გრაფი სეგედი

 

... ათას რვაას ოთხმოცდაცამეტ წელს თუთაშხიას გვარი ჩრდილოეთ კავკასიის რამოდენიმე გუბერნიის საიდუმლო პოლიციის მასალებში ერთდროულად ამოტივტივდა. ამ ტერიტორიაზე მაშინ საკმაოდ ინტენსიურად ვრცელდებოდა არალეგალური ლიტერატურა, შემოვიდა აგენტურული დასმენაც მისი უმაღლესობის, დიდი მთავრის მოკვლის განზრახვის შესახებ. ამას გარდა, ვიღაც ბოროტმოქმედებმა კავკაზსკაიაში მდიდარი ვაჭრის ოჯახი ამოწყვიტეს და დიდი თანხა გაიტაცეს. პეტერბურგიდან საგანგებოდ ჩამოსული გენერალი შანინი, მასალების შესწავლის შედეგად, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებდა კარგად კონსპირირებული პოლიტიკური ორგანიზაცია ბაზებით ამიერკავკასიაში, ანუ ჩემს კომპეტენციაში შემავალ ტერიტორიაზე, რომ თანხა ვაჭრის ოჯახიდან ტერორისტული აქტის დასაფინანსებლად გაიტაცეს და, რომ ყოველივე ამის მეთაური თუ არა, ერთ-ერთი მოთავეთაგანი მაინც, დათა თუთაშხია იყო. თვით საკითხას ასე დაყენება ჩემს წინააღმდეგ ბრალდების წამოყენებას ნიშნავდა, ხოლო თუთაშხიას ახალი კრიმინალური ამპლუა თითიდან გამონაწოვს ჰგავდა. ასე იყო თუ ისე, საჭირო ზომები უნდა მიმეღო, რადგან შეფი კატეგორიულად მთხოვდა ახსნა-განმარტებას – ერთი მხრივ, ხოლო როგორც ძირგამომთხრელი საქმიანობის ლიკვიდაციას, ისე თუთაშხიას ხელში ჩაგდებას – მეორე მხრივ.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ჩასატარებელი მუშაობის ერთ ნაწილს თუთაშნიას დანაშაულებითი ხელწერის განსაზღვრა-დაზუსტება შეადგენდა. ამიტომ პირადად გამოვითხოვე ჩეენს ხელთ არსებული ყველა მასალა და შევუდექი მის ანალიზს.

ჩემი ჩანაწერების საგანს ეს არ ეხება, მაგრამ გაკვრით მაინც აღვნიშნავ, რომ გენერალ შანინის დასკვნები ზერელე და უსაფუძვლო აღმოჩნდა. ჟანდარმერიის სამმართველომ საქმე, ბოლოს და ბოლოს, გახსნა. დიდი მთავრის მკვლელობის განზრახვა არ დადასტურებულა. ვაჭრის ოჯახის ამოწყვეტასთან პოლიტიკურ დანაშაულობათა დაკავშირების ცდა ჩაფლავდა და არც ამოწყვეტის მონაწილეებს და არც პოლიტიკურ დამნაშავეებს თუთაშხია საერთოდ არ სცნობიათ. სამაგიეროდ, თუთაშნიას მასალების შესწავლამ უფრო ახლოდან, უფრო მკაფიოდ დამანახვა ეს კაცი და ერთობ საინტერესო დასკვნებამდე მიმიყვანა.

პირველი და უმთავრესი, რაც თვალში მეცა და დამაბნია, ის იყო, რომ დანაშაულებრივი ხელწერა თუთაშხიას, შეიძლები ითქვას, საერთოდ არ აღმოაჩნდა. სხვა სიტყვებით: მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს შესრულების მხრივერთი რამ ხერხი, ჩვევა და, მით უმეტეს, სისტემა არ ახასიათებდა. ამდენად, რომელიმე “უპატრონო” დანაშაულის თუთიშხიაზე მიკერება ისევე ადვილი ჩანდა, როგორც თვით თუთაშხიასთვის ინკრიმინირებული დანაშაულის გასხვისება. მისი საქმე მრავალ სხვადასხვანაირ დანაშაულს შეიცავდა, მაგრამ ვერავინ გაიგებდა, რომელი იყო მართლაც მისი ჩადენილი და რომელი – არა. ჩემთვის კი აუცილებელ საჭიროებას წაომოადგენდა მისი კრიმინალური ტიპის, კრიმინალურ-ფსიქოლოგიური პორტრეტის დადგენა. ამაში ეჭვებსა და ჰიპოთეზებზე დამყარებული მასალა ვერ გამომადგებოდა. ერთი თვის მუშაობის შემდეგ ჩემთვის მხოლოდ ის შეიქნა ცხადი, რომ მოქმედების რაიმე პროგრამა, მით უმეტეს, გარკვეული პოლიტიკური მრწამსი, თუთაშხიას არ ჰქონდა. ყველა მისი საქციელი აფექტის შედეგი იყო და კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარეობდა. დავრწმუნდი, აგრეთვე, ერთ მეტად მნიშვნელოვან და საყურადღებო გარემოებაშიც: მისი პოპულარობა და გავლენა მოსახლეობაში უზომოდ დიდი იყო. ამ დონემდე ასული ავტორიტეტები სტიქიური არეულობის დროს ბრბოთა ბელადებად იქცევიან ხოლმე. მასალებიდან ჩანდა, რომ ხალხი თავისი გადაკარგული კერპის დაბრუნებას ელოდა და მოლოდინს არც მალავდა.

აქ უკვე გადამჭრელი ნაბიჯები იყო საჭირო. სხვა ზომებთან ერთად, მის დასაჭერად ხუთი ათასი მანეთი გამოვაცხადეთ. თუთაშხია თითქოს სწორედ ამას უცდიდა – ჯილდოს გამოცხადების დღიდან თვე არ იყო გასული, რომ დაბრუნდა და დაბრუნება სათანადოდ აღნიშნა: ანარქისტ ბუბუტეიშვილთან ერთად ფოთში მევახშე კაჯა ბულავა დაარბია.

მაშინ ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რამ იფეთქა ამ სახელიანი აბრაგის გულსა და გონებაში ისეთმა, რომ ძველებური ჟინით, გამჭრიახობითა და ენერგიით დაუბრუნდა საქართველოში საქმიანობასა და ცეცხლთან თამაშს...

 

Hosted by uCoz