ნიკიფორე ბუბუტეიშვილი
ტერორისტულ
აქტს
ამზადებდა
ვიღაცაზე
ჩვენი ხალხი,
ფული იყო
საჭირო. სადმე
სამი ათასი მანეთი
იშოვნეო,
მითხრეს. ფული
ვიცოდი, სადაც
იყო, მაგრამ
სანდო კაცი
მჭიროდა,
ამფერ საქმეებში
რომ
გამოგადგებოდა,
ისეთი. ავედი
სამურზაყანოში,
დათა თუთაშხია
ვიკითხე ერთ
კაცთან. ახალი
დაბრუნებული იყო
დათა მაშინ.
ის კაცი ჩვენი
კაცი იყო იქ,
სამურზაყანოში,
და დათას
ამბავიც
იცოდა. ჭალებში
არის ახლა
თავშეფარებული
მეჯოგეებთანო.
ასე,
შვიდი-რვა
წლის
გაფირალებული
იყო მაშინ დათა
თუთაშხია.
კაცი
იმისთვის
მჭიროდა, რომ ფოთში
მევახშე იყო
ერთი კაჯა
ბულავა.
მისგან უნდა
მომეხდინა იმ
სამი ათასი
მანეთის ექსპროპრიაცია,
მაგრამ, მარტო
კაცი
ჭამაშიაც ცოდვააო,
და ესეც არ
იყოს,
მოხარშულს
მიცნობდა მევახშე,
თვითონ ვერ
გავაკეთებდი
ამ საქმეს. პოლიტიკა
ისეთი რამეა,
უბრალოზე არ
უნდა ჩაჯდე
კაცი. შენ თუ
ჩაჯექი და
კატორღაში
ბორკილი ათროკიალე,
იდეისთვის
ობივატელმა
იბრძოლოს, თუ?
დათას
პოლიტიკა და
პარტიები არ
წამდა, არ ესმოდა,
პოლიტიკურად
უსწავლელი და
ბნელი კაცი
იყო, მაგრამ
მეფეს და
ჟანდარმებს
რომ ყველაფერი
ჯობდა, ეს
იცოდა კარგად.
ძმადნაფიცი
იყო ჩემი დათა
თუთაშხია და
უარს არ
მეტყოდა, დარწმუნებული
ვიყავი.
მივაგენი,
ჯოჯუებში
ელარჯს ჭამდა,
არაყს შეექცეოდა
და იყო ასე.
მოვუყევი,
რისთვისაც
მოვნახე.
რამდენია
საჭიროო,
მკითხა. სამი
ათასი-მეთქი.
ამდენი ფული
სად უნდა
ვიშოვნოთო,
გაუკვირდა.
მევახშის
ამბავი ვუთხარი.
მაგას ის
ჯობია, ფოსტას
დავეცეთო. ფოსტასთან
და მის
კაზაკებთან
საქმის
დაჭერა რაში
მჭირდებოდა,
მევახშე აგერ
არ იყო?!
დაიჟინა,
ფოსტის
გაძარცვა
აჯობებსო.
დიდი
აგიტაცია მომიხდა,
სანამ კარგად
გავაგებინე
მევახშის
ამბავი, -
წურბელა,
ობობა,
მახრჩობელა
გველი და
ყველაფერი
რომ ერთად
არის. გაგებით
გაიგო,
მაგრამ მაინც
ფოსტასო!
სხვა გზა არ
იყო, ძმობა
დავაფიცე.
მჭირდები და
ზურგი არ
მიჩვენო-მეთქი,
ნამუსზე
შევაგდე.
ჩაიქნია ხელი,
კაიო. ეგებ მე
არ მესმის და
მართლა რამე
ეშველოს ამ
გაჭირვებულ
და დაბეჩავებულ
ხალხსო, მითხრა.
წამოვიდა.
ბუნაგი კაჯა
ბულავას
ფოთის
განაპირა
უბანში ქონდა.
ბუნაგი იყო,
აბა რა?! ნალია
შელესა შიგნიდან
და გარედან,
შუაში ჭინჭი
ჩამოკიდა. ჭინჭის
იქით ექვსი
შვილი და ცოლი
ყავდა, ჭინჭის
აქეთ თვითონ
და მისი
ფულები. ფული
შინ რომ ქონდა,
ამას არ
უნდოდა
ლაპარაკი.
ისეთმა კაცმა
მომცა ის
საქმე ტყუილი
არ იქნებოდა
არაფრის
დიდებით,
მაგრამ სად და
რომელ
კუთხეში იყო
დამალული,
ამის გამოცნობა
ეშმაკს
გაუჭირდებოდა.
შეშინება იყო
საჭირო.
შეშინდებოდა
და იტყოდა,
აბა რა!
იმდენად
ძუნწი იყო
მევახშე,
ძაღლიც არ
ყავდა. გადავედით
ღობეზე.
მთვარე
ანათებდა.
მსხლის ძირში
ღორი ება და
ღრუტუნებდა
თავისთვის.
ამოვიღეთ
მაუზრები,
მივეპარეთ
კაჯაია
ბულავას ნალიას.
ერთადერთი
სარკმელი
ქონდა, ღია
იყო და იქიდან
სიმყრალე
გამოდიოდა,
კინაღამ
წაგვაქცია
ორივე.
მივაყურეთ.
ბავშვები
ჭინჭის იქით სხვადასხვანაირ
ხმაზე
ფშვინავდნენ.
თვითონ კაჯა ჭინჭის
გადმოღმა იყო,
ჭრაქს
მიჩერებოდა.
ნეკი თითი
ცხვირში
ქონდა და
ფიქრობდა.
რაზე იფიქრებდა,
წუპაკი
მამაძაღლი
სესხზე
სამჯერ უძვირესი
ნივთი, ალბათ,
გირაოდ
წაართვა
ვინმეს და
იმას თუ
ნატრობდა, ერთ
დღეს მაინც
გადააცილებდეს
მევალე
სარგებლის
მოტანასო.
წავიხვიე
პირზე
ყაბალახი,
გადავყავი
სარკმელში
მაუზერი,
ადექი, კარი
გააღე-მეთქი.
კაი სანახავი
იყო, მართალი
უნდა თქვას
კაცმა: ასე განაბული
მწყერზე
წამდგარი
ძაღლი არ
მინახავს.
თითი ისევ
ნესტოში
ქონდა
შეკვეტებული
და იყურებოდა ლულაში.
გავაჩხაკუნე
იარაღი.
იცოცხლე, იმან
წამოხტომა და
კარის გაღება
იკადრა.
შევიდა დათა,
ისევ ჯორკოზე
დასვა კაჯაია
ბულავა, მოიხადა
ნაბადი,
მიაყუდა
კუთხეში,
ამოიღო მეორე
მაუზერი,
ორივე წინ
დაიდო
მაგიდაზე და
მიაჩერდა
მევახშეს.
სანამდე ასე
ღომის
კაკალივით დაბნეული
და
გამოშტერებული
იყო კაჯაია
ბულავა, მანამდე
უნდოდა
დაჭირება,
თორემ გონს
რომ მოვიდოდა,
მერმე ვის რას
მიცემდა? არ
დაადგა საშველი
დათას არ
ამოიღო ხმა;
დაიწყო
კედლების თვალიერება,
ჭერის
თვალიერება
და, რა ვიცი მე... მივაშვირე
მევახშეს
მაუზერი და,
ამოალაგე
ფულები-მეთქი,
დავუსისინე!
მოიხედა კაჯა ბულავამ,
გაიცინა, სად
მაქვს მე
უბედურს, ფულებიო.
ფულები
მქონდეს,
ნალიაში რა
მინდაო, და სხვა
მისთანები.
მივხვდი, გონს
მოვიდა მევახშე
და ახლა
უარესად უნდა
მივწოლოდი.
ამოალაგე
ფულები,
თვარა,
გაგისტუმრებ
საიქიოს, შე
წურბელა-მეთქი,
მივაყვირე,
სასროლი
დავუმიზნე და
ფეხს
დავაწექი. არ
მომკლაო,
დაიჩურჩულა,
დიდი ზანდუკი
იდგა, ახადა
თავი იმას:
დაიწყო უნაგირების,
ჩოხების,
ჩაქურების,
ხმლების, ქალამნების,
ხანჯლების
ამოლაგება
მთა დააყენა!
ჩამოჯდა
ჯორკოზე, ეს
არის ჩემი
ქონებაო, თქვა
და გაინაბა.
ადექი,
ზანდუკში
ჩაიხედე-მეთქი,
ვანიშნე
დათას. ადგა
დათა, ჩაიხედა
ზანდუკში,
დიდი დავთარი
ამოიღო
იქიდან, ისევ
მაგიდას
მიუჯდა და
გადაშალა.
ქვეყნის
თამასუქებით
და საბუთებით
იყო დავთარი
სავსე. აგერ
მომეცი-მეთქი.
დახურა დათამ
დავთარი და
გამომიწოდა.
იყვირა
მევახშემ:
გოჯაბა, ცაბუ,
ბიკი, კიკუ,
ცუცუ,
დომენტი!..
წაიღეს ჩვენი
თამასუქები
ყაჩაღებმა
ვაა-ვა, შვილებო!
ვაა-ვა!
გამოწოდებული
ხელი ჰაერში
გაუშეშდა
დათას. მართალი
თქვას კაცმა,
მეც არ
მოველოდი
ამხელა
ყვირილს.
დავიბენი,
პაწა.
გადაიწია
ჭინჭი,
გამოსხდნენ
ბავშვები
შაშვის
ბარტყებივით, აკივლდნენ
გაძვალტყავებულები,
ყვითლები. იქ
ამბავი
დატრიალდა
გატრეტილი,
მთვრალი სურებლები
რომ
ხასანბეგურას
იტყვიან
ისეთი!.. დაინახა
კაჯა ბულანამ,
გავფუჭდით
კაძახები. დაწვა
იატაკზე,
დაიწყო
ფეხების
დრიგინი და "ვაა-ვას"
ყვირილი
უარესად,
ეშმაკის
ფეხმა. ამასობაში,
პატარა
ჭიშკარი
ქონდა ეზოს,
იმის ჭრიალი
გავიგონე.
მივხვდი,
კაჯაიას
ყვაყვა ბრუნდებოდა
პორტიდან.
იმხელა ფულის
პატრონი,
ცოლს, ექვსი
შვილის დედას,
სადღაც,
კანტორაში
იატაკებს
ახეხიებდა
კიდევ.
ქალთან,
ექსპროპრიაციისას,
მტერმა და
ოხერმა
დაიჭირა
საქმე. მისი კივილი
და
გაწევ-გამოწევა
აკლდა
იქაურობას?! გავიქეცი
ჭიშკრისკენ,
ღორი რომ იყო
დაბმული იმ
მსხლის ძირში
შევეყარე
ქალს,
მივაშვირე მაუზერი.
ჩაუვარდა
დედაკაცს ენა,
ნალიაშიც მიჩუმდა
ყველაფერი.
გამიკვირდა
ძალიან რა
ქნა და რა
უთხრა დათამ
იმისთანა იმ
აწრიალებულ ხალხს,
აქამდე არ
ვიცი! რა
მექნა აწი ამ
აშარი დედაკაცისთვის?!
საქნელი
დროზე უნდა
მექნა, თვარა,
გონს
მოვიდოდა და
ისეთ დღეს
დააწევდა, გასაქცევად
შეგვექნებოდა
საქმე.
ხილაბანდებით
ქონდა თავი
წაკრული,
მოვხადე. ერთი
დავკუჭე და
პირში
ჩავტენე.
მეორეთი
ტუჩები
წავუკარი.
ახლა?
შემოვიხსენი
ქამარი,
ხელები
ზურგზე გავუკოჭე
და მსხლის
ძირში
მივაგდე. ღორი
რომ იყო
დაბმული,
ავუშვი ის
ღორი
გამხდარი,
ძვალი და
ტყავი ღორი
იყო ის ჯაჭვი
ხელებზე
დავადე ქალს.
დაწექი-მეთქი.
დაწვა.
ღრუტუნი არ გავიგონო,
თვარა, მაგ
ღორის ნეხვზე
დაგაკლავ-მეთქი,
ვუთხარი და
წამოვედი
ჩემი
სარკმლისკენ.
ჩუმად
მივეპარე
სარკმელს,
ბნელში
გავჩერდი,
ვიფიქრე,
ბავშვებმა არ
დამინახონ,
თვარა, ისევ
კრიმანჭულს
დაცხებენ-მეთქი.
მივაყურე. კაჯაია
ბულავა და
დათა
თუთაშხია,
წირვის მერე ქალები
ორღობეს რომ
გამოუყვებიან
და ჭორაობენ,
ისე
მუსაიფობენ,
სწორედ:
აგერ, მარტო
ამ
თამასუქებში
ასი ათასი
დავითვალე
უკვე. დამპალ
ნალიაში რომ
გიზის შენი სისხლი
და ხორცი...
დათა-ბატონო,
მეც აგერ არ
ვარ, ამ
ნალიაში? მოუჭრა
მევახშემ.
მაგას
ვამბობ სწორედ.
ახლა, დაჯექი
აგერ და ნუ
იყვირებ
ტყუილად, შენი
ყვირილის
კაცს არ
ეშინია!
იცოდა
მევახშემ, არა
კაცს რომ არ
ეშინოდა, მაგრამ
დათა ვერ
მიხვდა: თავის
შესაცოდებლად
იყო, რომ
ყვიროდა.
ადგა მევახშე,
მიუჯდა
მაგიდას.
დათამ
ხანდისხან
ისეთი
ლაპარაკი
იცოდა, რაშიც გინდა,
იმაში
დაგარწმუნებდა.
ელაპარაკოს,
ვიფიქრე,
პატარა ხანს,
ეგებ გახდეს
რამეს და უდავიდარაბოდ
მოგვცეს ფული
მევახშემ.
მითხარი,
ახლა რომ
გეკითხები,
აუხირდა დათა.
ამ სოროში თუ
გამოახრჩობ
შვილებს, ფული
რაღად გინდა
მაშინ?
მოაწვა
ნალიას, მე
რომ მსხლიდან
ღორი ავუშვი,
ის ღორი,
შემოაღო კარი
და უღლიანად
შემოვიდა შიგ.
კაცს ხმა არ
დაუძრავს მისთვის.
დატრიალდა
ღრუტუნღრუტუნით,
რაღაცის თლაფვა
დაიწყო
ძირიდან.
ასი ათასი რა
ფულია, დათა-ბატონო!..
აგერ, პორტში
რომ
სიდოროპულო-ბერძენია,
გეცოდინებათ,
ალბათ...
კაჯაიას უფროსი
გოგო ღორს
გაუჯავრდა
მიუბრუნდა
გოგოს მამამისი:
იყოს აქ.
ნახავს რამეს,
ნამცეცი იქნება,
შეჭამს...
დათა-ბატონო,
სიდოროპულო-ბერძენი
გეცოდინებათ,
ალბათ. იმ
ბერძენს ერთი
მილიონი
ასრულებული
აქვს უკვე და
მეორე დაიწყო
კაი ხანია.
ფულმა ფული
უნდა მოიგოს.
კაჯაია
ბულავა კიდევ
რაღაცას
ლაპარაკობდა, მაგრამ
დათას
მისთვის ყური
აღარ დაუგდია,
ფიქრობდა.
მერმე, როცა
მევახშე
გაჩუმდა
მიაშტერდა
თვალებში და
ჩაილაპარაკა:
დაუღუპიხარ
ფულს, კაჯაია-უბედურო!
კიდევ ჩუმად
იყო დათა
პატარა ხანს
და დაუმატა:
ნავთი თუ
გაქვს?
ნავთი? ნავთი
სად მაქვს,
დათა-ბატონო,
ნავთი მდიდარი
კაცის
საქმეა...
კაი. მითხარი,
აბა: რომ
გაჩნდეს
ცეცხლი შენს ნალიაში
და რომ
დაიწვას
ყველაფერი
ეს უნაგირები
და ჩოხა-ჩაქურები,
ეს
ქამარხანჯლები,
ეს
თამასუქების
დავთარი და ის
ფულებიც რომ
დაიწვას,
სადღაც აქ შენახული
უეჭველად რომ
გაქვს,
მითხარი, თუ
კაცი ხარ, რას
იზამ მერე?
კაჯა-მამაძაღლს
ფერი წაუვიდა,
დედას ვფიცავარ,
სიმინდის
ნაქუჩივით
გაფითრდა და
კინაღამ
გადავარდა
ჯორკოდან.
ფუ ეშმაკს!
თქვა და კაი
წმინდანივთი
პირჯვარი
გადაიწერა.
სადღაა ჯანი,
დათა-ბატონო,
რაც მე ამ
ფულისთვის
გავიტანჯე,
მეორედ ვეღარ
ავიტან
იმდენს!
თავიდან
დაიწყებ
ფულის
გროვებას?
სიცილი აუვარდა
დათას.
ნავთი რომ
მკითხე...
ბოროტს ნუ
ჩაიდებ გულში,
დათა-ბატონო,
შვილებს ნუ
დამიმშევ!
იმ ბავშვებს
თუ შიმშილი
აკლდა და, რა
ვიცი მე.
არ ყოფილა
შენი საშველი,
საწვალებლად
მოსულხარ ამ
ქვეყანას.
კაი, ახლა,
კაჯაია-უბედურო,
ფული გვჭირია.
რომ წაგართვა,
მოკვდები და
კაცის ცოდვა
არ მინდა
დავიდო.
მასესხე სამი
ათასი. დაგიბრუნებ,
თუ კაცი ვარ.
მევახშემ,
მასესხეო, რომ
გაიგონა, ისე
გაუხარდა,
ვითომ იქით
ჩუქნიდა ფულს
დათა
თუთაშხია.
მქონდეს,
დათა-ბატონო,
სესხება რა
საკადრისია,
ისე
მოგართმევდით.
თქვენისთანა
ადამიანის
სიკეთე
დამეკარგებოდა,
თუ?!
დათა
თუთაშხია,
გადავულაპარაკე
სარკმლიდან,
გირაო
დაუტოვე,
გირაო, და თამასუქის
მიცემა არ
დაგავიწყდეს,
თუ კაცი ხარ!
ვერ მიხვდა
დათა ჩემს
ნათქვამს,
გაუკვირდა, დაყვლიპა
თვალები,
შემოაშტერდა
სარკმელს.
შე გლახაკო,
მაგის ფასი
გირაო
მქონოდა და ამ
სოროში
გამოგახრჩობინებდი,
სწორედ! მითხრა
დათამ და
კაჯაიას
მიუბრუნდა
ისევ.
მომბეზრდა ეს
გაუთავებელი
მუსაიფი და
არც დათა
ჩანდა იქიდან
ფულის
გამომტანი.
შემოვუარე
ნალიას,
შევვარდი შიგ
და დავაყარე
კაჯაია-მევახშეს
ფეხებში
ტყვია:
ამოიღე
ფულები, თორემ
დაგაცივე
მიწაზე, შე წუპაკო
მამაძაღლო,
შენ!
ბავშვები
მამამისის
ტახტზე
რწყილებივით
შეხტნენ და
მორთეს
კივილი. ღორი
კარს ეტაკა,
გაარღვია,
მაგრამ
უღლიანად ვერ
გაეტია
ნარღვევში,
გაეკვეტა.
ჭერში
ქათმები
აკაკანდნენ.
დაიწყო
ნალიამ
ზანზარი და
ქანაობა. ერთი
გაფიქრება
გავიფიქრე,
ახლა
დამემხობა
თავზე და დამიტანს-მეთქი,
მაგრამ სად
იყო ფიქრის
დრო... ვწყვიტე
და ვწყვიტე
მევახშეს
მაუზერის
ტარი ფერდებში
და ღრანჭებში.
იკადრა
ადგილიდან
დაძვრა, გადმოწია
ცარიელი
ზანდუკი,
რაღაც ახადა
იატაკს და,
ჭურის
სარეცხავად
გადაყუდებული
კაცი რომ
მინახავს, ისე
დაიკარგა
წელს ზევით.
ჩქარა, ჩქარა,
კაჯაია-მევახშე!
მივაყვირე
და სახალისოდ
წიხლიც
დავაყოლე
ერთი-ორი.
შევხედე
დათას,
კაჯაიას
მკივან
ბავშვებს მიშტერებოდა
აბდალივით,
კაცის ფერი
აღარ ქონდა.
ბავშვები
მგლის
ლეკვებივით
წამომსხდარიყვნენ
ტახტზე და კაი
რომ ჩვენი
იარაღი აკავებდათ,
თვარა
ნაჭერ-ნაჭერ
შეგვჭამდნენ
ორივეს.
წავავლე
წვივში ხელი
მევახშეს..
აეთრიე,
ამოიღე ახლა,
თორემ გაგხევ
მოხარშული
ქათამივით!
ადგა. არც
მკვდარი იყო,
არც ცოცხალი.
კაი მოზრდილი
ქისა ეკავა.
წავგლიჯე
ხელიდან.
ჩემი ყვაყვა
ყოფილიყო აქ
რაღაცას
წაიღებდით,
დავინახავდი
იმას!
ამოიოხრა
მევახშემ.
შენი ყვაყვა
მსხლის ძირში,
აგერ, იმ
ღორის მაგიერ
მყავს
დაბმული!
ვუთხარი მე.
უჰ! დაიძახა
დათამ, ეს რომ
გაიგონა.
ამოხტა, დაავლო
ხელი ნაბადს,
ეცა კარს,
მაგრამ ღორი
რომ იყო
გაჭედილი, ვერ
გადაიარა
კარი. აქეთ
ეცა დათა,
იქით ეცა
ღორს საშველი
ვერ დააწია.
მაშინ წაკრა
კარს წიხლი,
გაამტვრია,
გავარდა ღორი
და მიყვა
დათა.
რამდენია ამ
ქისაში?
ვკითხე
მევახშეს:
ხუთასი
თუმანი...
თქვენ სამასი
არ თქვით?
გამეცინა.
ნუ გაიცინებ,
თუ კაცი ხარ!..
გამოვნასკვე
ქისა, ჩავიდე
უბეში და ამ
დროს იკივლა
მსხლის ძირში
ჩემმა დაბმულმა
კაჯაიას
ყვაყვამ.
კაჯაია
ტიროდა. ბავშვებმა
ყვაყვას
კივილი რომ
გაიგონეს,
მთლად გადაირივნენ.
მსხალთან რომ
მივირბინე,
კაჯაია-მევახშის
ყვაყვა კიოდა
ცა ძირს
ჩამოქონდა!
დათა ღორის ჯაჭვს
ექაჩებოდა,
ვერ გაეხსნა,
ალბათ, თვითონ
ყვაყვა არ
აცლიდა
ახსნას და
მოგლეჯას
ცდილობდა
დათა. მთვარის
სინათლეზე,
ღობის გაღმა,
აქა-იქ
ვიდაც-ვიღაცეები
დავინახე. არ
მომეწონა ეს...
წამოდი აწი!
მოინახება
მაგის
ამშვები!
ვუთხარი
დათას, მაგრამ
არ დაანება
თავი.
ვაა ვა!
წაიღეს
ყაჩაღებმა ჩემი
სარჩო-საბადებელი!
ყვიროდა
ნალიასთან კაჯა
ბულავა.
დაიჭირეთ
მოკალით! მაგი
დათა თუთაშხიაა,
დათა
თუთაშხიაა!
ვინც მაგის
თავს მთავრობას
მიუტანს, ხუთი
ათასი
მანეთია,
ვაა-ვა!..
ეს რომ
დაიძახა
მევახშემ,
ღობის იქით
თითო-ოროლა
ხალხი რომ
იყო, ისინიც
სადღაც მიიმალნენ.
მოქაჩა დათამ
ჯაჭვს კიდევ
და კიდევ,
მოგლიჯა, როგორც
იყო.
გავიქეცით
გზა-გზა. ვინ
დაგანება
თავი! გამოგვეკიდა
კაჯაიას
ყვაყვა,
ზურგზე ჩემი
ქამრით ელებგაკოჭილი,
რიყეზე ღორის
ჯაჭვს
მოახოკიალებდა
და კიოდა.
მივბრუნდი,
ვისროლე
ჰაერში ორი
ტყვია. დაგვანება
თავი, მაგრამ
კივილით,
უარესად
აკივლდა.
დათა
თუთაშხია! მაგ
ფული გასესხე
მე გასესხე!
ყვიროდა კაჯა
ბულავა.
მთხოვე და
გასესხე! უნდა
დამიბრუნო, თუ
სინდისი
გაქვს!
გასესხე!
კაია, ქე
მაინც
სარგებელს
რომ არ
გთხოვს, ვთქვი
მე.
გავედით
სამშვიდობოს,
შევჯექით
ცხენებზე და
დათა
თუთაშხია
მელაპარაკება:
გითხარი მე
შენ, ფოსტაზე
დაცემა
აჯობებდა!
არა, ისე, არ
მოვიქეცი
სწორად,
თვითონ რომ
შევედი
ნალიაში,
მაგრამ არ
გამოდგა დათა
თუთაშხია და
რა მექნა აბა?!
ორი წლის
მერმე ჩვენი
ხალხი
ჩავარდა სხვა
საქმეზე და
გაასამართლეს
ექვსი კაცი.
ჟანდარმერია
მეძებდა მაშინ,
პროცესზე
ფეხს რა
დამადგმევინებდა.
მაგრამ
სხვებისგან
გავიგე
ყველაფერი.
სასამართლოზე
თურმე ისიც
გამოირკვა,
რომ ის
ტერორისტული
აქტი, მე და
დათამ
რისთვისაც
წავართვით ფულები
კაჯაია
ბულავას, არ
შემდგარა.
ჩემი მიტანილი
ფული პარტიას
ემიგრაციაში
მყოფი
ხალხისთვის
გაუგზავნია
და მეფის
სატრაპებმა
სასამართლოზე
ისე დახატეს
საქმე, ვითომ,
ემიგრანტებს
ის ფულები
ქალებში
დაუხარჯავთ
და კარტში წაუგიათ.
მეც მომცხეს
ჩირქი,
ბულავასგან
წაღებული
ხუთასი
თუმნიდან,
პარტიას
ოთხასი ჩააბარა
და ასი თუმანი
მიითვისაო.
ანარქისტებმა
სამასის შოვნა
დამავალეს,
ოთხასი
მივიტანე და
გაქცეული,
დევნილი
ტერორისტი
კაცი ას
თუმანს დავიტოვებდი,
აბა, რა
იქნებოდა! ხომ
უნდა მეჭამა,
ჩამეცვა და
დამეხურა
რამე.
დათა
თუთაშხიამ ის
თუ არ იცოდა,
ჟანდარმერია და
პოლიცია რომ
განგებ ცხებს
პოლიტიკურ
მოღვაწეებს
ჩირქს და ტყუილებს
უგონებს
ხალხში
სახელის
წასახდენად,
ის მაინც უნდა
ცოდნოდა,
არალეგალურ
ცხოვრებას
რომ დიდი
ხარჯი აქვს.
შემხვდა იმ
პროცესის
მერე და რაცხა
ცალი ყბით
მომცა სალამი.
ვკითხე, ხომ
არაფერი
მიწყენინებია-მეთქი?
არაო, გაჩუმდა
ჯერ და რომ
ჩავაცივდი,
მაშინ მითხრა:
არ ყოფილან
თქვენი
კაცები კაი
კაცები და არც
შენ
ვარგებულხარო.
არ დამიჯერა
არაფერი.
რას იქმს
კაცი.
პოლიტიკურად
მოუმზადებელი
ადამიანი იყო.
წიგნი და
კითხვა
უყვარდა,
მაგრამ სულ
ისეთს
კითხულობდა,
ტვინს რომ
ამახინჯებს
და
ანაგვიანებს.
ბრძოლას
თავისი
დანაკარგები აქვს,
დავკარგეთ
დათა
თუთაშხია. არც
ერთ პარტიას
აღარ
გაკარებია
მერე,
თავისთვის
იყო მარტოდ
ბოლომდე.