გრაფი სეგედი

 

... მუშნი ზარანდიას მაშინ უკვე საგანგებო დავალებათა ოფიცრის თანამდებობა ეჭირა. მეფისნაცვალთან დაგვიბარეს, დანიშნულ დროს ვეახლეთ. ადიუტანტმა დაუყოვნებლივ შეგვიშვა. მეფისნაცვლის კაბინეტში პეტერბურგიდან ჩამოსული პოლკოვნიკი სახნოვი დაგხვდა. ეს კაცი საიმპერიო ჟანდარმერიის შეფის ერთ-ერთი მოადგილე იყო. მისი აქ ყოფნა არ გამკვირვებია, თუმცა სამი დღის ჩამოსულს ჩემს დაწესებულებაში ფეხი არ დაუდგამს და არც თბილისში ყოფნა უცნობებია. ეს ჩემს მიმართ ანგარიშგაუწევლობა იყო. მე მისი თბილისს მობრძანება აგენტურული ინფორმაციიდან ვიცოდი. მაშინ ამიერკავკასიაში იმდენად მნიშვნელოვანი საქმე არაფერი მეგულებოდა, რომ პეტერბურგიდან მაღალი თანამდებობის პირის ჩამოსვლა ყოფილიყო მოსალოდნელი და პოლკოვნიკ სახნოვის ინკოგნიტოდ გამოჩენამ იმთავითვე დამაინტერესა. ეს პიროვნება თავისი ჩინითა და თანამდებობით პირადად ჩემთვის სერიოზულ სიდიდეს არ წარმოადგენდა. ამასთან, ქერქეტა კაციც იყო, მისი გონებრივი ხელმოკლეობის დემონსტრირებას რამდენჯერმე თავად შევსწრებივარ. მაღალი თანამდებობა იმით აიხსნებოდა, რომ დიდი მთავრის ნათლულს ყველაფერს პატიობდნენ. აქვე დავსძენ: სახნოვი რომ სამსახურიდან გადადგა, მისი თანამდებობა რამოდენიმე ხნის შემდეგ, დროებით, მუშნი ზარანდიამ დაიკავა; პეტერბურგში მოღვაწეობა ზარანდიამ იმ პოსტიდან დაიწყო.

მეფისნაცვალს ხაზგასმული სერიოზულობა შევნიშნე. სახნოვიც სიცილის მომგვრელ იდუმალებას ამჟღავნებდა. ჩემთვის ცხადი შეიქმნა, რომ მეფისნაცვალსა და პოლკოვნიკს საგანგებო მნიშვნელობის თათბირის ჩატარება სურდათ. ჩემი ყურადღების გასამახვილებლად ამგვარი კომედიის თამაში საჭირო არ იყო: გამოდიოდა, რომ იგი მუშნი ზარანდიას განეკუთვნებოდა, მაგრამ ფარსის დამდგმელებს, სამწუხაროდ, არაფერი გაეგებოდათ, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე; ზარანდიას ერთხელ შევავლე თვალი და დავრწმუნდი, ყველაფერი ჩემზე უკეთ ესმოდა. მან უკვე იცოდა, როგორც უნდა წარემართა თათბირი. წარემართა-მეთქი, ვამბობ, რადგან არ მახსოვს ზარანდიას მონაწილეობით ჩატარებული რაიმე საქმიანი შეკრება, რომელზეც მისთვის საინტერესო საკითხებს სხვანაირი გადაწყვეტა მიეღოთ და არა ისეთი, როგორიც თვით ზარანდიას სურდა. სიბრალული ვიგრძენი მეფისნაცვლისა და სახნოვის მიმართ და კეთილი გულისთვის ჩემი თავი შევაქე: ტუტუცების შებრალება ხომ სათნოების უპირველესი ნიშანია. ასე იყო თუ ისე, ერთობ რიგიან გუნებაზე დავდექი, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგ თანამდებობრივი ეთიკის ნორმებისა, მეფისნაცვალს ჩემთვის წინასწარ არ უცნობებია თათბირზე განსახილველი საკითხების შინაარსი და ახლაც არ ვიცოდი, რა საგანზე უნდა გვემსჯელა. მაინც, თუ შეიძლება,ასე ითქვას, მხიარულ ცნობისმოყვარეობასა და მოლოდინს განვიცდიდი. კითხვა-მოკითხვის, რამდენიმე პეტერბურგული და თბილისური ანეკდოტის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მეფისნაცვალმა თათბირი გახსნა და მისი წარმართვა პოლკოვნიკ სახნოვს სთხოვა.

– რა ნათესაობა გაქვთ ყაჩაღ თუთაშხიასთან? – მიახალა პოლკოვნიკმა ზარანდიას.

თათბირის ასეთ დასაწყისს მეც კი არ ველოდი. ვიგრძენი, რომ ზარანდია ამ კაცის სისულელემ ძალიან გაამხიარულა. მან მშვიდად მიუგო:

– და-ძმის შვილები ვართ. მამაჩემის ოჯახში დავიზარდეთ ერთად. დათა თუთაშხია და მისი და – ელე, ბავშვობაშივე დაობლდნენ. საქართველოში უფრო ახლო ნათესაობა მხოლოდ ერთი დედ-მამის შვილობაა. უნდა მოგახსენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ალალი ძმებივით ვართ, დათა თუთაშხია ყაჩაღად გავარდნის შემდეგ აღარ მინახავს და არც ვნახავ, თუ ამგვარი რამ ჩემმა სამსახურებრივმა მოვალეობამ არ მომთხოვა.

სახნოვისთანა პრიმიტივს მეორე კითხვად, რა თქმა უნდა, ის ექნებოდა მომზადებული, თუ რა კავშირი და ურთიერთობები ჰქონდა იმჟამად ზარანდიას თავის აბრაგ ბიძაშვილთან, მაგრამ ზარანდიამ იეშმაკა. მომარჯვებულ კითხვაზე წინასწარ უპასუხა. სახნოვს ისეთი სახე შეექმნა, ვითომ დაჯდომას აპირებდა და ამ დროს სკამი გამოაცალეს. ეს ხრიკი ზარანდიას თავის დროზე და სხვა სიტუაციაში ჩემთანაც ჰქონდა ნახმარი. ხრიკის ხმარებას დროის დაზოგვის სურვილით ხსნიდა. ნამდვილად კი მოპირდაპირის აზრებში არეულობის შეტანის მიზნით ხმარობდა. სახნოვთან ამ მიზანს აბსოლუტურად მიაღწია. პოლკოვნიკი კარგა ხანს იჯდა დაბნეული. მერე თავს მოერია ქაღალდში ჩაიხედა და კითხვა დაუსვა:

– სწორია თუ არა, რომ თქვენს მიერ კონტრაბანდისთვის დაპატიმრებული ებრაელის ძმებმა თქვენს მეუღლეს ხუთ ათას მანეთად ღირებული ბრილიანტის საყურეები მიართვეს?

– ჭეშმარიტებაა! – დაუდასტურა ზარანდიამ, პორტფელი გახსნა, რაღაცის ძებნა მოჰყვა.

სახნოვი გამოცოცხლდა, მეფისნაცვალს გადახედა, ერთი გამკიცხავი მზერა მეც მესროლა, კვლავ ზარანდიას მიუბრუნდა და დამატებითი კითხვის მიცემა დააპირა...

აღარ დასცალდა – ზარანდიამ ხელში ქაღალდი მიაჩეჩა და განაგრძო:

– ის ოპერაცია ჩვენ მაისში ჩავატარეთ. გამოძიების დრო – იმავე წლის სექტემბერში იყო – ებრაელის ძმებმა ქრთამი შემომთავაზეს. თვით შემოთავაზება ისეთ ფორმაში და სიტუაციაში მოხდა, რომ ბოროტ განზრახვაში მათი მხილება ვერ მოხერხდებოდა. მათი გამოწვევა, იძულება, რომ უფრო პირდაპირი გზით შემოეთავაზებინათ, ჩემი მხრივ იქნებოდა დანაშაული. მე ისინი დავაიმედე, რომ მათი ძმა, ჩადენილი დანაშაულის უმნიშვნელობის გამო, ორი წლის პატიმრობით გადარჩებოდა, და გავისტუმრე. სამიოდე დღის შემდეგ, ანუ სექტემბერშივე, მათ ჩემს მეუღლეს ხსენებული საყურეები შეაჩეჩეს. ეს ჩემთვის მომდევნო კვირაში გახდა ცნობილი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, ანუ სამ ოქტომბერს, ქუთაისში ნოტარიუსმა ეგ საბუთი შეადგინა.

ზარანდიას ქაღალდი ახლა უკვე მე მეჭირა. ნოტარიუსი ადასტურებდა მუშნი ზარანდიას მიერ ებრაელებისთვის საყურეების დაბრუნების ფაქტს.

თავი ვეღარ შევიკავე, გამეცინა. მეფისნაცვალმა წყალი მოსვა და თვალებაფახულებულ სახნოვს გადაულაპარაკა:

– Un vrai Satan! *(ნამდვილი სატანაა!)

ზარანდიამ უამისოდაც იცოდა, ვინც იყო, რაც იყო, და მეფისნაცვლის დამოწმება, ალბათ, არ ესაჭიროებოდა.

– ბატონო ზარანდია, თქვენ უთუოდ გესმით, რომ ჩვენი თათბირის ეს სახამუშო ნაწილი აუცილებელი ფორმალობის მეტი არა იყო რა, – თქვა მეფისნაცვალმა.

– უდავოდ! – დაუდასტურა ზარანდიამ.

უხერხული სიჩუმე ჩამოდგა. მეფისნაცვალმა სახნოვს თვალი ამდენჯერმე შეავლო, რამ ჩაუგდო ენაო. სახნოვი საქაღალდეში იქექებოდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დამსწრეთათვის დაენახვებინა, აი, ახლავე მოვრჩები და განვაგრძობო. მუშნი ზარანდია ერთობ კმაყოფილი ჩანდა. მე იმის გამოცნობას ვლამობდი, თუ რისთვის იყო მოწვეული ეს ფრიად საგანგებო და საიდუმლო თათბირად განზრახული შეკრება. ხომ შეუძლებელია, სახნოვი პეტერბურგიდან ზარანდიასთვის ამ ორი იდიოტური კითხვის მისაცემად ჩამოსულიყო? პოლკოვნიკმა, როგორც იქნა, აზრი მოიკრიბა, ჩაახველა და თქვა:

– იმპერიის შინაპოლიტიკური მდგომარეობა დაუყოვნებლივ მოითხოვს თვითდინებაზე მიშვებული ან მიტოვებულ-ხელჩაქნეული საქმეების გადაუდებლივ დასრულებას. ამჟამად თქვენი სამმართველოსთვის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ოცამდე ბანდა, თუ მარტოხელა ყაჩაღი მოქმედებს და მათი ლიკვიდაციისთვის ჩატარებულ ღონისძიებებს სასურველი შედეგი არ მოაქვს, რით უნდა აიხსნას აღნიშნული მდგომარეობა?

სახნოვი პასუხს ჩემგან ელოდა. ამ საკითხზე ჩვენი უწყება პეტერბურგში წერილობით მოხსენებას ყოველ ორ-სამ თვეში გზავნიდა. სახნოვისთვის ყველაფერი ცნობილი იყო. ახლა კიდევ ერთხელ მოითხოვდა განმარტებას. ძლიერ მოკლედ, თეზისების სახით მოვახსენე თათბირს:

– პირველი: ბანდიტიზმს მოძველებული, უვარგისი მეთოდებით ვებრძვით. მეორე: ბრძოლას აწარმოებს რამდენიმე უწყება ერთდროულად – პოლიცია, ჟანდარმერია, სამხედრო ოლქი და სერიოზულად კი – არც ერთი. ხსენებულ უწყებათა ღონისძიებები ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგოა და აქედან – უეფექტოც. მესამე: ბანდიტს აქვს დასაყრდენი – მოსახლეობის თანაგრძნობა და დახმარება, რასაც ჩვენ, თითქმის, სავსებით ვართ მოკლებული. მეოთხე: ჩვენი მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობენ უნიჭო, მარტივი გონების ადამიანები, მაშინ, როდესაც ყოველი მოუხელთებელი ყაჩაღთაგანი ნიჭიერი, მამაცი და გამოცდილი პიროვნებაა. პი-როვ-ნე-ბა! ყაჩაღებს, რომლებიც თავისი პირადი ღირსებებით მდევრებს არ აღემატებიან, ადვილად ვიჭერთ. ბოლო ხუთი წლის მანძილზე – ორმოცდათერთმეტი კაცი!

– თქვენ რა აზრისა ხართ?.. – სახნოვმა ზარანდიას ჰკითხა.

– მისი ბრწყინვალების ნათქვამი დაკვირვებიდან, არსებული გამოცდილებიდან და მრავალგზის შემოწმებული დასკვნებიდან გამომდინარეობს. ამიტომ ჩამოთვლილი მოსაზრებები ჭეშმარიტებად მიმაჩნია.

სახნოვმა ტუჩები დაბრიცა, ამ პირმოთნე სუბიექტის თათბირზე დასწრება ვის რაში დასჭირდაო. მეფისნაცვალმა ეს ჟესტი შენიშნა და აფეთქდა. აფეთქდა არა იმიტომ, რომ ზარანდიას პასუხი არ მოეწონა. არამედ იმიტომ, რომ ჩემი ნათქვამი მხოლოდ განმეორება იყო მეფისნაცვლის მიერ დადასტურებული და პეტერბურგს მრავალჯერ გაგზავნილი მოხსენებებისა და სახნოვის ჟესტი თვით მეფისნაცვლის აზრის უარყოფას ნიშნავდა.

– გრაფი მართალია! – კატეგორიულად თქვა მეფისნაცვალმა.

– დიახ, მეც ასე მგონია, – სასწრაფოდ დაუკრა კვერი სახნოვმა, ცოტა ხანს ჩუმად იყო და შემდეგ თითქოს თავისთვის თქვა: – მაშასადამე, საჭიროა მეთოდების შეცვლა, ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი რომელიმე უწყების ხელში კონსოლიდაცია, ყაჩაღობის დასაყრდენის ანუ მოსახლეობის თანაგრძნობის აღმოფხვრა და ბრძოლაში ნიჭიერი, გამოცდილი ადამიანების ჩაბმა. ასე გამოდის, ხომ?

ჩემი თეზისებიდან ამგვარი დასკვნის გამოტანას დიდი სიბრძნე არ სჭირდებოდა. ხილული და ხელმისაწვდომი დასკვნა, ფაქტიურად, თვით ჩემს მოსაზრებებშივე იდო და, როგორც უკვე ვთქვი, არც პეტერბურგისთვის დაგვიკლია ამ შინაარსის წერილობითი მოხსენებები. მაინც გამიკვირდა სახნოვის გამჭრიახობა, მაგრამ როგორც მერე შევნიშნე, პორტფელში ხშირ-ხშირად იმისთვის იყურებოდა, რომ ჩემს ერთ-ერთ მოხსენებით ბარათს კითხულობდა ჩუმად.

– ჩვენი დღევანდელი თათბირის მიზანია, დავსახოთ აღძრული საკითხების გადასაჭრელი გზები. თათბირის მონაწილეებს ვთხოვ, გამოთქვან აზრი ამ მიმართებით. – სახნოვმა მეფისნაცვალს მიაპყრო მზერა.

– გრაფს თავის მოხსენებაში ჩვენი საერთო აზრი მკაფიოდ აქვს ფიქსირებული. იგი თქვენთვისაც ცნობილია, მაგრამ თუ მისი ბრწყინვალება ისურვებს – გაიმეოროს.

– კავკასიის მეფისნაცვალს საგანგებო რწმუნებები უნდა მიენიჭოს, რის შემდეგ ჩვენ ვიმოქმედებთ გამომდინარე კონკრეტული სიტუაციიდან და, ვფიქრობ, წარმატებასაც მივაღწევთ. – ვიგრძენი, რომ მეზარებოდა ლაპარაკი ათასჯერ თქმულზე, დაწერილზე, მოხსენებულზე. ეს წყლის ნაყვა იყო და გაღიზიანებულმა დავსძინე: – მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა კავკასიის მეფისნაცვალს საგანგებო რწმუნებებზე უარს არ ეტყვის, მაგრამ ერთი აუცილებელი პირობის შემთხვევაში: საიმპერიო ჟანდარმერიის შეფმა ამ რწმუნებათა საჭიროება უნდა დაუდასტუროს ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრს, შემდეგ თვით მის უდიდებულესობას. ამისთვის კი საჭიროა, რომ თქვენ სავსებით გაიზიაროთ ჩვენი თვალსაზრისი და დაარწმუნოთ ჟანდარმთა შეფი ჩვენი მოთხოვნის მართებულობაში.

– რაში გამოიხატება საგანგებო რწმუნებები?

– მეფისნაცვალს უნდა მიენიჭოს უფლება, შეიწყნაროს ყაჩაღის წარსული დანაშაული და შეირიგოს იგი. მის ორდერს კანონის ძალა უნდა ჰქონდეს! – განვუმარტე სახნოვს.

პოლკოვნიკი დაფიქრდა და მუშნი ზარანდიას ზრდილობის გულისთვის ჰკითხა:

– თქვენ?

– ბატონო პოლკოვნიკო! ჩემი აზრით, თქვენი დასკვნა მისი ბრწყინვალების, გრაფის მიერ წამოყენებული მოსაზრებების გამო, უკლებლივ შეიცავს მოქმედების ყველა გზას, ფაქტიურ პროგრამას, რომელსაც სავსებით ვეთანხმები. თუ ნებას მომცემთ, მხოლოდ გავშლი, ჩამოვაყალიბებ, განვმარტავ თქვენს აზრს, რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რომ, უპირველესად ყოვლისა, თვით ჩემთვის გახდეს უფრო ნათელი, გასაგები...

პოლკოვნიკმა ზარანდიას ამ ადგილზე სიტყვა შეაწყვეტინა:

– მერე, ბატონო ზარანდია... სხვა დროს!

– არა, ბატონო პოლკოვნიკო!.. ჩემი თხოვნა იქნებოდა, მივცეთ ბატონ ზარანდიას მსჯელობისა და თათბირში მონაწილეობის საშუალება! – გადაჭრით მოვითხოვე მე.

ამ მოთხოვნას შემდეგი აზრი ჰქონდა:

ზარანდია იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც ყოველთვის და ყველა განსახილველ საკითხზე აქვთ თავისი აზრი, დასკვნა და მოქმედების მეტნაკლებად ჭკვიანური გეგმაც. ამასთან, კერძოდ ზარანდიას გეგმა მუდამ გონიერი და ქმედითი იყო, თუმცა რამდენადმე უცნაური, თავისებური, გაბედული. ამ თვისებათა გამო საშუალო გონების, ანდა საკითხზე ცუდად ინფორმირებულ მსმენელს მისი გეგმა არარეალურად, მიუღებლად ეჩვენებოდა. ზარანდიამ იცოდა ეს. ამიტომ თავის საკუთარ გეგმას ერთობ კადნიერად მიაწერდა ხოლმე თათბირის ყველაზე გავლენიან მონაწილეს, რათა სათქმელი იმ კაცის ავტორიტეტის სიმაღლიდან თქმულიყო. ეს ხერხი გეგმის მიმართ დამსწრეთა წინასწარ კეთილგანწყობას და, საბოლოო ჯამში, გეგმის მიღებასაც უზრუნველყოფდა, მით უმეტეს, რომ ზარანდიას მიერ შერჩეული გავლენიანი მოთათბირე, მზადყოფნით კისრულობდა ჭკუამახვილი გეგმის ავტორობას. ზარანდიას მხოლოდ ის აინტერესებდა, რომ მისი გეგმა გასულიყო, და არა ის, თუ ავტორად ვინ იქნებოდა აღიარებული. ეს ოინი მას ჩემს მიმართაც რამდენიმეჯერ და წარმატებით ჰქონდა გამოყენებული. უნდა ვთქვა, ადვილად ვტყუვდებოდი ერთი უბრალო, სრულიად ადამიანური თვისების გამო: ჩვენს პოტენციაში, ქვეცნობიერებაში მუდამ არის დასკვნა ან მისი ჩანასახი, ნაცნობი, ნაფიქრი საგნის გარშემო და როცა სხვანი ამ დასკვნას სიტყვიერ, უკვე ჩამოყალიბებულ ფორმაში გვთავაზობენ, იგი ცნობილ ჭეშმარიტებად და, ამასთან, ჩვენს მიერ დადგენილ ჭეშმარიტებად გვეჩვენება.

მუშნი ზარანდიამ სახნოვისთვის განკუთვნილი პასუხი ისე დაიწყო, რომ ჩემთვის ნათელი შეიქნა: ჰქონდა გეგმა და სახნოვის სახით მის ფსევდოავტორს ეძებდა. მე თვით გეგმაც მაინტერესებდა და შემდეგ, ხრიკზე სახნოვის წამოგების პროცესიც.

მეფისნაცვალი პოლკოვნიკის თანხმობას არ დალოდებია, ზარანდიას უთხრა, – ილაპარაკეთო.

ზარანდიამ მორცხვად გაიღიმა, მეფისნაცვალს თავაზიანად დაუკრა თავი, რაც მადლობასა და ბოდიშს ერთროულად ნიშნავდა, და დაიწყო:

– ბატონმა პოლკოვნიკმა თავისი დასკვნის უპირველეს საკითხად ყაჩაღობის დასაყრდენის, მოსახლეობის მხრივ თანაგრძნობისა და დახმარების აღმოფხვრა წამოაყენა და ბუნებრივიც არის, რადგან ეს ურთულესი და უძნელესი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, მისი დაძლევა შესაძლებელია და, ამასთან ერთად, უშუალოდ არის დაკავშირებული ბრძოლაში უნარიანი, გამოცდილი ადამიანების ჩაბმის საკითხთან. ბატონი პოლკოვნიკის დებულებები პრაქტიკულ საქმიანობაში ასეთი ფორმულის სახეს მიიღებენ: მოსახლეობის მხრივ ნდობის, დახმარების მოსპობა ყაჩაღის რეპუტაციის გასვრის, სახელის გაფუჭების გზით. შემდეგ, ყაჩაღის შემორიგება. ბოლოს, შემორიგებულის გადმობირება, ჩვენს სამსახურში აყვანა და სხვა ყაჩაღებთან საბრძოლველად გამოყენება.

რამდენადაც მესმის, ეს ფორმულა ღონისძიებათა შემდგომ მიმდევრობას გულისხმობს: ჭკვიანურად შეთხზული მაკომპრომეტირებელი ხმების გავრცელება, ყაჩაღის მიერ ხალხის წინააღმდეგ მოქმედების, ადამიანთა დარბევის, ძარცვის, უდანაშაულოთა მკვლელობების ინსცენირებები და ამ რიგის სხვა ღონისძიებები, რომელთა შედეგად საქმე გვექნება სახელგატეხილ და გასვრილ ბოროტმოქმედთან და არა გმირთან ხალხის თვალში. ეს, ფაქტიურად, განიარაღებული, სასოწარკვეთილი ადამიანი იქნება. ასეთი ან თავისი ნებით ჩაგვბარდება, ან მითავაზებულ შემორიგებაზე დაგვეთანხმება, ან ჩვენს მიერ გადმობირებული კაცი დანიშნული ჯილდოს ფასად და სინდისის უქენჯნელად ჩაგვაბარებს მას. აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს უნდა იყოს დაჟინებული მუშაობის პროცესი და არა კამპანია ან, მით უმეტეს, ერთდროული ღონისძიება. ამასთან ერთად, წინასწარ უნდა გამოვაპირობოთ, რომ ცალკეული ყაჩაღის მიმართ ხსენებული მეთოდიც კი უმწეო აღმოჩნდება, მაგრამ როგორც მისი ბრწყინვალება გრაფი სეგედი იტყვის ხოლმე, გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს წესს და წესის მართებულობას. ამგვარად, ბატონებო, ზემომოყვანილი ფორმულის პირველი წრე შეიკრა.

ახლა ფორმულის მეორე წრის ღონისძიებათა მიმდევრობა: მეფისნაცვლის ორდერი შემორიგებამდე ჩადენილი დანაშაულის პატიება იქნება და არა მომავალი შეუვალობის სიგელი. შემორიგებული ყაჩაღის მიერ ჩადენილი ახალი ბოროტმოქმედება, ცხადია, ახალ პასუხისგებას მოითხოვს. დანაშაულის ინსპირირება, შემდეგ, მახეში გაბმული ბოროტმოქმედის გადმობირება და გამოყენება, სწორი მიდგომის შემთხვევაში, არცთუ ძნელი საქმეა: როცა ბატონი პოლკოვნიკი ბრძოლაში უნარიანი, გამოცდილი ხალხის ჩაბმაზე ლაპარაკობდა, ეჭვს გარეშეა, გულისხმობდა, რომ მათი შეძენის სხვა წყარო არ არსებობს. რჩება ბატონი პოლკოვნიკის დასკვნაში არსებული კიდევ ორი რამ – მეთოდი და კონსოლიდაცია: მეთოდი ახალია, იმდენად მაინც, რომ იგი ჩვენ, სახელდობრ, ყაჩაღების წინააღმდეგ ჯერ არ გამოგვიყენებია და მისი სპეციფიკა თავისთავად მოითხოვს ბანდიტიზმთან ბრძოლის კონსოლიდაციას ჟანდარმერიის ხელში.

ასე მესახება ბატონი პოლკოვნიკის დასკვნაში არსებული მოქმედების პროგრამა. იგი კავკასიის მეფისნაცვლისთვის საგანგებო რწმუნებათა მინიჭებას გარდუვალად გულისხმობს. დასასრულ ვიტყვი, რომ ბატონი პოლკოვნიკის გეგმას სავსებით ვეთანხმები და მისი განხორციელება საჭიროდ მიმაჩნია.

მუშნი ზარანდია დადუმდა.

სახნოვი მისთვის უცნობი გეგმის ავტორობამ მხოლოდ ერთი წუთით შეაცბუნა. შემდგომ მსჯელობას იგი უკვე ისეთი იერით ისმენდა, როგორც მასწავლებელი ჩამორჩენილი მოწაფის მიერ კარგად ნასწავლ გაკვეთილს ისმენს ხოლმე და ზარანდიას დადუმებისთანავე მენტორის კილო აიღო.

– ბატონებო, თქვენთვის, ალბათ, ნათელია, აქამდე რატომ არ ვიშუამდგომლეთ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის წინაშე კავკასიის მეფისნაცვლისთვის საგანგებო რწმუნებათა მისანიჭებლად. შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟანდარმთა შეფი და პირადად მეც ვერ ვხედავდით თქვენს ისეთ გეგმას, რომლის განხორციელებას საგანგებო რწმუნებები ესაჭიროებოდა. აქ, ადგილზე საკითხის შესწავლის შემდეგ, საქმის ვითარება ჩემთვის ცხადი გახდა და, როგორც ხედავთ, გეგმაც დაისახა: ვიმედოვნებ, იგი მოწონებული და განხორციელებული იქნება.

სახნოვის კადნიერებამ ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ასეთი უკიდურესი თავხედობა, მართლაც, იშვიათი სანახავი გახლდათ.

– ჩემი მხრივ, აღგითქვამთ, – განაგრძობდა პოლკოვნიკი, – რომ კავკასიის მეფისნაცვალი საგანგებო რწმუნებებს უახლოეს ხანებში მიიღებს. დაგვრჩა ორიოდ საკითხი; გეგმას კოდირებული დასახელება უნდა ეწოდოს... – სახნოვი წამით დაფიქრდა და თქვა: – დიახ, ეს შესაფერი იქნება. “კილიკია!” თუ მეხსიერება არ მღალატობს, იულიუს კეისარი კილიკიელ მეკობრეთა წინააღმდეგ სწორედ ამგვარ მეთოდებს იყენებდა. მაშ, ასე – “კილიკია!” ახლა, ბატონებო, გთხოვთ, დავასახელოთ კანდიდატურა, პირი, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება გეგმის განხორციელება.

მეფისნაცვალი და მე, დარწმუნებული ვარ, ერთობ საინტერესო სანახავი ვიყავით; ეს შოკზე მეტი იყო და ჭკუიდან გადაცდენაზე ცოტა ნაკლები... ვდუმდით, რადგან, ერთი მხრივ, ამდენი ეშმაკობის, ლოგიკურობის და, მეორე მხრივ, გაუვალი სიბრიყვის დაპირისპირებას გონება ერთბაშად ვერ გადაამუშავებდა. ბოლოს ისევ მეფისნაცვალმა დაარღვია სიჩუმე:

– ღრმად პატივცემული იულიუს კეისარი მეთოდების შერჩევაში მაინცდამაინც ფაქიზი არ ბრძანებულა... – თავისთვის ჩაილაპარაკა მან. მერე თითქოს ფიქრებიდან გამოერკვა და მე მომმართა: – თქვენო ბრწყინვალებავ, დაასახელეთ კანდიდატურა.

– ჩვენი უწყების საგანგებო დავალებათა ოფიცერი ბატონი მუშნი ზარანდია!

– მხარს ვუჭერ, – უმალ მომემხრო მეფისნაცვალი. – მომიტანეთ წერილობითი წარდგინება.

სახნოვმა ჟესტით გვაცნობა, რაკი ასე გნებავთ, არც მე ვარ წინააღმდეგიო.

ზარანდია, დარწმუნებული ვარ, შესასრულებელი გეგმის წვრილმანებზე ფიქრობდა და როცა მეფისნაცვალმა ჰკითხა:

– თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს თქვენს ბიძაშვილზე, ყაჩაღ თუთაშხიაზედაც გაავრცელებთ?

ზარანდიამ მშვიდადვე მიუგო:

– დიახ, თქვენო მაღალაღმატებულებავ! გამოგიტყდებით, ერთგვარი აზარტითაც, რადგან იგი ღირსეული მოწინააღმდეგეა... მეტისმეტად ჭკვიანი, გამბედავი და ალღოიანი კაცია.

მეფისნაცვალმა ღია ფანჯრისკენ გადაიტანა მზერა, პეიზაჟებს დაუწყო თვალიერება.

– კეთილი და პატიოსანი, – დაასკვნა სახნოვმა. – ამას გარდა... ამას გარდა, საჭიროა, ბატონი ზარანდია რიგგარეშე ჩინზე წარმოადგინოთ. შექმენით ქვეგანყოფილება “კილიკია” ბატონ ზარანდიას მეთაურობით, დაუნიშნეთ სათანადო ჯამაგირი საიმპერიო სამმართველოს ხარჯზე. ეს მას წაახალისებს, სიბეჯითეს შემატებს. ამ ქვეგანყოფილების კურატორი პირადად მე ვიქნები.

ზარანდიამ თანხმობისა და მადლობის ნიშნად თავაზიანად დაიქნია თავი, მაგრამ შევატყვე, სახნოვის კურატორობის პერსპექტივა არაფრად ეჭაშნიკა.

მეფისნაცვალმა პეიზაჟებს თავი მიანება, მოგვიბრუნდა და გვითხრა:

– ბატონებო თათბირი დამთავრებულია!

ზარანდია უმალ წამოდგა, მოკრძალებით გამოგვემშვიდობა. მეფისნაცვალმა შეაჩერა, ხელი გაუწოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დღეის შემდეგ ზარანდია კავკასიის განმგებლის სასახლეში მაღალ პერსონასთან დაახლოებულ და სასურველ პირად იქნა აღიარებული. ოფიცერმა ეს წყალობა თავშეკავებული მადლობით მიიღო, ხოლო მაღალი პერსონა ზარანდიას გასვლისთანავე ადგა, პირსაბანთან მივიდა და “კილიკიის” ნამდვილი ავტორის მიერ ჩამორთმეული ხელი საპნით დაიბანა!

ამ, რამდენადმე, ფანფარონულ თათბირზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ფრიად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. ერთი თვის თავზე მეფისნაცვალმა, მართლაც, მიიღო საგანგებო რწმუნებები, შევქმენით ახალი ქვეგანყოფილება და მისმა უფროსმა, მუშნი ზარანდიამ, თავისი მხნეობის შესაფერი საქმიანობა გააჩაღა. მისი მუშაობის ზოგადორგანიზაციულ მხარეს მხოლოდ საჭიროების მიხედვით შევეხები. უფრო მნიშვნელოვანია ზარანდიას მოქმედების ზნეობრივი პრინციპები, რადგან მათთან გაცნობამ ჩემს წინაშე დათა თუთაშხიას მოქმედების ზნეობრივი პრინციპების შესწავლის ინტერესი წამოჭრა. ეს ჩემი კაპრიზი უფრო იყო, ვიდრე სამსახურებრივი აუცილებლობით გამოწვეული დაკვირვება, თუმცა ასეთი ანალიზი საქმესაც არაფერს დაუშავებდა. ჩემს ცნობიერებაში ორი, სრულიად განსხვავებული ზნეობის დაპირისპირება მოხდა და მოულოდნელი, ჩემი პირადი ცხოვრებისთვის მეტად მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა... მაგრამ მივყვეთ მოვლენათა თანმიმდევრობას.

მიღებულია, ვიფიქროთ, რომ ადამიანის ცხოვრება მის, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საქციელთა ჯამია. ყოველი ჩვენგანი განუწყვეტლივ მოქმედებს ქმნის, ან ანგრევს და ყოველივე ამას, აუცილებლად, ზნეობრივ საფუძველს უმარჯვებს. ჩვენი საქმეების შენობა ჩვენივე ზნეობის საძირკველზე დგას: ერთნი ჯერ მოიქცევიან და შემდეგ ეძებენ, ვერ პოულობენ და ამიტომ თხზავენ თავისი საქციელის გამართლებას. მეორენი იძულებულნი არიან, კანონს თუ საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიონ; ამიტომ თავის მომავალ ცუდ საქციელს დიდი რუდუნებით ნიღბავენ და უანგარობის სამოსელში ხვევენ. მესამენი მომავალ საქციელს ჯერ საკუთარი ზნეობის პოზიციებიდან განიხილავენ და შემდეგ ამოქმედდებიან ან თავს შეიკავებენ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელნიც, ზნეობის გაუთვალისწინებლად, წინასწარ განუსჯელად მოქმედებენ, არც მერე ეძებენ ზნეობრივ გამართლებას და საქციელი კი ყოველთვის სწორი გამოუდით. ამას მუშნი ზარანდიას მიერ ჩატარებულ ერთ ღონისძიებაზე ვამბობ; მხედველობაში მაქვს ის საქმიანობა, რომელიც მან ხმების გავრცელებისა და შეკრების სისტემის შექმნისას გასწია. ზარანდიამ ამ საქმეს ასე მოაბა თავი: კავკასიის ყველა სამაზრო ცენტრში და მსხვილ დასახლებულ პუნქტში საგანგებოდ შეარჩია ჩვენივე უწყების თითო თანამშრომელი ხმების გასავრცელებლად. კონსპირაცია ზედმიწევნით იყო დაცული და თანამშრომლის ფუნქციების შესახებ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ არაფერი იცოდა. შერჩეული მოხელე მხოლოდ ზარანდიას ემორჩილებოდა, მხოლოდ მისგან მიღებულ მასალას ავრცელებდა. ამას გარდა, თითო თანამშრომელი შეირჩა ინფორმაციის მოსაგროვებლად და ზარანდიას ქვეგანყოფილებაში გადმოსაგზავნად. ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ეს თანამშრომლებიც კონსპირირებული იყვნენ. ამგვარად, ერთი და იგივე უწყების ორი მუშაკი ერთიმეორისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. ისინი ერთმანეთს, ალბათ, იცნობდნენ, ვინაიდან მაზრა საკმაოდ ვიწრო სარბიელია, მაგრამ თუ ორივენი ერთი სისტემის რგოლები იყვნენ – ამისი არაფერი გაეგებოდათ. მექანიზმი სადა, საიმედო და ეფექტური გამოდგა. ხმების მოგროვება თუ სრულიად უმტკივნეულოდ ხერხდება და ამისთვის ჭორიკანა ნაცნობ-მეგობრების მეტი თითქმის არაფერია საჭირო, ხმების გავრცელება ერთობ დელიკატურ მიდგომას მოითხოვს; მდაბიო წარმოშობის აგენტის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მსმენელის კითხვაზე, თუ საიდან არის მისთვის ცნობილი მავანი ვერსია, აგენტმა უნდა წყარო დაასახელოს; ხომ არ იტყვის, აგენტი ვარ და გავრცელება დამავალესო? ინტელიგენციის ჩარევა ამ საქმეში საშიშია; ყოველი მეორე ინტელიგენტის ფსიქოლოგიური ამპლუა – ფრონდიორობაა და, მაშასადამე, ადვილი მოსალოდნელია გათქმა და სკანდალი. რჩება ტახტის თავდავიწყებული ერთგულქვეშევრდომების მცირერიცხოვანი კასტა, რომელიც, ძირითადად, ველიკოროსებისგან შედგება და, ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობასაც მოკლებულია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ ფანატიკოსთა უმრავლესობის გონებრივი დიაპაზონი თავისუფლად ეტევა გულუბრყვილობასა და სისულელეს შორის არსებულ მონაკვეთში. ასეთებს, თავისთავად ცხადია, სერიოზული საქმე ძნელად და უკიდურეს შემთხვევაში თუ მიენდობა. ხმების გამავრცელებელ თანამშრომელს კი, სულ ცოტა, ხუთი, ექვსი საიმედო და დახელოვნებული აგენტი სჭირდება. ყოველივე ეს ჩემთვის იმთავითვე ნათელი იყო. მოველოდი, რომ მუშნი ზარანდია ამ პრობლემას ჩვეულებრივად, ფულის მეშვეობით გადაჭრიდა – გაღარიბებულ თავად-აზნაურთაგან შეარჩევდა საქმისთვის გამოსადეგ პირებს, მაგრამ ასე არ მოხდა.

როცა ინფორმაციის სამსახურის შექმნის ვადა მიიწურა, ზარანდიამ მომახსენა, ყველაფერი მზად არის და სისტემის გამოცდაც შეიძლებაო. ბუნებრივია, დავინტერესდი, თუ რამდენი დაგვიჯდებოდა აგენტების მუშაობის ანაზღაურება. ფინანსურ მხარეს არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა: ვთქვათ, ოცდაათ მაზრაში ასორმოცდაათი აგენტის ყოლას წელიწადში ოთხმოცდაათი, ასი ათასი მანეთი მოუნდებოდა. ასეთი თანხის გაღებაზე ზემდგომი დაწესებულებების დაყოლიება ძალიან ძნელი იყო.

– თქვენო ბრწყინვალებავ, – მითხრა ზარანდიამ. – გავრცელებას მხოლოდ საფოსტო ხარჯები ექნება. მოგროვებული ინფორმაციის გადმოცემას – არავითარი, რადგან, ადგილებიდან მოხსენებითი ბარათები მუდმივად მომუშავე შიკრიკების ხელით გადმოგვეგზავნება.

– საინტერესოა! მასალის გადაგზავნას ჩვეულებრივი ფოსტით აპირებთ?

– დიახ! – დამიდასტურა ზარანდიამ. – გასავრცელებელი ვერსია რეზიდენტს მეგობრის შეკვეთილი წერილის სახით გაეგზავნება. ასეთი კორესპონდენცია, კიდეც რომ უცხო პირს ჩაუვარდეს ხელში, საქმე ამით არაფერს წააგებს. პირიქით, ამ გზავნილების უკანონო მფლობელი ჩვენთვის სასურველ სამსახურს გასწევს, თუკი წერილის შინაარსს გაავრცელებს. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ წერილი ორ ასლად გაიგზავნება. მიღებას იგი წერილითვე დაგვიდასტურებს.

– გასაგებია, – ჩავილაპარაკე მე.

სიჩუმე ჩამოვარდა. ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველა გონებამახვილ გამოგონებას ტექნიკის დარგში, ყველა დიდ სამხედრო თუ პოლიტიკურ გამარჯვებას, ხელოვნების ყველაზე ამაღლებულ ნიმუშებს ერთი ნიშანი აქვთ – სისადავე! ვფიქრობდი იმაზეც, რომ აი, ამ კაცს არასოდეს არ მოსდიოდა აზრად რაიმე რთული, დახლართული საშუალებებით გადაეჭრა ესა თუ ის საკითხი. სადა, უბრალო გონება ჰქონდა – სადა, უბრალო გეგმებს ადგენდა. აქციზიდან ჟანდარმერიაში მის გადმობარგებასაც სადა, უბრალო და ამიტომ მყარი ფილოსოფია ედო საფუძვლად. ჩემს მეხსიერებაში ერთმანეთს მოჰყვა ზარანდიას პროფესიული ფანდები, ხერხები, ეშმაკობები, ყველაფერი, რამაც მას სახელი მოუხვეჭა და კარიერა შეუქმნა... ყოველი მათგანი სათითაოდ, ყველაფერი ერთად – სისადავისა და უბრალოების ბრწყინვალე ნიმუშად გამოდგებოდა! სევდა შემომაწვა; აქამდე ვერ ამიხსნია – რატომ. რაღაც უიმედოდ, სასოწარკვეთით ვკითხე, რეზიდენტებს აგენტებად ვინ ჰყავთ, რა ხალხია-მეთქი.

– უმეტესად – მოღალატე ცოლები. აქა-იქ – მოღალატე ქმრებიც!

– ერთგულებმა დააშავეს რამე?

– სრულიად არაფერი, მაგრამ ისინი, უმეტესად, შინ სხედან და ბავშვებს უვლიან. მოღალატე ცოლები კი ლაპარაკის ჟინის მოსაკლავად და ჭორების მოსასმენად დღეში ოთხ, ხუთ ოჯახს მოივლიან, – თქვა ზარანდიამ.

– სტუმრად განა მხოლოდ მოღალატე ცოლები დადიან?

– მე მინდოდა, მეთქვა, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ ერთგული ქალებიდან სტუმრად სიარული, ვთქვათ, ყოველ მეათეს უყვარს, მაშინ, როდესაც ათი მოღალატე ცოლიდან ცხრა სხვის ოჯახში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე თავისაში.

– ქარაფშუტა ხალხია. მათზე დანდობა ესოდენ სერიოზულ საქმეში, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს.

– ქარაფშუტა ხალხი?.. მოღალატე ცოლების ხსენებული მიდრეკილება, ჩემი აზრით, ქარაფშუტობით კი არ უნდა აიხსნას, არამედ სავსებით პრაქტიკული სურვილით: გამუდმებით იყვნენ იმის კურსში თუ რამდენად მყარია და დაცულია მათი ინტიმური საიდუმლოება. ისიც შესაძლებელია, რომ ვცდები, მაგრამ ჩვენი სამსახურისთვის საკითხის სხვა მხარეა მნიშვნელოვანი: ჯერ, სახელდობრ, ის, რომ ისინი მოღალატე ცოლები არიან, და შემდეგ ის, რომ სტუმრად სიარული, საზოგადოებაში ყოფნა უყვართ. პირველი გარემოება მათთან დაახლოებას აადვილებს, მეორე – ვერსიის ფართოდ გავრცელების საშუალებას ქმნის.

ამაში ზარანდია სავსებით მართალი იყო და არა მარტო მის მიერ მოყვანილი მოსაზრებების გამო, იმიტომაც, რომ ღალატის გამხელის შიშით გადმობირებული ქალი დავალებებსაც კეთილსინდისიერად, ბეჯითად შეასრულებდა და ჟანდარმერიასთან კავშირს თვით წმიდა მამათა ინკვიზიციის წინაშეც არ გაამხელდა. საკითხის ასეთი გადაწყვეტა, საქმის თვალსაზრისით, პერსპექტიული ჩანდა, მაგრამ იმხანად ქალებთან აგენტურული მუშაობის გამოცდილება საერთოდ მცირე იყო, ეტყობა, არც მე ვიყავი ამისთვის მორალურად მომზადებული, სერიოზულ საქმეში მათი ჩარევა მეხამუშებოდა და ნახევრად ხუმრობით ვთქვი:

– თქვენი ნამოქმედარი, უფალო, ქალთმოძულე სადისტის მოღვაწეობის ნიმუშად გამოდგებოდა! – შემდეგ სერიოზულად დავძინე. – სამწუხაროდ, ჩვენმა სარწმუნოებამ ბოლო საუკუნეების მანძილზე ადამიანის სული ვეღარაფრით გაამდიდრა. იგი ახლა ადრე მინიჭებულის შენარჩუნებასღა ემსახურება, დაუნდობლობას, შეუბრალებლობას, სისასტიკეს ებრძვის. კეთილი კაცი თავის მოღვაწეობას აუცილებლად უნდა უთანხმებდეს მთავარ მიზანს: არ გაიძარცვოს, არ შეიბღალოს, არ დამდაბლდეს სული – საკუთარი და მოყვასისა. მე ეს ჩვენი სამსახურის უპირველეს ფუნქციად მიმაჩნია. თქვენ?

ჩემი ხელქვეითი გადაჭარბებული ყურადღებით მისმენდა. იგი განცვიფრებული იყო და, მგონი, იმით, რომ მხოლოდ მისთვის ცნობილ ჭეშმარიტებებს სხვა ადამიანი და ისიც ჟანდარმთა შეფი ამბობდა.

– არ მესმის თქვენი წუხილის მიზეზი, თქვენო ბრწყინვალებავ, – მოკრძალებით თქვა ზარანდიამ.

– არ გესმით? – დავაკვირდი. მინდოდა, გამეგო, მართლა ვერ მიხვდა თუ ეშმაკობდა.

მეტისმეტად გულუბრყვილო გამომეტყველება ჰქონდა და იმავე ტონით განვაგრძე:

– თქვენმა მდედრობითი სქესის აგენტებმა ქალიშვილობაში ნაოცნებარი ბედნიერების მოლოდინი და ძებნა საკუთარი ქმრის ღალატით დაამთავრეს. ასეთი ხვედრი, სამწუხაროდ, ხშირია: “არა იმრუშო” – წერია, მაგრამ ცოდვა ტკბილია და მით უმეტეს, ფარული სიყვარულის ცოდვა. სიტკბოებასა და სინდისის ქენჯნას შუა გამომწყვდეულ ქალს მოულოდნელად ევლინება სატანა თქვენი რეზიდენტის სახით და მისი სკანდალური საიდუმლოს განუთქმელობის ფასად რაღაც ჭუჭყიანი ხმების გავრცელებაზე ითანხმებს. ამის შემდეგ იგი ორმაგად ცოდვილია და ათმაგად ტანჯული. მაგ თქვენი მოღალატე ცოლების უმრავლესობას შვილები ჰყავთ. რა უნდა ასწავლოს, როგორი უნდა აღზარდოს შვილები დედამ, რომელიც ვერაგობასა და ბოროტებას არის ნაზიარები. სულ რამდენი ჰყავთ თქვენს რეზიდენტებს ასეთი აგენტი?

– ასოცდაცამეტი, თქვენო ბრწყინვალებავ.

– ასოცდაცამეტი დედა და მათი ალბათ, ოთხასი, ხუთასი შვილი! ხედავთ, ხელის ერთი მოსმით ვძარცვავთ, ვბღალავთ და ვამდაბლებთ ექვსასამდე ადამიანის ღირსებას და ეს მეთოდია!.. ღმერთო ჩემო, არასოდეს მიფიქრია კავკასიაში მცხოვრები მოღალატე ცოლების რაოდენობაზე!..

ზარანდიას სიცილი აუვარდა. ჩემივე დასკვნებისგან აფორიაქებული ვიყავი. მიუხედავად ამისა, სიცილში ავყევი.

– თქვენო ბრწყინვალებავ, – მითხრა ზარანდიამ. – ის ქალები თავისთვის ჭორაობენ და ამით უნებლიე სამსახურს გვიწევენ. მართალია, მოღალატეობის ფაქტი ჩვენმა რეზიდენტმა მათთან დაახლოების საბაბად გამოიყენა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი იძულებას, ძალდატანებას. მუქარა და შანტაჟი კატეგორიულად ავკრძალე და ამისთვის არც ვისმე მიუმართავს. მოხდა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა რეზიდენტებმა ძმაკაცური, ახლო ურთიერთობა დაამყარეს ჩვენთვის საჭირო ადამიანებთან, რაც შეეხება მასალის გავრცელებას თუ შეკრებას – ეს თავისთავად, უმტკივნეულოდ და სწრაფად ხდება: რეზიდენტი შერჩეულ ქალთან პირად საუბარში სხვათაშორის ეხება გასავრცელებელ ვერსიას. ორი, სამი დღის შემდეგ ვერსია გამეორებულია რამდენიმე ოჯახში. ამ ოჯახების გადიები, მოახლენი ან მოსახლეობასთან დაკავშირებული სხვა პირები ვერსიის შემდგომ გავრცელებას, მასებამდე დაყვანას ახორციელებენ. ხმების შეკრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: მოგეხსენებათ, კაცმა ყურები რომ დაიცოს, ჭორი ნესტოებიდან შევა და მეორე რეზიდენტს ისღა დარჩენია, კალამი აწრიპინოს.

საკითხის ასეთი გადაჭრა მდგომარეობას, თითქოს, ძირფესვიანად ცვლიდა. ზარანდიას ახალი ხრიკი ქარის ენერგიის გამოყენებას ჰგავდა.

– კარგად მოგიფიქრებიათ, მუშნი, – მივმართე ამხანაგურად, რადგან ფამილარობა ქებას ნიშნავდა, ხოლო ზარანდია კი ქების ღირსი მართლაც იყო. – მოველოდი, რომ თქვენ ამ საკითხს ფულის საშუალებით გადაჭრიდით.

– იცით, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგაზე არც დავფიქრებულვარ, მაგრამ თქვენი ლაპარაკის შემდეგ ნათლად ვხედავ, რომ საკითხის ფულით გადაწყვეტა ისევე არ შეიძლებოდა, როგორც მამაკაცების

დახმარებით. დაქირავებული მამაკაცის ხელით ასეთი მუშაობის ჩატარებას თავისი არანაკლებ მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე აქვს; მამაკაცი რწმენებით ცხოვრობს და არა მხოლოდღა პურით. ადამიანის ერთ-ერთი რწმენა ტახტისა და მისი დაწესებულებების სიწმინდის, პატიოსნების რწმენაა. როცა ეს წმინდა საწყისი მისი ხელით ვერაგობას სჩადის, მაშინ ამას რწმენის დაკარგვა, ფეხთ ქვეშიდან ზნეობრივი საფუძვლების გამოცლა მოსდევს და აქ გასამრჯელო ვეღარაფერს ხდება, რაგინდ დიდიც უნდა იყოს იგი. ასეთ მუშაობასთან ნაზიარები კაცის ზნეობა ირყევა. უზნეო კაცი კი პირადი კეთილდღეობისთვის ყველაფერს სჩადის, უპირველესად ყოვლისა, პირდაპირ თუ ირიბად, სახელმწიფოს უთხრის ძირს. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ არ გვინდა, რასაც ჩვენ ვებრძვით, – ზარანდია დადუმდა.

ფულის წარმოების ძირითადი მასალა ოქროა. მის მიმართ ყაირათიანობას და მომჭირნეობას იმდენი მნიშვნელობა სხვაგან არსად აქვს, რამდენიც თვით ზარაფხანაში. თითო ფულში თითო მეასედი მისხალი ნაკლები ან მეტი რომ აღმოჩნდეს, ამის შედეგად მოსალოდნელი კატასტროფის ჭეშმარიტი სიდიდე ძნელი განსაჭვრეტი და წარმოსადგენია. სახელმწიფოს საფუძველთა დაცვის სამსახური ძირითად მასალად ადამიანთა ზნეობას და ღირსებებს უნდა იყენებდეს. ამ მასალის მიმართ მომჭირნე, ყაირათიან და გულისხმიერ დამოკიდებულებას უდიდესი და უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ეს დებულება, თითქოს, პარადოქსად ჟღერს, მაგრამ საქმეში ჩახედულთათვის ანბანური ჭეშმარიტებაა. აქედან გამომდინარე, ჩემი ხელქვეითების მოღვაწეობის, მათი საქმიანობის ზნეობრივ მხარეს მუდამ დიდ ყურადღებას ვაქცევდი. ზარანდიაზე ზემოთ ვთქვი, ყოველთვის წინასწარ განუსჯელად მოქმედებდა, არც მერე ეძებდა ნამოქმედარის ზნეობრივ გამართლებას და საქციელი კი ერთთავად სწორი გამოუდიოდა-მეთქი. ეს კარგა ხნის შემჩნეული მქონდა, მაგრამ ხომ არ შეიძლება, კაცი ქვეცნობიერი იმპულსებით მოქმედებდეს და ფეხი კი ერთხელაც არსად წამოკრას?

– ბატონო ზარანდია, თქვენ თქვით, ამ ღონისძიების ზნეობრივ მხარეზე სრულიადაც არ დავფიქრებულვარო. მართლა ასეა?..

– დიახ. არც რომელიმე სხვა ღონისძიების ჩატარების წინ მიფიქრია ზნეობრივ მხარეზე. მე ვფიქრობ ხოლმე იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, ხოლო როგორ, რა ხერხით, რა საშუალებით უნდა გაკეთდეს, ამას ინტუიცია მკარნახობს. ამ ნაკარნახევს ჩემივე ზნეობის ნორმებთან არასოდეს ვათანხმებ. რახან ინტუიციამ ასე მიკარნახა. მაშასადამე, ზნეობასთანაც ქვეცნობიერად, ჩემს უნებურად შეთანხმებულია, – მითხრა ზარანდიამ.

– გამოდის, რომ ტახტი და სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია და თქვენ საკუთარ თავს ემსახურებით!

– მე ტახტისა და სახელმწიფოს ინტერესებს ვემსახურები, მაგრამ ისე კი, რომ საკუთარ თავს არასოდეს, არც ერთი გოჯით არ ვშორდები და არაფერს ვართმევ. ეს თავისთავად ხდება. ჩემი ზნეობა, ალბათ, მოსალოდნელი კატასტროფის წინაშეც კი ვერ წავა კომპრომისზე, თავის სულ უმცირეს ნაწილსაც ვერ გაიღებს მსხვერპლად და ამას საფუძვლად უდევს არა პედანტურობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქვეცნობიერება – ეს მოდგმისა და აღზრდის ბრალია. ჩვენს ოჯახში ყველა ასეთია.

– თქვენი ბიძაშვილი დათა თუთაშხიაც?

– დიახ, და მას, ყველაფერთან ერთად, დიდი ნებისყოფაც აქვს, – ჩემზე მეტი!

– სიჩუმე ჩამოვარდა.

ჩემთვის ცნობილი იყო თორიას ლაზარეთში მომხდარი ამბავიც, დურუ ძიგუას დუქანში დატრიალებული ტრაგედიაც; ზარანდიას ნათქვამი მართალი იყო, მაგრამ დიდი ნებისყოფის გარდა, დათა თუთაშხიას მოქმედებაში ადამიანთა მოდგმის მიმართ დიდი სიძულვილიც უნდა მეგულისხმა. სხვანაირად ის საქმეები როგორ უნდა მომხდარიყო?

საუბარი კვლავ ინფორმაციის სამსახურს, მისი გამოცდის, შემოწმებისა და მიღებული ინფორმაციის დამუშავების თემას დაუბრუნდა.

შემდგომში ჩვენი წამოწყების ეფექტი იმდენად მოულოდნელი და დიდი აღმოჩნდა, რომ საიმპერიო სამსახურის გამახვილებული ყურადღება მიიპყრო. ეს სპეციფიკური საკითხია, ჩემი ჩანაწერების ძირითად თემასაც დაშორებული, და ამიტომ დავკმაყოფილდები მაგალითით, რომელიც შემდგომი თხრობისთვის საჭირო და აუცილებელ ელემენტებს შეიცავს.

ყაჩაღობის მოსპობის საჭიროებას იმხანად კიდევ ერთი ასპექტი ჰქონდა. ამის შესახებ ოფიციალურად საუბარი მიღებული არ იყო, სამსახურებრივი თვალსაზრისით ცუდ ტონად ითვლებოდა. ზემოთ მეტ-ნაკლები სიზუსტით მოვიტანე მეფისნაცვალთან გამართული თათბირის შინაარსი და ჩვენი მთავარი მიზანდასახულობის, თუ შემდგომი ღონისძიებების ნამდვილ აზრს, მათ პოლიტიკურ მხარეს კი არ შევხებივარ. თათბირზე ამ საკითხის ირგვლივ არც არაფერი თქმულა, თუმცა სახელმწიფოს უშიშროება წამყვან მომენტად იგულისხმებოდა. ამჟამად საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ რუსეთ-იაპონიის ომის ერთ-ერთი მთავარ მიზანთაგანი რუსეთის იმპერიის ხალხთა მასებში დაწყებული და არასასურველ დონემდე ასული დრტვინვის შესუსტება იყო. ხალხთა პროტესტის, წინააღმდეგობის გამოღვიძებული და გამძაფრებული ენერგია სახელმწიფოსთვის საჭირო არხით წარმართვას მოითხოვდა. ასეთ შემთხვევაში პატრიოტული, დიდმპყრობელური სულის გაღვივება პანაცეად არის მიჩნეული. ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რამდენად სწორია ეს შეხედულება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ზარანდიას განყოფილების დაარსება რუსეთ-იაპონიის ომის წინა ხანებში მოხდა, მასების მოსალოდნელი პოლიტიკური აქტივობის პერიოდს დაემთხვა. ღონისძიება, უპირველესად ყოვლისა, იმას ითვალისწინებდა, რომ გარკვეული მოვლენების დამთხვევისას, სახელმოხვეჭილი, პოპულარული ყაჩაღი ადვილად შეიძლება, რომ საამბოხოდ განწყობილი ჯგუფების თუ ბრბოების წინამძღოლად იქცეს. ყაჩაღის მოუხელთებლობა თავისთავად ლაპარაკობს მის ნიჭიერებაზე და შესაძლებელ უნარზე, მართლწესრიგის დამცველი ძალების სერიოზული მოწინააღმდეგე გახდეს. ერთი სიტყვით, დაარსებული სამსახურის მახვილი მიმართული იყო პოტენციური, შესაძლებელი ბელადების წინააღმდეგ. ეს მცირე ექსკურსი მუშნი ზარანდიას მუშაობის ნამდვილი მნიშვნელობის განსამარტავად დამჭირდა.

მუშნი ზარანდიამ სამეგრელო-სამურზაყანოში მუშაობის ობიექტად სამი ყაჩაღი შეარჩია: ყოველი მათგანი თავის ჯურის ყაჩაღებში პირველ კაცად ითვლებოდა, ყველაზე სახელგანთქმული იყო. გეგმის ავტორის აზრით, უძლიერესთა დამარცხებას წვრილფეხობასთან ბრძოლა უნდა გაეადვილებინა, მაგრამ ასეთ არჩევანს თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა: გეგმის ჩაშლა გამამხნევებლად იმოქმედებდა სხვა ყაჩაღებზე და მათ დამორჩილებას გააძნელებდა. ამგვარ რისკზე ბევრი ვერავინ წავიდოდა. ზარანდიას კი, ალბათ, თავისი მოსაზრებები და მტკიცე იმედი ჰქონდა, რომ, მიუხედავად ჩემი და ჩემი მოადგილეების არაერთგზისი შენიშვნებისა, თავისაზე დადგა.

აი ის სამი კაციც:

რაჟა სარჩიმელია – ოცდათოთხმეტი წლისა; თავხედი, დაუნდობელი და ხარბი მძარცველი; ცხრა წლის გავარდნილი, ყაჩაღობამდე ხუთი წელი იყო საპყრობილეში ქურდობისათვის. წერა-კითხვის უცოდინარი.

დათა თუთაშხია – ოცდათორმეტი წლის; დაახლოებით, თორმეტი წლის გასული.

ბუდუ ნაკაშია – ოცდაშვიდი წლის: ფრთხილი, ჭკვიანი კაცი, ტერორისტი. აბრაგობდა თავის ძმასთან, ლუკა ნაკაშიასთან ერთად ოთხი წელიწადი. მღვდლის შვილი. განათლება – გიმნაზიის ექვსი

კლასი.

ოპერაცია რაჟა სარჩიმელიას შემორიგების გზით დაიწყო. ამას წარმატება არ მოჰყოლია. არც იმედი გვქონია, რომ ასე მალე და უმტკივნეულოდ შემოგვირიგდებოდა. ჩვენი მიზანი იყო, ამ წინადადებას ყაჩაღის ფსიქიკაში აღრევა, ყოყმანი შეეტანა, თვით შერიგების პერსპექტივა ჩაეთესა. ვითომდა, მაზრის პოლიციის უფროსისგან მიგზავნილმა კაცმა სარჩიმელიას უარი მოისმინა და წამოსვლის წინ ყაჩაღს უთხრა, – იფიქრე, კიდევ ექვსი თვე დრო გაქვს და თუ დათანხმდე, ჩემთან მოდიო.

ასეთივე წინადადება მიეცა ლუკა ნაკაშიას – მხოლოდ მას და არა მის უფროს ძმას, ბუდუს. ცხადია, თანხმობა არც იქიდან მიგვიღია, მაგრამ ყოყმანისა და ცთუნების თესლი აქაც იქნა ჩაგდებული. ამას მოჰყვა ვერსიების გავრცელება. მე აქ არ ვგულისხმობ იმ ჭორებს, რომლებსაც ზარანდიას ქვეგანყოფილება მანამდეც და მერეც მეთოდურად და სათითაოდ ყველა ყაჩაღზე ჰყრიდა ხალხის თვალში მათი კომპრომეტაციის მიზნით – ეს ყოველდღიური მუშაობა იყო.

ლაპარაკია სპეციალურად შემუშავებულ ვერსიებზე, რის მეოხებითაც სამკუთხედი უნდა შეკრულიყო, ანუ სარჩიმელიას, თუთაშხიას და ნაკაშიებს შორის სამკვდრო შუღლი უნდა ჩამოვარდნილიყო.

პირველი ვერსია თუთაშხიასთვის გვქონდა განკუთვნილი და მის ყურამდე მიტანილ იქნა ვინმე მალაქია ნინუას პირით. ეს კაცი, ხელობით მჭედელი, დათა თუთაშხიას უახლოეს მეგობრად ითვლებოდა, თუმცა მრავალი წლის მანძილზე პოლიციამ ერთხელაც ვერ შეძლო მისი მხილება აბრაგისთვის თავშესაფრის მიცემაში. საფიქრებელია, რომ თუთაშხია განზრახ ერიდებოდა ნინუასთან სტუმრობას და მხოლოდ საჭიროების დროს, მოკლე ხნით და სხვაგან სადმე ხვდებოდა მას. უკიდურეს შემთხვევისთვის ერთმანეთის ნახვის საშუალება და ხერხი ძმაკაცებს დათქმული ჰქონდათ, ჩვენთვის ეს ცნობილი იყო.

ოპერაციის გრაფიკის თანახმად, ჩვენი მდედრობითი სქესის აგენტი ზუგდიდიდან გალში ახლო ნათესავების სანახავად გაემგზავრა. მისმა ქმარმა არგუმენტად ეჭვი და უნდობლობა ვერ მოიტანა – მანძილი და მარტოხელა ქალის მგზავრობის საშიშობა მოიმიზეზა, ცოლს თანამგზავრებად მისივე უმცროსი ძმა და ბიძაშვილი გააყოლა. ამგვარად, გზად მიმავალი მხედრები ხსენებულ მალაქია ნინუას სამჭედლოს მიადგნენ; ქალბატონის ბედაურს ნალი მოჰფამფალებოდა, მჭედელი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. მგზავრები იქვე იდგნენ, მუშაობის პროცესს დაჰყურებდნენ.

– დათა თუთაშხიამ ბოდღო ყვალთავას და მის ამხანაგებს ცხენები რომ წაართვა, მგონი, ერთი ეს ცხენი იყო. ხომ? – ჰკითხა ქალბატონს ბიძაშვილმა.

ქალმა გადაიკისკისა:

– ლევან, ძამიკო, არც იმდენად ბებერი ხარ, ჭიჭიკო-ბაბუაჩემივით რომ აურიო ყველაფერი. დათა თუთაშხია არაფერ შუაშია აქ.

– ხომ იყო ეს ცხენი წაყვანილი?!

– კი, იყო, – ჩაერია ძმა, – მაგრამ თუთაშხია მაინც არაფერ შუაშია. რაჟა სარჩიმელიამ წაიყვანა, გააყიდვინა ვიღაცას, ის გაყიდული იპოვნა პოლიციამ მერე და დაუბრუნეს ისევ დავითს.

– ააა! კი კი, მასე იყო, მასე! – დათანხმდა ბიძაშვილი. – რაჟა სარჩიმელიას მაზრის უფროსის ეტლი გაუჩერებია, თურმე, და ოჯახი გაუძარცვავს მისი. ქალებისთვის პერანგი აღარ შეურჩენია მამაძაღლს.

– ვინ გითხრა ეგ? – ჰკითხა ქალბატონმა.

– ვინ მითხრა რას ქვია! – აფეთქდა ბიძაშვილი. – ნიკანდრო ქილიამ არ თქვა, პოლიცმეისტერმა?! იქ არ იყავი შენც?

ქალბატონი უფრო გამხიარულდა.

– ახლა მივხვდი, რატომ და როგორ აგერია ყველაფერი, – თქვა ქალმა, როცა სიცილს მორჩა.

– როგორ? – დაიჟინა ბიძაშვილმა.

– როგორ და, ნიკანდრო ქილიამ ის თქვა, რაჟა სარჩიმელიას მაზრის უფროსისთვის შეუთვლია, თუთაშხიასი არ შემეშინდა, ასე და ისე მოვექეციო, და თავს თუ არ დამანებებ, შენს ცოლ-შვილსაც იმ ამბავს დავმართებო. ახლა, რა მოხდა, თუ იცი? აქედან თუთაშხია დაგახსომდა შენ. ეს ცხენი წანართმევი რომ იყო, ესეც იცოდი. გადაზილე მერე ეს ორი ამბავი ერთმანეთში და გამოგივიდა რაც თქვი – ის!

ქალი ისევ აკისკისდა. ბიძაშვილმა დაირცხვინა და უხერხული მდგომარეობის გასაბათილებლად იკითხა:

– კაი, მარა, რა უქნა სარჩიმელიამ თუთაშხიას ისეთი, მაზრის უფროსის დასაშინებლად რომ გამოდგებოდა?

ქალბატონმა მიუგო:

– საყვარელი წაურთმევია მისთვის; ერთი ძალიან ლამაზი ქალი რომ ყავს ბეჩუნი პერტია – ის!

ქალბატონის ძმამ ეს არ დაიჯერა.

– რაჟა სარჩიმელია-ცინგლიანის წასართმევი საყვარელი დათა თუთაშხიას სად ყავს ვიცოდე ნეტავი! არ დაიჯერო ეგ, სიცრუე იქნება ნამდვილად.

ქალმა სიჩუმე არჩია.

– რატომ, ვითომ, – გამოესარჩლა ბიძაშვილი ქალბატონს. – თოფი და მაუზერი არც სარჩიმელიამ იცის თუთაშხიაზე ნაკლები...

– გაჩერდი, თუ კაცი ხარ! თოფით და მაუზერით ართმევენ საყვარლებს?..

ყოველივე ეს ისე ითქვა, რომ მჭედელს გაეგონა და გაიგონა კიდეც. ამასობაში ცხენიც მზად იყო, მგზავრები შესხდნენ, თავისი მხიარული მოგზაურობა განაგრძეს, ხოლო მალაქია ნინუამ სულ მალე დათა თუთაშხიას ყურამდე მიიტანა განაგონი.

ვერსია, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო, დამაჯერებლობას მოკლებული ჩანს, მით უმეტეს, რომ იგი დათა თუთაშხიას მძაფრი რეაქციის გამოწვევას ისახავდა მიზნად. ასეთი საკენკი მისი გამჭრიახობისთვის, თითქოსდა ვერ უნდა გამომდგარიყო, მაგრამ ვარაუდი მაინც ზუსტი აღმოჩნდა: ზარანდია გამომდინარეობდა კლასიკური პრინციპიდან, “თუ გსურთ, გერწმუნონ – თავრეტდამსხმელი სიცრუე თქვით”, და იქიდანაც, რომ თუთაშხიასთვის განკუთვნილი ქვა სარჩიმელიას ერთთავად იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი; თავის დროზე სარჩიმელიამ და მისმა ამხანაგებმა გზა შეკრეს, ბაზრობიდან შინ მიმავალი ორმოცდაათამდე ადამიანი – თითო-თითოდ, თუ ჯგუფ-ჯგუფად – ტყეში გადარეკეს, საცვლების ამარა დატოვეს. ამას, შემთხვევით, თუთაშხიამ მიასწრო. სარჩიმელიამ და მისმა ამხანაგებმა თავს გაქცევით უშველეს. როგორც კარგა ხნის შემდეგ სარჩიმელია თვითონ ამბობდა, თუთაშხიამ მათ გაქცევა “აცალა”, გაძარცულებმა ქონება დაიბრუნეს, თუთაშხიას ეს საქციელი ქვეყანას მოსდეს. ამ ინციდენტის დღიდან მოყოლებული რაჟა სარჩიმელია, აქტიურად თუ პასიურად, ჯავრის

ამოყრის შემთხვევას ეძებდა. ეგ იყო, თვით მან სხვებზე უკეთ იცოდა, რომ დათა თუთაშხიასთან ანგარიშის გასწორების ცდას შეიძლება, უკუშედეგი მოჰყოლოდა. მეორე მხრივ, ისიც შესაძლებელია, რომ დრომ თავისი გაიტანა, სარჩიმელიამ ამხანაგის სიკვდილზე, პირად შეურაცხყოფაზე და დიდი ნაძარცვის დაკარგვაზე ხელი ჩაიქნია და წარსული დავიწყებას მისცა. ზარანდიას გეგმას კიდევ ერთი საყრდენი ჰქონდა. სარჩიმელია მეტისმეტად დაუდგრომელი დედათმავალი ბრძანდებოდა. ამიტომ დათა თუთაშხიას ადვილად შეეძლო ერწმუნა, რომ სარჩიმელიამ მაგიერის გადასახდელად სწორედ ასეთ ხერხს, ანუ აბრაგის სატრფოსთან რომანის გაბმას მიმართა. ბოლოს, ზარანდიას უკანასკნელ ვარაუდს ისიც შეადგენდა, რომ თუ დათა თუთაშხია თავის საყვარელს ეჭვს გარეშე დააყენებდა, სარჩიმელიას იმისთვის მაინც გადაეკიდებოდა, რომ ზედმეტს ლაყბობდა და ქვეყანაზე თავს სჭრიდა.

ასე აიგო სამკუთხედის ერთი კუთხე.

შემდეგ, ზღვის მეკობრეთაგან განსხვავებით, რაჟა სარჩიმელია ნაძარცვს არც უდაბურ კუნძულზე ფლავდა, არც არსენა ოძელაშვილივით “კასპში ერთ დიდ კლდეში” ინახავდა. იმხანად სოხუმში ცხოვრობდა ვინმე ევტერპია ტრიანდოფილიდი, ორმოციოდე წლის მარტოხელა, საკმაოდ ღარიბი ბერძენი ქალი, მაგრამ სიხარბისა და გამდიდრების წყურვილის მხრივ – სწორუპოვარი და ამიტომ სისხლისმსმელი მევახშეც. სარჩიმელიასთან მისი ურთიერთობა იმით დაიწყო, რომ ჯერ კიდევ ქურდობისთვის დაპატიმრებამდე, რაჟასგან “ბნელ” საქონელს იბარებდა გასაყიდად და, რა თქმა უნდა, ნავაჭრის მეოთხედს ან, უმჯობეს შემთხვევაში, მესამედს აძლევდა, როგორც ეს ნაქურდალი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საქმეში დასაბამიდან არის მიღებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქურდებს, მძარცველებსა და კომერსანტებს თავისი საუკეთესო გეგმები და მიზანდასახულობები პატიმრობაში ეწვევათ ხოლმე. რაჟა სარჩიმელიამ ვადა მოიხადა, განთავისუფლდა და გადამალული თანხები ტრიანდოფილიდის ქალს მიუტანა, – ეს ფული სარგებელზე გაეციო. ასე ჩამოყალიბდა ფრიად ორიგინალური მძარცველურ-სამევახშეო ალიანსი, რომელმაც ქალს დამატებითი შემოსავალი გაუჩინა, ხოლო ყაჩაღს შემდგომი ძარცვა-გლეჯის ხალისი გაუმახვილა. კომპანიონებს მალე საგრძნობი თანხა დაუგროვდათ. კერძოდ, დედაკაცს რაღაც მიწის ნაკვეთი და რიგიანი სახლ-კარიც კი გაუჩნდა. მათი ურთიერთობა პოლიციის სამძებრო განყოფილებისთვის აგენტურული არხებიდან გახდა ცნობილი, მაგრამ ნივთიერი მტკიცების ან სხვა რამ სამხილის ხელში ჩაგდება კარგა ხანს ვერ მოხერხდა. მერე, როგორც იქნა, ფოთში ევტერპია ტრიანდოფილიდის გემზე ასვლისას საეჭვო წარმოშობის ორმოცდაათამდე თოფი ფართლეული დაუჭირეს. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს იყო ნაძარცვი და ნაძარცვის მიმყიდველი კი – ბატონი სარჩიმელია. დაზარალებულიც დადგინდა, მაგრამ ცბიერმა დედაკაცმა პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა: დაასახელა კაცი რომლისგან ვითომცდა ეს ფართლეული შეიძინა. კაცი საპყრობილეში მოათავსეს, ევტერპია ტრიანდოფილიდი ჯარიმით გადარჩა, სამძებრო განყოფილებამ ყურადღება გაამახვილა მის საქმიანობაზე.

როცა რაჟა სარჩიმელიას შეპყრობის აუცილებლობას ახალი მოტივები დაემატა, მისმა პერსონამ უკვე ჟანდარმერია, კერძოდ, მუშნი ზარანდიას ქვეგანყოფილება დააინტერესა. სხვათა შორის, მან სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების საკმაოდ ვრცელი მასალებიც გამოითხოვა, სარჩიმელიას შესწავლას მიჰყო ხელი და აქ ევტერპია ტრიანდოფილიდის ფიგურა თავისთავად ამოტივტივდა. რაჟა სარჩიმელია, რამდენადაც სამძებრო განყოფილების მასალებს დაეჯერებოდა, თავის მდედრობითი სქესის კომპანიონს პირადად იშვიათად ხვდებოდა. მაშასადამე, ნაძარცვის გადაცემა შუამავლის მეშვეობით ხორციელდებოდა. ეს კაცი იყო აღმოსაჩენი, მაგრამ დაუყოვნებელი ზომები ზარანდიას არ მიუღია; იგი რაღაცას ელოდა.

ერთი-ორი თვის შემდეგ, ღამით, ახალსენაკიდან ზუგდიდს მიმავალ მდიდარ ოფიცერს და მის მხლებელს ორი ყაჩაღი დაუხვდა. ამ პაემანის შედეგად ოფიცერი გამოეთხოვა თავის საფულეს, ცხენებს და ძვირფასი თვლებითა და ოქროთი მოვარაყებულ ხმალ-ხანჯალ-რევოლვერს, ხოლო მხლებელს უკანალში წიხლები და ზურგში კონდახები მოხვდა, – ამსიგრძე გზაზე ორი აბაზის ამარა რამ გამოგიყვანაო. ზარანდია დანაშაულის ადგილზე გაჩნდა. გაძარცვის ხერხი სარჩიმელიას ხელწერაზე უთითებდა. ამას გარდა, დაზარალებულის მხლებელმა ერთ-ერთი მძარცველი სახელითა და გვარით თქვა – რაჟა სარჩიმელია! ახლა ყველაფერი იღბალზე და მოთმინებაზე ეკიდა: მიიტანდა თუ არა და როდის მიიტანდა შუამავალი ნაძარცვ ტრიანდოფილიდის ქალთან. დაინიშნა მისი სახლის ფრთხილი, ჩინებულად ორგანიზებული თვალთვალი. ათი დღის მანძილზე მევახშეს შვიდი კაცი ესტუმრა. მათ შორის ერთმა კაცმა იღლიით მოიტანა ფუთა, რომელიც ძლიერ წააგავდა გაძარცვული ოფიცრის იარაღს. ადვილად დადგინდა, რომ ამ შვიდ კაცში ექვსი – მევახშის კლიენტი იყო, ხოლო მეშვიდე – სოხუმელი კირიაკა, ყავახანის პატრონი, რომელსაც ასიოდე ნაბიჯის გადადგმა დააცადეს და პოლიციაში გამომძიებელს მიჰგვარეს. ეს ერთი ბეწო, შეუხედავი კაცი იმდენად კერკეტი აღმოჩნდა, რომ, მისი სიტყვით, არამც თუ მიტანილი ამანათისა იცოდა რამე, არამედ ტრიანდოფილიდის ქალს საერთოდ არ იცნობდა. როზგებმა და პატიების შეპირებებმა თავისი გაიტანეს. ამის შემდეგ გამომძიებელმა ზარანდიას გადასცა ჩვენება, რომლის მიხედვით, რაჟა სარჩიმელია თავის ნაძარცვს წინასწარ შერჩეულ სამალავში ტოვებდა, ხოლო იქიდან ყავახანის პატრონს ევტერპია ტრიანდოფილიდისთან ან მის მიერ მითითებულ სხვა ადგილებში გადაჰქონდა ნაძარცვის ღირებულებიდან გამომდინარე გასამრჯელოს ფასად. ეს მისამართებიც ცნობილი გახდა და ის კაციც, ვინც სამალავიდან ნაძარცვის წამოღების საჭიროებას კირიაკას ატყობინებდა.

ზარანდიას მითითებით, ყავახანის პატრონს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს, თუკი რამ ოჯახში ფული და ფასეულობები გააჩნდა, გირაოდ მოატანინეს, პირგაუტეხლობის შემთხვევაში დანაშაულის პატიება აღუთქვეს, გაათავისუფლეს და დაავალეს, რომ თავისი საქმიანობა და სარჩიმელიასთან ურთიერთობა ძველებურადვე განეგრძო.

ზარანდია კი ამ დროს თავისი ქვეგანყოფილების მუშაკის თანდასწრებით ევტერპია ტრიანდოფილიდის ესაუბრებოდა მისსავე სახლში. სწორედ ეს მუშაკი გახლდათ სარჩიმელიას მიერ გაძარცული მდიდარი ოფიცერი. სამი უმცროსი მოხელე ჩხრეკას აწარმოებდა; ოფიცრის იარაღის პოვნა არ გაძნელებულა, რადგან დიასახლისმა მისი გადამალვა ვერ მოასწრო, მაგრამ სახლის პატრონის კარგად შენიღბული სამალავის აღმოჩენა ვერა და ვერ მოხერხდა. ამას ზარანდიასთვის გული არ დაუწყვეტია; იგი დარწმუნებული იყო, რომ მასპინძელს აკისრებინებდა ყველაფერს, რაც დასახული გეგმის განხორციელებისთვის ესაჭიროებოდა.

დახელოვნებული დეტექტივისა და გაიძვერა ბოროტმოქმედის ორთაბრძოლა ოთხ დღე-ღამეს გაგრძელდა. ჩანს, პანდორას ჰერმესმა ცბიერების, ვერაგობის, სიცრუის და მჭევრმეტყველების მხოლოდ მცირე ნაწილი მისცა და უდიდესი კი მადამ ტრიანდოფილიდისთვის შემოინახა, მაგრამ მის მხარეზე მხოლოდ ხსენებული თვისებები იყო. ზარანდიას, დახვეწილ პროფესიონალიზმთან და მოუსყიდველობასთან ერთად, ხელთ ჰქონდა სამძებრო განყოფილების აგენტურულ დასმენათა ტომი და ამ მასალებიდან სწორად გამოტანილი დასკვნები: ფართლეულის ისტორიის გამო კარგი გასამრჯელოს ფასად საპყრობილეში ნებაყოფლობით წასული კაცის გულახდილი აღიარება და ყავახანის პატრონის ვრცელი ჩვენებები, რაც მევახშე დედაკაცის სხვა თანამოსაქმეთა სიასაც შეიცავდა; ნივთიერი მტკიცება – გაძარცული ოფიცრის იარაღი, და სხვაც ბევრი რამ. ამგვარად, ევტერპია ტრიანდოფილიდი მუდმივი რისკითა და შიშით შეძენილი ქონების ოხრად დარჩენისა და, ამასაც ჯანი გავარდეს, ხანგრძლივი პატიმრობის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ამ დედაკაცისთანა პრინციპების მქონე ადამიანები მსგავს სიტუაციაში ტყავის შენარჩუნებისთვის ყველანაირ კომპრომისზე მიდიან. ევტერპია ტრიანდოფილიდიც არ ყოფილა გამონაკლისი; მან, ეგრეთ წოდებულ, გულწრფელი აღიარების გზას მიმართა და ამაში იმდენი გულმოდგინება ჩააქსოვა, რომ ზარანდიასაც კი ვეღარ გაეგო, ვინ იყო მის წინაშე – დამნაშავე თუ ბრალმდებელი.

ზემოთ მოყვანილი ოპერაციის შედეგად ხაზინამ მიიღო კონფისკებული ორას სამოცი ათასი მანეთი: ოთხმოცდაათი – სარჩიმელიას წილი და ას სამოცდაათი – დედაკაცისა. მადამ ტრიანდოფილიდის ერგო თავისივე უძრავ-მოძრავი ქონება, ვახშად გაცემული ათი ათასი მანეთის თამასუქები, მეფისნაცვლის პატიება-შეუვალობის ბარათი და სოხუმის პოლიციის საიდუმლო აგენტის ყოველთვიური მცირედი ჯამაგირი. ზარანდიას ერგო ის, რაც სურდა: ევტერპია ტრიანდოფილიდიმ ყავახანის პატრონის მეშვეობით სარჩიმელიას გაუგზავნა კარგად შედგენილი წერილი, რომლის მიხედვით, მძარცველურ-სამევახშეო ალიანსის მთელი კაპიტალი ბუდუ და ლუკა ნაკაშიებმა გაიტაცეს!

ეს სამკუთხედის მეორე კუთხე იყო.

ჩემი თანამდებობისა და პროფესიის გამოისობით, ცხადია, კავკასიის ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგად ვიყავი ჩახედული. ჩემს ყურამდე აღწევდა ყველა ღირსშესანიშნავი მოვლენა, მათ შორის – განსაკუთრებით კურიოზული და სასაცილო შემთხვევებიც. ჩხუბისა და აყალმაყალის მოყვარულები ყველგან მრავლად იყვნენ, მაგრამ სამეგრელოს ერთ მთიან სოფელში მცხოვრებმა თოდუების ოჯახმა, ეჭვს გარეშე, ყველასა და ყველაფერს გადააჭარბა. ოჯახი ექვსი სულისგან შესდგებოდა: მამა – დოროთე თოდუა, დედა – ნუცა ნაკაშია-თოდუასი და ოთხი ერთმანეთის მომდევნო ვაჟკაცი. ტრადიცია დოროთე თოდუამ შექმნა. მან ახალგაზრდობაშივე გაითქვა სახელი, როგორც ჩხუბისთავმა და ჩინებულმა მოკრივემ. ჩხუბი მისი ცხოვრების მთავარ გატაცებად, სულიერ სარჩოდ იქცა; მუშტი-კრივის სიყვარულმა ფანატიზმამდე ააღწია, თორემ სხვით ვერაფრით აიხსნება ის, რომ სანამ მკლავი ერჩოდა, არც ოჯახს მოჰკიდებია და არც ქონებაზე უფიქრია. დადიოდა და ფათერაკს ეძებდა. სცემდა და ხანდახან მასაც სცემდნენ. ბოლოს ასაკმა თავისი გაიტანა; ორმოცი წლისამ ჯოგი გაიჩინა, ორმოცდახუთისამ – ნაკაშიას ქალი მოიყვანა, ორმოცდათხუთმეტისამ თავისი ბიჭების გაწვრთნა-დაგეშვას მიჰყო ხელი. ბიჭებს საამისო ნიჭი და მიდრეკილება ჭარბად აღმოაჩნდათ, მამას ბევრად აჯობეს. ამის გამო ნუცა ნაკაშია-თოდუამაც შორს გაითქვა სახელი და არა მარტო, როგორც შფოთისთავი ქმარ-შვილის პატრონმა, არამედ, უმთავრესად, როგორც ყოველგვარი ნაცემობის, დაბეგვილობის, კოპებისა და მოტეხილობების მკურნალმა. ერთი სიტყვით, თოდუების ოჯახი ხულიგანთა ქართული განმეორება იყო იმ განსხვავებით, რომ შრომა ყველას უყვარდა და, მაშინდელი გლეხის კვალობაზე, დიდი შეძლებაც ჰქონდათ.

მამასა და შვილებს შორის ერთი არსებითი განსხვავება იყო: დოროთე თოდუამ უბოროტო ჩხუბი იცოდა, მისთვის მთავარი იყო კრივი, როგორც სპორტი და ორთაბრძოლის საშუალება. შვილებს კივისიმე დაჯაბნვის სურვილი ამოძრავებდათ, ყველა დაბრიყვებული, დაჩაგრული ჰყავდათ. დღეობაში, ქორწილში ან სხვა რომელიმე თავყრილობაზე რომ გამოცხადდებოდნენ, ვინც ძმებს იცნობდა – ჩუმად გაიკრიფებოდნენ ხოლმე. ვინც დარჩებოდა – პურ-მარილი ჩაშხამდებოდა. ამის მიზეზით, თოდუებმა მტრადაც ბევრი გადაიკიდეს. შეურაცხყოფას ყველა ვერ მოითმენს; თითო და ორ-ორჯერ ოთხივე ძმა იყო დაჭრილი – ზოგი ხანჯლითა და ზოგი ტყვიით. მამამ წლობით არიგა, ტუქსა, მაგრამ შვილები თავისას სჩადიოდნენ. მოხუცს მობეზრდა, ხელი ჩაიქნია! ჯოგს აძოვებდა, შინ იშვიათად. მოდიოდა.

დათა თუთაშხიამ დოროთე თოდუა მეჯოგეობაში გაიცნო: ერთმანეთისა დიდი პატივისცემა ჰქონდათ: თუთაშხიას – როგორც კეთილად განწყობილი უფროსი კაცისა, თოდუას – როგორც სახელიანი და სამართლიანი აბრაგისა. დათა რამდენიმეჯერ თოდუების ოჯახში სტუმრადაც იყო ნამყოფი. ბუნებით თავხედი ვაჟიშვილები აბრაგს ნელ-ნელა გაუთამამდნენ და ერთხელ მთის საძოვრებზე, როცა დოროთე თოდუას კარავში ღვინის სმა და პურ-მარილი იყო, რაღაცაზე შარი მოსდეს. ასეთ კაცთან მამლაყინწობას შფოთისთავები განსაკუთრებით ეტანებიან; ერთი მხრივ, იმის იმედი აქვთ, რომ კეთილგონიერება მოითმენს და თუ არ მოითმინა კიდეც – უკიდურეს სამაგიეროს არ აზღვევინებს. მეორე მხრივ – ერთი სახელიანი კაცის დამარცხება ათ ჩვეულებრივ კაცზე გამარჯვებას უდრის და შემდგომი ჩხუბების დროს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კაპიტალს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ძმებს მცირედის დაბანდებით მრავლის მოხვეჭის იმედი ჰქონდათ. თუთაშხიამ დოროთეს ხათრით ყველაფერი მოითმინა. ძმებს კი ჩხუბი სწყუროდათ და ამ სერიოზულ კაცს უმოწყალოდ სცემეს. აბრაგისთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა შეურაცხმყოფლები იარაღით დაეშოშმინებინა ან უარესიც ექნა, მაგრამ მან ბოლომდე მოთმინება არჩია, ნაგვემი სახე დაიბანა და წამოსვლისას ყმაწვილებს უთხრა: რასაც თქვენ თქვენი საქციელით მოიწევთ, იმასაც ვნახავო! მას შემდეგ თუთაშხია თოდუებს აღარ გაჰკარებია. ეგ არის, ამ ამბის შემდეგ ორი წელიწადიც არ იყო გასული, თოდუების ოჯახი, ჯოგში მყოფი დოროთეს გარდა, ერთ ღამეს მთლიანად ამოწყვიტეს – ოთხი ძმა და დედა! მკვლელებს, ალბათ, ძალიან ეჩქარებოდათ, რომ ერთმა პოლიციელმა ბოროტმოქმედების ადგილზე ხილაბანდში გახვეული სამკაულები იპოვნა და ყველასთვის შეუმჩნევლად უბეში შეინახა. ნივთები ოჯახის დედას, ნუცას ეკუთვნოდა. დაწვრილებით ამის თხრობა არ ღირს, მაგრამ საქმე ისე წარიმართა, რომ ერთი წლის შემდეგ სამკაულებმა ხილაბანდითურთ მაზრის პოლიციის სეიფში ამოჰყო თავი. ეს ზარანდიას მოახსენეს. მან ბრძანა, საქმის გახსნამდე დოროთე თოდუასთვის ნივთების პოვნა არ გაემხილათ.

ბოროტმოქმედთა კვალი გაქრა. ხალხში ათასნაირი და ერთმანეთის საწინააღმდეგო ხმები დადიოდა: მათ შორის, იმასაც ამბობდნენ თითქოს ეს გაუგონარი დანაშაული დათა თუთაშხიას ჩაედინოს და მტკიცებად ის სიტყვები მოჰქონდათ, რაც ნაცემმა აბრაგმა თოდუებს უთხრა. დანაშაული სამუდამოდ გაუხსნელი დარჩა. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, ამ საქმისა თუთაშხიამ არაფერი იცოდა, მაგრამ მუშნი ზარანდიამ მოისურვა, რომ ხალხისა და, უპირველეს ყოვლისა, ბუდუ და ლუკა ნაკაშიების თვალში, ამ საზიზღრობის ჩამდენი სწორედ დათა თუთაშხია ყოფილიყო; საქმე ის არის, რომ ნუცა ნაკაშია – ამოწყვეტილი ძმების დედა, ბუდუ და ლუკა ნაკაშიების მკვიდრი მამიდა გახლდათ, ხოლო ნაკაშიებისა და თუთაშხიას სამკვდრო გადაკიდება ზარანდიას მიზანს შეადგენდა. ამიტომ მან თავისი ქსელის საშუალებით სათანადო ხმები გაავრცელა, ჭორმა ნაკაშიებამდეც მიაღწია. ძმებს ასეთი რამ ადრეც ჰქონდათ გაგონილი და ინფორმაციის განმეორების გამო პირველწყაროს დადგენას მიჰყვეს ხელი.

ეს სამკუთხედის მესამე კუთხე იყო.

ახლა იმაზე, თუ როგორ შეკრა მუშნი ზარანდიამ ეს გეომეტრიული ელემენტები ერთ ფიგურად, რაც არანაკლებ რთულ სამუშაოს წარმოადგენდა. აუცილებელი იყო, რომ ყაჩაღებამდე მისულ ყოველ ვერსიას თავისი სრულქმნილი მტკიცება ჰქონოდა. ეს ეშმაკობაში და ყოველგვარი რებუსების ამოხსნაში დახელოვნებული კაცები მეტისმეტად ძნელი მოსატყუებელი ხალხი იყო. ისინი დაუჯერებდნენ მხოლოდ იმას, რასაც ხელი მოევლებოდა – ფაქტს, ნივთს, უკიდურეს შემთხვევაში, საიმედო კაცის სიტყვას. თუთაშხია უნდა დამატებითი მტკიცების საშუალებით დარწმუნებულიყო, რომ სარჩიმელიამ მართლაც წაართვა საყვარელი ან არ ჩაუდენია ეს, მაგრამ ჯავრის ამოყრის მიზნით ასეთ ხმებს ავრცელებს. სარჩიმელია უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ბუდუ და ლუკა ნაკაშიებმა მართლაც გაიტაცეს ევტერპია ტრიანდოფილიდისთან დაბინავებული მისი თანხები და ნაძარცვი. ნაკაშიები უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ მათი მამიდისა და მამიდაშვილების სისხლი თუთაშხიას კისერზე იყო. ზარანდიამ ამ ამოცანის დაძლევაც ვირტუოზულად შეძლო.

მუშნის თავის გეგმაში არც ის მოსაზრება გამორჩენია, რომ თუთაშხიას იქნებ საერთოდ არ ეთხოვებინა ყური სარჩიმელიას ამურული თავგადასავლების გამო დარხეული ხმებისთვის, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ეს საკითხი აბრაგს მაინც დააინტერესებდა. ამიტომ გავრცელებული იქნა ხმა, თუ, სახელდობრ, ვისთან განთავისუფლდა ბეჩუნი პერტია სარჩიმელიას სიყვარულის შედეგად დარჩენილი ფეხმძიმობისგან. ამ ვერსიაში დასახელებულ მეანე ქალთან, სულ რაღაც ათი დღის შემდეგ, პატივცემული ქალბატონი ტერეზია ჩიჩუა მივიდა. თავადის ქალი, სხვა მოარულ ჭორებთან ერთად, ბეჩუნი პერტიას და რაჟა სარჩიმელიას რომანსაც შეეხო და ხუმრობაში მეანე ქალი “გამოტეხა”, რომ ბეჩუნი პერტიას სწორედ მან აღმოუჩინა დახმარება. ზარანდიამ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა: დარწმუნდა, რომ დათა თუთაშხიამ, ასე თუ ისე, საკენკს ნისკარტი ჩაჰკრა და, მეორე მხრივ, აბრაგის მანამდე უცნობი ურთიერთობა აღმოაჩინა ქალბატონ ტერეზია ჩიჩუას სახით. ცხადი გახდა, რომ დათა თუთაშხია რაჟა სარჩიმელიას რითიმე მოუვლიდა.

ბუდუ ნაკაშიასთვის თავის დროზე, ანუ ოთხი წლის წინათ, დავალებული ტერორისტული აქტის დრო და ადგილი ჩვენმა სამსახურმა წინასწარ გაიგო. ტერორისტი ხაფანგში გაება, დავალება ვერ შეასრულა, მაგრამ ორი კაზაკი მოგვიკლა და ტყეს შეაფარა თავი. ლუკა ნაკაშია – უმცროსი ძმა, ბუდუს თანამოაზრე და იმ საქმეში თანამონაწილე არ ყოფილა, რადგან დაბადებითვე გონებასუსტი იყო. როცა ბუდუ ნაკაშიამ აბრაგობას მიჰყო ხელი და სახელი გაითქვა, ლუკამ გუდანაბადი აიკრა, ძმას მიაგნო და შინ დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ასე გააბრაგდა ლუკა ნაკაშია. კერძოდ მის წინააღმდეგ დამსჯელ ორგანოებს არავითარი მასალა არ გააჩნდათ, გარდა იმისა, რომ იგი შედარებით ახდილად მიდი-მოდიოდა და, საფიქრებელია, თავისი ძმის დავალებებს ასრულებდა. ერთხელ აზრი წარმოიშვა, ლუკა დავიჭიროთ და ბუდუს შევუთვალოთ, გამოდი, ჩაგვბარდი, თორემ ძმას გაგიციმბირებთო, მერე ვიღაცას მოაგონდა, რომ ლუკა ჭკუანაკლული იყო, მისი სამართალში მიცემა ვერ მოხერხდებოდა, რომ ეს ბუდუმაც კარგად იცოდა და ამიტომ არც ჩაგვბარდებოდა. წინადადება ჩაფლავდა. ლუკა არც იმდენად იდიოტი იყო, რომ ძმის ადგილსამყოფელზე კვალი მიეტანა და არც იმდენი ჭკუა ჰქონდა, პოლიციას რომ მისი რეიდები შეუსწავლელი დარჩენოდა. ზარანდიასთვის ესეც სრულიად საკმარისი იყო. ლუკას მიუდარაჯეს და გზაზე გამოსულს მშვენიერი მაუზერი დაუგდეს. ამ ხრიკის ტექნიკური შემსრულებელი ირწმუნებოდა, მეტი თუ არა, ნახევარი საათი მაინც ათვალიერაო. ჩანს, ამ ნახევარ საათში ლუკამ ყველაფერი ბოლომდე გაიაზრა, რადგან მაუზერი ქამარში ყოჩაღად გაირჭო და რასაც პოვნამდე უსტვენდა, იმავე მელოდიის სტვენით განაგრძო გზა. როცა სოფლებში საქმე მოათავა, ლუკა ძმასთან დაბრუნდა და თავისი ნაპოვნით დიდ საგონებელში ჩააგდო იგი. ბუდუ ნაკაშიამ ეს უცნაური მოვლენა ათასნაირად აწონ-დაწონა, საეჭვოს ვერაფერს მიაგნო და ყველაფერი შემთხვევითობას მიაწერა. ამგვარად, ევტერპია ტრიანდოფილიდისაგან ჩამორთმეული ნაძარცვი მაუზერი ლუკა ნაკაშიამ ჩამოიკიდა. საჭირო

იყო სარჩიმელიას თავისი თვალით ენახა ეს...

ადრე ვთქვი, რომ დათა და ელე თუთაშხიები მუშნი ზარანდიას დედ-მამის ოჯახში აღიზარდნენ. დავსძენ, ამ ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ უნაზესი სიყვარულითა და მზრუნველობით გამოირჩეოდნენ. ნამდვილად ვიცი, მუშნი ზარანდია გულწრფელად, ღრმად განიცდიდა დათას და ელეს ბედუკუღმართობას. იგი არა მარტო თანაბარ მატერიალურ დახმარებას უწევდა თავის მშობლებს, უფროს ძმას და ელე თუთაშხიას, არამედ ამ გაუთხოვარი, მარტოხელა ქალის სახლ-კარსა და მეურნეობაზეც ზრუნავდა. მუშნი, მისი ძმა და მოხუცი ზარანდიები ელესთვის და დათასთვის ბოლომდე ძმებად და მშობლებად დარჩნენ, ხოლო მოხუცები ერთთავად თავის აღზრდილი ობლების ტირილში იყვნენ. დაჟინებით ვიტყვი, რომ მიუხედავად საზოგადოებრივ ასპარეზზე მძაფრი დაპირისპირებისა, მუშნი ზარანდიასა და დათა თუთაშხიას შორის ურთიერთპატივისცემა და ძმური სისხლისმიერი სიყვარული არაფრით და არასოდეს შენელებულა. ეს პარადოქსადაც ჟღერს, ჭეშმარიტებაც არის და თუკი ვცდები, დაე, ღმერთმა განსაჯოს ამ ორი ტრაგიკული პიროვნების სიცოცხლეც და ჩემი შეხედულებაც.

ელე, სამკუთხედის ოპერაციის დაწყების წინა ხანს თბილისში ზარანდიებთან სტუმრობდა. სოფელში თუთაშხიების ძველთაძველი სახლი დიდი ხანია შეკეთებას მოითხოვდა. მუშნიმ ელეს საჭირო თანხა მისცა, – ჯერ სახურავი შევაკეთოთ და დანარჩენზე მერე ვიფიქროთო. ამასთან ერთად, მიასწავლა კაცთან, რომელიც კარგ ოსტატებს გამოუნახავდა, ჩასვა მატარებელში და შინ გაისტუმრა. ელე თუთაშხია ზარანდიას მიერ მითითებულ კაცთან მივიდა. დახმარება სთხოვა. კაცმა მიუგო, ის ოსტატები ჯერჯერობით სხვა საქმით არიან დაკავებული, პატარა ხანს მოცდა დაგჭირდებათ, იმ სამუშაოს მორჩებიან თუ არა, მაშინვე გამოგიგზავნითო. ალბათ, გასაგებია,რომ ეს კაცი ზარანდიას აგენტი იყო და ამიტომ ოსტატების გაგზავნა სათანადო სიგნალის მიღებამდე გააჭიანურა. ელე თუთაშხიას მაინცდამაინც დიდი ლოდინი არ დასჭირვებია, ერთ დილას ოსტატები მოვიდნენ და საქმეს შეუდგნენ. მუშაობის დროს ერთ-ერთმა თავი დაიმარტოხელა, ნუცა თოდუას ხილაბანდში გამოკრული სამკაულები წინასწარ დანიშნულ ადგილზე დამალა. სახურავის შეკეთება დასრულდა, ოსტატებმა თავისი მიიღეს, წავიდნენ. ორი-სამი დღის შემდეგ მუშნი ზარანდიას მეუღლის ავადმყოფობის გამო ელე თუთაშხიამ თბილისიდან სასწრაფო გამოძახება მიიღო, სახლი დაუყოვნებლივ დაკეტა და გაემგზავრა. ამგვარად, თოდუების ამოწყვეტაში რომ დათა თუთაშხიას ორთავე ხელი ერია, ამისი ნივთიერი მტკიცებულობა მისივე სახლის სხვენში ინახებოდა. საჭირო იყო ნაკაშიების მისვლა და ხილაბანდის პოვნა...

ზარანდიამ ოპერაცია თავის ხელქვეით ოფიცერს ამ ფაზაში დაუტოვა, თბილისს გამოემგზავრა და ჩამოსვლისავე დღეს სხვა მიმდინარე საქმეებს მოჰკიდა ხელი. ვსარგებლობ შემთხვევით და აღვნიშნავ, რომ ზარანდიამ ერთდროულად დაიწყო ხუთი ანალოგიური ოპერაცია კავკასიის სხვადასხვა მაზრაში. ვიცოდი, ოპერაციის დამთავრებას ჯერ კარგა ხანი აკლდა, ამიტომ დაწესებულებაში მისი გამოჩენა ჩემთვის მოულოდნელი იყო. გამოძახებას ვაპირებდი, მაგრამ თვითონ მოვიდა. მისალმების შემდეგ მოლოდინი შემნიშნა და საქმის მსვლელობა მომახსენა.

– დაბრუნდებით? – ვკითხე მე.

– აღარ.

– როგორ შედეგს ელით?

ზარანდია დაფიქრდა, გაიღიმა:

– შედეგის განჭვრეტა, მოგეხსენებათ, მხოლოდ მიახლოებით შეიძლება... მით უმეტეს, ასეთ საქმეებში. მგონი, წინასწარი ვარაუდი უნდა გამართლდეს.

– ესე იგი: უფროსი ნაკაშიას ან ორივე ნაკაშიას ლიკვიდაცია; სარჩიმელიას შემორიგება და ჩვენს სამსახურში აყვანა; თუთაშხიას საბოლოო და ისეთი კომპრომეტირება, რომ სხვა გზა აღარ დარჩეს და შემორიგებაზე დაგვთანხმდეს!

– დიახ, – დამიდასტურა ზარანდიამ, – მაგრამ იმ პირობით, თუ თუთაშხიამ დანარჩენ ბოროტმოქმედთა დაშოშმინება-დარწმუნება ვერ შეძლო. რაც დრო გადის, სულ უფრო მეშინია ამისი.

– როცა ნაკაშიები თავისი დის ნივთებს თუთაშხიას სხვენში იპოვნიან, მაშინაც შესაძლებელია, რომ თუთაშხიას გავლენამ ოპერაცია ჩაშალოს?

– კაცნი ვართ! – ყოყმანით თქვა ზარანდიამ – ყოველ შემთხვევაში, ჩემი იქ ყოფნა ვეღარაფერს გამოასწორებდა.

ერთი საკითხი იმთავითვე მაწუხებდა, მაგრამ ვერა და ვერ გამოვნახე საჭირო შემთხვევა, რომ ზარანდიასგან პასუხი მიმეღო. ამ თემაზე სიტყვის ჩამოგდება ახლაც მეჩოთირებოდა, ვყოყმანობდი. ბოლოს, თავი იმაში ვამხილე, რომ საამისო მომენტი ყოველთვის იყო და უბრალო გამბედაობა მღალატობდა.

– მაგ ოპერაციაში არც ის არის გამორიცხული, რომ თუთაშხია მოკლან და სხვა ყველაფერი ძველებურად დარჩეს. მაშინ?

– არა, თქვენო ბრწყინვალებავ, ეგ სწორედ გამორიცხულია! ჩვენთვის სასურველ გადაწყვეტას სამიდან ორი კუთხე მიიღებს და თუთაშხია ყველა შემთხვევაში ცოცხალი დარჩება.

– რამ შეგძინათ ეს რწმენა?

– იმან, რომ თუთაშხია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სარჩიმელია და ნაკაშიები ერთად აღებული!..

– რით აიხსნება ასეთი განსხვავება მათ შესაძლებლობებში?

– ჯერ თანდაყოლილი ღირსებები და შემდეგ სწორი აღზრდით ჩამოყალიბებული ზნეობა. მე ვიცი, რომ სრულქმნილი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ თუთაშხია იმ კაცთაგანია, რომელნიც სრულქმნილებასთან ყველაზე ახლოს არიან.

– კაცი ბჭობდა – ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია; ვნახოთ და მოხდა? – ჩავაცივდი მე.

– ეგ მაშინ უნდა მოხდეს, თუთაშხია თუ სხვებზე უძლური აღმოჩნდება. სუსტმა უნდა წააგოს. აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგრამ თუთაშხიას, ვიმეორებ, არაფერი დაემართება.

საუბარი შეწყდა.

ნაკაშიებმა კითხვა-კითხვით მიაგნეს ადამიანს, რომელმაც თოდუების ამოწყვეტაში დათა თუთაშხია დაადანაშაულა და დანიშნულ ადგილზე დაიბარეს იმ კაცთან ერთად, ვინც მიაგნებინა.

– ღენტორ კუპრავა, ბატონო, საიდან იცით თქვენ, მამიდაჩვენი ნუცა და მისი ვაჟები დათა თუთაშხიას დახოცილები რომ არიან?! – ჰკითხა ბუდუ ნაკაშიამ.

კუპრავა დაიბნა და ჩაილაპარაკა:

– საიდან უნდა ვიცოდე?.. არ ვიცი არაფერი მე.

– უყურე ერთი! – აღშფოთდა შუაკაცი. – შენ არ მითხარი: მისი გაკეთებულია ეს საქმეო!

კუპრავამ ისევ იუარა, მაგრამ მის სიტყვებში ყოყმანი და სიცრუე ნათლად ჩანდა. ნაკაშიები ჩააცივდნენ. კუპრავა დიდხანს იდგა თავისაზე. როცა საქმე მუქარაზე და იარაღის ტრიალზე მიდგა, კუპრავა მუხლებზე დაემხო, ცრემლით შეემუდარა:

– ბუდუ ბატონო, არ მომკლა, შვილები არ დამიობლო, ვიცი ყველაფერი, მარა არაა სათქმელი ის. მკვლელობა და ცოდვა არ აკლია ამ ქვეყანას, რომ ვთქვა, მიემატება კიდევ და, არ მინდა მე. დამანებე თავი, გაფიცებ მაღლა ღმერთს და მიწაზე ძვირფასი ვინც გყავს – იმას!

– თქვი, ახლა, თვარა გაგაციე აქ, – შეუტია ლუკა ნაკაშიამ.

კუპრავამ ცოტა ხანს იყუჩა და ბუდუ ნაკაშიას ჰკითხა:

– საწყალი ნუცა, დოროთე თოდუას რომ უნდა წაეყვანა, ახალი სახლის აშენებას თქვენ წინდღით მორჩით, მგონია. ასეა ხომ?

ბუდუ დაფიქრდა.

– მასეა, რაა მერე?

– ის ოსტატები ხომ კარგად იცნობდნენ თქვენს ნუცას, საწყალს, და თოდუები მის წასაყვანად რომ მოვიდნენ, ხომ იყვნენ ის ოსტატები იმ ამბავზე?

– იყვნენ, მგონი.

– იყვნენ, კი, იქ ვიყავი მეც და ვიცი, რომ იყვნენ. გახსოვს შენ, ალბათ, იქ რომ ვიყავი მე, – თქვა კუპრავამ.

– კი მახსოვს.

– ნუცას დოროთე თოდუამ ნიშნად სამკაულები რომ აჩუქა – არ მახსოვს მე, სიმართლე გითხრა, ის სამკაულები, მარა იმ ოსტატებს ახსოვთ: ვერცხლის ბეჭედი ყოფილა ფირუზის სამი თვლით გულსაბნევი – ისიც მისთანა ფირუზებით გაწყობილი და საყურეები – ისიც მისთანა. ოსტატები ამბობენ, – საცოდავი ნუცა, სულ ატარებდა იმ ნივთებსო. ყოველდღე ვხედავდით იმდენ ხანს და დავიხსომებდით, აბა, რა იქნებოდაო. თუ ქონდა საწყალ ნუცას ასეთი სამკაულები?..

ბუდუ ნაკაშია უკვე გაფითრებული იყო.

– ქონდა. ატარებდა, მართალია ეგ!

– ოსტატებს რომ ვამბობ, მათ უნახავთ ის სამკაულები.

– სად?!

– დათა თუთაშხიას სახლის სახურავს მართავდნენ ხელახლა. იქ უნახავთ, სხვენში დამალული.

სიჩუმემ კარგა ხანს გასტანა.

– ადგილი თუ გითხრეს?

კუპრავა შეყოყმანდა. მერე თავს ძალა დაატანა და ამოსცრა:

– მითხრეს. მარა... ვაითუ იცრუეს... ან ვაითუ აღარ დაგხვდა ის იქ. რა ვქნა მაშინ მე!

ნაკაშიებს მოწმის ტირილისა და ცრემლებისთვის სად ეცალათ! – დაუყოვნებლივ ათქმევინეს ოსტატების მინიშნებული ადგილი. გამთენიის ხანს თუთაშხიას სახლ-კარს მიადგნენ, იქაურობა რიგიანად დაათვალიერეს და როცა საეჭვო ვერაფერი ნახეს, ჩარაზულ-ჩაკეტილი სახლის ეზოში გადახტნენ. ცოტა ხნის შემდეგ სამკაულებიანი ხილაბანდი ძმებს ხელთ ჰქონდათ. ლუკამ სამზადი შეამტვრია, ნავთი გამოიტანა, შენობას მოასხა და ცეცხლი მისცა. ეს ამბავი მთელი სოფლის თვალწინ და, რა თქმა უნდა, ნაკაშიების მრავალგზისი აღშფოთებული განმარტებებისა და მუქარის თანხლებით მოხდა.

ახლა სარჩიმელიას, ბუნებრივია, ეჭვი შეეპარა თავისი კომპანიონის ინფორმაციაში. საამისოდ მრავალი მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ის, რომ თვითონ შეეძლო უმნიშვნელო თანხის გულისთვის ყოველნაირი ცბიერება და მზაკვრობა ჩაედინა. ევტერპია ტრიანდოფილიდიც ხომ მის თარგზე გამოჭრილი დედაკაცი ბრძანდებოდა: არ არსებობდა საქციელი, რომელიც მოულოდნელი ყოფილიყო მისგან. ზარანდიამ გაითვალისწინა, რომ დამატებითი მტკიცებების უქონლად სარჩიმელიასთანა გაქნილი სკეპტიკოსისა და ეშმაკეულის დარწმუნებას თვით ტრიანდოფილიდის ქალიც კი ვერ შესძლებდა. ამიტომ სათანადო ზომები იქნა მიღებული! მიღწეული შეთანხმების შემდეგ ნაჩხრეკ და არეულ-დარეულ ბინაში ზარანდიამ ხელფეხშეკრული დიასახლისი დატოვა. ცოტა ხნის მერე ქალი ქუჩაში გამოღოღდა, კივილი ატეხა, მოგროვდა ხალხი, მოვიდა პოლიცია, რომელმაც ქუჩაში ვითომდა ნაკაშიების მიერ წაღებული ნაძარცვის მცირედი ნაწილი იპოვნა. კვლევა-ძიება ორ-სამ დღეს გაგრძელდა და, რა თქმა უნდა, მთელმა სოხუმმა გაიგო ტრიანდოფილიდის გაძარცვის ამბავი. ამის შემდეგ გაჩხრიკეს ნაკაშიების ყველა ნათესავი ყველა მაზრაში, სადაც კი მოიპოვებოდნენ. დააპატიმრეს, დაკითხეს, ცოტა ხნით დააკავეს და მერე თავდებით გაათავისუფლეს ტრიანდოფილიდის თანამოსაქმეთა მესამედი, თუ ნახევარი, მათ შორის კირიაკაც, რომელთანაც სარჩიმელიას საგანგებო ლაპარაკი ჰქონდა შემდგომში. პოლიციას, ვითომდა, მხოლოდ ის აინტერესებდა, თუ ვინ მისცა ტრიანდოფილიდის საქმე ნაკაშიებს. სარჩიმელია რაც მეტს იკვლევდა და ფათურობდა, მით მეტად უქარწყლდებოდა კომპანიონის მიმართ აღძრული ეჭვი და მით უფრო მეტს ფიქრობდა ნაკაშიებთან შეხვედრაზე. მან იცოდა, მათთან ლაპარაკისა და გატაცებული ფულის კატეგორიული მოთხოვნისთვის ურყევი მტკიცებები იყო საჭირო, ამიტომ გადაწყვიტა, საქმის კურსში მყოფი ადამიანების მიერ მოყვანილ თუ გაგონილ ფაქტებთან ერთად, ხელთ ჰქონოდა ჭკუანაკლულ ლუკა ნაკაშიასგან გამოცინცლული რაიმე ცნობაც. პოლიციაზე უკეთესად სარჩიმელიამ იცოდა ლუკას ასავალ-დასავალი და ორიოდე კვირის თვალთვალის შემდეგ შეხვედრა მოხდა: ლუკას მაუზერმა სალმის მიცემისთანავე მიიპყრო მძარცველის ყურადღება. იმაში დარწმუნება, რომ ეს მისი ნაძარცვი და ევტერპიას სახლიდან გატაცებული მაუზერია, სარჩიმელიასთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. ამისთვის მაუზერის დათვალიერება იყო საჭირო, სხვა არაფერი. ამიტომ არც რაიმე საუბარი ყოფილა – ყაჩაღები თავ-თავის გზას გაუდგნენ. ვერსიის სისწორის გამო რაჟა სარჩიმელიასთვის ახლა უკვე ორი აზრი აღარ არსებობდა, მაგრამ შესამოწმებელი იყო თვით ევტერპია ტრიანდოფილიდი და დანაკარგის ანგარიშებიც. მან, როგორც იტყვიან, თავზე ხელი აიღო, სოხუმში მოვიდა. თვალთვალი, ცხადია, გრძელდებოდა. პოლიციას ნაბრძანები ჰქონდა, ყაჩაღისთვის ხელი არ ეხლოთ. სარჩიმელია კომპანიონს ესტუმრა, ერთხელ კიდევ დარწმუნდა, რომ ზღვის მეკობრეებიც და არსენა ოძელაშვილიც მას ჭკუით სჯობნიდნენ და ნაკაშიებთან შეხვედრაზე ფიქრით გართული უკან გამოტრიალდა.

სარჩიმელია, მართალია, დარწმუნებული იყო, რომ მისი ფული ნაკაშიების გატაცებულია, მაგრამ ყაჩაღს ეჭვი ეპარებოდა, რომ ექსპროპრიატორები რამეს დააბრუნებდნენ.

– რას მომცემენ მაგენი! მაგენი პოლიტიკურებია, არ იცი შენ! მაგენმა ის ფულები ჩააბარეს უკვე მათ, – მიუგო რაჟამ ერთ გულშემატკივარს, როცა იგი ნაკაშიებთან მისვლას და ფულის მოთხოვნას ურჩევდა.

– მაშინ, კაცი წაიყვანო უნდა ისეთი, მისი ხათრი და პატივისცემა რომ აქვთ ნაკაშიებს.

ეს რჩევა სარჩიმელიას ჭკუაში დაუჯდა, მაგრამ ვინ წაეყვანა? სწორედ იქ დაიბადა დათა თუთაშხიას გამოყენების იდეა. ამაში დაბრკოლებაც ბევრი იყო. ჯერ ერთი – ძველი ანგარიშები, და მეორე ის, რომ სარჩიმელიაზე გავრცელებული ხმები – ვითომ მან თუთაშხიას საყვარელი წაართვა, – თვით სარჩიმელიამდეც მივიდა და, მაშასადამე, არ შეიძლებოდა, დათამდე მისულიც არ ყოფილიყო. ამასთან ერთად, სამედიატოროდ, საშუამავლოდ, ნაკაშიებზე შთაბეჭდილებისა და ზეგავლენის მოსახდენად უკეთეს კაცს თვით ღმერთიც ვერ გამოიგონებდა. სარჩიმელია ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ ამ დროს გაიგო, რომ ნაკაშიებმა თუთაშხიას სახლ-კარი გადაუბუგეს, ისიც გაიგო, თუ რისთვის გადაუბუგეს და ბევრი აღარ უფიქრია, მის საძებნელად გასწია. ოღონდაც! აქ უკვე ზეგავლენაზე კი არა, ინტერესთა ერთიანობაზე და, ამდენად, ნაკაშიების წინააღმდეგ მომავალ მოკავშირეობაზე შეიძლებოდა ლაპარაკი.

სურვილი ერთია, მისი სისრულეში მოყვანა – მეორე; დათა თუთაშხია სარჩიმელიასთვის ისეთივე ძნელი საპოვნელი იყო, როგორც პოლიციისთვის. საქმე ის არის, რომ თუთაშხიას მიმართ გაწეულ მაკომპრომეტირებელ მუშაობას ნელ-ნელა, მაგრამ ფრიად დამაჯერებლად მოჰქონდა თავისი შედეგი. ჩვენი ცნობების თანახმად, აბრაგმა ბევრ ისეთ ადგილში ამოიკვეთა ფეხი, სადაც უწინ ხელგაშლილი მასპინძლობა ხვდებოდა. ორმა თუ სამმა კაცმა პირდაპირ გაუმჟღავნა ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა. სხვებმა ახდილი მოქმედება ვერ გაბედეს, მაგრამ დათა თუთაშხიამ თვით იგრძნო მათი უარყოფითი დამოკიდებულება და ძველი მეგობრობა შეწყვიტა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი თავის მართლებას, დაყრილი ხმების უარყოფას და ვინმესთვის რაიმე განმარტების მიცემას არ ცდილა. მხოლოდ ერთხელ დედათა მონასტრის წინამძღვარმა თუთაშხიას, ვითომცდა მისი ცოდვები, ორთოდოქსის მოურიდებლობით მიახალა აბრაგმა მშვიდად მოისმინა და მიუგო:

– არ ჩამიდენია, დედაო, ეგენი მე, არ ვარ სამაგისო კაცი!

მოხუცი ქალი დათას პასუხმა შეაფიქრიანა, ყოყმანის შემდეგ უთხრა:

– ერმა ირწმუნა უკვე.

ზარანდიას ნამოქმედარი ჰგავდა საყოველთაო მსჯავრს, რომელსაც ძახითი ნიშანი აკლდა. სამკაულებიანი ხილაბანდის აღმოჩენამ, თუთაშხიების სახლ-კარის გადაბუგვამ, ამასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ხმებმა თავისი გააკეთა – ეჭვი და ვარაუდი ფაქტად აქცია. თუთაშხიამ დაინახა, რომ ხალხის თვალში იგი უკვე სისხლში ამოთხვრილი მგელი იყო და არა საერთო პატივისცემითა და თანაგრძნობით აღჭურვილი აბრაგი. მას იმის მეტი აღარც არაფერი დარჩენოდა რაც გააკეთა: განდეგილისა და მოკვეთილის ხვედრი იტვირთა.

რაჟა სარჩიმელია კი ტურასავით დაძრწოდა, ეძებდა. თუთაშხიას, რა თქმა უნდა, აქა-იქ კიდევ შემორჩა ფხიზელი და საღად მოაზროვნე კაცები. სარჩიმელია მათთანაც მივიდა პაემანის თხოვნით. საფიქრებელია, რომ განდგომილს გადასცეს კიდეც სარჩიმელიას დაჟინებული სურვილი, მაგრამ ხმა არსაიდან იყო. ყაჩაღი კი არა და არ ცხრებოდა – ეძებდა. ბოლოს, თუთაშხიას, ალბათ, მობეზრდა ან იქნებ სხვა რამ მოსაზრებით იხელმძღვანელა და ყაჩაღს შეხვედრის დრო და ადგილი ბანძაში, უსინათლო მორდეხის ქოხში დაუნიშნა. სარჩიმელია მივიდა, შუაღამე გადასული იყო. კარი ღია დაუხვდა,

შეაღო და შევიდა. მორდეხი ტახტზე იწვა, გვიანი სტუმრის მოსვლა არ გაჰკვირვებია, არც ასადგომად წამოწეულა, იწვა, მუმიას ჰგავდა.

– გამარჯობა შენი, მორდეხა.

– სიკეთე მოგცეს ღმერთმა, თუ სასიკეთოდ დადიხარ ამ ქვეყანაზე, – მორდეხმა ტახტზე მიანიშნა, მოეწყეო.

მოხუცს ხმა აღარ დაუძრავს. სამი დღე-ღამე ალოდინა სარჩიმელია თუთაშხიამ. ჩანს, სადმე ახლომახლო ტრიალებდა. შესაძლებელ ხაფანგს ზვერავდა. ამ ხნის მანძილზე მორდეხმა მხოლოდ ერთხელ დასძრა კრინტი – მოვაო, – უთხრა ყაჩაღს, როცა მოთმინების დაწყვეტა შეატყო.

თუთაშხია რომ შემოვიდა, სარჩიმელიას ეძინა. მის მოსვლამდე მორდეხმა ყაჩაღის თოფისა და რევოლვერების ლულებიდან ვაზნები ამოიღო, მაგიდაზე დააწყო. თუთაშხიამ ნაბადი მოიხადა. ჯორკოზე ჩამოჯდა. მორდეხმა ბუხარში ცეცხლი ააგიზგიზა, შეშამ ტკაცა-ტკუცი დაიწყო. ყაჩაღმა წამოიწია, თვალები მოისრისა და თქვა:

– გამარჯობა, დათა-ბატონო, მარა წასვლას ვაპირებდი, დღეს რომ არ მოსულიყავი კიდევ.

თუთაშხიამ თავი დააქიცინა. ყაჩაღი ვერ მიხვდა, სალმის პასუხი იყო ეს დაქიცინება, თუ კიდევ სხვას ნიშნავდა რასმე. სარჩიმელიას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავი რიხიანად დაეჭირა, მაგარი კაცის შთაბეჭდილება მოეხდინა თუთაშხიაზე.

– პირისპირ ლაპარაკი მინდა მე! – თქვა ყაჩაღმა და თვალით მორდეხზე მიანიშნა.

თუთაშხიამ ხელი ჩაიქნია. სარჩიმელია ნიშანს მიუხვდა, ღელვა მოიოკა და დაიწყო:

– პირველს იმას გეტყვი, დათა-ბატონო, რომ მაშინ, იქ, გზიდან გადაყვანილი ხალხის საქმეში, მართალი არ იყავი შენ, მარა გულში არაფერი არ ჩამიდვია მე. არც ის არის მართალი, რომ ლაპარაკობენ ჩემზე, ბეჩუნი პერტიასთან საქმე დაიჭირაო. მოგონილია მაგ ყველაფერი. – სარჩიმელია დათას პასუხს დაელოდა, მაგრამ აბრაგი ჩუმად იჯდა, ალით განათებულ სახეში შესცქეროდა თანამოსაუბრეს.

თუთაშხიას სიჩუმე სარჩიმელიამ, ჯერ იყო, თავისი მტკიცე ტონის შთამაგონებლობას მიაწერა, მაგრამ აბრაგის იერში სიმშვიდისა და დაღლილობის მეტი ვეღარაფერი შენიშნა და უფრო ექსპანსიურად განაგრძო:

– ერთმანეთთან მტრობა და უთანხმოება, დათა თუთაშხია, არც ერთს მოგვიტანს კარგს და არც მეორეს. მტერი გვყავს ორივეს ერთი და ორივე ერთად რომ მივაკითხავდეთ, აჯობებს, მგონია მე. – სარჩიმელია ისევ დადუმდა, დათას რეაქციას მოუცადა, მაგრამ პასუხი კვლავ არ იყო.

ჩანს, სწორედ აქ მიხვდა ყაჩაღი, რომ სათქმელს საჭირო ფორმა ვერ გამოუნახა. შეცბა:

– დათა-ბატონო, სახლ-კარი გადაგიწვეს ნაკაშიებმა, თუ გიპოვნეს, მოგკლან იქნება, კიდევაც. ფული მქონდა სოხუმში მიბარებული ერთ ქალთან. წაიღეს ნაკაშიებმა ის. შენ რომ სახლ-კარი გქონდა, ასს და მეტს ააშენებს ის ფული იმდენია იქ!

ვერც ამან მოახდინა ეფექტი. აბრაგი დუმდა, მის სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ შეძრულა. იჯდა, სარჩიმელიას შეჰყურებდა.

– წავიდეთ და მოვითხოვოთ ჩვენ ჩვენი მოსათხოვარი. ასე აჯობებს, მგონია მე, – დასძინა სარჩიმელიამ.

მორდეხი მაგიდას მიუჯდა დათას გვერდით. ყაჩაღმა უსინათლო მოხუცს შეხედა, თითქოს თვალებით შეემუდარა, ამ კაცს რამე ათქმევინე თუ ღმერთი გწამსო! მორდეხს, რა თქმა უნდა, სარჩიმელიას მუდარა არ დაუნახავს, არც ხმა ამოუღია, მაგრამ ყაჩაღმა იგრძნო, რომ კარისკენ უთითებდა მოხუცი.

– ჭკვიანი კაცი ხარ, დათა-ბატონო ვიცი; შენ გგონია, ნაკაშიას მე მოვკლავ და ამით, მისგან რომ ხიფათი გელის, გადარჩები იმას. მასე მოხდეს იქნება, მარა შენზე რომ ამბებს ყვებინ, ის ამბები ყველასთვის შენს კისერზე ხომ დარჩება მაინც! – სხაპასხუპით თქვა სარჩიმელიამ.

დათა თუთაშხია კვლავინდებურად დუმდა. ყაჩაღმა წონასწორობა საბოლოოდ დაკარგა:

– დათა-ბატონო, შენს მეტს არაკაცს არ დაუჯერებენ ნაკაშიები. ამაღებინე ის ჩემი ფული და ნახევარი შენი იქნება მაშინ.

თუთაშხიას მხოლოდ ახლა დაეტყო ღიმილის მაგვარი რაღაც. ან იქნებ მხოლოდ ნაპერწკალმა გაურბინა თვალებში. სარჩიმელიამ იგრძნო, რომ მისი რიხიანი ლაპარაკი დიდი ხანია ხვეწნად იქცა, თუთაშხია ნაკაშიებთან არ წაჰყვებოდა, მაგრამ ერთი სიტყვის გაგონება მაინც ღირსებოდა!

დათა თუთაშხიამ ხმა ამოიღო:

– წადი ახლა შენს გზაზე, რაჟა, ბიძიკო.

მორდეხმა მაგიდაზე ხელები მოაფათურა, ლულებიდან ამოღებული ვაზნები ყაჩაღს გაუწოდა. სარჩიმელიამ გამოართვა, ცოტა ხანს კიდევ იჯდა, რაღაცას ფიქრობდა. მერე იარაღი აისხა, ქოხიდან გავიდა.

მეზობლის ძაღლებმა ყეფა ატეხეს – ჯერ ახლოს, მერე შორს. მალე სიჩუმე ჩამოდგა.

ქოხში ისაკი შემოვიდა – მორდეხის შვილიშვილი. განჯინა გამოაღო, ვახშმის გაწყობას შეუდგა.

– ერთი კაცის საქმეა ეგ, დათა, ერთი კაცის მოფიქრებულია; ყველაფერი ერთმანეთს გავს, – თქვა მორდეხმა.

– მასეა, მარა ვინაა ის კაცი, ნეტავი, და ასეთი ჭკვიანი კაცები მათ სამსახურში რატომ მიდიან, ეს მინდა ვიცოდე მე, – მიუგო დათა თუთაშხიამ.

– ყველა კაცი თავის საქმეს მისდევს. ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს, გაგება – ცოტასთვის. გაგება როგორიც აქვს ადამიანს – ისეთ საქმეს მიყვება და არის. იმ კაცებს, შენ რომ ლაპარაკობ, ქვეყნის გაგება რომ არ უვარგათ, რა ქნან მაშინ? – თქვა მორდეხმა.

დათა თუთაშხიამ ხელები შეიწმინდა, ცეცხლს ჩააცქერდა და თქვა:

– მორდეხ-ბატონო, შენით ცხოვრებას რომ იწყებდი, რანაირი იყო მაშინ შენი გაგება?

– საშოვარი და შოვნა.

– მერე?

– მივხვდი მერე, არაფერი რომ არ იყო ესეც, მარა სხვაც რომ ვერ ვნახე უკეთესი საქნელი, მივყევი ბოლომდე, ვინახე ნაშოვარი და ვარ ასე – აგერ, ასის შევიქნები მალე.

ბუხრიდან ნედლი კუნძის შიშინი ისმოდა.

– კაი ვჭამე, კაი ვსვი, კაი ჩავიცვი და დავიხურე, ვითომ, მარა მეორე დღეს აღარ მახსოვდა ეს. ფუჭად წავიდა ყველაფერი, – მორდეხი დაფიქრდა და დასძინა: – რაღა მახსოვს იქიდან ახლა თუ იცი?.. მარტვილის ბაზარში ბიჭს თხა ყავდა გამოყვანილი. ისე დაძენძილ-დაფლეთილი ტანისამოსი სხვა დროს არ მინახავს არსად, იმ ბიჭს რომ ეცვა. ქვრივი დედაბერი ევაჭრებოდა ვიღაც – სახადმა ოჯახი ამომიწყვიტა, შვილიშვილი დამრჩა ძუძუს ბავშვი, მისთვის მინდა ეგ თხა, დედაშვილობას გაფიცებ, სამ აბაზად მომეციო. მესამედი ფასი იყო იმ თხის ის სამი აბაზი. არაფრის გულისთვის არ თმობდა ბიჭი. მე იქ იმისთვის ვიყავი, რომ იაფად ნაყიდ ჩოხას ვყიდდი ერთს. ვაჩუქე იმ ბიჭს ის ჩოხა. მისი დაუჯერებლობა, გაკვირვება და სიხარული მახსოვს, თვალებში მაქვს ახლაც და კიდევ ის მახსოვს, ჩოხა რომ ვაჩუქე, მიცა ბიჭმა დედაბერს თხა სამ აბაზად. მომბაძა მე და მიცა.

თუთაშხიამ თვალი უსინათლო მორდეხზე გადაიტანა, გაიღიმა, არაყი დაისხა.

– ვცადე მაგ მე. ბევრჯერ ვცადე მაგ მე. იცი შენ ეს.

– რაი, მერე?

– ვისაც ჩავაცვი, მან გამხადა, სწორედ. მე თუ არა, სხვას გახადა მაინც.

– რომ არ ჩაგეცვა მისთვის, გახდა თუ აგცდებოდათ ან შენ და ან იმ სხვას?

სიჩუმე ჩამოდგა მერე თუთაშხიამ მიუგო:

– არ მიფიქრია მაგაზე, – და არაყი გადაჰკრა.

ვახშამს მორჩნენ. თუთაშხია ჩიბუხს აბოლებდა.

– მარტო ვერ გაბედავს ეგ ნაკაშიებთან მისვლას, მარა შურის უძიებლადაც არ გაჩერდება, – ჩაილაპარაკა მორდეხმა.

ხმა კარგა ხანს არავის დაუძრავს. ისაკმა ჯამ-ჭურჭელი აალაგა, მაგიდა გადაწმინდა თუთაშხიამ უთხრა:

– წადი, ისაკი, ძამიკო, ნახე ბუდუ ნაკაშია, უთხარი ყველაფერი. ტყუილუბრალოდ გააფუჭოს, იქნება, კაცი ამ ტურამ.

ისაკმა დილით საწვრილმალო წაიღო, მთის სოფლისკენ წავიდა, მაგრამ ნაკაშიები ჩვეულებრივზე მეტად მალავდნენ თავის ადგილსამყოფელს და მათი ნახვა გაჭირდა, სანამ თუთაშხიას დანაბარები მისამართს მიაღწევდა მოსახდენი მოხდა: სარჩიმელია ნაკაშიებს ჩაუსაფრდა, ბუდუს ესროლა, ადგილზევე მოკლა. ლუკას ეგონა, პოლიციის ხაფანგში გავებითო და გაიქცა. სარჩიმელია შუაკაცთან მივიდა, შემოგვირიგდა, ჩვენს სამსახურში ჩადგა, ორიოდ კვირის შემდეგ ყაჩაღებს დაუწყო დევნა.

ლუკა ნაკაშია კიდევ რამდენიმე თვეს იმალებოდა, მერე შინ მისვლა გაბედა, ერთ კვირას დაჰყო, ისევ ტყეში წავიდა. ასე, ნელ-ნელა ოჯახში ყოფნას შეეჩვია. არც ჩვენ შეგვივიწროვებია. ბოლოს ყაჩაღობანას თამაში მოიშალა და ხელში თოხი აიღო.

ერთი თვის თავზე თუთაშხიამ, შეთანხმებისამებრ, მორდეხის ქოხის კარი ისევ შეაღო. სტუმარმა სალამი თქვა, დაჯდა, თუთაშხიას სიჩუმემ მოხუცი მიახვედრა, რომ მან ბუდუ ნაკაშიას სიკვდილიც იცოდა და ბევრი სხვაც.

– სარჩიმელია რომ პოლიციის სამსახურში ჩადგა და ყაჩაღებს დაუწყო დევნა, თუ იცი ეს შენ? – ჰკითხა მასპინძელმა.

– ვიცი კაციჭამია ვირთაგვა გამოიყვანეს მაგათ!

მორდეხი ნათქვამის მნიშვნელობას ვერ მიხვდა. აღარც დაუზუსტებია.

ცოტა ხნის შემდეგ თუთაშხიამ ხმადაბლა ჰკითხა:

– მორდეხ-ბატონო, როგორ მოიქცეს კაცი, როცა აღარ იცის, რა ქნას და რა აკეთოს? რას მეტყვი შენ?

– მასეთი კაცებისთვის თქვენს სარწმუნოებას სხვაზე უკეთესი სამკურნალო აქვს – მონასტერი!

დათამ თავი გაიქნია:

– ყველა სარწმუნოებაში და ჩვენს სახარებაშიც მარტო ის მწამს და მომწონს, ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანიო, რომ წერია. დანარჩენი, მე თუ მკითხავს ვინმე, არ ვარგა იქ. საკვირველი ის არის სწორედ, იმ უვარგისი დანარჩენისთვის რომ შედიან მონასტერში ბერად. ისე, კაი საქმის საკეთებლად ერისკაცობა ჯობს, ნამდვილია ეს. არ შევდგები იქ. წავალ მე.

– სად?

– ისეთი და იმდენი მოხდა ჩემს ახლომახლოს ადრეც და ბოლო ხანებშიც, რომ ვერ გამოვიტანე აზრი, რა ვქნა და როგორ ვიყო მერე. ეს უნდა ვიცოდე მე, არ შემიძლია სხვაფრად. წავალ, გული უნდა გადავაყოლო რამეს. საქნელი, რაც არის და რასაც ვეძებ, ის, იქნებ, მე რომ მივდივარ, იქაა და მე რომ მინდა ვქნა, იმაშია სწორედ? ნახვა უნდა ამას, – მიუგო დათა თუთაშხიამ და პატარა ხნის მერე დასძინა: – მორდეხ-ბატონო ათი ათასი მანეთი მჭირია დღესვე. თუ ვერ მოვედი ცოცხალი – მოგჭამა ჭირი მაგ ფულებმა; თუ ვერ მოგისწარი ცოცხალს – ისაკს დავუბრუნებ მაშინ. თუ ვიცოცხლეთ ორივემ – არ დაგეკარგება, იცი ეს შენ.

უსინათლო მორდეხი უხმოდ ადგა, ყავარჯენი აიღო, ნახევარ საათში დაბრუნდა, დათა თუთაშხიას ფული მოუტანა.

 

Hosted by uCoz