოლა სულიერი მონაგარით გვირგვინდება. ბატონ დათა თუთაშხიაზე თუკი რამ ვიცი, ყველაფერი მხოლოდღა იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს ერთადერთი რამ მიუჩნევია ბრძოლისა და დაძლევის საგნად – საკუთარი არსება! განა რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ დიად ომს სახე და შინაარსი შეუცვალოს! – ელიზბარ კარიჭაშვილი შეყოვნდა, მერე ჭიქა ასწია გაიღიმა და დასძინა: – შეიძლება, ასეთი პიროვნება სახელმწიფოსთვის საშიში იყოს?! როგორც სადღეგრძელოს პატრონი, ვამბობ: ყველაზე კეთილშობილ, ხანგრძლივ და ულმობელ ომს გაუმარჯოს – ომს საკუთარ თავთან!

– საინტერესოა! – ჩაილაპარაკა გრაფმა. – მაგ სადღეგრძელოს დალევა, ღმერთმანი, ღირს. – გრაფმა რამდენიმე ყლუპი მოსვა და ელიზბარს ჰკითხა: – მაპატიეთ, პირველწყაროს ხომ ვერ დამისახელებდით... დამუშავებული სახით ეგ საკითხი არსად შემხვედრია.

ელიზბარმა გაიცინა:

– თქვენ წარმოიდგინეთ, გრაფ არც მე შემხვედრია! ჩემთვის პირველწყარო სანდრო კარიძეა – არის ერთი. მისთვის, ალბათ, გურამიშვილი და რუსთაველია პირველწყარო. ალბათ-მეთქი, რადგან დამუშავებული სახით – ამ სიტყვის მეცნიერულ აზრს ვგულისხმობ, – ეს კონცეფცია არც მათთან შემხვედრია.

– ვგონებ, რომ ეგ ნეოპლატონიკოსებისა და ფსევდოდიონისე არეოპაგელისგან უნდა მოდიოდეს... გოგი, რას გვეტყვი? – ძველ გზაზე დავაყენე ლაპარაკი.

– ჩემი აზრი მე თავიდანვე ვთქვი: არც იმიდან, რაც დათაზე ვიცი, და არც აქ მოყვანილი შემთხვევიდან არ ჩანს, რომ ეს კაცი ა ახლაა საშიში და ან მერე გახდება. მარა, ერთს დავუმატებ ახლა: კანონი და წყობილება გვაქვს ისეთი, რომ ჩვეულებრივი ამბავი დანაშაულად ითვლება, ხანდახან. ხშირად სულაც არ არის კაცი საიმისოდ დაბადებული და განწყობილი, მარა კანონი და წყობილება გაადამნაშავებს და გააბოროტმოქმედებს მაინც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხელისუფლება როგორ პოზიციას დაიკავებს დათა თუთაშხიას მიმართ. სიმართლე მომეთხოვებოდა და როგორც გამეგებოდა, ისე მოგახსენეთ!

– სწორი ბრძანებაა, ბატონო გოგი, – დაუდასტურა გრაფმა. – მაგრამ სანამ სახელმწიფო და კანონი არსებობს, მაგის საშიშროება მეტ-ნაკლებად ყოველთვის იქნება და არამარტო ჩვენი წყობილების პირობებში. ეგ ყველგან არის მოსალოდნელი და მოქალაქეს მით მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა და შეგნება მართებს. ახლა, რაც შეეხება სეგედის დასკვნას განსასჯელი საკითხის გამო... – გრაფი დადუმდა იფიქრა და თქვა: – რა მოგახსენოთ?.. ძირითადად ყველაფერში გეთანხმებით. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დათა თუთაშხია კანონთან და დამსჯელ დაწესებულებებთან ყოველგვარ ურთიერთობას მოერიდება, მაგრამ, ვფიქრობ, რაც გამოითქვა, რამდენადმე ტენდენციური, მიკერძოებული იყო. გასაგებიც არის – საქმე მეგობრის მომავალს ეხებოდა, აქ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. არ დავმალავ. პირადად მე, მაინც თვით ბატონ დათა თუთაშხიას აზრი მაინტერესებს და ვინაიდან ქალბატონმა ნანომ თავისი სიტყვა, მგონი, ბოლოსთვის მოიტოვა – მოვუსმინოთ ბატონ დათა თუთაშხიას!

დათა თუთაშხიამ კარგა ხანს კრიალოსანი ათამაშა, მერე ნანოს შეხედა, თუ გნებავთ, ჯერ თქვენ ბრძანეთო...

– თქვი, დათა. მე შენს შემდეგ...

დათა თუთაშხიამ კარგა ხანს იფიქრა, რამდენჯერმე ხელიც გაასავსავა, თითქოს, სათქმელად მომდგარ აზრებს უარყოფდა ან ყოყმანობდა, ღირს თქმად თუ არაო. მერე პაპიროსის კოლოფს ახადა, მოწევა დააპირა. ესეც გადაიფიქრა, კოლოფი დახურა, განზე გადადო და დაიწყო:

– თქვენო ბრწყინვალებავ, ეჭვიანი ვარ მეტისმეტად. ხშირად ისეთი არ მჯერა, დასაჯერიც რომ არის და სიმართლეც. ცხოვრებამ მიქნა ეს, თვარა, ადრე მიმნდობი ვიყავი და ის არ მჯეროდა, ეშმაკობა და სიცრუე თუ იყო ქვეყანაზე. ნუ მიიღებთ შეურაცხყოფად, ამ ამბისთვის არ ბრძანდებით მოსული, აგერ, ორი საათის მანძილზე რასაც ვაკეთებთ ჩვენ. ვერც იმას მოგახსენებთ, რა გნებავთ, ჭეშმარიტებას ვერ მივაგენი ჯერ მაგრამ ერთია ცხადი: ბუნებითაც კეთილმოსურნე და კარგი ადამიანი ჩანხართ და თქვენი აქ მოსვლაც სასიკეთოდ არის, ასე მწამს მე. მადლობის მეტი რა მეთქმის, თქვენო ბრწყინვალებავ! კარგი კაცი და კეთილი განზრახვა ყველგან და ყოველთვის ვარგა – ასეა. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩემი აზრის მოსმენა გნებავთ. მჯერა, რომ მართლაც და ნამდვილად გაინტერესებთ, თუმცა არ მესმის, რაში უნდა გესაჭიროებოდეთ ის. უნდა ავასრულო თქვენი წადილი, ზრდილობის და საპასუხო კეთილგანწყობის საქმეა, უარის უფლება არ მაქვს, ცხადია, თვარა, სიმართლეს მოგახსენებთ, მიჭირს რატომღაც.

თუთაშხიამ ღიმილით შეგვათვალიერა, ჭიქა ასწია:

– ერთ სადღეგრძელოს ავაყოლებ სათქმელში. თქვენთან ვარ ალავერდს, თქვენო ბრწყინვალებავ. მხარს დამიჭერთ, მგონია.

– სიამოვნებით! – მიუგო გრაფმა და თავადაც წაავლო ხელი ჭიქას.

– ქუთაისში ძმაკაცმა დუქანში შემიპატიჟა საქეიფოდ ერთხელ. სამი სხვა შემოგვიერთდა თანდათანობით და უსაშველო სმა ატყდა, მაგარი სმა! სადღეგრძელო ინება ლხინის უფალმა თასი იყო ასფუთიანი, იმით დავლიეთ დიდი გაჭირვებით ყველამ. დათიკო ერქვა ერთს, არ დალია მან. სალუქვაძე იყო გვარად მეორე შემოსწრებული, დათიკოს უთხრა, – დალიე, შე კაცო, რა დაგემართაო! დათიკო ,– ნამეტანი ძნელია, ვერ დავლევო. გაიკვირვა სალუქვაძემ: ქართველობა, საერთოდ, ძნელიაო, უთხრა, ვითომ ქართველობა ხელობა იყოს რამე. გამეცინა და ჩამრჩა მეხსიერებაში სამუდამოდ. მართლა ძნელია ქართველობა, ბატონებო, და სიძნელე მარტო ის კი არაა, ჩაფებით და ჭურებით რომ უნდა სვას ქართველმა. მთავარი სიძნელე იმაშია, რომ უზის სუფრას, საწყალი, დაიწყებენ მის სადღეგრძელოს, აიყვანენ ცაში, გაასწორებენ ღმერთებთან, უნდა უსმინოს მან და იყოს ასე! რას იზამს საცოდავი, არ აქვს სხვა გზა და გამოსავალი. დიდი მოთმინებაა საჭირო, დიდი! ასე მგონია მე რომ ქართველი კაცი მოთმინებას სუფრაზე სწავლობს, სწორედ. არ არის მთლად დასაძრახისი ეს ჩვეულება. სხვაგან სულ ერთმანეთის დაცინვაში და ლანძღვაში ვატარებთ დროს. სადმე ხომ უნდა გვიყვარდეს და ვაქოთ ერთიმეორე? ამისთვის სუფრა გვაქვს მოგონილი და კარგია ეს. ქართველი კაცი ვარ მეც. სადღეგრძელოებად ჩაგითვალეთ, რაც ილაპარაკეთ აქ და იმიტომ მეყო მოთმინება, თვარა, მე რომ თქვენს მოსმენაში დღე გამოვიარე, ღმერთმა იცოდეს ის! თქვენო ბრწყინვალებავ, საქართველოში ამდენი სამსახურის მანძილზე, მოასწარით უთუოდ ქართული ხასიათის და ქართველი ერის გაგება, მიუტევეთ ჩემს მეგობრებს ცოდვები და ყველამ ერთად დავლიოთ იმ მძიმე ხელობის აღსანიშნავი და სადიდებელი, ქართველობა რასაც ქვია.

სადღეგრძელომ წინააღმდეგობა გამოიწვია. ერთხმად შევუდექით იმის მტკიცებას, რომ არავის არაფერი გადაგვიჭარბებია და რაც ვთქვით, ჭეშმარიტების მეტი არა იყო რა. თუთაშხია არ შეგვკამათებია, გვისმენდა. როცა დავა მინელდა და ქართველობად წოდებული მძიმე ხელობისაც შეისვა, დათა შეწყვეტილ სიტყვას დაუბრუნდა:

– ეს ბოლო ოთხი თუ ხუთი წელიწადი ისე ვიქცევი და ვცხოვრობ – იმ ზარნავას საქმეს ერთი წუთით თავი დავანებოთ – მართლაც, არაფერი საშიში არ ვარ სახელმწიფოსთვის. ეგ არის, ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ მე და ისიც ძნელი სათქმელია, მომავალში რას იზამს და რას მოიმოქმედებს კაცი. მის ბრწყინვალებასაც კარგად მოეხსენება ეს და ჩემი უახლოესი წარსულის ერთი მაგალითის კვალობაზე მომავალი საქციელის დადგენა-განჭვრეტასაც არ შეუდგებოდა ამიტომ. ვილაპარაკებ, ვითომ იმისთვის, რომ დასმულ კითხვაზე გავცე პასუხი და ამ ნალაპარაკევიდან გრაფმა და თქვენც, ბატონებო, თვითონ ამოიღეთ, რაც გჭირდებოდეთ, ის... – დათა თუთაშხიამ ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო: – თავმოყვარეობით, ქედმაღლობით და ამაყი ხასიათით ვიარე ჩემი მოწიფული ცხოვრების პირველი ნაწილი. ამან მიმიყვანა გააბრაგებამდე. მეგობარი მყავდა ჩემზე უფროსი რამდენიმე წლით, ნაოფიცრალი კაცი. მკადრა რაღაც, არც მე, არც ჩემს ოჯახს და არც თვითონ რომ არ ეკადრებოდა, ისეთი. ვერც მე ვაპატიე, არც მან დაუწყო ძებნა შერიგებას. დავდექით ორმოცდაათ ნაბიჯზე, თითო-თითო ტყვია უნდა გვესროლა ერთმანეთისთვის რიგრიგობით, ასე შევთანხმდით. მე შემხვდა კენჭი და დავაცილე განზრახ – ბიბილოს ძირში გაიარა ტყვიამ, ხეში შეიჭრა. მასაც განზრახ დაცილება არ შეეძლო – სულ ასე რომ გვესროლა, რა გამოვიდოდა მაშინ! იარაღი რომლითაც მეჭირა, იმ მკლავში მომხვდა მისი ნასროლი. წამოვიდა სისხლი, მაგრამ არ შევიცვალე ხელი. ამოვიღე მიზანში, მარჯვენა თვალში მივაბჯინე ლულა. არაფერს არ დავეძებდი, შემდრკალიყო მხოლოდ. ისე იყო დამიზნებული, რომ უეჭველად ხვდებოდა. დაინახა ეს და, სიკვდილი რომ იგრძნო თუ სასიკვდილოდ გამეტება, გაუკვირდა ჩემგან – შედრკა, მიაბრუნა თავი, ის თვალი გამარიდა, რომელშიც უნდა მოხვედროდა! ჩემსას რომ მივაღწიე, მეც მარჯვენა მკლავზე ჩამოვწიე ლულა და ვესროლე. ის ვერ ვივარაუდე, დაშავებულ ხელს სიმაგრე დაკარგული რომ ექნებოდა და ღვიძლში მიიტანა იარაღმა, სულ რომ არ ვაპირებდი, ისე! იცოცხლა, საწყალმა, რამდენიმე დღე და გარდაიცვალა მშვენიერი, კეთილშობილი და რაინდი კაცი!.. ამ ამბავს გავდა, ასეთი ბუნების იყო ყველა ჩემი საქციელი გააბრაგებამდე და მის მერეც კაი ხანს კიდევ. ვიყავი მაშინ საშიში – სახელმწიფოსთვისაც და ადამიანებისთვისაც.

რამდენი მეტი გავიდა დრო, იმდენი დაუნდობლად და განუკითხავად მცემა ცხოვრებამ, მაგრამ არ იყო ეს მარტო ამაყი ხასიათის და ქედმაღლობის ბრალი; ერთი კაცისგან მეორე კაცის დაჩაგვრა მძულდა ბავშვობიდანვე, ვერ ვიტანდი ამას. გასაჭირში და განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი მებრალებოდა, ხელის გაწოდებას და მიხმარებას მოვალეობად ვუთვლიდი ჩემს თავს, ამისთვისაც იყო, რომ მხვდებოდა. ამასობაში ასაკმა მიმატა. ადრე ჩემი ღირსების შელახვას რომ ვერ ვიტანდი, მერე და მერე თითქმის მიმავიწყდა საკუთარი თავი. ახლა სხვისი ღირსების შელახვას ვეღარ ვეგუებოდი ვერაფრით. დავდიოდი ამ ქვეყანაზე და, სიმართლეს ვამბობ, სიცოცხლის ფასად რომ მღირებოდა, მაინც ვებრძოდი უსამართლობით და ძალმომრეობით ლელოს გამტან კაცებს. მაშინაც საშიში ვიყავი სახელმწიფოსთვის და ადამიანებისთვისაც.

კაი რვა, ცხრა წელიწადი ვიდექი ამაზე. საქმე მე არ მქონდა სხვა, მიზანი და მისწრაფება. ეგ არის, მთავრობა მეთამაშებოდა კუკუმალულობას. მაგრამ ამას არც დრო დაჭირებია დიდი, არც ჭკუა და გასართობადაც უკეთესს რას იტყოდა კაცი! კანონგარეშე კაცმა თაგვისოდენა კაი საქმე თუ გააკეთა, ცხენის ზომამდე გაუზრდის და შეულამაზებს ხალხი. მისი ბუნებაა ეს. გლახა საქმესაც ასე უშვრება. გლახა კი არ მიკეთებია მაშინ, დიდი სახელი გამივარდა, კაი მანძილზეც, მაგრამ ბოლო ყველაფერს აქვს და ამასაც გამოუჩნდა დასასრული, დავაკვირდი ჩემს საქციელს და იმ ხალხსაც, მე რომ გამოვადექი რამეში – შველა იყო, დაცვა იყო, თუ ხსნა. ზოგმა ბოროტებით გადამიხადა, სხვამ იმაზე უარესი ჩაიდინა, რასაც ავაცდინე, ვიღაც თვითონ გახდა მოძალადე და ჯალათი, ღონე რომ მოიკრიფა ჩემი წყალობით, იმის მერე. არ ღირს ლაპარაკად! შევაქციე ზურგი ყველაფერს, აღარ ჩავერიე სხვის საქმეში ქვა ქვაზე ნუ დარჩება ნურსად-მეთქი! მაშინ ყველამ დაივიწყა, რაც სიკეთე მქონდა გაკეთებული, ცუდი კაცების ჭორებს აყვა ხალხი, ზურგი შემაქცია თვითონაც. დავრჩი მარტოდმარტო და მივხვდი, არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ მომავალში რა მეკეთებინა და როგორ მეცხოვრა, ვერც ამის გავიგე რამე. გრაფმა რომ შემთხვევა მოიყვანა, იმის განსჯაში ის იქნებოდა მართალი, ვინც ასე იტყოდა: სახელმწიფოს იმ კაცის არ უნდა ეშინოდეს, რომელიც ბოროტების დათრგუნვას და მახეში გაბმული მებრძოლი კაცები დახსნას არ შეეცდება. აღარ ვარ საშიში ამიტომ აღარ ვარ!

ვიცი, გაინტერესებთ ყველას, რისთვის ვარ აქ, რას ვეძებ და რატომ მოვედი ჩემი წილი ბორკილის თუ ყულფის დასაწიერზე. გეტყვით მაგასაც. არც მგლის მოდგმის ვარ, რომ საჭმლის შოვნისთვის ვიცხოვრო მხოლოდ და არც კურო ხარი, რომ ბალახი და ძროხები მჭირდებოდეს მარტო. ერის შვილი ვარ მე. ფიქრი მჭირია და საზრუნავი! არ შემიძლია, მკლავებდაკრეფილი ვიდგე და მშვიდად ვუყურო ჩემს ქვეყანას!.. მოვედი თქვენთან, ვნახავ, ვიფიქრე, რით ასაზრდოებს ეს ხალხი თავის გულს და გონებას. არც თქვენ არ იცით, გონია, რაა საკეთებელი და ნამდვილი საქმე. ერთი კია, ჩემსავით მოწყურებული ხართ თქვენც: საუბრობთ, ვარაუდობთ, ეძებთ. რაღაც გზაზე დგახართ, მართალია ესეც, მაგრამ სანამ მანდედან აზრი, მიზანი და საზრუნავი ჩამოყალიბდებოდეს საუკუნე გაივლის კიდევ!

დათა თუთაშხია წამოდგა, გაიარ-გამოიარა, ხელში კრიალოსანი აათამაშა. პირველად ვხედავდი აღელვებულს, მაგრამ თვალნათლივ ჩანდა, თავის დაუფლებას ლამობდა და ეუფლებოდა კიდეც.

– თქვენო ბრწყინვალებავ, – თქვა მან, როცა სრული სიმშვიდე იგრძნო. – არ ვიცი, მივიღებ თქვენგან იმ ქაღალდს თუ ვერ მივიღებ და არც ის მგონია, დიდი მნიმშვნელობა თუ აქვს მაგას ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის. ამჟამად, დღეს, ვარ თუ არ ვარ საშიში კაცი – ვთქვი უკვე. ეგ არის, თხუთმეტი თუ ჩვიდმეტი წელიწადი გავიდა – გიამბეთ მე, რამდენჯერ შემეცვალა ზნე და საქციელი ამ ხნის მანძილზე, არ ვიცი და ვერ მოგახსენებთ, ხვალ თუ ერთი წლის მერე რა გზას დავადგები. გოგიმ ბრძანა აქ, – კანონი როგორ მოიქცევა, იმაზეა დამოკიდებული ბევრიო. კანონი და სახელმწიფო, ჯერჯერობით, ისე აქვს კაცობრიობას აგებული, რომ გააბოროტოს კაცი, სიძულვილი ჩაუდოს გულში. ნუ ჩამითვლით, თითქოს, იმის თქმა მინდოდეს, რომ მხოლოდ რუსეთის იმპერიაშია ეს. ყველა ახლანდელ სახელმწიფოს და ყველა ახლანდელ წყობილებას ვგულისხმობ მე. გავა დრო, მიხვდება ადამიანი ამას და შეიცვლება თანდათანობით, თუ ერთბაშად, ეს ამბავი. სიცრუის თქმას არ ვიკადრებ და ვერავის ვერ მივცემ იმის პირობას, რომ ჩამიდებენ თუ არა პატიების ქაღალდს ჯიბეში, მეორე დღესვე შევდგები ბერად და მეფის და იმპერიის დღეგრძელობისთვის ლოცვაში გადავიტყავებ მუხლებს. საითაც გული გამიწევს, იქით წავალ და იმ გზაზე ვივლი, თქვენო ბრწყინვალებავ! ეს არის ჩემი სიმართლე. თქვენ ბრძანეთ, თუ არ ერგება პატიების ქაღალდი, ერთი კვირის ვადას ვაძლევ თუთაშხიას, ხელს ვერ ახლებს ვერავინო. არ მსურს, ჩემი გულისთვის უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ჩათვალეთ, რომ არ გაქვთ ნათქვამი ეგ. სადაც გამიყვანს იღბალი და მარჯვენა, ის იყოს ჩემი ხვედრი!

სიჩუმე ჩამოვარდა და დიდხანს გაგრძელდა. ანაზდად მივხვდი, რომ გრაფის შეპირებულ პატიებას დათა თუთაშხიასთვის, მართლაც, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს კაცი საგანგებო, მხოლოდ მისთვის არსებული კანონ-წესებით მართავდა თავის ცხოვრებას და სწყუროდა მხოლოდ ერთი რამ: მოქმედება პატიების სიგელით ჯიბეში თუ უამსიგელოდ – სულ ერთი იყო!

– ბატონო თუთაშხია, თქვენ ბრძანეთ, სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, ადამიანის გამაბოროტებელი საწყისიაო, – ხმადაბლა თქვა გრაფმა და შემდეგ ყველას მოგვმართა: – ბატონებო, თქვენც იზიარებთ ამ შეხედულებას?

– მე ვიზიარებ! – მიუგო ნანომ.

– ხომ არ განმარტავდით... ესე იგი, უფრო ვრცლად ხომ არ გვეტყოდით? ამჟამად არსებობს თეორიები, რომელთა დედააზრი მაგ შეხედულებას რამდენადმე ემთხვევა...

– სიამოვნებით, გრაფ, – დათანხმდა ნანო, – თუმცა კი, მგონია, რომ რასაც ვიტყვი, არც ერთ მათგანს არ დაემთხვევა. ამ შეხედულების ავტორი არასოდეს არ იმეორებს სხვის აზრს, არ მოჰყავს ციტატები სხვათა ნაწარმოებებიდან, არ იმოწმებს ავტორიტეტებს. იგი საუბრობს მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ და მტკივნეულ პრობლემებზე, მაგრამ აშუქებს და ასხივოსნებს მათ თავისი სადა გონებისა და კეთილი გულის განუმეორებელი ნათელით.

– მით უფრო საინტერესოა, – გაამხნევა სეგედიმ.

– მეღა დავრჩი, განსასჯელი საკითხის გამო აზრი არ გამომითქვამს. სწორედ მაგ ასპექტით ვაპირებდი მსჯელობას. სხვისი ნააზრევის განმეორება ძნელია, მაგრამ... ინებეთ! დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების ძირითადი თავისებურება გაფართოებისკენ, ახალი ხალხების დაპყრობისკენ, მათი მიწა-წყლის მიტაცებისკენ, მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვაა. მათ იმპერიები ეწოდებათ, ხოლო ეს გამუდმებულ საომარ მზადყოფნას ან უშუალოდ დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ომის ძირითადი მასალა მეომარია. ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს სიყვარულია და პირიქით: ვინ და რა გზით შესძლებს ადამიანი დაპყრობისთვის, ჟლეტისა და ნადგურისცემისთვის აღძრას, დაატოვებინოს ოჯახი, სახლ-კარი, სამშობლო, უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს, თუ გულში წინასწარ სიძულვილი არ ჩაუთესა! დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, გაბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდუვალი, აუცილებელი შედეგია. კაცობრიობის წარსულის ყველა საზოგადოებრივი თუ რელიგიური მოძღვრება ურჩევდა ადამიანს, ბოროტი ნუ იქნებიო, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუქმნია საზოგადოების ისეთი მოდელი, რომლის ძირითადი ნიშანი ადამიანთა გაბოროტება კი არა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული იქნებოდა. ეს არის პასუხი კითხვაზე, რომელიც თქვენ ახლახან დასვით. კიდევ ორიოდ სიტყვა ძირითადი საკითხის გამო: პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია, არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის ხსენებული ღირსებები მასში მოცემული. იგულისხმება ისეთი პიროვნება, რომლისთვისაც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა ანგარების მისაჩქმალავი ნიღაბი კი არა, ფსიქიკის ჭეშმარიტად ბუნებრივი მონაცემები და განუყოფელი კუთვნილებაა. ასეთ ნიადაგზე აღმოც-

ენებულ ნაყოფთაგან უპირველესია კაცობრიული სამართლიანობა და, ცხადია, რომ ამ გრძნობით გამსჭვალული ადამიანი უეჭველ და აუცილებელ წინააღმდეგობაში იმყოფება დიდმპყრობელურ სულთან, ანუ იმპერიის წყობილებასა და კანონთან, იგი იმპერიის აქტიური მტერია არის მეორე გარემოებაც: სიკეთე, უპირველესად ყოვლისა, ერისთვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული – უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი მამულიშვილია, პატრიოტია. ეს ნიშნავს ცხოვრებას დევიზით: “ერისა და მამულის კეთილდღეობა – უწინარეს ყოვლისა!” – მაგრამ აუცილებლად და მხოლოდ კაცობრიულად კეთილი საშუალებებით – მშვიდობის, სამართლიანობის, ზომიერების, სხვა ერების უფლებათა პატივისცემის გზით და ეს არის უზენაესი სიბრძნე, რომელსაც ინტერნაციონალიზმი ჰქვია. თქვენ ბრძანეთ, გრაფ, რომ დათა თუთაშხიას შესახებ მრავალმხრივი და უხვი ინფორმაცია მოგეპოვებათ. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენთვის ისიც თავისთავად ცნობილია, რომ დათა თუთაშხიასთანა კაცები იმპერიისთვის უაღრესად საშიშნი არიან! სხკა შეხედულების არსებობა გამორიცხულია.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა და გრაფმა ჩაილაპარაკა:

– საინტერესო სუბიექტია ეგ სანდრო კარიძე.

ჟანდარმთა შეფმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ, მართლაც, ყველაფერი იცოდა.

– თქვენ გგონიათ, გრაფ, რომ მარტო სანდრო კარიძე აზროვნებს ასე? სრულიადაც არა! კარიძე სხვაზე უკეთ აყალიბებს იმას რასაც უმრავლესობა ფიქრობს, – უთხრა ნანომ.

– არა, საინტერესო ის არის, რომ ახალი იდეოლოგიის ჩამოყალიბების მოწმენი და თანამონაწილენი ვართ... ასეთი ეპოქაა! – გრაფმა ხელი ჩაიქნია და ჰკითხა: – ქალბატონო ნანო დაამთავრეთ?

– არა. ორიოდ სიტყვა კიდევ მაქვს სათქმელი უბრალო, ადამიანური პოზიციებიდან.

ნანომ განაგრძო. მას, ალბათ, ასეთივე ინტონაცია ექნებოდა, იგივე არგუმენტებს დაეყრდნობოდა, ჟანდარმერიის შეფთან მიღებაზე რომ მისულიყო დათა თუთაშხიას ხვედრის შემსუბუქების სათხოვნელად. იგი არაფერს ამტკიცებდა, არაფერს მოითხოვდა – მხოლოდ ემუდარებოდა, მხედველობაში მიეღო, რომ...

– თქვენო ბრწყინვალებავ, შეხედეთ კეთილმოსურნე თვალით, სხვა არაფერია საჭირო. ხშირად შეგხვედრიათ დათა თუთაშხიაზე სანდომიანი და კეთილი ადამიანი? ენდეთ ინტუიციას და ჰკითხეთ თქვენს საკუთარ გულსა და გონებას: შეუძლია ამ ადამიანს, იყოს უარყოფითი, ავი, ბოროტი, მრისხანე?.. დევს თუ არა მის ბუნებაში, მის ხასიათში დანაშაული და ბოროტმოქმედება... არ ეყო, რაც ტანჯვა-წამება გამოიარა? უნდა ეღირსოს თუ არა როდისმე ჭერს, ოჯახს, ლოგინს მშვიდ ძილს?! – ნანოს ცრემლები გადმოსცვივდა, ზეზე წამოიჭრა და სასტუმროსკენ გაემართა.

გრაფი მიჰყვა ზღურბლზე შეაჩერა:

– ქალბატონო ნანო, ვწუხვარ, რომ თქვენი აღელვებისა და ცრემლების მიზეზი ჩემი მოსვლაა. პატიებას გთხოვთ. თავს ვიმხნევებ იმით, რომ მნიშვნელოვან საქმეებს თავისი უსიამოვნებები ახლავს! შემომხედეთ. ო, როგორ გამშვენებთ ცრემლი! რომ მცოდნოდა, საგანგებოდ შევეცდებოდი, მეტირებინეთ. თავბრუდამსხმელი ქალი ხართ, ქალბატონო ნანო... კმარა, მშვენიერებავ, ნუ დაიდებთ ხუთი მამაკაცის ცოდვას, ჩამოდით ციდან!

ნანომ გაიცინა, გრაფს მოჰყვა, მაგიდას დაუბრუნდა. ცრემლები მაინც სცვიოდა და იღიმებოდა – ქალური სისუსტისა და უმწეობის რცხვენოდა.

მშვენიერი იყო ნანო...

– ღვინო! – დაიძახა გრაფმა, ჭიქების შევსებას თვითვე მიიჰყო ხელი და სიცილით მკითხა: – თავადო, ხომ საინტერესო გასართობი შემოგთავაზეთ?!

– შეუდარებელი, გრაფ, და მეტად სასარგებლოც!

– მანდილოსნის ცრემლს გაუმარჯოს, ბატონებო! – სეგედიმ ჭიქა ასწია. – ყველაზე დამაჯერებელ, ქმედითსა და შედეგიან არგუმენტს! ქალბატონ ნანოს გაუმარჯოს, რადგან მან ეს არგუმენტი თავის უმშვენიერეს ვარიანტში წარმოგვიდგინა.

გრაფი ნანოსთან მივიდა, ხელზე ეამბორა.

სადღეგრძელომ ხმაურით, ხუმრობითა და ბროლის წკრიალით აავსო ოთახი. ჟრიამულმა იმატა, აღგზნებამ დავა-კამათის განწყობილება შექმნა. ამ საყოველთაო აყალმაყალში გრაფი ზეზე წამოდგა და სიტყვა ითხოვა.

– ბატონებო, სამწუხაროდ, წასასვლელი ვარ. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მიღებისა და მასპინძლობისთვის. ნასიამოვნები და ფრიად კმაყოფილი მივდივარ. გჯეროდეთ, რომ მუდამ მეხსომებით, როგორც საუკეთესო თანამესუფრენი და დახვეწილი ადამიანები. თავს ბედნიერ კაცად ჩავთვლი, თუკი დადებით შთაბეჭდილებას დავტოვებ. აქამდე მიკრძალავდა სამსახური და თანამდებობა ჩემი მოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზის გამხელას. აი, მთავარი მოტივი... – გრაფმა უბიდან ორი ქაღალდი ამოიღო, ორივე ოთხად მოკეცილი. ერთი მათგანი დათა თუთაშხიას სახელზე შედგენილი პატიების გუჯარი იყო. მეორე – ამ სიგელის მიღება-ჩაბარების ოქმი, რომელსაც ხელის მოწერა სჭირდებოდა. – ბატონო ირაკლი, არ მინდა, შევაწუხო ბატონი დათა თუთაშხია. წარმოადგინეთ რწმუნების საბუთი და შეასრულეთ მოვალეობა.

– სიამოვნებით, გრაფ, მაგრამ ხელშეკრულება სანოტარო კანტორაში მაქვს, სამწუხაროდ, – ვთქვი მე.

დათა თუთაშხიამ ხელშეკრულების თავისი ასლი ამოიღო.

– ამანაც ივარგოს, იქნება, – თქვა მან და საბუთი გრაფს გადააწოდა.

გრაფი კითხვას შეუდგა. პატიების სიგელს თვალი საჩქაროდ ჩავავლე, სხვებს გადავეცი, საწერ-კალამი გამოვიტანე, ჭურჭელი მივწი-მოვწიე და, როგორც ვექილმა და რწმუნებულმა, ოქმს ხელი მოვაწერე.

გრაფი ფეხზე იდგა. ცალ ხელში ჭიქა ეჭირა, მეორეში – ნოტარიუს ირაკლი ხურციძესა და ლაზ აზნაურ არზნევ მუსკიას შორის დადებული ხელშეკრულება და ყურადღებით კითხულობდა...

– რამდენი ხანია, ბატონო თუთაშხია, რაც თქვენი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია არ გინახავთ? – იკითხა სეგედიმ, როცა ეტლის საფეხურზე ფეხი შედგა.

– მეთექვსმეტე წელიწადია, თქვენო ბრწყინვალებავ, – მიუგო დათამ.

გრაფმა გაიღიმა:

– ორი საათის წინ ამ ეტლში იჯდა, აქ იყო!

სიჩუმე ჩამოვარდა.

– რისთვის იყო აქ? – ჰკითხა თუთაშხიამ.

– იმ შემთხვევისთვის, თუ გაქცევას დააპირებდით. თქვენს მოსაბრუნებლად იყო, დასარწმუნებლად, რომ ცუდი განზრახვით არავინ არის მოსული.

გრაფი ჩაჯდა, საათი ამოიღო და დასძინა:

– დღეს, საღამოს ცხრა საათზე, ბატონი მუშნი ზარანდია თქვენთან სასტუმროში მოვა. მთხოვა, გადმომეცა ეს!

ეტლი კუთხეს მიეფარა.

სუფრას მივუბრუნდით.

– რატომ დგებიან ასეთი კაცები ასეთი მთავრობის სამსახურში, ნეტავი? – თავისთვის თქვა დათა თუთაშხიამ.

– ახლა სეგედი თავისი ჟანდარმერიისკენ მიდის და ფიქრობს: რანაირად ხდება, რო ასეთი კაცები ყაჩაღად გადიანო! – მიუგო ელიზბარ კარიჭაშვილმა.

 

Hosted by uCoz