თეთრი რვეული

 

... ამგვარად, ჩვენი ხელშეკრულება ძალაში შევიდა და არზნევ მუსკიას გასართობად რაიმე უნდა გამომეგონა. ეს არ გამიძნელდებოდა, მაგრამ ამ უჩვეულო საქმისადმი დამოკიდებულების შემუშავება გამიჭირდა: ერთი მხრივ არზნევ მუსკია დამკვეთი, მუშტარი იყო და მისი ფულების განიავებას მისთვის დადებითი შედეგი უნდა მოეტანა: მარწმუნებელი რწმუნებულის ურთიერთობებით, აქედან მოპოვებული შთაბეჭდილებებით კმაყოფილი უნდა დაბრუნებოდა იმ გარემოცვას, საიდანაც მოვიდა. ეს ხელშეკრულებაში “შემსრულებლად” წოდებული მხარის, ესე იგი, ჩემს მოვალეობას შეადგენდა. მეორე მხრივ...

მსახურმა კარი შემოაღო, არზნევ მუსკიას გამოსცდა, ვიღაცის სადარბაზო ბარათი მაგიდაზე დამიდო. ფიქრში ვიყავი, არც სადარბაზო ბარათისთვის მიმიქცევია ყურადღება და არც მსახურისთვის. მსახური მიმიხვდა, – იმ წუთში საფიქრალი მქონდა, ვერავის მივიღებდი. ფეხაკრეფითვე გავიდა...

... მეორე მხრივ, მე ამ კაცთან მეგობრული ურთიერთობისა და დროსტარებისკენ მიმიწევდა გული მაშინ, როდესაც მას იქნებ რაიმე საგანგებო განცდები სჭირდებოდა და ეს კი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან, შესაძლოა, ვერ მიეღო. გამოდიოდა, რომ არზნევ მუსკია, როგორც კლიენტი, იქნებ უკმაყოფილოც დამრჩენოდა.

– ირაკლი-ბატონო, – მითხრა მუსკიამ ამ დროს, – დღეს საღამოს სად აპირებთ წასვლას?.. წამოვალ მეც იქ, თუა შესაძლებელი ასე. საგანგებოდ ჩემთვის ნუ მოიგონებთ ნურაფერს, მირჩევნია მე.

– ღმერთი შენ გიშველის, – სიხარულით დავეთანხმე. – სწორედ მაგაზე ვფიქრობდი. მეც ეგრე მირჩევნია... გაიგონე? შენობით მოგმართე. ახლო მეგობრები ვართ. ხომ ასეა?

– მასეა, – სიცილით დამიდასტურა მუსკიამ, – აწი წავალ მე. სამსახურში ხარ და... როდის და სად ვნახოთ ერთმანეთი?

ის რომ ამას მეუბნებოდა, მე სადარბაზო ბარათს შევავლე თვალი. ჯერ იყო და გამიკვირდა, რომ სადარბაზო ბარათი ქალისა იყო. ასეთი რამ არსად შემხვედრია. მერე ბარათის პატრონის ვინაობას დავუფიქრდი და რაღაც მენიშნა, სტუმარს პასუხი ოდნავ შევუგვიანე.

– მოიცადე, არზნევ, პატარა ხანს...

ზარი დავაწკარუნე, მსახური შემოვიდა.

– ეს ქალბატონი რა ხნის იქნება, ვასილიჩ?

– ასე, ოცდათხუთმეტის, მაგრამ კარგად არის შენახული, ოცდარვა-ოცდაცხრას თუ მისცემს კაცი.

– კარგი, წადი. დაგიძახებ.

მსახურმა შამპანურის ბოთლი და ჭიქები გაიტანა.

ერთი დავთარი მქონდა – ყოფილი და მომავალში შესაძლებელი კლიენტების სია. გადავშალე. ბატონი შირერიც მეწერა, რამდენიმე თავყელიშვილიც და ქალბატონი ნანო ფარნაოზის ასული თავყელიშვილი-შირერისაც! სხვა საჭირო ცნობებიც იყო: მისამართები, უძრავ-მოძრავი ქონება, საქმიანობის სფერო, კაპიტალი... დავთარში იმიტომ ჩავიხედე, რომ მეხსიერების შემოწმება მჭირდებოდა, თორემ ნანო თავყელიშვილს ბავშვობაშივე ვიცნობდი. ახლა კი, ერთი წლის წინ იყო, მიმიპატიჟა კიდეც, ჩანს, ურთიერთობის აღდგენის მიზნით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ჩემი სტუმრობა და ბოლოს ბოდიშის შეთვლა მომიხდა.

სადარბაზო ბარათი არზნევ მუსკიას გავუწოდე.

– წაიკითხე.

ლაზმა ბარათი გამომართვა, ხმით წაიკითხა. გამიკვირდა, რომ თურქეთში მცხოვრები კაცი რუსულს თავისუფლად კითხულობდა, და, სიმართლე ვთქვა, აქცენტიც, მგონი, ჩემზე ნაკლები ჰქონდა.

– ეგეთი გამართული რუსული სად ისწავლე?

– მასწავლეს ბავშვობაში. მერე ყუბანზე ვიყავი კაი ხანს. ენა გავიტეხე იქ. რუსული წიგნების კითხვაც მიხდება ხანდახან, თვარა გიმნაზიაში არ ვარ ნამყოფი მე.

ამან უფრო გამაკვირვა: არზნევ მუსკია განათლებული არისტოკრატულ ყაიდაზე აღზრდილი კაცის შთაბეჭდილებას სტოვებდა. მართალია, მე მისი ერუდიციისა და ცოდნის დადგენას სულ ორიოდე დღის ნაცნობობაში რას შევძლებდი, მაგრამ ურთიერთობის პროცესში ჩანს ხოლმე, თუ ვინ რას წარმოადგენს ამ მხრივ...

– ვინაა ეს ქალი?

– როგორ გითხრა. ბავშვობაში ჩვენს ოჯახებს ერთმანეთში სტუმარმასპინძლობა ჰქონდათ. მე და ეს ქალი ტოლები ვართ, ხშირად ერთად გვითამაშია. გიმნაზია დაამთავრა თუ არა, ოჯახიდან გაიქცა, მაგ შირერს გაჰყვა. შირერი რომ იყო, ამ რამდენიმე წლის წინღა გავიგე, არ ვიცოდი. არც ის ვიცი – იქნებ გაყოლით სხვას გაჰყვა და მერე მაგას შეეყარა? ერთად კი დაბრუნდნენ და. ერთი სიტყვით, ეგ შირერი უცხოელი კაპიტალისტია და ამჟამად საკმაოდ მსხვილიც. მაშინ ასე, ოცდათორმეტი, ოცდაცამეტი წლის კაცი იქნებოდა, თუ ეგ ის არის, ვისაც ნანო წაჰყვა. წაიყვანა ეს გოგო ევროპაში, უმაღლესი განათლება მისცა, მგონი, ჟენევის უნივერსიტეტი დაამთავრებინა. იქა ცხოვრობდნენ, თბილისში მათი დიდხანს არა ისმოდა რა. ამ ოთხი წლის წინ დაბრუნდნენ. შირერმა ზაქათალის, კახისა და კობახჩოს მიდამოებში დიდი ტყეები იყიდა. სულ კაკალი და მუხაა. ხე-ტყის მრეწველია შირერი. ზაქათალაში სახლი აიშენა. აქ, სოლოლაკში, სომხისგან მეორე, უფრო დიდი სახლი იყიდა. ორივე მდიდრულად აქვთ მორთულ-მოწყობილი. უშვილოები არიან. ეს ქალი წელიწადში ექვს თვეს თბილისში ცხოვრობს. დანარჩენ დროს ზაქათალაშია ან მოგზაურობაში ატარებს. ასე. ახლა, წრე... – დავთარში ჩავიხედე. – ვიწრო წრეში ტრიალებს, დიდგვაროვან ოჯახებს ერიდება, ვაჭარ-სოვდაგრებს ახლო არ იკარებს. კარგი, კიდევ რა ვიცით ამ ქალბატონისა? აჰა, აი, მდგმურები არა ჰყოლია. ორი ლაქია, ორი დამლაგებელი, ერთი ხელზე მოსამსახურე გოგო, ერთიც მზარეული... მზარეული, სახელად ყათრანა! კაცო, ქმარი თბილისში იშვიათად ჩამოდის, ამოდენა სახლში მარტოა ხოლმე?! მათ საქმეებს ახპარუნოვის იურიდიული კანტორა აწარმოებს... მით უფრო მოულოდნელია ამ ქალბატონის ჩემთან მობრძანება!

– კაი, აბა. წავალ მე... – მუსკიამ ახალი კლიენტის სადარბაზო ბარათი გამომიწოდა.

– არა, თუ გადაუდებელი არაფერი გაქვს, მოიცადე, არზნევ. ჩვენი ხელშეკრულების თანახმად, შეგიძლია, ამ მიღებასაც დაესწრო, მაგრამ არის ერთი დელიკატური გარემოება... ადვოკატებთან, უმრავლეს შემთხვევაში, რაიმე საიდუმლოთი მოდიან. საიდუმლო როგორ?.. პირისპირ სალაპარაკოდ მოდიან. აგერ, უკანა ოთახში შედი. კარი ოდნავ ღია დატოვე. კარადა გამოაღე, იქ სასმელიც არის და საჭმელიც. თავი შეიქციე, თან ყური გქონდეს, იქნებ შენთვის რაიმე საინტერესო გაიგონო. მიდი, თორემ ქალბატონს ლოდინი მობეზრდება...

– უხერხული ხომ არაა ჩემი იქ ყოფნა, ირაკლი?..

– ნუ სწუხხარ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაყენებ. ჩვენს ხელშეკრულებაში ეს მომენტიც იგულისხმება.

არზნევ მუსკია გავიდა, მსახურს ვუხმე, ქალბატონის შემოყვანა ვანიშნე.

ქალბატონ თავყელიშვილ-შირერისაზე გადაშლილი დავთარი დავხურე, თაროსკენ წავიღე. სანამ საწერ მაგიდას დავუბრუნდებოდი, კარი გაიღო, ქალბატონმა ნანომ ზღურბლი გადმოიარა. მივესალმე, სავარძელში ჩაჯდომა ვთხოვე, მეც დავჯექი. სავარძლებს შუა დაბალი მრგვალი მაგიდა მედგა. ზედ პაპიროსების ლამაზი ყუთი იყო.

ხუფი ავხადე, – ინებეთ, თუ ეწევით-მეთქი.

– გმადლობთ. ძლიერ იშვიათად ვწევ. მაშინ ვწევ, როცა ძალიან კარგ გუნებაზე და ძალიან მხიარულად ვარ, – ღიმილით თქვა ქალმა.

– გამოდის რომ კარგ გუნებაზე ძლიერ იშვიათად ხართ ხოლმე!

– ძალიან კარგზე?.. რა თქმა უნდა! განა ყველა ასე არ არის?

ბავშვობა და ჩვენი ოჯახების ურთიერთობა მოვიგონეთ. მიცვალებულები და ცოცხლები ვახსენეთ. მერე სიტყვიერადაც მოვიხადე ბოდიში, რომ მიპატიჟება გავუწბილე. ახლა ქმრისა და ოჯახის საქმეები ვკითხე. შემდეგ ორიოდე ახალი ამბავი ვთქვი და ამ თავაზიანობებს პატარა პაუზა მოჰყვა.

ქალბატონ ნანოს ერთობ სადად ეცვა. მისი წოდების მანდილოსნები სამკაულებს ეტანებოდნენ. ამას მხოლოდ ნიშნობის ბეჭედი ეკეთა არათითზე და ოქროს ძეწკვი ყელზე, რომელიც, ალბათ, მკერდში ჩამალული პატარა საათით მთავრდებოდა. ეგ იყო და ეგა.

– რისთვის შეწუხებულხართ, ქალბატონო ნანო? – სიჩუმე დავარღვიე, – ნუთუ საქმეზე?.. უნდა შემოგეთვალათ და შინ გეახლებოდით.

– რას ბრძანებთ! გარდა ამისა, მე კანტორაში მოსვლა მერჩივნა.

ნანომ რაღაც დაირცხვინა, იმავ წამს თავს დაეუფლა და ღიმილითვე განაგრძო:

– იმედი მაქვს, ამ სახლს საიდუმლოს დაცვა შეუძლია...

– აგერ, ცეცხლგამძლე კარადა. შიგ ორასამდე მარწმუნებლის საიდუმლოება ინახება! ვერც ერთი მათგანი ვერ დაგვემდურება... სამაგიეროდ, კარს ხომ ხედავ – ოდნავ ღიაა. იმ ოთახში ჩემი უახლოესი მეგობარი, ლაზი აზნაური, ბატონი არზნევ მუსკია საუზმობს. დავხურო?

ქალბატონი ნანო დაფიქრდა, მხრები აიჩეჩა და მითხრა:

– თუკი ბატონი შენი უახლოესი მეგობარია... – ქალმა უცბადვე შენიშნა, რომ ჩვენი ბავშვობისდროინდელი, ამხანაგური ურთიერთობის აღდგენა შევთავაზე, ადვილად დამყვა და ამის შემდეგ ოფიციალური ტონისთვის აღარ მიუმართავს. – განა სულ ერთი არ არის, ჩემგან გაიგონებს, თუ ჩემი წასვლის მერე შენგან გაიგებს ჩვენი საუბრის შინაარსს?

ორთავეს გაგვეცინა. ნანომ კვლავ იყუჩა. ეტყობა, დასაწყისს ეძებდა, ინტონაციას ირჩევდა.

უკანა ოთახიდან რაღაც ჩახანი მოისმა.

– არზნევ, წყნარად, თორემ კარს დაგიკეტავ! – დავიძახე უფრო იმისთვის, რომ ლაზთან ჩემი ახლო მეგობრობა ქალის წინაშე საგანგებოდ აღმენიშნა.

– რა იყო, შე კაცო, რევოლვერი ხომ არ დამიცლია, დანა დამივარდა ძირს, – მიპასუხა არზნევ მუსკიამ. – მამაკაცი შემოგესწრებათ ლაპარაკში, უეჭველია ეს!

– დიახ, ნანო, გისმენ.

– კონსულტაცია მჭირდება. მოგეხსენება, ზაქათალა პატარა სამაზრო ქალაქია, ერთმანეთს ყველა კარგად ვიცნობთ. ერთი პოლიციის მოხელეა იქ, ვეტროვი გვარად. ოცდაათი წლისა იქნება. ოჯახებში ვხვდებით ერთმანეთს, ხან სად და ხან ვისთან. არც ისე ხშირად. სანდომიან ახალგაზრდად სთვლიან. მე ის კაცი არ მომწონს. რაღაც აქვს ისეთი... ყურებდაცქვეტილ ფინიას მაგონებს ხოლმე, მაგრამ თავაზიანობის წესებს ვერსად წაუვალთ, ეს გასაგებია.

– რა თქმა უნდა.

– დიახ, და ერთხელ ამ ვეტროვმა სიტყვა სიტყვას გაუყენა, – ვასენკოვების ოჯახში იყო ეს ამბავი, – და სრულიად მოულოდნელად ჩემს, ვითომდა ინტიმურ დამოკიდებულებებზე ხუმრობას შეუდგა. ორი ოფიცრის გვარი გადმომკრა. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მზად ვიყავი, ბრიყვისთვის თავისი ადგილი მიმეჩინა, მაგრამ მოთმინება და მოსმენა ვარჩიე. ცხადია, შემატყო, არ მსიამოვნებდა მისი ჭარტალი ლაპარაკი მოამრგვალა და ბოდიშიც მომიხადა: – ქალბატონო ნანო, ვფიცავ ადამიანობას, ყოველივე ამას მხოლოდ ხუმრობის დანიშნულება ჰქონდა. სხვაში ნურაფერში ჩამომართმევთ და მომიტევეთ თუ ვითავხედეო!

შემიძლია, დაჟინებით ვთქვა, რომ ვეტროვს მხოლოდ უზრდელობის უეცარი შეტევა როდი ამოძრავებდა. საინტერესო ის არის, რომ მისი ინფორმაცია ყალბი იყო; ხსენებულ ოფიცრებთან ამხანაგური დამოკიდებულებების მეტი არა მქონია რა. ახლა ერთი რამ: ამ შემთხვევაში შენ ჩემი მესაიდუმლე ბრძანდები და უნდა მოგახსენო, რომ... თუმცა, ორნი ხართ მესაიდუმლეები – შენ და ის თურქი აზნაური...

– ლაზი აზნაური, ქალბატონო! – გამოგვძახა მუსკიამ

– დიახ, შენა და ის ლაზი აზნაური... არსად გამიგონია, აღსარებას ორი მღვდელი ერთდროულად ისმენდეს... იმ ვეტროვის ყურმისაწვდომზე ინტიმურ სიახლოვეში არავისთან ვყოფილვარ. ეს ჭეშმარიტებაა და ნათქვამი თავის მართლებაში რომ არ ჩამომერთვას, აქვე დავაზუსტებ: გამორიცხული ჩემს ცხოვრებაში არაფერია. მე სრულიად და ყოლველმხრივ თავისუფალი ვარ. ამას ქალი კი არ ლაპარაკ-

ობს – ადამიანი გეუბნება!

უკანა ოთახში დაჟინებული ხველება გაისმა.

– ყურადღებას ნუ მიაქცევ. მაგას სიგარები ერთმანეთში ერევა, ფირმას ვერ არჩევს, მაგარი შეხვდება ხოლმე და ახველებს.

– ეგ ხველება სიგარებისა არ იყო. შენმა მეგობარმა ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა.

– სწორი ბრძანებაა, ქალბატონო. არ დავიჯერე. თავისუფალი რომ ხართ, ის არ დავიჯერე მე.

– თავისუფალი ვარ! – დაადასტურა შირერის მეუღლემ.

– ჰმ, კაცთა მოდგმის დასაბამიდან დღემდე სატკივარი გადაგიწყვეტიათ, ქალბატონო. ვიცნობ რამდენიმე კაცს მასეთს. ისიც ვიცი, რატომ და როგორ არიან თავისუფალი. თქვენ რატომ და როგორ ხართ თავისუფალი, თუ იტყვით, დიდად მადლიერი დაგრჩებით, ვფიცავ ადამიანობას! – გამოსძახა არზნევ მუსკიამ ქალბატონ ნანოს.

ნანო დაფიქრდა. ალბათ, იმაზე ფიქრობდა, ღირდა თუ არა ჩემი მეგობრის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, და ბოლოს თქვა:

– არასოდეს და არაფერზე არ ვეუბნები უარს საკუთარ თავს. ყველა სურვილს ვისრულებ. ამას განხორციელებულ თავისუფლებად ვთვლი. შიშის გრძნობას ვძლიე, გასაგებია?

უკანა ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. პაუზა გაჭიანურდა.

– განაგრძე, ნანო, ვხვდები, რომ რაც მიამბე, მხოლოდ შესავალი იყო, – ვთქვი მე.

– ამ სახამუშო ლაპარაკის შემდეგ ვეტროვმა, რატომღაც, დასაშვებად ჩათვალა, უფრო მოურიდებლად, ფამილარულად მომპყრობოდა. გავფაციცდი, რომ უხეირო, მიუღებელი ნაბიჯის გადმოდგმის მიზეზი არ მიმეცა მისთვის. ვეტროვი ახერხებდა ჩემს ნახვას, მესაუბრებოდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მის მიერ სხვადასხვა ხმების, ჭორებისა თუ სამსახურებრივი ამბების გადმოცემას არ გასცილებია. ამასთან ერთად, იგი არანაკლებ ყურადღებას ამჟღავნებდა ჩვენი ქალაქის სხვა მანდილოსნების მიმართაც, ამით ურთიერთდამოკიდებულებებს ამძაფრებდა და თავისი პიროვნების გარშემო ერთგვარ აჟიოტაჟს ქმნიდა. ყოველივე ეს დახელოვნებული დონ ჟუანის ხრიკებს ჰგავდა, მაგრამ ერთ დღეს, ირაკლი, ნათლად ვიგრძენი, რომ ვეტროვს არც ერთი ჩვენთაგანის მიმართ – ქალებზე ვლაპარაკობ, – არავითარი ინტიმური მიზნები არ გააჩნდა და ამ მოსაზრების დადასტურებაც არ დაყოვნებულა. პერევალოვების ოჯახში ვახშმობისას ვეტროვს მუნდირის შიდა ჯიბიდან რაღაც ქაღალდი ამოუცურდა. მინდოდა, მეთქვა, აიღეთ-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე და ვახშმის შემდეგ ქაღალდი მე ავიღე. როგორ გგონია, რა იყო?.. სია! რვა ქალის სახელი მრავალწერტილებით ბოლოში. ის ქაღალდი თანა მაქვს. ეს არის და ესა. მე მინდა, ირაკლი, აღმომიჩინო დახმარება იმაში, რომ გავერკვე: გამოხატავს თუ არა ვეტროვის საქციელი ჩემი პიროვნებით რაიმე საგანგებო დაინტერესებას – ვთქვათ, სამსახურებრივი ხასიათისას: თუ ეს ასეა – სახელდობრ, რას ეძებს, რა სურს ჩემგან? რაც გიამბე და დასმული კითხვაც, იქნებ ეგზალტირებული, ტუტუცი ქალის ბოდვად მიიჩნიო. მაგრამ არის ორი, ასე ვთქვათ, დამატებითი გარემოება: პირველი – ვეტროვი პოლიციის მუნდირში გამოწყობილი, საგანგებო დავალებათა ჟანდარმია, ეს ნამდვილად ვიცი, და მეორე, მთავარი – ინტუიციას თითქმის არასოდეს მოვუტყუებივარ.

ნანომ პირბადე აიწია, შუბლი შეიმშრალა.

არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე. ნანოც ასეთი ქალი იყო, მის სილამაზეს მიგნება სჭირდებოდა.

– შევეცადოთ, ერთად გავერკვეთ, მაგრამ სანამ ანალიზს შევუდგებოდეთ, საჭიროა ვიცოდე: გაქვს თუ არა საფუძველი, იფიქრო, რომ ჟანდარმერიას შეიძლება, აინტერესებდეს შენი პიროვნება? – ვკითხე ნანოს.

– მაქვს! შეიძლება, ვაინტერესებდე.

– გასაგებია. საჭიროება მოითხოვს, ქალბატონო, ვიცოდე ისიც...

– აღიარება მოულოდნელი იყო, ცოტა დავიბენი, ახალი შეკითხვა მშრალი, სიტუაციისთვის შეუფერებელი წყობისა გამოვიდა და ინტონაციის შეცვლა მომიხდა: – შენს იმ ქმედებაში, რომელიც ჟანდარმერიისთვის გარკვეულ ინტერესს შეიცავს, სიფრთხილისა და კონსპირაციის ნორმები ხომ არ დარღვეულა? ვთქვათ, ხომ არ ჩაგირევია საქმეში მესამე პირი ან ვინმესთვის ხომ არ გაგინდვია საიდუმლო? შესაძლოა თუ არა, რომ შენი სახელი ფარული მოღვაწეობის სფეროებში ან საპყრობილეებში იხსენიებოდეს?

ნანო დაფიქრდა. მეგონა, რომ იგი სწორი პასუხის მოსაცემად თავისი საიდუმლო ურთიერთობების გარემოებებსა და წვრილმანებს გადასწვდა. მან კი, აი, რა მითხრა:

– ქალი ვარ, მართალია, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგად ვიცნობ ჩვენი დროის პოლიტიკურ მიმდინარეობებს. არც ერთი არ მაკმაყოფილებს. ჩემს შეხედულებებს, წარმოდგენებს, რწმენას, არც ერთი არ ემთხვევა. მეორე მხრივ, ბოროტების შემჩნევის, დანახვის უნარი და მის წინააღმდეგ ლაშქრობის თანდაყოლილი ჟინი არ მასვენებს და ვერ კი მიმიგნია, როგორ და რაში აღვასრულო ეს თვისება – კეთილგონიერი, უტყუარი მოქმედების გეზს ვერ ვპოულობ, გესმის? ერთხელ ჩემთან ციხიდან გაქცეული კაცი მოვიდა, თავშესაფარი მთხოვა. მოსდევდნენ... იმის შემდეგ, ყოველმხრივ გამართლებული და უტყუარი მგონია დევნილის დახმარება, ვთქვათ, ისეთისა, რომელიც იბრძვის, თავსა სდებს, სიკვდილს არაფრად აგდებს, ციხეში ჯდება, კატორღიდან გარბის და ამას იმიტომ სჩადის, რომ არ შეუძლია, თავის რწმენას არ ემსახუროს, არ შეუძლია, “იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს”. ჩემი დანაშაული კანონის მიმართ იმაშია, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე ორი დევნილი შევიფარე, მივეცი ყველაფერი, რაც მათი სულიერი და ხორციელი სიცოცხლისთვის იყო აუცილებელი, და გავისტუმრე. საქმეს დასჭირდა, შენა და შენი ლაზი აზნაური პირველნი ხართ, ვისაც ეს საიდუმლო გავანდე. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთა წინაშე, ასე ვთქვათ, მოყვასის ვალი მოვიხადე, დარწმუნებული ვარ, ხსოვნას დღესაც თვალისჩინივით უფრთხილდებიან. ამას მხოლოდ მადლიერების გრძნობა და ცოტაოდენი გონება უნდა. მე მათ ვერც პირველს წავართმევ და ვერც მეორეს. ისინი წესიერი კაცები არიან. მაშ, საიდან და რა უნდა იცოდეს ჟანდარმერიამ?

ნანო მოულოდნელად დადუმდა, უკანა ოთახის კარს მიაჩერდა.

ზღურბლზე არზნევ მუსკია იდგა, ქალს შეჰყურებდა.

– ნება მიბოძეთ, ქალბატონო!.. – თქვა მან. – მაპატიეთ, მაგრამ მესმის ყველაფერი, მაინც, და... – მუსკიამ მღიმარი თვალები მიანათა ჩემს თანამოსაუბრეს. – ძალიან მინდა, მანდ რომ ვიყო... თქვენთან! აგერ, ირაკლიმ მომისაჯა იქ ჯდომა, გამოვიქეცი და შემიფაროთ, იქნება, თქვენ!

ქალს ხმა არ ამოუღია, რაღაც უცნაური ჩაკირკიტებით ათვალიერებდა მუსკიას.

ლაზის ყოფნას უკანა ოთახში, მართლაც, აღარ ჰქონდა აზრი, მაგრამ არ ვიცოდი, ჩვენს ქალბატონს ესიამოვნებოდა თუ არა მოუწვეველი სტუმრის დასწრება. ნანომ შემომხედა, ალბათ, ფიქრს მიმიხვდა და კეთილგანწყობილად თქვა:

– მობრძანდით, უკვე სულ ერთია – მერე დაიძაბა და დასძინა: – თქვენ უთუოდ, რისამე კითხვა გსურდათ!

ცხადი იყო არზნევ მუსკიას გახუმრება: – იქნებ, თქვენ შემიფაროთო, – ქალმა დაცინვად მიიღო. ორიოდე წუთის წინ ხომ დევნილთათვის დახმარების აღმოჩენაზე ლაპარაკობდა? ან, იქნებ, უბრალოდ, სურდა, დაეზუსტებინა, თუ რა აზრი გამოაყოლა ლაზმა თავის სიტყვებს, მაგრამ ასე დაჟინებული და გამსჭვალული ცქერა მაინც, რა იყო?

– არზნევ მუსკია! – ლაზმა მოკრძალებით წარუდგინა თავი ნანოს და მესამე სავარძელში ჩაჯდა.

– ნანო თავყელიშვილი-შირერისა, – გამოხმაურება დაუგვიანა ქალმა. ეს ჩურჩული უფრო იყო, ხოლო სალმის ნიშნად თავის დაქიცინება – რაიმეზე თანხმობას, რისამე დასტურს ჰგავდა.

მოხდენილი, ელეგანტური და სადა იყო არზნევ მუსკია. მგონი, იმ შემთხვევას შევესწარი, როცა ქალის თვალი გამაფაქიზებლად მოქმედებს მამაკაცის მიხრა-მოხრაზე, პლასტიკაზე. ცხადია, ჩვენმა ქალბატონმაც შენიშნა და შეაფასა შემოსწრებულის მოკრძალებული პეწი.

– მე თქვენ მინახიხართ! – ჩაილაპარაკა ნანომ. – სად მინახიხართ... – ქალმა თვალები დახარა, მარაოს ქნევას მიჰყო ხელი.

კარგა ხანს იფიქრა. ჩვენ ორთავე განაბული შევცქეროდით, ორთავეს ღიმილი გვითამაშებდა სახეზე; მე – მოლოდინისა, ლაზს – განცვიფრებისა.

– ააა, მომაგონდა, დიახ, დიახ... მაგრამ გვარი არ ემთხვევა. მცდება, რა თქმა უნდა. ის კაცი, ვისაც გამსგავსებთ... – ქალმა ჩაიცინა, – აბრაგია!

– ყაჩაღებსაც იცნობ? – ვკითხე მე. – ერთობ ფართო კონტაქტები გქონია დამნაშავეთა სამყაროსთან, მშვენიერო ქალბატონო!

– საკმაოდ! – თქვა ქალმა და კვლავ ჩაიცინა – ასეთი იღბალი მაქვს.

– შიშის გრძნობა ვძლიეო, თქვენ ბრძანეთ. შიშით ათასი რაიმეს შიში შეიძლება ქონდეს კაცს. რის შიშის გრძნობას ძლიეთ, როგორაა ეგ? – ჰკითხა ლაზმა.

ნანომ ლაზს თვალი თვალში გაუყარა, მაგრამ სულ რამდენიმე წამით. მერე ყუთიდან პაპიროსი ამოიღო, თითებში აათამაშა და ჩაილაპარაკა:

– მაგას მოფიქრება უნდა, ბატონო არზნევ. ახლავე მოგახსენებთ.

ისევ გამოვიტანე შამპანური და ჭიქები, ბოთლი გავხსენი, ჩამოვასხი, თანამოსაუბრეების წასახალისებლად მოვსვი კიდეც, მაგრამ ქალბატონი ნანო კვლავ სდუმდა.

– ქალბატონო, – ვუთხარი მე, – ბატონი არზნევ მუსკია და შენი მორჩილი მონა ველით განმარტებას, თუ რა გზით და რანაირად სძლიე...

– ინებეთ, მზად ვარ, მაგრამ ვიცი, ლაზი აზნაური არ მოისვენებს, ჩემს პასუხს კამათი მოჰყვება და თვალსაზრისის დასაცავად მაგალითები დამჭირდება. ამიტომ ერთ შემთხვევას მოვიშველიებ. თანახმა ხართ?

– რა თქმა უნდა!

– გისმენთ, ქალბატონო.

– შიში, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი არსებობს – სიკვდილის შიში! იგი თავდაცვის ინსტინქტიდან გამომდინარეობს და, თუ კარგად დავაკვირდებით, ადამიანთა უმრავლესობის ყველა საქციელში მჟღავნდება. ყური მიგდეთ და შევეცდები, დავამტკიცო ეს მოსაზრება. საქართველოში დაბრუნების პირველსავე წელს იყო, ოჩამჩირის მახლობლად სტუმრად ვიყავით ცოლ-ქმარი. სექტემბერი იდგა, მშვენიერი დარი და ზღვა იყო. ზღვისპირზე დიდი ქოლგა გვქონდა, ვბანაობდით, წიგნებს ვკითხულობდით – რა ვიცი, დროსა ვკლავდით.

ერთ დღეს სამხრობას შინ მივბრუნდით. მასპინძელმა ტრაპეზისა და თვალის წატყუების შემდეგ ცხენები შეაკაზმინა, გაისეირნეთო. ისიც გვითხრა, შორს ნუ წახვალთო. საცაა უნდა მოსაღამოვებულიყო. შარაზე გავედით, ოჩამჩირეს გავცდით, სამურზაყანოს მიმართულებით გავაჭენეთ. ჩინებული ცხენები გვყავდა, გრილოდა. ლონდონში შეკერილი ახალთახალი “ამორძალა” მეცვა, კოხტაობის ხასიათზე ვიყავი და, პირადად მე, დაღამებამდე ვაპირებდი სეირნობას. ქმარმა რამდენიმეჯერ მითხრა, – გვეყოფა, დავბრუნდეთო. ყურად არ ვიღე, როგორც იტყვიან, იღბალს საითღაც მივყავდი და დაინახავთ, რომ მიმიყვანა კიდეც მაგრამ ჯერ სხვა გარემოებას შევეხოთ: ქმარმა იმიტომ მითხრა, დავბრუნდეთო, რომ გზებზე ძარცვა-გლეჯა იყო, ყაჩაღები თარეშობდნენ, ეშინოდა, არაფერს გადავეყაროთო. არა-მეთქი. დამთანხმდა, აღარ ჩამციებია, მომყვა, მივდიოდით. ეს თანხმობა იმან გამოიწვია, რომ ქმარს ეშინოდა, დაბრუნების სურვილი სიმხდალეში არ ჩამომერთვასო. მე მაშინ არც ერთი ჩამიგდია აინუნში და არც მეორე – ცხენზე ჯდომა მსურდა, სეირნობა მსიამოვნებდა, ანუ პირადი სურვილი მამოძრავებდა და ეს კი, თავისთავად, შიში იყო იმისა, რომ დაბრუნების შემთხვევაში სიამოვნება მომაკლდებოდა. აი, ამ, თითქოსდა, მარტივ რამეშიც კი სამი სხვადასხვა შიში გამოვლინდა და სამივე თავკერძობის სახით. მეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ეს სამივე თავკერძობა თავდაცვის ინსტინქტიდან მომდინარეობდა?

– ცხადია, – დავადასტურე მე.

ლაზს ხმა არ ამოუღია, თავი დაიქნია.

– თავდაცვის ინსტინქტი და სიკვდილის შიში რომ ერთი და იგივე რამ არის, ამაშიც ხომ დამეთანხმებით?

– მასეა ეგ.

– მაშინ დააკვირდით და ნახავთ, რომ ჩემს ნაამბობში სიკვდილის შიშმა მხოლოდ პირადი მოსაზრებებით ქმედება, თავკერძობა შვა. მოყვასის სიყვარული არაფერში გამჟღავნებულა. არც რისიმე ან ვისიმე წინაშე ვალდებულების ნატამალი იყო სადმე, სიკეთეზე ნუღარას ვიტყვით.

– ქმარი დაბრუნებას რომ გირჩევდა, განა შენს კეთილდღეობაზე არ ზრუნავდა, თქვენი საერთო ინტერესებიდან არ გამოდიოდა? – ვკითხე მე.

– ვიცოდი, რომ მაგას ერთ-ერთი მაინც შემეკითხებოდით. დამაცადეთ, მაგის პასუხი თავისთავად მოვა... გზა ტყეზე იდო, ცხენები ნაბიჯით მიგვიდიოდა, კანტიკუნტად ვსაუბრობდით. გზის პირას კაცი დავინახეთ. წინ ხურჯინი ედო, დასასვენებლად ჩამომჯდარ მგზავრს ჰგავდა. ეს კაცი, როგორც მერე გამოირკვა, რაჟა სარჩიმელია გახლდათ – ყაჩაღი და მძარცველი. გავუსწორდით თუ არა, ადგა, ორი მაუზერი ამოიღო, წყნარად გვითხრა, ჩამოქვეითდით და ხმა, კრინტი არ გავიგონო, თორემ დაგხოცავთო. მიუხედავად მაუზრებისა, ყაჩაღი იმდენად მშვიდი და კეთილგანწყობილი ჩანდა, რომ ქმარმა ფრანგულად მკითხა, რას ამბობსო? ვუთარგმნე. საიდანღაც მეორე ყაჩაღიც მოვიდა, თოფიანი, ჩამოვხტით. ელდა გამომნელდა, მოსალოდნელი უსიამოვნებები და განსაცდელი ცხადად წარმომიდგა. იარაღი მოგვკითხეს, არ გვქონდა. თოფიანმა ცხენები წაიყვანა. სარჩიმელიამ, – მიჰყევითო, და ტყეში შეგვრეკეს. გორაკი იყო, იმას გადავცდით, პატარა მდელოზე ამოვყავით თავი. იქ ორმოცამდე ქალი და კაცი იჯდა, უმრავლესობა საცვლების ამარა. თავზე მესამე ყაჩაღი ადგათ, ესეც თოფიანი. ცოტა მოშორებით რამდენიმე გატენილი და ერთი ნახევრამდე მოყრილი ტომარა იდო. იმ ტომრებთან მიგვიყვანეს, საფულეები და სამკაულები წაგვართვეს და გვითხრეს, გაიხადეთო! . უნდა მოგახსენოთ, რომ რუდოლფ შირერი ერთობ რთული წარსულის კაცია. გამუდმებული ხიფათისა და ფათერაკების გამოა, თუ ასეთი ბუნებისა დაიბადა – არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ, და მე ვიცი, რომელ შემთხვევებშიც, – თავდავიწყებამდე მამაცი და გადამეტებით ამაყი ადამიანია. გვითხრეს, გაიხადეთო, და შირერმა რაჟა სარჩიმელიას ყბაში სთხლიშა, ყირაზე გადაატარა. ყირაზე გადაატარა და მაშინვე ღილებს მისდგა, გახდას შეუდგა. ამ დროს მეორე ყაჩაღმა ჩემს ქმარს თოფის კონდახი კეფაში ჩასცხო. შირერიც დარეტიანდა, დაეცა. მესამე ყაჩაღმა, რომელიც ხალხს ედგა, ხანჯალი იშიშვლა, ჩვენსკენ გამოქანდა, შირერის მოკვლა ჰქონდა განზრახული. გადავეღობე, ჭიდაობა დავუწყე. ამასობაში რაჟა სარჩიმელია გონს მოსულიყო. წამოიწია და ხანჯლიანს უბრძანა, – დაწყნარდი, შენს საქმეს მიხედეო. ხანჯლიანმა თავი დამანება, ლანძღვა-გინებით გამშორდა. შირერი ზეზე ადგა, ტანსაცმლის გახდა განაგრძო.

– თქვენც, ქალბატონო, თქვენც. თქვენ რომ გაიხადოთ, ის უფრო მინდა მე! – დამიყვირა სარჩიმელიამ.

გავიხადე, მაგრამ შიშით არ მიქნია, გართულებას მოვერიდე. ჩვენი ტანსაცმელიც ტომარაში ჩატენეს და სხვა გაძარცულებთან დაგვსხეს.

შაბათი დღე იყო. ოჩამჩირეში შაბათ-კვირას ბაზრობაა ხოლმე. გაძარცულთა უმრავლესობა ნაბაზრალი ხალხი გახლდათ. იცოდნენ ყაჩაღებმა ვის და სად უნდა დახვედროდნენ!

რაჟა სარჩიმელია მოგვიახლოვდა, თვალიერება დამიწყო: ისე მსინჯავდა და მზომავდა, ვითომ ვისიმე დაკარგული საგანი ვიყავი, გზაზე მიპოვნა და ვერ კი გაეგო, რაში შეიძლებოდა ჩემი გამოყენება. მარტო მე მიყურებდა, შირერისთვის ერთხელაც არ შეუხედავს, ვითომ იქ არცა ყოფილა მიყურა და თქვა:

– კარგი ჭიდაობა გცოდნიათ, ქალბატონო, ნამეტანი კარგი, უკეთესს რომ ვერ ნახავს კაცი. ამ ხალხს გავუშვებ მე, აგერ ახლა, ა, მარა თქვენ წაგიყვანთ თან და, სანამ თქვენი ქმარი გამოსასყიდს მომიტანდეს, ვიჭიდაოთ ხანდისხან!

სარჩიმელიამ გადაიხარხარა და წავიდა. გზისკენ წავიდა შემდეგი მსხვერპლის მოსაყვანად.

ჩემმა ქმარმა დრო იხელთა და ჩამჩურჩულა:

– მე უნდა ავიტანო ის, რომ მცემენ, ისიც, რომ მხდიან, ისიც, რომ ავხორცი თვალებით გჭამენ; ისიც, რომ მძევლად დაგტოვებენ, გამოსახსნელ თანხას მომატანინებენ და მოტანამდე კი გამოგიყენებენ!! უნდა ავიტანო მხოლოდ იმიტომ, რომ ჯიუტი ხარ. ვიცოდი, ინტუიცია მკარნახობდა ამას. გეუბნებოდი, დავბრუნდეთ-მეთქი... – ხელი ჩაიქნია და დადუმდა.

ხედავთ, როგორი პატიოსანი კაცია შირერი? პირდაპირ მითხრა, თუ რატომ სდომნია დაბრუნება. სხვა კაცი მეტყოდა, – ჯანდაბას ჩემი თავი, მთავარი ის არის შენ არაფერი დაგიშავდესო! ესეც შენ, ბატონო ადვოკატო და მორალისტო, პასუხი იმაზე, თუ ვის კეთილდღეობაზე ზრუნავდა, ვისი ინტერესებიდან გამოდიოდა ჩემი ქმარი, როცა დაბრუნებას მთავაზობდა, და ამაში უცნაური არაფერია, გარდა შირერის გულმართლობისა.

სულ ცოტა ხანში მოულოდნელი რამ დატრიალდა, მაგრამ, მოდი, ჯერ ის გავსინჯოთ, რაც აქამდე მოხდა. ძარცვა-გლეჯა რომ ყველა დროის უდავო ბოროტებაა, ამას მტკიცება არ სჭირდება. რამ წარმოშვა იგი? თავკერძობამ. იმას ხომ ვერავინ იტყვის, რაჟა სარჩიმელიამ და მისმა დამქაშებმა კაცთმოყვარეობრივი მიზნებით მოაწყეს ეს ხაფანგიო? ესეც არაფერი, მაგრამ ძალმომრეობის წინაშე ქედის მოხრაც რომ ბოროტებაა! იმას ნუ მომიტანთ, უიარაღოები შეიარაღებულების წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდითო...

– მაინც, რას უნდა გამხდარიყავით, შე კაი ქალო?

– სიკვდილი ხომ შეგვეძლო? ჩვენ – საძარცვი სულადობის ორ მესამედს მაინც – აბა, იმის უნარი შეგვწევდეს, შეიარაღებულ მოძალადეს სამკვდრო-სასიცოცხლო წინააღმდეგობა გავუწიოთ ხოლმე. მსხვერპლი იქნება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, საერთოდ, ძალადობიდან ბევრი რამღა დარჩებოდა?

– ღონიერის წინაშე ქედის მოხრა და მორჩილება სიკვდილის შიშის არის. მართალს ბრძანებთ, ქალბატონო ნანო თქვენ!

– უბრალო ჭეშმარიტებაა! – კვერი დაუკრა ქალმა ლაზს და განაგრძო: – ახლა, ის ყბაში გარტყმა და ყირაზე გადატარება ვნახოთ. წინააღმდეგობის გაწევა გზაზე არ ჯობდა, როცა სარჩიმელიას იქით

მივყავდით, მაშინ? იქნებ გეგონოთ, რომ იქ, გზაზე, შიღერი დაიბნა, ხოლო ტომრებთან გონს მოეგო და ამოქმედდა? შირერი სხვადასხვა გასაჭირსა და მოულოდნელობებში მინახავს, მაგრამ დაბნეული შირერი – არც ერთხელ! საკუთარი თავის ფლობაში გენიოსია. ამასთან ერთად, ჩემი ქმარი პატივმოყვარე ბავშვიც არის; ადამიანების გარემოცვაში, ხალხში, ჩემთან, – მისი ყველა საქციელის საფუძველია: ნახეთ, როგორი ღონიერი, კეთილი, უანგარო, გულადი, მდიდარი და, საერთოდ, რა კარგი ვარ, თქვენზე უკეთესი ცოლი მყავს და ყველას გჯობივართ! ეს, ხალხში-მეთქი, ვიმეორებ, თორემ თავის თავთან ან ვინმე მარტოკაცთან პირისპირ? არა, იქ სულ სხვა ადამიანია, ესეც ვიცი. გარტყმა მხოლოდ აქედან, ამ თვისებიდან გამომდინარეობდა. შირერს თავისი მამაცობის ჩვენება სურდა – ხალხის წინაშე, ჩემს წინაშე, ყაჩაღების წინაშე. ისე კი, ყველაფერი ნავარაუდევი და წინასწარ გამოთვლილი ჰქონდა. გარტყმაც, ტანისამოსის გახდაც და ისიც, რომ ყაჩაღების მთავარი მიზანი ნაძარცვის შენარჩუნება იყო და არა შეურაცხმყოფლისთვის სამაგიეროს მიზღვა. ისიც გათვალისწინებული ექნებოდა, რომ ყაჩაღები სროლას და დავიდარაბას შეძლებისდაგვარად მოერიდებოდნენ, გარტყმაზე მათი რეაქცია უკიდურესი არ იქნებოდა. დაინახეთ? ყველაფერი ისე მოხდა, როგორც შირერმა ივარაუდა. მისი გამჭრიახობა აღტაცების ღირსია, ეს თავისთავად, მაგრამ თვით საქციელი რომ თავკერძობიდან მოდიოდა, ამაში ეჭვის შეტანა ხომ შეუძლებელია? ამ თავკერძობის შედეგი ვნახოთ. ისევ ბოროტება! იმაში გამოხატული, რომ კინაღამ მკვლელობა მოხდა და იქნებ, ერთი კი არა, ორიც მომხდარიყო; იმაშიც, რომ, როგორც მერე გამოირკვა, შირერზე ჯავრის ამოყრის მიზნით, სარჩიმელიას მართლა სდომნია ჩემი დატოვება მძევლად და, უმთავრესად კი, იმაში, რომ შირერმა სხვებს მისცა ცუდი მაგალითი...

– როგორ თუ ცუდი! მგონი, სწორედ კარგი მაგალითი აჩვენა: წინააღმდეგობის, დაუმორჩილებლობის, ბრძოლის მაგალითი, – შევაწყვეტინე ნანოს.

– ბოლომდე რომ გაეწია წინააღმდეგობა, მაშინ იქნებოდა ეგ, – ჩაერია ლაზი. – კაცი როგორია, ხომ იცი, ირაკლი? ერთ საქციელში ავსაც თუ ხედავს და კარგსაც, ხშირად, მარტო ავს მიბაძავს და კარგს არა, ვიცი მე ეს.

– მაგას ვგულისხმობდი, ბატონო არზნევ, როცა ვთქვი, ცუდი მაგალითი მისცა-მეთქი. ერთი სიტყვით, ჩემს ნაამბობში ყველა საქციელი თავკერძულია, სიკვდილის შიშიდან გამომდინარეა და, როგორც ვნახეთ, ყველა საქციელი ბოროტია, სიკეთის ნატამალი არსად არის. ვაკვირდები ცხოვრებას და ერთი მაგალითიც კი ვერ აღმოვაჩინე, რომ სიკვდილის შიშს და მისგან მომავალ თავკერძობას რაიმე შეეძლოს, გარდა ბოროტებისა...

– შიში, ზოგ შემთხვევაში სიკეთეს ქმნის! – შევედავე მე.

– რომელი შიში და რა შემთხვევაში?

– შიში კანონის ან შურისგების წინაშე. განზრახული ბოროტებისგან თავს იკავებს კაცი.

– ბოროტ კაცს, ირაკლი, შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს, და, ეს რომ ვთქვი, საკითხავია კიდევ, თუ შეუძლია კანონს ამდენი! – თქვა ლაზმა.

– ეს არის სიკვდილის შიში, ამას ვძლიე-მეთქი! – ნანოს თავისი ნათქვამი ეუხერხულა, ღაწვებზე სიწითლემ დაჰკრა.

– თავისუფლებას სიკვდილის შიშის დამარცხებასთან როგორღა აკავშირებ? – უფრო იმისთვის ვკითხე, რომ მისი შეცბუნება გამეფანტა, თორემ მთელი საუბრის მანძილზე თვით ნანო მეტად მაინტერესებდა, ვიდრე აღძრულ საკითხებზე მსჯელობა.

– მაგ ადვილი გასაგებია, – თქვა ლაზმა. – თუ შიში არ გაქვს, მაშინ არც გზღუდავს და გბორკავს რამე და რასაც გული გიკარნახებს, იმას სჩადიოდე, იქნება, ყოველთვის. ესაა თავისუფლება, აბა, რა?! ის თქვი შენ, რით ძლიოს შიშს კაცმა, თუ განგებას ამის უნარი

არ მიუცია მისთვის?.. ცული უნდა მაგას, ცეცხლი და სატევარი!

– მაგ ცულს, ცეცხლსა და სატევარს სიკეთე ჰქვია, ბატონო არზნევ, – მიუგო ნანომ.

– მე ისეთი შეხედულება მაქვს, რომ სიკეთე სხვათა კეთილდღეობისთვის საკუთარი ინტერესებისა თუ თავის გაწირვის, მსხვერპლად მისვლის უნარია. უარეს შემთხვევაში, სიკეთე ის არის, რაც, შესაძლოა, მხოლოდ ერთს ასარგებლებს, მაგრამ ისე კი, რომ სხვებს ზიანს არ მისცემს. მხოლოდ ამ ღირსების, ესე იგი, მსხვერპლის გაღების უნარის მქონეს შეუძლია, თავის არსებაში სიკვდილის შიშს სძლიოს და დამძლევი იმ ზომით დასძლევს, რა ზომითაც განგებისგან აქვს სიკეთე მიმადლებული.

– თქვენ რომ ბრძანებთ, ქალბატონო ნანო, ისეთი და იმდენად კეთილი კაცი თითქმის ღმერთობამდეა მისული, მაგრამ სიკვდილის ეშინია მაინც! – თქვა ლაზმა.

– როგორ?

– მიზანი ხომ აქვს მაგ კაცს?

– აქვს, რა თქმა უნდა. მისი მიზანი სიკეთის თესვით ბოროტების დათრგუნვაა.

– მასეა, ეგ დანიშნულებაა მისი და უნდა მას, რომ ამ გზაზე ბოლომდე ამოწუროს თავისი თავი. სიკეთის თესვის უნარი, რამდენიც მიუცია განგებას მისთვის, უნდა, რომ დახარჯოს მთლიანად და მერე მოკვდეს მხოლოდ. იქამდე კი სიცოცხლე წყურია და ეშინია სიკვდილის, აბა, როგორ?

– ეგ, თქვენ რომ ბრძანებთ, შიში არ არის, რაღაც სხვაა, დიდი და უმაღლესი განცდაა!

– ეფემია წინამძღვარმა მითხრა, ერთხელ იყო... ლამაზად ლაპარაკი უყვარს დედა ეფემიას. ჩუმ-ჩუმად ლექსებსაც წერს მონასტერში, მგონია ასე მითხრა: ბოლომდე დამწვარი სანთლის ნაღვენთი, შვილო, თავისთავადაც მშვენიერებაა და იმ მშვენიერებასაც გვაგონებს, რაც რბილად მოციმციმე და წყვდიადის შემანგრეველი ძალა იყო!

– ლამაზია! – ნანოს ალი შეუდგა თვალებში.

– კი, ლამაზია, – ჩაილაპარაკა ლაზმა. – ვიცი მე ეგ ყველაფერი, მარა ცოდნა რაა, თუ რწმენამდე არ მივიდა ის. ვერ მივედი ვერაფრით, მიჭირს ძალიან...

ლაზმა ეს ღიმილით თქვა, მაგრამ სიტყვებს იმოდენა დარდი ამოაყოლა, რომ ანაზდად სულ სხვა კუთხიდან, სხვა თვალით დავინახე ჩემი ახალი მეგობარი. მიჭირსო? გამიელვა, რომ არზნევ მუსკია უბრალო გასაჭირს კი არ განიცდიდა – სამყაროში ყველაზე დიდი საწუხარი და ქვესკნელთ უღრმესი სევდა ჰქონდა.

– ბოროტებას რატომ არ შეუძლია სიკვდილის შიშის ძლევა, ბრძანეთ ბარეღამ ეგეც, ქალბატონი ნანო. – ლაზი კვლავინდებურ განწყობილებას დაუბრუნდა.

– ბატონო არზნევ, გატყობთ, მაგაზე თქვენ უფრო ბევრი გაქვთ ნაფიქრი...

– თქვენი აზრი მინდა, ვიცოდე მე.

– იმიტომ, რომ ბოროტებას სწორედ სიკვდილის შიში ბადებს და აბოგინებს. მათ შორის თანხმობაა. რამ რას უნდა სძლიოს?

– მართალია ეგ, მაგრამ მაგ მართლის სიმართლე ჩემთვის იქ თავდება, სადაც კაცი თავის თავს კითხავს, სიკეთე რააო, – სიჩუმე დაარღვია არზნევ მუსკიამ.

ნანომ პასუხი დააპირა აღარ დავაცადე:

– ერთი, ის ქაღალდი მაჩვენე, ვეტროვისა. თანა მაქვსო, ასე არ მითხარი?

ნანომ ქაღალდი მომაწოდა და ლაზს უთხრა:

– მაგის გართულება არ შეიძლება, უაზრობამდე მისვლა სულ ადვილია. სადად უბრალოდ უნდა გაიცეს პასუხი: სიკეთე ის არის, რაც ყველასთვის კარგია. მადლი ქენი, ქვაზე დადე და შედეგს არ დაელოდო. წადი, სხვა მადლი ქენი. სიკეთეც ეს არის და მისი თესვის აუცილებელი პირობაც.

ქაღალდი, მართლაც, ქალების სია იყო, ქალების სახელები ეწერა რაღაც წერტილებით ბოლოში. ზოგს ხუთი წერტილი ჰქონდა, ზოგს ორი და ზოგს რამდენი. ნანოს სახელს ხუთი წერტილი უჯდა. დავათვალიერე, არზნევს გადავეცი.

– ეს წერტილები სხვადასხვა მელნით და ზოგი ფანქრით არის დასმული აქ. სხვადასხვა დროს იყოს დასმული, იქნება, – აღნიშნა ლაზმა.

ქაღალდი ისევ გამოვართვი, დავხედე. არზნევ მუსკია მართალი იყო.

– ეს რაღას უნდა ნიშნავდეს?! – ვკითხე ლაზს, ვითომ, ქალბატონი ნანო ფარნაოზის ასული თავყელიშვილი-შირერისა მასთან იყო საკონსულტაციოდ მოსული და არა ჩემთან.

– მას მერე რამდენჯერ გნახათ იმ ვეტროვმა, რაც ოფიცრებზე ლაპარაკი გაკადრათ, თუ შეძლებთ ამის გახსენებას?

– რამდენჯერ? ახლავე დავაზუსტებ. იმის მიხედვით დავაზუსტებ, თუ რა და რა მიამბო. ეს მონაყოლები კარგად მახსოვს, – ნანო დათვლას შეუდგა.

– წინადადება მაქვს! – წამოვიძახე მე და ორთავემ ყურები სცქვიტა. – ერთად ვისამხროთ! სანამ ავიკრიფებით და მივალთ... ნანო, გვერდს თუ დაგვიმშვენებ, ვფიცავ სინდისს, მაგ თავსატეხსაც ამოგიხსნით და, თუკი რამ საიდუმლო გაქვს – იმასაც!

ქალმა გაიღიმა და პაუზის შემდეგ მკითხა:

– სად.

– გოგიასთან.

– გამიგონია და არკი ვყოფილვარ. იქ, მგონი, ხალხური სიმღერებისა და ძველი საეკლესიო საგალობლების ქორო მღერის, არა?

– დიახ, მღერის და მერე როგორ!

– საინტერესოა, რომ რესტორანში საგალობლებს მღერიან, – თქვა ნანომ.

– სტილია, გოგიას სტილი. იქ მუშტარიც სხვანაირია. წამოდი და ნახავ.

– გოგიასთან წასვლა სხვა დროისთვის გადავდოთ. – ნანომ ტანისამოსზე დაიხედა, ჩაცმულობა ხალხმრავალი ადგილისთვის შეუფერებლად მიაჩნდა.

– დღეს სადმე ქალაქგარეთ ვისამხროთ, საცა ხალვათობაა. ჰაერზე დავსხდეთ, მშვენიერი ამინდია.

– ასე მგონია, ირაკლი, მეც. სხვა ხალხი ნუ გვინდა დღეს, – მხარი აუბა ლაზმა.

– ეგრე იყოს. ეტლი, ვასილიჩ! – დავიყვირე.

– არ გინდა. ჩემი მანდა დგას, კანტორის წინ.

– წავიდეთ, აბა, – ლაზი ადგა.

ეტლში რომ ვსხდებოდით, არზნევ მუსკიამ ნანოს ჰკითხა:

– რა გაქვთ დამთავრებული იქ?

– ფილოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ... რაც ვილაპარაკეთ, იქ არ

მისწავლია.

– სწავლით, გასწავლონ, იქნება, მაგრამ რწმენა უნდა მაგას და

ვერ გასწავლის ამას ვერავინ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ნანოს ჩალისფერი ულაყები ორთაჭალისკენ მიგვაჭენებდნენ.

– ვეტროვმა რამდენჯერ გნახათ, ის თუ გაიხსენეთ? – ჰკითხა ლაზმა.

– გავიხსენე. ხუთჯერ, ოფიცრებზე ლაპარაკს თუ არ ჩავთვლით.

– ნამდვილია?

– ზუსტად!

– აბა, ყოველი ნახვის მერე თითო წერტილი დაუსვამს მაგ ქაღალდში.

ნანომ ქაღალდი ამოიღო, ჩააცქერდა და თქვა:

– მერე რა?

– შენს მერე სუსანა წერია, – სამჯერ შეხვედრია ვეტროვს, – განვუმარტე მე. – შენს ზემოთ – ნადეჟდა ივანოვნა – შენსავით ხუთი წერტილი უზის. ამას გარდა, ნახე, როგორ სხედან ეს წერტილები?!

პირველი წერტილი ყველა სახელის ბოლოში იყო. ესე იგი, ვეტროვმა თითოჯერ ყველა ნახა, წერტილებიც დაუსვა და ამით ქალებთან შეხვედრის პირველი წრე ამოწურა. მეორე შემოვლაზე, ჩანს, სამი მათგანი ვერ მოიხელთა და ამიტომ მათი სახელების ბოლოში მეორე წერტილის ადგილი თავისუფალი იყო. მესამე წრეზე, საცოდავს, იმდენი მოცადეობა გამოუჩენია, რომ უწერტილოდ მხოლოდ ერთი ქალი დარჩენია – ვინმე ალა. ალას სულ ორი წერტილი ესვა, ისიც თავიდან და ერთიმეორეზე მიყოლებით.

– ეგ ალა წავიდა, იქნება, თქვენი ქალაქიდან, – თქვა ლაზმა. – ორჯერ უნახავს და ვეღარ, მერე.

– თემირხანშურაში გადაიყვანეს მისი ქმარი. ოფიცერია, – განმარტა ნანომ.

– ვეღარ ნახავდა. თემირხანშურას თავისი ვეტროვი ეყოლება, ნამდვილია ეს, და ნახავს იქაური ვეტროვი მაგ ალას იქ!

ხარხარი აგვივარდა. სასაცილო იმდენი არაფერი იყო, მაგრამ როცა ადამიანებს ერთმანეთთან ყოფნა უხარიათ, მაშინ ადვილად და გულიანად იცინიან ხოლმე.

– არზნევ, გგონია, რომ ამ შეხვედრებს დავალების ხასიათი ჰქონდა? – ვკითხე ლაზს.

– რა ბრძანე?.. არ ვიცი მაგ ჯერ. ქალბატონო ნანო...

– არზნევ, ნანო-თქო, ღმერთმანი! – უთხრა ქალმა. – ასე მგონია, დაბადებიდან გიცნობ, და მეხამუშება, რომ...

ლაზმა გაიღიმა და პატარა ხანს მერე მიუგო:

– აბა, მე გეტყვით ერთს. რაღაც სულ სხვაგვარი პატივისცემა მაქვს თქვენი და თქვენoბით რომ მოგმართავთ, მსიამოვნებს ძალიან. ეს ცალკეა და, თუ პირდაპირ მეტყვით – არზნევ, ან ლაზო-თქო, და შენობით თუ მომმართავთ, მეგობრობაში ჩამოგართმევთ მაგას და ერთიორად გამახარებს ასეთი ურთიერთობა თქვენთან. აჯობებს, ნამდვილად, და სათხოვარიც არის ჩემი ეს. უარი არ მითხრათ. გთხოვთ ძალიან.

განმაცვიფრა ამ კაცის ტაქტმა. თითქოსდა რა იყო – სულაც არაფერი, მაგრამ ის წინადადება ლაზისა და ნანოს მაშინდელი დამოკიდებულებების არსს უზუსტესად გამოხატავდა. იმ სიტუაციაში ყველაზე ლამაზი და მართალი ურთიერთობები მათ შორის მიმართვის მხოლოდ ამ ფორმას შეეძლო, მოეტანა. ეს ნანომაც იგრძნო. წინააღმდეგობა არ გაუწევია დაჰყვა და თავისთვის თქვა:

– გასაღებივით არ მოარგო?! “ლაზო” ჯობია.

– ახლა ეს მიბრძანეთ: რას გელაპარაკებოდათ ვეტროვი და სხვასაც იმასვე თუ ელაpარაკებოდა, რასაც თქვენ. მახსოვსო, რომ ამბობთ, რა გიამბოთ პირველი შეხვედრისას?

– ყაჩაღია ერთი, ზაქათალის მიდამოებში, მამედა ჰქვია. იმ მამედაზე მიამბო. ლაგოდეხში ვიღაცას შევარდნია, ბალღი აკვანში დაუხრჩვია მშობლების თანდასწრებით, სახლისთვის ცეცხლი მიუცია და წასულა.

– მაგ ქალებიდან სხვასაც თუ უთხრა რომელიმეს ეგ?

– უთხრა.

– საიდან იცით?

– იმ ქალმა მე მიამბო. ეგონა, რომ არ ვიცოდი, ახალ ამბად მიამბო.

– კაი, ბატონო. მეორე შეხვედრაზე რა გიამბოთ?

– მეორედაც ყაჩაღზე მიამბო, აბრიკოზე. ეს ინგილოა, აქეთ ყაჩაღობს, საქართველოს მთებში. ტყეში პატარა გოგოები გაუუპატიურებია. საერთოდ, რასაც მიამბობდა, სულ ყაჩაღებზე იყო...

– და სულ უარყოფითი, არა? – ჩემთვის უკვე ყველაფერი ცხადი შეიქნა.

არზნევ მუსკიასთვისაც:

– ყაჩაღებს აბრაგებს და მისთანა ხალხს ებრძვიან ეგენი მაგით!

ასეთ საქმეებში ჩახედული ერთი ჩემი ნაცნობის ამასწინანდელი საიდუმლოდ ნათქვამი მომაგონდა:

– ხმების გავრცელების სამსახურის კაცი ყოფილა ვეტროვი. მაგისი განყოფილება ჩამოაყალიბეს, ჟანდარმთა შეფი, თურმე, პირადად ხელმძღვანელობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წამოწყებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ლაზს მოულოდნელად სიცილი აუვარდა და იმდენი იცინა, რომ ცრემლებიც კი გადმოსცვივდა.

– ეგ ქალები და, მათ შორის, შენც, ხმების დასაყრელად გამოგიყენეს, ნანო. შეგიძლია, მშვიდად განაგრძო შენი ქველმოქმედება. კატორღიდან გამოქცეული კაცი მეგულება, ხომ არ გამოგიგზავნო?

– კარგი და, იმ ოფიცრებზე ენის ჭარტალი რაღა იყო? – იკითხა ნანომ.

– საიდუმლო პოლიციას ჭორების ყულაბა აქვს ერთი. ეგ იქიდან ამოღებული იქნება. თავისებური შანტაჟია, გამოძალვა. გამცნო, შენი საიდუმლოება ვიციო! მაგნაირ ფანდებს აგენტად გადაბირებისთვის ხმარობენ ხოლმე.

– მნახეს, რა!.. იდიოტები!

– გაძარცვის ამბავი რომ დაუმთავრებელი დაგრჩა? – სალაპარაკო თემის გამოცვლისთვისაც ვთქვი და მაინტერესებდა კიდეც.

– კი, აბა! როდის დაგვისრულებთ მაგ ამბავს? – ჰკითხა ლაზმა.

ნანომ ლაზს თვალებში ჩახედა და მიუგო:

– როცა სიკეთეზე ჩამოვარდება ლაპარაკი, მაშინ, არზნევ მუსკია!

ეტლმა ბაღის ალაყაფი გაიარა, დუქნის კართან დადგა.

 

Hosted by uCoz