გრაფი სეგედი

 

...ისინი ერთსა და იმავე ოჯახში რომ ყოფილან აღზრდილი, ეს ჩემთვის მიგნება, უაღრესად საინტერესო აღმოჩენა იყო. სამძებრო-საგამომძიებლო პრაქტიკის სპეციფიკა ისიც არის, რომ ხელმძღვანელობა ზედმიწევნით უნდა სწავლობდეს მოუხელთებელი დამნაშავის ფსიქიკას, მაშასადამე, მისგან მოსალოდნელ საქციელს, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ამომწურავად უნდა იცნობდეს იმ მოხელეს, თუ მოხელეთა ჯგუფს, რომელსაც მისი გამომჟღავნება და შეპყრობა აქვს დავალებული. აქ იგულისხმება პროფესიული და ბუნებრივი მონაცემების კომპლექსი. ხშირად ხდება, მოუხელთებელი დამნაშავის მდევარი ამოცანას ვერ სძლევს და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი და დამნაშავის ღირსებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მაგალითად, ბუნებით მეტისმეტად ეჭვიანი დეტექტივი გულუბრყვილო, უეშმაკო დამნაშავესთან ვერაფერს ხდება – ვერ წარმოუდგენია, რომ დევნილი ასე მარტივ ხერხებს მიმართავს და მაშინ ღირსებათა თანაფარდობის საჭიროება იჩენს თავს, დევნილისა და მდევრის ფსიქიკურ მონაცემთა გაწონასწორების საკითხი დგება.

როდესაც სამძებრო დაწესებულებას საქმე აქვს ტრივიალურ დანაშაულთან (ასეთ შემთხვევაში კი თვით დამნაშავეც მეტ-ნაკლებად პრიმიტიული პირია), მაშინ მისი ძებნისა და შეპყრობის მთავარი იარაღი განზოგადება და დანაშაულის ხელწერის დადგენაა. ეს საშუალებას იძლევა, მივაკუთვნოთ მისი ჩამდენი გარკვეულ, საკმაოდ ზუსტად ლოკალიზებულ, ფსიქიკურ-კრიმინალურ ჯგუფს დამნაშავეებისას და განვაგრძოთ მისი ძებნა დადგენილი ჯგუფის ფარგლებში. ამის შემდეგ გამორიცხვის ხერხი, ბოლოს და ბოლოს, საძიებელ პირამდე დაგვიყვანს და, რამდენადაც პრაქტიკა ამტკიცებს, ასიდან ოთხმოცდაათჯერ – უცდომლადაც.

გაცილებით რთულია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ დამნაშავის კრიმინალური აქტივი შეიცავს ბოროტმოქმედების ხერხთა სრულ ოქტავას, იქნებ, რამდენიმე ოქტავასაც. მაშინ იმის მეტი აღარაფერი გვრჩება, რომ სწორედ ეს ვრცელი დიაპაზონი მივიჩნიოთ დამნაშავის ხელწერად და ბოროტმოქმედის ფსიქიკის შესწავლაში მხოლოდღა ანალოგიები მოვიშველიოთ. რაც, სამწუხაროდ, ძლიერ იშვიათია. ამგვარად, ასეთი დამნაშავის ფსიქიკურ-კრიმინალური ტიპი თითქმის განუმეორებელ ფენომენს წარმოადგენს, ხოლო მის გამომჟღავნებას თუ შეპყრობას ისეთივე სიძნელეები ეღობება, როგორსაც ბაქტერიოლოგი აწყდება ხოლმე უცნობი მიკრობის აღმოჩენის გზაზე. ამ სიძნელეთა გადასალახავად კრიმინალისტები სხვადასხვა ხერხს იყენებენ. პირადად მე ხშირად მივმართავდი ხოლმე მოდელის გამოყენების ხერხს, მეთოდს, ანუ ვსწავლობდი თვით საძიებელი პირის (და არა მისი დანაშაულის) მსგავს ადამიანებს – ისეთებს,

რომელნიც, არსებული ცნობების თანახმად, ჩემთვის საინტერესო პიროვნებას ხასიათის ნიშნებით ჰგავდნენ. მათზე დაკვირვება, მათი შესწავლა შედარებით იოლია, რადგან პირადი კონტაქტია შესაძლებელი. ამ გზით არაერთხელ გამიცია პასუხი უპირველესი მნიშვნელობის კითხვაზე, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს დამნაშავე. როცა ეს პასუხი ნაპოვნია, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ საძიებელი პირიც ნაპოვნი და შეპყრობილია.

ზოგი რამ ზემონათქვამი უნდა გავიმეორო. დათა თუთაშხიას დოსიემ, ამ კაცის მრავალი წლის აბრაგობის მანძილზე, დანაშაულთა და ჩადენის ხერხთა მთელი კლავიატურა მოიცვა. ზედმეტი იყო ლაპარაკი არა მარტო ყველა დანაშაულში გამოყენებული ერთი რომელიმე, საერთოდ დამახასიათებელი ხერხის აღმოჩენაზე, არამედ იმის დადგენაზეც, თუ, სახელდობრ, რომელი დანაშაულთაგანი იყო თუთაშხიას ჩადენილი და რომელი არა. მაშასადამე, შეუძლებელი გახლდათ დათა თუთაშხიას ფსიქიკურ თავისებურებათა წვდომაც და უამისოდ კი აბრაგის ჩვენს ხელში ჩავარდნა მხხოლოდ ბრმა შემთხვევის წყალობით თუ მოხდებოდა.

თავისი მიზნების განხორციელების დროს ამა თუ იმ ილეთის ჩატარების შესაძლებლობას მოკლებული ადამიანი წააგავს ხეიბარს, რომელიც, ვთქვათ, ცალხელაა და თავის ყველა წარუმატებლობას მხოლოდ ამით ხსნის; ცალხელა არ ვიყო, კურდღელს დავეწეოდი და გადავასწრებდიო! ეს ამა თუ იმ უნარს მოკლებული კაცის ფილოსოფიაა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი რამდენიმე წლის მანძილზე და სრულიად მოულოდნელად გამოირკვა, რომ დათა თუთაშხიასთან ერთად, ერთი დედ-მამის მიერ, ერთნაირ პირობებში აღზრდილი, მრავალ წელს ერთად ნაცხოვრები და, ალბათ, მსგავსი ღირსების ადამიანი ჩემი ხელქვეითია – მუშნი ზარანდია.

ჟანდარმის პროფესიის არსს იქნებ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც ის, რომ მავანი ადამიანის შესწავლისას მის მიერ დატოვებულ პირველ შთაბეჭდილებას ვიღებდი ხოლმე შემდგომი კვლევის ამოსავალ წერტილად და არა ჩემს ხელთ არსებულ ფაქტობრივ მონაცემთა გაანალიზებით მიღებულ დასკვნებს. პირადი ღირსებების როლს ადამიანის მოღვაწეობის ყველა დარგში მუდამ უპირველეს მნიშვნელობას ვანიჭებდი, ამ ასპექტში არც საკუთარ ღირსებებს უგულებელვყოფდი, ხოლო ჩემს მთავარ ღირსებად კი დღემდე ის მიმაჩნია, რომ რომელიმე ადამიანთან ერთი შეხვედრით მიღებულ შთაბეჭდილებას, შეიძლება ითქვას, არასოდეს მოვუტყუებივარ, ალღოს, თითქმის, არასოდეს უღალატია ჩემთვის. ანალიზისთვის არც ამჟამად მიმიმართავს. ჩამოვწერე დათა თუთაშხიას საქმეებში არსებულ ბოროტმოქმედებათა სრული სია, მოვიმარჯვე ჩემს წარმოდგენაში ფიქსირებული მუშნი ზარანდიას დადებითი პიროვნება და ინტუიციურად გადავუსვი ხაზი სიაში შეტანილ ყველა დანაშაულს, რომელთა ჩადენა ჩემმა ქვეცნობიერებამ თუთაშხიას ადგილზე მყოფ მუშნი ზარანდიას ვერ მიაწერა. როდესაც სია ხელმეორედ გადავიკითხე, განვცვიფრდი: გამოდიოდა, რომ სიმპათიები მქონდა, გულშემატკივარი ვიყავი სისხლის სამართლის დამნაშავისა, რომელმაც ამდენი წლის მანძილზე მრავალი უსიამოვნება მიაყენა ჩვენს უწყებას და, მაშასადამე, პირადად მეც. ასეა თუ ისე, მეთოდი – მეთოდია და ხელთ მქონდა აბრაგ თუთაშხიას დანაშაულთა სია, რაც ამ ცდაში შემდგომი კვლევის საფუძვლად უნდა მიმეჩნია. ამ ცდაში-მეთქი, ვამბობ, რადგან იგივე მეთოდი შეიცავს მეორე ცდასაც: უნდა მიმემარჯვებინა ჩემს წარმოდგენაში ფიქსირებული მუშნი ზარანდიას უარყოფითი პიროვნებაც და ამ პოზიციიდან მემოქმედა, მაგრამ ჯერ პირველი ცდის შედეგებამდე მივიდეთ.

გავიხსენოთ: მეთოდის თავისებურება ის არის რომ ცნობილის თვისებებს უცნობში ვვარაუდობთ. თუთაშხიას დანაშაულთა პირობითი სიაც ხომ ამ გზით მივიღეთ. ამის შემდეგ ქმედების ხარისხის საკითხს უნდა გაეცეს პასუხი. განმარტებისთვის ვიტყვი: ჩემი სიჭაბუკისა და ახალგაზრდობის პარიზულ პერიოდში ერთ აღმოსავლელ არისტოკრატთან ვმეგობრობდი. იგი მორგანატიკული ქორწინების პროდუქტი იყო. მისი დედა წარსულში პარიზის ღამის კაბარეების ცნობილი მსახიობი ყოფილა – მომღერალი და მოცეკვავე. მამა – ტახტის მემკვიდრე. ბატონიშვილს ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩვეულებრივსა და არტისტულთან ერთობ ჭირვეული დამოკიდებულება ჰქონდა. მოთხრობა თუ რომანი მისთვის ან ნაწერი იყო ან თხზულება. ტილო და ქანდაკება – ნაკეთობა ან ქმნილება. მოცეკვავის ნომერს ან როლს იგი განსაზღვრავდა სიტყვებით - შესრულება ან როკვა. მოყვანილი ზმნებიდან პირველთ – ჩვევის, დასწავლის, დაზეპირების რეზულტატად თვლიდა, ხოლო მეორეებს – კათარზისად. აქედან გამომდინარე, ხელოვანთა ამქარს ორ ჯგუფად ჰყოფდა – პლებეებისა და არისტოკრატების ჯგუფებად. დანარჩენ საზოგადოებასაც ასე აღიქვამდა. წარმოშობასა და გენეალოგიას არც აქ ანიჭებდა რაიმე მნიშვნელობას. ადამიანებს იგი ერთსა თუ მეორე ჯგუფში ჩარიცხავდა ხოლმე იმის მიხედვით, თუ როგორ დამოკიდებულებაში იმყოფებიან ისინი თავის საქმესთან, ხელოვნებასთან, სამსახურთან. მისთვის არისტოკრატი მხოლოდ ის იყო, ვინც ყოველდღიურობასაც კი შემოქმედებითი პოზიციებიდან უდგებოდა. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი ბატონიშვილის თვალსაზრისი ერთობ რადიკალურია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ამგვარ მიდგომაში არის ჭეშმარიტების საკმაოდ ძლიერი მარცვალი. ათასნაირი ხელქვეითი მყოლია და მათში ყველაზე პუნქტუალურს, მუყაითსა და დამჯერს, მაინც ფანტაზიის მქონე, თავის საქმეზე შეყვარებული და, თუნდაც, რამდენადმე თავნება ხელქვეითი მერჩივნა. ასეთთაგან საქმის წახდენაც არ არის მოულოდნელი, მაგრამ მათი მოქმედება მუდამ მშვენიერი და პერსპექტიულია. დიახ, პერსპექტული, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამდიდრებენ კაცობრიობის გამოცდილების მარაგს, ხვეწენ პროფესიონალიზმს, ხელოვნებად, თავისუფალ შემოქმედებად აქცევენ სამსახურებრივ საქმიანობას.

გამოვიყენებ აღმოსავლელი ბატონიშვილის გამოთქმას და ვიტყვი, რომ დავალების მიღებამდე მუშნი ზარანდია მოხელე იყო, ხოლო იმ მომენტის შემდეგ, როცა მის ხელთ რაიმე ახალი საქმე აღმოჩნდებოდა – აღტყინებული, ვნებათა ღელვას აყოლილი მსახიობი. მახვილი ინტუიცია ჰქონდა და ამიტომ მის მიერ გამოძიებულ, მოკვლეულ, თუ სხვა რამ შესრულებულ საქმეს არასოდეს რჩებოდა “კუდები”, ანუ შეუსწავლელი და გამოუმზეურებელი კუნჭულები. მის მასალებს შვიდივე ელინი ბრძენიც ვეღარაფერს დაუმატებდა. ჯერ, დამნაშავეს დედიშობილას გამოიყვანდა დღის სინათლეზე. მერე, თუკი დასასჯელად განწირულს გამოძიების მსვლელობაში ერთ რაიმე კარგ თვისებას მაინც შენიშნავდა, სასტიკ წინააღმდეგობაში ვარდებოდა თავისსავე ნამოქმედართან: მოსამართლეებს, მსაჯულებს, ადვოკატებს უმარტავდა, თუ რა გზით შეიძლებოდა მინიმალური სჯავრის გამოტანა და თავგამოდებით იცავდა საკუთარი დასკვნების საწინააღმდეგო მოხაზრებებს. კიდევ ერთი თავისებურება ჰქონდა და ესეც არტისტიზმის ნიშნად მიმაჩნია: სძულდა ერთსა და იმავe ტიპის საქმეებზე მუშაობა და თუ იძულებული გახდებოდა, აეღო – სძულდა ცნობილი მეთოდების გამოყენება, გაკვალული გზებით სიარული. ასეთი იყო მუშნი ზარანდიას ქმედების ხარისხი და ამას სავსებით დაემთხვა დათა თუთაშხიას დანაშაულებებში არსებული ქმედების ხარისხი. ეს მსგავსება, მე ვიტყოდი, იდენტურობა, აქვე შემიძლია მრავალი მაგალითით დავადასტურო, მაგრამ ჩემი ჩანაწერები, ძირითადად, ამ ორი ადამიანის მოქმედებებს ეხება და პარალელებსაც უხვად შეიცავს.

ამგვარად, მიღებულ იქნა პასუხი კითხვაზე – “როგორ” და საძებნელი იყო ქმედების მიზეზი, ანუ პასუხი კითხვაზე – “რა ამოძრავებს”? ანალოგია: ფულს შოულობს ყველა, მაგრამ ვინ – რისთვის? ზოგს საარსებო სახსრების შოვნა ამოძრავებს. მეორეთ – შენახვისა. მესამენი ფულით ფულისავე შოვნით არიან გატაცებულნი, თანხის, კაპიტალის გასაზრდელად იღვწიან. ასევეა სამსახურიც. მსახურობენ იმიტომ, რომ სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. რევოლუციამდე ზოგს არც ფული აკლდა, არც ქონება, მაგრამ სამსახურს ხალხთან სიახლოვის, ფილანთროპიული მოღვაწეობის საშუალებად მიიჩნევდა და მსახურობდა: ისეთებიც იყვნენ, რომ მხოლოდ ტახტისა და სამშობლოს ერთგულების გამო მსახურობდნენ, ჯამაგირს არაფრად აგდებდნენ, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის სამსახური მაინც დაწინაურების, კარიერის გაკეთების საშუალება იყო. ასეთი მიზანი თუმც პატივმოყვარეობით, გამდიდრებისა და ძალაუფლების წყურვილით და კიდევ სხვა მდაბალი ადამიანური თვისებებით არის განპირობებული, მაგრამ, საერთოდ, კარგი კარიერის გაკეთებისთვის, დაწინაურებისთვის სამსახური დადებით ნიშნად მიმაჩნია, თუ ეს არ ხორციელდება აკრძალული ილეთების, უსუფთაო ხერხების გამოყენების გზით.

მუშნი ზარანდიას ქმედების მიზეზის დადგენა, ბუნებრივია, მისი სამსახურის პირველსავე თვეებში მოექცა ჩვენს, ანუ კავკასიის ჟანდარმერიის ხელმძღვანელობის, ინტერესთა სფეროში და ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. საკითხი წლების მანძილზე ვერ პოულობდა გადაწყვეტას, რადგან ზარანდიას პიროვნება ვერა და ვერ მოერგო რომელსამე ცნობილ ყალიბს. ამ კაცისა ყველაფერი გაუგებარი იყო. მაგალითად, მან ერთობ თავისებური დამოკიდებულება გამოამჟღავნა შრომის ანაზღაურებისა და დაწინაურების მიმართ. იყო შემთხვევა, როცა ერთი თანამდებობიდან მეორე, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადავიყვანეთ იმიტომ, რომ ზარანდია იმ ადგილზე იყო საჭირო. ჯამაგირი დააკლდა, მაგრამ მას არც დაქვეითების გამო უთქვამს რამე და არც ჯამაგირის შემცირების გამო. მეორე შემთხვევაში ზარანდიას რომელიღაც საგადასახადო უწყების მმართველის მოადგილედ დაუპირეს გადაყვანა. არავითარი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაც მაღალი იყო და ჯამაგირიც სამჯერ მეტი ექნებოდა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ამგვარ თანამდებობათა სხვაგვარ შემოსავლიანობასაც. ამ და მსგავსმა მაგალითებმა დამარწმუნეს, რომ ზარანდიას ქმედების მიზეზი არც დაწინაურების წყურვილი იყო და არც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეცდომა იქნებოდა, თუ მის ერთგულქვეშევრდომულ გრძნობებსა და დიდმპყრობელურ იდეებს მივაწერდი იმ მუყაითობას, კეთილსინდისიერებას, რასაც ზარანდია – ეროვნებით ქართველი და წარმოშობით გლეხი, – მოვალეობათა აღსრულებისას იჩენდა. ხსენებული გრძნობებისა და იდეებისგან იგი მეტად შორს გახლდათ. ამას გარდა, ეს ადამიანი არც ნეტარი ჩანდა და არც იმ პრიმიტივთა რიცხვს ეკუთნოდა, ვისაც ბავშვობაშივე ჩააგონეს, რომ უნდა იყოს მორჩილი, გამგონე, იმსახუროს უანგაროდ, თავგანწირვით და სამარის კარამდე. ერთი სიტყვით, ზარანდია იყო ლაბირინთი, საიდანაც კარში გამოსასვლელს მხოლოდ შემთხვევის ძალა ან ჟამთა მსვლელობა გაპოვნინებს.

დრო საუკეთესო მკურნალია და ამგვარი შემთხვევა მოიტანა კიდეც. უკეთ რომ ვთქვათ, შემთხვევამ დაადასტურა ჩემი ერთობ პირობითი შეხედულებები, კერძო ჰიპოთეზა ფაქტად აქცია და ეს იყო შედეგი ერთი სამძებრო ოპერაციისა, რომელიც ზარანდიამ ლამაზად დაგეგმა, მაგრამ ლამაზადაც წააგო.

ჩემი ჩანაწერების მიზანს ამა თუ იმ შემთხვევის მოყოლა არ შეადგენს, რაოდენ საინტერესოც უნდა იყოს იგი, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში მოქმედების დროს ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის დასკვნების გამოტანის საშუალებას ქმნის. ამ კერძო შემთხვევაში მოყოლა სწორედ იმისთვის მჭირდება, რომ ზარანდიას ქმედების მიზეზი უნდა დადგინდეს, ანუ გაეცეს პასუხი კითხვას: რა ამოძრავებდა ამ პიროვნებას.

ცხრაასიანი წლების დასაწყისში გერმანიაში მომუშავე ვენი რეზიდენტის დაშიფრული დეპეშა მივიღეთ. დეპეშაში ზუსტად იყო აღნიშნული, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის ერთი ცნობილი დოცენტი, ეროვნებით ქართველი, გემ “ადელაიდათი”, ასე, ერთი თვის შემდეგ დღიდან დეპეშის მიღებისა, ბათუმს მოემგზავრებოდა. დოცენტს თან უნდა წამოეღო არალეგალური, აკრძალული ლიტერატურა, დაახლოებით, ნახევარი ჩემოდნის რაოდენობით.

ბევრი არ მიფიქრია, საქმეც და რეზიდენტთან კავშირის საშუალებებიც ზარანდიას ჩავაბარე. პროგრამა-მაქსიმუმი, ცხადია, ის იყო, რომ ლიტერატურა ხელში ჩაგვეგდო, მისი ჩამომტანი და მიმღები ჯგუფი უვნებელგვეყო. პროგრამა-მინიმუმი – არასგზით არ დაგვეშვა ლიტერატურის გავრცელება. რამდენიმე დღის შემდეგ ზარანდიამ ოპერაციის გეგმა წარმოადგინა. ჩვენ იგი გადატვირთულად მივიჩნიეთ, მაგრამ ავტორი დაჟინებით ითხოვდა თავისი გეგმის უცვლელად დამტკიცებას. ბოლოს დაგვიყოლია კიდეც და საქმეს შეუდგა.

უპირველესად ყოვლისა, მან გერმანიაში გაგზავნა აგენტი, რომელმაც რეზიდენტისგან დოცენტი “ჩაიბარა”. შემდეგ აგენტმა შეიძინა ჩემოდნების ისეთივე კომპლექტი, როგორიც დოცენტს ჰქონდა. როცა დოცენტმა არალეგალური ლიტერატურა სასტუმროში მიიტანა, აგენტმა და რეზიდენტმა შეამოწმეს, თუ სახელდობრ, რომელი ჩემოდნით მოდიოდა ჩვენთვის საინტერესო ტვირთი და რამსიმძიმე იყო ჩემოდანი.

დადგა დღე, როცა ღია ზღვაში გამოსულ “ადელაიდაზე” იყო დოცენტი, ჩვენი აგენტი და ამ ორი კაცის ორი აბსოლუტურად ერთნაირი ჩემოდანი.

გემი ბათუმში შუადღისას უნდა მოსულიყო. წინაღამეს აგენტმა დოცენტის ლიტერატურიანი ჩემოდნის ადგილზე თავისი ჩემოდანი დატოვა. ეს ზარანდიას გეგმით იყო გათვალისწინებული, რადგან იმხანად არალეგალური ლიტერატურის შემოტანის საქმეში ერთმა ეშმაკობამ იჩინა თავი: დანიშნულების ნავსადგურიდან ოთხი-ხუთი საათის სავალზე, იმ გემის სიახლოვეს, რომლითაც ლიტერატურა მოდიოდა, უპირატესად შეღამების ხანს გამოჩნდებოდა ხოლმე აფრიანი “მებადური” ან სხვა რამ ხომალდი. თუ ნავი წინასწარ დათქმული რაიმე პირობითი ნიშნებით იყო აღჭურვილი და, ამასთან ერთად, იგი დანიშნულების ნავსადგურისკენ გემის კურსით მოემართებოდა, შემომტანი ლიტერატურიან ჩემოდანს გემის ერთ-ერთ საშველ რგოლზე ამაგრებდა და ზღვაში აგდებდა. “მებადურს” ჩემოდნიანი რგოლი თავის ერდოზე აჰქონდა, რის შემდეგ ლიტერატურის აღმოჩენა უკვე ვეღარ ხერხდებოდა ხოლმე. ასეთ ფანდზე რამდენიმეჯერ წამოვეგეთ და ახლა დოცენტს კიდეც რომ მიემართა ამ ხრიკისთვის, “მებადურზე” ჩვენი ჩემოდანი აღმოჩნდებოდა და არა ლიტერატურა. უნდა აქვე ვთქვათ, რომ შემომტანს ზემოაღწერილი ხერხისთვის არ მიუმართავს და ჩემოდნების გაცვლას კი სხვა აზრიც ჰქონდა, რაც ქვემოთ გამოჩნდება.

“ადელაიდა” ნავსაყუდელს მოადგა. დოცენტი ნაპირზე გადმოვიდა. გადმოვიდა აგენტიც. საბაჟოს მოხელეებმა რამდენიმე მგზავრი და მათ შორის დოცენტიც, თავის ხელბარგიანად საბაჟოში შეიპატიჟეს. რა თქმა უნდა, დოცენტის ნაპირზე ჩამოსვლის შემდეგ, ვისაც ჯერ არს, თვალი ეჭირა, აბა, დააპირებდა ვინმე თუ არა მისი შავი ჩემოდნის წაღებას, თუ დააპირებდა, სახელდობრ, ვინ, და თუ წაიღებდა – სად მიიტანდა. ლიტერატურის დამხვდურებმა სიფრთხილე გამოიჩინეს, დოცენტს არავინ გაჰკარებია. აგენტმა ლიტერატურიანი ჩემოდანი, რომლის სანაცვლოდ დოცენტს თავისი დაუტოვა, საბაჟოში უკანა კარიდან შეიტანა. მებაჟეებმა ჯერ სხვა მგზავრების ბარხანა შეამოწმეს და შემდეგ დოცენტს ჰკითხეს, საბაჟოდ რა გაქვთო. მთელი ამ ხნის მანძილზე ზარანდია გულდასმით ადევნებდა თვალს თავის მსხვერპლს. დოცენტი ღელავდა და კითხვაზე მიუგო, რომ საკუთარ ბარგში დასაბაჟავი არაფერი ეგულებოდა, ხოლო აგერ, იმ შავ ჩემოდანში რა იყო, თვითონაც არ იცოდა, რადგან იგი მავანმა კაცმა გამოატანა კაცისთვის, რომელმაც ჩემოდანს აქ, ბათუმშივე, ან თბილისში უნდა მოაკითხოსო. სანამ სხვა ჩემოდნების შემოწმება მიმდინარეობდა, დოცენტი, ასე თუ ისე, ყოჩაღად იყო, მაგრამ შავი ჩემოდნის გახსნას რომ შეუდგნენ, მუხლი მოეკვეთა, სკამზე უმწეოდ დაეშვა და გაფითრებულ სახეზე ხელები აიფარა.

– ცუდად ხომ არ შეიქენით, ბატონო? - ჰკითხა ზარანდიამ და წყალი მოურბენინა.

დოცენტმა წყალი მოსვა, ლიტერატურის აღმოჩენის საბედისწერო მომენტის ლოდინს შეუდგა. ცხადია, ჩემოდანში ლიტერატურა არ აღმოჩნდა. დოცენტის განცდებზე ლაპარაკი საჭირო არ არის. ლიტერატურის წონისა ჩემოდანში გერმანული წარმოების ქლიბების კომპლექტები ეწყო. ამ საქონელს ბაჟი ეკუთვნოდა და სანამ დოცენტი მეორე ოთახში ფორმალობას ასრულებდა, ჩემოდნები კვლავ შეიცვალა.

ნახევარი საათის შემდეგ დოცენტს სასტუმროს ნომერში შეჰქონდა ლიტერატურიანი ჩემოდანი, თუმც კი დარწმუნებული იყო, რომ ქლიბებიანი შეჰქონდა. ასე იყო საჭირო ზარანდიას გეგმის მიხედვით. ამაში არ ყოფილა ცინიზმი და, მით უმეტეს, ის სადიზმი, რომელსაც კატა მონადირებული თაგვის მიმართ იჩენს: გაუშვებს – დაიჭერს, გაუშვებს – კვლავ დაიჭერს. ზარანდიას სჭირდებოდა დოცენტის მტკიცე რწმენა, რომ იგი ახლა კანონის წინაშე უკვე მართალი და შეუვალია, რომ თვალთვალი და ჩხრეკა უკან დარჩა და, ამასთან ერთად, პასუხისგებისთვის საჭირო ნივთიერი მტკიცება კი თან ჰქონოდა. ჩემოდნების პირველი გაცვლის მთავარი მიზანიც სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ჩხრეკის შემდეგ ისინი მეორედაც გაცვლილიყვნენ, დოცენტს ეს გაცვლა არ სცოდნოდა და ამით მისი ფსიქიკის ის მდგომარეობა მიღწეულიყო, რომელიც საბაჟოდან გამოსვლის შემდეგ დაეუფლა: დაბნეულობა, გაუგებრობა, მაგრამ შეუვალობის გრძნობაც და ამის შედეგად სიფრთხილის მოდუნებაც. მე არ ვაპირებ მოვლენათა განვითარების ყველა იმ ვარიანტის განხილვას, რაც ზარანდიას ჰქონდა ნავარაუდევი და გათვალისწინებული, მაგრამ, სანამ ამ ოპერაციის ფინალს შევეხებოდე, ვიტყვი, რომ, ერთი შეხედვით, ლიტერატურას, მის შემომტანს და მიმღებთ გადარჩენის რაიმე თეორიული შესაძლებლობაც კი არ გააჩნდათ, თუ არ ვიგულისხმებთ წარღვნას ან სხვა რამ კატაკლიზმს, როცა ყველა და ყველაფერი იღუპება. ვისაც ამაში დარწმუნება სურს – გააანალიზოს. ახლა კი ფინალი, რომელიც არცთუ ბანალური იყო.

დოცენტი დაბინავდა, შემდეგ ნომერი ჩაკეტა, ქალაქში გამოვიდა. იგი ესტუმრა ერთ ბათუმელ ქართველ მილიონერს, ჩვენთვის ცნობილს თავისი ფრონდიორობითა და დევნილი რევოლუციონერების მატერიალური დახმარებით. აქ დოცენტმა საათი, საათ-ნახევარი დაჰყო. შემდეგ ამდენივე ხანს ქალაქში ისეირნა და სასტუმროში დაბრუნდა. მალე მასთან მივიდა ორი კაცი. მასპინძელმა სტუმრები მიიღო, კარი შეიკეტა, ხუთიოდე წუთის შემდეგ იძულებული შეიქნა, კვლავ გაეღო, – დოცენტს ზარანდია ესტუმრა. მას ორი ხელქვეითი ახლდა. სალმისა და უფლებამოსილების საბუთის წარდგენის შემდეგ ზარანდიამ დოცენტს მიმართა:

– ჩვენ დაინტერესებული ვართ თქვენი თავშეყრის მიზეზით.

დოცენტმა ცოტა ხანს იფიქრა და მიუგო:

– თქვენთვის ხომ ცნობილია, რომ მე დღეს მოვედი გერმანიიდან “ადელაიდით”? ჩამოვიტანე ამანათი ამ ბატონებისთვის. წასაღებად არიან მოსული. ეს არის და ეს.

– ადასტურებთ? – მიუბრუნდა ზარანდია დოცენტის სტუმრებს.

– დიახ, – თქვა უყოყმანოდ ერთ-ერთმა.

მეორემ თავი დაიქნია, მაგრამ საკმაოდ უხალისოდ.

ზარანდიამ კითხვა-პასუხი ოქმში შეიტანა.

– გთხოვთ, ხელი მოაწეროთ იმაზე, რომ თქვენი პასუხები სწორად არის დაფიქსირებული.

დოცენტმა ჩანაწერი წაიკითხა და დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი,

სტუმრებმა კარგა ხანს იფიქრეს, იყოყმანეს, ბოლოს ერთმა თქვა, ამანათი ჩემია, ხელსაც მე მოვაწერო. ზარანდია აღარ შედავებია, ორი ხელისმოწერა იკმარა.

– რომელ ჩემოდანშია ამანათი? – იკითხა ზარანდიამ.

– აგერ, იმ შავში, - მიუგო უკვე დაეჭვებულმა დოცენტმა.

– ჩვენ უნდა დავესწროთ ამანათის გადაცემა-მიღებას!

სიჩუმე ჩამოვარდა. მასპინძელი და სტუმრები ერთმანეთს ათვალიერებდნენ.

– კეთილი და პატიოსანი, – თქვა დოცენტმა. - აქ არის ქლიბების კომპლექტები. თქვენ ეს საბაჟოშიც ნახეთ.

მან ჩემოდანი მაგიდაზე დადო და თავი ახადა.

ალბათ, ცხადია, რომ ამ სამი კაცის სამართალში მისაცემად სრულიად საკმარისი და დასაბუთებული დოკუმენტაცია ბათუმშივე გამზადდა და საქმეს შავი კატა ვეღარ გადაურბენდა. საგამომძიებლო მასალა ამომწურავი იყო. გამომჟღავნდა, უკეთ რომ ვთქვათ, ერთხელ კიდევ დადასტურდა აკრძალული ლიტერატურის საზღვარგარეთული წყაროს ადგილსამყოფელი, იქ მომუშავე ემიგრანტთა გვარები, დამხვდურთა და გამავრცელებელთა ურთიერთობები, გამოცხადებისა და შეხვედრების მისამართები და, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ასეთ შემთხვევაში სამძებრო დაწესებულებებს აინტერესებს ხოლმე.

დამნაშავეები თბილისში ჩამოვიყვანეთ, მეტეხის ციხეში მოვათავსეთ, როგორც გამოძიებული და მსჯავრისთვის გამზადებული დამნაშავეები.

დოცენტი შეძლებულ არისტოკრატთა წოდებიდან იყო. მისი ნათესაობა დიდი გავლენით სარგებლობდა მთელ კავკასიაში. მათ შორის ჩემი პირადი ნაცნობ-მეგობრებიც იყვნენ – გენერლები, მაღალი თანამდებობის პირები და, უბრალოდ, კარგი ინტელიგენტები. საქმე ისე მოტრიალდა, რომ არამცთუ რამდენიმეჯერ მომმართეს დახმარებისთვის, არამედ კავკასიის მეფისნაცვალიც დააინტერესეს დოცენტის ბედ-იღბლით. ესეც არ იყოს, თანამდებობა მაკისრებდა, პირადად გავცნობოდი საქმესაც, დამნაშავეებსაც, და ზარანდიას ვუბრძანე, ერთი დაკითხვა ჩემი თანდასწრებით მოეწყო. აღვნიშნავ, რომ ბრალდებულმა ჩემი ვინაობა არ იცოდა.

ჯერ თანაბრალდებულებმა და შემდეგ თვით დოცენტმაც სავსებით და უცვლელად დაადასტურეს ადრინდელი ჩვენებები. დავრწმუნდი, რომ მათთვის მსჯავრის შემსუბუქებაც კი არ შემეძლო, საქმის მოსპობაზე აღარას ვამბობ. კაბინეტში დავბრუნდი იმ მძიმე გულითა და უსიამოვნო წინათგრძნობით, რაც ადამიანებისთვის რაიმე დახმარებაზე უარის თქმას უძღვის ხოლმე წინ. ამით ვიყავი შეწუხებული და იმასაც მივხვდი, რომ ზარანდიამ დაკითხვა დოცენტის ბედ-იღბალთან ჩემი დამოკიდებულების გამორკვევის ნიშნის ქვეშ ჩაატარა. იგი ყოველნაირად ცდილობდა, გაეგო, თუ რა მსურდა მე და, ამასთან ერთად, თავისი ეს დაინტერესება არ გამოემჟღავნებინა.

ამ დროს ზარანდიამ კარი შემოაღო და შემოსვლის უფლება მთხოვა. ათი-თხუთმეტი წუთის წინ ერთად ვიყავით, მის შემოსვლას არ ველოდი.

– სათხოვარი მაქვს, გრაფ.

– ბრძანეთ მუშნი!

– ჩამოდით ჩემთან, თუ დრო და სურვილი გაქვთ საამისოდ... კიდევ ნახევარი საათით.

– მოვალ, – იმწამსვე დავთანხმდი.

ზარანდიას კაბინეტში დოცენტის მეტი არავინ იყო.

– ბატონო დოცენტო, – ჰკითხა ზარანდიამ. – რას მოელით რევოლუციისგან პირად ასპექტში. გვითხარით, თუ შესაძლებლად მიგაჩნიათ თქმა და თუ ბოლომდე გესმით შეკითხვის არსი.

დოცენტმა გაიღიმა:

– ჩემი და ჩემისთანების მამულებისა და სხვა ქონების კონფისკაციას, რასაც დიდი ხანია თვითონვე მოვახდენდი, პირადად, განუყოფლად რომ მეკუთვნოდეს ისინი და, ამას გარდა, ფანფარონობად რომ არ მიმაჩნდეს გლეხებისთვის მიწების ერთპიროვნული დარიგება, მიწაზე საყოველთაო კერძო საკუთრების პირობებში. მოველი იმას, რომ ამეყრება წოდება, რომელსაც პირადად მე ვატარებ, როგორც მამლაყინწა - ბიბილოს. მოველი სულიერ კმაყოფილებას იმის გამო, რომ ყველა ადამიანს თანაბარი შესაძლებლობები შეექმნება საკუთარი ღირსებების სარეალიზაციოდ, საკაცობრიო გენიას ახალი, უფართოესი ასპარეზი შეექმნება სამოქმედოდ. ღირს თუ არა, ბატონო ოფიცერო, ასეთი შედეგების მიღება იმ სასჯელის ფასად, რომელსაც განაჩენით მომისჯიან?

– ეღირებოდა, თუკი მართლაც ყველაფერი ასე იქნება, როგორც ბრძანებთ, მაგრამ სად არის ამის გარანტია? თქვენ განა აბსოლუტრად გწამთ, რომ საბოლოო ჯამში რევოლუცია ადამიანს სულიერ კმაყოფილებას, ბედნიერებას მოუტანს? დაფიქრებულხართ როდისმე იმაზე, რომ ყოველგვარი ახალი იდეის ქადაგება ავანტიურიზმის მნიშვნელოვან ელემენტსაც შეიცავს და, ამდენად და ამზომით, რევოლუციური მოღვაწეობა ცალკე სიკეთეს და ცალკე ადამიანის ზნეობას ეწინააღმდეგება?

– დავფიქრებულვარ! დავფიქრებულვარ მაგაზეც და ბევრ სხვა საკითხზეც! – დოცენტს ნერვიულობა დაეტყო. ზარანდიამ, ჩანს, მტკივნეულ ადგილს მიუგნო. – დავფიქრებულვარ იმაზეც, რომ რევოლუციამ პატიოსანი ინტელიგენტებისა და არისტოკრატების ინტელექტი უნდა გამოიყენოს და შემდეგ გაუსწორდეს მათ, როგორც საფრანგეთის რევოლუცია გაუსწორდა მიშელ დე ლეპელეტიეს და სხვათ. მე ეს რევოლუციის კანონზომიერებად მიმაჩნია, მაგრამ მაინც მის მხარეზე ვარ... “აქა ვდგავარ და სხვარიგად არ ძალმიძს”! – დოცენტი, ჩანს, დაამშვიდა და გაამხნევა თავისმა ნათქვამმა და ზარანდიას უკვე ღიმილით ჰკითხა: – იცით, ვისია ეს სიტყვები?

ზარანდიამ თავი გაიქნია. იგი დაფიქრებული იჯდა. მივხვდი, თვით სიტყვებზე ფიქრობდა და არა იმაზე, თუ ვის ეკუთვნოდა ეს გამოთქმა.

– “აქა მდგავარ და სხვარიგად არ ძალმიძს”! – გაიმეორა ზარანდიამ ხმადაბლა და დასძინა: – არც წამიკითხავს და არც მსმენია ასე მოკლე და, ამასთან ერთად, ამომწურავი განსაზღვრა გარკვეული, საკმაოდ იშვიათი ტიპის ადამიანთა ქმედების მიზეზისა. მშვენიერია! ვისი ნათქვამია ეგ, ბატონო დოცენტო?

– მარტინ ლუთერისა.

სიჩუმემ კარგა ხანს გასტანა:

– ბატონო დოცენტო, – მიმართა ზარანდიამ. – თქვენს რწმენას და იმას, რომ “სხვარიგად არ ძალგიძთ” დიდი გამოცდა ელის. სამწუხაროდ, ახლავე ელის... მესამე პირი ამ ოთახში არის კავკასიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი, გენერალი, გრაფი სეგედი.

დოცენტი მოულოდნელობამ წამით შეაცბუნა, შემდეგ მან ოდნავ და ცივად დამიკრა თავი, ზარანდია კვლავ დუმდა. ღმერთმანი, ტანმა მიგრძნო, რომ აი, ახლავე გავხდებოდი მოწმე ზარანდიას ისეთი ფანდისა, როგორითაც მას არაერთხელ შემოუტანია ჩემ განწყობაში აღრევა, აღტაცება, მწუხარება, ერთი სიტყვით, რაც გნებავთ, გარდა სიმშვიდისა და ჩვეულებრიობისა. იგი რაღაცას აპირებდა, თორემ ხელმეორედ აქ არ მომიყვანდა.

– თქვენი ნათესავები, – განაგრძო ზარანდიამ, – ყოველნაირად ცდილობენ, გიხსნან თქვენც და თქვენი საზოგადოებრივი რენომეც. ჩვენი საუბრიდან გამოჩნდება, რომ ეს ორი რამ ცალ-ცალკეა სახსნელი, მაგრამ დავიცვათ მიმდევრობა. მის ბრწყინვალებას, გრაფ სეგედის, ისეთმა ადამიანებმა მიმართეს თქვენთვის დახმარების აღმოჩენის თხოვნით, რომ, ვგონებ, იგი შინაგანად მზად არის, გიშველოთ რამე, თუკი ამის საშუალება გამოჩნდება. თქვენი ბედ-იღბლით მეფისნაცვალიც კია დაინტერესებული. დასასრულ, არც მე ვარ განწყობილი რადიკალურად, თუ ამას მნიშვნელობა აქვს. იქმნება ვითარება, როცა მცირედი დავიდარაბის შემდეგ შეგიძლიათ, კვლავ დაუბრუნდეთ თქვენს ძირითად მოღვაწეობას. სწორედ ამ მიმართებით გვაქვს ჩვენ ზოგი რამ გამოსარკვევი და დასაზუსტებელი.

ზარანდია შეჩერდა. მე და დოცენტი, სიმართლეს ვიტყვი, თანაბარი გაფაციცებით მოველოდით სცენის განგრძობას.

– ცნობილია, რომ ახალი იდეის ნერგისა თუ რაიმე პოლიტიკური მოძღვრების ჩანასახის ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა, როგორც ეშმაკობასა და სიცრუეში გამოხატული რაციონალური დამოკიდებულება, ისე მოწამებრივი მსხვერპლი. ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ,

რომელს აირჩევდით: ისარგებლებდით გათავისუფლების შესაძლებლობით, თუ მსჯავრს დაიდებდით აქვე მინდა, გაგაფრთხილოთ, რომ არჩევანი არ გაქვთ. თქვენი მომავალი მაშინვე იყო გადაწყვეტილი, როდესაც შავ ჩემოდანში ლიტერატურას დებდით. ჩვენი საუბრის დანიშნულება მხოლოდ დეტალების დაზუსტებაა.

ზარანდია ამას თავჩაღუნული ლაპარაკობდა. როცა დაამთავრა, თავი ასწია და თვალები დოცენტს მიაპყრო.

– მოვიქცეოდი ისე, როგორც უმჯობესი იქნებოდა, უფრო სასარგებლო იქნებოდა იმ საქმისთვის, რომლის სამსახურმა ციხეში მომიყვანა. საქციელი პირადი ხასიათიდან, ჩემი ინდივიდუალური ღირსებებიდან იქნებოდა გამომდინარე. მინდა, გაგაფრთხილოთ, ბატონო ოფიცერო, – დასძინა დოცენტმა, – რომ ვერავითარ გარიგებაზე ვერ წამოვალ, არავითარ კომპრომისს არ დავუშვებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახით თქვენ საქმე გაქვთ თანამგრძნობთან, მოყვარულთან და არა პროფესიულ რევოლუციონერთან. რას შემეკითხებით კიდევ?

– ჩვენ გვჭირდება უფრო კონკრეტული პასუხი. – ზარანდიამ გარიგებასა და კომპრომისზე ნათქვამი ერთი ყურიდან შეუშვა, მეორიდან გაატარა. – თქვენს წინაშე, დავუშვათ, არის ორი შესაძლებლობა, აი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში დღეს და აქ. მეცნიერი ხართ და, ამავე დროს, პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწევით – რას აირჩევდით, თავისუფლებას თუ გადასახლებას? ვიმეორებ, შექმნილ სიტუაციაში. დღეს და აქ!

– თუ სიმართლე გნებავთ – სულ ერთია! ჩემს წინაშე ამჟამად ორი ამოცანა დგას: უნდა დავამთავრო საკმაოდ ვრცელი ნაშრომი ძველ ქართულ ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე და, ერთდროულად, აქტიური მუშაობა გავწიო ხალხის განათლებისა და გათვითცნობიერების დარგში. ამ ორი მიზნის განხორციელებას შევძლებ ციხეშიც, გადასახლებაშიც და უნივერსიტეტის პირობებშიც.

– ალბათ, სამწუხარო იქნება თქვენთვის, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ მეორე მიზნის განხორციელებას – პოლიტიკურ მოღვაწეობას ვგულისხმობ, – ვეღარ შეძლებთ.

დოცენტმა გაიცინა და იკითხა:

– რატომ, ბატონო ოფიცერო? ეს ხომ მხოლოდ ჩემი ნება-სურვილისა და ადამიანური ღირსების საქმეა!

– არა მგონია, – მიუგო ზარანდიამ. – თუმცა, გამოსავალი მოიძებნება. მოგეხსენებათ, ერთმა სოფისტმა, რომელსაც ყოფილი შეგირდი განსწავლის საფასურის გადახდაზე უარს ეუბნებოდა, ამ თავის ნამოწაფარს უთხრა, მე შენ ორჯერ გიჩივლებ და შემოპირებულ თანხას ამ საშუალებით მივიღებო. თქვენც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი მიზნის განხორციელებას, თუ განთავისუფლების შემდეგ ახალ დანაშაულს ჩაიდენთ.

– თუ საჭირო შეიქნა, იქნებ მაგ ხერხსაც მიმართოს ადამიანმა, მაგრამ არ მესმის, საითკენ მიგყავთ ეს, თითქმის ზოგადი საუბარი.

– იქითკენ, რომ თქვენი გასამართლება ვერასგზით ვერ მოხერხდება.

– რატომ? – ეჭვით იკითხა დოცენტმა.

– იმიტომ, რომ იმთავითვე ასე იყო განზრახული.

– მაპატიეთ, – თქვა პაუზის შემდეგ დოცენტმა, – როგორ, განზრახული... ვის მიერ?

– გეგმით განზრახული. ამას ოპერაციის გეგმა ითვალისწინებდა. თქვენს საქმეში წინასწარ არის დატოვებული კარი, რომელიც პირდაპირ უნივერსიტეტში დაგაბრუნებთ. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მე ვიბარებ თქვენს ვექილს და ვაცნობებ, რომ არსებობს ბათუმის საბაჟოში შედგენილი ოქმი თქვენი ხელბარგის ჩხრეკის და შიგ აღმოჩენილი ქლიბების დაბაჟვის თაობაზე. ოქმში არაფერი წერია აკრძალული ლიტერატურის პოვნაზე. თქვენს ხელბარგში იგი არ აღმოჩენილა. არის თუ არა ეს იმის მტკიცება, რომ თქვენ გერმანიიდან მსგავსი არაფერი ჩამოგიტანიათ?

– არის, - მიუგო დოცენტმა, – მაგრამ არსებობს ჩემს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის ოქმიც, ნაპოვნი ლიტერატურაც და შემდეგ, ჩვენებებიც, – სამი ადამიანის ჩვენება.

– როდესაც საქმეში საბაჟოს ოქმი ჩაერთვება, გამოძიება იძულებული იქნება, დაამტკიცოს, რომ ნომერში ლიტერატურა თქვენი მიტანილია. ასეთი მტკიცებები გამოძიებას არ გააჩნია. სასამართლოზე ჩვენ ვერ გამოვაჩენთ აგენტს, რომელმაც თქვენი ჩემოდანი ორჯერ შეცვალა. წარმოვადგინოთ კიდეც, სასამართლო არ მიიღებს ოხრანკის აგენტის ჩვენებას, როგორც წანამძღვარსა და საფუძველს. თავისთავად წამოიჭრება კითხვა: ვინ შეიტანა დოცენტის ნომერში ლიტერატურა? ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიტერატურა თვით ჟანდარმერიის მიერ შეტანილად ჩაითვლება. ეს თავისთავად, მექანიკურად მოხდება.

– ჩვენებები?

– ჩვენებებზე ყოველთვის უარს ამბობენ, როცა განთავისუფლების, პროცესით გამართლების საშუალება ჩნდება.

– იქნებ არ ვამბობთ უარს ჩვენებებზე?

– იქნებ? ჩვენ სათუოდ ვერ გავხდით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეს...

– ბატონო ოფიცერო, პირადად თქვენ, მისი ბრწყინვალება და მთლად თქვენი სამსახური ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ლიტერატურა ჩემი შემოტანილია...

– მისმინეთ! – ზარანდიამ გაიცინა, – მიაქციეთ ყურადღება, როლები შეიცვალა. თქვენ, რატომღაც დაჟინებით, ცდილობთ, ყოველ მიზეზს გარეშე, წარსდგეთ სასამართლოს წინაშე. ამას მე უნდა ვცდილობდე. ეგ დაჟინება ნაადრევია და ჩვენი საუბრის ამ ეტაპზე – მოულოდნელიც. ცოტა მოგვიანებით, ასე, ათი წუთის მერე თქვენი ახლანდელი პოზიცია და სასამართლოს წინაშე წარდგომა, იქნებ, საუკეთესო გამოსავლად იქცეს. ჯერჯერობით კი სათქმელს მივყვეთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პროცესი შედგეს, რადგან ამ პროცესის ვერცერთნაირი შედეგი ვერ მოგვცემს ხელს. თუ მოგისჯიან, საზოგადოებაში გავრცელდება ვერსია, რომ ჩვენი პროვოკაციის მსხვერპლი ხართ. თუ გაგამართლეს, გავრცელდება ვერსია, რომ ჩვენი პროვოკაციის ჩაფუშვის შედეგად გაგამართლეს. არსებულ შინაპოლიტიკურ ვითარებაში სახელმწიფოსთვის მისი სამძებრო დაწესებულებების დისკრედიტაცია გაცილებით მეტ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე თქვენი და კიდევ ათი თქვენისთანა, მაგრამ მხილებული დამნაშავის განთავისუფლების შედეგად მოსალოდნელი ზიანი. აქ ლაპარაკია, სახელდობრ, თქვენი რანგის, თქვენი პოპულარობისა და შესაძლებლობების მქონე დამნაშავეებზე.

ზარანდიამ საქაღალდე გახსნა. რაღაც საბუთი ამოიღო და განაგრძო:

– მე ხელში მიჭირავს თქვენი განთავისუფლების ორდერი. იგი შევსებული და ხელმოწერილია ჩემს მიერ, საჭიროა მისი ბრწყინვალების ხელმოწერა და შემდეგ პროკურორის სანქცია, რომელსაც, ვფიქრობ, ადვილად მივიღებთ. თქვენი საქმის გამოძიება შეწყდება. კი არ მოისპობა, შეწყდება ჩვენთვის ხელსაყრელ მომენტამდე.

ყოველივე ამან ჩემზე იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ვერა და ვერ ვაიძულე თავი, ზარანდიას ნალაპარაკევში ხარვეზების ძებნას შევდგომოდი, მისი კონცეფცია გამეანალიზებინა. დოცენტი თავრეტდასხმული იჯდა. არ ვიცი, ზარანდიას ხრიკზე ფიქრობდა, თუ ციდან ჩამოვარდნილ თავისუფლებას განიცდიდა.

– კარგი, მაგრამ ისიც ხომ არ არის გამორიცხული, რომ ჩემი ესოდენ მოულოდნელი განთავისუფლებაც თქვენს მიერ მოწყობილი პროვოკაციის ჩავარდნით იქნება ახსნილი საზოგადოებაში, ადამიანთა გონებაში. ეს ბრძოლაა და, არ დავმალავ, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ძალები, რა თქმა უნდა, შეეცდებიან, სწორედ პროვოკაციის ჩავარდნის ვერსია გაავრცელონ, მით უმეტეს, რომ ეს არცთუ ძლიერ შორს არის საქმის ჭეშმარიტი ვითარებისგან, – თქვა დოცენტმა.

– დიახ. ეს ბრძოლაა და თქვენს მიერ მოყვანილ აქციას მოველით კიდეც, მაგრამ სწორედ იმავე უფლებით, რა უფლებითაც ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი ძალები მიმართავენ თქვენს მიერ აღნიშნულ ვერსიის გავრცელებას, იმავე უფლებით, ბატონო დოცენტო, ჩვენც მივიღებთ ზომებს: გაგათავისუფლებთ თქვენ და ორ თქვენს თანადამნაშავეს, დავაპატიმრებთ ძიების პროცესში თქვენი წყალობით ამოტივტივებულ სამ-ოთხ პირს, გავასამართლებთ მათ და გავავრცელებთ ხმებს, რომ ისინი თქვენი გაცემული არიან, რომ სწორედ ამის ფასად მიიღეთ თავისუფლება. ამასთან ერთად, ასეთი ვერსია ბატონო დოცენტო, არცთუ ისე შორს იქნება საქმის ჭეშმარიტი ვითარებისგან. მე ჩვენი საუბრის დასაწყისშივე ვთქვი, თქვენს რწმენას და იმას, რომ “სხვარიგად არ ძალგიძთ” სერიოზული გამოცდა ელის-მეთქი.

აი, თურმე, რატომ მოითხოვდა ზარანდია ისე გადაჭრით და დაჟინებით, რომ ოპერაციის გეგმა უცვლელად მიგვეღო!

– ბატონო ოფიცერო, თქვენ ისეთი დახვეწილი არამზადა ბრძანდებით, რომ აქ, იმპერიის რომელიღაც მივარდნილ კუთხეში, თქვენი გამოყენება არსებული პოლიტიკური სისტემის გონებრივი უსუსურობის ერთ-ერთ გამოვლენად უნდა ჩაითვალოს, – თქვა დოცენტმა.

– გმადლობთ, და გთხოვთ, გაიხსენოთ, რომ ჩვენი ურთიერთობის ორი თვის მანძილზე არც ერთხელ არ მიმიმართავს თავხედობისა და შეურაცხყოფისთვის. მაგას სისუსტეში ჩამოგარომევდით, მართლაც უმძიმესი ალტერნატივის წინაშე რომ არ იდგეთ და კიდევ ერთი რამ: თქვენს რევოლუციურ გატაცებაში ორაგულობას მოწყურებული კალმახი იგრძნობა, მაშინ, როდესაც მე ბალახი ვარ და არ ვცდილობ, ხედ ვიქცე.

– თქვენ არ გაქვთ უფლება... მე მოვითხოვ პროცესს! – შეჰყვირა დოცენტმა.

– იმისთვის, რომ დემაგოგებს მოქმედების საშუალება შეუქმნათ?

ჩვენ უკვე გაცნობეთ, პროცესი არ შედგება, – მშვიდად მიუგო ზარანდიამ იყუჩა და მერე უთხრა: – მე წაკითხული მაქვს თქვენი ფსევდონიმებით ხელმოწერილი სტატიები ლეგალურ და არალეგალურ პრესაში. მართლაც, ჩინებული სტატიებია, ამაღლებული და პატიოსანი აზროვნების პროდუქტი. რევოლუცია, როგორც თქვენ ბრძამეთ, სარგებლობს თქვენი ინტელექტით. ვნახოთ, როგორ მოგეპყრობათ შემდგომში. ვგონებ, რომ, უმჯობეს შემთხვევაში, მარიონეტის ხვედრი მოგელით, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ხსენებულ ლეპელეტიეთა და პარტიული უთანხმოებების შედეგად ემიგრაციაში გადახვეწილ მებრძოლთა უპატრონო სამარეებს, მაგრამ ეს მოსალოდნელია მაშინ, თუ თქვენ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზე დარჩებით. ამაში კი ეჭვი მეპარება.

– ეს ვერაგული გეგმა იმ ვარაუდით იყო შექმნილი, რომ კომპრომეტაციის გზით პოლიტიკური ბრძოლისგან ჩამოგეშორებინეთ? – იკითხა დოცენტმა ჯიბრითა და ირონიით.

– არა, გეგმის ოფიციალური მიზანი იყო ლიტერატურის რეკვიზიცია, დამნაშავეთა დაპატიმრება და დასჯა, მაგრამ, თუ სიმართლე გნებავთ, გეგმას საფუძვლად დაედო ჩემი პირადი დამოკიდებულება თქვენი პერსონის მიმართ. ამ შემთხვევაში სამსახური პირადი მიზნისთვის გამოვიყენე, უკეთ ვთქვათ, სამსახურებრივი ინტერესები პირად მიზნებს დავამთხვიე. სხვათა შორის, მის ბრწყინვალებასთანაც არ დავმალავ, რომ ტახტისა და სახელმწიფოსთვის გაკეთებული ზოგი საქმიდან პირადი სარგებლობაც მაქვს ხოლმე.

– ჩემს შემთხვევაში რა სარგებლობის იმედი გქონდათ?

– მე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ხალხის, ჩემი მოდგმისა და ერის შვილთაგანი ვარ. აქედან - ვალდებულებებიც და, რა თქმა უნდა, არავითარი პარტიები. ვარ ჩემი ერის მოქმედი ერთეული, გალოკილი თითივით მარტოკაცი. დიახ, და მე მირჩევნია, რომ თქვენ ჩემი ხალხი აზიაროთ იმ მეცნიერულ ცოდნასა და შეხედულებებს, რაც ჩვენი შორეული წინაპრების გენიამ შექმნა ან რომელსაც საკუთრივ თქვენი და თქვენისთანების ტალანტი, ქართველი კაცის ბუნება შეიმუშავებს. ახლო მომავალში, სულ ერთია, დაარსდება ქართული უნივერსიტეტი, აღსდგება მეცნიერული ცოდნის გამომუშავების ძველთაძველი ტრადიციები. თქვენ და თქვენისთანების ამ დაწესებულებაში მოღვაწეობა გაცილებით მეტ სარგებლობას მოუტანს ჩემს ხალხს, ვიდრე ანარქისტთა იდეების ქადაგება და, მით უმეტეს, მათი ნაძალადევად დამყნობისთვის თქვენი სიკვდილი. ამ პირადი სარგებლობის იმედი მქონდა, ბატონო დოცენტო!

ბრალდებული ერთხანს გულდასმით ათვალიერებდა ზარანდიას, მერე მხრები აიჩეჩა, ხელები გაასავსავა და თქვა:

– რისთვის გჭირდებათ ამდენი თვალთმაქცობა? ან თუ ეგ თვალთმაქცობა არ არის, რატომ ლაპარაკობთ ასე გულახდილად მისი ბრწყინვალების თანდასწრებით? არ გეშინიათ, რომ ჟანდარმერიიდან დაგითხოვონ?

– “აქა ვდგავარ და სხვარიგად არ ძალმიძს”!

ეს ლაპარაკი თანდათან ინტერესს კარგავდა და კამათს ემსგავსებოდა. მისი განგრძობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი დასწრება აღარ ღირდა. მხარეთა პირდაპირობა თავხედობაში გადადიოდა. არ მსიამოვნებდა დოცენტის გამომწვევი ტონი. გარდა ამისა, მივხვდი, რომ ზარანდიას მიერ დაგებული მახე საშუალებას მაძლევდა, საქმის გაურთულებლად გამეთავისუფლებიანა დოცენტი და მთავარმართებლისთვის მომეხსენებინა, საქმე დამთავრებულია-მეთქი.

– მისმინეთ, ბატონო დოცენტო! – მივმართე ბრალდებულს. – მე ვაწერ ხელს ორდერზე და თქვენ ახლავე წაბრძანდებით შინ. თქვენ აქ განაცხადეთ, რომ გარიგებებზე და რაიმე კომპრომისზე არ წახვალთ და ნურც ისე იფიქრებთ, რასმე ამდაგვარს ჩვენ გთავაზობდეთ. მაგრამ თავს მოვალედ მივიჩნევ, გითხრათ... არავის არ დავაპატიმრებთ, არავის კომპრომეტაციას არ შევუდგებით, თუ თქვენს ზურგს უკან მდგომი პირები თქვენი გათავისუფლების ფაქტს ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. ალბათ, გასაგებია, თუ რას ვგულისხმობ. ამასთან ერთად, გაფრთხილებთ: რა წამს მივიღებთ აგენტურულ ცნობას, რომ ჩემი ეს მოთხოვნა დარღვეულია, ჩათვალეთ, რომ ავმოქმედდებით და გამცემის რეპუტაცია სამუდამოდ ჩამოგეკიდებათ კისერზე. მე მოვრჩი. მშვიდობით ბრძანდებოდეთ.

იმისთვის, რომ მონათხრობმა დასრულებული სახე მიიღოს: დოცენტისა და მისი თანამოსაქმეების გათავისუფლება მაინც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს. გავრცელდა ხმები, რომელთა მიხედვით, დოცენტს გმირის, გამჭრიახი ადამიანისა და თავდადებული მებრძოლის რეპუტაცია უმტკიცდებოდა. მაშინ ჩვენ მას დაპირებული შევუსრულეთ: დავაპატიმრეთ გამოძიების პროცესში გამომჟღავნებული რამდენიმე პირი და გავასამართლეთ ისინი. ამ სასამართლო პროცესზე დოცენტის სახელმა მისთვის არასასურველი ინტონაციით გაიჟღერა. შემდეგ მიღებულ იქნა დამატებითი ზომებიც და საბოლოოდ მას გამცემის იარლიყი ხვდა წილად.

დოცენტმა პოლიტიკური ცხედრის ხვედრი არ ისურვა, საკუთარი ინიციატივით შექმნა ანარქო-სინდიკალისტთა არალეგალური ჯგუფი მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტთაგან და მალე კამჩატკის გადასახლებაში მოხვდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მან ზარანდიას რჩევით ისარგებლა, შეგირდს ორჯერ უჩივლა, ანუ განმეორებით ჩაიდინა დანაშაული, განზრახ დაიდო მსჯავრი და თანამზრახველთა წინაშე პოლიტიკური რეაბილიტაცია გაინაღდა. სამწუხაროა მხოლოდ, რომ სუსტი ჯანმრთელობის აღმოჩნდა, გადასახლებაში დაავადდა და გარდაიცვალა.

მჯერა, რომ მას “სხვარიგად არ ძალედვა”.

ამ ეპიზოდის დასაწყისშივე ვთქვი, ზარანდიამ ეს საქმე ლამაზად ჩაატარა და ლამაზადაც წააგო-მეთქი. ასეთი დასასრულის გამო ვთქვი, თუმცა თვით ზარანდია ამ საქმეს წაგებულად არ თვლიდა.

ახლა კი დასკვნა, რომლის გულისთვისაც ვიყავი იძულებული, ამსიგრძე ამბავი მომეყვანა. როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, ჩემი წინასწარი მოსაზრებები დრომ და მოვლენათა მსვლელობამ დაადასტურა. მუშნი ზარანდიას ქმედების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მას “სხვარიგად არ ძალედვა” ეს ცხადია, მაგრამ აქ აუცილებელია, ორიოდე სიტყვა ითქვას ამგვარ ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ თვისებებზე და ადამიანში ამ მონაცემის წარმომავლობაზეც. იმისთვის, რომ მსჯელობამ არ გამიტაცოს, სიტყვა არ გამიგრძელდეს და ადვილად გასაგებს ბურუსი არ შემოვახვიო, მოვიყვან დიალოგს ჩემსა და მუშნი ზარანდიას შორის; დიალოგს, რომელმაც დასმულ საკითხს სინათლე მოჰფინა.

იმხანად სენსაცია გამოიწვია ატლანტის ოკეანეში დიდი სამგზავრო გემისა და მგზავრთა უმრავლესობის დაღუპვამ. ხომალდი სულ რაღაც ერთ საათში ჩაიძირა. ამ ტრაგიკული მოვლენის პროცესში მოხდა ისეთი ამბავი, რამაც თუმც კომიკური, მაგრამ უფრო ძლიერი რეზონანსი მიიღო, ვიდრე თვით ტრაგედიამ. როდესაც გემი იძირებოდა და იქაურობა პანიკით იყო მოცული, ერთმა კომივოიაჟერმა მოახერხა არა მარტო ისტერიის მდგომარეობიდან გამოეყვანა და დაემშვიდებინა მანამდე მისთვის უცნობი ოცდათოთხმეტ-თხუთმეტი წლის მარტოხელა ქალი, არამედ ისიც შეძლო, რომ მას მადემუაზელ ბრინონის ნახელავი კორსეტი და, კორსეტთან ერთად, ახალი ტიპის ხორცის საკეპი მანქანა მიჰყიდა. ორას ორმოცდაათამდე ადამიანიდან გადარჩა თორმეტი, მათ შორის კომივოიაჟერი ნავაჭრი ფულით და ქალი, წარმოიდგინეთ, თავისი კორსეტითა და ხორცის საკეპი მანქანითურთ.

– ამას რა ახსნას მოუძებნიდით, მუშნი? – ვკითხე ჩემს ხელქვეითს ერთი მომქანცველი თათბირის შემდეგ.

ზარანდიამ გაიღიმა და მითხრა:

– ეგ სასაცილოც არის, თქვენო ბრწყინვალებავ, და უკიდურესად საინტერესოც. ჩემი აზრით, მსგავსი მოვლენები ცალმხრივი, ერთი რომელიმე მიმართულებით გამახვილებული მიდრეკილების ბრალია. ასეთი ადამიანები, ვგონებ, საკმაოდ იშვიათად ევლინებიან ქვეყანას. არ ვიცი, რა სახელი მოერგებოდათ მათ, მაგრამ ვიცი, როგორ და რა გზით მოდიან ისინი. – ზარანდიამ აზრი მოიკრიბა და განაგრძო: – ხომ შესაძლებელია, რომ მომავალში მეცნიერებამ, მენდელეევის პერიოდული სისტემის დარად, ადამიანის ხნეობრივი თვისებების სისტემაც ჩამოაყალიბოს? აღმოჩნდება, რომ არსებობს ამდენი და ამდენი უკვე ცნობილი თვისება, ვთქვათ, სიყვარული, სიძულვილი, სიკეთე, ბოროტება, სხვანი და სხვანი, ხოლო ცხრილის ამდენი და ამდენი უჯრა დროებით შეუვსებელი დარჩება. მერე გავა დრო და თავისი ბინადარი, ალბათ, ყველა უჯრას გამოენახება, - ზარანდია ჩემს რეაქციას დაელოდა.

– განაგრძეთ, მუშნი. მესმის, რისი თქმაც გსურთ.

– ვფიქრობ, რომ ნორმალურ ახალშობილს იმთავითვე დაჰყვება ხოლმე ადამიანის ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი.

– თქვენ ნორმალურ ახალშობილზე ლაპარაკობთ, არა?

– დიახ. გამონაკლისებზე და გადახრებზე მერე ვიტყვი. მაშასადამე, ნორმალურ ახალშობილს აქვს ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი და ამ ჩანასახის ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების, დახვეწის შესაძლებლობაც.

– აქვს.

– საფიქრებელია, რომ ერთსა და იმავე ახალშობილს ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი ტოლი სიდიდისა ვერ ექნება. ალბათ, ზოგი ჭარბი პოტენციისა ექნება და ზოგიც ნაკლებისა, მაგრამ თუკი მათი ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების და დახვეწის პირობები, ანუ გარემო, ერთი რომელიმე ზნეობრივი თვისების მძაფრ ზრდას არ იწვევს, მოსალოდნელია, რომ პროდუქტიც მეტ-ნაკლებად ნორმალურთვისებებიანი დადგება, ანუ ისეთი, რომელსაც ჩვენ ნორმალურ ადამიანებს ვუწოდებთ. ახლა გამონაკლისებსა და გადახრებს მივმართოთ. ხომ შეიძლება, რომ დაიბადოს ისეთი ადამიანი, რომელსაც სიხარბე, მომხვეჭელობა და სიძუნწე მძლავრი მონაცემებით დაჰყვება, ხოლო ამის საწინააღმდეგო თვისებები – სუსტ, უმწეო ჩანასახად?

– რა თქმა უნდა, შეიძლება.

– ისიც ხომ შესაძლებელია, რომ ასეთ ადამიანს შეექმნას ზრდა-განვითარების გარემო, რომელიც მძლავრ მონაცემს მძაფრად განავითარებს და სუსტ მონაცემებს კი დათრგუნავს, დაასუსტებს, პრაქტიკულად მოსპობს კიდეც?

– ეგეც შესაძლებელია.

– მაშინ, გრაფ, ასეთნაირად ჩამოყალიბებული ადამიანი რა გზას დაადგება და ამ გზაზე როგორ თვისებებსაც გამოამჟღავნებს, მგონი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტიც უნდა იყოს.

– გასაგებია.

– ჩვენ, გრაფ, საუბარი დავიწყეთ კომივოიაჟერით და კორსეტებისა და ხორცის საკეპი მანქანების მოყვარული დედაკაცით. ასეთებს “სხვარიგად არ ძალუძთ” და რატომაც არ ძალუძთ, ამაზე უკვე ვთქვით. ვიმეორებ, რა დავარქვა მათ, არ ვიცი, მაგრამ საიდან და როგორ მოდიან, მგონი, ვიცი, და მოგახსენეთ კიდეც. ისინი არანორმალურ მონაცემებზე მძაფრად მოქმედი გარემოს თანხვედრის შვილები არიან. როდესაც კაცი ასეთია, იგი ფსკერისკენ დაქანებულ გემზე ქალს ისტერიიდან გამოიყვანს იმისთვის, რომ კორსეტი მიჰყიდოს. თავად ისტერიაში ჩავარდნილი დამშვიდდება, საკეპი მანქანის ყიდვის პერსპექტივით გამხნევებული, და იყიდის კიდეც. ის საკეპი მანქანა, იქნებ, წელზე შეიბას და ისე გადაეშვას წყალში, მაგრამ იღბალი მუდამ ასეთების მხარეზეა, ისინი ყოველნაირი განსაცდელიდან საღ-სალამათები გამოდიან.

ზარანდიამ, იქნებ, არც იცოდა, რომ თვითონაც ამ რიცხვს ეკუთვნოდა. ჩემი აზრით, სწორედ ანომალიისა და სათანადო გარემოს თანხვედრის შედეგი იყო, რომ ზარანდიასაც არ ძალედვა სხვარიგად.

ასეა თუ ისე, ჩემი მოდელის ეს თვისებაც გამოირკვა და, მეთოდის მიხედვით, იგივე ქმედების მიზეზი დათა თუთაშხიაშიც უნდა მეგულისხმა, მის დანაშაულებებში მეძებნა...

 

Hosted by uCoz