გრაფი სეგედი
...ყაჩაღობის
სახეობათა
განსაზღვრა
სამძებრო
საქმეში
აუცილებელია,
ვინაიდან
ბრძოლის სწორი
მეთოდების
შერჩევაა
საჭირო. დათა
თუთაშხია
აბრაგთა
სახეობას
განეკუთვნებოდა.
რამდენადაც
ჩემი
ხანგრძლივი
დაკვირვებიდან
გამეგება,
მდაბიო
ხალხის
დამოკიდებულება
აბრაგებისადმი
შემდეგნაირია:
მოსახლეობა აბრაგს
აქტიურად
თანაუგრძნობს
და მხოლოდ ისეთს
კი არა, ვინც
ხალხის
მოსარჩლეობა
რაიმეთი
გაამჟღავნა,
არამედ
ისეთსაც, ვინც
საკუთარი
თავის
გადარჩენის
მიზნით
მდევარს
საპასუხო
ტყვია ესროლა
და მიიმალა.
ასეთი
დამოკიდებულების
საფუძველი,
ჩემი აზრით,
ის მარადისი
მოვლენაა, რომ
მიუხედავად
მმართველობის
სახისა და
უფლებრივი
პირობებისა,
ხელისუფალთა
მიმართ დაუმორჩილებლობა
ხალხის
პერმანენტული
მდგომარეობა
იყო. ესა თუ ის
ინდივიდუუმი
პირადად მისთვის
ხელმისაწვდომი
ხერხით
ეწინააღმდეგებოდა
ხელისუფლებას.
ცნობილია,
დაუმორჩილებლობისა
და წინააღმდეგობის
გაწევის
ხერხთა
დიაპაზონი ფართოა;
ვთქვათ,
შემოსავლის
მიჩქმალვიდან
და ქურდობიდან
დაწყებული –
ვიდრე
აბრაგის მფარველობამდე
და თვით
იარაღით
მოქმედებამდე.
ხსენებული
ფსიქიკური
მდგომარეობა
განპირობებულია,
ერთი მხრივ,
ზოგადი
საწყისით:
განვითარების,
ცვლილების
სტიქიური
წყურვილით,
ხოლო მეორე
მხრივ,
კონკრეტულით,
რაც
მატერიალური
მოთხოვნილებების
სფეროში უნდა
ვეძებოთ.
თუ მართალია
ის, რომ
ადამიანთა
სიახლოვე
ურთიერთსაჭიროების
ნიადაგზე
ხორციელდება,
მაშინ ისიც
სწორია, რომ
რაც უფრო
თავგამოდებით
ესარჩლება
ხალხს აბრაგი,
მით
პოპულარულია
იგი და, მაშასადამე,
მით მყარი
დასაყრდენი
აქვს მოსახლეობაში.
ხალხი არც
მძარცველებს
და მკვლელებს
ეუბნება უარს
დახმარებაზე,
მაგრამ ეს
დახმარება,
ძირითადად,
მარტო შიშზეა
დამყარებული.
ხალხის
მოსარჩლე
აბრაგისთვის
გაწეულ
დახმარებას
საფუძვლად
შიშიც უდევს
და
პატივისცემაც.
თვით
დახმარების
აღმოჩენა
ამაგის გაწევას,
ზრუნვას
ნიშნავს,
აბრაგის
კეთილდღეობისთვის
გაწეულ
შრომას და
საკუთარი
ინტერესების,
ხანდახან თვით
სიცოცხლის,
საშიშროებაში
ჩაგდებას ნიშნავს.
ეს კი ქმნის
იმას, რასაც
სიყვარულს
ვუწოდებთ
ხოლმე.
თუთაშხიას
შემთხვევაში,
სახელდობრ,
ასეთ
მოვლენას
ჰქონდა
ადგილი:
ადამიანებს
მისი შიშიც
ამოძრავებდა
და
პატივისცემაც.
ისინი
ზრუნავდნენ
თუთაშხიაზე,
მისი
გულისთვის რისკს
ეწეოდნენ და
ამის შედეგად
უყვარდათ კიდევაც
იგი, სანამ
ზემოხსენებული
ურთიერთსაჭიროება
არსებობდა.
მაგრამ
უწყვეტი და
მარადისი
მზისა ქვეშე
არაფერია და
თუთაშხიას
უზადო
რეპუტაციამაც
იწყო რყევა.
საკვირველი
ის იყო, რომ
ამას იგი,
თითქოს
განზრახ,
განუხრელად
და გამიზნულად
აღწევდა. ჩვენ
მის
კომპრომეტირებას
აქტიურად
ვუწყობდით
ხელს...