გრაფი სეგედი

 

...თვით მოხელე და მისი ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ არც ერთი დიდი თანამდებობის პირის ყურადღება არ მიუპყრია, მაგრამ სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ მუშნი ზარანდიას სახელმა ლაღუმივით იფეთქა და, აი, როგორ:

ზარანდიას, როგორც ჟანდარმერიის უმცროს მოხელეს, გამოსაძიებლად ჩააბარეს ერთი კონდტრაბანდისტის საქმე. ზარანდია მარტო ამას როდი დასჯერდა. მან ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმერიას წარუდგინა ხუთი ტომი, რომელიც შეიცავდა გასაოცარი სიზუსტით დამუშავებულ მასალებს ბათუმიდან ტუაფსემდე მოქმედი კონტრაბანდისტული ბანდების საქმიანობაზე და ამ ბანდებთან დანაშაულებრივ ურთიერთობაში მყოფ სახელმწიფო მოხელეებზე. საქმე არა მარტო ფაქტებით ამხილებდა ორმოცდაათამდე კაცს, არამედ ყოველი მათგანის დანაშაულზე წასწრების საშუალებას და ამ ბანდების ერთი დარტყმით შეპყრობის შესაძლებლობას იძლეოდა. გამოსაძიებელი, თითქმის, აღარაფერი რჩებოდა. თამამად შეიძლებოდა ორმოცდაათივე დამნაშავის პირდაპირ სასამართლოში მიყვანა. ზარანდიამ გაითვალისწინა ზოგიერთი დამნაშავის პირადი, თუ ნათესაობრივი ურთიერთობები თბილისში მყოფ გავლენიან პირებთან და ასეთებს ოსტატურად აუარა გვერდი. ამით მან იმას მიაღწია, რომ მცირედი ყოყმანის შემდეგ საქმემ მსვლელობა მიიღო და ოპერაციის ჩატარება თვით მუშნი ზარანდიას მიენდო. ორი კვირის შემდეგ ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის სატუსაღოებში გვყავდა დანაშაულში მხილებული ყველა პირი უკლებლივ და კიდევ სამი კაცი, რომლებიც შეეცადნენ ზარანდიას მოსყიდვას ათი ათას მანეთად ოქროთი. ესენი ზარანდიამ თვითონვე დააპატიმრა.

ამისთვის ზარანდიამ უფროსი გამომძიებლის თანამდებობა მიიღო, ხოლო კავკასიის მეფისნაცვალმა პეტერბურგის წინაშე შუამდგომლობა აღძრა ჩინისა და ორდენის გამო. სანამ პეტერბურგიდან წარდგინების პასუხი მივიღეთ, მუშნი ზარანდიამ გაცილებით რთული და მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა და ისეთივე წარმატებით, როგორც წინა შემთხვევაში. ამჯერად მან გამოიკვლია და ზუსტად დაადგინა გზები, რომლებითაც უცხოეთიდან კავკასიაში არალეგალური ლიტერატურა შემოდიოდა, დააპატიმრა შემომტანები და უვნებელჰყო რამდენიმე არალეგალური ჯგუფი კავკასიის სხვადასხვა ქალაქში. ყოველივე ეს ზარანდიამ ფანტასტიკური სისწრაფით შეასრულა და მახვილგონიერი ხრიკებისა და სამძებრო საქმეში ახალი მეთოდების დამნერგავის სახელი დაიმკვიდრა. ამჯერად ზარანდიას დაწინაურება-დაჯილდოებაზე პეტერბურგმა თვითონ იზრუნა.

ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტ წელს, ანუ თუთაშხიას აბრაგობის ათი წლის და მუშნი ზარანდიას სამძებრო-საგამომძიებლო სამსახურში ყოფნის ხუთი წლისთავზე, ჟანდარმერიის სამმართველოსთვის ანონიმური წერილის მეშვეობით ცნობილი შეიქმნა, რომ მოუხელთებელი აბრაგი და აღზევებული ჟანდარმი მამიდაშვილ-ბიძაშვილები იყვნენ. ამ ცნობამ ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია და მესამე განყოფილებამ საგანგებო დავალება მიიღო, მუშნი ზარანდიას მოღვაწეობაზე მოკვლევა ჩაეტარებინა. მოკლევამ ცხადჰყო, რომ მუშნი ზარანდია, დღიდან აქციზის მოხელედ სამსახურისა, თავის აბრაგ ბიძაშვილთან რაიმე ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა...

 

Hosted by uCoz